ცხოვრება წმინდა მამისა ჩვენისა სოფრონისა, ივერიის ახტალის ეპისკოპოსისა

cmsofroni 2თარგმანი და სქოლიოები   იოანე კაზარიანისა
რედაქტორი – ისტორიის დოქტორანტი, მამა ილია ჭიღლაძე

რედაქტორის წინასიტყვაობა

წარმოგიდგენთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის აქამდე უცნობ ფაქტებს, რომელიც დიდი ისტორიული და სულიერი მნიშვნელობისაა. ეს გახლავთ საქართველოს და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოთა მღვდელმთავრის,  ბერძნული ეკლესიის მიერ კანონიზირებული წმინდანის, ახტალის (ისტორიულ ქვემო ქართლში, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკაში შემავალი დასახლებული პუნქტი) ეპისკოპოსის, ეროვნებით ბერძენის, წმ. სოფრონის (1738-1803 წ.წ.) ცხოვრება, რომელიც წინამდებარე სვინაქსარული ცხოვრების მთარგმნელმა იოანე კაზარიანმა გაგვაცნო და ჩვენი თხოვნით თარგმნა ბერძნული ორიგინალის  მართლმადიდებლური სომხურენოვანი გამოცემიდან: წმიდა სოფრონი ახტალელი, ერევანი, 2010, გვ. 13-20 (სომხურ ენაზე) და შედარებულია  ბერძნული სვინაქსართან (იხ. http://www.egolpion.com/ag-sofronios_axtaleias.el.aspx). წმ. სოფრონი ახტალელი ქართული ისტორიოგრაფიისათვის აქამდე სავსებით უცნობი პიროვნებაა, თუმცა ბერძნულ ეკლესიაში საკმაოდ ცნობილი და პატივდებული წმინდანია, მისი ხსენება დადგენილია 7 სექტემბერს. ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი , რომ წმინდა სოფრონის პიროვნება  აქამდე უცნობი იყო ქართული საზოგადოებისათვის. საჭიროა, ქართველ მეცნიერთა მიერ შესაბამისი პერიოდის ქართული ნარატული წყაროების დეტალური კვლევა, იქნებ აღმოჩნდეს მის შესახებ დამატები ცნობები. ახტალის  საეპისკოპოსო საქართველოს ისტორიაში საკმაოდ კარგად ცნობილი ეპარქიაა, ხოლო ახტალის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათედრალი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების და ფრესკული მხატვრობის უკვდავი შედევრი და სიამაყეა. ეს ტაძარი აიგო მეცამეტე საუკუნის დამდეგს საქართველოს ამირსპასალარის და ათაბაგის ივანე მხარგრძელის დაკვეთით, როგორც  მისი საძვალე და საეპისკოპოსო ცენტრი. ახტალის მღვდელმთავარი ატარებდა ტიტულს ”დიდი სომხითის მიტროპოლიტი”-სა და  მცხეთის საკათოლიკოსოს მღვდელმთავართა შორის, კათოლიკოს-პატრიარქის შემდგომ უპირატესი პატივის მქონე იყო.  დაახლოებით XV საუკუნისათვის (საქართველოსათვის  განსაკუთრებით კრიტიკულ ეპოქაში) ეს ეპარქია არსებობას წყვეტს. ახტალის ეპარქია აღდგა მეფე ერეკლე მეორის  ბრძანებით, როდესაც მან ანატოლიიდან ჩამოასახლა იქ ბერძენი მემადნეები ოქროსა და ვერცხლის მოსაპოვებლად. აქამდე ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობილი იყო ამ პერიოდის ახტალის ორი ეპისკოპოსი: ვარლამ ერისთავი (შემდგომში საქართველოს პირველი ეგზარქოსი) და იოაკიმე ბერძენი. წინამდებარე  ბერძნული სვინაქსარული ცხოვრებიდან კი ვიგებთ, რომ მეფე ერეკლეს მათზე უწინარეს   ახტალის ეპისკოპოსად დაუგენია წმ. სოფრონი, რომელიც ამ ეპარქიას მართავდა 1777-1794 წლებში. საჭიროა წმ. სოფრონი ახტალელი ეპისკოპოსის სახსენებელი შევიდეს საქართველოს ეკლესიის კალენდარში. საქართველოში მოღვაწე, აქამდე  უცნობი წმინდანი, მღვდელმთავარი სოფრონ ახტალელი ჰფარავდეს ჩვენს ერს და სრულიად საქართველოს, ამინ!

