შემოქმედება და ყოფიერება

 sistine1ავტორი ნიკოლაი ბერდიაევი

ამონარიდი წიგნიდან “შემოქმედების არსი” 

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა 

სამყაროს ყოფიერება – ქნილი, შექმნილი, ქმნადი ყოფიერებაა. ყოველგვარ ქმნილ ყოფიერებას ადევს ბეჭედი შემოქმედებითი აქტისა. ქმნილება მეტყველებს შემოქმედზე. ქმნა შემოქმედებითი პროცესია. სამყაროს შექმნა შემოქმედებითი განვითარებაა ღმერთში, მისი მარტოობიდან გამოსვლაა, ღვთაებრივი სიყვარულის გამოძახილია. შემოქმედება გულისხმობს მოძრაობას, ღვთაებრივი ცხოვრების შინაგან დინამიკას. ღმერთში დასაბამითგან აღესრულება შემომედებითი პროცესი. მხოლოდ ქმნილი ყოფიერების აღიარება უშვებს ორიგინალურ შემოქმედებით აქტს ყოფიერებაში, როდესაც იქმნება ახალი და ჯერ არარსებული.
რომ არ ყოფილიყო ყოველივე ქმნილი ყოფიერებაში, დასაბამითგან მოცემული, მაშინ არ ჩაისახებოდა სამყაროში იდეა შემოქმედებისა. თუკი დავუშვებთ ყოფიერების ღვთაებრიობას, რომელშიც მხოლოდ დასაბამითგან მოცემულის გადანაწილება აღესრულება, სამყაროში არც კი გაჩნდებოდა კითხვა შემოქმედების შესახებ. რომ არ ყოფილიყო ღვთაებრივი შემოქმედებითი აქტი, რომელშიც შეიქმნა არარსებული, საერთოდ წარმოუდგენელი იქნებოდა შემოქმედებითი აქტი სამყაროში. თუკი ღვთაებრივი ბუნებისთვის შეუძლებელია შემოქმედება, მაშინ ვისი ბუნებისთვის არის ის შესაძლებელი? თავად შემოქმედების იდეა შესაძლებელია არსებობდეს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს შემოქმედი და რომ მის მიერ აღესრულა ორიგინალური შემოქმედებითი აქტი, სადაც არარსებულს მიეცა დასაბამი, რომელიც არ გამომდინარეობს რაიმე სახის წინაპირობისგან და არც ართმევს და არც ამცირებს შემოქმედის აბსოლუტურ შესაძლებლობებს. შემოქმედებითი აქტი ხორციელდება არა შემოქმედის ბუნებით, რომლის ძალაც მცირდება შემოქმედების პროცესში და რაღაც სხვა მდგომარეობაში გარდაიქმნება, არამედ არაფრისგან. შემოქმედება არ არის შემოქმედის ნივთიერი გადასვლა სხვა სახის მდგომარეობაში და ამით ჩვეული მდგომარეობის შეცვლა – შემოქმედება არაყოფიერიდან, აქამდე არარსებულიდან ქმნას ნიშნავს. და ყოველი შემოქმედებითი პროცესი თავისი არსით წარმოადგენს შემოქმედებას არაფრისგან. ანუ, ახალი ძალის შექმნას და არა ძველის შეცვლას და გადანაწილებას. ყოველ შემოქმედებით პროცესში არსებობს აბსოლუტური მოგება, ნამატი.  ყოფიერების შესაქმე, მასში აღსრულებული ნამატი ყოველგვარი დანაკარგის გარეშე – მეტყველებენ შემოქმედისა და შემოქმედების შესახებ. ხელთქმნილი ყოფიერება ორგვარი მნიშვნელობით მოგვითხრობს შემოქმედისა და შემოქმედების შესახებ: არსებობს შემოქმედი, შემქმნელი ყოფიერებისა, და შესაძლოა, თვით შემოქმედება ხელთქმნილ ყოფიერებაში. სამყარო შექმნილია არა მხოლოდ ქმნილად, არამედ შემოქმედებითად. ქმნილებაში არეკლილია ხატება და სახოვნება შემოქმედისა, ანუ, თავად შემოქმედებაშია შემოქმედიც. ქმნილი ბუნება შემოქმედებითი ბუნების საპირისპირო იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ქმნილებაში ხატი და სახე უფლისა. მაგრამ კაცობრივი ბუნება ღვთის ხატად არის შექმნილი, ანუ შემომედებითი ბუნებისაა. სული შექმნილია უწინარეს საუკუნეთა, ღმერთი შემოქმედის მიერ და სულის პირველსაფუძველი ღვთაებრივია და არ არის დამოკიდებული სამყაროს პროცესებსა და დროზე. სულთა წინარე არსებობა აბსულუტური მეტაფიზიკური ჭეშმარიტებაა. მაგრამ სულთა ბედი კოსმიურ განვითარებასთანაა დაკავშირებული. ყოფიერების აბსოლუტური მოგების შემოქმედებითი აქტი, ნამატი ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, მსგავსად შემოქმედისა, გრძელდება თვით ქმნილ ყოფიერებაში, ადამიანში. სამყაროში შემოქმედება მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ სამყარო შემოქმედების ნაყოფია. სამყარო რომელიც არ იქნებოდა შემოქმედებითი აქტის ნაყოფი და არ ეცოდინებოდა არაფერი შემოქმედების შესახებ, შემოქმედების უნარმოკლებული ექნებოდა. ყოფიერებამ, როგორიც ეს ნატურალისტიკურ მატერიალიზმსა თუ ნატურალისტიკურ პანთეიზმს წარმოუდგენია, არაფერი იცის შემოქმედების შესახებ. ეს ჩაკეტილი ყოფიერებაა, სადაც მხოლოდ ძალთა გადანაწილებაა დასაშვები, მაგრამ შეუძლებელია მონაგები, ნამატი გააჩნდეს. იქნება თუ არა ამგვარი ყოფიერება მატერიალურ ან ღვთაებრივ შემოქმედებასთან მიმართებაში, ამით არაფერი შეიცვლება. წმინდა პანთეისტური კოსმოლოგიისთვის, ისევე როგორც მატერიალური კოსმოლოგიისთვის, ნაკლებად სარწმუნოა შემოქმედების არსებობა. დაე, იყოს სამყარო ღვთაება, მაგრამ არც ღვთაებაში და არც სამყაროში არ არსებობს შემოქმედებითი აქტი. შემოქმედებითი მონაგები შემოქმედის თავისუფლებიდან იბადება. ეს თავად ღვთაების აბსულუტური ნამატია. ადამიანი მოწოდებულია გაამდიდროს ღვთაებრივი ცხოვრება. რამეთუ, აბსულუტური ყოფიერება უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ ღმერთსა და ღვთაებრივს, არამედ ადამიანსა და კაცობრივსაც. ორთოდოქსალურ-ბიბლიური თეოლოგია, კოსმოლოგია და ანთროპოლოგია ზედმეტად რაციონალურნი არიან – ისინი ყოფიერების უკანასკნელ პირველსაფუძვლად იმგვარ ნათელს ვარაუდობენ, რომელიც შესაძლოა დაეტიოს ადამიანის გონებაში და არა იდუმალებით მოცულ უფსკრულს, რომელიც ადამიანის გონებაში მხოლოდ ანტინომიას ქმნის. გერმანული მისტიკის სიღმეებში იშლება ამგვარი ანტინომიურობა და მიჰყავს იგი ბემეს Ungrund სიკენ ან ეკხარდტის Gottheit ისკენ, უფრო მეტისკენ, ვიდრე თავად ღმერთია. პანთეისტური ჭეშმარიტება მხოლოდ ამგვარ თავდაპირველ ღვთაებრიობაზე ვრცელდება. სამყაროს ქმნა კი აქეთა მხარეს მდებარეობს, ღმერთში, შინაგან მოძრაობაში გამოხატულ სამსახოვნებაში. გერმანულ მისტიკაში არასრულად იხსნება ანთროპოგონია, მასში მხოლოდ თეოგონია და კოსმოგონია იყო გახსნილი. მაგრამ უფალში უზომო წუხილი და მონატრებაა ადამიანისა. უფალში არსებობს ერთგვარი ტრაგიკული უკმარისობა, რომლის ამოვსებაც მასში ადამიანის შექმნით კომპენსირდება. მისტიკოსები ასწავლიდნენ ადამიანში ღმერთის დაბადების საიდუმლოს. მაგრამ არსებობს სხვაგვარი საიდუმლო, საიდუმლო ადამიანის შექმნისა ღმერთში. არსებობს მოწოდება ადამიანისა, რათა იშვას ღმერთი ადამიანში. მაგრამ არსებობს მოწოდებაც ღვთისა, რათა იშვას ადამიანი მასში. სწორედ ეს არის ქრისტიანული საიდუმლო, რომელიც უცნობია ინდოელი მისტიკოსებისთვის, პლოტინისთვის და ყველა სხვა განყენებულ-მონისტიკური მისტიკისთვისაც. ღმერთი და ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ღმერთი. ერთიანობაში გამოვლენილი ყოფიერების სუბსტანციონალური სიმრავლე უფრო მეტია, ვიდრე არადიფერენცირებული მთლიანობა. საჭიროა პარმენიდესა და ელეატების მეტაფიზიკურ ტრადიციისგან დაცილება. მხოლოდ მითი ღვთის მიერ ადამიანის მონატრებისა და სიყვარულისა გვაახლოებს ჩვენ უკანასკნელ საიდუმლოებასთან.

