საეკლესიო ძალაუფლების განაწილება

0219_canonსრული სათაური:
საეკლესიო ძალაუფლების განაწილება  ეკლესიის წევრებზე მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალში

სტატიის ავტორი: კანონიკური სამართლის და თეოლოგიის მაგისტრი

ვლადიმერ ნარსია

წინამდებარე სტატიის მიზანია განმარტოს საეკლესიო ძალაუფლების ცნება და მისი განაწილების პრინციპი ეკლესიის წევრებზე, მათი იერარქიული სტატუსის გათვალისწინებით, და ასევე, ის თუ რა თავისებურებით ხასიათდება საეკლესიო, ე.წ. სულიერი, ძალაუფლება განსხვავებით ფიზიკური, ანუ მატერიალური ძალაუფლებისაგან.

წმ. წერილის სწავლებით ეკლესიის წევრად ითვლება ყველა ნათელღებული ადამიანი, რომელიც ერთი ღმერთის რწმენისა და მსახურების ძალდაუტანებელი სურვილით წევრიანდება საეკლესიო საზოგადოებაში. მათ ქრისტეს მისტიური სხეულის სხვადასხვა ნაწილებსაც უწოდებენ ქმნიან რა საეკლესიო ერთობას განსხვავებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელებით, რომელიც მკაცრად განსაზღვრულ იერარქიულ პრინციპს ემყარება. იერარქიულობის მიზანია ზეციური გამგებლობის მსგავსად (ანგელოზთა წყობის ანალოგიურად) მიწიერი ეკლესიის საზოგადოებაც იმართებოდეს საღვთო სიყვარულის, პატივისცემისა და მორჩილების ვერტიკალური ძალაუფლების განაწილების პრინციპით.

მართლმადიდებლური კანონიკური სამართალი ეკლესიის წევრობის ორ სახეს სცნობს: პირველს შეადგენენ ხელთდასხმული პირები, რომლებიც სულიწმინდის განსაკუთრებული მოწოდებით გამორჩეული არიან საჯარო საეკლესიო მსახურებისათვის. მეორე სახეს შეადგენს ეკლესიის სხვა დანარჩენი წევრები, რომელთაც არ გააჩნიათ პირდაპირი ვალდებულება საჯარო საეკლესიო მსახურებისათვის, მაგრამ ნათლისღების გზით ითვლებიან რა ეკლესიის სრულუფლებიან წევრებად, აქტიურად მონაწილეობენ როგორც შიდასაეკლესიო ცხოვრების ფორმირებაში, ასევე საჯარო მსახურებებშიც. პირველ ნაწილს ეწოდება _ კლირიკოსები, ხოლო მეორეს _ ერისკაცები.

კლირიკოსებში განასხვავებენ სამ ხარისხს: ეპისკოპოსი; ხუცესი; (თანამედროვე ქართულში ხუცესის სახეშეცვლილი ფორმაა მღვდელი. სასურველია ეს სახელი აღდგეს პირველადი ფორმით – ხუცესი, როგორც ეს დასტურდება ძველ ქართულ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში) და დიაკვანი. ეს სამი ხარისხი შეადგენს საეკლესიო იერარქიის სტრუქტურას. თუმცა, ეკლესიაში მოგვიანებით გაჩნდა სხვა ტიპის საღვთისმსახურო თანამდებობებიც, (მედავითნე, მნათე, იკონომისი…) რომელთა ძირითადი დანიშნულება არის ის, რომ ღვთისმსახურებისა და საეკლესიო მართვა-გამგეობის საკითხებში დახმარება გაუწიოს სასულიერო იერარქიას, მაგრამ ისინი კლირიკოსთა დასს არ მიეკუთვნებიან.

