იერუსალიმში ტამპლიერებისა და ქართველი ბერების ურთიერთობა (1155-1187 წწ.)

15/01/2018
By

 

20046309_10155554258113594_732948817340924140_nავტორი: იოანე კაზარიანი

აპოლოგეტი, მისიონერი და დამოუკიდებელი მკვლევარი.

ქართველთა კონტაქტები ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან (XIII ს.) არაერთხელ გამხდარა ისტორიკოსთა ინტერესის საგანი[1], ქართველთა ურთიერთობას ტამპლიერთა ორდენთან კი ისტორიოგრაფიაში სათანადო გაშუქება არ ჰქონია. ტამპლიერებისა და ქართველი ბერების კავშირების შესახებ ცნობები პირველად მხოლოდ XX საუკუნის შუახანებში ხდებიან ცნობილნი. 1948 წელს გამოქვეყნდა ელენე მეტრეველის სტატია «იერუსალიმის ერთი ხელნაწერი» [2], სადაც ავტორი XII საუკუნის ქართულ ხელნაწერს «გოლგოთას სვინაქსარს» იკვლევს, მოჰყავს მოსახსენებლები (ანუ „აღაპები“), სადაც ტამპლიერთა ორდენის რაინდები იხსენიებიან. ხელნაწერი H-1661 დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[3], შეიცავს 25х18 ზომის 340 ფურცელს, ტექსტი კი კალიგრაფიული ძველი ქართული საეკლესიო ანბანით – ნუსხურით – არის შესრულებული. «გოლგოთას სვინაქსარი» 1155 წელს იურუსალიმში ბერ გიორგი დოდისს გადაუწერია, ცნობილ ქართულ ჯვრის მონასტერში, რასაც ხელნაწერის ანდერძიც მოწმობს: «დაიწერა წიგნი ესე წ՜ა ქალაქსა იჱრუსალიმსა მონასტერსა შინა ჯ՜რისასა ჴელითა უცბად მჩხრეკალისა ფრიად უღირსისა ხუცეს მონაზონისა გიორგი დოდისითა. სრულ იქმნა ღ՜წლსა წ՜თასა მოსაჴსენებელი ესე წიგნი ბერძენთა ზედა მეფობასა მანოელისსა, ქართლს დიმიტრისსაჲ, იჱ՜ლმს ბულდიონისსაჲ, დასაბამითგანნი წელნი იყვნეს ხღნთ და ქორონიკონი ტოგ», ანუ დასაბამითგან 6759 წელს, ქორონიკონით კი 375 წელს [4].

ხუცეს-მონოზონი გიორგი ბიზანტიის იმპერატორს მანულ I კომნენოსს, საქართველოს მეფე დემეტრე I-სა და იერუსალიმის მეფეს ბალდუინ III ახსენებს, დასათარიღებლად კი ქართულ ჟამთაღრიცხვის სისტემასა (=6759-5604=1155) და ქართულ «ქორონიკონს» (=375+780=1155) იყენებს[5].

«გოლგოთას სვინაქსარი» 1808 წელს ჯვრის მონასტერში ქართველმა ბერმა ლავრენტიმ (ოკრიბელი) აღმოაჩინა და სავარაუდოდ მანვე ჩამოიტანა საქართველოში, იმერეთში 1812 წელს. სვინაქსარის სახელწოდებიდან შეგვიძლია გავიგოთ, რომ ის თავდაპირველად უფლის საფლავის ტაძარს ეკუთვნოდა და შემდგომში გახდა ჯვრის მონასტრის საკუთრება. ამავეს ადასტურებენ სხვადასხვა  მინაწერები, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობს: «ესე სვინაქსარი აღდგომის საფლავისა არის» [6].

