Posts Tagged ‘ აფხაზეთი ’

მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტი და აფხაზეთის რეაქცია უკრაინის ავტოკეფალიაზე

 

40012799_1480376145439867_1935290878935433216_nმღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

უკრაინის საკითხზე მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა 2018 წლის აპრილის შემდეგ რამდენიმე ტურნე მოაწყო აღმოსავლეთის პატრიარქებთან. ბოლო პერიოდში, 15 ნოემბერს სტუმრობდა ალექსანდრიის ეკლესიას[i], 17 ნოემბერს ანტიოქიას,[ii] 19 ნოემბერს კვიპროსს[iii]. 29 ნოემბერს ანტიოქიის საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქომ გაუგზავნა ფულადი დახმარება, სირიის ომისას დანგრეული ტაძრების აღსადგენად[iv]. მოსკოვის საპატრიარქოს თანამშრომლები 7 ნოემბერს სტუმრობდნენ ბულგარეთის ეკლესიას[v], 15 ნოემბერს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიას[vi], 23 ნოემბერს ამერიკის მართლმადიედებელ ეკლესიას[vii].

ამა წლის 10 დეკემბერს მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი თბილისშიც ჩამობრძანდა. მან საქართველოს საპატროარქოში ჩამოასვენა წმ. აღმსარებლის, იღუმენია თამარ მარჯანიშვილის წმინდა ნაწილები.

რუსი იერარქის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე სოციალურ ქსელებში საზოგადოების მიერ გამოითქვა ეჭვი, რომ მისი ვიზიტის მიზანი მხოლოდ წმინდა ნაწილების ჩამოსვენება არ უნდა ყოფილიყო. მართლაც, საქართველოს საპატრიარქომ, ოფიციალური საიტის მეშვეობით, მალევე შეატყობინა მრევლს, რომ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე “მეუფე ილარიონმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემების გამო და საქართველოს ეკლესიას გადმოსცა საბუთები, სადაც დაფიქსირებულია რუსეთის ეკლესიის პოზიცია[viii].

ამავე განცხადებაში საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა ამა წლის 10 სექტემბრის განცხადებაში დაფიქსირებული პოზიცია: სანამ არ მოხდება საკითხის შესწავლა და საკითხში ჩართული ეკლესიების მხრიდან პოზიციათა საბოლოო დაფიქსირება, და მათი სინოდალური განხილვა, მანამდე საქართველოს ეკლესია თავს შეიკავებს შეფასებისგან[ix].

თავად მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ოფიციალური საიტი კი რუსი იერარქის თბილისში ვიზიტის ერთადერთ მიზეზად ასახელებს წმინდა ნაწილების გადმოცემას[x].

ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის ვიზიტის რეალური მიზანი არ სახელდება ამავე საპატრიარქოს საინფორმაციო ქსელებში. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ამა წლის 20 აპრილს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურ წარმოებაში მიეღო უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, მიტროპოლიტმა ილარიონმა წამოიწყო უკრაინის თემაზე პირველი ტურნე და თითქმის ყველა ადგილობრივი ეკლესია მოიარა. ამ პირველი ტურნეს ფარგლებში, 4 ივნისს იმყოფებოდა თბილისშიც და მოსკოვის საპატრიარქოს მედია-საშუელებებს არც ამ შემთხვევაში განუცხადებიათ, რომ ვიზიტის რეალური მიზანი უკრაინის საკითხში საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერის მოპოვების მცდელობა იყო[xi]. ამჯერადაც, მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტის რეალური მიზანი ისევ საქართველოს საპატრიარქომ შეატყობინა საკუთარ მრევლს, ოფიციალური საიტის მეშვეობით[xii].

ეკლესიას დასამალი არაფერი უნდა ჰქონდეს და საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაც უდაოდ სწორედ იქცევა, როდესაც ახერხებს ქართველი მრევლის ინფორმირებას ვიზიტების რეალურ შინაარსთან დაკავშირებით.

მეორეს მხრივ, ჩნდება კითხვა, თუ რატომ მალავს თავად რუსული მხარე მიტროპოლიტის ვიზიტის რეალურ მიზანს?!

