რომ. 8, 19-23-ის ევოლუციური კუთხით წაკითხვის პრიორიტეტები

1ავტორი: იოანე კაზარიანი

ამ მოკლე სტატიაში ჩვენ შევეხებით რომ. 8, 19-23-ის ალტერნატიულ ევოლუციურ განმარტებას. ამისთვის საჭიროა პავლე მოციქულის ეს ცნობილი მუხლები სრულიად მოვიყვანოთ: “ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში. რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.  რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით…”. ამ მუხლების ევოლუციური განმარტების თაობაზე ჩვენს წინა სტატიებში ვსაუბრობდით (1). ძირითადად, ჩვენ ტერმინოლოგიურ მხარეს (ვხსნიდით ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა, κτίσις – „ქმნილება“, φθορά – „ხრწნა, ματαιότης – „ამაოებადა სხვ.) ვეხებოდით და ხსენებული მუხლიდან გამომდინარე, მთელი ქმნილი სამყაროს არსსა და როლს ანთროპოლოგიურად და კოსმოლოგიურად განვმარტავდით. ამ საკითხის სრული გაგებისთვის, მკითხველს ქვემოთ ნახსენებ სტატიებზე მივუთითებთ, რათა მას რომ. 8, 19-23-ისჩვენეულ გაგებაზე სრული წარმოდგენა შეექმნას. წინამდებარე სტატიაში ხსენებული მუხლის ალტერნატიულ განმარტებას შევეხებით იმავე ანთროპოლოგიური კუთხით, მაგრამ უკვე სხვა პოზიციებიდან.

აღსანიშნავია, რომ რომ. 8, 19-23-თან მიმართებაში წმინდა მამების ეგზეგეტიკური აზრით,  ცხოველთა სამყარო იტანჯება, ფიზიკურად კვდება და იხრწნება ადამიანის ცოდვის გამო (მაგლ. იხ. წმ. იოანე ოქროპირი PG 60, Col. 530). ეს არის წმინდა მამათა ზოგადი აზრი ამ საკითხზე. ამგვარად, წმინდა მამების თანახმად, პირველ ადამიანთა ცოდვის მერე, ფიზიკურ ბუნებაში სიკვდილი და ხრწნა შემოვიდა; შეიცვალა ადამიანის ბუნების ტროპოსიც და მისი სხეული გაუხეშდა (ანუ, ადამიანის ფიზიოლოგია შეიცვალა), მაგრამ ადამიანთან ერთად ცვლილება მთელმა სამყარომ განიცადა. ადამიანთან ერთად, ხრწნასა და ტანჯვას ცხოველებიც განიცდიდნენ, რადგან ადამიანი, როგორც სამყაროს გვირგვინი, მთელ ქმნილ კოსმოსს (გონიერსა თუ არა-გონიერს) მეთაურობდა.  ასე  სწამდათ წმინდა წერილის ძველ კომენტატორებს.  რას გვეუბნება მეცნიერება ქმნილი სამყაროს ფიზიოლოგიაზე? ობიექტური პალეონტოლოგიური მონაცემები საპირისპიროს მეტყველებს: სამყაროში ყოველთვის იყო ბუნებრივი გადარჩევა, რომელიც მოიცავდა თავის გატანას, ტანჯვას, სიკვდილსა და ხრწნას, ანუ დაბადება და სიკვდილი ყოველთვის არსებობდა. ეს იყო სრულიად ბუნებრივი ბიოლოგიური მოვლენა და ის დედამიწაზე ცხოველთა სამყაროს ევოლუციური პროცესის ნაწილს წარმოადგენდა.  პალეოპათოლოგია, რომელიც მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ავადმყოფურ ცვლილებებს სწავლობს, იგივეს ამბობს (2). თანამედროვე კრეაციონისტებს წმინდა მამათა განმარტება, რომ ქმნილი ბუნების თვისებები ცოდვით დაცემის გამო შეიცვალა, პირდაპირი გაგებით ესმით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წმინდა მამებს შორის აღნიშნულ საკითხზე ალტერნატიული მოსაზრებებიც გვხვდება – ზოგი მათგანი მიიჩენვს, რომ ქმნილი ბუნება ხრწნადი იყო ცოდვით დაცემამდეც; ისინი მატერიალურ ბუნებას იმთავითვე ხრწნადად მიიჩნევდნენ  (მაგ., ნეტ. თეოდორიტე კვირელი, წმ. მაქსიმ აღმსარებელი); ზოგი მათგანი კი მიიჩნევდა, რომ მატერიალური ბუნება შექმნის მომენტიდან არც კი შეცვლილა (მაგ. წმ. ათანასე დიდი) (PG. 25, Col. 172-173) (3). წმინდა მამების ასეთ ალტერნატივა ძველი კომენტატორების თავისუფალ აზროვნებაზე უთითებს და გვეხმარება, რომ სამყაროზე შეხედულება მეცნიერული მონაცემების გათვალისწინებით ჩამოვაყალიბოთ. კრეაციონისტებს მიაჩნია, რომ ღმერთმა ადამიანი „ზებუნებრივი“ გზით შექმნა, რასაც ფიზიკური სამყაროს ბიოლოგიური ევოლუციასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ანუ, მათ თანახმად, ადამიანი მთელი ცოცხალი სამყაროსგან უნიკალურად და იმავდროულათ „ცალკე“ შეიქმნა. ამ მცდარ აზრს შეიძლება მრავალი მეცნიერული არგუმენტი დავუპირისპიროთ. ამ არგუმენტებს ობიექტური მონაცემები ადასტურებს. ადამიანს ბევრი საერთო აქვს ცხოველთა სამყაროსთან მიკრომოლეკულურ დონეზე. ადამიანსა და ცხოველებში იგივე ბიოქიმიური პროცესები მიმდინარეობს; დნმ-ს იდენტურობა ზოგიერთ ცხოველებთან 97,5%-ს შეადგენს. ეს იმდენად ცნობილი ფაქტებია, რომ მათ სქოლიოს სახითაც აღარ მივუთითებთ.

