27-28 იანვარს სრულდება შამბეზიში ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა პრიმატთა შეხვედრა.

სინაქსისის გადაწყვეტილებით წმინდა და დიდი კრების ჩატარების ადგილად განისაზღვრა კუნძული კრეტა, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სამთავარეპისკოპოსო დიოცეზია. კრების თარიღად განისაზღვრა 16-27 ივნისი, ჰერაკლიაში, წმ. მინას საკათედრო ტაძარში 19 ივნისს სულთმოფენობის დღესასწაულს ეკლესიათა პრიმატები ერთად აღასრულებენ საღმრთო ლიტურგიას.

სინაქსისზე ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდან ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოთა შორის ყატარის დიოცეზის გამო გაჩენილი განხეთქილების დაძლევა ვერ მოხერხდა, ამდენად კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას წმინდა და დიდ კრებაზე ანტიოქიის საპატრიარქოს მონაწილეობის საკითხი.

ასევე განსახილველ საკითხთაგან ამოღებულია დიპტიხის, კალენდარის, ავტოკეფალიის მინიჭების და პრობლემატური (შერეული) ქორწინების საკითხები. ამრიგად განსახილველად გავა: მართლმადიდებლური დიასპორა, ადგილობრივი ეკლესიის ავტონომიის ცნობისა და მინიჭების საკითხი, მარხვა და მისი მნიშვნელობა დღეს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართება მსოფლიოსთან და სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და კონფესიებთან და მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში.

ასევე, სინასქსისის სამუშაო სესიების დროს დადგინდა კრების მუშაობის რეგლამენტი, რომელიც 16 პუნქტისაგან შედგება.

შენიშვნები რედაქციისაგან:

1) ანტიოქიის საპატრიარქოს შესაძლო არ დასწრება არ ბღალავს დიდი და წმინდა კრების მნიშვნელობას, რადგან შვიდ წმ. მსოფლიო კრებათაგან არცერთზე არ ყოფილა ყველა ადგილობრივი ეკლესია წარმოდგენილი. თუმცა ჯერ კიდევ რჩება თეორიული შანსი, რომ ივნისში დანიშნულ კრებამდე მოხდეს ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიაქოთა შერიგება.

2) ტერმინი „დიდი და წმინდა კრება“ შინაარსობრივად იდენტურია და სინონიმური ტერმინ „წმინდა მსოფლიო კრებისა“, მაგალითად პირველი ტერმინითაა („დიდი და წმინდა კრება“ ) მოხსენიებული ნიკეის პირველი მსოფლიო კრება ანტიოქიის ადგილობრივი კრების პირველ კანონში, რომელიც შედის „დიდ რჯულისკანონში“, მაგრამ ასევე უნდა ითქვას რომ კრების წინა ერთობლივი გადაწყვეტილებით ამ კრებას არ ეწოდება სახელად „მერვე“ პირველი შვიდი მსოფლიო კრების პატივისა და მნიშვნელობის გამო. აღსანიშნავია რომ არც წინა მსოფლიო კრებები არ ინომრავდნენ თავის თავს, ნუმერაცია შემდგომ საუკუნეებში მოხდა წმინდა ეკლესიის მიერ. იყო რამდენიმე ადგილობრივი წმინდა კრება, რომლებიც იწოდებოდნენ გარკვეული პერიოდი „მსოფლიოდ“, თუმცა შემდეგ იგი ეკლესიის მიერ ადგილობრივ კრებად ჩაითვალა.