სურბ სარგისი, ერეტიკოსი თუ მართლმადიდებელი წმინდანი?

30/01/2021
By

church+calendarავტორი: იოანე კაზარიანი

 

წმინდა სარგისი (სომხ. սուրբ Սարգիս, ანუ — წმინდა სერგი), ან როგორც ჩვენშია მიღებული „სურბ სარგისი“ – სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი წმინდანია. ადამიანი, რომლის ქრისტიანული მოწამეობრივი ღვაწლი სომხეთში ქრისტიანობის გავრცელების ადრეული პერიოდიდანვე იყო ცნობილი სომეხ ქრისტიანებში. წმ. სარგისი მიჩნეულია სომხეთის ადგილობრივი ეკლესიის მოწამედ, მისი სახელი არ გვხდება არცერთ ცნობილ მართლმადიდებლურ წმინდათა ცხოვრების აღწერაში, და არც კალენდრებში.

ამ ისტორიული პიროვნების ცხოვრება, რომელიც მოღვაწეობდა მე–IV  საუკუნის შუა წლებში, საინტერესო უნდა იყოს მართლმადიდებელი მკითხველისთვის, როგორც მაგალითი პირველი ქრისტიანების ურყეობისა და რწმენისა, რომლებიც ქრისტეს სახელის აღმსარებლობისათვის სიცოცხლეს სწირავდნენ და ეს ხდებოდა მაშინ, როცა ქართული და სომხური ეკლესიები ჯერ ერთობაში იყვნენ. მაგრამ, რაც უცნაურია წმ. მოწამე სარგისის სახელი ქართულ მართლმადიდებლურ საზოგადოებაში დაკავშირებულია მითებთან,  ლეგენდებსა  და კლიმატურ ცვილებებთან. ასევე ხალხურ ტრადიციებთან (რომელთაც უკავშირებენ მის სახელს, მაგრამ მისი ცხოვრების აღწერაში ეს არ დასტურდება, ამიტომ ჩვენ აღარ დავაკონკრეტებთ), რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, როგორც წინა ასწლეულების გადმონაშთი. ყველაზე სამწუხაროა ის, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ინფორმაციის ეპოქაში, მაშინ როცა ადვილია სხვადასხვა ლიტერატურული მასალის მოძიება, ზოგიერთი ეკლესიის ამბიონიდან ჩვენ გვესმის გარკვეული ღვთისმსახურის ქადაგების დროს, თუ როგორ აკნინებენ სარგისის წმინდა სახელს, ქრისტეს სათნო მეომრისას, და ამ დროს არც იციან მისი ცხოვრება და ვინ იყო იგი სინამდვილეში. წმ. სარგისს უწოდებენ „ერეტიკოსს“ და უდიერად მოიხსენებენ მას. წმ. წერილი კი ჩვენ სხვა რამეს გვასწავლის: „განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს,თუ წინასწარ არ მოუსმენს და გაიგებს, რას აკეთებს იგი?“ (იოან. 7, 51). მაგრამ, სამართლიანად და ობიექტურად რომ განსაჯო უნდა იცოდე რას აკეთებს ეს ადამიანი, რას წარმოადგენს იგი და რა ღვაწლი აქვს. სამწუხაროდ, ეს არ აინტერესებთ. ცდილობენ ნაჩქარევად განიკითხონ ეს წმინდანი, მხოლოდ იმიტომ რომ მას აღიარებს მხოლოდ ის ეკლესია, რომელიც არამართლმადიდებლურია. ეს, – გაუგებარი ლოგიკაა, უფრო სწორედ — ალოგიკურობაა, ის ფაქტი რომ  სომხური ეკლესია არ მიეკუთვნება მართლმადიდებლურ ეკლესიათა ოჯახს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მისი წმინდანი არ არის მართლმადიდებელი, არ ნიშნავს ასევე იმას, რომ მათი ლანძღვა, განკითვა და უდიერად მოხსენიება დასაშვებია, მაშინ როცა ქრისტე ღმერთი საერთოდ გვიკრძალავს ამის კეთებას (მათ. 7, 1). მითუმეტეს, ეს არ არის სწორი, როცა განმკითხველმა არც იცის ვინ იყო სინამდვილეში წმ. სარგისი. უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ ვლაპარაკობთ  მე–IV საუკუნეზე, ე.ი. სომხეთსა და საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ქრისტიანობის ჩამოყალიბების უძველეს პერიოდზე. ეს ოქროს ხანაა ქრიტიანობის აღზევებისა ევროპაში, მცირე  აზიაში, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილო აფრიკაში. ეს ის დროა, როცა ამიერკავკასიის ადგილობრივი ეკლესიები ერთიანნი იყვნენ სარწმუნოებაში. მაგრამ ჩვენ მივყვეთ წმ. წერილის რჩევას (იოან. 7, 51 )და წმ. სარგისის ოფიციალური ცხოვრების აღწერის მიხედვით, მოკლედ გადმოგცემთ მის ცხოვრებას, რათა ამ საკითხით დაინტერესუბულ პირებს ჰქონდეთ აუცილებელი ინფორმაცია წმ. სარგისის შესახებ, თუ როგორია იგი სინამდვილეში მითებისა და ლეგენდების გარეშე.

