მოჩვენებითი სამართლიანობის შესახებ

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
სიტყვა კვირიაკესა ზედა განრღვეულისასა
და ამისთვის სდევნიდეს ურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაი მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა (იოან. 5. 16).

იესო ქრისტეს ქვეყანაზე გამოჩინებამ და მისმა ამაღლებულმან სწავლამ და ქადაგებამ დიდი მოძრაობა მოახდინა ურიათა შორის რომელნიც მათგანნი იყვნენ ღვთის მოყვარენი და მადიდებელნი, რომელთა გულში ჰქონდათ სურვილი და იმედი საუკუნოისა ცხოვრებისა, მათ სიხარულით მიიღეს სწავლა იესო ქრისტესი და შეიქმნენ მისნი ერთგულნი მორწმუნენი და მოწაფენი; გარნა, უმრავლესი ნაწილი ურიათა გაქვავებული გულითა, დაბნელებული ჭკუითა, რომელი სჯულსა ასრულებდა მხოლოდ გარეგანობით, და სოფლისა ამის ცხოვრება უმეტესად უყვარდა, ვიდრეღა მომავალი საუკუნო ნეტარება, შეიქმნა მისი მტერი და წინააღმდეგი. გარნა, უმეტესად ყოველთა იესო ქრისტე და მისი სწავლა მოიძულეს მწიგნობართა, ფარისეველთა, მოხუცებულთა და სხვათა უფროსთა კაცთა, მისთვის, რომელ იგინი იესო ქრისტეს ქადაგებასა შინა, ვითარცა სარკეში, ცხადად ხედვიდენ თვისთა ცოდვათა, ვნებათა და ბოროტებათა. ისინი სასტიკად გარდაემტერენ იესო ქრისტეს, სდევნიდნენ მას, მარადის ეძიებდნენ მიზეზებსა, რომ იგი მისცენ მთავრობას და მოჰკლან. გარნა, ცხადად ვერ ბედვიდენ ამას. შურსა, სიძულვილსა და მტერობასა თავიანთსა იესო ქრისტესადმი. იგინი მალვიდენ და ფარავდენ სჯულის ერთგულების ქვეშე.

დღეს წაკითხული სახარება მოგვიყვანს ჩვენ ერთსა ამის დამამტკიცებელსა მაგალითსა. იესო ქრისტემ ერთხელ განჰკურნა ერთი ოცდა თვრამეტის წლის მდებარე, განრღვეული კაცი. მთელი ხალხი მადლობდა და ადიდებდა მას ესრეთის საქმისათვის, გარნა გულსა შინა მტერთა მისთასა აღენთო ცეცხლი შურისა. მათ უარესად იწყეს დევნა იესოსი და ამის მიზეზად ის დასდევს, რომ ვითომც იესო ქრისტემ დაარღვია სჯული, შაბათს განჰკურნა განრღვეული: ამისთვის სდევნიდენ ურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაი მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა. ესრეთი თვისება აქვს დაცემულსა ბუნებასა კაცისასა; იგი ყოველთვის ცდილობს, რომ ცუდნი თავისნი თვისებანი და საქმენი დაჰფაროს, და გაამრთელოს რომელითამე კეთილითა მიზეზითა. კარგად იცოდა დავით წინასწარმეტყველმა ესრეთი თვისება კაცის ბუნებისა და მისთვის წარსთქვა ეს მშვენიერი ლოცვა ღვთისადმი: ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა, მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა, კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა; (ფს. 140, 4). ესე იგი, ნუ გააჩენ ჩემ გულში იმ უკეთურს თვისებას, ანუ სიტყვას, რომ მე ვიწყო მიზეზობად, ანუ განმართლებად ცოდვათა ჩემთა, მსგავსად კაცთა უსჯულოთა. მართლა, ცუდი და მავნებელი თვისება არის, და ფრიად აფუჭებს ზნეობასა კაცისასა მიზეზობა ცოდვათა, ანუ ძებნა სხვათა და სხვათა გამამართლებელთა და შემამსუბუქებელთა მიზეზთა ცუდთა საქმეთასა.

