ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი ფაქტორები

qristianuli-saidumlo-jvriswera-2დოკუმენტი, მიღებული ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების კრებაზე, (ანტოქიისა და საქართველოს საპატრიარქოთა გამოკლებით) შამბეზიში 2016 წლის 21-28 იანვარს.

ქვეყნდება ეკლესიის მეთაურთა კრების დადგენილების თანახმად.

მართლმადიდებლური ქორწინება

  • დღეს ოჯახის ინსტიტუტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა სეკულარიზმი და მორალური რელატივიზმი. ქორწინების წმინდა ხასიათი მოწმდება (მტკიცდება) მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც მისი ფუნდამენტური და შეუცვლელი სწავლება. ქალისა და კაცის თავისუფალი კავშირი წარმოადგენს ქორწინების აუცილებელ პირობას.
  • მართლმადიდებელ ეკლესიაში ქორწინება განიხილება როგორც საღვთო სამართლის უძველესი ინსტიტუტი, რამდენადაც იგი დადგენილ იქნა პირველმშობელთა, ადამისა და ევას შექმნისას(დაბ.2:23). თავიდანვე ეს კავშირი ითვალისწინებდა როგორც ქორწინებულ წყვილთა სულიერ ურთიერთობას, ასევე ადამიანთა მოდგმის გამრავლებას. ედემში ქალსა და მამაკაცს შორის კურთხეული ქორწინება იქცა წმინდა საიდუმლოდ, რომელიც იხსენება ახალ აღთქმაში, გალილეის კანაში აღსრულებული სასწაულისას, სადაც ქრისტემ აღასრულა პირველი სასწაული, წყალი გადააქცია ღვინოდ და გამოაჩინა დიდება თვისი (ინ.2:11). ქალისა და მამაკაცის დაურღვეველი კავშირი წარმოადგენს სახეს ქრისტეს და ეკლესიის კავშირისა (ეფ.5:32).
  • ქორწინების ქრისტოცენტრული ხასიათი ხსნის, თუ რატომ აკურთხებენ ეპისკოპოსნი, ან მღვდელმსახურნი ამ წმინდა კავშირს განსაკუთრებული ლოცვებით. პოლიკარპე სმირნელისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი ხაზს უსმევდა, რომ ქორწინებაში შემავალნი „უნდა შევიდნენ კავშირში ეპისკოპოსის ნებართვით, რათა ქორწინება იყოს ღმერთში და არა ავხორცობაში. დე, იყოს ყველაფერი ღვთის სადიდებლად“ (თავი 5). ღვთივდადგენილი კავშირის წმიდა ხასიათსა და მის მაღალ სულიერ ღირებულებას ხსნის მოციქულის მოწოდება „ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლო იყოს“ (ებრ.13:4). სწორედ ამიტომ განსჯიდა მართლმადიდებელი ეკლესია ქორწინების ნებისმიერ შეურაცხყოფას (ეფეს. 5:2-5; 1თეს.4:4; ებრ.13:4 და სხვ.).
  • ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი არის „მცირე ეკლესია“, ეკლესიის სახე. კლიმენტი ალექსანდრიელი აღნიშნავს: „ვინ არიან ის ორნი ან სამნი, შეკრებილნი უფლის სახელით რომელთა შორისაც უფალია? [137] არ მიგვითითებს კი ეს ქმარზე, ცოლზე და მათ შვილებზე?“ (სტრომატა, 10, PG 8, 1169 В). საღმრთო კურთხევის საშუალებით ქალისა და მამაკაცის კავშირი ამაღლდება, რამეთუ ურთიერთობა აღემატება ინდივიდუალისტურ არსებობას და ამრიგად ის აერთებს ცოლ-ქმარს ცხოვრებასთან, სახესთან ყოვლადწმინდა სამების მეუფებისა. ქორწინებისთვის აუცილებელი პირობაა იესო ქრისტეს რწმენა, რომელიც უნდა გაიზიარონ სიძემ და სასძლომ, ქმარმა და ცოლმა. ქორწინებაში ერთობის საფუძველს წარმოადგენს ქრისტეში ერთობა, რათა სულიწმიდის მიერ ნაკურთხ ცოლ-ქმრულ სიყვარულში აისახოს ქრისტეს და ეკლესიის სიყვარული, როგორც საიდუმლო ღვთის სიყვარულისა და ადამიანის მარადიული ცხოვრებისა ღვთის სიყვარულში.
  • ქორწინების წმინდა ხასიათის დაცვას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახის შენარჩუნებისათვის, რომელიც ასახავს ადამიანთა საქორწინო კავშირით შეუღლების ურთიერთობას როგორც ეკლესიაში, ასევე მთელს საზოგადოებაში. ამრიგად ურთიერთობა, განხორციელებული ქორწინების საიდუმლოში, არა მხოლოდ ბუნებრივი ურთიერთობებია, არამედ ოჯახის წმინდა ინსტიტუტში რეალიზებადი სულიერი შემოქმედებითი ძალა. მხოლოდ მას შეუძლია უზრუნველყოს ბავშვთა დაცვა და აღზრდა, როგორც ეკლესიის სულიერ მისიაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  • ეკლესია ყოველთვის აუცილებელი სიმკაცრითა და საჭირო სამოძღვრო გულისხმიერებით ეკიდებოდა, მოციქულ პავლეს მსგავსად (რომ.7:2-3; 1კორ.7:12-15, 39), ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისთვის როგორც დადებით პირობებს (სქესის სხვაობა, აუცილებელი ასაკი და სხვ.), ასევე დამაბრკოლებელ პირობებსაც (სულიერი და ხორციელი ნათესაობა, ქონება, უკვე არსებული ქორწინება, რწმენის სხვაობა და სხვ.). სამოძღვრო გულისხმიერება აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიბლიური ტრადიცია ამტკიცებს ქორწინების კავშირს ეკლესიის საიდუმლოსთან, არამედ იმიტომაც, რომ საეკლესიო პრაქტიკა არ გამორიცხავდა ბერძნულ-რომაული სამოქალაქო სამართლის ზოგიერთი ასპექტის გათავისებას, რომელიც ამბობს, ხაზს უსმევდა ფაქტს, რომ საქორწინო კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის წარმოადგენს „ღვთიური და ადამიანური სამართლის აქტს“ (მოდესტინი) და შესაბამისობაში იყვნენ ეკლესიის მიერ ქორწინებისთვის მინიჭებულ წმინდა ხასიათთან.
  • თანამედროვე პირობებში, რომელიც ასე მოუხერხებელია ქორწინების საიდუმლოსა და ოჯახის წმინდა ინსტიტუტისათვის, ეპისკოპოსებმა და მღვდელმსახურებმა განსაკუთრებით აქტიურად უნდა განავითარონ სამოძღვრო (პასტორალური) მუშაობა, რათა დაიცვან მორწმუნენი, მხარდაჭერით, გამხნევებით, იმედის მიცემით – სხვადასხვა სირთულეთაგან დაბრკოლებულთათვის, ოჯახის ინსტიტუტის იმ მყარ საფუძველზე განვითარების გზით, რომლის დარღვევასაც ვერ შეძლებენ ვერც წვიმა, ვერც მდინარეები, ვერც ქარები, რამეთუ ეს საფუძვლის ქვა არის – რომელიც არის ქრისტე (შედ. მთ.7:25).
  • ქორწინება წარმოადგენს ოჯახის საფუძველს, ოჯახი კი ქორწინების განხორციელებას. თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ზეწოლა, თანაცხოვრების სხვა ფორმების ცნობის მიზნით. ქორწინების მზარდი კრიზისი ღრმა შეშფოთებას იწვევს მართლმადიდებელ ეკლესიაში, მთელი საზოგადოებისათვის ნეგატიური შედეგების მიზეზითა და შიდაოჯახური ურთიერთობების საფრთხის ქვეშ დაყენების გამო, რომელის მსხვერპლნიც ხდებიან ქორწინებული წყვილები და უპირველეს ყოვლისა ბავშვები, რადგანაც სამწუხაროდ ისინი იძულებულნი არიან ბავშვობიდანვე განიცადონ მოწამეობრივი ტანჯვა.
  • კანონიერი გზით დარეგისტრირებულ სამოქალაქო ქორწინებას ქალსა და მამაკაცს შორის არ აქვს საკრამენტარული ხასიათი და კანონიერი თანაცხოვრების მიუხედავად ის განსხვავდება ღვთისა და ეკლესიის მიერ კურთხეული ქორწინებისაგან. ეკლესიის იმ წევრებს, რომელნიც სამოქალაქო ქორწინებაში არიან, უნდა მივუდგეთ სამოძღვრო პასუხისმგებლობით, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა გაიგონ ქორწინების საიდუმლოსა და მასთან დაკავშირებული კურთხევის ფასეულობა.
  • ეკლესია არ სცნობს თავის წევრთა შორის ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინების შესაძლებლობას, ისევე როგორც ნებისმიერ შემთხვევაში სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრების შესაძლებლობას, თვინიერ ქორწინებისა. ეკლესია დებს მთელს სამოძღვრო ძალისხმევას იმაში, რომ მათ, ვინც მსგავს თანაცხოვრებაში იმყოფება მიაღწიონ გულწრფელი სინანულისა და ეკლესიის მიერ ნაკურთხ ჭეშმარიტი სიყვარულის მდგომარეობას.
  • ქორწინების ინსტიტუტის კრიზისის მძიმე შედეგები აისახება განქორწინებათა და აბორტთა რიცხვის კატასტროფულ ზრდაში და სხვადასხვა საოჯახო ყოფა-ცხოვრებითი პრობლემების გამრავლებაში. ეს შედეგები წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას ეკლესიის მისიისათვის თანამედროვე მსოფლიოში, ამიტომ ეკლესიის მოძღვრებმა უნდა გააკეთონ შესაძლებლის მაქსიმუმი ამ პრობლემათა გადასაჭრელად. მართლმადიდებელი ეკლესია სიყვარულით მოუწოდებს თავის სამწყსოს, მამაკაცებს და ქალბატონებს და ყველა კეთილი ნების ადამიანს, შეინარჩუნონ ერთგულება ოჯახის სიწმინდისადმი.