წმინდა ღმერთშემოსილი სოფრონი (1)  დაიბადა ხალდიაში (Χαλδείας) (2) პონტოს პროვინციაში 1738 წელს დერენის (Δεραίνης) რაიონის დაბა ლოციონში (Λοτσίον).

მას ჰყავდა ღვთისმოსავი, სათნო მშობლები. მამა წმინდა სოფრონისა მღვდელი იყო, მას ერქვა გიორგი სურტარიდისი,  დედას კი – ბარბარე. ერში წმინდანს  სვიმეონი ერქვა. მას ჰყავდა ოთხი და და ხუთი ძმა. ძმა დიმიტრი, რომელიც სოფრონის შემდეგ დაიბადა, ასევე მღვდელი იყო.

ახალგაზრდობიდანვე სვიმეონი ღვთისადმი მხურვალე სიყვარულით აენთო, განსაკუთრებით ბერული ცხოვრებისადმი. ადრეული ასაკიდანვე იგი მორჩილის ხარისხში მოღვაწეობდა ე.წ ხუტურის (Αγίου Γεωργίου Χουτουρά) (3) წმ. გიორგის სახელობის მონასტერში. სამი თვის შემდეგ ის გადადის სუმელას მონასტერში (Σουμελά) (4). სამი წლის მორჩილებითი მსახურების შემდეგ  ის გადადის ვაზელონის (Βαζελῶνος) (5) მონასტერში (რომელიც ატარებდა წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელს), სადაც მორჩილებაში დაუდგა თავის ნათესავს, იქაურ მოღვაწე მელეტიოსს.

ამ სამ მონასტერში ცხოვრების განმავლობაში და განსაკუთრებით ვაზელონის (6)   მონასტერში იგი საღვთო შიშით აღივსო.  სათნოებში წარმატების შემდეგ, სვიმეონი აღიკვეცა ბერად სოფრონის სახელით. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის აკურთხეს მღვდლად. ამის შემდეგ, წმ. სოფრონი უფრო მეტი მოშურნეობით შეუდგა ბერულ ცხოვრებას. იგი ვითარცა ანგელოზი ხორცშესხმული და სათნოებათა განსახიერება, ვაზელონის მონასტრში და ძმათა შორის  წარმოჩნდა, როგორც მნათობი ვარსკლავი. 1776 წ. მონასტერში შვიდწლიანი  გამოცდილი მოღვაწეობის შემდეგ, იღუმენმა ეგნატემ იგი ივერიაში  ახტალის მაღაროთა (ἐν Ἀχταλείᾳ τῆς Ἰβηρίας κείμενον μεταλλεῖον) (7) დასახლებაში წარგზავნა. იქ ივერიის მეფის (8) მოპატიჟებით, ხალდიიდან დასახლდა  500–ზე მეტი მეტალურგის ოჯახი.

ივერიაში ცხოვრებისას წმ. სოფრონიმ თავისი პატიოსნებით და რაც მთავარია სათნო ცხოვრებით, სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა, არა მარტო თავისი თანამემამულეებისაგან,  არამედ ადგილობრივი მმართველისა და ქართველებისაგანაც. მმართველი მას დაჟინებით სთხოვდა, რომ  ეპისკოპოსობის ხარისხი მიეღო ბერძენი მეტალურგებისათვის (9). წმ. სოფრონი უარობდა მიეღო ასეთი მაღალი სასულიერო წოდება, ერთის  მხრივ იმიტომ, რომ თავს უღირსად მიიჩნევდა და მეორეს მხრივ, კი მას არ ჰქონდა მონასტრიდან საამისო კურთხევა. მაშინ მმართველმა და ადგილობრივმა ბერძნებმა გაგზავნეს მონასტერში ელჩები რომ მიეღოთ დასტური ამ საქმისთვის. მონასტერში მამებმა მოითათბირეს, რის შემდეგაც თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. ასე, რომ  1777 წ.  29 ოქტომბერს წმ. სოფრონი ხელდასხმულ იქნა ახტალის ეპისკოპოსად, მის საეპისკოპოსო მმართველობაში შევიდა ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი (10).axtalamonastery