დავსვათ კითხვა: თუ ადამიანი უნიკალურად შეიქმნა და ცხოველთა სამყაროსთან არაფერი აქვს საზიარო, მაშინ, როგორ აღსრულდება რომ.  8, 19-23-ის სიტყვები, რომ მთელი ქმნილება „მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას“ ანუ განახლებას? აქვე აღვნიშნავთ, რომ პავლე მოციქულის სიტყვები, თავისი აზრითა და სიმბოლიზმით, მიდის წინასწარმეტყველური წერილის მეტაფორულ ენამდე, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანის ცოდვისა და ღვთის სამსჯავროს გამო ბუნება იგვემება (ოსია. 4, 1-3; იერ. 4, 23-28; 12, 1-4; 12, 7-13; 23:9-12; ესაია. 24, 1-20; 33, 7-9; იოილ. 1, 5-20) (4). შევეხოთ ამ საკითხს უშუალოდ ფიზიკური კუთხით: თუ ადამიანს ცხოველურ სამყაროსთან შემხებლობა აქ გააჩნია, შესაბამისად, არც ამ უკანასკნელს გააჩნია შემხებლობა ადამიანთან და აქედან გამომდინარე, ადამიანის მონანიების შედეგად ის ვერ განახლდება.  კრეაციონისტების ბიბლიური განმარტებიდან ლოგიკურად ზუსტად ასე გამომდინარეობს.  კრეაციონისტული მოდელი უნებლიედ უარყოფს განახლებას, ანუ პავლე მოციქულის აზრს. თუ, რომ.  8.19-23-ის თანახმად,  მთელი ქმნილება ღვთის ძეთა გამოცხადებას ელის, მაშინ, ქმნილების ესქატოლოგიური განახლება ადამიანს ეფუძნება, მაგრამ თუ ადამიანს ცხოველურ სამყაროსთან ფიზიკურ (მორფოლოგიურ), გენეტიკურ, ბიოლოგიურ დონეზე კავშირის არ აქვს, მაშინ, ქმნილების განახლებაც – მითია, რომელიც კრეაციონისტული განმარტებებით შეიქმნა და შესაბამისად, ასეთი რწმენაც მითის რწმენაა. როგორ განახლდება ქმნილი ბუნება, თუ მისი ცენტრი ადამიანი არ არის, თუ მას ადამიანთან არავითარი უშუალო კავშირი არ გააჩნია? თუ ადამიანს ცხოველურ სამყაროსთან გენეტიკური და ბიოლოგიური კავშირი (და მისგან წარმომავლობა) არ აქვს, ქმნილი ბუნება ვერ განახლდება.  ამგვარად, კრეაციონისტების განცხადება, რომ ცხოველური სამყარო ევოლუციური კუთხით ადამიანის თანაზიარი არ არის, ჩანასახშივე კლავს ქმნილი სამყაროს განღმრთობის და განახლების შესახებ აზრს.  პავლე მოციქულის სიტყვები რომ. 8.19-23-ის ევოლუციური გაგების მოდელს ადასტურებს:  ქმნილება ღვთის ძეთა გამოცხადებას ზუსტად იმიტომ ელის, რომ იგი თავისი წარმოშობით თანაზიარია ადამიანისა, რომელიც ქმნილების გვირგვინია.  ამგვარად, პავლე მოციქულის სიტყვები პირდაპირ უთითებს ფიზიკური ბუნების ესქატოლოგირუი პერსპექტივის ევოლუციურ მოდელზე. ეს აზრი ლოგიკურად და თავისი არსით სწორია. შეიძლება შეგვეკამათონ: ადამიანსა და ცხოველურ სამყაროს საერთო აქვს მხოლოდ „მტვერის“ დონეზე. ჩვენ ასე ვუპასუხებთ: „მტვერის“ დონეზე საერთო გვაქვს პირველ რიგში ვარსკვლავებთან და კოსმოსურ მტვერთან, მზის ქართან და ა. შ. ისინი ქმნიან პლანეტებს, ასტეროიდებს და ა. შ. ქმნილი სამყაროს ამ საერთო საფუძველზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ უნდა განახლდეს მთელი ქმნილება, როგორც სულიერი, ისე უსულო. მაგრამ, ცხოველებთან კიდევ უფრო ბევრი გვაქვს საერთო, ვიდრე კოსმოსთან. ეს არის: დნმ-ს მოლეკულური საფუძველი, მორფოლოგია, საერთო გენეტიკა და ა. შ. ეს მეცნიერულად დამტკიცებულია და ობიექტური ფაქტია.  ჩვენ თეისტურ ევოლუციას ვიაზრებთ საერთო ბიოლოგიური მემკვიდრეობით, რომლის წყაროც დნმ-ს და რნმ-ს მაკრომოლეკულებშია. რომ. 8, 19-23-ის კონტექსტში განხილული ევოლუციური მოდელი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ცხოველური სამყარო ადამიანის თანაზიარია და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ პირველ რიგში, სწორედ, არა გონიერი ბიოლოგიური ქმნილება განახლდება, შემდეგ კი მთელი კოსმიური ქმნილი სამყარო, რომელთანაც გვაერთიანებს „მტვერი“: კოსმიური მტვერი, მზის ქარი, წყალბადის, აზოტის მოლეკულები და ის ელემენტები, რომლებითაც კოსმოსია სავსე. ანუ, რისი თქმა გვსურს? ის, რომ რომ. 8, 19-23-ის კრეაციონისტული გააზრება ქმნილი სამყაროს ბიოლოგიურ განახლებას ნაკლებ რეალურობას სძენს, ვიდრე ევოლუციური მოდელი, რომელიც ქმნილების განახლების რეალობისა და შესაძლებლობის სისავსეს აჩვენებს, რადგან ცხოველურის სამყაროსა და ადამიანის პირდაპირ გენეტიკურ ნათესაობას აჩვენებს ბიოლოგიური ბუნების ყველა მთავარი ნიშან-თვისების მიხედვით.

