სიკეთე მუშტი-კრივით: ნამდვილად გაარტყა წმიდა ნიკოლოზმა არიოზს?

20/12/2017
By

193279.p-1ახალგაზრდები (და არა მარტო!), რომლებიც მოშურნედ ცდილობენ მართლმადიდებლობის დაცვას მუშტი-კრივით, მყისიერად ფეთქდებიან, თუ მათ მოსაზრებას ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგები, საკუთარ თავშეუკავებლობას კი იმით ამართლებენ, რომ თვით წმიდა ნიკოლოზმაც სილა გაარტყა ერეტიკოს არიოზს. არის კი ეს სიმართლე? რამდენად მიზანშეწონილია სიყვარულის ქადაგება მუშტი-კრივით?

„შესაძლოა თუ არა, მართლმადიდებელი ქრისტიანი ამბობდეს: „წმიდა ნიკოლოზს არიოზისთვის ლოყაში სილა არ გაურტყამს“? — კითხულობს, მაგალითად, ჩვენი თანამედროვე დეკანოზი ვლადიმერ პარასლეგინი; და იქვე კატეგორიულად აცხადებს: „არა, ვერ იტყვის, რამეთუ რწმენა იმისა, რომ მოსაგრე ნიკოლოზმა არიოზს სახეში გაარტყა, რის გამოც საეკლესიო სასჯელი და პყრობილება დაიმსახურა, მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენაა.“ სწორედ ასე, არც მეტი და არც ნაკლები…
ა. წ. 22 მაისს წმიდა ნიკოლოზის დღესასწაულზე თავად მოვისმინე მოქადაგე მღვდლისგან იმის შესახებ, თუ რწმენის როგორი მოშურნეობა გამოავლინა წმიდა მამამ არიოზისთვის სილის გარტყმით…

მაგრამ არსებობს კი ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მტკიცების სერიოზული საფუძველი? მოგვეძებნება კი რაიმე მითითება ამაზე წმიდა მამებთან ან საღვთისმსახურო გარდამოცემებში?

ღირსი ანდრია კრიტელის „სადიდებელი სიტყვა“-ში წმიდა ნიკოლოზის შესახებ მოყვანილია ისეთი საინტერესო დამოწმება, როგორიცაა მის მიერ ერთი გზააბნეული და ერესში ჩავარდნილი ეპისკოპოსის მართალ სარწმუნოებაზე მოქცევა: „ვის არ გააოცებს შენი დიდსულოვნება? ვინ არ გაკვირდება შენი წყნარი და მოკრძალებული ხასიათით? შენი მშვიდობისმოყვარე და თავმდაბალი სულით?“

გარდამოცემის თანახმად, ოდესღაც შენ, ქრისტეს ვენახის მზერისას, ნეტარხსენებულ მამა თეოგნის შეხვდი (რომელიც მაშინ მარკიონიტელი ეპისკოპოსი იყო) და წმიდა წერილის სიტყვებით მანამდე ამხელდი მის ცდომილებას, სანამ სიცრუიდან ჭეშმარიტებისკენ არ მოაქციე. მაგრამ ამ მხილებამ ის გააღიზიანა იყო; ეს შეამჩნიე და ხმამაღლა მიმართე სამოციქულო სიტყვებით: „მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა“ (ეფეს. 4, 26); შევრიგდეთ, ძმაო!

ეს დამოწმება სავსებით შეესაბამება სწორედ იმ დახასიათებას, რომელიც წმიდა ნიკოლოზ მოსაგრის ტროპარშია: „კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა“. რასაკვირველია, სიმშვიდე აუცილებლად სიწყნარეს არ ნიშნავს. ქრისტეს, როგორც სიმშვიდისა და სიმდაბლის სიმბოლოს, შეეძლო, ზოგჯერ მკვეთრად და სახალხოდ ემხილებინა თავისი რომელიმე მოწინააღმდეგე. მაგრამ, ამის მიუხედავად, შეეძლო მას, ვინმესთვის გაეტყა? მსგავსი რამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი და უაზროა. მაშინ რის საფუძველზე უნდა ვამტკიცოთ მსგავსი რამ იმ წმიდა მოსაგრის შესახებ, რომელიც გულმოდგინედ ბაძავდა ქრისტეს?

