ტეიარ დე შარდენი

02/06/2015
By

 

Vcp4vQA0ezEავტორი: ზურაბ ეკალაძე

(სტატია -ჟურნალ “გული გონიერიდან”) 

პიერ ტეიარ დე შარდენი XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი თეოლოგია, რომლის განსაკუთრებულობა იმით გამოიხატება, რომ მან თავის მოძღვრებაში ერთმანეთს დაუკავშირა თეოლოგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევები, ამავე დროს რელიგიისა და მეცნიერების მჭიდრო ურთიერთკავშირის ჩვენება დაისახა მიზნად. მისმა მოღვაწეობამ და შემოქმედებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია კათოლიკურ სამყაროში და საერო მეცნიერთა დიდი ყურადღებაც მიიპყრო. ტეიარის სწავლების შეფასება უკიდურესად წინააღმდეგობრივი იყო: თუ ერთნი მასში ახალ თომა აკვინელს ხედავდნენ, მეორენი ტეიარდიზმს „მითოლოგიის“, „პანთეიზმისა“ და თვით „მატერიალიზმის“ სახელითაც კი ნათლავდნენ. ასეა თუ ისე, ტეიარდიზმი თანამედროვე მოდერნისტულ თეოლოგიაში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან მიმდინარეობად გვევლინება.

მარი ჟოზეფ პიერ ტეიარ დე შარდენი (Teilhard de Chardin) 1881 წლის 1 მაისს დაიბადა საფრანგეთში (სარდენაში, კლერმონ–ფერანის მახლობლად), ინტელიგენტის ოჯახში. დედა (რომელსაც, სხვათა შორის, ვოლტერი პაპის ბიძად ერგებოდა), შვილს ქრისტიანულად ზრდიდა. 1892 წელს პიერი იეზუიტთა კოლეჯში შეიყვანეს. შვიდი წლის სწავლის შემდეგ იგი ორდენის წევრი გახდა, ერთი წლის შემდეგ ბერად აღიკვეცა. ტეიარი აგრძელებს სწავლას. იგი აკურთხეს, რომ საბუნებისმეტყველო საგნები ესწავლა.

საინტერესოა, რომ ტეარდიზმმა განსხვავებული შეფასება გამოიწვია თვით მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაშიც. მაგ.: დეკანოზი ვასილი ზენკოვსკი მას ხელაღებით უარყოფს და აკრიტიკებს, დეკანოზი ალექსანდრე მენი კი, მიუხედავად გარკვეული შენიშვნებისა, აშკარა სიმპათიას ამჟღავნებს ტეიარ დე შარდენის სწავლების მიმართ. ტეიარმა მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის ექსპედიციაში, ამ პერიოდში იგი საბოლოოდ გაიტაცა გეოლოგიამ და პალეონტოლოგიამ, რომელთა მიმართ სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია. 1903 წელს საფრანგეთში სახელმწიფო და ეკლესია გაიყო. იეზუიტებმა ქვეყანა დატოვეს და ინგლისში გაიხიზნნენ, ტეიარს კ.ჯერსიზე მოუხდა სწავლის გაგრძელება. 1905–1908 წლებში იგი კაიროში, იეზუტების კოლეჯში, ფიზიკას ასწავლიდა. 1911 წელს მღვდლად ეკურთხა. მისი იმდროინდელი პალეონტოლოგიური ნაშრომები ანთროპოგენეზის პრობლემასაც ეხება, წამყვან ფრანგ პალეონტოლოგთან – აბატ ანრი ბრეილთან მეგობრობის ზეგავლენით იგი ანთროპოგენეზის ევოლუციური გაგების მხარეს დადგა. პირველი მსოფლიო ომის დროს ტეიარი არმიაში სანიტრად მსახურობდა. ომით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა შთააგონა ესსე – „ფრონტის ნოსტალგია“, (1917 წ.), რომელშიც იგი საუბრობს იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს სულზე საშიშროებასთან, ტრაგედიასა და სიკვდილთან შეხება,თუ როგორ ამაღლებს ეს ყოველივე სიცოცხლის სიდიადის განცდას.