წმ. სოფრონი თავის ეპარქიას მწყემსავდა სიტყვით და საქმით, ჭეშმარიტი სათნოებით, იგი წარსდგა საზოგადოების წინაშე, როგორც ნამდვილი მწყემსი, მოყვარე და მოყვარული თავისი მრევლისა და არა როგორც დაქირავებული. თავის ეპარქიას მართავდა 1794 წლამდე, სანამ დაღესტნიდან მაღაროებს თავს დაესხა ლეზგინების მრავალრიცხოვანი ჯარი. მათ უმოწყალოდ ამოწყვიტეს ადგილობრივი მოსახლეობა, დაიპყრეს ახტალა და ტყვედ წაასხეს ცოცხლად დარჩენილნი. ისინი გარს შემოერტყნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარს, რომელშიც წმ. სოფრონიმ ხალხი შეიყვანა. ლეზგინები ტაძარში შევარდნენ და უმრავლესობა ხმლით მოსრეს, ხოლო წმ. სოფრონი 30 სხვა ადამიანთან ერთად ეკლესიის შიდა სათავსოში (11) დაიმალა, მაგრამ ლეზგინებს ბავშვის ტირილმა აღმოაჩენინა მათი სამყოფელი და სხვებთან ერთად ისიც ტყვედ აიყვანეს. ლეზგინებმა თავისი წესის თანახმად ტყვეები გაყიდეს კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში. გზაში ისინი აწამებდნენ წმ. სოფრონის (12), თუმცა ბოლოს ერთმა ქალმა გამოისყიდა და გაგზავნა გემით ტრაპეზუნში (13).

1796 წ. როცა გარდაიცვალა ტრაპეზუნის მიტროპოლიტი დოროთე და მიტროპოლიტის ტახტი დაქვრივდა, მაშინ გამორჩეულმა ქალაქელებმა, იმდროინდელი არსებული მათი საეპარქიო წესის თანახმად, ახტალის ყოფილი ეპისკოპოსი წმ.სოფრონი  აირჩიეს მიტროპოლიტად. ამ ეპარქიაში არჩევნებთან დაკავშირებული დეტალები არ არის ცნობილი, სოფრონი იყო არჩეული და თანახმაც იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი ტრაპიზუნდის მიტრიპოლიტი არ გახდა, დოროთეს მემკვიდრე გახდა პართენი ტრიპოლელი. უთანხმოებების მიუხედავად  წმ. სოფრონი დაემორჩილა ღვთის ნებას, სინანულის განცდით დაბრუნდა ვაზელონის მონასტერში, სადაც გადაწყვიტა, რომ გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრების წლები მდუმარებასა და სულიერ ღვაწლში. წმ.სოფრონი იყო მუდმივად  სიწმინდეზე ფიქრში, ზრახვათა განწმენდაში და სრულყოფილების მოპოვებაში. ღვთისადმი მიმართული გონებით, ამაღლებით იმ ღვთისადმი, რომელიც მან ასე ძლიერ შეიყვარა ბავშვობიდან,  საღი გონებით და ამ ღვაწლისათვის, მონასტრის აღმოსავლეთ მხარეს წმ. სოფრონიმ აიშენა კელია, რომელიც იქ იდგა 1904 წლამდე  ,,მეუფის კელიის’’სახელწოდებით. კელიის შიგნით იყო კანკელი, ხოლო უკანა მხარეს იყო ეპიგრაფიკა: ,, წინასწარ მოაწყო განსასვენებლად უბადრუკმა ახტალის ეპისკოპოსმა სოფრონიმ’’. 1904 წ. როცა ეს კელიები დაინგრა, კანკელი გადატანილ იქნა მონასტრის ერთ-ერთ კელიაში.vazelon

ვაზელონის მონასტერში წმ. სოფრონი თავისი წმინდა ცხოვრებით, მარხვით და სხვა სულიერი მიღწევებით  სრულად განუდგა ხორციელს და ღმერთთან თანამყოფლობით  განიწმინდა სული და ხორცი. იგი  იქმნა სულიწმინდის ნამდვილ ჭურჭლად. სულიწმინდით განბრძნობილი, წინასწარმეტყველებდა მომავალ მოვლენებზე, რომელიც აღსრულდა მისი გარდაცვალების შემდეგ.