წმიდა ნიკოლოზის ჩვენამდე მოღწეული პირველი ცხოვრების ღირსი სიმეონ მეტაფრასტისეულ რედაქციაში (ქრისტეშობიდან X ს.) ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში მისი მონაწილეობის შესახებ მოთხრობილია:

„როდესაც პირველი ღვთისმოსავი იმპერატორი კონსტანტინე რომის იმპერიას მართავდა და მისი დიდი მღვდელმთავარი ხალხს მართლმადიდებლურ დოგმატებს ასწავლიდა, საძირკველშივე სპობდა ყოველივეს, ამ სწავლებისადმი მტრულსა და მასთან შეუთავსებელს, ნიკეაში სრულიად მართლმადიდებელი სასულიერო პირები შეიკრიბნენ, რათა ღვთისმოსავი რწმენის საფუძვლები განემტკიცებინათ, არიოზის ღვთისმგმობი ერესი განესაჯათ და მთელ ეკლესიაში მშვიდობა განემტკიცებინათ. კრებამ დაადგინა, რომ ძე ღმრთისა მამის თანასწორი პატივის ღირსი და მისი ერთარსია.

ამ წმიდა კრებას ნიკოლოზ სასწაულთმოქმედიც ესწრებოდა და გადაწყვეტილად წინ აღუდგა არიოზის ერესს. მან ცდომილება უარყო და ყველას განუსაზღვრა მართლმადიდებლური რწმენის ურყევი და მტკიცე კანონი, რის შემდეგაც ნიკეა დატოვა და თავის სამწყსოს დაუბრუნდა, ყველას სათნოებებისკენ წარუძღოდა და უწინდელზე უფრო მოშურნედ განსწავლიდა.“
წმიდა მამის ცხოვრების აღნიშნული ვერსია კრებაში მისი მონაწილეობის შესახებ მეტს არაფერს მოგვითხრობს.

საღვთისმსახურო ტექსტებში, მაგალითად, 6/19 დეკემბრის ღამისთევის მსახურებაში მოიძებნება მთელი რიგი მინიშნებები იმის შესახებ, რომ წმიდა ნიკოლოზმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნიკეის კრების სარწმუნოებრივი მოძღვრების გადაწყვეტილებათა შემუშავებაში. მაგალითად, დიდი მწუხრის სადიდებელში წმიდანს ეწოდება „არიოზისა და მის მომხრეთა დამმარცხებელი“, „არიოზის სარეველისდარი სწავლების აღმომფხვრელი ნიჩაბი“; დილის კანონში კი ნათქვამია: „გონების თვალით განჭვრიტე მომავალი, სწორი სწავლებებით აღავსე ყველა, როცა ძე მამის ერთარსად გამოაცხადე, შენ არიოზის უგუნურება აღმოფხვერ, როცა მართლმადიდებელი სარწმუნოების ბურჯმა შენი წმიდა საქმეები აღასრულე.“ (გალობა 6).
წმიდა ნიკოლოზის ცნობილ დაუჯდომელში ვკითხულობთ: „ძესა მამისა თანასწორად, თანადაუსაბამოდ და თანამოსაყდრედ აღიარებდი, ხოლო უგუნურებასა არიოზისასა ამხილებდი“; ანდა: „გიხაროდენ, ეშმაკეულისა არიოზისა წმიდათა კრებისაგან განმდევნელო“. მაგრამ აქედან ვერაფერს დავასკვნით არიოზზე განხორციელებულ ფიზიკურ ქმედებებზე!
თუმცა შემდგომში, წმიდა ნიკოლოზის შესახებ წმიდა მამათა გამონათქვამებისა და საღვთისმსახურო გარდამოცემების საპირისპიროდ, მის ცხოვრებაში ჩნდება სრულიად უადგილო თვისებები, რომლებიც წიგნიდან წიგნში გადადის და ქადაგებიდან ქადაგებაში მეორდება. რასაკვირველია, ესაა ცნობილი ჩამატება, თითქოსდა წმიდა მამამ არიოზს სილა გააწნა.
დეკანოზ ლივერი ვორონოვის გამოკვლევის მიხედვით, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალში 1961 წელს გამოქვეყნდა („წმიდა ნიკოლოზი მართლმადიდებლობის მოშურნე და დამცველი“; # 6, გვ. 65-75; # 7, გვ. 66-74), ის მხოლოდ XVI საუკუნეში ჩნდება თესალონიკელი იპოდიაკვნის, დამასკინის წყალობით, შემდეგ კი წმიდა დიმიტრი როსტოველის სლავურ რედაქციაშიც მოხვდა.

ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსები — ვ. ვ. ბოლოტოვი ან ა. ვ. კარტაშევი [1] პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმიდა ნიკოლოზის მონაწილეობას საერთოდ ლეგენდად მიიჩნევენ, რომელსაც ისტორიული საფუძველი არ აქვს, მაგრამ დეკანოზი ლივერი მიიჩნევს, რომ გარდამოცემისა და ზოგიერთი ბიზანტიელი მამის (პატრიარქ ფოტიდან დაწყებული) დამოწმების მიხედვით, ამის უგულისყუროდ დატოვება მაინც არ ღირს: სავსებით შესაძლებელია, მათ უკან მდგარიყო რეალური შეჯახება წმიდა ნიკოლოზისა (რომელიც, შესაძლოა, საერთოდ არ ყოფილიყო კრების დელეგატთა რიცხვში) და არიოზისა, რომელიც წმიდა მამამ აშკარად და მკვეთრად ამხილა, მაგრამ, რასაკვირველია, სიტყვიერად.

მაგრამ როცა თავად არიოზის მომხრეებმა (იმპერატორ კონსტანტინესთან ძალზე დაახლოებული ეპისკოპოს ევსევი ნიკოდიმელის ჩათვლით) წმიდა მამასთან ანგარიშსწორება და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს, ის საპყრობილეში გამოკეტეს. არიოზის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში არცერთ ეპისკოპოსს ხარისხში აღდგენის უმცირესი შესაძლებლობაც კი არ ექნებოდა, 27-ე სამოციქულო კანონის თანახმად („ეპისკოპოსს, პრესვიტერს ან დიაკონს, რომელიც დაშინების მიზნით ხელს დაარტყამს მორწმუნე ცოდვილთ ან ურწმუნო მაწყინებელთ, შეუჩერდეს მღვდელმსახურება. რამეთუ უფალს ეს ჩვენთვის არასოდეს უსწავლებია: პირიქით, როცა მას სცემდნენ, თავად არავისთვის დაურტყამს; აყვედრიდნენ, მაგრამ თავად საპასუხოდ არავისთვის დაუყვედრებია; იტანჯებოდა, მაგრამ არავის ემუქრებოდა“).

55-ე კანონის თანახმად კი („თუ კლიროსის რომელიმე წევრი აწყენინებს ეპისკოპოსს, ხარისხიდან განიკვეთოს. შენი ხალხის მმართველს ავ სიტყვას ნუ ეტყვი“) ხარისხიდან განკვეთის სავარაუდო შესაძლებლობა ძალზე დიდი იყო. სწორედ მაშინ გაჩნდა სასწაულებრივი საღვთო ჩარევა წმიდანის თავს გადამხდარ შემთხვევაში, ცხოვრების მომდევნო რედაქციის მიხედვით, უკვე ღირსი სიმეონ მეტაფრასტის შემდეგ!