ომის შემდგომ ის სორბონაში ბუნებისმეტყველებას სწავლობდა. 1922 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. იმავდროულად (1920–1923 წწ.)ტეიარი პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის კათედრის თანამშრომელია. 1923 წლიდან იგი აზიურ ექსპედიციაში მიემგზავრება (მონგოლეთი, ჩინეთი, ბირმა იავა,ინდოეთი). ჩინეთში ტეიარმა სინანთროპი ერთ–ერთმა პირველმა აღმოაჩინა (ბლეკთან და პეესთან ერთად). ამ მოგზაურობის დროს, პირველქმნილ ბუნებასთან კავშირში, ტეიარი ხშირად განიცდიდა კოსმიური ჭვრეტით აღსავსე წამებს. სამყარო მას სულ უფრო და უფრო მეტად წარმოუდგებოდა, როგორც ერთიანი ღვთაებრივი სხეული, რომელიც მონაწილე იყო იდუმალი საღვთო ქმედებისა. აქ დაწერა მან „სამყაროული ლიტურგია“, რომელიც შთაგონებითა და კოსმიური ნათელხილვითაა აღბეჭდილი და სულისკვეთებით დიდ მისტიკოსთა ქმნილებებს ემსგავსება.

მოგზაურობისას ტეიარის გარშემო თავმოყრილი იყო რწმენისგან შორს მდგომი და რელიგიისადმი გულგრილი ხალხი. იგი შორს იყო კაბინეტური ატმოსფეროსაგან და, ამდენად, შეეძლო დისტანცირებულად შეეხედა კაცობრიობისთვის. თვით მეორე მსოფლიო ომის მოვლენებსაც და ევროპის ბედ-იღბალს იგი შორეული აზიიდან აკვირდებოდა. ეს, ერთი მხრივ, ხელს უშლიდა კარგად დაენახა ევროპის ტრაგედია, თუმცა, მეორე მხრივ, საშუალება ჰქონდა, კაცობრიული ცხოვრებისათვის უფრო ცხადად ეცქირა.

1925 წელს ტეიარ დე შარდენს ორდენმა მსოფლმხედველობრივ საკითხებზე საჯარო მსჯელობა და ფილოსოფიური ნაშრომების გამოქვეყნება აუკრძალა, რადგან მისი ევოლუციონიზმი ერთობ სწორხაზოვნად და თეოლოგიისათვის საფრთხის შემცველად მიაჩნდათ. არა და, ეს ის შრომები იყო, რომელთა გამოქვეყნება მისი გარდაცვალების შემდგომ დაიწყო და დღეს ამ შრომებით ამაყობს კათოლიკური ეკლესია. თუმცა ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა, მაგალითად, 1962 წელს, როცა ვატიკანის მეორე კრება დაიწყო, ტეიარის მოძღვრებას ჯერ კიდევ სიფრთხილითა და უნდობლობით ეკიდებოდნენ, კრების დასასრულს კი – 1965 წელს, იეზუიტების გენერალი არუპე სიამაყით აღნიშნავდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტეიარის სწავლებას ჩვენი დროის ღვთისმეტყველებისათვის.

ტეიარ დე შარდენმა თავისი ძირითადი ნაშრომი – „ადამიანის ფენომენი“ 1938–1940 წლებში შექმნა, თუმცა ვატიკანმა გამოქვეყნებაზე უარი უთხრა. საქმეს არც 1948 წელს დართულმა ბოლოსიტყვაობამ უშველა, რომელშიც ავტორი მისი მოძღვრების ქრისტიანობასთან შესაბამისობას ამტკიცებდა. მას არც „კოლეჟ დე ფრანსი“–ის მიერ შეთავაზებული კათედრის დაკავების უფლება მისცეს,მიუხედავად იმისა,რომ ტეიარი 1947წელს მეცნიერებათა აკადემიის, ხოლო 1950 წელს საფრანგეთის ინსტიტუტის წევრად აირჩიეს. ამ დროს მან ნიუ–იორკის „კვლევის ასოციაციიდან“ მიიღო მიწვევა, სადაც სიკვდილამდე (1955წ.) მოღვაწეობდა.