სამყაროს ქმნადობაში შეღწევას მივყავართ იქამდე, რომ ვაცნობიერებთ შემოქმედებისა და ემანაციის ურთიერთწინააღმდეგბრიობას. თუკი სამყარო იქმნება ღვთის მიერ, ესე იგი შემოქმედებითი აქტი და თავად შემოქმედებაც გამართლებულია. თუკი სამყარო მხოლოდ ემანირებს ღმერთისგან, მაშინ შემოქმედებითი აქტი არ არსებობს და შემოქმედებაც არ არის გამართლებული. მისტიკურ-პანთეისტიკური სწავლება ემანაციის შესახებ ასევე უარყოფს შემოქმედებას, ისევე, როგორც მატერიალისტურ-ნატურალისტიკური სწავლება ევოლუციის შესახებ. თუკი სამყარო მხოლოდ ემანაციიაა, ღვთაების ამოწურვაა, თუკი მასში მხოლოდ ღვთაებრივი ძალის გადანაწილება ხორციელდება და რაც უფრო მეტად სცილდება წყაროს, მით უფრო კლებულობს, მაშინ თავად სამყაროშიც შესაძლებელია მხოლოდ ძალთა ამოწურვა და გადანაწილება ნაცვლად ძალის მატებისა. სწავლება ემანაციის შესახებ არამომგებიანია. არსებობს საიდუმლო და აღმოუფხვრელი მსგავსება ღვთიურსა და სამყაროს გონს შორის. ღვთაებრივ გონს, უარმყოფელს სამყაროს შემოქმედებისა, გარდაუვალად მიჰყავს სამყაროს გონისკენ, რომელიც უარმყოფელია შემოქმედებისა სამყაროში. ემანაციის შესახებ სწავლებისთვის უცხოა შემოქმედებითი აქტი ღმერთში და ამიტომ მისთვის უცხოა ყოველგვარი შემოქმედებითი აქტი, მისთვიც ცნობილი მხოლოდ ამოწურვაა. ემანაციური ღვთიური და სამყაროს გონისთვის ძალა გაედინება და ნაწილდება, მაგრამ არ მატულობს. ღმერთი გამოდის სამყაროში თავისი ემანაციით. პლოტინთან ღმერთი თავისი ძალით არ მცირდება იმის გამო, რომ მისი სხივები ემანირებენ სამყაროში. მაგრამ თანამიმდევრულ  ემანაციურ სწავლებას უნდა მიჰყავდეს ღვთაების დამცრობის სწავლებისკენ. სამყარო ღვთაებრივია, რადგან ღმერთი თავს სწირავს სამყაროსათვის, გადაედინება სამყაროში. ღმერთს არ შეუძლია შექმნას სამყარო, მაგრამ ის თავად ხდება სამყარო. ღვთიური ძალა, რომელიც ემანირებს სამყაროში, უნდა კლებულობდეს, გამოდიოდეს. თუკი სამყარო ემანირებს ღვთაებისგან, მაშინ მას არ ძალუძს შეინარჩუნოს მთელი მისი ძალა, ღვთაებრივი ძალა გადადის სამყაროში. წმინდა პანთეისტური ღვთაებრივი გონი – ემანაციის მომხრე და შემოქმედების წინააღმდეგია. პანთეისტურ-ემანაციური მისტიკა იძულებულია უარყოს შემოქმედება, მისთვის სიცოცხლე ღვთაების გადადინებაა სამყაროში და სამყაროსი – ღვთაებაში, ღვთაებისა – ადამიანში და ადამიანისა – ღვთაებაში. ამგვარი მისტიკისთვის ადამიანი მთლიანად გამოდის ღვთაებაში, ღვთაება – სამყაროში და ა.შ. როდესაც ღმერთი იშვება ადამიანში, ადამიანი იღუპება. არ არის შემოქმედებითი მატება, არამედ მხოლოდ ძალის გადანაწილება. ამგვარ ტიპს მიეკუთვნება არა მარტო ეკხარდტი, არამედ პლოტინი და ინდოეთის მისტიკა. ამ მისტიკისთვის, არსობრივად, უცხოა როგორც ღვთაებრივი ასევე კაცობრივი შემოქმედება. და თანამედროვე ფილოსოფიური სწავლება კლების შესახებ, ყოფიერების სიკვდილი კულტურის შემოქმედებაში დაკავშირებულია პანთეისტურ-ემანაციურ ღვთაებრივ გონთან. ჭეშმარიტ შემოქმედებაში არაფერი არ კლებულობს, არამედ მატულობს, მსგავსად იმისა, როდესაც სამყაროს ღვთაებრივი შესაქმის დროს არ კლებულობს ღთაებრივი ძალა მისი სამყაროში გადასვლის დროს, არამედ მატულობს ახალი, ჯერ არ არსებული. პანთეისტიკურ-ემანაციური ღვთაებრივი გონი, უკიდურეს ფორმაში მიდის კონსერვატიულ სამყაროს მგრძნობელობამდე, რადგან თანამიმდევრულად უნდა უარყოს ადამიანი. ცხადია, ამით ოდნავადაც არ ხდება უარყოფა პანთეიზმის დიდი ჭეშმარიტებისა, რომელიც შემადგენელია თეისტური ღვთაებრივი გონისაც. ფიქრი ღმერთის შესახებ აღემატება იმ ანტინომიებს, რომლებიც იშვება სამყაროს შესახებ ფიქრიდან მის ღვთისადმი დამოკიდებულებაში. ვინაიდან ერთნაირად ჭეშმარიტია ანტინომიური თეზისები: სამყარო ღმერთში და სამყარო ღმერთის გარეშე, ღმერთი ტრანსცენდეტულია სამყაროს მიმართ და ღმერთი იმანენტურია სამყაროს მიმართ. ბიბლიური სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ არ არის ერთადერთი ჭეშმარიტება, მასში მხოლოდ ერთ-ერთი ანტინომიური თეზისია მოცემული. დახურულად რჩებოდა ანტინომიის სხვა თეზისი: სამყაროს შესაქმე დანაწევრებისა და განვითარების შინაგანი პროცესია ღთაებრივ ყოფიერებაში.