წმ. სოფრონი მისმა  ნეტარმა ცხოვრებამ წარმოაჩინა  ღვთის კაცად, იგი უზომოდ უყვარდათ მამებს და მონასტრის მცხოვრებთ . ამან იმდროინდელ იღუმენ იერემიაში გააღვივა შური  წმ.სოფრონის მიმართ, რასაც მოჰყვა გაუთავებელი განსაცდელი. წმ. სოფრონიმ თავისი სულიერი წონასწორობის შენარჩუნებისათვის, გულდამძიმებულმა და მძიმე ავადმყოფმა გადაწყვიტა მონასტრის დატოვება, ცრემლმორეული იგი დაბრუნდა სამშობლოში.

წმინდანის მონასტრიდან წასვლის შემდეგ,  მალევე  იერემიას დაემართა კრუნჩხვა, იგი იძულებული შეიქმნა უსამართლობის აღმოფხვრის მიზნით, გაეგზავნა მდევარი, რომ წმინდანისთვის ეთხოვათ მონასტერში დაბრუნება. მდევრები წმინდანს ლოციონში შეხვდნენ, მაგრამ მან უარი განაცხადა, იმის შიშით რომ იერემია  ისევ განიმსჭვალებოდა მის მიმართ შურით.

მდევრები ხელმოცარულნი დაბრუნდნენ. სამი წელიწადი იტანჯებოდა იერემია თავის ტვინის დამბლით, მისი სხეული იხრწნებოდა და 1805 წელს იგი გარდაიცვალა.

წმ. სოფრონიმ დარჩენილი ცხოვრება გაატარა თავის სამშობლოში, უმწიკვლოდ, სიწმინდეში და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა  1803 წელს. მისი პატიოსანი სხეული მიაბარეს მის მიერვე განახლებულ  სამრევლო ეკლესიის სასაფლაოს. წმ. სოფრონის წმინდა ნაწილების ამოსვენება მოხდა 1824 წ. ეს ამბავი ასე მოხდა: მისი ბიძაშვილის, მღვდელ  ხარლამპის ცოლი განუკურნებელი სენით დაავადდა. წლების მანძილზე ქალი ლოგინს იყო მიჯაჭვული. ერთ ღამეს მას სიზმრისეულად გამოეცხადა ჭაღარა, ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილი მამაკაცი და უთხრა მას, რომ წმ.სოფრონის საფლავიდან  აეღო წმინდა ნაწილები, მოეყვანა სამი მღვდელი და წმინდა ნაწილებით ეკურთხებინათ წყალი მისი განკურნებისათვის. ცოლმა ქმარს მოუყვა ხილვის შესახებ. 1824 წ. 20 დეკემბერს მღვდელმა ხარლამპიმ ორ მღვდელთან ერთად ამოასვენა წმ. სოფრონის ნაწილები. ფოფოდიამ დალია თუ არა წყალი, სრულად განიკურნა, ისე რომ, თითქოს საერთოდ არც ყოფილა ავად.

სურნელოვანი და მადლით სავსე წმინდა ნაწილები მღვდელმა ხარლამპიმ უჩვენა ქალდიის წინამძღვარს სილვესტროსს, რათა მისგან რჩევა მიეღო, მაგრამ მიტროპოლიტმა სასტიკი საყვედური გამოუცხადა, რაგდან მათ უწმინდესისა და მისი ნებართვის გარეშე ამოასვენეს წმინდა ნაწილები. სილვესტროსმა ბრძანა, რომ ნაწილები ისევ საფლავში ჩაებრძანებინა მღვდელ ხარლამპს და ეს შესრულდა კიდეც. 8 სექტემბერს, შუაღამისას წმ. სოფრონის საფლავზე ზეცამდე აღიმართა თვალისმომჭრელი, საოცარი ნათების სვეტი. ამ ნათების შემყურე განსაკუთრებით სნეულები მიიჩქაროდნენ, რათა შეხებოდნენ და განკურნებულიყვნენ და ეს ასეც მოხდა. 11 იანვარს მიტროპოლიტი სილვესტროსი სუმელის მონასტერში იმყოფებოდა,  სადაც ავად გახდა. მან თავისი ჯანმრთელობა წმ. სოფრონის შეავედრა და სასწაულებრივად განიკურნა, რის შემდეგაც უკვე საზეიმოდ გამოცხადა  სოფრონი წმინდანად, ხოლო მისი ნაწილები მაკურნებელად. ამგვარად, წმინდანის ხსენების დღედ დადგინდა 8 სექტემბერი, მაგრამ რადგან ამ დღეს იზეიმება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა, საეკლესიო კალენდარული წესის შესაბამისად, მისი ხსენება გადატანილ იქნა წინა დღეს – 7 სექტემბერს .