„ადამიანის ფენომენის“ გარდა, ტეიარ დე შარდენის სხვა ნაშრომთაგან აღსანიშნავია: „ადამიანის გამოჩენა“, „ადამიანის მომავალი“, „ღვთაებრივი გარემო“, „ადამიანური ენერგია“, „წარსულის ხედვა“, „მეცნიერება და ქრისტე“. ცნობილია, რომ ტეიარი თავის უშუალო მასწავლებლად სხვა ბევრი ფრანგი თეოლოგის მსგავსად, ა. ბერგსონს თვლიდა. ზოგიერთი მკვლევარი ტეიარის თეორიაში ე. წ. „ახალი მეტაფიზიკის“ ინგლისელი წარმომადგენლის – ს. ალექსანდერის (1859–1938) მიერ წამოყენებული „ემერჯენტული ევოლუციის“ კვალს ხედავს, ზოგიც ნეოპლატონური პანთეიზმის გავლენას. მიუთითებენ მ. ეკჰარტზე, შელინგზე, ი. გ. ჰერდერსა (1744–1803) და ჰ. სპენსერზე (1820–1903). არის მცდელობა იმისა, რომ ტეიარის მოძღვრებასა და მარქსიზმს შორის გამონახონ რაიმე კავშირი, მაშინ როცა თვით ტეიარ დე შარდენი კატეგორიულად უარყოფდა მარქსიზმთან სიახლოვეს და საკუთარი თეორია სწორედ მის წინააღმდეგ მიმართულ და მასზე გამარჯვების ერთადერთ საშუალებად მიაჩნდა. თავად ტეიარიც აცნობიერებდა საკუთარ ადრეულ ნაშრომებში მოყვანილ ზოგიერთ არცთუ მთლად ზუსტ ფორმულირებას, ამიტომაც „ადამიანის ფენომენი“, რომლის შევსება და რედაქტირება ათგზის მოხდა, შეიძლება ტეიარის მსოფლმხედველობის ყველაზე ადეკვატურ გამოხატულებად ჩაითვალოს. წიგნის სათაური შემთხვევითი არ გახლავთ. ავტორი ამით ერთბაშად იცილებს თავიდან გონებითმჭვრეტელი, თეორეტიკოსი ფილოსოფოსისა და თეოლოგის როლს, რათა მხოლოდ მოვლენებზე, ფენომენებზე ილაპარაკოს. იგი გვევლინება მეცნიერად, რომელიც ფაქტების საფუძველზე აგებს ჰიპოთეზას, ამიტომაც ისინი, ვინც მას თეოლოგიური პრობლემების უგულვებელყოფას სწამებენ, არ ითვალისწინებენ იმ საზღვრებს, რომლებიც ტეიარმა საკუთარ თავს დაუდგინა. იგი ევოლუციის იდეის განვითარებისას, ბოლოს და ბოლოს, თეოლოგიასთან მიდის, თუმცა თეოლოგი, ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით, მაინც არ ხდება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტეიარი, ისევე როგორც ბევრი სხვა მოაზროვნე, ცნობილ ტერმინებს სხვა, თავისებური მნიშვნელობით იყენებს (მაგ.: ბერგსონის „ინტელექტი“ განსხვავდება სქოლასტიკოსთა „ინტელექტისაგან”). ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტეიარს ემარჯვება სიტყვათქმნადობა და ძველ ცნებათა ახლებურად გააზრება. მისთვის ტერმინი „ფენომენი“ არ არის მოვლენა კანტისეული გაგებით. ესაა სინამდვილის ნაწილი, რომელიც ხელმისაწვდომია დაკვირვებისა და კვლევისათვის. მას ეკუთვნის როგორც გარე მოვლენები, ისე ის ძალები, რომლებიც მათ მიღმა არიან, და რომელთა შესახებაც მეტყველებს არა თეორიული კონცეფცია ან თეოლოგია, არამედ ჰიპოთეზა, რომელიც მეცნიერების მონაცემებს ეყრდნობა და მჭიდროდაა დაკავშირებული მეცნიერის შინაგან ინტუიციასა და სამყაროს მისეულ ხედვასთან.

ტეიარ დე შარდენის მოძღვრების უმთავრესი ინტუიციის არსი სამყაროს, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, ხედვაა, იმ სამყაროსი, რომელიც ღვთის მიერაა განმსჭვალული და სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. ამ მისწრაფების განსახორციელებად კი უნივერსუმის ევოლუცია გვევლინება, რომლის მწვერვალზეც ადამიანი იმყოფება. ევოლუციის ძირში ტეიარი შემოქმედებით ძალებს ხედავს, რომლებიც ერთგვარ შეკუმშულ მდგომარეობაში იმყოფებიან და თანდათანობით იშლებიან და ვითარდებიან ევოლუციის პროცესში. როდესაც ადამიანის სახით ევოლუცია კრიტიკულ წერტილს მიაღწევს, იწყება გაერთიანება – კონვერგენცია და სამყარო უმაღლესი სინთეზისაკენ ისწრაფვის. განვითარების ეს სქემა (ერთობა, დიფერენციაცია, სინთეზი) ჰეგელისეულის მსგავსია (თეზა, ანტითეზა, სინთეზი), მაგრამ ტეიარმა მას განსაკუთრებული ბიოლოგიური და კოსმიური ელფერი მისცა, ვინაიდან ბუნებისმეტყველება მისი აზრის ამ სქემას ყველაზე ცხადად ადასტურებს.

