წინასაშობაო რეფლექსია – იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

86251რეფლექსია მართლმადიდებლური წინასაშობაო ლიტურგიული პერიოდის ზოგიერთ სულიერ თემაზე წაკითხული პონტიფიკალურ სემინარია ლომბარდოში.

“რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა. რომელზეც ითქვა: “ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”. ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის. რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს. რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე” (ებრ. 11:17-22).

 

ძვირფასო კოლეგებო, საკმაოდ რთული დავალება მომანდეთ – გესაუბროთ მართლმადიდებელი ეკლესიის წინასაშობაო ლიტურგიული პერიოდის ზოგიერთ თემაზე. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის არის საცდური, მედიტაცია იქცეს ლიტურგიის ლექციად, მაგრამ ვეცდებით ყურადღება სულიერ თემებზე შევაჩეროთ.

მართლმადიდებლურ ლიტურგიულ ციკლში, კათოლიკურისგან განსხვავებით, არ არსებობს მკვეთრი წინასაშობაო ლიტურგიული პერიოდი, რამდენადაც კვირეულთა ათვლა კვლავ სულთმოფენობიდან გრძელდება, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვით შთაგნოებული, ამზადებს ორმოც დღიან წინასაშობაო მარხვასაც, რომელიც იწყება 14 ნოემბერს და გრძელდება 25 დეკემბრამდე. სავარაუდოდ მარხვის 14 ნოემბერს დაწყება გვიანდელი ფაქტია, რამდენადაც საღვთისმსახურო ტექსტებში შობის თემა მხოლოდ 21 ნოემბრიდან ჩნდება და შობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მოსამზადებელი ელემენტები მატულობენ და შობის წინა ორ კვირა დღეს მთლიანად იკავებს წინასაშობაო მნიშვნელობის თემები, სწორედ ამ უკანასკნელზე მსურს ყურადღება შევაჩერო: მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიულ წელიწადში ძველი აღთქმის პერსონაჟთა ცალკეულ ხსენებათა გარდა მათ ეთმობათ წინასაშობაო ორი კვირა – პირველი მათგანი იხსენებს იესო ქრისტეს წინაპრებს, ხოლო მეორე მათგანი ძველი აღთქმის ყველა მართალს, რომელნიც ღმერთს ესათნოვნენ, დაწყებული ადამიდან დასრულებული იოსებ დამწინდველით, რომელიც წმ. ოჯახის მცველი იყო.

შესაბამისად, შობის წინა ორი კვირის ძირითადი წმინდა წერილისეული ლიტურგიული საკითხავები მოიცავენ ქრისტეს სახარებისულ გენეალოგიასა და ცალკეულ თავებს ებრალეთა მიმართ ეპისტოლედან, რომელნიც წარმოადგენენ ძვ. აღთქმის მამათა შესხმას და ეს ყველაფერი არ არის უბიწო ცხოვრებათა ბანალური კატალოგი, არამედ ისტორია ადამიანებისა, რომელთა ცხოვრებაც მკვეთრად არის აღბეჭდილი მოლოდინითა და ნდობით.

სხვას რას წარმოშობს პირველქმნილი ცოდვა, თუ არა განყოფასა და უნდობლობას? ადამიანები აღარ ენდობიან ერთმანეთს, ბუნება აღარ ენდობა ადამიანს და ადამიანს მისი ეშინია, ქმნილება კარგავს ნდობის სიმფონიას, რადგან ადამიანი აღარ ენდობა ღმერთს.

კარდინალი კარლო მარია მარტინი თავისი ცხოვრების შემოდგომისას ხშირად ამბობდა: “ყველაზე მნიშვნელოვან არჩევანში ჩვენ ვიტოვებთ უკან დასახევ გზას, თავს ვიზღვევთ, მაშინ, როდესაც სიკვდილი გვავალდებულებს ღვთის აბსოლუტურ ნდობას” – სწორედაც! ძველი აღთქმის ყველა ეს პერსონაჟი, რომელსაც ეკლესია ჩამოთვლის წმინდა წერილის საკითხავებსა და საღვთისმსახურო ტექსტებში, არიან ერთგულნი მაცხოვრის მოლოდინისა არა თუ სიკვდილადმდე, არამედ ჯოჯოხეთამდე, გარშემოტყმულნი სასოწარკვეთის სიბნელით, მაგრამ აღსავსენი ნდობითა და მოლოდინით, რაც არ აძლევს ჯოჯოხეთის ღამეს მათი შთანთქმის საშუალებას.