მატერიალისტურ ევოლუციონიზმს მეტად უცნაური მსგავსება გააჩნია ემანაციის სწავლებასთან, მიუხედავად იმისა, რომ ემანაციაში ღვთაებრივისგან დაშორების მომენტში ყველაფერი უარესდება, ევოლუციის დროს კი – ყველაფერი უმჯობესდება. მატერიალისტური ევოლუციონიზმი დაუშვებს მხოლოდ ელემენტთა გადანაწილებას დახშულ სამყაროში, მაგრამ არ დაუშვებს შემოქმედებას. ამ სწავლებისთვის არსებობს მხოლოდ ძალთა კლება და გადანაწილება, მაგრამ არა შემოქმედება. მექანიკური ევოლუცია  და შემოქმედება ურთიერთსაპირისპირონი არიან. დარვინისა და სპენსერის ევოლუციაში მოქმედებს კონსერვატიული ინერციის და არა შემოქმედებითი ძალა. ამგვარ ევოლუციაში შეიძლება დავინახოთ პოზიტივისტიკური მსგავსება მისტიურ ემანაციასთან. არც ემანაციაში და არც ევოლუციაში არაფერი არ იქმნება, არამედ მხოლოდ გადაედინება სხვა ფორმაში. როგორც ემანაციურ, ასევე ევოლუციურ სწავლებაში არსებობს შეგუება აუცილებლობის წინაშე. მატერიალიზმი საპირისპიროა თეისტური აზროვნებისა, რომელიც უშვებს შემოქმედებით აქტს, მაგრამ ის შეიძლება იყოს ახლობელი პანთეისტურ აზროვნებასთან, უარმყოფელი შემოქმედებითი აქტისა. მატერიალისტურ სამყაროში არაფერი არ იქმნება, არამედ მხოლოდ გადანაწილდება და გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში. კანონი ენერგიის შენარჩუნების შესახებ მატერილიალიზმისთვის შემოქმედების უარყოფას, ყოფიერების კონსერვატიზმს ნიშნავს. მსგავსად ამისა, ემანაციის შესახებ სწავლებამ, ასევე სხვაგვარად უნდა აღიაროს კონსერვატიული კანონი ენერგიის შენარჩუნების შესახებ. შემოქმედება არის ენერგიის ნამატი არა სხვა ენერგიისგან, არამედ არაფრისგან, სწორედ ამიტომ ის არ ექვემდებარება ენერგიის შენარჩუნების აბსოლუტურ და საყოველთაო ხასიათს, ის ზეაღემატება მას. ევოლუცია შესაძლებელია უბრალოდ დედუცირდეს ენერგიის შენარჩუნების კანონის შესაბამისად, რისი გაკეთებაც სცადა სპენსერმა. მაგრამ ამგვარ საწყის ვარაუდს სამყაროს ენერგიის დახშულობისა და მისი მატების უუნარობის შესახებ არ გააჩნია აბსულუტური მნიშვნელობა, ეს მხოლოდ ცოდვილ სამყაროს მდგომარეობისადმი და აუცილებლობისადმი შემგუებლობის კერძო ფორმაა. შემოქმედების მატერისალისტური და ევოლუციონისტური უარყოფა არის შემოქმედების მისტიური უარყოფის მცდელობის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენის შედეგი, განყენებულ პანთეიზმში და ემანაციონიზმში. თეისტური, უფრო სწორედ, პანთეისტური ღვთაებრივი გონი უნდა ამართლებდეს ყოველგვარ შემოქმედებით აქტს. წმინდა პანთეისტური ღვთაებრივი გონი არ უშვებს შემოქმედებას როგორც ღვთაებრივს, ასევე კაცობრივს. მისთვის მხოლოდ ერთი ღვთაებრივი მდგომარეობა გადაედინება მეორეში. პანთეიზმი, სამყაროს ემანაცია ღვთაებრივიდან, არ უშვებს არც ღვთის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და არც ადამიანისა და სამყაროს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. შემოქმედებითი აქტი კი ყოველთვის ითვალისწინებს დამოუკიდებლობასა და პიროვნულ თავისუფლებას, რომლისთვისაც უცხოა პანთეისტური აზროვნება.