ერისკაცთაგან უპირველესად უნდა აღინიშნოს მონაზვნები. მონაზვნები მორწმუნე მრევლის ნაწილია, რომლთაც დადებული აქვთ აღთქმა (ფიცი) საკუთარი რელიგიური ცხოვრების განსაკუთრებული წესით აღსრულების დაცვაზე. მონაზვნები მხოლოდ ხელთდასხმის შემდეგ შეიძენენ საეკლესიო იერარქიულ სტატუსს და ხდებიან სასულიერო დასის წევრები.
მონაზვნების გარდა ერისკაცთა დასს განეკუთვნება ეკლესიის მიერ ნათელღებული ყველა პირი, განურჩევლად მათი სტატუსისა და უფლება-მოვალეობებისა. გამონაკლისია მხოლოდ ”კათაკმევლთა” ჯგუფი, რომელსაც შეადგენს მოუნათლავი და ასევე, სხვადასხვა რელიგიებიდან ახლადმოქცეული ადამიანები. კათაკმევლები ეკლესიის წევრობის არასრული უფლებებით სარგებლობენ.
როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია და მისი წევრები ამ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს წარმოადგენენ. ისინი დიფერენცირებული ფუნქციებითა და სხვადასხვა უფლება-მოვალეობითი ნიშნებით მონაწილეობენ ეკლესიის ცხოვრებაში. ვინაიდან საეკლესიო საზოგადოება ასოცირდება ღვთივდადგენილობის უზენაეს იდეასთან ამიტომ ამ საზოგადოებას განსაკუთრებით მოეთხოვება ქრისტეს მცნებებისა და სწავლებების შეურყვნელად დაცვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკლესიის ყოველი წევრი ვალდებულია სრული პასუხისმგებლობითა და შეგნებით ჩაერთოს და ხელი შეუწყოს ღვთის მცნებებზე დამყარებული საეკლესიო წესრიგის შექმნას. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში საეკლესიო წესრიგის ხელყოფა, აღსრულდება ეს იერარქიული სტატუსის მქონე პირის თუ ერისკაცის მიერ, აღქმული უნდა იქნას როგორც ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედება, რაც საჭიროებს შესაბამის რეაგირებას.

საეკლესიო წესრიგზე მეთვალყურეობა უპირველეს ყოვლისა ეკისრება სასულიერო იერარქიას. მხოლოდ სასულიერო იერარქიის პრეროგატივაა საეკლესიო ძალაუფლების გამოყენებით შექმნას და დაიცვას საღვთო წესრიგი ეკლესიაში. დაუშვებელია ერისკაცების მიერ კლიროსთა გვერდის ავლით საეკლესიო ძალაუფლების მითვისება. თუმცა, არსებობს მისი კლიროსიდან ერისკაცებზე გადაცემის (დელეგირების) დადგენილი წესი. მაგ: კლიროსთან შეთანხმებით დასაშვებია ერისკაცი ახორციელებდეს სამოძღვრო ძალაუფლებით ფუნქციებს. ასეთ საქმიანობად ჩაითვლება ერისკაცის მიერ საეკლესიო საკითხების მეცნიერული კვლევა-ძიება და მისი გავრცელების ხელშეწყობა (რელიგიის სწავლება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში) და სხვადასხვა საზოგადოებრივი და სამეცნიერო აქტივობა, რომლის მიზანია ქრისტიანული მოძღვრების გავრცელება.

საეკლესიო ძალაუფლების მიზანი და რაობა?
საეკლესიო ძალაუფლების მიზანია ეკლესიაში სწორი მმართველობის უზრუნველყოფა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ეკლესიის უმთავრესი მიზნის მიღწევას – ადამიანთა სულის გამოხსნას ამქვეყნიური ცდუნებათაგან. იგი მინიჭებული აქვს სასულიერო იერარქიას იმისათვის, რომ დაძლიოს ის წინაღობები რაც ქრისტეს მცნებათა დაცვის გზაზე ეღობება ქრისტიანებს და დაეხმაროს მათ სულიერი კეთილდღეობის მოპოვებაში. საეკლესიო ძალაუფლებას სასულიერო იერარქიასთან ერთად ახორციელებს ერისკაცთა დასიც. იერარქია ვალდებულია სცნოს ერისკაცთა უფლებები საეკლესიო მმართველობით საკითხებში, იმ საზღვრებში რაც არ არღვევს ეკლესიის ზოგად სულისკვეთებას, რაც მის ტრადიციებსა და გამოცდილებებს ეფუძნება. საეკლესიო ძალაუფლება სულიერი ძალაუფლებაა. მისი ბუნებისათვის უცხოა დასახულია ამოცანების განხორციელება ფიზიკური ძალადობისა და იძულებითი ღონისძიებების გზით, რადგან ეკლესია იესო ქრისტეს სულიერი სამეფოა დედამიწაზე და დაუშვებელია იგი ეწინააღმდეგებოდეს სახარების უმთავრეს პრინციპს ძალადობისა უარყოფისა და თავისუფალი ნების ხელყოფის დაუშვებლობის შესახებ.