მათი სახით კი მთელი ქმნილი სამყარო მოლოდინშია, როგოც ამ პერიოდის ჰიმნებიდან ჩანს: მოლოდინშია იუდას მიწა, ბეთლემი, ქვაბი, ბაგა რომელშიც დააძინეს პატარა იესო, რძე რომლითაც კვებავდნენ მას, მოგვები, რომელნიც უნდა მოვიდნენ მის თაყვანსაცემად… მთელი ქმნილი სამყარო ელის, ელის უნივერსალური ნდობის აღდგენას, რომელიც დაიკარგა, მაგრამ იმ პატარა ნაპერწკალივით ცოცხლობდა ძველი აღთქმის მართლებში, რომელსაც ცოცხლად კოცონად ქცევა ელოდა.

ეს არის ნდობით გამსჭვალული მოლოდინი, რადგან თუ არ ენდობი, შეუძლებელია დაელოდო, ეს არის რწმენის მოლოდინი რადგან თუ არ გწამს, შეუძლებელია ენდო, სწორედ ამ კონტექსტში შეინახა ლათინურმა ენამ ორი შესანიშნავი სიტყვა, როგორც სინონიმები Fides (რწმენა) და Fiducia (ნდობა).

რა გარანტია ჰქონდა აბრაამს, რომ მისთვის მიცემული აღთქმა აღსრულდებოდა, როდესაც ის განიცდიდა მამის ადამიანურ ტკივილს, რომელიც მზად არის ერთადერთი იმედი, საკუთარი შვილი, ისააკი ღმერთს შესწიროს? და რა გარანტიები ჰქონდა იაკობს, რომელმაც აკურთხა თავისი ძენი ეგვიპტეში მსხემობისას, რომ ესენი აღთქმულ მიწას დაიმკვიდრებდნენ? და რა გარანტია ჰქონდა იოსებს, რომელმაც სიკვდილის წინ ითხოვა მისი ძვლები ეგვიპტეში არ დაეტოვებინათ, რომ მისი ერი ოდესმე გააღწევდა ამ მიწიდან, რომელიც პატრისტიკულ ეგზეგეზაში ხშირად არის ჯოჯოხეთის სახე?

არავითარი გარანტია! არაფერი მსგავსი! ყველაფერი ნდობაა და ის რაც რჩება არის რწმენა: “ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას” (რომ. 4:3).

მაინც ვინ იყვნენ ეს ადამიანები ძველი აღთქმის ეპოქიდან? – ადამიანები მთელი ჰუმანური სისუტეებით, უძლურნი, ცოდვილნი, მაგრამ ისინი, ვინც რწმენაში მოკავშირეობდნენ ხსნის გეგმასთან, ისინი ვისშიც ვხვდებით მოციქულის სიტყვათა არსს: “სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი”(რომ.5:20) და კიდევ “უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”(2კორ. 12:9) – ამრიგად, როგორც ერთერთი ტროპარი გალობს: “წინაპართა მნიშვნელობით უფალმა გვიჩვენა კვერთხი თავისი სიძლიერისა… რომელიც ბეჭედია მთელი ცხოვრების უსასყიდლო საკვებისა და მარადიული ხსნისა” და გრძელდება სხვა ტროპარში: “მორწმუნენო დღეს [ქრისტეს] წინაპართა ხსენების დღესასწაულით ვუგალობოთ ქრისტე გამომხსნელს, უფალს, რომელმაც ისინი დიდად წარმოაჩინა ყველა ხალხთა შორის” – ქრისტე არის სიდიდე და გამართლება ამ პიროვნებებისა, მათი მოლოდინისა, მათი რწმენისა, მათი ნდობისა.

კარგად მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანული ლიტერატურა სავსეა მოწმობით ქრისტეს მისიის, როგორც ღმერთსა და კაცს შორის შემრიგებლის შესახებ, მაგრამ თვინიერ ამისა ქრისტეს მისია ადამიანთა ერთმანეთთან შერიგებასაც მოიცავს, ბუნების ადამიანთან შერიგებას, ქმნილების შერიგებას, ანუ მშვიდობის აღდგენას, ნდობის აღდგენას.