შესაძლოა იმიტომ, რომ მოსკოვში შესანიშნავად იციან ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის შესახებ, იციან რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი და განსაკუთრებით კლეროსი რუსულად თუ არ ლაპარაკობს კითხულობს მაინც, ისიც იციან, თუ რამდენი ვიზიტორი ჰყავს ჩვენი ქვეყნიდან მათ ოფიციალურ საიტებს (რაც თავისთავად ცუდი არ არის), ამიტომ იჩენენ სიფრთხილეს, რათა ქართული საზოგადოებისათვის რუსული საეკლესიო პოზიციის ღიად თავსმოხვევამ უკურეაქცია არ გამოიწვიოს.

აღნიშნულზე ბევრი თეორია შეიძლება გამოითქვას, სწორიც და მცდარიც, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა არა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან ასეთი დაფარული პოლიტიკის წარმოების მოტივი, არამედ მისი წარმოების მეთოდი, რადგან სწორედ მეთოდში სინთეზირდებიან მიზნები და მიზეზები. მოსკოვურ მეთოდთან დაკავშირებით კი, სახარებისეული სიბრძნე გვასწავლის რომ “ვინც კარიდან არ შედის ცხვრის სადგომში, არამედ სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი” (იოან. 10:1).

სამწუხაროდ მოსკოვი სხვის სადგომში შესვლას მხოლოდ შეფარული, ერთდღიანი ვიზიტებით არ ახორციელებს. თითქმის სამი ათეული წელიწადია მოსკოვის საპატრიარქო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე “სხვა გზით გადადის” და ცდილობს აფხაზეთის საეკლესიო საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის საგნად აქციოს: თითქოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განზრახული ჰქონდეს აფხაზეთის ეპარქიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება.

აქ რამდენიმე დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ასეთ ინფორმაციას ქართულ საზოგადოებაში გამოკვეთილად პრორუსული (და სავარაუდოდ რუსული დაფინანსების მქონე) მედია-საშუალებები ტირაჟირებენ[xiii].

შემდეგი დეტალი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, არის ის, რომ თითქოს ორ ნაწილად გაყოფილ აფხაზ სასულიერო პირებში დიდი უმრავლესობა (12 მღვდელი) მოსკოვურ ფრთას აქვს, რომელსაც მღვდელი ბესარიონ აპლია ხელმძღვანელობს, მოსკოვის პატრიარქის კარზე დიდად მიღებული პირი[xiv]. ეს დაჯგუფება დაკომპლექტებულია რუსეთის ეკლესიის მიერ გამოგზავნილი მღვდლებით, მოსკოვის საპატრიარქოს მხარდაჭერაზე ღიად საუბრობს თავად მღვდელი აპლიაც.

არ ვიცით მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა მოიპოვა თუ არა უკრაინის თემაზე ადგილობრივი ეკლესიების საბოლოო მხარდაჭერა, მაგრამ “აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ” მოსკოვს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. რამდენად პარადოსქულადაც არ უნდა ჟღერდეს, გავრცელებულ განცხადებაში მღვდელი აპლია თავის თანამოაზრეებთან ერთად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ადანაშაულებს უცხო საპატრიარქოს ტერიტორიაზე შეჭრაში, საეკლესიო კანონების უგულვებელყოფაში და მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობის პრინციპების დარღვევაში და დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის ავტოკეფალიას[xv]. ანუ ხდება მსოფლიო საპატრიარქოს დადანაშაულება იმ ყველაფერში, რასაც მოსკოვის საპატრიარქო თავად ახორციელებს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, სწორედ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში.

კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის აფხაზი მღვდლების მეორე დაჯგუფება, არქიმანდრიტ დოროთე დბარის მეთაურობით. ეს დაჯგუფება უმცირესობაში იმყოფება, შედგება მხოლოდ ორი მღვდლისაგან და მათი ძალაუფლება ვრცელდება ახალი ათონის მონასტერზე. დბარის ფიგურა ხშირად გამოიყენება როგორც ერთგვარი საფრთხობელა – თითქოს ის დაპირისპირებულია მღვდელ აპლიას დაჯგუფებასთან, შესაბამისად არამოსკოვური გავლენისაა, კონსტანტინოპოლთან დაახლოებული პირია და არსებობს საშიშროება, რომ კონსტანტინოპოლმა მას ლეგიტიმაცია მისცეს (დბარს საბერძნეთში აქვს განათლება მიღებული).

