Te Deum – უძველესი ლათინური ჰიმნი

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

Te-DeumTe Deum  ერთერთი უძველესი ლათინური ჰიმნია, რომელიც  დღემდე გამოიყენება ლათინური წესის ჟამნთა ლიტურგიაში. ერთი ლეგენდის თანახმად ჰიმნის ავტორი არის წმ. აბროსი მედიოლანელი, რომელმაც ის ნეტარი ავგუსტინეს თანაავტორობით, ამ უკანასკნელის ნათლობისას იგალობა. პირველად ამ ლეგენდას რეიმსის ეპისკოპოს ჰინკმარის 859 წლის ერთერთ ტექსტში ვხვდებით: „A maioribus nostris audivimus tempore baptismatis sancti Augustini hunc hymnum beatus Ambrosius fecit et idem Augustinus cum eo confecit[1]“ (წინაპართაგან გვსმენია, რომ წმინდა ავგუსტინეს ნათლობის ჟამს ეს ჰიმნი ნეტარმა ამბროსიმ შექმნა, იგივე ავგუსტინესთან ერთად), აღნიშნული მოსაზრება დომინირებდა სხვადასხვა გამოცემებში XIX საუკუნის ბოლომდე, მაგრამ ამბროსი მედიოლანელის ბიოგრაფი პავლინე[2] ამ ფაქტის შესახებ არაფერს გვამცნობს[3], თუმცა ჰიმნის მეტრიკა აშკარად ენათესავება ავგუსტინე იპონიელის ჰიმნთა მეტრიკას[4]. სხვადასხვა პერიოდში მის ავტორობას მიაწერდნენ წმ. კვიპრიანე კართაგენელსა და წმ. ილარიონ პიქტივიელსაც, მართალია ტექსტის ცალკეული შრეები კვიპრიანეს პერიოდამდე აღწევენ, მაგრამ კვიპრიანეს შემოქმედებასთან ისინი ნაკლებად კავშირდებიან, ისევე როგორც ილარიონ პიქტივიელის შემოქმედებასთან. 1926 წელს ენდრიუ ბარნმა, თავისი მონოგრაფიით „The hymn  Te Deum” and its author“  წერტილი დაუსვა მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას და ვიდრე დღევანდელ დღემდე დომინირებს აზრი, რომ ტექსტის კომპოზიცია მოახდინა წმ. ნიკეტამ[5], რემესინას ეპისკოპოსმა (დაახ. 366-414 წ.)[6].

ამ შესანიშნავმა ჰიმნმა ადრეული ეპოქიდანვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ლიტურგიაში: „ცეზარე არლერის მიხედვით[7] იგალობებოდა კვირის ცისკრის ბოლოს, აღდგომის სახარების კითხვის შემდეგ, ხოლო ბენედიქტეს განწესებანი[8] მას ათავსებნენ სახარების კითხვის წინ, ეს პოზიცია სძენდა ჰიმნს ერთგვარ სააღდგომო კონტექსტს“[9]. VI საუკუნეში, კვიპრიანე პოეტის[10] თანახმად, Te Deum მთელს მსოფლიოში ყოფილა გავრცელებული. შუა საუკუნეებში ჰიმნმა შეიძინა განსაკუთრებული სამადლობელი მნიშვნელობა, ის აღსრულებოდა სხვადასხვა სადღესასწაულო შემთხვევებში როგორიცაა სამადლობელი გამარჯვებისთსვის, სინოდის დახურვისას, აბატის, ეპისკოპოსის თუ მეფის აღსაყდრებისთვის ან ქორწინების საიუბილეო წლისთავისათვის. ლათინური წესის ლიტურგიაში Te Deum დღემდე ინარჩუნებს სამადლობელი საგალობლის დანიშნულებას, ამასთანავე, უძველესი ტრადიციის მიხედვით, ის იკავებს თავის ადგილს სადღესასწაულო ჟამნთა ლიტურგიაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის კომპოზირება მე-4 საუკუნეში მოხდა, მასში იკითხება სხვადასხვა, გაცილებით ძველი შრეები. ცალკეული ნაწილები გვხვდება „მოციქულთა განწესებებში“ (ბერძ. Διαταγαὶ τῶν ἂγίων ἀποστόλων διὰ Κλήμεντος, ლათ.  Constitutiones Apostolorum), სავარაუდოდ სწორედ აქედან მოხვდა ჰიმნში აღმოსავლური  ანაფორებისათვის ფრიად სახასიათო Sanctus. ტექსტი შემოკლებული ფორმით იმეორებს „მოციქულთა განწესებების“ ანაფორის ანგელოლოგიას. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ კლასიკური Sanctus-ის დასკვნითი ნაწილი, როგორც წესი კომპოზირებულია ფრაზით Hosanna in excelsis (ოსანა მაღალთა შინა), მაგრამ „მოციქულთა განწესებებში“ მოცემულ Sanctus-ს, ჩვენი ჰიმნის მსგავსად ეს დასკვნითი ნაწილი არ გააჩნია[11]:

Σὲ προσκυνοῦσιν ἀνάρισθμοι στραταὶ  ἀγγέλων… / Tibi omnes angeli,
στρατιῶν αἰωνίων… / tibi caeli et universae potestates:
τα Χερουβὶμ καὶ τὰ ἑξαπτέυγα Σεραφὶμ…  / tibi cherubim et seraphim,
ἀκαταπαύστως καὶ ἀσιγήτως βοώσαις… / incessabili voce proclamant:
Ἅγιος, ἅγιος, ἅγιος / Sanctus, Sanctus, Sanctus
κύριος Σαβαώθ, / Dominus Deus Sabaoth.
πλήρης ὁ οὑρανὸς καὶ ἡ γῆ / Pleni sunt caeli et terra
τῆς δόξης ἀυτοῦ. / majestatis gloriae tuae.

 ტექსტი ასევე ნათესაობას ავლენს „მოციქულთა განწესებების“ დოქსოლოგიასთან[12], ხოლო ჰიმნის ბოლო, ფსალმოდიური ნაწილის ერთი სტროფი სავსებით იმეორებს ერთი უძველესი ალექსანდრიული კოდექსის ტექსტს[13]:

Καθ’ ἑκάστην ἡμέραν εὺλογήσω σε / Per singulas dies benedicimus te,
καὶ αἰνέσω τὸ ὄνομά σου εἰς τὸν αἰῶνα / Et laudamus nomen tuum in saeculum
καὶ εἰς τὸν αἰῶνα τοῦ αἰωνος. / Et in saeculum saeculi.
καταξίωσον, κύριε, καὶ τὴν ἡμέραν ταύτιν  / Dignare, Domine, die isto
ἀναμαρτήτους φυλαχθήναι ἡμᾶς. / Sine peccato nos custodire.

29 სტროფისაგან შემდგარი ჰიმნი, რომლის ყველაზე ძველი ვარიანტიც ბანგორის ანტიფონარიუმმა (მე-7ს. ლათინური ხელნაწერი ირლანდიიდან) შემოგვინახა, თემატურად შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: 1-13 სტროფები დოქსოლოგიურ-ანაკლეტიკური ტრინიტარული აღსარებაა, 14-21 სტროფები ანამნეტიკური ქრისტოლოგიური შინაარსისაა, ხოლო 21-29 სტროფები ეპიკლეტიკური ფსალმოდია, რომლებშიც  მრავლად არის წმ. წერილისეული ციტატები და პერიფრაზები: 22 და 23 – ფს. 27:9; 24 და 25 – ფს. 144:2; 27 – ფს. 122:3; 28 – ფს. 32:2; 29 – ფს. 30.2;

