ღვთიური სიყვარულის შესახებ (გაგრძელება)

18/08/2014
By

profiriწმიდა მამა პორფირი კავსოკალიველი 

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

ქრისტიანის სული უნდა იყოს ნატიფი, მგრძნობიარე, გახსნილი და დახვეწილი. ის ოცნებებში უნდა ცხოვრობდეს და ფარფატებდეს (წმიდა მამას, რა თქმა უნდა, არა აქვს მხედველობაში ოცნებებს აყოლა და ოცნებებით ცხოვრება, რაც ადამიანს, როგორც სულიერ ცხოვრებაში, ასევე ერშიც, უეჭველად ტრაგედიამდე მიიყვანს. მას იმის თქმა უნდა, რომ ქრისტიანის სული დახვეწილი, მოშურნე, უფლისა და მოყვასისადმი სიყვარულით ანთებული უნდა იყოს. – მთარგმნ.). ის უსასრულობაში უნდა დაფრინავდეს, ვარსკვლავთა შორის დასრიალებდეს, ღვთის სიდიადესა და მდუმარებაში ჩაიძიროს. ვისაც უნდა გახდეს ქრისტიანი, ჯერ პოეტად უნდა იქცეს. აი, რაშია საიდუმლოება: უნდა უყვარდეს და დაიტანჯოს მისთვის, ვინც უყვარს. სიყვარული გვიბიძგებს ვიღვაწოთ, შეყვარებულის ძიებაში მთელი ღამე ზეზეურად გავათენოთ, სიარულით ფეხები დაგვისისხლიანდეს. სიყვარულით გაგიჟებული ადამიანი ნებისმიერ მსხვერპლზე მიდის, არაფერს არ უშინდება – არც მუქარას, არც სიძნელეებს. ქრისტესადმი სიყვარული კი უფრო დიადია, უსასრულოდ ამაღლებული მდგომარეობაა.

როცა სიყვარულზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ შეძენილ სათნოებებს, არამედ აღვწერთ ქრისტესა და ადამიანებისთვის ანთებულ გულს, რასაც ყველა უნდა ვესწრაფვოდეთ. როცა ვხედავთ გულში ბავშვჩახუტებულ დედას, მშობლის გაბრწყინებულ სახეს, როცა თავის პატარა ანგელოზს ეამბორება, ვგრძნობთ, თუ როგორ დაჰკანკალებს მისი სული შვილს. ეს დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ნებისმიერ ღვთისშვილზე, იტვირთება გრძნობით და გულში ნატრობს: აჰ, ნეტა ასეთივე სიყვარული გამაჩნდეს უფლისადმი, ასეთივე წყურვილი მქონდეს, რომ თავი შევწირო მას, დედა ღვთისმშობელს, ჩვენს წმიდანებს!». და მართლაც, სწორედ ასე უნდა შევიყვაროთ ქრისტე, ღმერთი ჩვენი მხოლოდ ასეთი მისწრაფებისთვის მოგვანიჭებს ღვთის მადლს. მაგრამ გვინთია კი სულში საკმარისი ცეცხლი? ვისწრაფვით აღვავლინოთ ლოცვანი ჩვენი საყვარელი არსებისადმი? თუ მუდამ ვწუწუნებთ მოუცლელობაზე და გულში ვწუხვართ: «ვაჰ, ისევ მოვიდა დრო, უნდა შევასრული კანონი და წავიკითხო ლოცვანი…?» რა გვჭირს, რატომ ვერ ვიკრებთ ძალებს საჭირო დროს? იმიტომ, რომ არა გვაქვს ღვთიური სიყვარული. მის გარეშე კი ლოცვა უაზროა და შეიძლება ზიანიც კი მოაქვს ჩვენთვის. თუ სული გაირყვნება და ქრისტეს სიყვარულისთვის უღირსი ხდება, ქრისტე მასთან კავშირს წყვეტს, რამეთუ მას არ სურს ურთიერთობა ჰქონდეს შუბლსა და გულზე კამეჩის ტყავგადაკრულ ადამიანებთან. ამიტომ სულმა მთელი ძალების მოკრებით, ღრმა სინანულითა და მოსაგრეობით ისევ უნდა დაიბრუნოს პირვანდელი სინატიფე, რომ ისევ ქრისტეს ღირსი გახდეს, «სამოცდაათგზის შვიდჯერ» (მთ. 18, 22) უნდა მოინანიოს.

