ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სხდომის გახსნასთან დაკავშირებით წარმოთქმული ქადაგება

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ბერლინი 1974 წლის აგვისტო

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

ჯერ კიდევ განუყოფელი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი ლიტურღიის საიდუმლო სერობის შესავალი შემდეგი სიტვებით იწყება: “წმინდა ხარ და ყოვლადწმინდა, შენ, და დიდადმშვენიერ დიდება შენი, რომელმაც სოფელი შენი ესრეთ შეიყვარე, ვიდრე მიცემადმდეცა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, რათა ყოველსა, რომელსა რწმენეს მისსა მიმართ არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნო; რომელი იგი მოვიდა რა, და ყოველი ჩუენ-თვის განგებულება სრულ-ჰყო, ღამესა, რომელსა მიეცემოდა, უფროსღა მისცემდა თავსა თვისსა ცხოვრებისათვის სოფლისა, მოიღო პური წმიდათა ზედა უხრწნელთა და უბიწოთა ხელთა, გმადლობდა და აკურთხა, და წმიდა-ჰყო, და განსტეხა, და მისცა წმინდათა მისთა მოწაფეთა და თქვა: მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქუენ-თვის განტეხილი მისატევებელად ცოდუათა. მსგავსადვე და სასმელისა ყოვლად სერობისა, სთქუა: ჰსუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქვენ-თვის, და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდუათა. ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა. რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს”.

და ახლა შევკრებილვართ ღვთის სერობაზე, ქრისტეს აღთქმის მორჩილებაში, რათა აღვასრულოთ ნება მისი მოსახსენებელად.  ის გახდა ადამიანი ჩვენი სიყვარულის გამო; ცხოვრობდა ჩვენს შორის; იგემა გეთსამანიის ბრძოლა და დარჩა გამარჯვებული; გაიარა მიტოვება ჯვარზე, განიცადა სიკვდილი საძულველი ავაზაკისა, შთავიდა სიკვდილის სამეფოში რათა გამოვეხსენით ჩვენ. და სიხარული მისი ყოველ გადარჩენილ ცოდვილშია. ეს გზა უანდერძა უფალმა თავის მოწაფეებს, მათგან კი ყოველ ჩვენგანს.

მართალია, ჩვენ ვდგავართ აქ განყოფილები უფალთან ყველაზე ღრმა და ახლო შეხვედრის წამს, განყოფილები ცოდვით, მაგრამ ერთგულნი ჩვენი განსხვავებული ტრადიციების მიმართ. ჩვენ არ შევიძლია უბრალოდ უარი ვთქვათ ამ ტრადიციებზე, ისე, რომ არ დავკარგოთ ერთგვარი მთლიანობა.

ჩვენ ვდგავართ განყოფილები უფლის საკურთხევლის წინაშე. ის გვიხმობს ჩვენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვბედავთ ერთად მივუახლოვდეთ მის საკურთხეველს, რადგან არ იქნებოდა ეს სამართლიანი; ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, თითქოს გვაქვს ერთობა, რომელსაც დიდი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ, რომელიც ჯერ არ გვაქვს. ეს ერთობა შეიძლება მოგვეცეს როგორც საჩუქარი ღვთისა, როდესაც ნამდვილ ქრისტიანებად ვიქცევით არა მხოლოდ ჩვენს რწმენაში, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველა გამოვლინებაში.

ნუთუ, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, რათა ერთად ვყოთ ქრისტეს მცნებათა მორჩილება? ნუთუ სამუდამოდ და შეუქცევადად აღმოვჩნდით განყოფილები უფლის საკურთხევლის წინაშე? ნუთუ მხოლოდ იმისთვის დადგა ქრისტემ საკურთხეველი მისი, რათა აღდგომისა და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულში მიგვეღო მონაწილეობა? და ნუთუ ეს წმინდა საკურთხეველი, რომლის წინაც გაისმის ჩემი ლოცვითი სიტყვები, მხოლოდ ქრისტეს აღდგომის მაუწყებელია? ის ასევე მის სიკვდილსაც გვანდობს…განა შეიძლება უფალთან ზიარება მხოლოდ რაიმეს წინასახე იყოს მომავალში? მისმა ორმა მოწაფემ, გაიგეს რა, რომ აღდგება, მასწავლებლისთვის სასუფეველში საპატიო ადგილის თხოვნა იწყეს, მისგან მარჯვენა და მარცხენა მხარეს. და ქრისტემ უპასუხა მათ: “განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, რომელსაც მე შევსვამ?” (მათ.20-22)

ამაში მდგომარეობს ის, რაც განაპირობებს ჩვენს თანაზიარებას ქრისტესთან: ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სრულად გავიზიაროთ იესოს ბედი; მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გვქონდეს იმედი მივიღოთ მისი საუკუნო დიდების ნაწილი. და როდესაც მარადისობა დაიდებს ბინას ჩვენს ცხოვრებაში და განიმსჭვალება მისით, ჩვენ შევძლებთ განვასხვაოთ ამ საკურთხევლის სიცოცხლეცა და სიწმდეც. მაშინ გავხდებით ჩვენ ქრისტეს სხეულის ჭეშმარიტი ნაწილები, სამყაროს გადასარჩენად განტეხილნი.