ქართულ ხელნაწერში ცნობილი ტამპლიერების სახელთა მოხსენიება, იმის გათვალისწინებით, რომ  ხელნაწერი ჯერ უფლის საფლავის ტაძრის ქართულ საძმოს, შემდეგ კი ჯვრის მონასტერს ეკუთვნოდა, იმაზე მეტყველებს, რომ ტამპლიერთა და ქართველ ბერთა გზები ლათინური იერუსალიმის ამ დიდ მონასტრებში იკვეთებოდა. უფლის საფლავის ტაძარში ქართველი სამღვდელოების არსებობა ეჭვგარეშეა. მას მერე, რაც 1009 წელს, ეგვიპტის სულთნის, ალ-ჰაკიმის, ბრძანებით აღდგომის ტაძარი დაინგრა, ქართველები მის მრავალწლიან აღდგენაში მონაწილეობდნენ, რისთვისაც მათ უფლის საფლავის ტაძრის ზოგიერთი ნაწილის ფლობის უფლება მოიპოვეს [7]. ამას ადასტურებს იოანე გოლგოთელის «მინეის» (თუენი) ივლის-აგვისტოს ქართული ვერსია, რომელიც მან 1049 წელს გადაწერა [8]. დაახლოებით 1050 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ქართველ სამღვდელოებასა და ბაგრატ IV კურაპალატს გოლგოთაზე მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების ნაწილით სარგებლობის უფლება მისცა. იქვე დადგინდა ქართველი ეპისკოპოსი, რაც იერუსალიმში მრავალრიცხოვანი ქართველთა სათვისტომოს არსებობას მოწმობს [9]. მოცემულ ხელნაწერებზე დაყრდნობით ე. მეტრეველი აღნიშნავს, რომ უფლის საფლავის ტაძარსა და ჯვრის მონასტერს შორის გარკვეული კავშირი არსებობდა – „ჯვრის მონასტერი იყო გოლგოთას ეკონომიური ბაზა“ [10].26803128_744182829125723_1756503106_n

გასათვალისწინებელია, რომ უფლის საფლავის ტაძარში ქართველთა საქმიანობის შესახებ ცნობები XII საუკუნის დასაწყისიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე აღარ გვხვდება [11], თუმცა «გოლგოთის სვინაქსარის» წყალობით შესაძლებელია გოლგოთაზე XII საუკუნეში ქართველთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება.

 

 

 

 

 

მოცემული ხელნაწერის მოსახსენიებელი ჩანაწერები, სადაც ტამპლიერები მოიხსენიებიან  1155-1187 წლებით თარიღდება [12]. «გოლგოთის სვინაქსარში» ტამპლიერების მოსახსენიებლების არსებობა შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ მათ ჯვრის მონასტრისა და შესაძლოა ქართველთა საძმოსათვისაც შესაწირი მოჰქონდათ და მათი კეთილისმყოფელნი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ თავად შესაწირებზე, სამწუხაროდ, არაფერია ცნობილი. მოსახსენებელში ტამპლიერთა სახელების არსებობა კი იმაზე მეტყველებს, რომ იერუსალიმის ქართველი სამღვდელოება ტამპლიერებს უყურებდნენ როგორც ერთმორწმუნეებს, ისევე როგორც თავად ლათინელები ქართველებს ჭეშმარიტ კათოლიკებად მიიჩნევდნენ [13]. უნდა ითქვას, რომ იერუსალიმის ლათინური სამეფოში ჯვრის მონასტერი იერუსალიმის ლათინი პატრიარქისგან კანონიკურად დამოუკიდებელი იყო [14]. მოსახსენიებლებში ტამპლიერები, ხშირად, როგორც  «ძმები» მოიხსენიებიან. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ ცნობილი ქართველი მეცნიერები მ. თამარაშვილი და მ. თარხნიშვილი ქართველი და ლათინი სამღვდელოების ჯერ კიდევ XIII საუკუნის შუახანების დროინდელ საეკლესიო კავშირებზე საუბრობენ [15].

