Posts Tagged ‘ ღვთისმეტყველები ’

სიმპოზიუმი თესალონიკში – დიალოგი არის ქრისტიანული პასუხისმგებლობა

61337967_2449243598440087_6835275666573754368_o2019 წლის 22-28 მაისს, მიტროპოლიტ პანტელეიმონ პაპაგეორგიუს საღვთისმეტყველო ცენტრის (CEMES) ორგანიზებით საბერძნეთში გაიმართა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და ბერძენი თეოლოგების სიმპოზიუმი.

22-25 მაისს სიმპოზიუმის მონაწილეებმა მოილოცეს ათონის მთის მონასტრები და ივერონის მონასტერში შეასრულეს წმინდა წირვა ქართულ ენაზე.

მომლოცველობის დასრულების შემდეგ, თესალონიკში 26-28 მაისს ძმური თანაზიარებისა და ნაყოფიერი დიალოგის გარემოში გაიმართა სიმპოზიუმის სამეცნიერო ნაწილი, რომელსაც ქართულ ენაზე აღვლენილი საკვირაო წირვა უძღოდა წინ. მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ ქადაგებაში ხაზი გაუსვა დიალოგისა და შეხვედრის ქრისტიანულ მნიშვნელობას:

 

“ყოველი საქმე, უნდა იწყებოდეს ღვთის დიდებითა და მისი წყალობის მოხმობით და მადლობა ღმერთს, რომ გვეძლევა საშუალება ჩვენი შეხვედრაც დავიწყოთ ჩვენი შეკრების მიზნისა და მიზეზის – ყოვლადწმინდა სამების განდიდებით.

აქ შევიკრიბეთ დიალოგისათვის, რომელიც არის დიდად საპასუხისმგებლო საქმე, რადგან თუ დიალოგი არ იწყება ღმერთით და არს სრულდება ღმერთში, მას სავალალო შედეგების გამოღება შეუძლია. შეგვიძლია გავიხსენოთ დიალოგები პირველი ადამიანისა – გველთან, სალომეასი – ჰეროდესთან, იუდასი – სინედრიონთან; ეს დიალოგები მიმართულნი იყვნენ საკუთარი მიზნებისაკენ, საკუთარი თავისაკენ, ანუ ისინი იქცნენ მონოლოგებად, რადგან ნამდვილი დიალოგი არის საკუთარი თავიდან გამოსვლა და მზად ყოფნა, გახსნილობა მეორე ადამიანისათვის, ამიტომ იქცნენ დასახელებული დიალოგები მონოლოგებად, ბოროტებად, რადგან არ იყო მათში გახსნილობა ახალი, კეთილი შესაძლებლობებისათვის, არ იყო მათზე ღვთის კურთხევა.

დიალოგი, რომელიც ნამდვილად ღვთისგან არის, მიმართულია ღვთის სიტყვის ქადაგებისაკენ და მისი სასუფევლის დამოწმებისაკენ. ეს არის ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი! სანამ ღმერთი დააგვირგვინებდეს შესაქმეს ადამიანის შექმნით, ის დიალოგშია. ღმერთი ქმნის სიცოცხლეს დიალოგში.

დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს იესო ქრისტეს სამარიელ დედაკაცთან შეხვედრის ამბავს, სადაც ვხედავთ, თუ როგორ შექმნა იესო ქრისტემ დიალოგში ახალი ცხოვრება – როგორ მისცა დიალოგში ამ დედაკაცს სიცოცხლის წყარო, მიანიჭა ახალი ცხოვრება. ეს დიალოგი სამი, მზარდი ეტაპისაგან შედგება: ის იწყება ძალიან მარტივი, ცხოვრებისეული საკითხით: “წყალი დამალევინე” – ითხოვა იესომ. ცხოვრებისეული დიალოგი გადაიზარდა რელიგიურში, ქალი კითხულობს, თუ სად არის თაყვანისცემის ადგილი, ხოლო იესო პასუხობს, რომ თაყვანისცემა აღესრულება სულითა და ჭეშმარიტებით. მესამე საფეხური არის გამოცხადება ჭეშმარიტებისა – იესო თანამოსაუბრეს თავს განუცხადებს როგორც მესიას, როგორც მხსნელს.

ჩვენც შეგვიძლია, ღვთის შეწევნით, ერთმანეთთან საუბარი დავიწყოთ ყველაზე მარტივი თემებით და ეს საუბარი გავზარდოთ და ვაქციოთ მნიშვნელოვან სულიერ გამოცდილებად, გაზიარებად, თანაზიარებად.