საქმის არსი ამაშია: თუ ჩვენ განვტეხთ მასთან ერთად პურს, თუ ვსვამთ მისი სასმისიდან, ჩვენ ვხდებით მისი თანამებრძოლნი. ჩვენ მიწვეულნი ვართ უფლის საკურთეველთან როგორც მეგობრები, როგორც თანასწორი უფლებების მქონენი; თანაზიარნი ვართ მისი მეუფებისა და ამით ჩვენ მოწოდებულნი ვართ გავიზიაროთ მისი ტანჯვაც. რადგან ჩვენ, მისი ტოტები ვაზისა, იმდენად ერთიანნი ვართ მასთან, იმდენად ახლოს, იმდენად სრულად ვართ შერწყმულნი, რომ მას შეუძლია გვითხრას, როგორც ეს თავის მოწაფეებს უთხრა აღდგომის შემდგომ: “ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ”. (იოან. 20:21)

განა ამას არ გვეუბნება თვითეულ ჩვენთაგანს: წადით ქვეყნიერებაში, არა ძალით, არამედ ნებით, როგორც მე წავედი. მიიღეთ დაცემული სოფლის ყველა შეზღუდვა; გაიზიარეთ ყოველი ტანჯვა, ყოველგვარი მარტოობა და ადამიანური უბედურება. მაგრამ გაიზიარეთ ასევე ყოველგვარი ამქვეყნიური სიყვარული, სილამაზე, დიდება და ბრწყინვალება. იცხოვრეთ კაცთა შორის, მაგრამ დარჩით თავისუფალ ადამიანებად: გარეშე შიშისა და ანგარებისა, განდიდებისა და სიძულვილისა.

იცხოვრეთ მათთან ერთად  და მათთვის მთელი ცხოვრება. სამართლიანად უთქვამს პავლე მოციქულს: “რამეთუ ჩემდა ცხორებაი ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ”. (ფილიპ. 1:21) გაცილებით იოლია, სწრაფი სიკვდილი, ვიდრე გაუძლო ხანგრძლივ ბრძოლას გულმოწყალების, თანაგრძნობის, სამართლიანობისა და სიყვარულის გამარჯვებისათავის.

ქრისტეს სურს გვითხრას: თუ საჭიროა ჩადით ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ მიყრუებულ ადგილებში, როგორც მე ჩავედი, მათთან, ვინც სიკვდილის ბორკილებაში იყო. მე ჩავედი სიკვდილის ველში; ასევე თქვენც მიდით ამ ადამიანთა ჯოჯოხეთში… ჩვენ დროს მრავალთათვის ჯოჯოხეთი მოხუცებულთა თავშესაფარი, ფსიქიატრიული საავადმყოფო, ციხის საკანი ან ეკლოვანი მავრთულით შემოსაზღვრული ბანაკია…ეწვიეთ ყველაზე ღრმა უიმედობას, მარტოობასა და სასოწარკვეთას, შიშსა და სისნდისის ქენჯნას, სიმწარესა და ზიზღს.