 

26941255_744182832459056_1796904174_n

სრულად მოგვყავს მოსახსენებლები:

№ 1 «…სირ უგ და ყ՜ნი [მოყვარე მისნი]» [16];
№ 2 «ჯ՜რო პტ՜სნო შ՜ე ესაია და შვილნი მისნი» [17];
№ 3 «ჯ՜რო პ՜ტსნო შეიწყალე ძმაჲ ჩ՜ნი ჯოფრე ფაუსათ»;
№ 4 «† ქ. ՜ო შ՜ე სინენბრინ და მოდეარ ჯირაოდ»;
№ 5 «† ქ. მოჴსე ՜ვ გი՜ ლლმ»;
№ 6 «† ქ. ჯ՜ო განმაცხეველებელო ადიდე და შ՜ე  ე. ე., ფილიპე,  ელისაბედ და ელენე, სტეფანე და მ՜მჲ  ელისაბედისი ოდი და დედაჲ  მაბილა  და პაპი ფილიპესი გ՜ი»;
№ 7 «ჯ՜რო პ՜ტიოსანო ადიდე და შ՜ე სირ პერ კომანდური ტაძრელთა»;
№ 8 «† ქ. შეიწყალე ძმაჲ პერი ტაძრელთჲ»;
№ 9 «† ქ. ქ՜ე ღ՜ო დაიცევ ძმაჲ ჩ՜ნი პერია და [შეუნდვენ] ცოდვანი მისნი და დედჲ მისი ბ՜სლა და მამაჲ მისი პელინ»;
№ 10 «ქ՜ე ღ՜ო შ՜ენ ძმ՜ჲ ჩ՜ნი გჳლიამ პატერა და დედაჲ და მამაჲ მისი»;
№ 11 «ო՜ო ღ՜ო დაიცევ ՜ძმჲ ჩ՜ნი ჯირარდ და დე՜დაჲ და მ՜მჲ მისი»;
№ 12 «† ქ. ო՜ო ღ՜ო დაიცევ და შეიწყალე ძმ՜ჲ ჩ՜ნი ორსიშოდ [ორსიბოდ?], სილგილამ დელოლველ»;
№ 13 «† ქ. ՜ო ღ՜ო  შეიწყალე სირ ვრიდრიშ»;
№ 14 «† ქ. რაუ, გილა, ასქილანი, ასილინი, ჟუან, ელისაბედ, ი՜ე»;
№ 15 «სირ უდრი და მაჰად მოიჴსენ՜ნ ო՜ო»;
№ 16 «სირ რაო და მიქაელ ო՜ო შე՜ნ, და ი՜ნე»;
№ 17 «ქრისტოდულ ეკონ՜მი მოიჴსენე ო՜ო ჩ՜ნი ძმაჲ»;
№ 18 «სირი ჯილიბედ მოიჴსენე ო՜ო»;
№ 19 «† ქ. ჯ՜რი პტიოსანო შ՜ე დაიცევ სირ არბე՜რდ ბჭე, და ძ՜მჲ ტაძრელთა ჯუანი»;
№ 20 «† ქ. ღ՜ო  შ՜ე გრიგოლ ძმაჲ მისი კ՜სტანტინე და დედაჲ მათი მ՜მი».

ხელნაწერში ზოგიერთ მოსახსენიებელს ქართველი ბერები დონატორი-ტამპლიერების კარნახით წერდნენ. ეს იქიდან ჩანს, რომ მრავალი ევროპული სახელი ქართულად დამახინჯებულად წერია, ზოგიერთი სახელი კი ძველფრანგული გამოთქმის შესაბამისად წერია  (მაგალითად, „რაო“ – ნაცვლად რაულისა). მოხსენიებულთაგან ყველა არ არის ტამპლიერთა ორდენის ძმა; მათ შორის მოძმენიც არიან, ტამპლიერების ნათესავები ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ორდენთან გარკვეულ კავშირში იყვნენ. «სირ» ტიტულის მრავალჯერ ხსენება ამა თუ იმ ტამპლიერის კეთილშობილურ წარმოშობაზე მიუთითებს, ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ტაძრელად მოიხსენიება. ზოგიერთი მოსახსენიებელი იერუსალიმური ლათინური ჯვრებით არის შემკული. ქვემოთ შევეცდებით იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, რომლებიც მოსახსენებლებში გვხვდებიან.

