Posts Tagged ‘ ლიტურგიული შესწორებანი ’

ლიტურგიული შესწორებანი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდისაგან

1500x1500orthodoxchurchinamerica

მოამზადა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

2018 წლის 15 თებერვლით დათარიღებული დეკლარაციით, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის (OCA) პრიმატმა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა ამერიკის ეკლესიის ღვთისმსახურთ შეატყობინა 2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე წმინდა სინოდის მიერ ლიტურგიულ პრაქტიკაში შეტანილი ორი მნიშვნელოვანი შესწორების შესახებ:

  1. ბასილი დიდის ჟამის-წირვის ევქარისტიული კანონიდან გვიანდელი ინტერპოლაციის “შესცვალე სულითა შენითა წმიდითა” ამოღება. დოკუმენტის თანახმად ბასილი დიდის ევქარისტიული კანონი დასრულდება სიტყვებით “რომელი გარდამოჴდა ცხოვრებისათჳის სოფლისა – ამინ.”
  2. პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიაზე მღვდელმსახურთა ბარძიმიდან ზიარებისას და ბარძიმის მიღებისას იგივე წესების დაცვა, რაც იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდი ჟამის-წირვაზე აღესრულება. დოკუმენტის თანახმად, ეკლესიას ძველთაგანვე სწამდა, რომ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიაზე, მას შემდეგ, რაც უკვე შეწირული უპატიოსნესი სხეული ბარძიმში ჩაბრძანდება, იქ არსებული ღვინოც იქცევა მაცხოვრის უწმინდეს სისხლად.

მოცემული შესწორებანი შესულია წმინდა ტიხონის მონასტრის ტიპოგრაფიის “სამღვდელო კონდაკის” ბოლო გამოცემაშიც.

დოკუმენტს თან ერთვის დოქტორ ვიტალი პერმიაკოვისა და წმინდა ტიხონის მონასტრის მღვდელმონოზონ გერმანეს შენიშვნები, სადაც მოკლედ არის ახსნილი სინოდის მიერ მიღებული დადგენილების ისტორიულ-საღვთისმეტყველო მოტივები:

  1. ბასილი დიდის ჟამის-წირვის უძველეს რედაქციებში არ გვხდვება იოანე ოქროპირის ანაფორის სიტყვები “შესცვალე სულითა შენითა წმიდითა”. ეს ფრაზა ბასილი დიდის ჟამის-წირვათა ბერძნულ რედაქციებში არ ფიქსირდება XV საუკუნემდე, მისი ბასილი დიდის ანაფორაში მოთავსების წინააღმდეგი იყო წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელიც.

გარდა იმისა, რომ ეს ფრაზა იოანე ოქროპირის ევქარიტიული ლიტურგიის ორგანული ნაწილია და არა ბასილი დიდის ლიტურგიისა, მისი ბასილი დიდის ჟამის-წირვაში მოთავსება არღვევს ანაფორის დინამიკას. იოანე ოქროპირის ანაფორაში ეკლესია ევედრება მამას, გარდამოავლინოს თავისი სული და შესცვალოს ძღვენი, ანუ მოქმედებს მამა სული წმინდის მიერ, შესაბამისად მღვდელი ევედრება “შესცვალე სულითა შენითა წმიდითა”. ბასილი დიდის ლიტურგიაში კი მღვდელი ლოცულობს, რათა მამის კეთილი ნებით მოვიდეს სული წმინდა, ანუ აქ სული წმინდა არის მოქმედი და არა მამა, შესაბამისად ამ ანაფორის საერთო კონტექსტისათვის უცხოა მამისადმი მიმართვა “შესცვალე სულითა შენითა წმიდითა”.

  1. XVII საუკუნემდე მართლმადიდებლურ საღვთისმსახურო წიგნებში არ არსებობდა განსხვავება სამღვდელოების ზიარების წესში პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიისას და ბასილი დიდის ან იოანე ოქროპირის ევქარისტიული ლიტურგიებისას. 1646 წელს კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ გამოაქვეყნა შესწორებული “კურთხევანი”, სადაც მოახდინა ზოგიერთი ბიზანტიური საღვთიმსახურო პრაქტიკის შესწორება სქოლასტიკური ღვთისმეტყველების მიხედვით. ამ შესწორებათა და 1699 წლის რუსული “კონდაკის” ერთი რუბრიკის თანახმად, რამდენადაც პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიის ბარძიმზე არ წარმოითქმის კურთხევის სიტყვები, ის არ გარდაარსდება სისხლად, თუმცა განიწმინდება და რჩება განწმენდილ ღვინოდ.

თუმცა ეს სქოლასტიკური მიდგომა უცხო იყო ადრეული საეკლესიო პრაქტიკისათვის. მაგალითად წმ. სიმეონ თესალონიკელი წერდა, რომ “პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიაზე ბარძიმი იკურთხება (გარდაიქმნება) არა სული წმინდის მოხმობითა და კურთხევით, არამედ ცხოვრების მომცემელ პურთან ერთობითა და შერევით”.

წყარო: https://oca.org/news/headline-news/holy-synod-of-bishops-issues-liturgical-instructions