ამგვარად, თუ ანთროპოლოგიური პროექციიდან ქრისტოლოგიურ პროექციაში გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ ადამიანური ბუნება, რომელიც ლოგოსმა შეითვისა, მთელ ქმნილ კოსმოსს იტევს მიკრომოლეკულურ დონეზე („მტვერის“ დონეზე), რაც ლოგოსმა თავის კენოტიკურ აქტში მიიღო. ლოგოსის განკაცებით განახლების შესაძლებლობა არა მხოლოდ ადამიანს მიეცა, არამედ მთელ ქმნილ კოსმოსსაც (პირველ რიგში, ცხოველებს, როგორც ჩვენთან ყველაზე ახლო და მონათესავე არსებებს), მთელი მისი ბუნებრივი სახეობებითა და კატეგორიებით  (შეად. 21, 1; 2 პეტრე. 3, 13).

_ _ _ _ _

  1. იხ.: „განკაცებული ლოგოსის კოსმიური ბუნების შესახებ“ https://www.orthodoxtheology.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9b/ და „ნეოჰერმენევტიკული შეხედულება რომ. 8, 19-23-ზე თეისტური ევოლუციის ჭრილში“ https://www.orthodoxtheology.ge/termodinamika/
  2. იხ. „ნეოჰერმენევტიკული შეხედულება რომ. 8, 19-23-ზე თეისტური ევოლუციის ჭრილში“ https://www.orthodoxtheology.ge/termodinamika/
  3. იხ. Артем Григорян. Соотнесение научной картины мира и библейской истории грехопадения. Часть III https://jesus-portal.ru/truth/articles/sootnesenie-nauchnoy-kartiny-mira-i-bibleyskoy-istorii-grekhopadeniya-chast-iii/
  4. Laurie J. Braaten. All Creation Groans: Romans 8:22 in Light of the Biblical Sources. Horizons in Biblical Theology 28 (2006) 131-159.
Print Friendly

Comments are closed.