სარწმუნოების სიმბოლო

normal_1963_jubileemagazine_jpgწმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი დიდ მადლობას  უხდის ბატონებს  ოთარ ზოიძეს და ფრიდონ საყვარელიძეს  მათ მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის შრომების ჩვენთვის უსასყიდლოდ გადმოცემისათვის.

დღეიდან ვიწყებთ გამოქვეყნებას პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ნაშრომის “სარწმუნოების სიმბოლო” ;

მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი

ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
I ნაწილი

1. შესავალი

ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრებაში უძველესი დროიდან განსაკუთრებული ადგილი ეკავა და დღესაც უკავია ეგრეთ წოდებულ სარწმუნოების სიმბოლოს: იმ აღმსარებლობის შედარებით მოკლე გადმოცემას, რაც სწამს ეკლესიას. სიტყვა „სიმბოლო” თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით შეიძლება ასე ვთარგმნოთ: ის, რასაც „ერთად ფლობს, აერთიანებს, შეიცავს“. ამგვარად, სარწმუნოების სიმბოლო სწორედაც შე-იცავს ყველა იმ ჭეშმარიტებას, რაც სწამს ეკლესიას და რაც აუცილებელია ადამიანისათვის, მისი სიცოცხლის სისავსისათვის, ცოდვისა და სულიერი დაღუპვისაგან ხსნისათვის.
ისტორიულად სარწმუნოების სიმბოლო წარმოიქმნა ახლადმოქცეულთა, ე. ი. იმათი მომზადებისაგან, რომლებმაც ირწმუნეს და რომლებიც ემზადებოდნენ ეკლესიის წევრობისათვის, ნათლობის საიდუმლოსათვის. ძველად უმთავრესად ზრდასრულები ინათლებოდნენ. ისევე როგორც ჩვენს დროში, ადამიანები მიდიოდნენ რწმენის აღიარებამდე, იღებდნენ ქრისტეს, მათ სურდათ გამხდარიყვნენ ეკლესიისა და საეკლესიო თემის წევრები – საბოლოო ჯამში თითოეული თავისი განსაკუთრებული გზით, რადგან თითოეული მოქცევა, ღმერთთან ადამიანის თითოეული შეხვედრა არის ღმრთაებრივი მადლის საიდუმლო, რომლის შეცნობის უნარი არ გვეძლევა. ღმერთთან ერთნი მიდიან ტანჯვითა და ვაებით, მეორენი – სიხარულითა და ბედნიერებით. ასე იყო, ასე იქნება ყოველთვის.
ადამიანის სულში რწმენის ჩასახვა საიდუმლოა. თვით ქრისტეს რწმენას კი ადამიანი მიჰყავს ეკლესიაში, იმ ადამიანთა თემში, რომელთაც სწამთ ქრისტე. თვით რწმენა ეძებს და ითხოვს ერთობას მორწმუნეებისა, რომლებიც სწორედ ამ თავიანთი ერთობით, ერთმანეთისადმი სიყვარულით ამოწმებენ ქვეყნიერების წინაშე, რომ ისინი ქრისტეს მოწაფეები და მიმდევრები არიან. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, – თქვა ქრისტემ, – უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“(იოანე, 13:35). სიყვარული და რწმენის ერთობა, რომელზედაც მოციქული პავლე ამბობს, რომ იგი შეადგენს ქრისტიანთა მთავარ სიხარულს: „რამეთუ მსურის ხილვა თქუენი, რაითა მი-რაი-მე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებლად თქუენდა, ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთ არსი იგი სარწმუნოებისა თქუენი და ჩემი…“( ჰრომ. 1:11-12) – წერს იგი რომაელებს.
ამგვარად, ახალმორწმუნის ქრისტიანული ცხოვრება იწყებოდა იმით, რომ იგი მიჰყავდათ ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთან, რომელიც ახალი ქრისტიანის შუბლზე ხელით გამოსახავდა ჯვარს, თითქოსდა შუბლზე აღბეჭდავდა ქრისტეს ნიშანს. ადამიანი მივიდა ღმერთთან, ირწმუნა ქრისტე; ახლა კი უნდა გაიგოს სარწმუნოების შინაარსი. იგი ხდება მოწაფე, იწყება მისი კატეხიზაცია, როგორც საეკლესიო წიგნებშია ნათქვამი. რადგან ქრისტიანობა არ არის ემოცია, არაა მხოლოდ გრძნობა; არა, ეს შეხვედრაა ჭეშმარიტებასთან, ესაა მთელი არსებით მისი მიღების ძნელი ღვაწლი. ისევე როგორც მუსიკის ძლიერ მოყვარულ ადამიანს სჭირდება სწავლების ძნელი გზის გავლა იმისათვის, რომ დაუკრას, ასევე ადამიანმა, რომელმაც ირწმუნა ქრისტე, შეიყვარა ქრისტე, უნდა გააცნობიეროს თავისი რწმენის შინაარსი და ის, რასაც ეს რწმენა ავალებს.
აღდგომის დღესასწაულის წინ – ვინაიდან ადრეულ ეკლესიაში ნათლობა აღესრულებოდა აღდგომის ღამეს, – ყოველი, ვინც ემზადებოდა ნათლობისათვის, საზეიმოდ კითხულობდა სარწმუნოების სიმბოლოს, საკუთარ თავს „უთმობდა“ ამ სიმბოლოს, აღიარებდა მის მიღებას და ადასტურებდა თავის შესვლას რწმენისა და სიყვარულის ერთობაში. ყოველ დიდ ადგილობრივ ეკლესიას – რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის ეკლესიას, – ჰქონდა თავისი ნათლობის რწმენის სიმბოლო, და მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ყველგან ერთიანი და განუყოფელი რწმენის გამოხატულება იყო, სტილით, ფრაზეოლოგიით ისინი მაინც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მე-4 საუკუნის დასაწყისში ეკლესიაში დაიწყო დიდი დავა, რომელიც ეხებოდა ქრისტეს, როგორც ღმერთის შესახებ ქრისტიანულ სწავლებას. 325 წელს ქალაქ ნიკეაში შეიკრიბა პირველი მსოფლიო კრება და მასზე შეიმუშავეს საერთო, ყველა ქრისტიანისათვის ერთიანი სარწმუნოების სიმბოლო. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო კრებაზე, კონსტანტინეპოლში, სარწმუნოების სიმბოლო შეივსო და მან, მსოფლიო ეკლესიის საერთო სიმბოლომ, მიიღო ნიკეა-კონსტანტინეპოლის სიმბოლოს სახელწოდება. და ბოლოს, მესამე მსოფლიო კრებამ, ეფესოში, 431 წელს, დაადგინა, რომ ეს სიმბოლო უკუნისამდე ხელშეუხებელი დარჩეს, რათა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღარაფერი შეემატოს მას.
