საუბარი პედაგოგიკაზე

10/04/2019
By

მენავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე მენი

სხვა ყველაფერთან ერთად ალექსანდრე მენს იცნობენ, როგორც ბრწყინვალე პედაგოგს. ბავშვთა სულიერ-რელიგიური აღზრდა და განათლება ყოველთვის იყო მისი საზრუნავი. წარმოდგენილ საუბარში მოცემულია მამა ალექსანდრეს განაზრებები აღზრდის შესახებ; იგი საუბრობს პედაგოგიური კადრების მომზადების დონეზე და იმის შესახებ, თუ რა არის მასწავლებელი ძველი და თანამედროვე გაგებით.

საუბარი 1990 წლის 17 ოქტომბერს რუსეთის ცენტრალური ტელევიზიით იქნა ნაჩვენები მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი გადაცემის სახით, ამიტომ პუბლიკაციაში ზეპირი მეტყველების ცალკეული თავისებურებები გამოსჭვივის. (მთარგმნელის წინასიტყვაობა)

„ქრისტეს მასწავლებლად უხმობენ, ამ სიტყვის განსაკუთრებული გაგებით. ის მოძღვარი, დამრიგებელი, მასწავლებელია. ეს სიტყვა სახარების დროინდელ მოვლენათა თანამედროვეების მიერ არ არის გამოგონილი. მოძღვარს, მასწავლებელს მრავალ ადამიანს ეძახდნენ, რომელთაც ადამიანთათვის უმაღლესი სულიერი ღირებულებები უნდა მოეტანათ და დაემკვიდრებინათ მათს ცხოვრებაში. ისინი ინფორმაციის გადამცემები არ იყვნენ. დღეს, სამწუხაროდ, მასწავლებელი ინფორმაციის გადამცემად იქცა მხოლოდ, რომლის შეცვლა ადვილად შეუძლია კომპიუტერს, რომელიც მოსწავლეს ამოწმებს და მთელ რიგ ცოდნას გადასცემს, უფრო სწორად, ატყობინებს.

ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სწავლება სკოლაში ინფორმაციის გადაცემაა მხოლოდ,  თუმცა ამასთან ერთად დასძენენ: „და კიდევ აღზრდა“.  ეს, ჩვეულებრივ, უშინაარსო ფრაზაა, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანის სულიერ-გონითი ცხოვრება რაღაც მეორეულად მიგვაჩნია. პირველ ადგილზე რაღაცნაირი პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. ფაქტორებია დაყენებული. ჩვენ უარვყავით ადამიანი და რაღაცნაირ რობოტის მსგავს არსებამდე დავედით და მის სწავლებას შევუდექით. ჩვენ, რაც გვსურდა ის მივიღეთ. როგორც იტყვიან, „რისთვისაც ვიბრძოდით…“ სკოლის დრამა – ეს საზოგადოების საერთო დრამის ნაწილია მხოლოდ, საზოგადოებისა, რომელმაც უარი თქვა იმ უმნიშვნელოვანეს სულიერ ღირებულებებზე, რომლებიც ასწლეულობითა და ათასწლეულობით გააჩნდა კაცობრიობას და ექნება მუდამ! ყოველთვის ექნება! ამის შეცვლა შეუძლებელია. უბრალოდ, ჩვენ მოვხვდით ამ სარტყელში. მე უკვე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ მასწავლებელი ნიჭიერი უნდა იყოს. რატომღაც მიგვაჩნია, რომ მხატვარი ან მუსიკოსი მხატვრობის ან მუსიკალური ნიჭის მქონე ადამიანი უნდა იყოს, ხოლო მასწავლებლობა ყველას შეუძლია. პედაგოგიურ ინსტიტუტში ადამიანთა შერჩევა სულ სხვაგვარად ხდება, ვიდრე კონსერვატორიაში. სმენის არმქონე ადამიანს კონსერვატორიაში არ მიიღებენ. შესაძლებელია ამის შემოწმება. ამას სპეციალისტები ნახავენ, მაგრამ როგორ შემოწმდეს, აქვს თუ არა ადამიანს პედაგოგიური ნიჭი, ზოგადად ადამიანად (ოღონდ ადამიანი დიდი ასოებით) ყოფნის უნარი, რომელიც ამ საქმეს საკუთარ სულს ანაცვალებს? ეს უკვე სრულიად განსაკუთრებული საქმიანობაა, მოწოდებაა. ეს, მე ვიტყოდი, თითქმის მონაზვნობის ზღვარზე მყოფი მსახურებაა. ტყუილუბრალოდ კი არ იყვნენ ბერ-მონაზვნები ასეთი ბრწყინვალე პედაგოგები ასწლეულების განმავლობაში და არიან დღესაც. ეს იმიტომ რომ, საკუთარი ოჯახის არმქონენი, ისინი მთელ თავიანთ სიყვარულს აღსაზრდელებში აქსოვდნენ, რაც ძალზე გასაგებია და სერიოზული საზრისის მქონეა. მოძღვარი საკუთარი სულის ნაწილის გამღებია, ხოლო ის, რომ იგი ამავე დროს ინფორმაციასაც გადასცემს, მეორეულია, იმიტომ რომ მთელი ინფორმაცია მთლიანად წიგნებსა და სხვა საგნებშია ჩადებულიაუცილებელია ვასწავლოთ აზროვნება, ვასწავლოთ შეგრძნობა და ვასწავლოთ სიყვარული. მაგრამ რა არის ამისათვის საჭირო? პირველ რიგში, საჭიროა თვითონ აზროვნებამდე, თვითონ შეიგრძნობდე და თვითონვე გიყვარდეს. თუკი მასწავლებელს თავისი მოსწავლეები არ უყვარს (სამწუხაროდ, მე ასეთებიც ვიცი…) მაგალითად, მე სკოლიდან ყველაზე გაუხარელი მოგონებები გამომყვა (საკუთარი სკოლიდან), თუმცა, როგორც მახსოვს, იქ ცუდი მასწავლებლები არ იყვნენ, მაგრამ მთლიანობაში სკოლა ბნელ მოგონებებს აღმიძრავს. ამას თავისი მიზეზები აქვს. ომი იყო… მე სკოლა იმ წელს დავამთავრე, როდესაც სტალინი გარდაიცვალა. და მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: დაე, მქონდეს ნებისმიერი სპეციალობა, ოღონდ არა მასწავლებლობა. ძნელია, როდესაც შენ სძულხართ. ჩვენ კი ყველას გვძულდა საკუთარი მასწავლებლები და მათთვისაც ძნელი იყო ჩვენი ატანა.