სიახლე არ არის, რომ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლება მინიმალური დემოკრატიული ნორმების გარანტირებასაც კი ვერ ახერხებს და ყველა ის საჯარო თუ კერძო პირი, რომელიც მოსკოვური პოლიტიკის წინააღმდეგია, იქცევა დევნის ობიექტად. მაშ რა უშლია ხელს აფხაზ ხელისუბლებასა და ბესარიონ აპლიას უბრალოდ ადგნენ და გამოასახლონ ახალი ათონიდან დოროთე დბარი და საერთოდ აღკვეთონ მისი მოღვაწეობა აფხაზეთში? ეს შეკითხვა საშუალებას გვაძლევს საკითხს სხვა კუთხიდან შევხედოთ – იქნებ დბარიც რუსული პროექტია?! სხვას ვის უნდა აწყობდეს დბარის, როგორც მცხეთისა და კონსტანტინოპოლის საყდრებს შორის უნდობლობის ფაქტორის არსებობა?! მითუმეტეს, რომ დბარსა და აპლიას შორის ურთიერთობა არც ისეთი მტრულია, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ რუსული მედია-საშუალებები (იხ. ფოტო). ამ პერსპექტივიდანვე ხდება ცხადი, საიდან აქვს აფხაზეთში დბარის დაჯგუფებას ის უზარმაზარი დაფინანსება, რომელიც მას საშუალებას აძლევს აწარმოოს დიდი ავტოკეფალისტური კამპანია, შეინახოს საგამომცემლო ორგანოები, მუზეუმი, მომლოცველთა ცენტრი და ა.შ.

სანამ მოსკოვი არქიმანდრიტ დბარის “პრო-კონსტანტინოპოლურობით” აშინებს ქართულ საეკლესიო საზოგადოებას, მანამდე აფხაზეთში პრო-მოსკოვური ფრთის შემადგენლობას ყოველწლიურად აძლიერებს და ზრდის. თავად ეს მოსკოვური შემადგენლობა კი, როგორც კლიროსი მოსკოვის საპატრიარქოსი, ბუნებრივია, მოსკოვთან ერთად ეწინააღმდეგება უკრაინის ავტოკეფალიას. და ეს არის ერთგვარი ლუსტრაცია ამ საეკლესიო დაჯგუფებებისა: ამ მღვდლებისთვის, ვინც მოსკოვური არგუმენტებით აკრიტიკებენ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესაძლებლობას, აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნა არა თავისთავადი ღირებულების აქტია, არამედ მხოლოდ რუსეთის პოლიტიკის წისქვილზე წყლის დასხმა, რადგან შეუძლებელია რომელიმე დაჯგუფება გულწრფელად ითხოვდეს ავტოკეფალიას და თან ეწინააღმდეგებოდეს ავტოკეფალიის გაცემის პრეცენდენტს.

[i] https://mospat.ru/ru/2018/11/16/news166692/

[ii] https://mospat.ru/ru/2018/11/18/news166741/

[iii] https://mospat.ru/ru/2018/11/19/news166809/

[iv] https://mospat.ru/ru/2018/11/30/news167393/

[v] https://mospat.ru/ru/2018/11/07/news166332/

[vi] https://mospat.ru/ru/2018/11/15/news166671/

[vii] https://mospat.ru/ru/2018/11/23/news166986/

[viii] http://patriarchate.ge/geo/saqartveloshi-wminda-aghmsarebel-tamaris-marjanishvili/

[ix] http://patriarchate.ge/geo/saqartvelos-sapatriarqos-ganmarteba-08-10/

[x] https://mospat.ru/ru/2018/12/10/news167864/

[xi] https://mospat.ru/ru/2018/06/04/news160640/

[xii] http://patriarchate.ge/geo/informacia-04-06-2018/

[xiii] https://www.mythdetector.ge/ka/myth/sasuliero-piris-manipulatsia-titkos-msoplio-patriarki-sapatriarkos-apkhazetis-da-tskhinvalis

[xiv] http://www.patriarchia.ru/db/text/1983961.html

[xv] https://eadaily.com/ru/news/2018/10/23/abhazskaya-cerkov-prizvala-chad-hristovyh-molitvenno-byt-s-rpc