ჩადით ამ ჯოჯოხეთში და დარჩით ცოცხლები, როგორც ვქენი ეს მე, იცოცხლეთ იმ ცხოვრებით, რომლის ართმევაც არავის ძალუძს. მიეცით საშუალება მკვდართა ეზიარონ ამ სიცოცხლეს, იგემონ იგი. გაიხსენით, რათა ღვთაებრივი სამყარო გადმოიღვაროს თქვენზე, რადგან ის ღვთიურია. იბრწყინეთ სიხარულით, რომლის დაძლევა არც ჯოჯოხეთს და არც ტანჯვას არ შეუძლიათ. იესო გვეუბნება: მე დავიბადე შეუმჩნევლად პალესტინაში, პატარა ოკუპირებულ, დამცირებულ ქვეყანაში, რომელსაც წართმეული ჰქონდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება რომაელთაგან. მე დავისაჯე როგორც ავაზაკი, მიტოვებული კაცთაგან, მეგობრებისგანაც კი. უარყოფილი მათგან, ვინც მადიდებდა და მხარს მიჭერდა. ჩემი ხვედრი იყო მოვმკვდარიყავი კაცთა ქალაქის კედლებს მიღმა, რადგან არ აღმოჩნდა იქ ჩემი ადგილი. ჩემი ხვედრი იყო მოვმკვდარიყავი ეულად, თვით ღმერთისგანაც კი მიტოვებული, რადგან მოვინდომე ბოლომდე სოლიდარული ვყოფილიყავი იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა გასათავისუფლებლადაც მოვედი. მე მოვინდომე გამეხსნა მათ წინაშე სიყვარული, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები, სიყვარული, რომელიც სიკვდილზე ძლიერია. არაფერი არ ყოფილა ზედმეტად უმნიშვნელო ან ზედმეტად მცირე, რომ არ გამეკეთებინოს ადამიანისთვის… განა არ დავბანე ფეხები საკუთარ მოწაფეებს? განა არ გავიხადე იუდა მეგობრად? განა არ მიკითხავს პეტრესთვის: კვლავაც გიყვარვარ?.. მე არ მიკითხავს მას შემდეგ, რაც სამგზის უარმყო, სცხვენია თუ არა, ნანობს თუ არა…როდესაც მიმატოვეს და ლოცვით ვიბრძოდი, არ დამიყვედრებია მოწაფეებისთვის, რომლებიც ნამეტანი დაღლილიყვნენ და ეძინათ, რომ ჩემს გვერდით დარჩენილიყვნენ… როდესაც მღვდელმთავრის მსახურმა დამარტყა, ვიცავდი თუ არა თავს? როდესაც მაწამებდნენ ვლოცულობდი თუ არა: “მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან”?

დღეისათვის იესო სვამს კითხვას ჩვენს წინაშე: რა არის ყველაფერი ეს თუ არა სიყვარული, თანაგრძნობა და უკიდეგანო სოლიდარობა ყოველი ადამიანის მიმართ? ადამიანებისა კეთილი ნებით, რომლებიც მახარებდნენ და ბოროტი ადამიანებისა, ვის გამოც მოვკვდი? აკი გაფთხილებდით: არ მიმაჩნია საკუთარ მოწაფედ ყოველი, რომელიც მეუბნება “უფალო, უფალო…”, ხომ გაგაფთხილეთ: მრავალნი მოვა და იტყვის, აი, ჩვენ ვიყავით უფლის სახლში. მე კი მოგიგებთ: “არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ”…

საიდუმლო სერობაზე განტეხილი პური და დაღვრილი სისხლი აღნიშნავს ყოველივე ამას და კიდევ ბევრ რამეს. და სანამ ჩვენ არ მივყვებით ქრისტეს ამგვარი სისრულით, არ ავასრულებთ ყოველივე ამას მის მოსახსენიებლად, ჩვენ არ ძალგვიძს გავუზიაროთ ერთმანეთს ეს საიდუმლო სერობა, ეს საკურთხეველი, სადაც განცხადებულია მისი აღდგომა, როგორ წინასახე ღვთის მეუფებისა…

საჭიროა ყველაფერი გავაკეთოთ დღესვე, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ერთგულებითა და მორჩილებით. ვიცხოვრებთ და თუ საჭირო გახდება, სიცოცხლესაც მივცემთ, როგორც ეს გააკეთა ქრისტემ. ვიმოქმედებთ ისე, როგორც თვითოეული ჩვენთაგანი ცალკეულად, როგორც ქრისტეს მოწაფეთა დიადი თემის წევრები. და მაშინ აღოვაჩენთ, რომ ის ზღუდეები, რომელიც გვყოფს ჩვენ, თავისით დაემხობა. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ღვთის საკურთხეველთან, როგორც შეიკრიბნენ ოდესღაც მისი მოწაფეები. ის დაგვბანს ფეხებს, გვცხობს თავზე; დაგვსვამს საპატიო ადგილებზე და მოემსახურება თვითეულ ჩვენთაგანს ალერსითა და თავმდაბლობით.

მხოლოდ ქვეყნის უკანასკნელ დღეებში გამოცხადდებიან შვილები ღვთისა. სამუდამოდ არ დარჩება ჩვენი სამყარო ტრაგიკული და საშინელი მოვლენების ადგილად; ის იქცევა ჩვენი უფლის სამეუფეო ალაგად და ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ რათა დადგეს ეს მეუფება. მაშინ არც ძალაუფლება ფულისა, არც ადამიანის მიერ სხვა ადამიანის დათრგუნვა და იარაღის ძალით ფიზიკური განადგურება აღარ იქნება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, არამედ მხოლოდ საიდუმლო სერობის საკურთხეველი ღვთისა ჩვენისა. ამინ.

Print Friendly

Comments are closed.