ცხადია, პედაგოგიკა – ეს, პირველ რიგში, ადამიანთა სულიერი გმირობაა. შეიძლება ეს გადაჭრით ნათქვამია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. სხვა მხრივ უშინსკის ციტირებას მოვახდენ და ვიტყვი, რომ „ათეისტური აღზრდა – უთავო გონჯია“. რატომ? იმიტომ რომ ბავშვი, მოზარდი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მარადიულობის, სიკვდილ-სიცოცხლისა და საზრისის პრობლემებისადმი;  რისთვისაა ეს ყველაფერი? – აინტერესებს მას. დღეს ძალზე გავრცელებულია თვითმკვლელობა ადრეულ ასაკში, რაც იმის ბრალია, რომ მოზარდი მოუმზადებელი ხვდება სინამდვილეს და არ შეუძლია მასთან შერიგება. შედარებით უფრო მოწიფული ადამიანები გაუხეშდნენ… საერთოდ, უნდა გქონდეს ისეთი რამ, რასაც მივცემდით ბავშვებს. ეს ძალიან ძნელი საქმეა, იმიტომ რომ აქ გარკვეული ცოცხალი ტრადიცია უნდა არსებობდეს. სინამდვილეში პედაგოგიური ინსტიტუტი უნდა იყოს არა წმინდათა წმინდა (ეს ამ შემთხვევაში უადგილო სიტყვაა), არამედ ადგილი, სადაც ახალგაზრდა ადამიანების სულიერი ჩამოყალიბება ხდება, მაგრამ ეს სულაც არ ჰგავს იმას, რაც სინამდვილეშია. დიახ, მან შეიძლება გაგვახსენოს ინდური აშრამი, სადაც ადამიანები, ასე ვთქვათ, ერთად ცხოვრობენ, რადგანაც ეს განსაკუთრებული ინსტიტუტი უნდა იყოს, რომელიც ამოვარდნილი იქნება სხვა უმაღლეს სასწავლებელთა სისტემიდან, იმიტომ რომ ამ ინსტიტუტშია ჩადებული მთელი მომავალი. მე პედაგოგი არ ვარ და ამიტომ ცალკეული რეკომენდაციების მოცემა არ შემიძლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პედაგოგიური სასწავლებლებსა და ინსტიტუტებში სულიერი უნარების განვითარება პირველხარისხოვანი მნიშვნელობის ამოცანაა, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ინფორმაციით მათი ამოვსებაა. პედაგოგიკის ისტორია, რომელსაც ისინი გადიან, მშრალი, მოსაწყენი და უინტერესოა, მით უფრო მაშინ, როდესაც ეს ისტორია გამრუდებული და გაყალბებულია. პედაგოგიკის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული რელიგიურ, საეკლესიო, სულიერ ტრადიციასთან. აიღეთ ვინც გნებავთ, ნებისმიერი: პესტალოცის მაგალითი, ჩვენში, ბუნებრივია, – უშინსკი, პიროგოვი, ცნობილი ქირურგი. ის პედაგოგი იყო. თავის წიგნებში მან ცხოვრების საზრისის შესახებ კითხვები დასვა. აი ძველი ექიმის დღიური; ის განაზრებებშია, ყოფიერების სასრისის ძიებაშია. მისთვის ეს შინაგანი ცხოვრების პრობლემაა, ხოლო მასწავლებელს, რომელთაც ეს არ გააჩნიათ, არაფერი აქვთ სათქმელი და გადასაცემი ბავშვებისათვის. ისინი ასეთად, სულიერად ღატაკებად დარჩებიან…

ჩვენ გვყავდა ისტორიის მასწავლებელი, საინტერესო კაცი. ის მოსვლისას ჯიბიდან პატარა რვეულს იღებდა და იმის მიხედვით კითხულობდა სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ეშინოდა, რაიმე არ შეშლოდა ან გამოჰპაროდა. მე მას არ განვსჯი. ის კარგი კაცი იყო, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტალინის დროება იყო. ამგვარად, რა და რა სახის სიმახინჯეს არ შობდა ეს ეგრეთ წოდებული განათლება.

***

ამგვარ პრობლემებზე პასუხი ყოველთვის ნათელია ჩვენთვის. პედაგოგიური განათლების სრულიად ახალი სტრუქტურის შექმნაა აუცილებელი, რომელიც, პრაქტიკასთან ერთად, საერთოდ, კაცობრიობისა და ქრისტიანული ტრადიციების სულიერ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. ეს ისევე ძნელია, როგორც ქრისტეს ტაძრის აღდგენა. საერთოდ, რაღაცის აღდგენა უფრო ძნელია, ვიდრე მისი დანგრევა. თუმცა მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში საქმე სრულებით განსაკუთრებულ სამყაროს შეეხება, რომლის შექმნა არც ისე შეუძლებელია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამისათვის ავტოტრენინგი, ფსიქოლოგიური სავარჯიშოები და ზნეობრივი გაკვეთილებია საჭირო. ეთიკური ნორმების არც ისე უბრალო გროვა ამ შემთხვევაში უსარგებლო იქნება მხოლოდ. ის შეიძლება წაიკითხო და თავიდან ამოიგდო. ვიმეორებ, რაღაც მონასტრის მსგავსია საჭირო, მაგრამ სულ სხვა გასაღებით. არსებობს თუ არა მსგავსი პრაქტიკა? დიახ, არსებობს. ეს სასულიერო სკოლების, სასულიერო სასწავლებლების პრაქტიკაა, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობდა.