მეტაფიზიკური და მისტიური მონიზმი გამორიცხავს შემოქმედებითი აქტის შესაძლებლობას როგორც ღმერთში, ისე სამყაროში. შემოქმედებითი აქტი გულისხმობს მონოპლურალიზმს, ანუ იმის დაშვებას, რომ ღმერთის არსების პარალელურად შეიძლება არსებობდეს მრავალი დამოუკიდებელი და თავისუფალი არსება. საქმე იმაში კი არ არის, რომ სამყარო და ადამიანი არაღვთაებრივნი არიან, არამედ იმაში, რომ ყოველ პიროვნებას, ყოველ არსებას გააჩნია თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფიერება. ღვთაების ტრანსცენდენტობის დაშვება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შეუძლებელი იქნება ყოველი პიროვნების თვითობრიობა გაქრეს და შეერიოს ღვთაებრივს. პიროვნების თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფიერება ერწყმის, მაგრამ არ ქრება ღმერთში. გაქრობა გულისხმობს ღმერთს უსახოს, თავისუფალი შერწყმა კი – სახიერ ღმერთს. პიროვნული ღმერთი სამპიროვანია, ღვთაებრივი სამების სამი პირი. მხოლოდ სამპიროვანი ღმერთის მეშვეობით არის შესაძლებელი პირადი ურთიერთობა და შერწყმა. ერთიანი ღმერთი არასახიერია და ამ პირველღვთაებისთვის, რომლის შესახებაც ასე გენიალურად გვასწავლის ეკხარდტი, ყოველგვარი პიროვნულის გამოყენება მიუღებელია. ინდოეთის რელიგიურ აზროვნებაში ღმერთი ჯერ არ გახსნილა სამყაროსათვის სამპიროვანი სახით – ეს ღვთაებირივი გამოვლინების ყველაზე დაბალი სტადიაა. ქრისტიანობაში ღმერთი უკვე სამსახოვნად არის წარმოჩენილი სამყაროსთვის. სამყარო თავად არის შინაგანი დრამა სამსახოვნებისა. და შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი სრულიად ტრანსცენდენტულია ადამიანის მიმართ და სრულიად იმანენტურიც მისდამი. ჩემში უნდა გაიხსნა არა მხოლოდ ღმერთი და ღვთაებრივი, არამედ ადამიანიც, ჩემი, ადამიანური, ანუ, ადამიანი უნდა იშვას ღმერთში. მრავლობითობას სამყაროში რელიგიურ-სუბსტანციონალური მნიშვნეობა გააჩნია. ღთაებრივი ყოფიერება მონოპლურალურია. მარადისობა არა მხოლოდ ღვთის მონაპოვარია, არამედ ადამიანისაც, როგორც სამყაროს პროცესების ნამატი. ამაშია ქრისტიანობის, როგორც ღმერთკაცობრივი რელიგიის არსი. ოფიციალურ თეისტურ აზროვნებაში არის საშიში გადახრა მომაკვდინებელი დეიზმისკენ, რომელიც საბოლოო ჯამში აცალკევებს ღმერთსა და სამყაროს. ღმერთი აღემატება სამყაროს, მაგრამ სამყარო ღვთაებრივია, ღვთაებრივი ენერგია გადაედინება სამყაროში. თეისტური აზროვნება, რომელიც მხოლოდ ტრანსცენდენტულ, შორეულ და გარეგან ღმერთს აღიარებს, უმწიფარი, ბავშვური აზროვნებაა, რომელშიც რელიგიური შიში იშვება. ზრდასრული აზროვნება იცნობს ღმერთს იმანენტურს, ახლობელს და შინაგანს. პროცესის უარყოფა, მოძრაობა ღმერთში, ასევე არის გადახრა დეიზმისკენ. სწავლებამ ღვთის სამსახოვნების შესახებ უნდა აღიაროს განვითარება ღმერთში და შეიმეცნოს მსოფლიოს წარმოშობისა და მსვლელობის პროცესი, როგორც ღვთაებრივი სამების შინაგანი დრამატული მოძრაობა. ღვთაებრივი სამების პირებს შორის არსებული სიყვარული არის სწორედ ღვთაებრივი დინამიკა. აუცილებელია შემოქმედებითი ევოლუციის აღიარება, განვითარების, როგორც პროცესის  – თეოგონიური, კოსმოგონიური და ანთროპოგინური.