მას შემდეგ რწმენის საყოველთაო სიმბოლო ეკლესიაში ყოველი ლიტურგიის დროს იგალობება ან იკითხება. იგი არის ეკლესიის მიერ თავისი რწმენის საყოველთაო, ყველასათვის სავალდებულო გამოხატულება. და ამიტომ ყოველი, ვისაც სურს გაიგოს, რა სწამს ეკლესიას, რა არის ჩვენი რწმენა, რა არის ის ჭეშმარიტება, რასაც ქრისტიანობა აძლევს ქვეყნიერებას, პასუხს სარწმუნოების სიმბოლოში პოულობს.
2. მრწამს…
შევჩერდეთ იმ სიტყვაზე, რომლითაც იწყება სარწმუნოების სიმბოლო. ეს სიტყვაა – მრწამს. იგი განსაზღვრავს სარწმუნოების სიმბოლოს მთელ ტონალობას, მის სულიერ განსაკუთრებულობასა და ერთადერთობას. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა ნაცნობი და გასაგები გვგონია, საჭიროა მასზე დაფიქრება, მისი ხელახალი აღმოჩენა და მუდმივად აღმოჩენა თითოეული ჩვენგანის მიერ. მაშ ასე, რას ვამბობ, ან, უკეთ რომ ვთქვათ, რაზე ვსაუბრობ, როცა წარმოვთქვამ სიტყვას მრწამს? მგონია, საკმარისია ამ კითხვის დასმა, რომ იგრძნო, უწინარესად, უღრმესი განსხვავება თვით სიტყვა „მრწამს”-ისა სხვა სიტყვებისაგან, რომლებითაც გამოვხატავ ჩემი შინაგანი „მე“-ს შინაარსს.
როცა ვამბობ – „მე ვფიქრობ“, ჩემთვისაც და სხვებისთვისაც გასაგებია, რაზეა საუბარი: საქმე ეხება ჩემი ცნობიერების მიმართებას ამა თუ იმ ობიექტისადმი. თქვა – „მე ვფიქრობ, რომ ღმერთი არსებობს“ – ნიშნავს გამოთქვა ერთგვარი ვარაუდი, აგებული ამა თუ იმ წანამძღვარზე… როცა ვამბობ – „მე ვიცი, დარწმუნებული ვარ, ვგრძნობ“ – მე ვრჩები იმ ფარგლებში, რომელიც სავსებით ახსნადია, გონივრულია, და არ შეიცავს ჩემი ცნობიერების რაიმე უცნაურ მდგომარეობას. არცერთი ამ მდგომარეობის მიმართ სიტყვა „მრწამს“ ვერ იქნება გამოყენებული, რამდენადაც იგი მათთვის არასაჭირო სიტყვაა. თქვა, „მე მწამს, რომ წვიმს“ – უბრალოდ სისულელეა, რადგან აქ საქმე გვაქვს ობიექტურ ფაქტთან.
ამგვარად, აშკარაა, რომ სიტყვა მრწამს მიეკუთვნება მხოლოდ იმას, რაც ჩემშია და ჩემ გარეთ მოკლებულია სიცხადეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიეკუთვნება იმას, რაც მოკლებულია გრძნობად სიცხადეს, და რაციონალურ სიცხადეს, და, ბოლოს, ფაქტობრივ სიცხადეს.
ამასთან ერთად (და აქ მივდივართ ყველაზე მთავართან) სიტყვა „მრწამს“ არა მხოლოდ არსებობს, და, შესაბამისად, შეესატყვისება, თუნდაც ჩემში არსებულს, რაღაც რეალურს და აღვსილია შინაგანი ძალით, რადგან არ საჭიროებს გარეგან ყავარჯნებს. მე ვამბობ „მრწამს“ მხოლოდ იმის შესახებ, რასაც თვალით ვერ ვხედავ, ყურით არ მესმის, ხელით არ ვეხები, რასაც არ ეხება არავითარი „ორჯერ ორი ოთხია“, მაგრამ რაც მწამს და რაც ამ რწმენით ვიცი.
„ღმერთი არა სადა ვის უხილავს…“(1 იოანე, 4:12). მორწმუნისათვის რწმენა განსხვავებულია ყველაფრისაგან, რადგან რწმენის არსი ისაა, რომ იგი მიმართულია იმისკენ, რისი „უბრალოდ“ ცოდნა და „უბრალოდ“ დამტკიცება შეუძლებელია. ამ აზრით რწმენას შეიძლება ვუწოდოთ სასწაულიცა და საიდუმლოც. მას სასწაულად აღიქვამს, უპირველესად, თვით მორწმუნე. მართლაც, საიდანაა სულში, საიდანაა ცნობიერებაში ეს ერთდროულად სასიხარულო და საშიში უეჭველობა მყოფობისა, შეხვედრისა, სული წარმტაცი სიყვარულისა? თითქოს არა მე, არამედ ჩემში არსებული რაღაც ძალა ამბობს „მრწამს“ ამ შეხვედრის პასუხად. მე არ შემიძლია მისი ახსნა სიტყვებით, რადგან სიტყვები – ყველაფერი მიწიერზეა, ფაქტებზეა, ხილულსა და აღქმადზეა, რწმენის გამოცდილება კი, ასე აშკარად, გამოცდილებაა ზემოდან; როგორღა გამოხატავ, გადმოსცემ მას? თითქოს მე კი არ მივედი სადღაც, არამედ ვიღაც მოვიდა ჩემთან, შეეხო ჩემს გულს: „აჰა, ესერა, ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ“(გამოცხ. 3:20). ეს კაკუნი, ეს მოსვლა იგრძნო სულმა და უხარია და იცის…
სასწაული და, შესაბამისად, საიდუმლო. რწმენა – ესაა შეხება საიდუმლოსთან, ხილვაა სხვა განზომილებისა, რაც ახასიათებს ყველაფერს სამყაროში. რწმენაში ცოცხლდება სიცოცხლის იდუმალი საზრისი. საგანთა გაკრიალებული, ახსნადი, ერთმნიშვნელოვანი ზედაპირის მიღმა ნათებას იწყებს საგანთა ნამდვილი შინაარსი. თვით ბუნება იწყებს საუბარს და მოწმობას იმის შესახებ, რაც მასზე აღმატებულია, რაც მის შიგნითაა, მაგრამ მისგან განსხვავებულია. ყველაზე უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, რწმენა ხედავს, გრძნობს სამყაროში ღმერთის მყოფობას, მან იცის ეს მყოფობა. პავლე მოციქულის სიტყვით, „…არს სარწმუნოება… საქმეთა მამხილებელ არახილულთა“(ებრ. 11:1); და მართლაც, მორწმუნე სიცოცხლეში ყველაფერსა და თვით სიცოცხლეს აღიქვამს როგორც მოვლენას. „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“(ფსალმ. 18:2). ეს არაა პოეზია, ესაა ხმა და მოწმობა რწმენისა. სასწაული, საიდუმლო, ცოდნა, სიხარული, სიყვარული. ყველაფერი ეს ისმის სიტყვაში „მრწამს!“ – ერთდროულად პასუხადაც და დასტურადაც. პასუხად იმის მიმართ, ვინც შემიყვარა, დასტურად ამ მოვლენის ჩემგან მიღებისა, ამ შეხვედრის რეალურობისა. „მრწამს!“ – და შემდეგ მთელი სარწმუნოების სიმბოლო თხრობაა, მოწმობაა იმის შესახებ, რა გაიგო სულმა ამ შეხვედრისას.
