წმ. ისააკ ასური თანალმობის, სამართლისა და მხილების შესახებ

Isak_Sirinის საქმეები, რომელბსაც თან შეუბრალებლობა ახლავს, მამის თვალწინ დაკლული შვილივით არიან ღვთის წინაშე. იგი, ვინც სულით ავადმყოფია და ამხანაგს უსწორებს, იმ ბრმას ჰგავს, რომელსაც სხვების მეგზურობა უკისრია. თანალმობა და სამართალი ერთი და იგივე სულში ისე არიან, როგორც კაცი, რომელიც თავის სახლში ერთდროულად სცემს თაყვანს ღმერთსა და კერპს. ყველგან, თანალმობა არის სამართლის მტერი.

სამართალს ერთი საზომი აქვს, რომელიც ყველას თანაბრად უდგება და არ უსადაგებს არავის თავის მისაგებელს, მოქმედებს იმის მიხედვით, რასაც ხედავს. გულმოწყალება კი, სიკეთით აღძრული სურვილია რომელიც ყველაფერს შენდობას მოჰფენს; არ მიუზღავს მას ვინც ბოროტს იმსახურებს, არც მას ვინც კეთილს იმსახურებს, არამედ უხვად გასცემს ორმაგს.

როგორც აალებადი აბედი და ცეცხლი არ შეიძლება იყოს ერთ სახლში, ასევე სამართალი და გულმოწყალება ერთ სულში. როგორც ერთი მარცვალი ქვიშა ვერ გადასწონის ოქროს სიმრავლეს, ასევე ვერ გადასწონის ღვთისათვის სამართალი გულმოწყალებას.

ოკეანეში ჩაყრილი ერთი მუჭა ქვიშასავითაა კაცის ცოდვები, საღმრთო სიბრძნესთან შედარებით და როგორც შეუძლებელია წყლის დიდი მდინარე ერთი მუჭი მტვერით შეჩერდეს, ასევე შეუძლებელია რომ ქმნილების ბოროტებამ სძლიოს შემოქმედის გულმოწყალებას.

*    *    *

გულმოწყალების უქონლობასა და ულმობელობას შობს ვნებათა დიდი სიმრავლე. სწორედ ვნებებში ქვავდება გული, რადგან ისინი არ აძლევენ გასაქანს თანალმობას; ასეთ ადამიანს არ აქვს მოწყალება არავისზე, არც იტანჯება, როდესაც ხედავს მოყვასის განადგურებას, არც მწუხარებს მათ გამო, ვინც ცოდვაში ვარდება; პირიქით, იმ ვნებების გამო, რომელიც ვახსენეთ, მრისხანება და ეჭვიანობა მძლავრობენ და იზრდებიან მასში; და ისე ხდება, რომ ზოგირთი, სულელური მხურვალებით ცდილობს შური იძიოს ღმერთის მაგივრად, მის გულში კი საერთოდ არ რჩება თანალმობის ადგილი.

*    *    *

ის, ვინც ექომაგება ჩაგრულს, ქომაგად მოიგებს შემოქმედს. ის ვინც ხელს გაუწვდის დაცემულს, თავად მიიღებს ღვთისაგან გამოწვდილ ხელს.

ის, ვინც ბრალს სდებს თავის ძმას, მისი ცოდვებისათვის, თავად მოიგებს ბრალმდებლად ღმერთს; ის, ვინც საიდუმლოდ შეაგონებს თავის ძმას, მკურნალობს მის ცოდვას, ის კი, ვინც საჯაროდ სდებს მას ბრალს, მხოლოდ ჭრილობებს ახელებს.

ის, ვინც დაფარულში ზრუნავს თავის ძმაზე, განაცხადებს თავისი სიყვარულის ძალას, მაგრამ ის ვნც თავისი ძმის ცოდვას სახალხოდ გამოჰფენს, განაცხადებს მხოლოდ საკუთარი შურის ძალას. მეგობარი, რომელიც დაფარულში მკურნალობს, გონიერი ექიმია, ხოლო ის, ვინც საჯაროდ მკურნალობს, რეალურად მხოლოდ გმობს. […]

ის, ვინც იყენებს წამალს სამკურნალოდ, ამას სიყვარულით აკეთებს, მაგრამ ის ვინც შურისგებას ეძებს, დაცლილია სიყვარულისაგან. ღმერთი გვისწორებს შეცდომებს ჩვენი სიყვარულით და არა შურისგების სიყვარულით, ნუ იყოფინ! ის ცდილობს განკურნოს თავისი ხატება და არ შეინახოს წყენა.

*    *    *

თუ ვინმეს წინააღმდეგ ხარ განწყობილი და მხურვალებით ანთებული, ან შენი რწმენის, ან მისი ცუდი საქმეების გამო და მას ბრალს სდებ ან ამხელ, იფხიზლე შენს სულზე, რადგან ზეცაში ყველას გვივის მართალი მსაჯული.

ხოლო თუ მოწყალება გაქვს და ცდილობ ცოდვილის ჭეშმარიტებაზე მოქცევას, მის გამო ტანჯვით დაიტანჯები, ცრემლითა და სიყვარულით ეტყვი მას ერთ ან ორ სიტყვას, მის წინააღმდეგ ანთებული მრისხანების გარეშე, მტრობის ყველა ნიშნისაგან განშორებული. სიყვარულმა არ იცის ღელვა, არ იცის შფოთი, არ შეაგონებს ვნებით არავის. ნიშანი სიყვარულის და ცოდნისა არის ღრმა თავმდაბლობა, რომელიც შინაგანი გონიერებიდან მოდის.

*    *    *

იფხიზლე, არ შეგიპყროს იმ ხალხის ვნებამ, რომელბიც დაავადებულნი არიან სხვათა გამოსწორებისა და მხილების სურვილით და სურთ იყვნენ მსაჯულნი და მკურნალნი ადამიანთა ყველა სისუსტისა. ეს უძლიერესი საცდურია! ჭეშმარიტად, უმჯობესია თავად ჩავარდე ვნებაში, ვიდრე ამ საცდურში.

 

მოამზადა მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ

Print Friendly

Tags: , , , , ,

Comments are closed.