ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება (გაგრძელება)

29/11/2020
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_n(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

II ნაწილი

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე

ყოველივე ზემოთქმული  განსახილველი საკითხის მხოლოდ პროექციაა. ჩვენ ვთავაზობთ მკითხველს, წერილს ოდნავ სხვა, ალტერნატიული კუთხით შეხედოს. ჩვენ ახლა ვერ გავაშუქებთ ევოლუციასა და მასში ადამისა და ევას (როგორც არა პირველი ადამიანების) ადგილთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ჩვენი პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ გავაშუქეთ და ჩვენი ხედვის ძირითადი პრინციპები მოვნიშნეთ. წინ კიდევ ბევრი რამ რჩება, კიდევ ბევრი ბიბლიურ-არქეოლოგიური აღმოჩენა გველის. ყურადღებიანი მკითხველი გაგვიგებს და ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებული თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენების შუქზე წერილის სულიერ მხარის ჰერმენევტიკული გააზრებისა და ობიექტურობიდან გამომდინარე ახალ კითხვებს დასვამს. მაგრამ, ამ საკითხის შესახებ ევოლუციის ჭრილში, ვიმედოვნებთ, ვისაუბრებთ ჩვენს შემდეგ სტატიაში უფრო საფუძვლიანად, სადაც შევეცდებით განვიხილოთ, თუ (ჩვენი აზრით) რა გადასცა ადამმა კაცობრიობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ადამმა კაცობრიობას ბიოლოგიური სიკვდილი გადასცა (რისი ჩვენებაც ამ სტატიაში ვეცადეთ) თავისი ცოდვით დაცემის შედეგად, მაგრამ მას შეეძლო, კაცობრიობისთვის გადაეცა დაკარგული შესაძლებლობა იმისა, რომ უკეთესი გამხდარიყო ან მთელი კაცობრიობისთვის დაკარგული შესაძლებლობის მაგალითად ქცეულიყო. შემდეგ სტატიაში ზუსტად ამ აზრის განვრცობას ვაპირებთ.

ადამს და ევას შეიძლება შევხედოთ, როგორც არქეტიპს და მათი ისტორია ჩვენი ცხოვრების ისტორიასთან დაკავშირებითაც გავიაზროთ. ადამი და ევა ჩვენ ვართ. ჩვენ „უმანკონი“ ვიბადებით (თუმცა კი გვაქვს თანდაყოლილი ეგოისტური მიდრეკილება; ეგოიზმი მთელი ცხოვრება თან გვდევს, რაც ბუნებრივი გადარჩევის პრინციპია), ვიზრდებით, გვიჩნდება ზნეობრივი არჩევანის გაკეთების უნარი და მაინც ვუჯანყდებით (ჩვენი ჰიპოსტასური სული უჯანყდება) ზნეობრივ კანონს. თანდაყოლილი ეგოიზმის შესახებ რომელ საღვთისმეტყველო თუ მეცნიერულ თეორიასაც არ უნდა ვიზიარებდეთ, შედეგი იგივეა: ჩვენ ყოველთვის ვცდებით ცხოვრების მორალურ კანონში და გვჭირდება ის, ვინც ამ ეგოიზმისგან გაგვათავისუფლებს; რელიგიაში ეს ვინმე არის ღმერთი. ჩვენ ცოდვას აღვიქვამთ, როგორც რეალობას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაჩნდა ის (ედემის ბაღში დაუმორჩილებლობით თუ ევოლუციური განვითარებისას ზნეობრივი კანონისადმი დაუმორჩილებლობით); ცოდვა არის სინდისის აშკარა და ხილული დარღვევა (ჩვენ ცოდვის ცნების კონკრეტიზაციას არ დავიწყებთ). ჩვენი პირადი და კოლექტიური ცოდვის გადასალახად ჩვენ მხსნელი გვჭირდება და ეს მხსნელი ჩვენთვის არის ქრისტე. აღსანიშნავია, რომ ჩვენში დაბადებიდან არსებულ ცოდვას წმინდა მამები პირველმშობელთა ცოდვას (ბერძ. προπατορικό αμάρτημα) უწოდებენ; ეს არის ეგოიზმისკენ თანდაყოლილი მიდრეკილება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავიბადეთ დაუსრულებელ და სრულყოფილებისკენ სწრაფვად სამყაროში და ამ სამყაროს ნაწილი ვართ. სამყარო ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია, „მეშვიდე დღე“ კიდევ გრძელდება. ის ფაქტი, რომ შექმნის პროცესი ჯერ არ დასრულებულა (მთები ფორმირებას განაგრძობს, ფლორა და ფაუნა იცვლება, წარმოიქმნება გალაქტიკები, სამყარო ფართოვდება და ა.შ) მთელ კოსმიურ რეალობასა და ჩვენს ცხოვრებას ისეთ მნიშვნელობას სძენს, რომელიც შეუძლებელია იქნებოდა, კოსმოსი წამში რომ შექმნილიყო და თანაც სრულყოფილი და დასრულებული სახით. დაბადების წიგნის პირველი მუხლების თანახმად, კოსმოსი, შექმნისას, ქაოტურ მდგომარეობაში იყო, მყისიერად არ მოწყობილა და ზუსტად ის, რომ სამყარო თავიდანვე არ იყო კეთილმოწყობილი, წარმოადგენს ევოლუციური ჩამოყალიბების ნიშან-თვისებას. მიუხედავად იმისა, რომ წერილი გვეუბნება რომ: დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა (დაბ. 2, 3), ეს გვეუბნება იმაზე, რომ ღმერთმა შექმნა გარკვეული საფუძველი, რომელიც გააფორმა და ამ საფუძველზე ქმნილების განვითარების პროცესმა თავისი ბუნებრივი ჩამოყალიბება განაგრძო თავისუფლად, ღმერთის ჩარევის გარეშე, რასაც დღემდე ვხედავთ.