3. ერთი ღმერთი, მამა…
მრწამს ერთი ღმერთი. ერთი ღმერთის ეს აღმსარებლობა არის ყველა საწყისის საწყისი, ქრისტიანობის საფუძველთა საფუძველი. ქრისტიანობა შემოვიდა სამყაროში, რომელშიც გამეფებული იყო მრავალღმერთიანობა, რადგან ქრისტიანობამდელი ადამიანი ღმერთს უწოდებდა და აღმერთებდა ბუნებას, ე. ი. ბუნებაში მოქმედ მრავალსახოვან ძალებს. „სამყარო სავსეა ღმერთებით“. – თქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა თალესმა, და ეს დღევანდელ ენაზე ნიშნავს, რომ სამყაროში მოქმედებს მრავალრიცხოვანი ძალა და „კანონი“.
ქრისტიანობა თავისი ქადაგებით, ერთი ღმერთის აღმსარებლობით წინ აღუდგა ბუნების გაღმერთებას; ერთი ღმერთი ნიშნავს იმას, რომ ყველა ძალა, მთელი სიცოცხლე, ყველა „კანონი,” ყველაფერი ის, რაც არსებობს სამყაროში და თვით სამყარო – ღმერთისგანაა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის ღმერთი. წარმართობა, მრავალღმერთიანობა გრძნობდა სამყაროს ღმრთაებრივ წყაროს, მაგრამ არ იცოდა ღმერთი. წარმართობის „ღმერთები“ მხოლოდ თვით სამყაროს ასახავდნენ. აქედან გამომდინარეობდა მრავალღმერთიანობა – ღმერთების ურთიერთ მეტოქეობა და წარმართობის კერპთაყვანისმცემლური, მაგიური ხასიათი.
ამიტომ გაცხადება, აღმსარებლობა ერთი ღმერთისა ნიშნავს დაამკვიდრო პრიმატი სულიერისა, უმაღლესი ყოფიერებისა, რასაც ერთადერთს ძალუძს, ცხოვრების ყოველ მოვლენას მიანიჭოს საზრისი.
და მყისვე სარწმუნოების სიმბოლო ამ ერთ ღმერთს უწოდებს მამას. „მრწამს ერთი ღმერთი, მამა…“ თუ სიტყვა ღმერთი აღნიშნავს ღმრთაების აბსოლუტურ სიმაღლეს, სამყაროზე მის აბსოლუტურ ამაღლებულობას, განცდას ღმერთისა, როგორც უზენაესის, მიუწვდომელის, სხვა სუბიექტისა, ღმერთის მამად წოდება ამტკიცებს არა მხოლოდ ღმრთის კავშირს სამყაროსთან, არამედ ისეთ კავშირს, რომლის არსიც სიყვარულშია, სიახლოვესა და მზრუნველობაშია. თუ ქრისტიანობა უარყოფს მრავალღმერთიანობას და აღიარებს ღმერთს, როგორც აბსოლუტურ ყოფიერებას, იგი ასეთივე ძალით უარყოფს ღმერთის იმგვარ აღქმას, რომელსაც დეიზმი ეწოდება. ესაა გაგება ღმერთისა, როგორც მიზეზისა, ან ვოლტერის სახელგანთქმული ანალოგიის შესაბამისად, როგორც მესაათისა, რომელმაც შექმნა რთული მექანიზმი, და აამოძრავა იგი, მაგრამ თვით მოძრაობაში მესაათე აღარ მონაწილებს.
ღმერთის სწორედ ამგვარი განყენებული, წმინდა ფილოსოფიური გაგებაა უარყოფილი მისი მამად წოდებით. მამა გვჩუქნის სიცოცხლეს, მაგრამ აგრძელებს თავისი ქმნილების სიყვარულს, ზრუნავს მასზე, მონაწილეობს მის ცხოვრებაში. ახალ აღთქმაში ღმერთზე ნათქვამია, რომ „ღმერთი სიყვარული არს“(1 იოანე, 4:16). და ამიტომ ღმერთის მამად წოდება უკვე შეიცავს, უკვე გამოხატავს ღმერთისადმი ჩვენს საპასუხო სიყვარულსაც, ჩვენს მინდობას, ჩვენს სიყვარულით სავსე, ძეობრივ მორჩილებას მისადმი.
უწოდა რა ღმერთს მამა, სარწმუნოების სიმბოლო აღიარებს მას როგორც „ყოვლისმპყრობელს“. „მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი“. ამ სიტყვით გამოვხატავთ, რომ ღმერთი, რომელსაც ვუწოდებთ მამას, თავის განგებულებაში მოიცავს მთელ სიცოცხლეს, ან უფრო უკეთესი იქნება ვთქვათ, – ყველაფერი სამყაროში ღმერთისაა, ყველაფერი ღმერთისგანაა, ყველაფერი ცხოვრობს ღმერთით.
არაფერზე დაუხარჯავს ქრისტიანობას იმდენი ძალისხმევა, როგორც ბრძოლაზე ეგრეთ წოდებულ დუალიზმთან, ბევრი ქრისტიანული მიმდინარეობის რწმენასთან, რომელიც აღიარებს ორი საწყისის – ნათლისა და ბნელის, კეთილისა და ბოროტის არსებობას. დუალიზმი წარმოიქმნა სამყაროში გამეფებული ტანჯვის, ბოროტების, სიმახინჯის გამოცდილებისაგან. რამდენადაც ტანჯვა, ბოროტება, – დუალისტების გაგებით – მატერიისგანაა, საჭიროა გაქცევა მატერიისგან წმინდა სულიერებაში. `მატერია~ – ბოროტებისგანაა, იგი არის ბოროტება… შემდეგში ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ესმის ქრისტიანობას ბოროტება, რომელიც ჩაღვრილია სამყაროში, რომელიც, თავის მხრივ, შექმნილია კეთილი და ნათელი ღმერთის მიერ. ამჟამად მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ბოროტების ქრისტიანული გაგება გამორიცხავს ნებისმიერ დუალიზმს.
სამყარო შექმნილია სიყვარულით. და თუ სამყარო განეშორება სიყვარულს, ეს დაცემაა და არა სამყაროს არსი.
და ბოლოს, სარწმუნოების სიმბოლო ღმერთს აღიარებს მამად, ყოვლისმპყრობელად და შემოქმედად „ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა.“ სამყარო შექმნილია, მისი წყარო ღმერთშია. სამყარო არ არის თავისი თავისაგან, არ არის უჯრედების შემთხვევითი ბმულობა, არ არის აბსურდი. იგი გააზრებულია, მას აქვს საწყისი და აქვს მიზანი, და ყველაფერი მასში განპირობებულია უზენაესი ღმრთაებრივი სიბრძნით: ცა და მიწა, ხილული და უხილავი. „და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ…“(დაბად. 1:10) ამ აღმსარებლობით უარიყოფება სამყაროს ყოველგვარი გამარტივებული გაგება, მისი ყოველგვარი დაყვანა წმინდა „ობიექტურობამდე“. სამყარო, შექმნილი ღმერთის მიერ, ასახავს ღმრთაებრივ სიბრძნეს, ღმრთაებრივ სილამაზეს, ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას. ყველაფერი ღმერთისგანაა, ყველაფერი განმსჭვალულია უმაღლესი მნიშვნელობით; და ამაშია, როგორც შემდგომ დავინახავთ, სამყაროსა და სამყაროში სიცოცხლის სიხარულიცა და ტრაგიზმიც.