№ 1 მოსახსენებელში ნახსენებია ვინმე «სირ უგ», შესაძლოა, ეს არის სერ გუგო დე ბეისანი – პროვანსის პრეცეპტორი  1134-1143 წლებში, რომელიც  1150 წელს აკრაში იმყოფებოდა [18]. უდაოა, რომ № 3 მოსახსენებელში ჟოფრუა დე ფუშე მოიხსენიება – წარმოშობით ფრანგი, ტამპლიერთა ორდენის ერთ-ერთი წარმოჩენილი წევრი, ნიჭიერი დიპლომატი, პრეცეპტორი (1164 წ.) და ორდენის პროკურატორი [19].  № 6 მოსახსენებელში ფილიპ დე მეინია მოხსენებული – ტამპლიერთა ორდენის მომავალი მაგისტრი, მისი მეუღლე იზაბელა (ელისაბედი), მათი შვილი ელენე და ამ არისტოკრატული ოჯახის უახლოესი წევრები. როდესაც მოცემული მოსახსენებელი დგებოდა, ფილიპ დე მეინი შეიძლება ტამპლიერთა ორდენის მოძმე იყო და მოგვიანებით, როდესაც დაქვრივდა, ორდენში გაწევრიანდა [20].

№ 7 მოსახსენებელში ვხვდებით ვინმე  «სირ პერს» (ან პიერს), «კომანდური ტაძრელთა». უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთში ტამპლიერთა პირველი ცნობილი კომანდორი ედი (ოდონი) 1155 წელს მოღვაწეობდა[21]. შესაძლოა, «სირ პერი» ედი კომანდორის წინამორბედი იყო, რომელმაც ის ხსენებულ წელს შეცვალა; ასევე, შესაძლებელია, ის ანტიოქიის კომანდორიც ყოფილიყო.

№ 12 მოსახსენებელში ვხვდებით ვინმე «სილგილამ დელოლველს»; შეიძლება, ეს არის ნორმანდიელი სერი გიომ დე ლუველი, რომლის წყალობითაც  1148 წელს (1149) ბოჟის საკომანდორო დაარსდა [22].  მოსახსენებლი № 18 იხსენებს ვინმე «სირ ჯილიბედს» რომელიც, სავარაუდოთ ინგლისელი რაინდია, ტრიპოლის პრეცეპტორი – ჟილბერ დე ლასი, რომელიც ორდენში  1158-1160 წლებში გაწევრიანდა და წმინდა მიწაზე გაემგზავრა. 1163 წელს ჟილბერ დე ლასი ჟოფრუა დე ლუზინიანის წარმატებულ რეიდში მონაწილეობდა ნნურ-ად-დინის წინააღმდეგ [23].

ნურ-ად-დინთან ბრძოლებში კიდევ ერთი ინგლისელი რაინდი წარმოჩნდა – რობერტ მანსელი, რომელიც შესაძლოა  № 19 მოსახსენებელში «სირ არბერდად» მოიხსენება [24], თუმცა, ამ სახელის უფრო სწორ თარგმანად  არიბერტ=უბერტო [25] მიგვაჩნია და ასეთ შემთხვევაში იგი იტალიელებს შორის უნდა ვეძებოთ.  № 17 მოსახსენებელში ვინმე ქრისტოდულს ვხვდებით, რომელიც, აშკარად, ორდენის ეკონომი, მეხაზინე და წარმოშობით ბერძენი იყო.