monasteri 1ვაზელონის მონასტრის მამებმა შეიტყვეს რა, სოფრონის შესახებ ყოველივე, შესთხოვეს ხალდიის მიტროპოლიტს სილვესტროსს  და წმ. სოფრონის ნათესავებს, რათა წმინდა ნაწილები გადაეცათ მონასტრისთვის, რადგან ის იყო ამ საძმოს წევრი. ნათესავებმა გადასცეს მონასტერს  წმინდანის თავი და მარჯვენა ხელი, ხოლო დანარჩენი ნაწილები შეინახეს მის ნათესავთან, მღვდელ ლაზარესთან. 1880 წ. წმინდა ნაწილები ჩააბრძანეს ვერცხლის სანაწილეში. სანაწილე დაამზადა იღუმენმა ელისემ და იგი ინახებოდა  ვაზელონის მონასტერში 1922 წლამდე, შემდეგ კი გადასვენდა და დღემდე დაბრძანებულია კონსტანტინოპოლის წმ. გიორგის სახელობის საპატრიარქო კათედრალურ ტაძარში.cmsofroni

    ასეთი იყო ცხოვრება მამისა ჩვენისა სოფრონისა, ახტალის ეპისკოპოსისა. მან ასე განადიდა უფალი დედამიწაზე. ღმერთმა კი ის განადიდა ზეცაში, ხოლო მიწაზე მიჰმადლა  სასწაულებრივი კურნებები და სათნოებები. წმ. სოფრონი დიდი შემწეა ყველასი, ვინც კი მოუხმობს მის სახელს. იგი დღესაც ღვთის დიდი წყალობით შემწეა ყველა სათნო ქრისტიანისთვის.

 

 

1) ანუ ბერძნული გამოთქმით “სოფრონიოსი”. ქართული ენის სალიტერატურო ტრადიციიდან გამოდინარე  ვამჯობინებთ ამ სახელის დამკვიდრებულ ფორმას “სოფრონი”.

2) ხალდიის პროვინცია შეესაბამება  ბიზანტიის შუასაუკუნოვან თემს (θέμα) ხალდიას, რომლის  ადმინისტარციულ ცენტრია ტრაპეზუნდი, საიდანაც იყო წარმოშობით  მრავალი  ბიზანტიელი წმინდანი. ტექსტში ნახსენები ხალდეა იმ დროს ეკუთხვნოდა ოსმალეთის იმპერიას, ამჟამად თურქეთის რესპუბლიკას.

3) იმდროინდელი ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი ბიზანტიის იმპერატორ კომნენოსთა დინასტიის ეპოქაში იყო აშენებული. მონასტერი მდებარეობდა ბერძნულ ქალაქ არგირუპოლისის მახლობლად, ტრაპეზუნდიდან სამხრეთით, 115 კმ. მანძილზე.