4. და ერთი უფალი იესუ ქრისტე …
სიტყვა, ან ტიტული „უფალი,“ ბერძნულად „კირიოს,“ ქრისტიანობის წარმოშობის ეპოქაში ნიშნავდა წინამძღოლს, ღმრთაებრივი ძალაუფლებითა და ძალმოსილებით აღჭურვილს, წარმოგზავნილს ღმერთის მიერ და ღმერთის სახელით სამყაროს სამართავად. ეს ტიტული მიითვისეს რომაელმა იმპერატორებმა, რათა აღენიშნათ, რომ მათ ძალაუფლებას აქვს ღმრთაებრივი წყარო.
სწორედ ამ ტიტულს არ სცნობდნენ იმპერატორის მიმართ ქრისტიანები; საამისოდ ისინი არ უფრთხოდნენ არც სიკვდილს, არც დევნას; ქრისტიანები ამტკიცებდნენ, რომ სამყაროს ჰყავს ერთი უფალი, ღმრთაებრივი ძალაუფლების ერთი მატარებელი და რომ ეს უფალი არის იესო ქრისტე. და ამისათვის, ამ უარყოფისათვის რომის იმპერია ორასი წლის განმავლობაში დევნიდა ქრისტიანებს. ამიტომაც ქრისტეს რწმენის განმარტება ამ სიტყვის ახსნით უნდა დავიწყოთ.
„მრწამს … ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი“. ამ სიტყვების წარმოთქმით ჩვენ მაშინვე აღმოვჩნდებით ქრისტიანობის გულისგულში, მის „უნიკალურობაში“. ერთი ღმერთის რწმენა დამახასიათებელია ყველა დიდი რელიგიისათვის – ისლამის, იუდაიზმისა და იმ ამორფული „დეიზმისათვის“, რომელიც აღიარებს სიცოცხლის უმაღლეს ღმრთაებრივ საწყისსა და წყაროს; დეიზმი გავრცელებულია მილიონობით ადამიანს შორის, რომლებიც თავიანთ თავს არ მიაკუთვნებენ არცერთ ისტორიულ თუ ტრადიციულ რელიგიას.
ყველა ამ რელიგიისაგან ქრისტიანობა განსხვავდება იმით, რომ წმინდა მონოთეიზმთან (ესე იგი ერთი ღმერთის რწმენასთან) ერთად იგი ამავე რწმენით მიმართულია ქრისტესაკენ: ადამიანისაკენ, რომლის სახელია იესო, ვინც ცხოვრობდა პალესტინაში დაახლოებით ორი ათასი წლის წინ, რომლის ცხოვრება – მოვლინება, სწავლება, სიკვდილი, აღწერილი და ჩაწერილია წიგნში, რომელსაც ეწოდება სახარება, ესე იგი კეთილ და სასიხარულო უწყებაში და რომელიც შედგენილია ოთხი მახარებლის – მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოვანეს მიერ.
ქრისტე. ამ სიტყვის წარმოთქმისას ჩვენ ჩვეულებისამებრ ვაერთებთ ორ სახელს – „იესო ქრისტე“ და ვივიწყებთ, რომ მათგან პირველი – იესო – მართლაც ადამიანის სახელია, საკმაოდ გავრ ცელებული იმ ეპოქის პალესტინაში, ხოლო მეორე – „ქრისტე“ – ტიტულია, რომელიც აღნიშნავს „ცხებულს“. ეს სიტყვა თარგმანია ძველებრაული სიტყვისა – „მესია“. ძველი აღთქმის ყველა წიგნი შეიცავს წინასწარმეტყველებას იმაზე, რომ ღმერთი ქვეყანაზე წარმოგზავნის მესიას, ცხებულს, ესე იგი ადამიანს, რომელსაც იგი, ღმერთი, აღჭურავს ღმრთაებრივი ძალაუფლებით, აღავსებს თავისი სულით და მოავლენს იმისათვის, რომ ადამიანებს აუწყოს თავისი ნება, იხსნას ისინი ცოდვისა და ბოროტისაგან, უკუნისამდე შეაერთოს ღმერთთან.
როგორც მეფეებსა და წინასწარმეტყველებს სცხებდნენ ზეთს, სულიერი ძალის სიმბოლოს, ასევე ეს წარმოგზავნილი იქნება მესია. მესიის მოლოდინმა განსაკუთრებულ დაძაბულობას მიაღწია სწორედ იმ ეპოქაში, რომელიც სახარებაშია აღწერილი. სახარების პირველი მტკიცება სწორედ ისაა, რომ ადამიანი იესო, რომელმაც თავისი ქადაგება დაიწყო პალესტინაში, არის სწორედ ის ცხებული – ქრისტე. ის, ვისაც ელოდნენ, რომელზედაც ლოცულობდნენ და რომელზედაც წინასწარმეტყველებდა ყველა წინასწარმეტყველი, მოვიდა. ადამიანი იესო არის ქრისტე. ასეთია ქრისტიანული რწმენის დასაწყისი.
5. … და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა…
და, დასასრულ, ბოლო, დამაგვირგვინებელი, ყოვლისმომცველი გამოცხადება: ეს უფალი, ეს ქრისტე, რომელიც მოავლინა ღმერთმა ქვეყანაზე, როგორც თავისი სიყვარული და თავისი ხსნა, – არის ძე ღმრთისა, მხოლოდშობილი. მე განზრახ ვამბობ: „გამოცხადება“. რადგან სხვა დანარჩენ სიტყვას – უფალი, ქრისტე, ცხებული – ჩვენ ვპოულობთ ხსნის ისტორიაში, ისინი შეიძლება შეზღუდული იყოს ადამიანურით, შექმნილით.
მაგრამ ქრისტეში თავისი მხოლოდშობილი ძის მოვლინება ძალუძს მხოლოდ ღმერთს, მხოლოდ მამას. და იმ დღეს, როცა იესო ქრისტე ღმერთისადმი მდაბალი მორჩილებით მიდის იოანე ნათლის მცემელთან ნათლისღებისათვის, ღმერთი გვიცხადებს ამ საიდუმლოს:
„და იყო მათ დღეთა შინა მოვიდა იესუ ნაზარეთით გალილეასაით და ნათელ-იღო იოავანესგან იორდანესა. და მეყსეულად აღმოსვლასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხუმულნი და სული ღვთისა გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა. და ხმა იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ“(მარკოზ, 1:9-11).