ერთ-ერთი საშობაო ჰიმნი რომანოს მელოდოსისა (V საუკუნის ბიზანნტიელი ჰიმნოგრაფი, რომელიც დგას ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის სათავეებთან), შესანიშნავი ხელოვნებით წარმოაჩენს ამ შერიგებას, ნდობის აღდგენას (რამდენადაც ჰიმნი მოცულობითია, მისი შინაარსით შემოვიფარგლოთ): შობის შემდეგ ქალწული მარიამი ხელში არწევს ყრმა იესოს და უმღერის: “შენ ხარ ნაყოფი ჩემი, შენ ხარ ცხოვრება ჩემი… ჰოი თქვენ, მიწის მკვიდრნო, დაუსვით წერტილი თქვენს მწუხარებას…” და ევას, რომელიც ადამთან ერთად იმყოფება სიბნელის ძილში, ესმის ქალწულის ეს გალობა და მიემართება ადამის გასაღვიძებლად: “ჰოი ადამ! ისმის მერცხლის ჭიკჭიკი, რომელიც განთიადს გვაუწყებს, განაგდე შენი ძილი სიკვდილისა და აღსდექ. ყური მომიგდე, შენი ცოლი ვარ, მე რომელმაც პირველად გამოვიწვიე მოკვდავთა დაცემა, დღეს აღვდგები…” ადამი ძილისაგან გამოღვიძებული უნდობლად უცქერის ცოლს და პასუხობს: “მესმის ტკბილი შეძახილი, უგალობელი საგალობელი, მაგრამ ხმის პატრონი ამჯერად ვეღარ მაცდუნებს: ეს ქალის ხმაა! გამოცდილი ვარ და აღარ ვენდობი არცერთ ქალს. ხმა მომწონს, მაგრამ ხმის პატრონი მაშფოთებს: იქნებ თავიდან უნდა ჩემი მოტყუება…” ადამი აყვედრის ევას რომ ერთხელ უკვე მოტყუვდა და სთოხვს ეხლა ძილი მაინც აცადოს, მაგრამ ევა არ ეშვება ადამს და ბოლოს დაარწმუნებს მას, როგორც მაშინ, მაგრამ ამჯერად ბედნიერი დასასრულით: მიემართებიან ქვაბში ქალწულისაკენ და სთოხვენ მას ძისადმი შუამდდგომლობას, დედა და ქალწული ღებულობს ხსნის პირობას და ბედნიერი ადამი და ევა ბრუნდებიან უკან, რათა დაელოდონ აღდგომას… ამ ულამაზეს ჰიმნში შესანიშნავი მხატვრულობით არის წარმოდგენილი თუ როგორ ახლდება ნდობა ადამსა და ევას შორის, როგორ ახლდება ნდობა ადამიანთა შორის, როგორ მართლდება რწმენა, ნდობა და მოლოდინი ძველი აღთქმის მართალთა.

ტრადიციის თანახმად კაცობრიობა ევასთან ერთად ღებულობს პირვლქმნილი ცოდვის შედეგებს, ხოლო ქრისტეს წინაპართა ამ ერთგულებაში კაცობრიობა გარკვეული აზრით ხდება მონაწილე იმ “ჰე”-სი, რომლითაც მარიამმა მიუგო მთავარანგელოზის ხარებას, პასუხისა, რომლის დარი აქამდე არასდროს გაუცია კაცობრიობას ღმერთის მოწოდებაზე. ამ ნდობაში, ამ მიგებაში ლოდინი პასიური აქტიდან იქცევა აქტიურად, ანუ თუ განხორციელებით ღმერთი ეშვება ისტორიაში, მართალნი გარკვეული აზრით გადიან ისტორიიდან, წინ უსწრებენ დროს, არ არიან შეჩერებულნი, არამედ მიდიან ღმერთთან შესახვედრად, რომელიც თავის მხრივ ჩვენკენ მოემართება…

ამ მოლოდინში, უფრო სწორედ ჩვენს სვლაში Adventus-ისკენ (მოსვლა – ლათინური ტერმინი, რომლითაც ქრისტეს შობის წინა პერიოდი აღინიშნება) ვუსურვოთ ერთმანეთს ნდობა და რწმენა ძვ. აღთქმის მართალთა, ჩვენში ღვთისა და მთელი ქმნილების ნდობისა და რწმენის განსაახლებლად.

Print Friendly

Comments are closed.