***

ეტყობა, პედაგოგიური ინსტიტუტების პარალელურად რაღაც ექსპერიმენტული ბაზის შექმნაა აუცილებელი, რომელშიც ისეთი გამჭრიახი გონების ადამიანები იქნებიან წარმოდგენილნი, რომელთაც აბიტურიენტებს შორის ნიჭიერი და ბავშვების მოყვარე ადამიანების შერჩევა შეეძლებათ. აღზრდა და განათლება იქ არსებული ტრადიციების საფუძველზე უნდა მიმდინარეობდეს, ამიტომ აუცილებელია ამ ტრადიციების შესწავლა. მსგავსი რამ დასავლეთში არსებობს, თუმცა არც იქაა ყველაფერი ბოლომდე მოწესრიგებული. ბევრ რამეს ლოკალური ხასიათი აქვს მხოლოდ. ჩვენ გვჭირდება რაღაც კოლეჯის მსგავსი, ოღონდ ისეთი, რომელიც რაღაცნაირად ამ ტიპის რევოლუციამდელ დაწესებულებას ემსგავსება. ამისათვის საჭირო გახდება ოპერატიული, დაჟინებული და ეფექტური მუშაობა ადამიანთა დიდი ჯგუფისა, რომელიც საკმაოდ იქნება ორიენტირებული ამ საქმიანობისათვის. დაე, მათ შექმნან ექსპერიმენტული კოლეჯი და შესაბამისი კადრები მოამზადონ, მაგრამ ამისათვის საჭიროა კარგი გეგმის შექმნა; ამასთანავე ნიჭიერი ხელმძღვანელია საჭირო. ჩვენთან ასეთები არიან. მათ მოუწევთ მთელი მოწინავე თანამედროვე პედაგოგიური ცოდნისა და გამოცდილების ათვისება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იგივეს დავუბრუნდებით.

***

რელიგიის სწავლება თავს არ უნდა მოვახვიოთ სკოლებს. ის, საერთოდ, სახელმწიფოს საქმე არ უნდა იყოს, რადგანაც რელიგია რაღაც ღრმა, სულიერი და ინტიმურია. ღმერთი საკუთარი თავის პროპაგანდას არ ახდენს და აგიტაციით არ არის დაკავებული. ადამიანს კი არ უნდა დააძალო რელიგიური იდეები, არამედ უნდა დაეხმარო მას, რომ მისაწვდომი იყოს ყოველი სულიერისადმი. მსგავსად იმისა, როგორც ვასწავლით ადამიანს აზროვნებას, სიყვარულს, მუშაობას, ასე უნდა ვასწავლოთ ღვთის სიტყვის მოსმენა. ყველაფერს სწავლა უნდა, ამიტომ აუცილებელია ექსპერიმენტული კოლეჯების შექმნა, რომლის საფუძვლად უსერიოზულესი სულიერი ღირებულებები იქნება დადებული. მაგრამ ეს არ უნდა იყოს საღვთისმეტყველო და თუნდაც საეკლესიო სკოლები. ეს ალბათ სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა იყოს. პიროგოვი არ იყო არც ღვთისმეტყველი, არც საეკლესიო მოღვაწე. ის რელიგიური ადამიანი იყო. უნდა მოხდეს ამგვარი ადამიანების, მოაზროვნე პედაგოგების, თავმოყრა, რაც ძალიან საინტერესოა. ამჟამად ეს ყველაფერი სადღაც არის გადაყრილი. მაგალითად, რუს რელიგიურ მოღვაწე კავარნინს ჰქონდა წიგნი „კამათის ხელოვნება“ – ბრწყინვალე წიგნი, მაგრამ ის ალბათ სადღაც დალპა, რადგანაც ემიგრირებულებს შორის მისი გვარი არ ჩანს. წიგნი 20-იან წლებში იყო დაბეჭდილი, ნათელია, რომ ის დაიღუპა. ის ლოგიკის სპეციალისტი იყო, ლოგიკოსი-პროფესიონალი. ესე იგი, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს იმათი პროპაგანდა და დარწმუნებაა, რომელთაც ხელეწიფებათ (სახელმწიფო ორგანოები, თუმცა ეს არც თუ ისე სახარბიელო საქმეა) ამ საქმის გადაწყვეტა. ისინი უნდა დავაჯეროთ სასკოლო განათლებაში, თუნდაც მცირე დოზით, პლურალიზმის შეტანის აუცილებლობაში. პირველი, პლურალიზმის გარეშე სასკოლო განათლება ჩიხში შევიდა; მეორე, რაკი პლურალიზმი გაჩნდა, აუცილებელია ექსპერიმენტული სკოლების გახსნა, არა ელიტარულის, არამედ ექსპერიმენტულის. აი პირველი პლატცდარმი, ხოლო როგორი ექსპერიმენტები ჩატარდება იქ, ეს უკვე სხვა, სავსებით კონკრეტული საქმეა. ეს სამუშაო კითხვაა. თუკი ადამიანს უყვარს ბავშვები და ისინიც, თავის მხრივ, უგებენ მას და მათ შორის ურთიერთშემხვედრი კავშირი არსებობს, ეს უკვე პედაგოგიური ტალანტის საწყისი პირობაა. მუსიკალური სმენის განსაზღვრა შედარებით ადვილია, რადგანაც მკაფიო კრიტერიუმები არსებობს, მაგრამ სხვა ვითარებაა მომავალი პედაგოგის შემთხვევაში. მასწავლებელი უნდა იყოს ნებელობითი, მობილიზებული, შინაგანად მდიდარი ადამიანი. ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რომ მასწავლებელს აქვს რაღაც მნიშვნელოვანი, რომლის მიღებაც ასე აუცილებელია, იმიტომ რომ მასწავლებელი ყოველ მოცემულ მომენტში ცვლის მშობელს, ხოლო მშობლები რაღაც კოსმიურ ფიგურებს წარმოადგენენ ბავშვებისათვის. და კიდევ ერთი: მნიშვნელოვანია მასწავლებლის მიერ არა მხოლოდ ბავშვების, არამედ იმ საგნის სიყვარული, რომელსაც ის ასწავლის. მისი საყვარელი თემები უნდა იყოს: ცხოვრება, პოეზია, მეცნიერება – ყველაფერი, რაც გნებავთ. ამგვარი თემები უნდა აღელვებდეს მასწავლებელს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის.