ტეიარი არც წმინდა წყლის მატერიალიზმს უჭერს მხარს და არც წმინდა სპირიტუალიზმს. „ჩემი აზრით, ეს ორი თვალსაზრისი უნდა გაერთიანდეს“, – წერს იგი. მაგრამ გაურკვეველი რჩება, თუ რას გულისხმობს სპირიტუალიზმში, ხოლო ის „ფენომენოლოგია“, რომელსაც იგი სინთეზის სახით გვთავაზობს, ძნელად შეიძლება ორ მიმდინარეობას შორის არსებული დაპირისპირების გადასაჭრელად გამოდგეს. ერთ რამეში კი იგი მართალია – სამეცნიერო ჰიპოთეზები იდეოლოგიის მიღმა უნდა დარჩეს. მატერიის სტრუქტურის კვლევისას ტეიარი თანდათანობით და ლოგიკურად მიდის პანფსიქიზმამდე. მატერია მისთვის განყენებული ფილოსოფიური კატეგორი კი არ არის, „ცოცხალი, დედობრივი გარემოა, რომელთანაც იგი გენეტიკურადაა დაკავშირებული“[1] და რომელიც საერთოა ადამიანის, ცხოველების, მცენარეებისა და არაცოცხალი ბუნებისათვის[2]. ამ „შინაგანი საწყისის“ საფუძველს ტეიარ დე შარდენი „რადიალურ ენერგიას“ უწოდებს, რომელსაც მატერია უფრო რთულისკენ მიჰყავს. როცა ამ ტენდენციას (რომელსაც დეკანოზი ვასილი ზენკოვსკი მითს უწოდებს) ღვთის შემოქმედებით ძალასთან აკავშირებს, ტეიარი სრულიადაც არ უხვევს სამყაროს ბიბლიურ–ქრისტიანული გაგების გზიდან. იმ ფაქტში, რომ მატერიას ეძლევა შემოქმედებითი ძალა, ბიბლიური ბიგენეზის არსი ძევს („გამოიღეთ წყალთა სამშვინველთა ცხოველთა”. შესაქ. 1.20). მაგრამ ამ შემთხვევაში ტეიართან თავს იჩენს ორი სიძნელე (უზუსტობა). პირველი ისაა, რომ ზოგჯერ ისე მოჩანს, თითქოს იგი ამ შემოქმედებით ძალაში, ენერგიაში (თვით) ღვთაებისა და მატერიის იმმანენტურობას ხედავს, რაც ღმრთაებრივ და ქმნილ ენერგიებს შორის ზღვრის წაშლას ნიშნავს და რაც საშუალებას აძლევს დეკანოზ ვასილი ზენკოვსკის, ტეიარ დე შარდენს პანთეიზმსა და აკოსმიზმში დასდოს ბრალი[3].

ასეა თუ ისე, ამ საკითხში ტეიარის აზრი მთლად ნათელი არ არის და კამათის საკმაო საფუძველს იძლევა. მეორე გაურკვევლობა იმასთანაა დაკავშირებული, რომ თითქოს მატერიის რადიალური ენერგია საკმარისი იყოს მთელი ევოლუციური პროცესისათვის, რაც ვერ ხსნის იმ თვისობრივ განსხვავებას, რაც ევოლუციის სამ საფეხურს – არაცოცხალ მატერიას, სიცოცხლესა და ადამიანს – შორის არსებობს. ტეიარი იმდენად ღრმადაა გამსჭვალული „საყოველთაო განსულიერების“ გრძნობით, რომ ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლას დიდ ყურადღებას არ აქცევს, რის გამოც კრიტიკოსთა (პირველ რიგში, ვ. ზენკოვსკის, ნაწილობრივ, ა. მენის) სამართლიან საყვედურს იმსახურებს.