ღრმა და გულისმიერი მონანიება სულს ასხივოსნებს. ნუ იტყვი: «უაზროდ ჩაიარეს წლებმა, უღირსი ვარ, ან სხვა მსგავს რამეს» არამედ, პირიქით, შეაგულიანე საკუთარი თავი და გაიხსენე, თუ როგორ მოუთმენლად გელოდება უფალი, როგორ იტანჯა ჯვარზე, რომ შენს გულს სინანულის თუნდაც ერთი წვეთი დასცემოდა. 12 წლის ვიყავი, როცა ათონზე მოვედი, მანამდე კი მეც ღვთისაგან შორს, არხეინად ვცხოვრობდი. მართალია, ეს ბავშვობის წლები იყო, მაგრამ 12 წელი ღვთის გარეშე დარჩენა საშინელებაა! როცა ქრისტე გიყვარს, შენთვის ნებისმიერი ღვაწლი ასატანია, ასეთი შრომა კი ნაკურთხი და დალოცვილია. რა მძიმეც არ უნდა იყოს ის, სიხარულით ასრულებ, აკეთებ მეტანიას, ლოცულობ, რამეთუ ეს ღვთისკენ გულანთებული მისწრაფებაა, ტკივილიცაა და ღვთიური სიყვარულიც, წყურვილიცაა და სიხარულიც. მეტანია, ღამისთევა, მარხვა – ღვაწლია, რომელსაც საყვარელი არსებისთვის ვაკეთებთ. ქრისტეში გაერთიანების სურვილით წუწუნის გარეშე გაწეული შრომაა, რადგან რაც ძალდატანებითა და იძულებით ხდება, ყველაფერს უდიდესი ზიანი მოაქვს ადამიანის სულისა და საქმიანობისთვის. ძალადობა შინაგან წინააღმდეგობას აღძრავს. ქრისტესთვის მოღვაწეობა ღვთიური სიყვარულის ცეცხლში და მხოლოდ ნებაყოფილობითი თავდადების და თვითშეწირვის გზითაა შესაძლებელი. სწორედ ამაზე გალობდა დავით მეფსალმუნე: «ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა, გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა» (ფს. 83, 3). წყურია ჩემს სულს უფალი და მისი სიყვარულის ცეცხლში დნება. როცა ეს ცეცხლი წვავს სულს, მაშინ სინანულიც ღრმა და ყოვლისმომცველია, გულწრფელ სინანულს კი მოყვება სულიერი გულის აჩუყება, სითბო და ცრემლები. ეს ყველაფერი ღვთის საჩუქარია და მოჰყვება ჭეშმარიტ მონანიებას. ამის მერე კი ღვთის სიტყვისა და ღვთისმსახურების ტექსტების მთელი ყურადღებით დაკვირვებით და შესწავლით ავივსებით ღვთიური სიხარულით. სულიერი სიხარულს კი ჭეშმარიტებამე მივყავართ. «შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს» (ფს. 4, 8) – გალობს დავითი და მასავით სიხარულით ჩვენც შეუმჩნევლად შევდივართ ულამაზეს სულიერ სამყაროში.

ქრისტე ჩვენი სულის კარებთან დგას და აკაკუნებს, მაგრამ არ შემოდის, გველოდება. მას არ სურს ჩვენი თავისუფლების ხელყოფა, რომელიც თავადვე მოგვანიჭა. ამზეა საუბარი გამოცხადებაში: “აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის – ჩემთან.” (გამოცხ. 3, 20). ქრისტე კეთილშობილია. ის დგას და თვინიერად აკაკუნებს. თუ ჩვენ გავუღებთ კარს, მხოლოდ მაშინ შემოვა და მოგვცემს ყველაფერს, საკუთარ თავსაც კი, მოგვცემს დაფარულად, ჩუმად, საიდუმლოდ. ჩვენ ვერ შევძლებთ ქრისტეს შემეცნებას, სანამ თავად არ შეგვიმეცნებს. ამის ზუსტად ახსნა მე არ შემიძლია. ეს საიდუმლოებაა. ყური მიუგდეთ, რას ამბობს ამაზე მოციქული პავლე: “ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ” (გალ. 4,9). ჩვენ არც მისი შეყვარება შეგვიძლია, თუ თავად არ შეგვიყვარა (ანუ თუ თავად არ გვაგრძნობინა, რომ უყვარვართ – მთარგმნ.). ქრისტე ვერ შეგვიყვარებს (არ გვაგრძნობინებს თავის სიყვარულს – მთარგმნ.), თუ მისი სიყვარულის ღირსნი არა ვართ. მან რომ ჩვენი სიყვარული ინებოს, ჩვენში რაღაც განსაკუთრებული უნდა აღმოაჩინოს. ჩვენ მუდამ რაღაცა გვსურს, რაღაცას ვეძებთ და ვესწრაფვით, რაღაცას ვითხოვთ, რაღაცაზე ვლოცულობთ, მაგრამ ვერაფერს ვღებულობთ. ეს ღვთიური მადლის წყურვილია.