თუ კაცი ვინმე ჩავარდა ხელთა შინა სოფლიურთა მსაჯულთასა, ანუ მიეცა ქვეყნიურსა სოფელსა სამართალსა შინა, მაშინ არ იქმნება ცოდვა, და შეუძლია მოძებნოს და წარმოადგინოს სხვა-და-სხვა მიზეზები, რომელნიც ანუ გაამართლებს მას, ანუ შეამსუბუქებენ მისსა ბრალსა. რისთვის? მისთვის, რომელ მსაჯულნი მისნი არიან კაცნი, ქვეშევრდომნი შეცდომისა, შეიძლება, რომ იმათ კარგათ ვერ შეიტყონ მისი სიმართლე. გარნა, სრულიად სხვა არის, როდესაც კაცი წარსდგება წინაშე ღვთისა, ან თავისი სინიდისით თავის გულს გასინჯავს. მაშინ სიცოფე იქმნება და დიდი უგუნურება, რომ კაცმა იწყოს მიზეზობა და განმართლება თავისა თვისისასა. ქვეყნიურისა, ხორციელისა მსაჯულისაგან კაცი მოელის მხოლოდ სიმართლეს, ანუ მართლ-მსაჯულებასა, ხოლო ზეციერისა მსაჯულისაგან უნდა მოველოდეთ მიტევებასა ცოდვათასა და მოწყალებასა. ღმერთი რომ მოწყალებას არ იხმარდეს ჩვენ კაცთა ზედა, არამედ მხოლოდ სიმართლით მოგვაგებდეს, ვერავინ გამართლდებოდა, სუყველანი დაისჯებოდნენ: უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს (ფსალ. 149, 3). ამ მიზეზისათვის მოავლინა ღმერთმან ქვეყანასა ზედა მხოლოდშობილი ძე თვისი, რომელმან ყოველნი ცოდვანი ჩვენი, ესრედ ვსთქვათ, აღიღო მხართა ზედა თვისთა, რათა ჩვენ წყალობითა და მოწყალებითა გვამართლებდეს.

გარნა, სამწუხაროდ, ახლაც, ჩვენცა ქრისტიანენი არ ვიშლით ამ ცოდვას, ესე იგი მიზეზობას და თავის გამართლებას ცოდვათაგან. ახლაც რამდენჯერ მოხდება, რომ შურით მხოლოდ დევნის მოყვასი მოყვასსა, და თავს იმართლებს მით, ვითომც იგი იყოს ცუდი კაცი, სჯულის დამარღვეველი. რამდენჯერ მოხდება, რომ წირვა-ლოცვაზე არ დადის, არ ეზიარება ქრისტიანე კაცი და თავს იმართლებს, ანუ სიღარიბით, თუმცა სიღარიბე არ დაუშლიდა თვისი მოვალეობის აღსრულებასა, ანუ დროების უქონლობით, თუმც ცხადად სჩანს, რომ იგი დროებას დიდად არ აფასებს, და ხშირად ცუდად ჰკარგავს. გარნა, უმეტესი, ნაწილი კაცთა, მეტადრე უსწავლელთა, მდაბალთა კაცთა შორის თავის გასამართლებლად ერთს მიზეზს უფრო ხშირად მოიყვანს. მტერმა ჩამაგდო განსაცდელშიო, ეშმაკმა მაცდუნაო. რა უნდა ვსთქვათ ამაზედ? ის, ძმანო ჩემნო, რომელ თუმცა ეშმაკი მართლა ეძიებს კაცის ცდუნებასა, გარნა, როგორადაც იტყვის საღმრთო წერილი, ჩვენ თვითონ ვაძლევთ მას შემთხვევასა, რომ გვაცდუნოს და ცოდვაში ჩაგვაგდოს. წმინდა მოციქული პავლე აფრთხილებს ქრისტიანეთა ესრედ: ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა (ეფეს. 4, 27). ესე იგი ნუ მიუშვებ შენთა ეშმაკს, ნუ მისცემ შემთხვევას, რომ გაცდუნოს შენ, რომელი იქნება ადგილი, ანუ შემთხვევა ეშმაკისა? ყოველნი ბოროტნი თვისებანი, მიდრეკილებანი, გულის თქმანი, რომელნი ბუდობენ გულსა შინა ჩვენსა, არიან ეშმაკის გზანი და ადგილნი. იქითგან გამოგვცდის ჩვენ სულიერი მტერი, მათი საშუალობით ჩაგვაგდებს ყოველთა ცოდვათა და უბედურებათა შინა. ქრისტიანე მღვიძარე, აღჭურვილი ლოცვითა, ღვთის მადლითა და მდევნელი, მოძულე ყოველთა თვისთა ვნებათა და ბოროტთა გულის თქმათა, არის ეშმაკისათვის მიუდგომელი ციხე, რომელი და მოგვცეს ჩვენ ყოველთა ქრისტე ღმერთმან. ამინ.

Print Friendly

Comments are closed.