აქ სრულდება კამათი. რადგან ვერავის შეეკამათები. აქ საიდუმლოებაა, ხოლო საიდუმლოებაზე არ კამათობენ, საიდუმლოებას გვიცხადებს ღმერთი. იგი არ საჭიროებს არც „მტკიცებას“, არც გამართლებას. მსოფლიოს მთელ ისტორიას, ხსნის ისტორიას მივყავდით ამ ღმრთაებრივი გამოცხადებისაკენ, სიყვარულისა და ნათლის ამ ძღვენისაკენ, და ყოველი, ვინც ნათლისგანაა, მიიღებს მათ. ქრისტე არის ძე ღმრთისა, ქრისტე არის ღმერთი. ჩვენ გვწამს ეს, რადგან ჩვენ გვწამს მამისა და გვწამს ქრისტესი. „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ შობილი მოსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორება საუკუნო“(იოანე, 3:16).
სარწმუნოების სიმბოლო ურთავს: „ძე ღმრთისა, მხოლოდ-შობილი“. ეს ნიშნავს, რომ ქრისტე ღმერთის ძეა არა იმ საერთო მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ყველა ადამიანს, როგორც ღმერთის ქმნილებას, შეიძლება ვუწოდოთ ღმერთის შვილები, არამედ ერთადერთი და განსაკუთრებული მნიშვნელობით – სიტყვა „მხოლოდშობილი,“ ესე იგი ერთადერთი, ერთი, არა შექმნილი, არამედ შობილი მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ასე გვასწავლიდა ქრისტე თავის შესახებ, და ამ რწმენას ვიღებთ მისგან; ჩვენ გვწამს იგი. და ამ რწმენაში ღმერთი აღარ არის განყენებული იდეა. იგი გვეცხადება როგორც თავისი მხოლოდშობილი ძის მამა, რადგან იგი მარადიული სიყვარულია ძისადმი, მარადიული სიხარულია ძის გამო, მარადიული მიძღვნაა ძისადმი: „მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ხელთა მისთა“(იოანე, 3:35). ასევეა ძეც: მარადიული სიყვარული, მორჩილება, მარადიული მიძღვნა სიყვარულისა.
დიახ, ღონემიხდილია ჩვენი გონება, ჩვენი დაცემული და შეზღუდული განსჯა. ძალისაგან იცლება ამ საიდუმლოს სიღრმის, სიდიადისა და, ადამიანურად, მიუწვდომლობის წინაშე. მაგრამ სწორედ ამ საიდუმლოს გვაუწყებს ქრისტე: სრულიად სხვას, ჩვენთვის ახალს და გაუგონარ მოძღვრებას თვით ღმერთის შესახებ. და, აი, ამის შესახებ ეკლესია მუდმივად ამტკიცებს, რომ ქრისტე არის „ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა.“
აქ, ამ გაუგონარ სწავლებაში, გადის ზღვარი იმათ შორის, ვინც იღებს ამ რწმენას და ცხოვრობს ამ რწმენით, და ვინც არ იღებს მას და ამბობს, რომ, თუმცა ქრისტემ ადამიანებს შესანიშნავი, ამაღლებული მორალური მოძღვრება მოუტანა, თვითონ იგი ადამიანია და არა ღმერთი. მე ვჩერდები ამ არჩევანზე იმიტომ, რომ იგი უეჭველად განსაზღვრავს ქრისტიანობის მთელ ჩვენს გაგებას. შეიძლება ასე ვთქვათ: ჩვენ ან სრულად ვიღებთ სახარებას, ვიღებთ ქრისტეს მთელ მოძღვრებას ისე, როგორც იგი მოგვეცა სახარებაში, ან ტოლსტოის მსგავსად, რაღაცას ვიღებთ სახარებიდან, რაღაცას კი უარვყოფთ. ვიღებთ იმას, რასაც ვეთანხმებით, რაც „გვესმის“, მაგრამ უარვყოფთ იმას, რაც არ გვესმის. ოღონდ უნდა გავიგოთ, რომ, თუ ჩვენ ვირჩევთ მეორე მიდგომას, საკუთარ თავს ვაქცევთ სახარების მსაჯულებად, და, რაც კიდევ უფრო საშიშია, ვთვლით, რომ ქრისტე შეცდა და სიცრუეს გვასწავლიდა. მაგრამ თუ იგი რაიმეში შეცდა და სიცრუეს გვასწავლიდა, მაშინ რა ფასი აქვს მის სხვა სიტყვებსა და მთელ მის მოძღვრებას? თუ სახარებას მიუკერძოებლად წავიკითხავთ, შეუძლებელია გაჩნდეს რაიმე ეჭვი იმის შესახებ, რომ ქრისტე საკუთარ თავს მიიჩნევდა ღმერთის ძედ, ქვეყანაზე მამისაგან მოვლენილად, რათა ეხსნა ქვეყანა. და ესაა მთელი არსი სახარებისა, ესე იგი ხარებისა, რომელიც ქრისტეს მოწაფეებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს; და ესაა არსი იმ საიდუმლოსი, რაც იესო ქრისტემ აუწყა და მოუვლინა ქვეყნიერებას.
ამიტომ სწორედ ამ საიდუმლოს მიღებით იწყება ქრისტიანული რწმენა და ამ საიდუმლოში მარადიული ჩაღრმავება არის ქრის ტიანული ცხოვრება.
რაშია ის საიდუმლო, რასაც ეკლესიის მამები და მასწავლებლები უნათლესსა და ზესასიხარულოს უწოდებდნენ? ამ კითხვაზე პასუხი ერთ სიტყვაში თავსდება, და ეს სიტყვაა „სიყვარული“. სახარებაში ღმერთზე ნათქვამია, რომ ღმერთი სიყვარულია. არა ის, რომ ღმრთაებრივ თვისებებს შორის არის „სიყვარულისკენ“ მოწოდებაც, არამედ თვით ღმერთი არის სიყვარული. მაგრამ არ არის სიყვარული მოყვარულისა და საყვარელისა და მათი ერთობის გარეშე. და თუ ეს სიყვარული აბსოლუტურია, მაშინ იგი განხორციელდება აბსოლუტურ ერთობაში, ასე რომ საყვარელს შეუძლია თქვას: ჩვენ ერთიანი ვართ, ჩვენ ერთი ვართ.
ამიტომ შეიძლება ასე ვთქვათ: თუ ღმერთს ვუწოდებთ სრულყოფილ ყოფიერებას, თუ სრულყოფილება გამოგვეცხადა როგორც სიყვარული, თუ „ღმერთი სიყვარული არს“, მაშინ ღმერთი არ არის მარტომყოფობა, ერთგვარი მარადიული „მე“ – მარადიული „შენ“-ის გარეშე. არა, ღმერთი არის აბსოლუტური, ყოვლადნეტარი ერთობა მოყვარულისა, საყვარელისა და სიყვარულისა, ან, როგორც მის მიერვე გამოგვეცხადა: მამის, ძისა და სულიწმინდის ერთობა.
გაცემის დღეს ქრისტე ამბობს: „რათა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რათა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაЎთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე“(იოანე, 17:21) აი, მნიშვნელობა ღმერთის მხოლოდშობილი ძის შესახებ სარწმუნოების სიმბოლოს სიტყვებისა.
6. რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით…
უპირველესად, შევჩერდეთ სიტყვაზე „ცხოვრებისათვის“. შევჩერდეთ იმიტომ, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს ცნებასთან, რომელიც ცნობილია ყოველი მორწმუნისათვის, რომელსაც იგი ისე შეეჩვია, რომ ამ ცნებამ დაკარგა მთელი ის შინაარსი, რაც მას აქვს. ამიტომ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ქრისტიანობა არის ხსნის რელიგია. ხოლო ეს ნიშნავს – არა უბრალოდ ცხოვრების „გაუმჯობესებას“, დახმარებას ცხოვრებისეული წარუმატებლობებისას, ქცევის განყენებული ნორმებისა და პრინციპების ახსნას, არამედ სწორედ ხსნას. ხსნა გულისხმობს დაღუპვის არსებობას. ხსნისთვის და არა ნუგეშისცემისათვის, ან სანუგეშო სიტყვებისათვის ლოცულობს ადამიანი, რომელიც იხრჩობა, ან ადამიანი, რომლის სახლს ცეცხლი უკიდია, ან ადამიანი, რომელიც უფსკრულში მიექანება. სხვათა შორის, სწორედ დაღუპვის განცდა, – და სწორედ ამიტომ ქრისტიანობის, როგორც ხსნის განცდა – როგორღაც დაიკარგა ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. და თუმცა ქრისტიანთა უდიდესი უმრავლესობა ჩვეულების ძალით კვლავ იმეორებს სიტყვას „მხსნელი“, „ხსნა“, და ვედრებას – „გვიხსენ“, შინაგანად, ქვეცნობიერად ამ სიტყვებს დღეს სხვაგვარად განიცდის, არა ისე, როგორც ამას განიცდიდნენ ქრისტიანები ქრისტიანობის დასაწყისისას.
თვით ქრისტიანობაში მოხდა სიტყვების თავისებური ჩანაცვლება, უფრო უკეთესი იქნება ვთქვათ, – არა სიტყვების, რადგან სიტყვები სწორედაც იგივე დარჩა, – არამედ სიტყვების მნიშვნელობისა, მათი აღქმისა. ეს ჩანაცვლება კი მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ შევწყვიტეთ საკუთარი თავის აღქმა არსებებად, რომლებიც ნამდვილად იღუპებიან, არსებებად, რომელთა სიცოცხლე შეუბრალებლად მიისწრაფვის უაზრო რღვევისაკენ, რომელთა სიცოცხლე ინთქმება ბოროტებით, უაზრობით, მოკვდინებისა და სიკვდილის საშინელებით, არსებობისათვის ცხოველური ბრძოლით, ძალაუფლების საშინელი ვნებით, ყველას ომით ყველას წინააღმდეგ, სიყალბით, რომელიც წამლავს თვით ცხოვრების წყაროებს, სიმყრალითა და ყველასათვის სიკვდილის მისჯით, ესე იგი ყველაფრით იმით, რითიც ცდილობს, და, სამწუხაროდ, წარმატებით, ჩახშობას, ამოქოლვას ჩვენი ეგრეთ წოდებული „ცივილიზაცია.“ ჩვენ ვისწავლეთ, როგორღაც არ შევამჩნიოთ ეს ყველაფერი; ამის გარეშე ხომ ძალიან საშიშია ცხოვრება. ჩვენ ვისწავლეთ სწორედ ყოველდღიური ცხოვრების ქაოსით საუბარი. არა, შემთხვევითი არაა, რომ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის გამაყრუებელი ხმაურიანი მუსიკა, ჩქარდება ცხოვრების რიტმი, უფრო და უფრო იზრდება ინფორმაციის ნაკადი, რომლითაც გვახშობენ ყოველდღიურად. ესაა კაცობრიობა, რომელსაც ეშინია გაჩერდეს, ეშინია დაფიქრდეს, ეშინია დარჩეს მარტო საკუთარ თავთან და დაინახოს დაღუპვა, შიში, სიძულვილი და ბოროტება როგორც თვით ცხოვრება, რომელიც მოგვესაჯა. ამასთან, სწორედ ასეთია ცხოვრების განცდა და სახე სახარებაში. ქრისტე მიდის ადამიანებთან, რომელნიც „სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა“(ლუკა, 1:79). აი, ადამიანთა ბედის პირველი სახარებისეული განსაზღვრება. შობის ღამის სიხარული მყისიერად ჩახშობილია. ჰეროდეს სურს ყრმა მაცხოვრის მოკვლა და ამ მიზნით ხოცავს ათასობით ჩვილს; და, აი, მახარებელი მათე წერს: „ხმა ჰრამათ ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისა მრავალი: რაქელ სტიროდა შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშინისცემის, რამეთუ არა არიან“(მათე, 2:18).
მხოლოდ სიყვარულს, მხოლოდ მიტევებას ქადაგებს ქრისტე. მაგრამ საიდანღა ეს სიძულვილი, რომელიც თავს იყრის მის გარშემო და რომელსაც იგი გარდაუვლად, შეუბრალებლად მიჰყავს ჯვარზე? სახარების ცენტრში დგას ეს საშინელება გაცემისა, ღალატისა, საშინელი ღვარძლისა, ოფლისა, რომელიც ეცემა მიწაზე, როგორც სისხლი. კაცს, რომელმაც წინასასიკვდილო ტანჯვისას „იწყო მწუხარებად და ურვად“(მათე, 26:37), რომელმაც ჯვარზე გაკრულმა შეჰღაღადა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე?“(მათე, 27:46), ბრბოს წინაშე მას შიშით გაიმეტებს პილატე, რომაელი ჯარისკაცები დასცინიან, სცემენ, აფურთხებენ; დასცინიან ფარისევლები, ხალხი კი „ღაღადებდეს და იტყოდეს: „ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!“(ლუკა, 23:21). აი, სახარებაში მოცემული სახე ამ ქვეყნისა და ცხოვრებისა. საკმარისია წუთით დაფიქრება, რათა დაინახო, რომ ყველაფერი ეს ყოველთვის იყო, ყოველთვის არის, რომ სამყაროში ბატონობს და ცხოვრებას მართავს დაღუპვა. და თუ არ დავუბრუნ დებით სწორედ ამ განცდას, თუ არ დავიწყებთ აქედან, მაშინ აზრი ეცლება ქრისტიანობას და მას ხალხისათვის არსებითად აღარაფერი აქვს სათქმელი. რადგან მხოლოდ დაღუპვის სიღრმისა და საშინელების წარმოჩენით აცხადებს ქრისტიანობა თავის თავს, უფრო სწორედ, ქრისტეს, მის სწავლებასა და მის მოწოდებას, როგორც ხსნას. ხსნა არა იმისაგან, თუ ამისაგან, არამედ ხსნა თვით ცხოვრებისა, რომელიც ასე უიმედოდ მოსწყდა თავისივე შინაარსს, ღმერთს, ნათელს, ზეცას, ჭეშმარიტებას, მარადიულობას, და ამ მოწყვეტით გახდა საშინელი და მყრალი ფუთფუთი ადამიანებისა, რომლებსაც ერთნაირად მიესაჯათ უაზრო დაღუპვა. ყველაფერს ამას ვაღიარებთ, როცა სარწმუნოების სიმბოლოში წარმოვთქვამთ უბრალო და მარადიულ სიტყვებს: „რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით…“ ჩვენთვის, ჩემთვის, შენთვის, თითოეული სათვის ცალკე და ყველასათვის ერთად; ჩვენი ხსნისათვის. ყოველ ჯერზე, ამ მტკიცების განმეორებით, ჩვენ განვამტკიცებთ აგრეთვე ჩვენს ცოდნას დაღუპვის შესახებ.