4) გადმოცემის თანახმად, სუმელას მონასტერი დაარსებულ იქნა 386 წ. მართლმადიდებელი ათენელი ბერების ბარნაბასა და სოფრონის მიერ. მონასტერი აგებულ იქნა IV საუკინის ბოლოს და V ს-ის დასაწყისში ტრაპეზუნდში,  კლდეზე. იგი ჩვენამდე შემორჩა არცთუისე ცუდ მდგომარეობაში. IV ს. ბოლოდან მასში ინახებოდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ”პანაღია სუმელა”, გადმოცემით წმინდა ლუკას მიერ შექმნილი. ბიზანტიის ეპოქაში მონასტერს მფარველობდა რამდენიმე იმპერატორი. ტრაპეზუნდის იმპერიის (1204-1461 წ.) დროს ის იყო ყველაზე გავლენიანი და მდიდარი მონასტერი  პონტოს ტერიტორიაზე. ტრაპეზუნდის დაცემის შემდგომაც, ოსმანების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე  მონასტერს ყველა პრივლეგია შეუნარჩუნდა და დადასტურებული იყო სულთან სელიმის მიერ. თავისი აყვავების მწვერვალს მან მიაღწია XVIII-XIX საუკუნეებში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ბერძენი და თურქი მოსახლეობის გაცვლის პერიოდში, მართლმადიდებელი ბერძნები გადაასახლეს ანატოლიიდან და მონასტერში ცხოვრებაც  შეწყდა. მონასტრის რელიქვიები და მათ შორის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, გადატანილ იქნა საბერძნეთში ქალაქ ნაუსში პანაღია სუმელის ახალ მონასტერში. სუმელის მონასტერი საუკუნეების მანძილზე იყო და რჩება წმინდა ადგილად ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.  2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ  ნება დართო, რომ მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარებულიყო (ბოლო ლიტურგია აქ ჩატარდა 1922 წ.), ეს მოხდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, რომელსაც რამდენიმე ასეული მომლოცველი დაესწრო სხვადასხვა ქვეყნიდან.

5) წმ. იოანე წინამორბედის სახელობის მონასტერი, რომელიც ასევე იწოდებოდა ზავულონი ან ვაზელონი (ბაზელონი) – პონტოს უძველესი სავანეა, იგი ერთ-ერთი მსხვილი მონასტერია პანაღია სუმელას და წმ.გიორგისთან  (Άγιος Γεώργιος Περιστερεώτας) ერთად. იგი განლაგებულია ტრაპეზუნდიდან სამხრეთ-დასავლეთით,  ზაბულონის მთის ბორცვზე, 1200 მეტრ სიმაღლეზე. IV ს-ში იგი სპარსელების მიერ იქნა დაპყრობილი და დანგრეული, მაგრამ იუსტინიანე დიდის დროს იგი ხელახლა აღადგინეს და ააშენეს. დიდი კომნენოსების დროს მან მიაღწია თავისი აყვავების ხანას. ბიზანტიის დაცემის შემდეგ, მონასტერი მაინც რჩებოდა მართლმადიდებლური რწმენისა და კულტურის ცენტრად, ხოლო მძიმე წლებში ხშირად  იყო თურქების მიერ დევნილ ქრისტიანთა თავშესაფარი. XIX  ს-ში მონასტერი მთლიანად  გადაკეთდა, რამაც საკმაოდ დააზიანა მისი ძველი-ბიზანტიური იერსახე. მონასტრის შემდგონი ბედი სუმელის მონასტრის ანალოგიით განვითარდა: მონასტერი დაცარიელდა, გაიძარცვა და დაიწვა (1924 წ.), მაგრამ სუმელასაგან განსხვავებით, ვაზელონი დღესაც ნანგრევებია.

6) ვაზელონის მონასტერში განთავსებული იყო  საკმაოდ დიდი ბიბლითეკა, არქივში კი, შემონახული იყო რეგიონის შესასწავლად  საკმაოდ მნიშვნელოვანი უამრავი დოკუმენტი. დოკუმენტები სოციალურ-ეკონომიური ურთიერთობების შესახებ, მიწათმოქმედებისა და სხვა. ბიბლიოთეკამ გამოიარა შუა საუკუნეების ყველა სირთულეები, მაგრამ XIX  საუკუნის მოვლენებმა საკმაოდ უარყოფთად იმოქმედა მონასტრისა და ბიბლიოთეკის ბედზე, რომელიც ფაქტიურად განადგურდა კიდეც. ვაზელონის მონასტერზე წარმოდგენის შექმნა ჩვენ შეგვიძლია შემორჩენილი წიგნების ასლების მიხედვით. ტრაპეზუნდის მმართველების – ალექსი მანუილის და დავით კომნენთა დოკუმენტები ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის, ანდერძთა შესახებ, რუსეთის თვითმმართველთა პეტრე I-ის  და ალექსანდრე I-ის  სიგელები.

7) დღეს ახტალის დასახლება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ლორეს პროვინციაში მდებარეობს.

8) ეს ქართველი მეფე იყო ერეკლე II ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში.