შემოქმედებითი აქტი დამახასიათებელია მხოლოდ იმგვარი პიროვნებისთვის, რომელიც თავისუფალია დამოუკიდებელი თავისი ძალაში. შემოქმედება შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმას, რაც წარმოშობილია თვითმყოფადი სუბსტანციით, რომელსაც სამყაროში ძალის მატების შესაძლებლობა გააჩნია. ის რასაც დასაბამი აქვს გარეგანიდან. ის, რაც იქმნება სუბსტანციათა გადანაწილებით, არ არის შემოქმედება. შემოქმედება არ არის სამყაროს ნაწილთა ახლებური თანაფარდობა, შემოქმედება სამყაროს პირადი სუბსტანციის ორიგინალური აქტია. თუკი სამყარო არ არის პირად სუბსტანციათა იერარქია, რომელთაც თავისუფალი და ორიგინალური ძალა გააჩიათ, მაშინ შეუძლებელია სამყაროში არსებობდეს შემოქმედება. მხოლოდ პერსონალისტიკურ სწავლებას სამყაროს შესახებ, რომლისთვისაც ერთია ყოველგვარი ყოფიერება – პირადი და თვითმყოფად-სუბსტანციონალური, ძალუძს გაიაზროს შემოქმედების არსი. ამგვარი პერსონალისტიკური სწავლება აღიარებს პიროვნების ორიგინალობას, რომელიც არ გამომდინარეობს გარეგანისა და საზოგადოსგან, არცერთგვარი გარემოდან. ღმერთი კონკრეტული პიროვნებაა და სწორედ ამიტომ არის შემოქმედი; ადამიანი კონკრეტული პიროვნებაა და ამიტომ არის შემოქმედი; ყოფიერების მთელი შემადგენელი, კონკრეტული და პერსონალურია  და ამიტომ შეიცავს შემოქმედებით ძალას. მთლიანად სამყარო ცოცხალ ორგანიზმთა, ორიგინალურ პიროვნებათა იერარქიაა, რომლებსაც სამყაროში შემოქმედებითი მატების უნარი გააჩნიათ. ის პროცესი, რომელიც სამყაროს სუბსტანციების გარეგანი თანაფარდობით და მათი გადანაწილებით იშვება, ევოლუციას წარმოადგენს. ის პროცესი, რომელიც იშვება სუბსტანციის შინაგანი ძალისგან, მისი პირადი ორიგინალობიდან, შემოქმდებას წარმოადგენს. სამყაროს მატერიალიზაცია, რომელიც უშვებს მხოლოდ ევოლუციას და არ უშვებს შემოქმედებას, არის შედეგი პერსონალურ სუბსტანციათა დაცემისა, დამონებისა და დამძიმების. ასეთმა დამონებამ და დამძიმებამ მიგვიყვანა იმგვარ მცდარ მოსაზრებამდე, თითქოს ღმერთმა შექმნა ქმნილი ყოფიერება, რომელსაც მხოლოდ ევოლუციის, გადანაწილების, ბატონობის უნარი გააჩნია და არ შეუძლია შემოქმედება. ქმნილი ყოფიერება მოიაზრება დინამიურად და არა სტატიურად. ელემენტთა ინერცია და კონსერვატიზმი შემოქმედების ძირითად თვისებებად მოიაზრება. შემოქმედს არ უთქვამს თავისი ქმნილებისთვის მისი შემოქმედებითი ენერგიის შესახებ. შემოქმედებითი აქტის პროცესში, შემოქმედმა წრედი შეკრა, დაასრულა ქმნა და ქმნილებისგან მხოლოდ აბსულუტური მორჩილება და სიმშვიდე მოითხოვა. დინამიკა შემოქმედებაში მხოლოდ ცოდვით დაცემის დროს წარმოიშვა, ცოდვამ შვა მოძრაობა. ცოდვაზე გამარჯვებამ უნდა დაუბრუნოს ქმნილებას სიმშვიდე და შეწყვიტოს ყოველგვარი დინამიკა, ნამოქმედარი ბოროტისა. ამგვარი აზროვნება მხოლოდ ინერტულობის, პასიურობის  და ადამიანის სტატიურობის ანარეკლი იყო. დაცემისას ადამიანმა დაკარგა შემოქმედებითი დინამიკა, დამძიმდა, დაექვემდებარა აუცილებლობას და გარდაუვალ ევოლუციას. ცოდვაზე გამარჯვებამ უნდა აღადგინოს ადამიანის შემოქმედებითი ძალები, დაუბრუნოს შემოქმედებითი დინამიკა. შემოქმედებითი ყოფიერება, თავისი არსით, შეუძლებელია იყოს დასრულებული და დახშული, ღმერთის შემოქმედებით აქტში. თუკი შესაქმის პროცესი დინამიურია, მასში გამუდმებით მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი. შემოქმედი აძლევს ადამიანს, როგორც თავის ხატსა და მსგავსს, თავისუფალ შემოქმედებით ძალას. კაცობრივი შემოქმედება მსგავსია ღვთის შემოქმედებისა, არა იდენტური, არამედ მსგავსი. ადამიანი არ არის სრული, ამიტომ მას შეუძლებელია გააჩნდეს აბსოლუტური ძალა. თავისი შემოქმედებისას ადამიანი დაკავშირებულია სხვა ხალხთან და სამყაროს სხვა ქმნილებებთან, მაგრამ ის არ არის ყოვლისშემძლე. თუმცა, ადამიანის პრიოვნებაში არსებობს ორიგინალური შემოქმედებითი პოტენციალი, მსგავსად ღვთისა. ღმერთი არ არის ბატონი, ხელმწიფე ან მბრძანებელი. სამყაროს ღვთაებრივი მმართველობა არ არის თვითმმართველური. ძველი აღთქმის აზროვნებისთვის, რომელიც დათრგუნელი და დაშინებულია, ღმერთი ცნობილია როგორც თვითმმართველი ბატონი, სასტიკი მბრძანებელი. ამგვარი აღქმა ღვთისა და აზროვნება არ ესადაგება ქრისტიანული რელიგიის ღმერთკაცებრივ გაგებას. ღვთისადმი, რომელიც აღქმულია როგორც სასტიკი მბრძანებელი ან თვითმპყრობელი ბატონი, შეუძლებელია არსებობდეს ინტიმური ურთიერთობა. ინტიმურობა ღვთისადმი შესაძლებელია მხოლოდ როგორც ადამიანისადმი, ანუ, როგორც ქრისტესადმი. ქრისტეს წყალობით ღმერთი აღარ არის ბატონი, მმართველი ან მბრძანებელი და ღვთის განგებულება აღარ არის თვითმპყრობელური. ამიერიდან იწყება შინაგანი, ერთობლივი, ინტიმური თანაცხოვრება ღვთისა და ადამიანისა, გააზრებული თანაზიარება ადამიანისა ღვთაებრივ ბუნებასთან. ძალიან ძნელია ღმერთის მიღება ქრისტეს გარეშე. დღეისათვის უკვე შეუძლებელია ადამიანისათვის ღმერთის მიღება ქრისტეს გარეშე. ქრისტეს გარეშე ღმერთი სასტიკი და უცხოა და შეუძლებელია მისი გამართლება. ქრისტე არის ერთადერთი თეოდიცეა. არაქრისტიანული თეიზმი, სამებისა და ქრისტეს გარეშე საშინელია, მკვდარია და ამაო. არ შეიძლება ღვთის რწმენა ქრისტეს გარეშე. ხოლო, თუკი არის ქრისტე, მაშინ ღმერთი არ არის ბატონი ან თვთითმპყრობელი მბრძანებელი – ღმერთი ახლობელია ჩვენი, ადამიანურია, ის ჩვენშია და ჩვენ მასში. ღმერთი თავად არის ადამიანი – აი უდიდესი რელიგიური გამოცხადება, გამოცხადება ქრისტესი. ქრისტესთან ერთად წყდება ღმერთის თვითმპყრობელობა, რადგან ღვთისშვილებრივი ადამიანი მოწოდებულია უშუალოდ იყოს მონაწილე ღვთაებრივი ცხოვრებისა. სამყაროს მმართველობა ღმერთკაცებრვი ხდება.

