ლოცვა პანდემიისას (ნაწილი III)

264557065_640გთავაზობთ ამონარიდს სავედრებელი კანონიდან “კანონი წმიდისა და ერთ-არსებისა სამებისა მიმართ, და ყოველთა წმიდათა მისთა, საშინელისა სრჳსათვის სენისა მიერ მოწეულისა. ჴმა ჱ“, რომელიც შესულია მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევანში და იკითხება საყოველთაო სნეულების დროს

***

გალობა გ, სძლის-პირი*:

 

შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი, და სიქადული ცხოვრებისა ჩემისა, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩვენსა, ამისთვისცა წინასწარმეტყველისა ამბაკომისა-თანა ვიტყვით: ძალსა შენსა დიდება, კაცთმოყვარე.

აწ აჩრდილმან სიკვდილისამან გარემოგვიცვა და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა მიგვიყვანებს, არამედ შენ, მაცხოვარო, ვითარცა შემძლებელ ხარ, აღგვადგინენ ჩვენ და საკვირველ ჰყავ წყალობა შენი, რომელი აცხონებ სარწმუნოებით მღაღადებელთა შენდა: უფალო, ძალსა შენსა დიდება, კაცთმოყვარე!

ქრისტეს მესაიდუმლოენო და თვალით მხილველნო და მქადაგებელნო, რომელთა მიიღეთ ნიჭნი კურნებათანი და ხართ მკურნალნი სულთანი, მოციქულნო წმიდანო, ძვირთაგან გაგვათავისუფლეთ ჩვენ, რომელთა გვმძლავრობენ სენნი და სალმობანი. ევედრენით ჩვენთვის მეუფესა ქრისტესა, იესოს მხსნელსა და მაცხოვარსა ჩვენსა.

ცოდვისა ღელვათაგან გარემოცულ ვართ ჩვენ და ვნებათა მრავალნი კვეთებანი დაიზამთრებენ ჩვენ შორის და ტკივილთა სიმრავლენი დაგვნთქამენ უწყალოდ, მწუხარებამან და გლოვამან გარემომიცვა ჩვენ საშინელად, მოციქულნო უფლისანო, ევედრენით მას და შეწევნისა თქვენისა ხელი აღგვიპყართ, დიდებულნო.

ტკივილთაგან მწარეთა, ჩვენ, მწარედ მოწყლულნი ყოველნი შეგივრდებით შენ, ქალწულო. მტკიცითა საფართველითა შენითა გვიხსნენ წმიდაო ჩვენ ყოველნი და გვაცხოვნენ შენ, სძალო ღმრთისაო, და გვილხინე სრვისაგან და რისხვისა სასტიკისა და წყლულებათა ჩვენთა ტკივილნი განკურნენ დედოფალო ჩვენო.

* ტექსტის გასამარტივებლად თანამედროვე ქართულში ხმარებიდან გასული ასოები, ისევე როგორც “უე” კომპლექსი, ჩანაცვლებულია შესაბამისი ასოებით.

პირველი ნაწილისათვის იხ. გალობა ა, სძლისპირი

მეორე ნაწილისათვის იხ. გალობა გ, სძლისპირი

Print Friendly

Tags: , , , , , ,

Comments are closed.