ჩვენ ქრისტეს მოპოვება გვსურს, მაგრამ ღმერთი ვერ შემოდის ჩვენს სულში, რადგან ჯერ არა გვაქვს ის, რაც აუცილებელია ღვთისშვილს ჰქონდეს. და რა არის ეს? თვინიერება. თუ არა გვაქვს იგი, ვერ შევიყვარებთ უფალს. უფლის მსახურებაში მხოლოდ თვინიერება და მიუკერძოებლობა გვიხსნის გზას. “როცა გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა” (მთ. 6, 3). არავინ არ უნდა ხედავდეს და არც კი ამჩნევდეს უფლისადმი ჩვენი მსახურების დეტალებს. დე, როგორც ჭეშმარიტი მოსაგრეები იქცევიან, ყველაფერი დაფარული და იდუმალი იყოს! შეხედეთ ბულბულს! ის გალობს ტყის მდუმარებაში, არ ჰყავს აუდიტორია და არც არავინ ასხამს ქება-დიდებას. რა დიდებული ღაღადისია ტყის მეუდაბნოისა! გინახავთ, როგორ ებერება ძალისხმევისგან ყელი? ასევეა ჭეშმარიტი მოსაგრეც, მას უსაზღვროდ უყვარს და ამიტომაც ლოცულობს ასე თავგამოდებით, იტანჯება სიყვარულით, ენა ეღლება. ის პოულობს რომელიმე გამოქვაბულს, მცირე ნაპრალს და იქ უჩინრად ცხოვრობს უფლის სადიდებლად “უთქმელი ოხვრით.” (რომ. 8, 26). ასე შეჰღაღადებს ღმერთს ყოველი, ვისაც ის უყვარს. გარინდება ქრისტეში სიცოცხლის მთავარი ნიშანია, “ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ” (საქმ. 17, 28). როცა ასეთ თვინიერებას მივაღწევთ, ღვთის მადლს ჩვენში ვასახლებთ, ანუ მოვიპოვებთ ყველაფერს. თუ გვაქვს თვინიერება, ღვთის მონა (კარგი გაგებით) ვხდებით, ანუ ღვთიური მადლის ჭურჭლად ვიქცევით. მაშინ შეგვიძლია გავიმეოროთ მოციქულ პავლეს სიტყვები: “მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში” (გალ. 2,20). არ არის ძნელი, გავაკეთოთ ის, რაც ღმერთს სურს. ეს ადვილია და ძალიან ადვილიც. მთავარია, გავეხსნათ უფალს ღვთიურობის მისაღებად, ღირსნი გავხდეთ, რომ ჩასახლდეს ჩვენში ქრისტე. და თუ ასე მოხდება, ის გვაჩუქებს თავისუფლებას. როგორ ვიპოვო სიტყვები, რომ ეს საიდუმლოება ავხსნა!… მთელი საიდუმლოება სიყვარულშია, ქრისტესადმი ცეცხლოვან სიყვარულში, სულიერი სამყაროსადმი საკუთარი თავის მიძღვნის დაუძლეველ სურვილში. მაშინ ვერ ვგრძნობთ ვერც მარტოობას, ვერც დაუკმაყოფილებლობას, არაფერს ნეგატიურს, ვცხოვრობთ სხვა სამყაროში, იქ, სადაც სული ხარობს, ზეიმობს და სადაც მას არასოდეს არაფერი მოყირჭდება.

ყველა სიკეთე წმიდა წერილიდან მოდის. ის გამუდმებით უნდა ვიკითხოთ, რათა შევიმეცნოთ სულიერი სამყაროს არსი. ჩემს საყვარელ წიგნში «სიბრძნე სოლომონისანი» მეცხრე თავში წერია: «ღმერთო მამა-პაპათა და წყალობის უფალო, რომელმაც ყოველივე შექმენი შენი სიტყვით, გამომსახველო კაცისა შენი სიბრძნით, რათა მეუფებდეს იგი შენ მიერ გაჩენილ ქმნილებებზე, რათა სიწმიდით და სიმართლით განაგებდეს სოფელს და წრფელი სულით სჯიდეს სამართალს! მომმადლე სიბრძნე, შენს ტახტზე დაბრძანებული, და ნუ გამომრიცხავ შენს მსახურთაგან. რადგან მე მონა ვარ შენი და ძე შენი მხევლისა, კაცი უძლური და დღემოკლე, მსჯავრისა და რჯულის უმეცარი.» (სიბრძნ. 9, 1-5). ჩვენ ვხედავთ, ბრძენი სოლომონი როგორ სთხოვს უფალს ღვთიურ სიბრძნეს, რომელიც ღმერთმა მას უხვად მოჰმადლა. სოლომონი აღიარებს, რომ სიბრძნე არ არის თავისი გონების ნაყოფი, არამედ იმავე სულიწმიდისგან არის შთაგონებული, რომლის ძალითაც დაიწერა ღვთისმსახურების ტექსტები. ამიტომაც მე საღვთისმეტყველო ტექსტებიც ძალიან მიყვარს. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ მათი სულიერი სიღრმით. ასე თქვენ ღვთიურ სიყვარულს მოიპოვებთ. ყური მიუგდეთ ყოვლადწმიდა სამების სავედრებელ პარაკლისს: “სამგუამოვნებით ცნობილო, მამაო ღმერთო მშობელო, ძეო შობილო და სულო განმაცხოველებელო, გუაცხოვნენ მორწმუნენი შენნი.” (პარაკლისი სავედრებელი ყოვლადწმიდისა სამებისა. გალობა მე-6, სძლის-პირი). მკითხეთ, საიდან ვიცი მე ყველაფერი ეს? მე გაგიჟებული ვარ ღვთიური სიყვარულით, მთვრალი ვარ სულიერი სასმისით და ვერ ვძღები მისი სმით. ზიარების შემდგომ ლოცვებშიც ასე წერია:”და ეგრეთვე ამის ცხოვრებისაგან განსრული, სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოსათა, მარადის მყოფსა განსვენებასა მივიწიო, სადა მედღესასწაულეთა ხმა დაუსრულებელ-არს, და წარუვალი სიტკბოება, ჰხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სასურველი, და გამოუთქმელი სიხარული, მოყვარეთა შენთა ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე.” (პირველი სამადლობლო ლოცვა).

ყველა ზეიმისა და სიხარულის ცენტრი – ეს ქრისტეს პიროვნებაა, რომელიც არ შეგვიძლია მთელი სიღრმით გავისიგრძეგანოთ, რამეთუ ღმერთი უსასრულობაა, ამიტომ ეს საიდუმლოებაა, მდუმარებაა. ღმერთი ძალიან დაფარულია, მაგრამ ის ყველგანაა. ჩვენ ვცოცხლობთ უფლით, ვსუნთქავთ მისით, მაგრამ მისი სიდიადისა და განგებულების სრულიად წარმოდგენა არ შეგვიძლია. ის ხშირად შეფარულად ავლენს თავის განგებულებას, მაგრამ როგორც კი წმიდა თვინიერებას მოვიპოვებთ, მაშინვე გვეხსნება სულიერი მხედველობა, ვიწყებთ უფალში სიცოცხლეს და რეალურად შევიგრძნობთ მის საიდუმლოებებს. მაშინ ვიწყებთ მის სიყვარულს. და ეს სწორედ ის არის, რასაც ის ეძებს ჩვენში. მთავარი მისი მისწრაფება – ეს ჩვენი ბედნიერებაა, როგორც ამბობს თავად: “გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება.” (მთ. 22, 37-38). ასეთი სიყვარული აქვთ წმიდანებს. ისინი ეღირსნენ უაღრესად სასურველს. სასურველიდან უზენაესისკენ, უკიდურესი სურვილისკენ ამაღლდნენ. უკიდურესი სურვილი – ღმერთია: მამა, ძე და სულიწმიდა. სამივე ერთიანი, ერთმანეთში და ეკლესიაში. ქრისტე, შენ ჩემი სიყვარული ხარ! მე არ ვფიქრობ სიკვდილზე. დე, იყოს ნება შენი! მე მსურს მხოლოდ შენზე ვიფიქრო. თქვენც გაშალეთ ხელები და ჩაეხუტეთ ქრისტეს. მაშინ ის თქვენში დაიწყებს ცხოვრებას და თქვენ იფიქრებთ, რომ ჯერ კიდევ არასაკმარისად გიყვართ და მეტად დაახლოების სურვილი გაგიჩნდებათ, მასში სრული გაერთიანების მისწრაფება შეგიპყრობთ. შეიძულეთ მიწიერი ვნებანი, ნუ თანამშრომლობთ სატანათან! მიმართეთ თქვენი გულები ქრისტესკენ. მაშინ ის მთელი ღვთიური სინაზით ჩაგეხუტებათ და თქვენ იგრძნობთ საოცარ სულიერ სიხარულს, რაც ნიშნავს – მოვიდა ღვთიური მადლი, უძლურთა და დავრდომილთა აღმადგინებელი.

იხილეთ : ღვთიური სიყვარულის შესახებ (ნაწილი 1)

***
ჩვენი ცენტრი დიდ მადლობას მოახსენებს მამა ერმოლაოსს, მისი ნაშრომებისა და თარგმანების გამოქვეყნების უფლების მოცემის გამო

საიტზე უკვე განთავსებული ბერი ერმოლაოსის მიერ ნათარგმნი წმ.პორფირე კავსოკალიველის კიდევ ორი სტატია:
ღვთის ქმნილების შესახებ

მოყვასის სიყვარულის შესახებ

Print Friendly

Comments are closed.