მართალია, ტეიარი არაფერს ამბობს სამყაროს დასაბამის თაობაზე (მისი „ფენომენოლოგიური“ მსოფლხედვიდან გამომდინარე), ის მაინც ემხრობა „აფეთქებისა“ და „გაფართოებადი სამყაროს“ თეორიებს. „აფეთქების მომენტში მყისიერი ტრანსფორმაციის გზით წარმოიქმნება ელემენტარული მატერიის მდგრადი ერთეულები. „წინარე სიცოცხლეს“, „რადიალურ ენერგიას“ მატერიალური სამყარო სირთულისაკენ მიყავს. ევოლუცია ცოცხალ ორგანიზმთა გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე იწყება. „უნივერსუმის ქსოვილი“ თავის თავში შეიცავს შინაგანი („ფსიქიკურის“) და გარეგანის, სტრუქტურულის („ტანგენციალურის“), კოორდინაციას. იმავდროულად, ურთიერთკავშირთა ცოცხალი სისტემა ელემენტთა ორგანული (და არა მექანიკური) ურთიერთგამსჭვალვაა.

ტეიარ დე შარდენის თეორიის მიხედვით, სიცოცხლე ერთგზის და ერთ ადგილას ნახტომისებურად წარმოიშვა. ვ. ზენოვსკის ბრალდების მიუხედავად, ტეიარი წყვეტადობას აღიარებს. იგი წერს: „ეს ძალზე მიმზიდველი იდეა, ერთი ენერგიის მეორე ენერგიად გარდაქმნისა, უკუგდებულ უნდა იქნას“[4]. რა არის ამ აფეთქების, ნახტომის, რევოლუციის მიზეზი? მას ტეიარი თვით რადიალური ენერგიის ბუნებაში ხედავს, იმ „ფსიქიკურში“, რომელიც „წინარე სიცოცხლეშია“ დაფარული. ქრისტიანული თვალთახედვით თუ შევხედავთ, ამ სიტყვებში მატერიაზე განსაკუთრებული, ღვთაებრივი შემოქმედებითი ძალის მოქმედება უნდა ვიგულისხმოთ. ტეიარისათვის კი ეს ძალა საგანთა „შინაგან“ თვისებაა (ეს საკითხი კიდევ უფრო პრინციპული ხდება ადამიანის წარმოშობაზე მსჯელობისას).

სიცოცხლის ქმნადობის მონოცენტრიზმის აღიარებისას, იგი წერს: „როცა ერთიანად აღებული ცოცხალი ნივთიერება განეფინება დედამიწას, თავისი ევოლუციის პირველსავე სტადიებზე მოხაზავს ერთიანი გიგანტური ორგანიზმის კონტურებს“[5]. ამასთან, როდესაც ცოცხალ არსებათა ევოლუციის პროცესზე საუბრობს, ტეიარი დიდ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო მცირე ალბათობის მქონე სტრუქტურების წარმოშობას ადასტურებენ. ცნობილია, რომ სირთულის ზრდისა და სრულყოფილებისაკენ ორგანიზმთა მისწრაფება ევოლოციური პროცესის მიზანმიმართულების სასარგებლოდ მეტყველებს. ამ გართულების ტენდენციას, რომელიც ენტროპიის ზრდას ეწინააღმდეგება, ტეიარი კვლავ რადიალური ენერგიის შინაგანი ძალით ხსნის. როდესაც ევოლუცია იმ ზღვარს აღწევს, სადაც, ტეიარის თქმით, „მატულობს ფსიქიკური ტემპერატურა“, წყნარად და შეუმჩნევლად მზადდება ახალი პლანეტარული გადატრიალება. ადამიანი შემოდის სამყაროში. ანთროპოგენეზის ტეიარისეულ გაგებაში ბევრმა „წმინდა“ ევოლუცია, ცხოველიდან ადამიანზე თანდათანობითი, „უნახტომო“ გადასვლა დაინახა. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მისი გამონათქვამი ამის საფუძველს მართლაც იძლევა. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ტეიარი კარგად ხედავს იმ უფსკრულს, რომელიც ადამიანს დანარჩენი სამყაროსაგან აშორებს. იგი მას უნივერსუმის ყველაზე განსაცვიფრებელ არსებად თვლის და წერს: „უმნიშვნელო მორფოლოგიური ცვლილება და დაუჯერებელი რყევა სიცოცხლის სფეროში – აი, ადამიანის მთელი პარადოქსი“[6]. მისი თქმით, აზროვნების წარმოშობა ესაა ზღვარი, რომელიც ერთი ნაბიჯით უნდა გადაილახოს, ესაა ინდივიდუალური, მყისიერი ნახტომი ინსტინქტიდან აზროვნებისაკენ, რადიალურისა – უსასრულობაში.

