• პირველ სექტემბერს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანები ლოცულობენ შესაქმის, მისი დაცვისა და გადარჩენისათვის. ის, რაც „შესაქმეში“ იგულისხმება, ამ შემთხვევაში, არის ბუნებრივი გარემო, რომელიც უკვე წლებია იტანჯება ადამიანის უხეში, მომხმარებლური დამოკიდებულებით.
  • ერთის მხრივ ბუნებრივი რესურსების უკონტროლო და უსამართლო მოპოვებას, მეორე მხრივ კი გარემოს მზარდ დაბიძნურებას პირდაპირი ეფექტი აქვს არა მხოლოდ პლანეტის ეკოლოგიურ მდგრადობაზე, არამედ მილიარდობით ადამიანის სოციალურ და სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამიტომ არის, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც ქრისტიანებმა დაიწყეს აქტიური საუბარი შესაქმის გადარჩენაზე, ეს თემა მჭიდროდ დაუკავშირდა სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების საკითხს.
  • 1989 წელს, მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრი I-მა სპეციალურ ენციკლიკაში მკაცრად ამხილა მომხმარებლური ცხოვრების წესის „ბუნებაზე ძალადობა“, რომელიც „ავტორიტარული და ტირანულია გარემოსთან მიმართებით“. პატრიარქმა აღნიშნულ ენციკლიკაში მოუწოდა ყველა ქრისტიანულ ეკლესიასა და საკრებულოს, ერთად ილოცონ და იშრომონ გარემოს გადარჩენისათვის. სწორედ მსოფლიო პატრიარქის ენციკლიკის პასუხად, მსოფლიოს ქრისტიანულმა თემებმა დაიწყეს პირველი სექტემბრის აღნიშვნა, როგორც გარემოსათვის ლოცვის საერთაშორისო დღისა (ეს დღე მართლმადიდებლურ ტრადიციაში ახალი საეკლესიო წელიწადის დასაწყისია).
  • ეკოლოგიური პასუხისმგებლობის თემა დიმიტრი I-ის მემკვიდრემ, პატრიარქმა ბართლომემ საკუთარი მოღვაწეობის ცენტრალურ მესიჯად აქცია და „მწვანე პატრიარქის“ ზედწოდებაც კი მიიღო. ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, იგი აქტიურად იყენებს ყველა საერთაშორისო ფორუმსა და კონფერენციას, რათა შეახსენოს ქრისტიანებს (და არა მხოლოდ) გარემოს დაცვის მნიშვნელობა და ბუნებრივი რესურსების სამართლიანი და დაბალანსებული გამოყენების აუცილებლობა.
  • სწორედ პატრიარქი ბართლომეს აქტივობებით იქნა შთაგონებული 2015 წელს პაპი ფრანცისკეს მიერ გამოქვეყნებული ენციკლიკა Laudato si’, რომელშიც რომის პაპი მკაცრად ამხელს ბუნებასთან ადამიანის არაკეთილსინდისიერ მიდგომას. Laudato si’-ში განვითარებულ თემებს პაპი ფრანცისკე კვლავ მიუბრუნდა 2020 წელს გამოქვეყნებულ ახალ ენციკლიკაში Querida Amazonia, შეახსენა რა სამყაროს ის საშინელი დისკრიმინაცია, რომელსაც აბორიგენი მოსახლეობა განიცდის ამაზონიის ეკოსისტემის განადგურების კვალდაკვალ და ის საგანგაშო მსოფლიო ეფექტი, რომელიც ამ ეკოსისტემის განადგურებას მოჰყვება.
  • უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქი ბართლომე ჯერ კიდევ 2006 წელს, ამაზონიისადმი მიძღვნილ რიოს საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოუწოდებდა საერთაშორისო საზოგადოებას მიეღოთ ზომები ამაზონიასთან დაკავშირებით, შეახსენებდა რა კაცობრიობას შესაქმის საკრალურ მნიშვნელობას: „დაუშვებელია თვალები ავიხვიოთ პირადი ინტერესების გამო, პირიქით, უნდა ვიყოთ მგრძნობიარენი ყოველი კუნძულისა თუ ნახევარკუნძულის, მდინარისა თუ ნაკადულის, ტბისა თუ პეიზაჟის საკრალურობის მიმართ…
  • 2016 წელს კუნძულ კრეტაზე გამართულმა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდმა კრებამ, პირველ სექტემბერთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქის ინიციატივა ერთგვარ საერთო მართლმადიდებლურ ნორმად აქცია, კრებსითად გამოაცხადა რა 1 სექტემბერი შესაქმის გადარჩენისათვის ლოცვის საერთაშორისო დღედ. წმინდა და დიდი კრების მიმართვაში ვკითხულობთ: ცხადია,დღევანდელი ეკოლოგიური კრიზისი სულიერი და ეთიკური მიზეზების შედეგია. მისი ფესვები ამოზრდილია სიხარბის, სიძუნწისა და ეგოიზმის საფუძველზე, რასაც ბუნებრივი რესურსების არარაციონალურ გამოყენებამდე, ატმოსფეროს მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისა და კლიმატური ცვლილებებისაკენ მივყავართ. ამ პრობლემისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ქრისტიანული თვალსაზრისით, მოითხოვს ბოროტად გამოყენების მონანიებას, თავშეკავებასა და ასკეტურ ზნეს, რომელიც ზღვარგადასული მოხმარების სანაცვლოს წარმოადგენს და თან, ამავდროულად, ადამიანში ავითარებს იმ შეგნებას, რომ ის შემოქმედებისმნეადა არა მფლობელი. ეკლესია არ ცხრება აღნიშნოს, რომ მომავალ თაობებსაც უფლება აქვთ ბუნების სიკეთეზე, რომელიც შემოქმედმა ჩვენ გვანდო. ამის გამო მართლმადიდებელი ეკლესიაც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ეკოლოგიური საკითხის მოგვარების საერთაშორისო ღონისძიებებში და 1 სექტემბერი გამოაცხადა ლოცვის დღედ ბუნებრივი გარემოს დასაცავად“ (მიმართვა, 8).
  • ყოველ პირველ სექტემბერს მსოფლიო პატრიარქი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სპეციალური წერილით მიმართავს მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოს, სხვა მოძმე ქრისტიანებსა და ყველა კეთილი ნების ადამიანს. 2020 წლის „ეკოლოგიურ“ ენციკლიკაში მსოფლიო პატრიარქი შეეხო პანდემიის თემასაც და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოვწულმა ჩაკეტილობამ და ამ პერიოდში ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებამ ცხადად დაგვანახა, რომ ბუნებრივ გარემოზე ნეგატიური მოქმედება დიდწილად ანთროპოგენური ეფექტია და რომ შესაძლებელია მოინახოს გზა ეკონომიკის ისეთი განვითარებისა, რომელიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს. ენციკლიკის დასასრულს ბართლომე I შეგვახსენებს: „ბრძოლა შესაქმის გადარჩენისათვის ჩვენი რწმენის ერთ-ერთი ცენტრალური განზომილებაა. გარემოს პატივისცემა არის ღმერთის სახელის ნამვდილი განდიდება, მისი შესაქმის განადგურება კი შემოქმედის შეურაცხყოფა“.
  • პირველ სექტემბერთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში რომის პაპი ფრანცისკე კი შეგვახსენებს, რომ შესაქმის გადარჩენა არ შეიძლება იქცეს მომავლის საქმედ, რადგან ეს უკვე აწმყოს პასუხსიმგებლობაა: „დღეს და არა ხვალ, დღესვე უნდა ვიზრუნოთ შესაქმეზე, პასუხსიმგებლობით. ვილოცოთ, რათა დედამიწის ბუნებრივი რესურსები იყოს არა ძარცვის, არამედ სწორი და სამართლიანი გაზიარების ობიექტი“.
  • მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე