“მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახი” – მოსკოვური ეკლესიოლოგიის კრიზისი

Intalnire-Patriarhul-Ecumenic-si-Patriarhul-Kirill-6.x71918მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

მოსკოვის საპატრიარქომ ქ. მინსკში გამართულ 15 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება სრულად შეწყვიტოს ევქარისტიული კავშირი კონტანტინოპოლის დედა ეკლესიასთან[1]. ამასთანავე, სინოდის სხდომის შემდეგ ბრიფინგისას, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა მსოფლიო საპატრიარქოსთან მიმართებაში კიდევ ერთხელ იხმარა ისეთი ტექნიკური ტერმინი, როგორიც არის “ერესი”[2].

როდესაც მოსკოვის პატრიარქი კირილე მინკსში ჩაფრინდა, აეროპორტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მინსკში ჩანიშნულია რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც, პატრიარქის თქმით, განიხილავენ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის “მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში მიმდინარე თანამედროვე მოვლენებს”[3].

რა თქმა უნდა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პატრიარქი კირილე, ან საპატრიარქოს წარმომადგენელი ღვთისმეტყველები, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევით სათავეში, მართლმადიდებელ ეკლესიაზე საუბრისას იყენებენ ასეთ ტერმინებს, როგორიც არის “მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახი”, “მართლმადიდებელ ეკლესიათა თანამეგობრობა / თანამშრომლობა[4]” და ა.შ.

ჩვენ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოსკოვის საპატრიარქო არის ექსპორტიორი ხარვეზებით სავსე ეკლესიოლოგიისა[5], ამ ეკლესიოლოგიის ფესვები კი არც მეტი, არც ნაკლები პროტესტანტიზმში იძებნება და დასახელებული ფორმულების მუდმივი გამოყენება მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის კონტექსტში, მნიშვნელოვან სიგნალს შეიცავს მათი ავტორების ეკლესიოლოგიური ხედვის შესახებ.

ჩანს მოსკოველებისთვის მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ადგილობრივი ეკლესიების კონსორციუმს, ეს არის ერთგვარი საეკლესიო დსთ ( СНГ – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა), რომელში შემავალი თითოეული ერთეულიც აბსოლუტურად სუვერენულია, მაგრამ საერთო პოლიტიკას განსაზღვრავს ის, ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს.

მაგალითად, მოსკოვის მხრიდან გამუდმებით ისმის ბრალდებები, რომ კონსტანტინოპილის საპატრიარქო არღვევს წმინდა კანონებს და აჭარბებს თავის ძალაუფლებას. მაგრამ როგორ გავიგოთ ის ფაქტი, რომ პატრიარქმა კირილემ 2 ოქტომბერს გაუგზავნა წერილები სხვა ადგილობრივ ეკლესიებს, სადაც ითხოვს საერთო-მართლმადიდებლური სინაქსისის მოწვევას?[6] თავად ეს წერილიც, სადაც პატრიარქი კირილე გამოდის სინაქსისის მოწვევის იდეით, არის საეკლესიო მოწყობის დარღვევა, რადგან ასეთის მოწვევის უფლება უპირობოდ თანასწორთა შორის პირველს აქვს. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ მოსკოვმა ორმოციანი წლებიდან მოყოლებული, არაერთხელ სცადა მოეწვია წმინდა და დიდი კრება! როგორც ვთქვით, მოსკოველებისთვის მართლმადიდებელი ეკლესია არა ყოვლადწმინდა სამების მოდელზე მოწყობილი გამოხსნილთა საზოგადოებაა, სადაც როლები დელიკატურად არის განსაზღვრული, არამედ უფრო მეტად საერთაშორისო საზოგადოება, სადაც იმარჯვებენ დიდი რესურსის მქონე ქვეყნები, აქ არ არსებობს ერთი ეკლესია, არამედ “ეკლესიათა ოჯახები” – დამოუკიდებელ ერთეულთა თანამეგობრობა.

არის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა “ეკლესიათა ოჯახი ან თანამეგობრობა”? – რა თქმა უნდა ეს საკითხი საეკლესიო განათლების ანბანია და მასზე საუბარი უხერხულიც კია. მართლმადიდებელი ეკლესია არის “ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო” – როგორც ეს ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) წერია. ანუ ეკლესიის მოწყობის უპირველესი პრინციპი მისი ერთობა/ერთადერთობაა, და არა თანამეგობრობა.

მრწამსი არ საუბრობს ეკლესიის მოწყობის ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო მოდელებზე, მრწამსი საუბრობს საყოველთაო ეკლესიაზე როგორც ადამიანის ცხონებისთვის მოცემულ საიდუმლოზე. ადგილობრივი და რეგიონული ეკლესიის მოწყობის მოდელები კი ერთიანი ეკლესიის რეალიზებას/გამოვლინებას წარმოადგენენ მოცემულ გეორგრაფიულ სივრცესა და დროის არეალში. ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა არსებობს არა იმიტომ, რომ თხუთმეტ პატრიარქს ერთმანეთისთვის კარგი უნდათ, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა მოცემულობაა და ამ ერთობის დარღვევა შეუძლებელი, როგორც ეს კრეტის წმინდა და დიდმა კრებამაც აღნიშნა[7].

შესაბამისად როდესაც ვინმე საუბრობს “მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახზე”, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას წარმოადგენს სრულიად ამქვეყნიური ლოგიკით: ადგილობრივი ეკლესიები (ეპარქიები) ერთიანდებიან რეგიონალურ ეკლესიებში (საპატრიარქოები), ამ რეგიონალური ეკლესიების “ოჯახი” თუ “თანამეგობრობა” კი ქმნის ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას. ცხადია ეს არის შესანისშნავი მოდელი, მაგრამ არა ეკლესიისათვის. ეს მოდელი შეიძლება ფუნქციონირებდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ ეკლესიის ბუნების უპირველეს ნიშანს წარმოადგენს არა მისი სუბორდინაციული ორგანიზაციის გზები, არამედ მისი ერთობა: მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, და ის განახორციელებს თავის მისიას რეგიონულ დონეზე (საპატრიარქოები) და ადგილობრი დონეზე (ეპარქიები) და ცხადია ეს ერთობა განხორციელდება პიროვნებების მეშვეობით და არა იდეებისა. ამასთანავე ეს ერთობა სძენს ადგილობრივ თემს თავის განუმეორებელ და შეულახავ ღირსებას და იცავს მას.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პროტესტანტული ეკლესიოლოგიისაგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესია არ წარმოდგება ასეთი მიმდევრობით: ადგილობრივი (ეპარქიები) -> რეგიონული (საპატრიარქოები) -> ერთიანი ეკლესია, (უნივერსალური); არამედ წარმოდგება აბსოლუტურად სხვა სახით: მართლმადიდებელი ეკლესია იწყება ეკლესიის კათოლიკობით (საყოველთაოობით, უნივერსალურობით, ერთობით) და ეს კათოლიკობა ვლინდება რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.

ამრიგად მართლმადიდებელი ეკლესიის წარმოდგენა “ეკლეისიათა ოჯახად” ან “ეკლესიათა თანამეგობრობად” – ძალიან საშიში ტენდენციაა, ეს არის სახელმწოფო მოდელების ეკლესიის მოწყობაში გადმოტანის მცდელობა, ეს არის ამქვეყნიური აზროვნების შემოჭრა ეკლესიაში. ასეთი აზროვნება კი საკუთარი სუვერენული ერთეულის ინტერესების დასაცავად ნებისმიერ პერიოდში გასწირავს ეკლესიის საერთო ინტერესს.

როგორც ეს პატრიარქმა ბართლომემ წინასწარმეტყველურად აღნიშნა, ჯერ კიდევ შორეულ 2004 წელს, “სქიზმის ფესვები ეკლესიაში ამქვეყნიური აზროვნების შემოჭრაშია”[8]. როგორც ჩანს პატრიარქ კირილესა და მიტროპოლიტ ილარიონის მიერ გაჟღერებული სქიზმის ფესვები სწორედ მოსკოვური ეკლესიოლოგიური ხედვის გაამქვეყნიურებაშია, ისინი მართლმადიდებელ ეკლესიას არა ერთად, არამედ “ერთეულთა ოჯახად” მიიჩნევენ.

 

[1] იხ. http://www.patriarchia.ru/db/text/5283737.html

[2] იხ. https://www.youtube.com/watch?v=stKpjBtgp38

[3] იხ. https://www.youtube.com/watch?v=t8SkX0NYcdI

[4] იხ. https://tass.ru/obschestvo/5510599

[5] იხ.   https://www.palamacentre.com/2018/09/15/primus-sine-paribus-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98/

[6] იხ. https://regnum.ru/news/2493272.html

[7] იხ. მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი, #1): http://patriarchate.ge/geo/martlmadidebeli-eklesiis-damokidebuleba-danarcheni-qristianuli-2/

[8] იხ. http://www.30giorni.it/articoli_id_2524_l1.htm

 

Print Friendly

Tags: , , , , , , ,

Comments are closed.