 

2. ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები

 

  1. ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზებს სისხლით ნათესაობის, შვილობილობისა და სულიერი ნათესაობის არსებობობის შემთხვევაში აქვთ ძალა, გათვალისწინებული კანონით (ტრულის კრების 53 და 54 კანონი) და მათთან შესაბამისობაში ადგილობრივი ეკლესიის დებულებებითა და სინოდის დადგენილებებით რეგულირებული და განხორციელებული წესებით.
  2. საბოლოოდ არ გაუქმებული, ან მესამე ქორწინება წარმოდაგენს ქორწინების აბსოლუტურ დაბრკოლებას, როგორც განუქორწინებელთა ქორწინება, ისე მეოთხე ქორწინება, თანახმად მართლმადიდებლური კანონიკური გარდამოცემისა.
  3. წმინდა კანონთა აკრიბიის თანახმად იკრძალება სამონაზვნო აღკვეცის შემდეგ საეკლესიო ქორწინებაში შესვლა (16-ე კანონი მე-4 მსოფლიო კრებისა და ტრულის კრების 44-ე კანონი).
  4. მღვდელმსახურება წარმოადგენს ქორწინებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას, თანახმად მოქმედი კანონიკური გარდამოცემისა (ტრულის კრების მე-3 კანონი).
  5. მართლმადიდებლის არამართლმადიდებელ ქრისტიანთან, ან არა ქრისტიანთან შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) ქორწინება მართლმადიდებლისა არამართლმადიდებელ ქრისტიანთან იკრძალება მართლმადიდებლური აკრიბიით (ტრულის კრების 72-ე კანონი). იგი შესაძლოა იქნეს კურთხეული შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარებით, მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ ქორწინებით გაჩენილი შვილები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ბ) მართლმადიდებელსა და არაქრისტიანს შორის ქორწინება კატეგორიულად იკრძალება კანონიკური აკრიბიით.

  1. ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზთა საეკლესიო გარდამოცემის განხორციელების პრაქტიკისას ყურადსაღებია აგრეთვე არსებული სამოქალაქო კანონმდებლობა, მაგრამ საეკლესიო იკონომიის საზღვრებში.
  2. ყველა ადგილობრივი ეკლესიის სინოდი უნდა მიუდგეს საეკლესიო იკონომიის გამოყენების საკითხს საეკლესიო კანონთა პრინციპებთან შესაბამისობაში, სამოძღვრო კეთლიგონიერების სულით, ადამიანის ცხონების სამსახურში.

27 იანვარი, 2016 წელი, შამბეზი

მთარგმნელი: იეროდიაკონი ლეონიდე ებრალიძე

© წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი

წყარო: mospat.ru

Print Friendly

Comments are closed.