ტეიარი კარგად ხედავს, რომ ნერვული სისტემის გართულება და სრულყოფა არასაკმარისია სულიერი არსების წარმოშობისათვის და ამ საკითხს თეოლოგიის

გადასაწყვეტად მიიჩნევს. მასზე საუბარია პაპ პიუს XII–ის 1950 – წელს გამოცემულ ენციკლიკაში – Humani Generis – (ადამიანის წარმოშობა), რომელშიც პოლიგენეზიაა დაგმობილი. ამას ტეიარიც ეთანხმება, მაგრამ რადგან ის რჩება „ფენომენის“ დონეზე, რასაკვირველია, გვერდს უვლის ცოდვითდაცემისა და პირველკაცის სულიერი ძალმოსილების ფაქტს.

ბევრს მიაჩნია, რომ ტეიარდიზმი პირველქმნილ ცოდვას საერთოდ არ ეხება. ისინი ეყრდნობიან პაპის ენციკლიკას, რომელიც უარყოფს „ადამს“, როგორც ტეიარისეულ ერთგვარ „პირველმამათა სიმრავლეს“. მაგრამ ტეიარი არ უარყოფს კაცობრიობის ერთიან საწყისს და არ გამორიცხავს „ადამის“, როგორც „ყოვლადკაცების“, მნიშვნელობას“, რომელიც ცოდვამ დააზიანა და ეს სულიერი წყლული ანთროპოლოგიურ განხილვას არ ექვემდებარება. მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ტეიარ დე შარდენის თეორიაში ადამიანური ბუნების დამახინჯებად სამყაროში ბოროტების პრობლემა, ფორმალურად თუ არა შინაარსობრივად მაინც, მიჩქმალულია (რის თაობაზეც ავტორს საგანგებო დამატების დაწერა მოუხდა).

ტეიარისათვის ბოროტება, უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლის თანმდევი ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც მის განვითარებას ახლავს თან, იგი რაღაც აუცილებელი და გარდუვალია. ამას ძნელად შეიძლება დაეთანხმო და ამიტომაც ტეიარი მაინც უშვებს „პირველადი წახდენისა თუ კატასტროფის განსაკუთრებულ ეფექტს“. ამრიგად, ბოროტება თუმცა სამყაროსადმი ერთგვარად „ზედდართული“ აღმოჩნდა, მან მაინც იპოვა ადგილი ტეიარის თეორიაში, რომელიც ფორმალურად არ ეწინააღმდეგება მის ქრისტიანულ გაგებას.

და მაინც, მთლიანობაში ტეიარი გვერდს უვლის ადამიანის ცოდვილობის საკითხს, რაც ძლიერ ასუსტებს მის მოძღვრებას. ამ მხრივ მას „დამატება“ კი არა, არსებითი შევსება ესაჭიროება.

ადამიანის წარმოშობასთან ერთად წარმოიშვება ნეოსფეროც, რომელიც არ არის ევოლუციის საბოლოო საფეხური, ისიც მისი ერთ–ერთი ეტაპია, მისგან იშვება აზრი, პიროვნება, ცნობიერების მრავალერთიანობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ტეიარი „ფენომენის“ საზღვრებს მიღმა გადის და ევოლუციის ახალ საბოლოო ეტაპს ელოდება, რომელსაც კაცობრიობა „წერტილ ომეგაში“ შეერწყმის. როგორც ერთუჯრედიანი ცხოველების ორგანიზმში შერწყმა იყო შემდგომი პროგრესის დასაწყისი, ასევე კაცობრიობის სულიერი გაერთიანება მიიყვანს მას ზესიცოცხლემდე და ზეკაცობრიობამდე. ადამიანის აზრისა და ძალის დედამიწაზე გავრცელება, მისი „პლანეტიზაცია“ არის მომავლის საწინდარი. ტეიარს სწამს, რომ მეცნიერების, ტექნიკის, სოციალური სისტემების განვითარება კაცობრიობას უმაღლეს წერტილამდე მიიყვანს. XX საუკუნეში იგი დედამიწისა და სამყაროს ჰარმონიზაციას ხედავს. ტეიარი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ ამ ყოველივეს განსახორციელებლად უნდა რეალურად არსებობდეს რაღაც ზეადამიანური, ადამიანთაგან დამოუკიდებელი, რომელსაც ტეიარ დე შარდენი „წერტილ–ომეგას“ უწოდებს.