ბევრს სურდა ქრისტიანობიდან ამოეგდო ეს კავშირი: ხსნა დაღუპვისაგან, ხსნა, რადგან არსებობს დაღუპვა. ბევრს სურდა, როგორღაც „უვნებელი გაეხადა“ ქრისტიანობა, ექცია იგი ცხოვრების დანამატად, ყოფად, სიძველედ, კეთილ ჩვეულებად. მაგრამ როგორც შეუძლებელია სახარებიდან ჯვრისა და ჯვარცმის ამოღება, ისე შეუძლებელია ქრისტიანობიდან დაღუპვისა და ხსნის ამ მიმართების ამოგდება. შეიძლება ითქვას: ქრისტესთან ყოველი ნამდვილი შეხვედრა მიცხადებს, უპირველესად, ჩემი ცხოვრების სიბნელეს, წარწყმედასა და უაზრობას. მე ვხედავ ქრისტეს და იმიტომ, რომ მე ვხედავ მას, ვიგებ, რომ ის ცხოვრება, რომლითაც ვცხოვრობ, არ არის ის, არ არის ნამდვილი ცხოვრება, ხოლო ცხოვრება, რომელიც განმსჭვალულია დაღუპვით, განწირულია წარსაწყმედად. და ჩემი რწმენა მის მიმართ, ქრისტეს მიმართ იწყება იმით, რომ რაღაცნაირი იდუმალი და აუხსნელი და, მაინც, ჩემთვის თავისთავად ცხადი სახით, ვიგებ, რომ მხოლოდ მას, ქრისტეს, ძალუძს მიხსნას, რომ მხოლოდ იგია, მხოლოდ მასთანაა, მხოლოდ მასშია ხსნა ჩემიცა და ჩემი ყველა მოყვასისა, ყველასი და ყველაფრისა. „ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის.“ ასე მთელი სახარება, მთელი რწმენა სარწმუნოების სიმბოლოს ამ სიტყვებით მომართულია ჩემკენ და ჩემი ცხოვრებისაკენ. და მხოლოდ ამის მთელი არსებით შეგრძნებით მეძლევა უნარი, დავფიქრდე იმაზე, რაში მდგომარეობს ხსნა.
7. და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა…
სულიწმინდისაგან და ქალწული მარიამისაგან. მე ვფიქრობ, რომ ურწმუნოებისათვის, ადამიანებისათვის, რომლებიც ქრისტიანობის მიღმა არიან, არ არის უფრო დიდი ლოდი შებრკოლებისა და ცთუნებისა, ვიდრე ქრისტიანების რწმენა, რომ იესო ქრისტე იშვა ქალწულისაგან. ეს რწმენა, სამწუხაროდ, უარყო ბევრმა ქრისტიანმაც კი, განსაკუთრებით, პროტესტანტმა მეცნიერებმა, რომლებიც სახარებასა და რწმენას „მეცნიერულად“ სწავლობენ და რომლებსაც დედა-ქალწულის მიმართ რწმენა ეჩვენებათ მიუღებლად, მიაჩნიათ გონებაზე ძალადობად, ცრურწმენად. არ ეჭვობენ და სახარების ამ სწავლებას სიმდაბლით იღებენ უბრალო ადამიანები და ისინი, ვინც თვითონ არიან მდაბალნი. და არა მხოლოდ იღებენ, არამედ იღებენ როგორც სასიხარულო ძღვენს, როგორც ნათელ და სასიხარულო საიდუმლოს, რომლის ჩვენთვის გაცხადებაც ღმერთმა ინება. ხოლო რადგანაც უმამაკაცოდ ჩასახვისა და შობის „ნამდვილობის“ დამტკიცება შეუძლებელია, და ჩვენ ან გვწამს, ან არ გვწამს იგი, ან სიმდაბლით ვიღებთ მას, ან, ასე ვთქვათ, „პრინციპულად“, მეცნიერებისა და გონების სახელით უარვყოფთ მას, ამიტომ მასზე საუბრისას შეგვიძლია ვცადოთ იმის გააზრება, თუ რას აძლევს ეს რწმენა ჩვენს ცნობიერებას, ჩვენს გულს, რას გვიცხადებს იგი სიღრმისეულად.
რა თქმა უნდა, ქალწულისაგან ქრისტეს შობის შესახებ რწმენა, რაც გაცხადებულია სახარებით, კვლავ და მძაფრად სვამს საკითხს გონების, განსჯის და იმ ყველა მოვლენისადმი მეცნიერული მიდგომის საზღვრებზე, რომელიც იცის ჩვენმა გონებამ და რომელშიც იგი ნამდვილად უმაღლესი მსაჯულია. ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ქალწულება ღვთისმშობლისა, ასე უწოდებს ეკლესია მარიამს, იესოს დედას, უარიყოფება სწორედ გონებისმიერი განსჯით. გონებისმიერი განსჯა ამბობს: ეს არ ხდება, და ამიტომ ეს შეუძლებელია, და ამიტომ ეს არ ყოფილა. და ამიტომ ეს ამოვიღოთ სახარებიდან. ასე რომ, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი თავს იყრის არჩევანში: რა არის უმაღლესი – სახარება, თუ გონება, რომელი რომლის მსაჯულია, რომელი რითი მოწმდება – სახარება გონებით, თუ გონება სახარებით? თავიდანვე შევნიშნავ, რომ ეს დილემა სულაც არ მიეკუთვნება მხოლოდ რწმენის დამტკიცებას – ქალწულისაგან ქრისტეს შობას. იგი მიეკუთვნება, როგორც შესანიშნავად ვიცით, უწინარესად, თვით ღმერთს. იგივე გონებამ, იგივე მეცნიერებამ არ იცის არც ღმერთი-შემოქმედი, არც ღმერთი-სიყვარული, არც ღმერთი-მაცხოვარი. რადგან მეცნიერებამ იცის მხოლოდ ის, რისი შემოწმებაც მას ძალუძს და ამ შემოწმებით, როგორც ფილოსოფია ამბობს, შეუძლია ემპირიულად დაამტკიცოს. შესაბამისად, პრობლემა ფართოვდება. საქმე ეხება იმას, არსებობს თუ არა ცოდნის სფერო, ცხოვრების მოვლენა, რომელიც არა თუ ექვემდებარება გონებით განსჯას, არა – ქრისტიანობა გონებას ძალიან მაღალ ადგილს აკუთვნებს, არამედ რომლის მიმართ გონებას, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს მიწიერ, ადამიანურ გონებას, არა აქვს საბოლოო ხელმწიფება, არ ძალუძს და ამიტომ არ უნდა დასდოს საბოლოო მსჯავრი. ან კიდევ ასე: აქვს თუ არა გონებას საზღვრები, რომლის მიღმაც გონება, თუ იგი ნამდვილია, ასე ვთქვათ, „გონიერი გონებაა“, ამბობს: მე არ ვიცი. მე ვამბობ – „გონიერი გონება” იმიტომ, რომ უეჭველად არსებობს უგუნური გონება, და სწორედ იგი ყვირის ჩვეულებისამებრ ყველაზე ხმამაღლა და ყოვლისმცოდნედ მიიჩნევს თავს. ნამდვილი გონება, ნამდვილი მეცნიერი ძალიან ბევრ რაიმეზე ამბობს: „მე ეს ჯერ კიდევ არ ვიცი,“ – და ეს არცოდნა განუზომლად უფრო ღირსეულად წარმოაჩენს მეცნიერებას, ვიდრე მზვაობარი ყოვლისმცოდნეობა.