9) ძველბერძნული ორიგინალი ამაზე ასე მეტყველებს: «Διαμένων ἐν Ἰβηρίᾳ ὁ ἱερός Σωφρόνιος προσείλκυσε διά τῆς ἐναρέτου αὐτοῦ ζωῆς τήν ἀγάπην, τόσον τῶν Ἑλλήνων συμπατριωτῶν αὐτοῦ, ὅσον καί τῶν Γεωργιανῶν, ἰδίᾳ δέ τοῦ τοπάρχου αὐτῶν Ραμπλῆ Χάν, ὅστις καί προέτρεπεν ἐπιμόνως τόν Ὅσιον, ὅπως χειροτονηθῇ ἐπίσκοπος Ἀχταλείας»«ივერიაში ცხოვრების პერიოდში, წმ. სოფრონიმ თავის სათნო ცხოვრებით  მოიპოვა არამარტო ბერძენთა სიყვარული, არამედ ქართველებისაც, განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველის – რაბლი ხანის (Ραμπλῆ Χάν), რომელიც დაჟინებით მოითხოვდა მის ეპისკოპოსად ხელდასხმას»   .

10) ძველ ბერძნულ ორიგინალში ეს მოვლენა ასე იხსენიება: «Οἱ πατέρες, λαβόντες γνῶσιν τῶν γεγονότων, προθύμως συγκατένευσαν• τοιουτοτρόπως δέ ἐχειροτονήθη ὁ θεῖος Σωφρόνιος, ἐν ἔτει 1777, ἐπίσκοπος Ἀχταλείας, ἔχων ὡς ἕδραν τῆς ἐπισκοπῆς αὐτοῦ τήν ἐκεῖσε ὑπάρχουσαν ἱεράν μονήν τῆς Θεοτόκου»- «მამებმა როცა გაიგეს ამ ფაქტის შესახებ, ნებაყოფლობით დათანხმდნენ და ამგვარად ხელდასხმულ იქნა ღვთაებრივი სოფრონი 1777 წ. ახტალის ეპისკოპოსად, რეზიდენციად მას ჰქონდა ღვთისმშობლის მონასტერი». ამგვარად, ვაზელონში წარიგზავნენ ელჩები ნებართვის ასაღებად წმ. სოფრონის ქიროტონიისთვის. მას ქიროტონია უნდა მიეღო ქართველებისაგან და უნდა შესულიყო მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაში, რადგან ეს მიწები საეკლესიო კანონის მიხედვით ეკუთვნოდა საქართველოს  მართლმადიდებელ ეკლესიას. დედა ღვთისმშობლის ტაძარში იგულისხმება ახტალის ცნობილი საკათედრო ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობის, რომელიც XIII საუკუნეში დაარსდა. ამ პერიოდში იგი იყო ამიერკავკასიაში  მძლავრი ქრისტიანული კერა თავისი ბიბლიოთეკითა და სკრიპტორიუმით. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი და სომეხი ქალკდონიტი ბერები. მონასტერი წარმოადგენს უნიკალურ სინთეზს ქართული და სომხური მართლმადიდებლური კულტურისა და მონუმენტური ფერწერისა. მასზე ვრცელდებოდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია. (იხ. Лидов А.М. Плиндзаханк – Ахтала, история монастыря, ктитор и датировка росписи // Armenia and Christian Orient. Yerevan, 2000. P. 266-278).

11) ანუ ტაძრის საკურთხევლის უკან – კრიპტაში.

12) მრავალ წამებათა შორის იყო კიდევ ერთი, წმ.სოფრონის მხრებზე შემოსვამდნენ და ატარებდნენ დაღლილ ლეზგინებს. ეს მისთვის განსაკუთრებით რთული იყო თავისი ასაკის გამო.

13) ძველ ბერძნულ ორიგინალში მოთხრობილია, რომ ეს ქალი აღმსარებლობით იყო რომაელი კათოლიკე: «Τόν θεῖον Σωφρόνιον ἠγόρασεν, ἐν τέλει, γυνή τις τοῦ λατινικοῦ δόγματος, ἥτις, ἀπελευθερώσασα αὐτόν, ἀπέστειλε δι᾿ ἱστιοφόρου εἰς Τραπεζοῦντα».

Print Friendly

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Comments are closed.