რელიგიაში ღმერთკაცებრივი ღმერთის მიერ იხსნება ნება ღვთისა, მაგრამ ნება ადამიანისა უნდა გაიხსნას თავად ადამიანის მიერ. ღმერთკაცობრივი რელიგია ითვალისწინებს ადამიანის აქტივობას. თუკი ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად და სახედ თვისა და თუკი ძე ღვთისა სრულყოფილი ადამიანია, ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთის ძეობრივი ადამიანი მოვლენილია თავისუფალ შემოქმედად, მსგავსად მამისა – შემოქმედისა. ქრისტე – ძე ღვთისა, გამომსყიდველი და მხსნელი აღადგენს ადამიანის დაწყვეტილ და დასუსტებულ შემოქმედებრივ ძალებს. ქრისტეს გზა ადამიანის ჭეშმარიტი დაბადებაა. ადამიანის შესახებ ღმერთის იდეა შეუძლებელია გაიხსნას მხოლოდ ღმერთის მიერ, არამედ ის ადამიანებმაც უნდა გახსნან, ადამიანი მოწოდებულია გააგრძელოს ღვთაებრივ-შემოქმედებითი გზა. სამყაროს ქმნა არ დასრულებულა შვიდ დღეში. შვიდდღიანი დასრულებული ქმნადობა არის ორგანული ძველი აღთქმისეული შემოქმედებითი ასპექტი. ძველი აღთქმის კოსმოგონიურ აზროვნებას ცოდვის დაცემის ბეჭედი ადევს. მაგრამ ახალი აღთქმისეული ქრისტეს რელიგია შემოქმედების ახალ ასპექტებს ხსნის. ღვთის გამოვლინება ქრისტეს, ლოგოსის, განხორციელებაში გრძელდება. ღმერთკაცის გამოჩენა, სამყაროს შემოქმედების ახლებური მომენტია, თავისი მნიშვნელობით კოსმიური მომენტი. ქრისტეს გამოვლინებაში იხსნება ახალი საიდუმლო ადამიანის შემოქმედებისა. სამყარო იქმნება არა მხოლოდ მამა ღმერთში, არამედ ძე ღმერთშიც. ქრისტოლოგია არის სწავლება შემოქმედების განგრძობის შესახებ. და მისი დასრულება შესაძლებელია მხოლოდ სულში, მხოლოდ ადამიანის შემოქმედებაში სულით. სამყაროს შემოქმედების პროცესი სამების ყველა ჰიპოსტასში გადის. სამყაროს პროცესი ხორციელდება სამებაში. სწორედ ამიტომ ყველაფერი მიწიერი ზეცაში აღესრულება. შესაქმის საიდუმლო შეუძლებელია გაიხსნას მხოლოდ მამა ღმერთში, ანუ ძველი აღთქმის აზროვნებაში. ქრისტეს განხორციელებაში, როგოროც შემოქმედების განგრძობაში უკვე ჩადებულია ადამიანის შემოქმედებითი როლი. ძე ღმერთსა და სულიწმინდაში იხსნება ის, რომ ღმერთი კვლავაც აგრძელებს ქმნას, ადამიანის თავისუფალ ძალასთან ერთად. შემოქმედების საიდუმლოება მხოლოდ სამების რელიგიაში შეიძლება იყოს გახსნილი, ის დახურულია ძველი აღთქმისეული აზროვნებისათვის. ღმერთმა იმდენად მაღალი და თავბრუდამხვევი მსგავსება შექმნა თავისი, რომ თავად ღვთის შემოქმედების აქტში უკვე გამართლებულია ადამიანის უსაზღვრო შემოქმედებითი სითამამე, მისი შემოქმედებითი თავისუფლება. მაგრამ ოფიციალური სწავლება სამყაროს შესაქმის შესახებ როგორც მართლმადიდებლობაში, ისე კათოლიციზმში ძველი აღთქმისეულია, მასში არ არის ბოლომდე ახსნილი ქრისტეს საიდუმლო იმის შესახებ, რომ მასში გრძელდება ადამიანისმიერი შემოქმედებითი პროცესი. ქრისტიანული კოსმოგონია დარჩა ბიბლიური შვიდდღიანი შესაქმის კოსმოგონიად, მამა ღმერთის მიერ. კოსმიური არსი ახალი ადამის შობისა არ გახსნილა ქრისტიანობის მიერ. სწორედ ამიტომ, ადამიანისა და სამყაროს დანიშნულება გაიგება როგორც მამა ღმერთის წიაღში, პირველსაწყისი მდგომარეობაში    დაბრუნება. მხოლოდ ძველ აღთქმისეულ აზროვნებას შეეძლო სამყაროს ცხოვრების არსის წვდომა როგორც დაბრუნება, როგორც გამარჯვება ცოდვაზე. ქრისტიანული კოსმოგონია და კოსმოლოგია ძველ აღთქმაში დარჩნენ, ისინი ხედავენ სამყაროს და მის შემოქმედებას მხოლოდ მამა ღმერთის ასპექტში. ქრისტიანული აზროვნებისთვის კი ჯერ კიდევ როდის იყო ცნობილი შემოქმედებითი გამოცხადების შესახებ, რომ ადამიანისა და სამყაროს დანიშნულება იყო შეექმნათ ჯერ კიდევ აქამდე არარსებული რამ – შეევსოთ და გაემდიდრებინათ ღვთის ქმნილენა. მსოფლიო პროცესი შეუძლებელია იყოს მხოლოდ ცოდვის აღმოფხვრა და გამოსყიდვა, მხოლოდ ბოროტზე გამარჯვება. მსოფლიო პროცესი – შესაქმის მერვე დღეა, განგრძობილი შესაქმე. მსოფლიოს კოსმოგონიურ პროცესში ღვთის ყველა საიდუმლო აღესრულება, შესაქმისა და შემოქმედების ყველა საიდუმლო. მსოფლიოს პროცესი – ღვთის გამოცხადების შემოქმედებითი პროცესია, სადაც თანაბრად მონაწილეობენ შემოქმედიცა და ხელთქმნილი ყოფიერებაც. ქმნილი ყოფიერების შემოქმედებაში გამოჩნდება ძე ღვთისა და სულიწმინდა. შემოქმედი ადამიანი თანაზიარია ღვთაებრივი ბუნებისა, მასში გრძელდება ღვთივკაცობრივი შემოქმედება.