«გოლგოთას სვინაქსარი» არ არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც წმინდა მიწაზე ტამპლიერებისა და ქართველი ბერების ახლო კავშირებს მოწმობს. ლ. მენაბდეს XII ს.-ის ქართული სახარებიდან (1155-1187 წწ.) ორი მოსახსენებელი მოჰყავს. სახარების გვერდებზე ლათინელები მოიხსენებიან და სავსებით შესაძლებელია, ისინიც ტამპლიერები იყვნენ, რამდენადაც ისინი  «გოლგოთის ტამპლიერების» მსგავსად «ძმებად» იწოდებიან. დღეს ეს სახარება პარიზში ინახება; ისიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში აღმოაჩინეს [26]:

№ 1 «ქრისტე ღმერთო, შეიწყალე ძმაჲ ჩუენი პერ მარტინე, პერ გონსალ» [27];
№ 2 «უფალო ღმერთო, შეიწყალე ძმანი ჩუენნი კონდოფრე და კოსტანტინე და ბოტიერ».

«გოლგოთის სვინაქსარის» წყალობით ჩვენ საიმედო წყარო გაგვაჩნია, რომელიც წმინდა მიწაზე ქართველებისა და ლათინი მოსახლეობის, კერძოდ ტამპლიერების, მჭიდრო კონტაქტებს მოწმობს. ეს წყარო იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ტამპლიერთა ორდენის ძმების უნიკალური ხსენება შემოგვინახა. ამგვარად,  «გოლგოთის სვინაქსარმა» შეიძლება მნიშვნელოვნად გააფართოვოს ჩვენი ცოდნა ტამპლიერთა ორდენზე [28].

1187 წლის 2 ოქტომბერს, პარასკევს, ლათინური იერუსალიმი სალაჰ ად-დინის ჯარების შემოტევით დაეცა [29], რის შედეგადაც ტამპლიერთა ორდენმა წმინდა ქალაქი დატოვა [30], ქართველთა ჯვრის მონასტერი კი უკიდურესად გაღატაკდა და დაცარიელდა [31]. ამგვარად, შეიძლება 1187 წელი ქართველი სამღვდელოებისა და იერუსალიმში ტამპლიერთა ორდენის ძმების კონტაქტის უგვიანეს თარიღად მივიჩნიოთ.

 

ილუსტრაციები

«გოლგოთას სინაქსარის» H-1661, 001r (XII ს.) საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი.

«გოლგოთას სინაქსარის» H-1661, 001v (XII ს.) საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი.

შემოკლებათა სია

AEM – Anuario de estudios medievales.

Epist. Saec. XIII. – Epistolae saeculi XIII e regestis pontificum Romanorum selectee.

MGH – Monvnemta Germaniae Historica.

MPL – J. P. Migne, Patrologiae cursus completus. Series Latina.

RHC, Hocc. – Recueil des historiens des croisades: Historiens occidentaux.

წყაროები და ლიტერატურა

Adler Marcus Nathan, The Itinenary of Beniamin of Tudela, London 1907.

Barber.,  M., The New Knighthood, A History of the Order of the Temple, Cambridge 1994.

Bulst-Thiele, M.L., Sacrae Domus Militiae Templi Hierosolymiiani Magistri: Untersuchungen zur Geschichte des Templeordens 1118/1119-1314, Göttingen 1974.

Burgtorf, J., The Central Convent of Hospitallers and Templars: History, Organization, and Personnel (1099/1120-1310),  Leiden-Boston 2008.

Champion, H., Cartulaire général de l’ordre du Temple: 1119?-1150: recueil des chartes et des bulles relatives à l’ordre du Temple / A. d’Albon,  Paris 1913-1922.

Chronique d’Ernoul et de Bernard le Trésorier,  Paris 1871.

Dictionary of National Biography, Vol. 31, London 1892.

García Larragueta, S.A.,  El Temple en Navarra // AEM, Vol. 11, 1981.

Hamilton, B., The Latin Church in the Crusader States. The Secular Church, London 1980.