ჩვენ გამოვიყენებთ წმ. სარგისის ცხოვრების აღწერას, რომელიც გამოქვეყნებული იყო საღვთისმეტყველო ჟურნალ „განძასარ“-ში, 1992 წ., #1 (სომხ. ენ.). ეს ჟურნალი დაარსებული იყო სომხური ეკლესიის არცახის ეპარქიაში და გამოიცემა არცახის (ყარაბახის) ეპისკოპოსის — პარგევის მიერ. წმ. სარგისი წარმოშობით ბერძენი ყოფილა, იგი დაიბადა რომაულ პროვინციის კაპადოკიის ცნობილ ქალაქში – კესარიაში. ბუნებით იგი იყო უშიშარი და ბრძენი მეომარი, მოშურნეობით ქადაგებდა ქრისტიანობას  და წინუდგებოდა წარმართებს. რომაულ ჯარში მან მოიპოვა კაპადოკიის სტრატილატის წოდება („ստրատելատ“, ბერძნულიდან – „Στρατηλάτης“, ანუ – მხედართ მთავარი). საინტერესოა, რომ ეს წოდება მას თვით წმ. კონსტანტინე დიდმა (306-337 წ.) უბოძა. მაგრამ იულიანე განდგომილის (361-363 წ.) დროს იგი აშკარად ქადაგებდა ქრისტიანობას, ამის გამო მის სიცოცხლეს საშიშროება ემუქრებოდა, როცა იულიანე განდგომილმა დაიწყო ქრისტიანების შევიწროება. წმ.  სარგისმა და მისმა შვილმა – მარტიროსმა არ ისურვეს განდგომილის მხარეზე ომი და თავშესაფარი სომხეთში ნახეს. ისინი შეიფარეს მეფე ტირან არშაკუნის (353-364 წ.)კარზე, რომელიც იყო წმ. მეფე თრდატ არშაკუნის შვილიშვილი, კონსტანტინე დიდის მოკავშირე. მათ ცოტა ხანი დაჰყვეს იქ. როცა იულიანე წამოვიდა სპარსეთზე (სომხეთის გავლით) წმ. სარგისმა თავის ვაჟთან ერთად დატოვა სომხეთი და გაეშურა სპარსეთში. იქ სამსახურში ჩაუდგა შახ შაპურ II (309-379 წ., სასანელი მეფეების დინასტიიდან), რომელმაც იგი დანიშნა სპარსეთის ლაშქრის მხედართმთავრად. უშიშარი და ბრძენი წმ. სარგისის ავტორიტეტი და გავლენა ისეთი ძლიერი იყო მეომართა შორის, რომ ბევრი მათგანი გაქრისტიანდა. ეს რომ შახმა შეიტყო, იხმო თავისთან წმ. სარგისი, მოსთხოვა ზოროასტრიზმის მიღება და ქრისტეს სახელი გინებით მოიხსენა. წმ. სარგისმა უარი განაცხადა, მან უთხრა შახს, რომ იგი ცოცხალ ღმერთს ემსახურება და უდიერად მოიხსენია სპარსელთა სარწმუნოება. განრისხებულმა შახმა ბრძანა წმ. სარგისის ბრბოსადმი მიგდება, რის შედეგად წმ. სარგისი სასტიკად სცემეს და ათრიეს ქალაქის ქუჩებში. იმავე დროს ხალხის მიერ დაგლეჯილი კვდება მისი ვაჟი – მარტიროსი, ხოლო წმ .სარგისს თავს მოკვეთენ ციხეში ყოფნის შემდეგ (+ დაახ. 363 წ.).