საეკლესიო ძალაუფლება ღვთივდადგენილია. მის მოციქულებრივ წარმოშობაზე მოწმობს ორ წყარო: 1. იოანეს სახარება: “მიიღეთ სულიწმინდა. უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი მიეტევნეთ მათ და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ შეპყრობილ იქმნენ” (იოანე 20, 22-23) და 2. ებრაელთა მიმართ ეპისტოლე: “ და არავინ თავით თვისით მოიღოს პატივი, არამედ რომელი წოდებულ არიან ღმრთის მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ. ეგრეთცა ქრისტე არა თავი თვისი ადიდა ყოფად იგი მღვდელთმოძღვრად, არამედ რომელი-იგი ეტყოდა მას, ძე ჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობიე შენ.” (ებრ. 5, 4-5). მათზე დაყრდნობით მართლმადიდებლური კანონიკური სამართალი გამოყოფს სამი ტიპის საეკლესიო ძალაუფლებას: 1. მოძღვრობას, 2. მღვდელმოქმედებას და 3. მართვას.

1) მოძღვრობა არის სარწმუნოებრივი განათლების მიზნით პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეგონებითი აქტის განხორციელება, რომელიც შესაძლებელია გამოიხატოს ქადაგების, ან აუდიტორიული კატეხიზაციის ფორმით. მას ეწოდება ძალაუფლება არა იმიტომ, რომ იგი გულისხმობს ძალით, ან იძულების სხვა საშვალებებით პირთა ინდოქტრინაციას არამედ იმიტომ, რომ სამოძღვრო მოქმედებაში საიდუმლოდ მონაწილეობს იესო ქრისტეს სიტყვის “მებადურული” ძალა: “მოვედით და შემომიდექით მე და გყვნეთ თქვენ მესათხევლედ კაცთა” (მთ. 4.19).

2) მღვდელმოქმედება არის გამომსყიდველობითი დანიშნულების მქონე საღვთისმსახურო (რიტუალური) წესების აღმასრულებელი ქმედება, რომელიც საეკლესიო ძალაუფლებად იწოდება იმიტომ, რომ იგი მიიჩნევა სახარებისეულ მიზნებთან ზიარების ერთადერთ საშვალებად, რომელსაც ფლობს ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია.

3) მართვა (იგივე მწყემსობა) არის საეკლესიო კანონების მიღებისა და დაცვის საეკლესიო ძალაუფლება, რომელიც გულისხმობს ეკლესიის წევრების (მიუხედავად მათი იერარქიული სტატუსისა) მიერ ჩადენილი საეკლესიო დანაშაულების განსჯადობის უფლებას. ასევე, საეკლესიო ადმინისტრაციული მმართველობის რეგლამენტაციის უფლებას.

საეკლესიო ძალაუფლებები ერთმანეთისაგან გამიჯნულია რეგულირების სფეროსა და უფლება-მოვალეობების ნიშნით. ასევე, მკაცრად არის დადგენილი ის საზღვრები, რომლითაც ხასიათდება თითეული მათგანი. მაგალითისათვის: დაუშვებელია ერთმანეთში ავურიოთ მღვდელომოქმედებისა და მართვის ძალაუფლებები რადგან მათი რეგულირების სფეროები განსხვავებული ნიშან-თვისებებით ხასიათდება. კერძოდ, მღვდელომოქმედება ეკლესიის ყველა კანონიერი იერარქის ძალაუფლებაა, რომელსაც იერარქიული საფეხურების მიხედვით გააჩნია უფლებამოსილების საზღვრები. მაგრამ, მართვის ძალაუფლებას ფლობს მხოლოდ არჩეული უმაღლესი საეკლესიო ორგანო, რომელიც სასულიერო იერარქიის კონკრეტული წევრებისაგან არის დაკომპლექტებული. მეტი ილუსტრაციისთვის შეიძლება ასეც ვთქვათ, რომ მღვდელომოქმედება ვლინდება ისეთ საეკლესიო მსახურებებში როგორიცაა ლიტურგია; სხვადასხვა ტიპის ლოცვითი და საიდუმლეობითი მსახურება – ნათლისღება; აღსარება; ზიარება; ქორწინება; და. ა. შ. იგი ეკლესიის შვიდი საიდუმლოს ნაწილია და საკრალური რიტუალების აღსრულების გზით ემსახურება ეკლესიის ცხოვრების უშინაგანეს მხარეს, მაშინ როცა მართვის ძალაუფლება განივრცობა მხოლოდ ეკლესიის მოწყობასა და საორგანიზაციო საკითხებზე. ამიტომ, მღვდელმოქმედებასთან მიმართებაში მართვის ძალაუფლება შეიძლება დახასიათდეს რეგულირების როგორც განსხვავებული წრით, ასევე, განსხვავებული უფლება-მოვალეობების ნიშნით.