სასკოლო განათლების სტრუქტურა პათოლოგიურად მახინჯია. ის უნდა შეიცვალოს. გესმით, პალიატიური ზომებით შემოსაზღვრა აქ დაუშვებელია. სტრუქტურის გლობალური ცვლილებაა საჭირო – სკოლის პლურალიზაციის საფუძველზე, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული. პრობლემები მთელ მსოფლიოშია. არიან აგრეთვე სუსტი პედაგოგებიც, მაგრამ ადამიანს სურს ნორმალური განათლება მისცეს საკუთარ შვილს, არჩევანის შესაძლებლობა აქვს. სკოლის შერჩევისას მას შეუძლია იხელმძღვანელოს ბავშვის ინტერესთა სფეროთი. ეს – დასავლეთში, ჩვენ მსგავსი არჩევანის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენთან ყველაფერი ერთ საცერშია გატარებული წყნარი ოკეანიდან დაწყებული ბალტიის ზღვით დამთავრებული, მრავალი ხალხით დასახლებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე ერთი და იგივე საგანმანათლებლო სისტემაა გავრცელებული, მაშინ როდესაც არ არის გათვალისწინებული ამ ხალხების ტრადიციები, რომელთაგან ზოგიერთები ჩვენს ერამდე არსებობდა. არიან ადამიანები, რომელთაც ჯერ კიდევ გუშინწინ პირველყოფილი საზოგადოებრივი წყობა ჰქონდათ, და არიან ადამიანები, რომელთა დამწერლობა რუსეთის მოქცევამდე 500 წლით ადრე გაჩნდა… და ჩვენ ყველას ერთი საგანმანათლებლო პროგრამა გვაქვს. მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვს. მსგავსი სულელური იდეები არანაირ შიგალევსაც არ მოუვიდოდა თავში.