იესომ შექმნა დიალოგში ახალი სიცოცხლე და თუ დავფიქრდებით, ჩვენც ვიყავით მასთან მსგავს დიალოგში. შეიძლება აღარც გვახსოვდეს, მაგრამ ჩვენც გვესაუბრა ის, როდესაც მოვინათლეთ და დავიბადეთ სიცოცხლის წყაროდან, როდესაც ვიყავით მასთან დიალოგში და დავუდეთ აღთქმები ნათლობისა.

როგორც სამარიელი ქალის შემთხვევაში, იესომ ჩვენს შემთხვევაშიც შექმნა ახალი ცხოვრება, ახალ ადამიანებად გარდაგვქმნა, მოგვანიჭა ახალი ქმნილებობა სიცოცხლის წყაროდან, დიალოგში! ჩვენ გვქონდა იესო ქრისტესთან ეს დიალოგი.

ამიტომ ნათლობით, თავად ჩვენი ქრისტიანად ყოფნით, ვართ ვალდებულები ვიყოთ ერთმანეთთან დიალოგში, რადგან ეს არ არის უბრალოდ კეთილი ნება, ერთგვარი კლას-გარეშე საკითხავი, დამატებითი რამ, ეს არის ჩვენი ქრისტიანული პასუხისმგებლობის ნაწილი. ეს არის პასუხისმგებლობის ნაწილი არა როგორც ღვთისმეტყველებისა, არა როგორც მკველვარებისა, არამედ როგორც ქრისტიანებისა, რადგან ჩვენ დიალოგში ვიშვით სიცოცხლის წყაროდან და ვალდებულები ვართ დიალოგში დავრჩეთ ღმერთთან, ერთმანეთთან და მთელ მსოფლიოსთან – ეს არის ვალდებულება და მოწოდება.

ის ვინ არ არის დიალოგში და ადგება იზოლაციისა და გაბუტვის გზას, ის ვინც ქრისტიანულ თემს მიიჩნევს მხოლოდ საკუთარი კლანის ან საკუთარი თანამოაზრეების წრედ, შეიძლება ითქვას, რომ ღალატობს საკუთარ ნათლობას. ამიტომ ჩვენი შეკრება არის ნათლობისას აღებული პასუხისმგებლობის განხორციელება, როდესაც გადავწყვიტეთ, ვყოფილიყავით ქრისტიანები. ჩვენი შეკრება არის სამარიელი დედაკაცის ხარება, რომელიც გაიქცა თავის ქალაქში და ყველას ახარა, რომ მან იპოვა მესია, მხსნელი. ეს ქალი, რომელიც აღზარდა მაცხოვარმა დიალოგში, შემდეგ თავად იქცა დიალოგის ინიციატორად, წავიდა და სხვებსაც მოუყვა თავისი გამოცდილების შესახებ.

ასევე უნდა იყოს ჩვენი ცხოვრებაც: უწმინდესი ევქარისტიის მეშვეობით, ჩვენ დიალოგში ვართ ღმერთთან, ერთმანეთთან და უნდა ვიყოთ გარე სამყაროსთანაც, რათა განვახორციელოთ ჩვენი ღმერთთან დიალოგის გამოცდილების მოწმობა, რათა ვახაროთ ღვთის სასუფეველი, რათა ჩვენი ნათლობა არ იყოს მხოლოდ რიტუალი და მან მართლაც შეცვალოს ჩვენი ცხოვრება.

ეს არის უდიდესი პასუხიმსგებლობა ერთმანეთთან დიალოგისა, პასუხისმგებლობა ჩვენი ნიჭების, ჩვენი მოწოდებების დიალოგში დამოწმებისა. ამიტომ მოვიწვიოთ ღვთის კურთხევა ჩვენს შეხვედრაზე, ჩვენს სიმპოზიუმზე, რათა იყოს ნაყოფიერი და როდესაც დასრულდება ჩვენი დიალოგი, უფრო მეტი ძალით ვაუწყოთ სამყაროს ქრისტეს აღდგომა, რომლის გამოცდილებაც გვაქვს ნათლობითა და ევქარისტიით, რადგან ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოციქულებივით აგრძელებენ ჭამას და სმას იესო ქრისტესთან, მას შემდეგ რაც ის მკვდრეთით აღდგა! ჩვენ დღემდე ვსვამთ და ვჭამთ ქრსტეთან ერთ ტრაპეზზე, მას შემდეგ რაც ის მკვდრეთით აღდგა, ამინ!”