ომეგა, ერთი მხრივ, ისაა, რასაც აღმოსავლელი მამები „კრებითობას“ უწოდებენ. ესაა ერთიანობა ურთიერთშერევის გარეშე, შერწყმა შთანთქმის გარეშე. მეორე მხრივ, ომეგა ერთდროულად არის „რაღაც“ და „ვიღაც“, რომელიც ევოლუციის დასაწყისამდე მოქმედებს. „ევოლუცია, – წერს ტეიარი, – არის ნაკადი, ქმნადობა, მოსპობა და დაბადება. ის, ვინც მას ამოძრავებს, დამოუკიდებელი უნდა იყოს“[7]. ომეგა დროისმიღმიერია, ტრანსცენდენტური საწყისია, ზესამყაროულია. იგი ღმერთია, რომელმაც საიდუმლოდ განსმჭვალა და აავსო სამყარო თავისი ძალმოსილებით, გიგანტური სიცოცხლის ხის სახით განტოტა და თავის ყოფიერებას მიაახლოვა. ადამიანის მთელი შემოქმედებითი ძალა, მთელი კულტურა და ცივილიზაცია, მისი სიყვარული, ენერგია, მოღვაწეობა და ბოლოს მისი პიროვნული ინდივიდუალური უკვდავება – ღმრთაებრივ მიზანს ემსახურება.

ღმერთი თავს მუდმივად ავლენს და მისი ერთ-ერთი უდიდესი გამოვლინება ქრისტიანობაა[8]. – ძლევამოსილი პლანეტარული ძალა, ერთადერთი, რომელსაც ძალუძს კაცობრიობის გაერთიანება ღმერთის კოსმიური მიზნის განსახორციელებლად, მისაღწევად. ტეიარის აზრით, ცნობიერი სიცოცხლის მამოძრავებელი აბსოლუტური ანუ ღმრთაებრივი არსება უნდა იყოს. რელიგია დამამშვიდებელი საშუალება – „ოპიუმი“ კი არ არის, მისი ჭეშმარიტი მიზანი სიცოცხლის პროგრესის ხელშეწყობაა. კაცობრიობის პროგრესის გზამკვლევი ვარსკვლავი მხოლოდ ის უსასრულო პერსპექტივა უნდა იყოს, რასაც აღმოსავლური ღვთისმეტყველება „თეოზისს“ – განღმრთობას ეძახის.

ტეიარის „წერტილ ომეგასა“ და „თეოზისის“ იდეის კავშირი მის მართლმადიდებლობასთან ერთგვარ სიახლოვედ მიაჩნიათ (მაგ.: დეკანოზი გ. კლინგერს), თუმცა თვით ტეიარი მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას ცუდად იცნობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ყურადღება ადამიანისა და სამყაროს მომავალისაკენ ჰქონდა მიპყრობილი, ტეიარი არ შეიძლება განყენებულ მოაზროვნედ მივიჩნიოთ. მისი ჭეშმარიტად ქრისტიანული ოპტიმიზმი ამოუწურავი შემოქმედებითი ენერგიითაა აღსავსე. მისი ნდობა ყოფიერებისადმი, ნდობა ღმერთისადმი იმედს უნერგავს ადამიანს. ყოველივე მშვენიერი, შემოქმედებითი, სიყვარულით გამსჭვალული, რაც კი დედამიწაზე ხორციელდება, ტეიარს „დროის ნიშანსვეტად“, მომავალი ფერისცვალების მომასწავებლად მიაჩნია. იგი ღვთის სასუფევლისაკენ მიმსწრაფი პროგრესის წინასწარმეტყველია და ევოლუციასა და კაცობრიობის განვითარებას რწმენით უყურებს.

მისი აზრით, იმისათვის, რომ კაცობრიობამ ღმერთში „ზეგანსულიერებას“ მიაღწიოს, უნდა იშვას და გაიზარდოს მთელ იმ სისტემაში თანაარსებობითა და მასთან შესაბამისობით, რასაც ევოლუცია ჰქვია. დედამიწის საზრისი ღვთის საზრისში ცნაურდება და პირიქით, ღვთისა დედამიწის საზრისით საზრდოობს და მას ემყარება. ტრანცენდენტური, პიროვნული ღმერთი და ევოლუციონირებადი სამყარო ურთიერთსაპირისპირო მიზიდულობის ცენტრები არ არიან, არამედ ისინი იერარქიულ კავშირში იმყოფებიან და ამ კავშირით ხორციელდება კაცობრიობის ტრანსფორმაცია და უნივერსუმის განსულიერება. იგრძნობა ის ბიბლიური მოლოდინი, რომლის მიხედვითაც ისტორიის მთელი საზრისი, მნიშვნელობა ღვთის სასუფევლისაკენ სწრაფვაში, მის დამკვიდრებაშია, როცა ღმერთი იქნება „ყველაფერი ყველაფერში“.

