მღვდელი და სოციალური ქსელი

10/08/2015
By

1385138154რატომ არ უნდა აქვეყნებდეს მღვდელი საკუთარ ფოტოებს სახის სხვადასხვა გამომეტყველებით, ნაირ-ნაირი კოსტუმებით და პოზებით.

 

ზუსტად იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც  ხატებს ვწერთ და არ ვხატავთ. ღვთის სიტყვის და საღვთო ჭეშმარიტების გადმოსაცემად ხატები იწერება. მასზე გამოსახულია არა ნახატი, რომელიც პირდაპირ ფოტომსგავსებას გვიჩვენებს მასზე გამოსახულთან, არამედ ხატი გადმოგვცემს მხოლოდ საერთო ინფორმაციას წმინდანის ცხოვრების, ღვთისსათნო საქმის, მისი ხასიათის ან რაიმე ღვთაებრივი მოვლენის შესახებ.  ხატებზე წმინდანის არც მყისიერი ხორციელი და მშვინვიერი ემოციებია გამოხატული და არც გრძნობები. ხატზე დაწერილია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც წმინდანის თვისებებს და ცხოვრებას ასახავს. მაგალითად, ხატებზე პავლე მოციქულის დიდი შუბლი სიმბოლურად გამოხატავს მის დიდ გონებრივ და სულიერ ინტელექტს (თუმცა შეიძლება სულაც არ ჰქონია ამხელა შუბლი პავლეს). იოანე ოქროპირის მკაცრი სახე და შეჭმუხნული შუბლი მთლიანობაში გამოხატავს მის ასკეტური ღვაწლით და ტანჯვით სავსე ცხოვრებას (თუმცა ალბათ ხშირად იღიმებოდა კიდეც იოანე). წმინდა ნინოს თეთრი სამოსი  სიმბოლურად გამოსახავს მის დიდ სულიერ  სიწმინდეს (თუმცა შეიძლება სულაც სელის, მონაცრისფრო შესამოსელი ეცვა ნინოს). წმინდა ნიკოლოზის თეთრი წვერი და შესამოსელი მიგვანიშნებს, რომ იგი ღრმა სიბერემდე ემსახურა უფალს და ა.შ. გარდა ამისა მართლმადიდებლური ხატები ერთ სიბრტყეზე იწერება. იშვიათია რელიეფური გამოსახულება და არ არსებობს ქანდაკების სახით, მთელი სხეულით წმინდანების გამოსახვის ტრადიცია. სკულპტურაში ძირითადი აქცენტი გადატანილია ხორციელ და მშვინვიერ თვისებებზე, ხოლო მართლმადიდებლური ტრადიცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან, სულიერ ინფორმაციას.

ასევე, როცა მღვდელი ხალხისთვის აქვეყნებს ქადაგებას, დარიგებას ან პირად წერილს, რომელშიც უმთავრესია მისი სულიერი მნიშვნელობა და შინაგანი აზრი, აბსოლუტურად ზედმეტია და უადგილო ავტორის პირადი ფოტოების დართვა სახის სხვადასხვა გამომეტყველებით, პოზებით და ამა თუ იმ პეიზაჟის ფონზე. ის სულიერი მარცვალი, რომელიც მკითხევლის გონებაში უნდა ჩავარდეს და ნაყოფი გამოიღოს ამ ტექსტის შინაგანი აზრია და არა სიმპატიური მღვდლის ლამაზი ფოტო, რომელიც უფრო მეტად მშვინვიერ ემოციებს აღძრავს ვიდრე სულიერს.

მღვდლები არა ვართ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავი დაამახსოვრონ პუბლიკას. ჩვენგან ნათქვამი ქრისტეს  სიტყვები უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს ჩვენმა მსმენელმა, თორემ, პირადად ჩვენ მხოლოდ უღირსი მსახურნი ვართ მისი საქმის.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

15.05.2015.

 

 

Print Friendly

Comments are closed.