დეკანოზი ლივერი ვარაუდობს, რომ გარკვეულ დრომდე ამ ზეპირ გარდამოცემას არიოზის მხილების შესახებ ეკლესიაში წერილობით არ განამყარებდნენ და, საერთოდ, არც ახმაურებდნენ, რათა წმიდანის კრიტიკის ან მასზე ავსიტყვაობის საბაბი არ მიეცათ, „რამეთუ ყოველთვის მოიძებნებოდნენ უღირსი ადამიანები, რომლებიც ან ჩრდილს მიაყენებდნენ წმიდა ნიკოლოზის პიროვნებას და ბრალს დასდებდნენ გადამეტებულ მოშურნეობაში, ან მის ჯერ განმსჯელ, შემდეგ კი გამამართლებელი ნიკეის კრების მამებს და მათ თავიანთი თანამოძმის „ნებაზე მიშვებას“ მიაწერდნენ.

მაგრამ დრო იცვლება… და საკითხი, რომელსაც დიდად არ ახმაურებდნენ, XVI საუკუნეში არა მხოლოდ განმტკიცდა, არამედ სრულიად დაუჯერებელი ფორმაც მიეცა, და ბევრი რწმენის მოშურნე, აშკარად არაგონივრულად, ამას ლამის წმიდანის ღირსებად მიიჩნევს! სამწუხაროდ, რუსულ წიაღში მასზე კვლავ დიდი მოთხოვნაა. რამეთუ თუკი ესოდენ დიდმა წმიდანმა თავს უფლება მისცა, ერეტიკოსისთვის „პირი დაეხშო“ ასეთი რადიკალური ფორმით, მაშინ სავსებით გაამართლებდნენ თავიანთ საკუთარ ვნებებსაც, როგორიცაა მრისხანება და სიძულვილი ეკლესიაში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ.

წმიდა ნიკოლოზთან დაკავშირებულ ამ მყარ მითს ძალიან ბევრი (გულუბრყვილობით ან უგუნურებით) მისაღებად მიიჩნევს და მას ეკლესიის ჭეშმარიტ ხმად თვლის. მაგრამ მითები და ათასნაირი „დედაბრული იგავები“ მეყსეულად ვრცელდება ძალზე კეთილშობილური მოსაზრებებითა და გულისწადილით (მსგავსად იმისა, როცა პირველქრისტიანულ ჟამს საქმე ეხებოდა კანონიკურის გვერდით არსებულ აპოფრიფულ სახარებებს), მაგრამ მათი მხილება მაინც აუცილებელია. რამდენადაც აქ საუბარია ძალზე მნიშვნელოვან საკითხზე ქრისტიანულ ცხოვრებაში — სიმდაბლისა და მოკრძალებულობის რომელ მაგალითებს უნდა მივბაძოთ და რა სახით ვლინდებოდა ის დიდ წმიდანებთან, რომლებზე ცილისწამებაც მოცემულ შემთხვევაში სავსებით უადგილოა!

 


[1] — მორწმუნეთა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს ასევე წმინდა ნიკოლოზ მირონლუკიელის ცხოვრებიდან ის შემთხვევა, როდესაც მან თითქოს პირველ მსოფლიო კრებაზე ხელი გაარტყა მწვალებელ არიოზს, როდესაც ამ უკანასკნელის მკრეხელური საღვთისმეტყველო შეხედულებები მოისმინა. მაგრამ ეკლესიის ისტორიკოსები მიუთითებენ, “არცერთ ისტორიულ წყაროში არ მოიპოვება იმ ფაქტის კვალი და ანარეკლი, რომელიც გადმოცემულია წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედის ცხოვრებაში” (Карташев, А. Вселенские Соборы. СПб., 2002, 31). უფრო მეტიც, არათუ ამ ფაქტის შესახებ არ არსებობს არანაირი ცნობა ისტორიულ წყაროებში, არამედ როგორც დადგინდა, წმინდა ნიკოლოზი საერთოდ არ ესწრებოდა ნიკეაში ჩატარებულ პირველ მსოფლიო კრებას.

 

ავტორი: მღვდელი ფილიპე პარფენოვი

მოამზადა: ხათუნა რაქვიაშვილმა

 

წყარო: http://www.faith.ge/

Print Friendly

Comments are closed.