ასეთია ტეიარ დე შარდენის თეორიის ძირითადი ასპექტები.ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რომ მასში ერთგვარი პანთეიზმის კვალია აღბეჭდილი. მეორე მხრივ, იგი საკმაოდ ახლოა მართლმადიდებლურ თვალსაზრისთან იმ გაგებით, რომ მთელი სამყარო თეოფანიად მიიჩნევა. დეკანოზი ვასილი ზენკოვსკის ჰქონდა საფუძველი საყვედურისა, რომ ტეიარი არასაკმარისად მკაფიოდ მიჯნავს ყოფიერების სხვადასხვა ფენას ერთმანეთისგან. მისი სუსტი მხარეა ბოროტების მისეული გაგებაც, რომელსაც იგი „ბუნებრივად“ მიიჩნევს. ყურადღების მიღმაა დარჩენილი სამყაროს ანტინომიურობა, მასთან ყველაფერში ნომიზმი ბატონობს – კანონები ერთმნიშვნელოვანი და მკაფიოა. მართალნი არიან ის კათოლიკე კრიტიკოსებიც, რომელნიც ტეიარს იმაში დებენ ბრალს, რომ მისი მოძღვრება იძლევა საფუძველს ღვთისა და სამყაროს ბუნებრივისა და ზებუნებრივის ურთიერთაღრევისა. თუმცა ტეიარს შეგნებული ჰქონდა თავისი სისტემის ნაკლოვანებანი და ცდილობდა მათ აღმოფხვრას. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი იზღუდებოდა რა „ფენომენოლოგიით“, ადგილს ტოვებდა ფოლოსოფიური და თეოლოგიური აზრისათვის. ასე რომ, ტეიარდიზმი მისი ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემდეგ შეიძლება თანამედროვე ქრისტიანობის სამსახურში ჩადგეს, მიაჩნია დეკანოზ ა. მენს[9], ისე, რომ ეს არ ჩაითვალოს ტეიარის თეორიის ხელყოფად. მიუხედავად რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზებისა, ტეიარ დე შარდენის თეორიას აქვს ღირსებებიც, რომელნიც შეიძლება წაადგეს თანამედროვე ქრისტიანს: ის ფაქტიც, რომ იგი ეკლესიას თანამედროვე საზოგადოებაში მოქმედ აქტიურ საწყისად მიიჩნევს, ხელს უწყობს ჩვენი დროის ქრისტიანებს, დადებითი იდეალის განხორციელებაში. ტეიარი მიუთითებს ღვთის სიყვარულზე, როგორც ნოოსფეროს ევოლუციის მამოძრავებელ ძალაზე, რაც უმჭიდროესადაა დაკავშირებული კაცთა ურთიერთსიყვარულთან, როგორც ბოროტებასთან აქტიური ბრძოლის წინაპირობასთან. ტეიარი სამყაროსადმი სიყვარულით მოპყრობას გვასწავლის, ნაცვლად მტრულისა. მისი ნათელი შეხედულება მომავალზე იმედს უნერგავს ადამიანებს, რაც ეგზომ საჭიროა სამყაროს „მიგდებულობით“ გამოწვეული ეგზისტენციალური შიშისა და ძრწოლის ეპოქაში, რომელიც შეურიგდა სამყაროს განწირულობას. ტეიარი იმედით უყურებს მომავალს და ადამიანებსაც აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს. მას არ აშინებს რეგრესის ძალები და მათგან გამოწვეული პასიურობა თუ მორჩილება. აი, ამ თვალსაზრისით სჭირდება მისი მოძღვრება თანამედროვე ადამიანს.



[1]Мень А. истока Религии T.I.M. 1990. ст.228.

[2]ამავე აზრს ავითარებდა შოპენჰაუერიც.

[3]B. Зенковекий Основны Христианской Философии P.1965.ст.185.

[4]Теъяр де Шарден Феномен человека M.1965. ст.140 2) იქვე, ст.113.

[5]იქვე, ст. 113.

[6]Феномен Человека. Ст.163.

[7]Феномен Человека. Ст. 256

[8]საინტერესოა, რომ „ადამიანის ფენომენს“, როგორც პირველი (1965), ისე მეორე (1987) საბჭოთა (რუსულ) გამოცემებში თავი – „ქრისტიანობის ფენომენი“ არ შეუტანიათ.

[9]Мень А История религий T1,ст.241.M.1990.

 

მსგავსი სტატიები:  ეტიენ ჟილსონი

Print Friendly

Comments are closed.