ასეთია, მოკლედ, წმ. სარგის სტრატილატის მოწამეობრივი ცხოვრების აღწერა. საიტერესოა, რომ წმ. სარგისი მოწამეობრივად აღესრულა არა სომხეთში, არამედ სპარსეთში და იგი მიწას მიაბარეს სპარსელმა ქრისტიანებმა. მიუხედავად ამისა წმ. სარგის მოიხსენიებს მხოლოდ სომხეთის ეკლესია და არცერთი სხვა (სპარსული ეკლესია მოგვიანებით ადგილობრივი მართველების მიერ განადგურებული იყო და მან არ შემოინახა მასზე არაფერი). ეს სავსებით მიღებულია, ასე,  მაგალითად, ადგილობრივ ეკლესიებს ჰყავთ თავისი წმინდანები. მაგალითად, ავიღოთ, წმინდანები სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი, რომელთა მოხსენიება (15 (28) იანვარს) მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ხდება. ამიტომაა გასაგები, თუ რატომ არ იხსენიებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია თავის წმინდათა ცხოვრებაში და არც სვინაქსარებში წმინდა სარგისის სახელს. წმ. სარგისის მოწამეობრივი სიკდილის შემდეგ მისი პატიოსანი ნაწილები სპარსეთიდან სომხეთში იქნა გადატანილი. ერთერთი ყველაზე ცნობილი სომხური მონასტერი, რომელიც ეკუთვნოდა გაგას (ან გაგს) ციხე-სიმაგრეს – მიძღვნილი იყო წმ. სარგისისადმი, დღეს იგი მიეკუთვნება კაზახის ტერიტირიას (თანამედროვე აზერბაჯანის რესპუბლიკას, ისტორიული საქართველო). მონასტერი ზევიდან გადმოჰყურებს მთიდან სახელად გაგ.

გადმოცემის თანახმად, წმ. სარგისის სახელობის გაგა მონასტრის დაარსება დაკავშირებულია ცნობილი სომეხი მეცნიერისა და წმინდანის მესრობ მაშტოცის (+ 440 წ., ხსენება 25 (8) ნოემბერს) მოღვაწეობასთან, რომელმაც დამარხა აქ წმ. სარგისის წმინდა ნაწილები, რაც იგალობება კიდეც ეკლესიაში, წმ. სარგისის შარაკანში (ჰიმნი) (1).

ზემო მოხსენებული წმინდა სარგისის ცხოვრების გაცნობის შემდეგ სავსებით ნათელი ხდება, რომ ცნობილი წმინდანი ქრისტეს მოწამე, წმ. სარგისი, — არ იყო და ვერც იქნებოდა ერეტიკოსი. იგი მოწამეობრივად აღესრულა სპარსელ წარმართთა ხელით დაახ. 363 წელს, ეს კი ის დროა, როცა ქართული და სომხური ეკლესიები ერთობაში იყვნენ. სომხურ-ქართულ ეკლესიათა განხეთქილება საბოლოოდ გაფორმდა 607 წელს, დოგმატური საკითხის საფუძველზე, რომელიც ეხებოდა ქალკედონის კრების (451 წ.) ოროსის მიღებასა და არ მიღების საკითხს.  აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა რომ  წმ. სარგისის სახელი არ იხსენიება ქართულ საეკლესიო კალენდარში,  მას  ჩვენ ფორმარულად მაინც უნდა მივაგებდეთ პატივს როგორც წმინდანს შემკულს ქრისტეს ღირსებითა და დიდებით მსგავსად ერთიანი წმინდა სამოციქულო  ეკლესიის პირველი ქრისტიანი მოწამეებისა.

წმინდა სარგისისა და მისი ძის მარტიროსის (და კიდევ 14 სპარსელი მოწამის) ხსენების დღე მოძრავია, ის დამოკიდებულია სომხური ეკლესიის მიერ აღდგომის აღნიშვნის დღეზე.

 

_ _ _ _ _

 

  • იხ.: «Отклик» (1886, N 12, стр. 161); «Ardzagank», 1886, No. 12, p. 161; Melik-Ohanjanian K. Yerevan, 1961, p. 252; «Քրիստոնյա Հայաստան» հանրագիտարան, գլխ. խմբ. Հովհ. Այվազյան, Հայկական հանրագիտարան հրատ., Երևան 2002, էջ 894–895.
  • http://www.armenianreligion.am/am/Encyclopedia_sargis;  Vrej Nersessian. Treasures from the ark: 1700 years of Armenian Christian art. British Library, 2001. 28.
Print Friendly

Comments are closed.