საეკლესიო ძალაუფლებაზე საუბრის დროს შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მართლმადიდებელი ეკლესიის უნიკალურ ტრადიციას – ეკლესიის კრებსითი მართვისა და ორგანიზების შესახებ. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით საეკლესიო ძალაუფლების მთელი სისავსე თავმოყრილია ეპისკოპოსთა კრებაში. ერთ ეპისკოპოსზე უპირატესი ძალაუფლება მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებულს, ანუ საეკლესიო კრებას გააჩნია. ეს ძალაუფლება ეპისკოპოსებს გადაეცათ მოციქულთაგან, რაც ბეჭედად აზის ამ ძალაუფლების ღვთიურლ ლეგიტიმურობას. მაგრამ, საეკლესიო კრებითობის განსაკუთრებით საინტერესო მხარეა ის, რომ იგი მხოლოდ სასულიერო იერარქიის სტატუსის მქონე პირთა ერთობას არ გულისხმობს, არამედ ამ კრებითობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს საერო პირებიც – მორწმუნე მრევლი.
ჯერ კიდევ პირველისაუკუნის ეკლესიებში საეკლესიო მართვა-გამგეობის უფლებამოსილებას სასულიერო იერარქიასთან ერთად ეკლესიაში ახორციელებდა ერისკაცები. ამის შესახებ მოწმობს ეკლესიაში უძველესი დროიდან არსებული ხუცესთა საბჭოები, ე.წ. “პრესვიტერიუმები”, რომლებიც დაკომპლექტებული იყო სასულიერო კლირიკოსებისა და საერო პირებისაგან. ამ ფაქტით ხაზგასმულია, ის რომ ეკლესიის მართვაში სასულიერო იერარქიასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საერო დასიც, რასაც ადასტურებს მოციქულთა საქმეების წიგნი საიდანაც ვგებულობთ, რომ პირველი დიაკვნები, და ასევე, ეფესოს ეპისკოპოსი ტიმოთე, ეკლესიის საერთო კრების (მორწმუნე მრევლის) თანხმობით იქნენ გამორჩეულნი სასულიერო თანამდებობებზე. კრებითობის პრინციპი დღემდე დაცულია ეკლესიაში მღვდელმოქმედებისა და მართვის ძალაუფლების განხორციელების დროს, განსაკუთრებით როცა სასულიერო კანდიდატის გამორჩევა და კურთხევა აღესრულება ეკლესიის წევრების (მორწმუნე მრევლის) თანხმობის საფუძველზე. ასევე, საეკლესიო კანონები, რომლებიც მიიღება საეკლესიო კრებებზე, ვინაიდან არ არსებობს კანონი რომელიც არ იყოს აღბეჭდილი კრებითობის ნიშნით. რაც შეეხება წმინდა მამათა კერძო კანონებს ისინი საყოველთაო ძალის მქონედ აღიარებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მოწონებული და დამტკიცებული საეკლესიო კრებების მიერ. დაბოლოს, კრებითობის საეკლესიო ტრადიცია ვლინდება ერისკაცთა ღვთისმსახურებებში თანამონაწილეობის დროსაც, როცა ლიტურგიაზე სასულიერო იერარქიასთან თანალოცვით ერისკაცები მონაწილეობას იღებენ სულიწმინდის მოხმობის ლოცვებში. კრებითი მართვის საეკლესიო ტრადიციას აგვირგვინებს აღმოსავლეთ პატრიარქების 1848 წლის 6 მაისის ეპისტოლის სიტყვები: “ღვთისმოსავობის მცველი არის ეკლესია, ე.ი. ღვთისმოსაობის მცველია თვით ხალხი~.

Print Friendly

Comments are closed.