როგორც წესი, სადღესასწაულო ლიტურგიისას, ჰიმნი დღემდე იგალობება კლასიკურ გრეგორიანულ სტილში, ლათინურ ენაზე, რამდენადაც ორიგინალის მეტრიკა განსაკუთრებით ლამაზი ჟღერადობისაა, მაგრამ ამას გარდა ამ ტექსტზე არაერთმა ცნობილმა კომპოზიტორმა შექმნა მუსიკა, რომელთა შორისაც არიან ჰენდალი, ბერლიოზი, მენდელსონი, მოცარტი, ჰაიდნი, ვერდი. პირველად ქართული ტექსტი დაიბეჭდა ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ ლოცვანში[14], მაგრამ ის იტალიურ ლოცვანში შესული ჰიმნის მოდიფიცირებული ვარიანტის თარგმანია, ამდენად საინტერესოდ მივიჩნიეთ ჩვენის მხრივ გვეცადა ლათინურ ორიგინალთან დაახლოებული თარგმანის შესრულება[15]:

  1. გაკურთხევთ შენ ღმერთო: აღგიარებთ შენ უფალო. / Te Deum laudámus: te Dominum confitémur.
  2. შენ, დაუსაბამო მამავ, ყოველსა ქვეყანასა ზედა თაყვანისცემულო. / Te ætérnum Patrem omnis terra venerátur.
  3. შენ, ყოველნი ანგელოზნი, შენ, ძალნი ზეცისა და ქვეყანისანი, / Tibi omnes Angeli; tibi cæli et univérsae potestátes.
  4. შენ, ქერუბიმნი და სერაფიმნი დაუცხრომელი ხმით გიღაღადებენ: / Tibi Chérubim et Séraphim incessábili voce proclámant:
  5. წმინდაო, წმინდაო, წმინდაო, უფალო ღმერთო საბაოთ. / Sanctus, Sanctus, Sanctus, Dóminus Deus Sábaoth.
  6. სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდითა დიდებულებითა შენითა. / Pleni sunt cæli et terra majestátis glóriæ tuæ.
  7. შენ, დიდებულთა მოციქულთა გუნდი, / Te gloriósus Apostolórum chorus;
  8. შენ, ქებულთა წინასწარმეტყველთა რიცხვი, / Te Prophetárum laudábilis númerus;
  9. შენ, უბრწყინვალეს მოწამეთა დასი, / Te Mártyrum candidátus laudat exércitus.
  10. შენ, ყოველსა ქვეყანასა ზედა აღგიარებს ეკლესია წმინდა: / Te per orbem terrárum sancta confitétur Ecclésia:
  11. მამასა უსაზღვროდ დიდებულსა, / Patrem imménsæ majestátis;
  12. ჭეშმარიტსა და მხოლოსა ძესა შენსა, / Venerándum tuum verum et únicum Fílium;
  13. და წმინდასა და ნუგეშინისმცემელსა სულსა. / Sanctum quoque Paráclitum Spíritum.
  14. შენ ქრისტე, მეუფეო დიდებისაო. / Tu Rex glóriæ, Christe.
  15. შენ, რომელიც ხარ მამის მარადიული ძე. / Tu Patris sempitérnus es Fílius.
  16. შენ, ადამიანის გამოხსნისათვის არ დაიწუნე ქალწულის მუცელი. / Tu ad liberándum susceptúrus hóminem, non horruísti Vírginis úterum.
  17. შენ, რომელმაც შემუსრე სიკვდილის ნესტარი, განუხვენ მორწმუნეთ ზეცათა სამეფო. / Tu, devícto mortis acúleo, aperuísti credéntibus regna cælórum.
  18. შენ, მჯდომარე ხარ მარჯვენით ღვთისა, მამის დიდებაში. / Tu ad déxteram Dei sedes, in glória Patris.
  19. ვერწუნებით განმსჯელად შენს მობრუნებას, / Judex créderis esse ventúrus.
  20. და შეგთხოვთ: შეიწყალენ შენი მსახურნი, რომელნიც შენი უძვირფასესი სისხლით გამოისყიდე. / Te ergo quǽsumus, tuis fámulis súbveni, quos pretióso sánguine redemísti.
  21. მიგვითვალე შენს წმინდანთა მარადიულ დიდებაში. / Ætérna fac cum sanctis tuis in glória numerári.
  22. აცხოვნე ერი შენი, უფალო, და აკურთხე ნამემკვიდრევი შენი, / Salvum fac pópulum tuum, Dómine, et bénedic hæreditáti tuæ.
  23. მწყემსე და უწინამძღვრე მას მარადიულად. / Et rege eos, et extólle illos usque in ætérnum.
  24. ყოველ დღე შენ გაკურთხებთ, / Per síngulos dies benedícimus te.
  25. და შენს სახელს ვაქებთ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. / Et laudámus nomen tuum in sǽculum, et in sǽculum sǽculi.
  26. ღირსგვყავ უფალო დაცვად ჩვენდა, დღესა ამას უცოდველად. / Dignáre, Dómine, die isto sine peccáto nos custodíre.
  27. შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ. / Miserére nostri, Dómine, miserére nostri.
  28. ჰყავ მოწყალება შენი ჩვენ ზედა, როგორც ვიმედოვნებდით შენში. / Fiat misericórdia tua, Dómine, super nos, quemádmodum sperávimus in te.
  29. შენში ვიმედოვნებდი უფალო, ნუ შემარცხვენ მე. / In te, Dómine, sperávi: non confúndar in ætérnum.