მაშ ასე, ქრისტიანული რწმენა, ქრისტიანობა გონების მიმართ იკავებს ასეთ პოზიციას: იგი, უპირველესად, გონებას თვლის ღმერთის უმაღლეს ძღვნად, ჭეშმარიტად ღმრთაებრივ საჩუქრად ადამიანისათვის; მეორეც, იგი ამტკიცებს, რომ ისევე როგორც ყველაფერი სამყაროში, ისე მთელი ადამიანი, გონება დაზიანებულია და შეზღუდულია ცოდვით, და ამიტომ გონებას არ ძალუძს ყველაფრის შეცნობა და ახსნა. და, ბოლოს, მესამე, იგი თვლის, რომ გონებას შეუძლია გაბრწყინება, განათლება, გაღრმავება და აღორძინება რწმენით და ეს უნდა გააკეთოს კიდეც. საამისოდ კი გონება უნდა გახდეს მდაბალი, ხოლო ეს ნიშნავს – გონებამ უნდა დაუშვას, რომ სამყაროში მოქმედებს არა მხოლოდ იგი და არა ბრმა და უგუნური მიზეზობრიობა, რომლის წვდომაც მხოლოდ გონებას შეუძლია, არამედ სამყაროში მოქმედებს ღმერთი, რომელზედაც ნათქვამია, რომ მისი გზა არ არის ჩვენი გზა, მისი სიბრძნე არ არის ჩვენი სიბრძნე, და რომ ღმერთი მუსრავს ამპარტავნებას გონებისა, რომელიც ამკვიდრებს თავის ყოვლისმცოდნეობას. მაგრამ მაშინ ქრება ყველა ის წინააღმდეგობა, რომელზედაც ვისაუბრეთ დასაწყისში: ეს არ ხდება, და ამიტომ ეს შეუძლებელია, ეს არ შეესაბამება ჩვენთვის ცნობილ ბუნების კანონებს, და ამიტომ ეს არ ყოფილა, და ასე შემდეგ. რადგან სწორედაც სამყაროს უღრმესი კანონებია უცნობი, უცნობია მისი ის მისტიკური სიღრმე, რომელშიც გონება ხვდება მასში მოქმედ ღმერთ-შემოქმედს, ღმერთ-სიყვარულს, ღმერთ-განმგებელს. რწმენა და ეკლესია ხომ სულაც არ ამტკიცებენ, რომ ეს „ხდება“ და რომ „ეს შესაძლებელია“, ესე იგი ბავშვები შეიძლება დაიბადნონ მამის გარეშე, ქალწულისაგან. რწმენა და ეკლესია მხოლოდ ამტკიცებენ, რომ ეს გაუგონარი, ჯერარყოფილი და ჩვენი დაცემული გონებისათვის შეუძლებელი მოვლენა აღესრულა მაშინ, მხოლოდ მაშინ, როცა დედამიწაზე, ადამიანის სახით მოვიდა თვით ღმერთი! ამიტომ მარიამის, იესოს დედის, ქალწულობის რწმენა დამოკიდებულია სულაც არა იმაზე, „შესაძლებელია“ ეს თუ „შეუძლებელი“, ხდება თუ არ ხდება. თვით ეკლესია თავის ერთ-ერთ ლოცვაში ამტკიცებს: „უცხო არს ქალწულება დედათათვის და უცხო არს დედობა ქალწულობისათვის.“ ეს რწმენა დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, გვწამს თუ არა, რომ ქრისტე ღმერთია, რომელიც მოევლინა ქვეყანას, „ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის“.
თუ გვწამს, მაშინ უმამაკაცო შობაც გასაგები (არა, არა შიშველი გონებისათვის, არამედ ჩვენი ცნობიერების სიღრმისთვის) ხდება. რადგან სწორედ ეს საიდუმლო შეიცავს ეკლესიის რწმენას ქრისტესადმი, ქრისტეს ცოდნას როგორც ღმერთისა და კაცისა, როგორც ღმრთისა, რომელიც გახდა ადამიანი, როგორც კაცისა, რომელიც არის ღმერთი, განღმრთობილი. ჩვენ არ ძალგვიძს, უზრუნველვყოთ ღმერთის ზეცით გარდამოხდომა და მისი განკაცება. ეს ღმერთის გადაწყვეტილებაა, ღმერთის ინიციატივაა და მიზეზი მისი განკაცებისა არა მიწიერშია, არა ერთ-ერთ მიწიერ კანონშია, არამედ მხოლოდ ღმერთშია. ქრისტე არის ძე ღმერთისა. მაგრამ თავის კაცობრივს, თავის ხორცსა და სისხლს იღებს ჩვენგან, ადამია ნებისაგან, და იღებს ქალწული მარიამისაგან, რომელსაც სულიწმინდისაგან, სულიწმინდის შემოქმედებითი ძალითა და სიყვარულით მიეცა უნარი, გამხდარიყო დედა ღმერთისა, და ამ დედობით უკუნისამდე, სამუდამოდ და დასასრულამდე დავენა თესავებინეთ ქრისტესთან, ღმერთის ძესთან, მოევლინა ქრისტე, როგორც ერთი ჩვენგანი, როგორც ძე კაცისა. თავისუფალი გადაწყვეტილება ღმერთისა, რომელიც ქმნის ახალ ადამიანს, ადამიანის მიერ ამ ძღვნის მიღება – აი, ჩვენი რწმენის საზრისი, აი, მისი სიხარული. ღმერთი გარდამოხდა ზეცით, რათა ადამიანი ამაღლდეს ზეცად. იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენ ვართ ღმერთის შვილები, მარიამის მეშვეობით ქრისტე ჩვენთანაა, ჩვენშია, ჩვენი ძმაა, ჩვენი შვილია, ჩვენი მხსნელია. სწორედ ყოველივე ეს არის გამოხატული სარწმუნოების სიმბოლოს მოკლე აღმსარებლობაში: „და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა…“

Print Friendly

Comments are closed.