სკოლის შემქმნელებმა ნიჭიერი ადამიანები უნდა მოიზიდონ. მათ, როგორც უკვე ვთქვი, კონსერვატორიის ან ლიტერატურული ინსტიტუტის პრინციპით უნდა იმუშაონ. მათ უნდა გამოიჭირონ, გამოავლინონ პედაგოგიური ნიჭის მქონე ადამიანები. ამგვარი ადამიანები კი ყველგან – საბავშვო ბაღებში, თუნდაც მილიციის ოთახებში და ყველგან, სადაც კი ბავშვების სიყვარულით დაჯილდოებული ადამიანები იმყოფებიან – უნდა ეძებონ. შემდეგ მათი თავმოყრა და მათთან მუშაობა უნდა დაიწყოს. ამ საქმეში კარგი იქნება უცხოური გამოცდილების გათვალისწინება. შვეიცარიაში არსებობს ძალიან საინტერესო სკოლები. იქ ერთმა პასტორმა ბუნებაში სკოლა მოაწყო. მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ შვაიცერი, განდი და მრავალი სხვა. მსგავსი მაგალითები ბევრია. ისინი შესანიშნავ შედეგს იძლევიან. მართალია, ყველაფერ ამის კოპირებას ჩვენ ვერ შევძლებთ, ჩვენი პირობები განსაკუთრებულია, თუმცა სკოლებში პლურალიზმის რაღაც დოზის ქონა აუცილებელია.

მნიშვნელოვანია ამ საქმეში ოჯახების მონაწილეობაც. ისინი გარკვეულ მიმართულებას აძლევენ ბავშვთა სულიერებას და ეს პროცესი დროდადრო ღრმავდება, თუმცა სიჩქარე აქ დაუშვებელია. სწრაფად შეიძლება ხბოების ან კურდღლების გაზრდა, ადამიანისა კი არა! ბუზების სახეობა არსებობს (ბუზი-დროზოფილი), რომელიც სწრაფად იზრდება. ადამიანის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა.

დღეს ბავშვები ძალიან პრაგმატულები არიან. ისინი შეიგრძნობენ, ჰაერიდან ისრუტავენ ამ უტილიტარიზმს, რომელიც ჩვენ ჩაგვინერგეს, – მატერიალიზმის პროდუქტს. მატერიალიზმი ფილოსოფიური განწყობებით იწყება და შემდეგ პრაქტიკაში გადადის. საბოლოოდ, გრძნობადი, მატერიალური ხდება მთავარი, სხვა დანარჩენი კი ფუჭად და უვარგისად მიიჩნევა. შემდგომში ის შურს იძიებს თავისთვის, იმიტომ რომ ამგვარი განწყობით ადამიანი მატერიალურსაც კარგავს. ის ხელიდან ეცლება მას, რადგანაც ეგოცენტრული ხდება. მოკლედ, ეს ყოველივე დაცემისაკენ, დანაშაულისა და განადგურებისაკენ მიმავალი გზაა, იმიტომ რომ იდეალებზე საუბარი არამატერიალურ, არაგრძნობად საგნებზე საუბარია. წმინდა მატერიალიზმის შემთხვევაში თუკი სამყაროში მატერიისა და ძალის მეტი არაფერი არ არსებობს, მაშინ რა აზრი აქვს, საერთოდ რაიმეს თქმას? რა იდეალებზეა ამ შემთხვევაში ლაპარაკი? თუ ნარკომანი ხარ, ეს პროცესია. თუ მძარცველი, ესეც პროცესია. კეთილშობილი ადამიანი ხარ? – ესეც პროცესია და მეტი არაფერი. სამყაროსათვის სულერთია, მათ ერთნაირი ღირებულება აქვთ. არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ყველაფერ ამას მატერიალური საგნების სახით არ იძლევა. იმას, რაც გრძნობადია, ჩვენ თვალებით ვხედავთ, მიკროსკოპში მცირე ზომის საგნებს ვნახულობთ, ტელესკოპში – ჩვენგან შორს მყოფთ. ხოლო როგორ უნდა გავიგოთ არამატერიალური, სულიერი საგნები? – მხოლოდ სულის განვითარებით. აქ კი მორალურობა უნდა დაგვეხმაროს, რადგანაც სულის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება ზნეობრიობაა.

როდესაც სული არ ვითარდება, სულიერ-გონითი საგნები თანდათან ისეთი გახდება ჩვენთვის, როგორიც არის ყრუსათვის მუსიკა. ჩვენ დღეს ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით”.

(წიგნიდან : ალექსანდრე მენი. სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლო. თბ., 2013. გვ.179-192)

ტექსტის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ოთარ მუშკუდიანს

Print Friendly

Comments are closed.