Hamilton B. Latins and Georgians and the Crusader Kingdom // Al-Masaq: Islam and the Medieval Mediterranean, Vol. 23, 2011,  117-124.

Illustri regi Avoguiae // MPL,  216.

MGH. Epist. Saec. XIII. – Vol. 1.

Röhricht, R., Geschichte des Königreichs Jerusalem (1100-1291),  Innsbruck 1898.

Statistique monumentale du Calvados / M., de Caumont, Vol. 3, Caen 1857.

Willermo Tyrensi, Historia Rerum in partibus transmarinis gestarum // RHC, T. 1,  Paris 1844.

გოლგოთას სვინაქსარი, H-1661, 1v-1r.

გაბაშვილი, ტ., მიმოსლვა, თბილისი 1956.

მამისთვალიშვილი, ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, თბილისი 1998.

მეტრეველი, ე., იერუსალიმის ერთი ხელნაწერი, ჟურ. აკადემიკოს . ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე (1948), ტ. 15-B.

მენაბდე, ლ., ძველი  ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბილისი 1980, .

ჟანენ, რ., ქართველები იერუსალიმში / ავტორის წინასიტყვაობით ფრანგულიდან . შალვა ვარდიძისა. სამბეჭდავი კათოლიკე ქართველთა სავანისა, სტამბოლი 1921.

თამარაშვილი, მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბილისი 1902.

თარხნიშვილი, მ.,  წერილები. თბილისი 1994.

 