 

[1] Burn, A., E., The hymn  Te Deum” and its author, Londra 1926, გვ. 20;

[2] პავლინე მედიოლანელი (დაახ. 370 – 428/429 წ.წ.) ასევე ცნობილი როგორც პავლინე დიაკვანი, იყო წმ. ამბროსი მედიოლანელის ნოტარიუსი და მისი ბიოგრაფი. 411 წელს მონაწილეობა მიიღო ცელესტინეს წინააღმდეგ გამართულ ერთერთ სინოდში, კართაგენში. არის ორი სიტყვის ავტორი ცელესტინეს წინააღმდეგ, რომელთაგანაც პირველი დაკარგულია (Cf. Dizionario di Litteratura Cristiana Antica, a cura di Döpp, S., Geerlings, W., Città del vaticano 2006, გვ. 666).

[3] Schaff, P., History of the Christian Church III, Michigan 1994,  რუსული თარგმანი Рыбакова Ο. Α, История христианской церкви , Том 3, СанктПетербург 2007, გვ. 392;

[4] The medieval Latin and Romance lyric to a.d. 1300, by Brittan, F., Cambridge 1951, გვ. 72;

[5]წმ. ნიკეტა ქ. რემესინას ეპისკოპოსი (დაჩა, თანამედროვე ბელა-პლანკა) დაახლოებით 366-414 წლებში, მსიონერი და ევანგელიზატორი დუნაისპირეთის რეგიონისა, განსაკუთრებით ბარბაროსული შემოსევების ლოკაციებში, სადაც პაგანიზმი ძლიერი იყო. არის ექსვი კატეხეტური სიტყვის ავტორი (შემორჩენილია ფრაგმენტები), ასევე ავტორი ნაშრომისა un Libellus ad virginem lapsam – რომელიც ამბროსი მედიოლანელს მიეწერებოდა, მასვე მიეწერება სხვა ტრაქტატიც: De divinis appellationibus და ორი სიტყვა, რომელტა ავტორობის იდინტეფიცირებაც ხერხდება: De vigiliis servorum Dei და  De psalmodiae bono (იგივე De utilitate himnorum), თუმცა დღეს მის ყველაზე ცნობილ შემოქმედებად Te Deum-ის კომპოზიცია ითვლება (Cf. Burn, A., E., The hymnet  Te Deum” and its author, London 1926;   Cf. Dizionario di Litteratura Cristiana Antica, a cura di Döpp, S., Geerlings, W., Città del vaticano 2006, გვ. 627-628) .