განვითარების სამეცნიერო-პოზიტიური, ევოლუციური თეორია კონსერვატიულია, ის უარყოფს განვითარების შემოქმედებით ხასიათს, რაც არ უშვებს სამყაროში ნამატს. მატერიალიზმისთვის და ევოლუციონიზმისთვის სამყაროში არაფერი იქმნება, არამედ მხოლოდ გადანაწილდება. სამყარო ჩაკეტილი მოცემულობაა და ინერტულია. ევოლუციონიზმი უარყობს შემოქმედ სუბიექტს. შემოქმედება თავისუფლებაა; ევოლუცია აუცილებლობა. შემოქმდებაში იგულისხმება პიროვნება; ევოლუცია უპიროვნოა. აი, მაგალითისთვის, დარვინიზმი არის პასიურ-მორჩილებითი აღწერა მონებრივი აუცილებლობის ფაქტორებისა ბუნებით ყოფიერებაში, სადაც დაფარულია აუცილებლობა შემოქმედის თავისუფლებისა. დარვინიზმში უდაოდ არის ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან არსებულ ბუნებით მდგომარეობაში მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისთვის და ბუნებითი გადარჩევის პროცესი. მაგრამ უკვე არაერთგზის იყო მითითებული, რომ ამ სწავლებაში დაფარულია განვითარების შემოქმედებითი მხარე და არც განვითარების სუბიექტი არსებობს. სწორედ ამიტომ, დღეისათვის დარვნიზმის არასრულყოფილება და ნაკლოვანება უფრო ხშირად განიხილება სამეცნიერო და ფილოსოფიურ წრეებში. დარვინიზმი რჩება მხოლოდ ეკონომიურ-შემგუებლობითი სახის ცდად განვითარების გარეგანი ფაქტორების აღწერისათვის. განვითარების სიღრმეებს დარვინიზმი არ წვდება, ის იგნორირებას უკეთებს შემოქმედებით სუბიექტს. მაშინ როცა, თავად ბრძოლა გადარჩენისთვის და ბუნებრივი გადარჩევაც შეიძლება აღვიქვათ, როგორც შემოქმედებითი სუბიექტის ერთ-ერთი მდგომარეობა, როგორც მისი დაცემა, მისი ჩაშვება ყოფიერების უმდაბლეს შრეებში და მისი შემგუებულობა დაცემის შედეგებთან. ანუ, როგორც შემოქმედებითი ძალის შესუსტება. მეცნიერებას შეუძლია აღწეროს ბუნებრივი გადარჩევისა და გადარჩენისთვის ბრძოლის ფაქტორები, მაგრამ ფილოსოფია სვამს კითხვას ამგვარი ბუნების წარმოშობის პირველსაწყისის შესახებ. არსობრივად, დარვინიზმს არ ძალუძს განვითარების საწყისის განმარტება, რადგანაც მისთვის უცნობია მისი ბოლო და აღწერს მხოლოდ განვითარების შუალედურ პროცესს და მის გარეგნულ ფაქტორებს. ცრუ არის ის ფილოსოფია, რომელიც ცდილობს აქციოს დარვინიზმი ყოფიერების მეტაფიზიკად. დარვინიზმი მხოლოდ მაღალფარდოვნად საუბრობს ჩვენი სამყაროს არაშემოქმედებრივ მდგომარეობაზე, საუბრობს შემოქმედებითი სუბიექტის ჩახშობაზე ბუნებით ევოლუციაში. არანაკლები მაღალფარდოვანებით საუბრობს ამაზე მარქსიზმიც. მარქსისტული სწავლება სოციალური განვითარების შესახებ ისეთივე კონსერვატიულია, არაშემოქმედებითია, ისეთივე მორჩილია აუცილებლობს წინაშე, როგორც დარვინისტული სწავლება ბიოლოგიური განვითარების შესახებ. მარქსიზმი ისევე უარყოფს შემოქმედებით სუბიექტს, როგორც დარვინიზმი. მარქსიზმისთვისაც განვითარება მხოლოდ სოციალური მატერიის გადანაწილება, რომლისთვისაც უცხოა აფსოლუტური ნამატი. მარქსიზმისთვის უცხოა პიროვნულობა, უცნობია თავისუფლება ამიტომ უცხოა შემოქმედებაც. მარქსიზმშიც არის სიმართლის მარცვალიც, სადაც საუბარია შემოქმედებითი სუბიექტისა და ადამიანის დათრგუნვის შესახებ. მაგრამ მარქსიზმის სიცრუე იმაში მდგომარეობს, რომ ის ყოფიერების მეტაფიზიკად აცხადებს თავს. არაშემოქმედებითი, კონსერვატიული ევოლუციური სწავლება, რაც ყველაზე კარგად დარვინიზმსა და მარქსიზმში გამოვლინდა, რელიგიურად კანონისა და გამოსყიდვის ეპოქებში არსებობს სრულად. ევოლუციონიზმი ასწავლის ადამიანის ცოდვილობის შესახებ. მეცნიერებას ყოველთვის უწევს იქონიოს საქმე ცოდვასთან და მის შედეგებთან. მეცნიერება, მსგავსად სახელმწიფოსი, ძველი აღთქმისეულია და არ აქვს შეხება შემოქმედებასთან. ყველაზე გასაოცარი კი მეცნიერული და რელიგიური აზროვნების სოლიდარობაა შემოქმედების უარყოფაში. მეცნიერული უარყოფა წარმოშობილია რელიგიური უარყოფიდან. მექანიკური და მატერიალისტური ხედვა სამყაროს ბუნებისა, მხოლოდ მეორე მხარეა ქრისტიანულ-ასკეტიკურ სამყაროს აღქმისა. ქრისტიანობამ განაგდო ბუნების სულები და ამით სამყაროს მექანიზირება მოახდინა. ამგვარი მნიშვნელობით, მეცნიერება ქრისტიანობის ფუძემდებელია. მეცნიერება ქრისტიანული ცოდვისა და დაცემის აზროვნების მორჩილების ქვეშაა. მეცნიერებაცა და რელიგიაც ერთნაირად არიან დაჰოპნოზებულნი ცოდვის გამოსყიდვით და აუცილებლობით იმისა, რაც იშვება ცოდვის საფუძველზე. ორთოდოქსალური მართლმადიდებლური აზოვნება ისევე ეწინააღმდეგება შემოქმედებას და ეშინია მისი, როგორც ორთოდოქსალურ მეცნიერულ აზროვნებას.

თეოსოფიური სწავლებები მეცნიერებისა და რელიგიის სინთეზირების მოხდენას ცდილობენ და არც თუ ისე იშვიათად არაშემოქმედებრივი ევოლუციის სწავლების ფორმას იღებდენ. თეოსოფიური ევოლუციონიზმი, არც ისე იშვიათად, ნატურალისტიკური ევოლუციის მონათესავე სწავლებად გვევლინება. მაგრამ თეოსოფიური აზროვნება, ისევ როგორც მართლმადიდებლური აზროვნება, ხვდება, რომ ამვარი ბუნებითი თანმიმდევრულობა ადამიანის ყოფიერების უმდაბლეს შრეებში ჩაფლობის რეზულტატია, ინვოლუცია მატერიაში, რასაც ვერ წვდება ნატურალისტიკურ-ევოლიციონისტური აზროვნება. შემოქმდებრივი სუბიექტის დათრგუნვა აისახება მეცნიერებაშიც, რელიგიაშიც და თეოსოფიაშიც. პლატონიზმი, რომელიც ძლიერია რელიგიაშიც, ფოლოსოფიაშიც, თეოსოფიაშიც და მეცნიერებაშიც, უფრო სტატიურია, ვიდრე დინამიური, საბოლოო ჯამში უარყოფს შემოქმედებას და მხოლოდ მარადიულად არსებულ პირველსახეებსა და იდეებთან მიახლოებას აღიარებს. მეცნიერება მთლიანად გამსჭვალულია მორჩილების სულითა და ასკეტიზმით. მეცნიერებისთვის შემოქმედებითი პროცესი ისევე დემონურია, როგორც მართლმადიდებლობისთვის. სხვაგვარად, დარვინიზმი და მარქსიზმი ქრისტიანობის არაშემოქმედებრივი ეპოქის უკანონო შვილები არიან.

შემოქმედებითმა ეპოქამ უნდა შექმნას ახალი, შემოქმედებითი სწავლება ადამიანის, სამყაროსა და მისი განვითარების შესახებ. სწორედ შემოქმედებითი განვითარების აღმოჩენა უნდა მოხდეს სამყაროში და არა ევოლუციის. შემქმედებითი ეპოქის შეცნობა აქტიური და არა პასიური პროცესია, ის შემოქმედებით აქტივობას საჭიროებს და ამიტომ შემოქმედებას წარმოაჩენს. ევოლუციის შემეცნება კი მხოლოდ პასიურ საშუალებას წარმოადგენდა. სწავლება შემოქმედებითი განვითარების შესახებ გულისხმობს თავისუფლებას როგორც აუცილებლობის საფუძველს და პიროვნულობას, როგორც საფუძველს მთელი კაცობრიობისთვის. ძველებური სპირიტუალიზმი, ქრისტიანული თუ უბრალოდ ფილოსოფიური, ასწავლიდა ნების თავისუფლებას და პიროვნების სუბსტანციალურობას, მაგრამ არ ასწავლიდა შემოქმდების შესახებ. ამგვარი სპირიტუალიზმი იყო სრულიად პასიური, მასში იგრძნობოდა შემოქმედებითი სუბიექტის დათრგუნვა, როგორც მატერიალიზმში. ძველებურ სპირიტუალიზმში პიროვნების თავისუფლების იდეას მიჰყავდა მხოლოდ პასუხისმგებლობისა და ცოდვილობის აღქმისკენ, მაგრამ არ მიჰყავდა შემოქმედებითი ძალის აღქმისკენ. თავად ყოფიერებაში შემოქმედებითი ძალა დათრგუნელ მდგომარეობაში იყო, მსგავსად სპირიტუალისტური აზროვნებისა. შემოქმედებითი ძალის დინამიურ მდგომარეობაში გადასვლა სხვაგვარ შემეცნებას წარმოშობდა ყოფიერებაში. რამეთუ შემეცნება ყოფიერებაა. ადამიანის შემოქმედებითი ძალის შესახებ ახლებური შემეცნება მხოლოდ ახალი ყოფიერება შეიძლება იყოს. ახალი ადამიანის შემოქმედებითი გარღვევები ახალი ყოფიერებისა და ახალი აზროვნების დაბადების სიმპტომებია. პასიურ მდგომარეობაში მხოლოდ სამყაროს ევოლუცისიის შეცნობაა შესაძლებელი; აქტიური მდგომარეობისას როდესაც თავისუფლებისკენ გარღვევა ხორციელდება, შესაძლებელია სამყაროს შემოქმედებითი შემეცნებაც. ამ დრომდე როგორც რელიგიური, ასევე სამეცნიერო აზროვნება ყოფიერების იმგვარ მდგომარეობას გამოხატავდნენ, რომელშიც შეუძლებელია შემოქმედებითი ძალისა და განვითარების შემეცნება. მხოლოდ მოქმედების ფილოსოფიას შეუძლია შეიმეცნოს ყოფიერების შემოქმედებითი დინამიკა. მისტიური ფილოსოფია უმეტესწილად პასიურ-მჭვრეტელობითი იყო და ამიტომაც არ ეხსნებოდა შემოქმედების საიდუმლო.

ჩვენ ორმაგი ამოცანის დაძლევის წინაშე ვდგავართ: მეცნიერული წვდომა იმისა, რომ შეუძლებელია ენერგიის შემოქმედებითი ნამატი სამყაროში და წვდომა რელიგიური, რომელიც ითვალისწინებს სამყაროს შემოქმედების გაგრძელების შესაძლებლობას. შემოქმედებითი ფილოსოფია აღიარებს ქმნილი ყოფიერების დინამიურობას. ქმნილი ყოფიერება მარადიულად აგრძელებს ქმნას, მასში არ არსებობს შემოქმედებითი პროცესის ჩარჩოები, ის არ არის სტატიური, ის არ არის ჩაკეტილი. ქმნილი ყოფიერება სრულებით პერსონალური და პლურალურია, ანუ, შედგება თვითმყოფადი და შემოქმედებითი ინდივიდუალური ქმნილებებისგან. კოსმოსი იქმნება, ის არ არის მოცემული, არამედ წინასწარგანზრახულებას წარმოადგენს. მაგრამ არსებობს თუ არა ზღვარი ქმნილებათა შემოქმედებაში? სრულად არიან თუ არა მსგავსნი თავიანთი შემოქმედისა ქმნილი არსებები შემოქმედებით ძალაში? არსებობს მარადიული და გარდაულახავი ზღვარი, რომელიც განასხვავებს ქმნილი არსების შემოქმედებას ღვთაებრივი შემოქმედებისგან. ხელთქმნილი არსება არ ქმნის თავის მსგავს არსებებს – ამგვარ არსებებს მხოლოდ შემოქმედი ქმნის. ხელთქმნილ ყოფიერებას არ ძალუძს პიროვნების შემქმნა – პიროვნება მხოლოდ ღვთის მიერ იქმნება. პიროვნება დასაბამიდან იქმნება ღვთის მიერ. ყოველი მცდელობა ხელთქმნილი არსებისგან შექმნას არსება, პიროვნება, მხოლოდ მკვდარი, ავტომატური, მექანიუკური არსების შექმნით სრულდება. ამგვარი მცდელობა ყოველთვის დემონურია, ეს შავი მაგიაა. მხოლოდ ღმერთს ძალუძს შექმნას ცოცხალი არსება, პიროვნება. ყოველი არსების, პიროვნების საფუძველი ღვთაებრივია. ცოცხალი არსებების ქმნა შეიძლება მიმართული იყოს მხოლოდ ყოფიერების შემოქმედებითი ენერგიის ნამატისკენ, არსებათა ზრდისკენ და მათი ჰარმონიისკენ სამყაროში, მათ მიერ უდიდესი ფასეულობების შექმნისკენ, ჭეშმარიტებისკენ სწრაფი აღმასვლისკენ, ანუ კოსმოსისა და კოსმიური ცხოვრების შექმნისკენ, გარდატეხისკენ, ზესამყაროებრივი სისავსისკენ. მაგრამ პიროვნება მსგავსად და ხატად ღვთისა შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ღმერთის მიერ. თავად ცოცხალ არსებათა იერარქიაც შექმნილია შემოქმედის მიერ ისე, როგორც ყოფიერების მარადიული შემადგენელი ნაწილი. შეუძლებელია შეიქმნას სუბსტანცია შემოქმედებითი პროცესის მომენტში. უღმერთო და დემონურია ყოველგვარი მცდელობა ჩავწვდეთ  შემოქმედებას, როგორც ახალი ცოცხალი ორგანიზმის შექმნას და არა როგორც ახალი ენერგიის ნამატს, არა როგორც ქმნილებათა ზრდასა და აღზევებას. პიროვნების შემოქმედება ღვთის საიდუმლოა. ყოველ გადახრას ამ გზიდან მიჰყავს ავტომატური, მექანიკური ყოფიერებისკენ, სიკვდილისკენ. ეს დაცემული ანგელოზის შემოქმედებაა.

რაგვარი მნიშვნელობით არსებობს ორი სამყარო? – სამყარო «ამქვეყნიური» და სამყარო «მიღმიერი» ონტოლოგიურად არსებობს მხოლოდ ერთი სამყარო, ერთი ღვთაებრივი სამყოფელი. მაგრამ დაცემამ მოახდინა სამყაროს გაორება, გახლეჩა. სამყარო ავადმყოფურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. «ამქვეყნიური» სამყარო არის სწორედ დაავადებული სამყოფელი, ტყვე, მისი დაცემული მდგომარეობა, თავისუფლების ნაწილობრივი დაკარგვა და მისი მორჩილება გარეგან აუცილებლობაზე. «მიღმიერი» სამყარო კი არის ჯანსაღი სამყოფელი, მისი აღმასვლა, მისი განთავისუფლება, მისი სისავსე. «ამქვეყნიური» სამყარო უნდა დაიძლიოს და დამარცხდეს – ეს არ ნიშნავს სამყაროსადმი, კოსმოსისადმი მტრობას, ეს მხოლოდ მისი ავდამყოფობისადმი, დამონებისადმი და დაცემისადმი წინააღმდეგობის აღმნიშვნელია.

Print Friendly

Comments are closed.