შენიშვნები

  1. Illustri regi Avoguiae // MPL. Т. 216. С433; MGH. Epist. Saec. XIII. Vol. 1. P. 180-181; ავალიშვილი,ზ., ჯვაროსანთა დროიდან: ოთხი საისტორიო ნარკვევი. პარიზი 1929 (თბილისი 1989); თამარაშვილი, მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. თბილისი 1902. გვ. 5-28;  ბადრიძე, შ., ჯვაროსნული თქმულება დავით აღმაშენებელსა და დემეტრე პირველზე / შ. ბადრიძე // XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები (თბილისის უნივერსიტეტი). 1968. ტ. 125. გვ. 635-400); თინიკაშვილი დ, კაზარიანი ი. ჯვაროსნები და ქართველები // კადმოსი, ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი. 6, 2014. გვ. 7–30 და სხვა ავტორებისა.
  2. მეტრეველიელ. იერუსალიმის ერთი ხელნაწერი/ ელ. მეტრეველი // აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. 1948. ტ. XV-B. გვ. 37-38).
  3. იქვე. გვ. 38.
  4. იქვე. გვ. 38.
  5. მენაბდელ. ძველი ქართული მწერლობის კერები. თბ., 1980. ტ. II. გვ. 94. აღსანიშნავია, რომ ქორონიკონის ბოლო ციფრი ცუდად იკითხება და ლ. მენაბდე სამართლიანად უთითებს 1155 წელს და ამ თარიღს ქართული ჟამთა აღრიცხვით სამყაროს შექმნის თარიღს უკავშირებს.
  6. იხ.: მეტრეველიელ. იქვე. გვ. 38. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „უფლის საფლავი“ დასავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში მიღებული იყო, ხოლო ტერმინები „აღდგომის ტაძარი“ და „აღდგომის საფლავი“ აღმოსავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში.
  7.  მამისთვალიშვილიე. ქართველები და ბიბლიური სამყარო. თბ., 1998. გვ. 100.
  8. გაბაშვილიტ. მიმოსლვა. თბ., 1956. გვ. 173.
  9. ჟანენრ. ქართველები იერუსალიმში. სტამბოლი, 1921. გვ. 8. იერუსალიმის მრავალრიცხოვან ქართულ მოსახლეობაზე XII საუკუნის ავტორი ბენიამინ ტუდელელიც მოწმობს, იხ.: Adler Marcus Nathan. The Itinenary of Beniamin of Tudela. London, 1907. P. 125.
  10. მეტრეველიელ. იქვე. გვ. 43.
  11. მამისთვალიშვილიე. იქვე. გვ. 100.
  12. მეტრეველიელ. იქვე. გვ. 48. ე. მეტრეველი შეცდომით 1188 წელს უთითებს, უფრო სწორი იქნებოდა ჩანაწერების 1187 წლით დათარიღება, ანუ იმ წლით, როდესაც იერუსალიმში ჯვაროსანთა ხელისუფლება დაემხო.
  13. Hamilton B. The Latin Church in the Crusader States. The Secular Church. London, 1980.
  14. მენაბდე ლ. იქვე. გვ. 91.
  15.  თამარაშვილი მ. იქვე. გვ. 5-28; თარხნიშვილიმ. წერილები. თბ., 1994. გვ. 43. აღსანიშნავია, რომ აღწერილ პერიოდში არა მხოლოდ წმინდა მიწის ქართველი სამღვდელოება, არამედ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ქრისტიანთა დიდი ნაწილი რომის ეკლესიასთან ლიტურგიულ კავშირში იმყოფებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს ძალზე არგუმენტირებული ნაშრომი, იხ. Пападакис А, Мейендорф И. Христианский восток и возвышение папства. Церковь в 1071-1453 годах. М., 2010.
  16. კვადრატულ ფრჩხილებში ე. მეტრეველის განმარტებებია.
  17.  ე. მეტრეველმა თავის სტატიაში მოცემული ჩანაწერი გამოტოვა.
  18. Champion H. Cartulaire général de l’ordre du Temple: 1119?-1150: recueil des chartes et des bulles relatives à l’ordre du Temple / A. d’Albon. Paris, 1913-1922. Р. 363.
  19. Burgtorf J. The Central Convent of Hospitallers and Templars: History, Organization, and Personnel (1099/1120-1310). Leiden; Boston, 2008. Р. 532-533.
  20. ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრი ფილიპ დე მეი (Philippus de Neapoli/de Nablus, de Milly) (1169-1171).
  21. Burgtorf J. Op. cit. Р. 605.
  22. Statistique monumentale du Calvados / M. de Caumont. Caen, 1857. Vol. 3. P. 354.
  23. Dictionary of National Biography. London, 1892. Vol. 31. P. 375-376; Recueil des historiens des croisades: Historiens occidentaux. Paris, 1844. T. 1. P. 895.
  24. რობერტ მანსელი ჯვაროსანი იყო და ტამპლიერთა ორდენის ძმებს არ ეკუთვნოდა (см.: Röhricht R. Geschichte des Königreichs Jerusalem (1100-1291). Innsbruck, 1898. S. 316), თუმცა გიომ ტირელთან ჟილბერ დე ლასისთან ერთად არის მოხსენებული (Recueil des historiens des croisades… T. 1. P. 895).
  25. არბე՜რდ.
  26. მენაბდე ლ. იქვე. გვ. 94-95.
  27. მოიპოვება ცნობები ვინმე პედროს (პიერ) მარტინესის შესახებ, რომელიც  1151-1159  წლებში ნავარას მაგისტრი იყო, მაგრამ უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ის წმინდა მიწაზე (см.: García Larragueta S.A. El Temple en Navarra // AEM. 1981. Vol. 11. P. 655-656).
  1. მეტრეველი ლ. იქვე. გვ. 47-48.
  2. Chronique d’Ernoul et de Bernard le Trésorier. Paris, 1871. P. 225.
  3. Barber M. The New Knighthood: A History of the Order of the Temple. Cambridge, 1994; Bulst-Thiele M.L. Sacrae Domus Militiae Templi Hierosolymiiani Magistri: Untersuchungen zur Geschichte des Templeordens 1118/1119-1314. Göttingen, 1974.
  4. მამისთვალიშვილი ე. იქვე. გვ. 82.

 

ფოტო: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი (ავტორი: ს.ფ)

 

 

Print Friendly

Comments are closed.