[6] Cf. Burn, A., E., The hymnet Te Deum” and its author, Londra 1926;

[7] ცეზარე არლის ეპისკოპოსი დაიბადა ბურგუნდიაში დაახლ. 470 წელს, 490 წლისათვის ხდება ლერინსის სამონასტრო საძმოს წევრი, 499 წელს ეონიოს არლელი ეპისკოპოსის ხელდასხმით ხდება პრესვიტერი, ხოლო მოგვიანებით ეპისკოპოსი. თეოდორიხთან დაპირისპირების გამო იმყოფებოდა გადასახლებაში, 514 წელს ღებულობს პალიუმს და ხდება გალიისა და ესპანეთის პონტიფიკალური ვიკარი. მონაწილეობდა დასავლეთის ეკლესიის რამდენიმე ადგილობრივ სინოდში. გარდაიცვალა 542 წელს. მიეწერება 240-მდე შემორჩენილი ქადაგება, რომელთაგანაც ყველა არ არის ავთენტური. არის სამი  ასკეტური ტრაქტატის ავტორი: Regula Virgnum; Regula Monachorum და Testamentum;  მასვე მიეწერება სხვადასხვა თეოლოგიური და პოლემიკური ხასიათის ტრაქტატები: Libellus de mysterio sanctae Trinitatis, il Breviarium adversus haereticos, და Opusculum de gratia; (Cf. Dizionario di Litteratura Cristiana Antica, a cura di Döpp, S., Geerlings, W., Città del vaticano 2006, გვ. 177-178).

[8] ბენედიქტეს განწესებანი – Regula Benedicti წმ. ბენედიქტე ნურსელის მიერ მონტეკასინოში, დაახლ. 550 წელს შექმნილი სამონასტრო-ასკეტური განწესებანი (Cf. Dizionario di Litteratura Cristiana Antica, a cura di Döpp, S., Geerlings, W., Città del vaticano 2006, გვ. 148).

[9] Kunzler., M., La liturgia della chiesa, Milano 20032, ტ.10, გვ. 477;

[10] კვიპრიანე პოეტი – V-VI საუკუნეების ქრისტიანი პოეტი, სავარაუდოდ გალიური წარმომავლობისა, სხვადასხვა წყაროს თანახმად მუშაობდა ძველი აღთქმის ლათინურ თარგმანებზე. არის ავტორი წმ. წერილზე აგებული პროზაული ნაწარმოებისა Cena Cypriani რომელშიც სხვადასხვა ბიბლიური პერსონაჟები იყრიან თავს საქორწილო ბანკეტზე (Cf. Dizionario di Litteratura Cristiana Antica, a cura di Döpp, S., Geerlings, W., Città del vaticano 2006, გვ. 189-190).

[11] Norman, J., Handbook to the Christian Liturgy, London 1944,  გვ. 243;

[12] მოციქულთა განწესებებიდან დამოწმებული ტექსტებისათვის იხილეთ Didascali at Costitutiones Apostolorum, ed. Funk, F., X., Paderborn 1905;

[13] Schaff, P., History of the Christian Church III, Michigan 1994,  რუსული თარგმანი Рыбакова Ο. Α, История христианской церкви , Том 3, СанктПетербург 2007, გვ. 393;

[14] დილისა და საღამოს ლოცვები, ჟამნის ლიტურგია რომაული წესის მიხედვით, თბილისი 1994, გვ. 763-764;

[15] ლათინური ტექსტისთვის იხილეთ: The medieval Latin and Romance lyric to a.d. 1300, by Brittan, F., Cambridge 1951, გვ. 63;

Print Friendly

Tags: , , ,

Comments are closed.