პავლე მოციქულის თანახმად, ადამის მიერ სამყაროში შემოვიდა ცოდვა და წარმოქმნა სიკვდილი, რომელიც შემდეგ გავრცელდა სამყაროში (რომ. 5, 12). თუ ამ აზრს ისე გავიგებთ, რომ ბიოლოგიური სიკვდილი ცოდვის გამო გავრცელდა ადამიანებში, მაშინ ევოლუციის თეორიას შევეწინააღმდეგებით. მაგრამ თუ ამ საკვანძო აზრს სულიერი სიკვდილის კუთხით გავიგებთ, მაშინ შეიძლება მისი ევოლუციის თეორიასთან თანხვედრა. რატომ უნდა მოხდეს ეს თანხვედრა? იმიტომ, რომ თუ წარმოვიდგენთ, რომ ადამი ნეოლითის პერიოდის პირველი ადამიანი არ იყო (რატომ ნეოლითის პერიოდის, ამას ქვემოთ ვიტყვით) და მასთან პარალელურად სხვა ადამიანებიც არსებობდნენ და ღმერთმა მათში ადამი აირჩია, როგორც ღვთის მაძიებელი ადამიანი, რომელიც ღმერთთან პირად კონტაქტში შევიდა (როგორც აბრაამი (დაბ. 12-15), მაშინ ასეთ პერსპექტივაში მოციქულის სიტყვები სულ სხვაგვარად აღიქმება. სანამ ადამი ირწმუნებდა, ცოდვას ძალა არ ჰქონდა, რადგან ისტორიამდელ ადამიანებს ღმერთი არ გამოეცხადა; შესაბამისად, არ იყო კანონი (კანონი ღვთის წინაშე, რადგან მათთვის ღმერთი ცნობილი არ იყო); ხოლო, როდესაც არ არის კანონი, არც ცოდვა არის და ადამიანები თავიანთი ნამუსის თანახმად ცხოვრობენ (საერთოდ თუ ჰქონდა ისტორიამდელ ადამიანს სინდისის გაგება?). ამ აზრს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ. ეს სიტყვები მოდის ცოდვასა და სიკვდილის გავრცელებაზე საუბრის შემდეგ: „რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება“ (რომ. 5, 13). ანუ ღვთაებრივი კანონის გარეშე ცოდვა ძალას კარგავს. შესაბამისად, ადამამდე და მის დროს მცხოვრები ისტორიამდელი ადამიანების ცოდვებს ძალა არ ჰქონდა, რადგან ადამის დროინდელ ჰომინიდებს არ ჰქონდათ ცხოვრებისეული ფასეულობების ორიენტაცია. ეს ფასეულობები მათში მოქმედებდა მათი სინდისის კვალობაზე, მათი სინდისი კი მათ მიერ თავისი პიროვნულობის გაცნობიერებასთან ერთად ვითარდებოდა ევოლუციის ჭრილში. რაც შეეხება ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობას, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ასევე, შესწავლას საჭიროებს ისტორიამდელი ადამიანების ცხოვრებისეული ცნობიერება. აქედან გამომდინარე, მოკლედ აღვნიშნავთ შემდეგს: შესაძლოა, რომ ისტორიამდელი ადამიანების (რომელთა პიროვნება ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული) სიკვდილი არ იყო ნამდვილი (ღვთისმეტყველური თვალსაზრისით), რადგან ისინი თავიანთ ცხოვრებას სათანადოდ არ აცნობიერებდნენ (ისტორიამდელ ჰომინიდებს გააჩნდა პიროვნულობა, მაგრა საჭირო იყო მისი ჩამოყალიბება და გააზრება). განა შეიძლება ნამდვილი ვუწოდოთ არსებობას, როდესაც ადამიანს არ ესმის თავისი დანიშნულება და ადგილი სამყაროში, არ აცნობიერებს თავის ღვთის მსგავსებას? ეს უფრო ინსტინქტიური არსებობაა, ვიდრე გააზრებული სიცოცხლე. თუ არ არსებობს ამ ქვეყნად გაცნობიერებული ყოფის და მისი მიზნის გაგება, მაშინ განა შეიძლება, რომ ასეთი ცხოვრების დასასრული ნამდვილად სიკვდილი იყოს? თუმცა ამდაგვარი ისტორიამდელი ადამიანის ასეთი დასასრული ნამდვილად არის მისი სხეულის ბიოლოგიური სიკვდილი. ეს უფრო ჰგავს ისტორიამდელი ადამიანის კოგნიტურ დისონანსს მისი პიროვნების ჩამოყალიბების პერიოდში. ჩვენ ახლა სულიერი პერსპექტივის კატეგორიებში ვმსჯელობთ, ანუ იმაზე, რაც დაბადების წიგნის პირველ თავებშია ასახული. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ადამამდე ჭეშმარიტი, ღვთის მსგავსი სიცოცხლის გაგება არ არსებობდა (ღვთაებრივი გამოცხადების პროექციაში)? აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ ისტორიამდელი ადამიანის ნამდვილ სიკვდილზე, თუკი ის ვერ აცნობიერებდა ამ ქვეყნად ადამიანის დანიშნულების შესაბამისად სიცოცხლის აზრს? ჩვენი აზრით, ისტორიამდელი ადამიანის სიცოცხლეც და სიკვდილიც გაუცნობიერებელი იყო და ამიტომ ეს სიცოცხლეცა და სიკვდილიც არანამდვილი იყო (სულიერი ცხოვრების გაგებით), რადგან ჭეშმარიტი ყოფის გაცნობიერება არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ადამი ზუსტად პირველი იყო იმ ისტორიამდელი ადამიანებიდან, რომელმაც თავის თავში ღვთის ხატება და შესაბამისი აზრი და დანიშნულება გააცნობიერა. მან გააცნობიერა თავისი სიცოცხლეცა და სიკვდილიც, რამაც  მიანიჭა მათ აზრი.

ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთმა ადამი აირჩია, თუმცა დაბადების წიგნის თანახმად ღმერთმა ადამიანი შექმნა (დაბ. 2, 7). ჩვენ რამდენიმე ნიუანსს აღვნიშნავთ, რათა ღმერთის მიერ ადამის არჩევის (მსგავსად აბრაამისა და სხვა წინასწარმეტყველების) ჩვენეული გაგება შემოგთავაზოთ. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ დაბადების წიგნის პირველი თავები ძალიან სიმბოლურია და დაწერილია ლამაზი პოეტური ჟანრით. ამიტომ, აქ პირველი ადამიანის შექმნის ისტორიული დასაბუთების ძებნა ზედმეტია. მეორე: თუ ივრითიდან სხვა ენებზე ძველ თარგმანებში პირველ ადამიანს შექმნისას ადამი ეწოდება, ანუ მას პირადი სახელი ერქმევა, თავად ებრაულ დედანში ასე არ გახლავთ. ებრაულად „ჰა ადამ /האדם/“ ნიშნავს ადამიანს. მესამე: ეს ებრაული სიტყვა წერია „ჰა/ha“ არტიკლით, რასაც ტექსტში გარკვეული დაზუსტება შეაქვს. თუ ეს ადამიანი ღმერთმა განაწესა და ეს ტექსტის გრამატიკაშიც აისახება, მაშინ რა გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ადამი ისტორიული და ბიოლოგიური თვალსაზრისით იყო პირველი ადამიანი? განმსაზღვრელი არტიკლი „ჰა“ მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთმა ეს ადამიანი  მრავალი სხვა ადამიანისგან გამოარჩია. მარტივად რომ ვთქვათ, ღმერთი ამ ადამიანს აკონკრეტებს (უნდა ითქვას, რომ არტიკლი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა გამოვიყენოთ როგორც კრეაციონისტულ ნარატივში, ასევე ევოლიუციონისტურ ნარატივშიც; ეს ერთგვარი ანტინომიაა, და ჩვენ ვთავაზობთ მკითხველს ალტერნატიულ წაკითხვას). თუ ადამიანი ერთადერთია და მის გარშემო სხვა ადამიანები არ არსებობენ, თუ არ არსებობს საზოგადოება, რომლის ფონზეც შეიძლება ეს ადამიანი აღვნიშნოთ, მაშინ  რა აზრი აქვს ამ დაკონკრეტებას?  მოდით, ამ ბიბლიურ მაგალითს სხვაგვარადაც შევხედოთ: „ჰა ადამ“ შეიძლება გავიგოთ, როგორც რომელიღაც ადამიანი, ანუ ჩვენს წინაშეა რომელიღაც ადამიანის ცხოვრება, და არა კონკრეტულად ვინმე, ვისაც უკვე სახელიც დაერქვა. თუმცა, განვმეორდებით, შესაძლებელია განსაზღვროთ ადამიანი, თუ არ გვაქვს საზოგადოება? ჩვენი აზრით, ამ ნიუანსმა დაბადების წიგნის პირველი თავების მინიმალური ისტორიზმის ხელახალი გააზრების საბაბი უნდა მოგვცეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ კითხვებს ვსვამთ, თუმცა პასუხები ანალიზს მოითხოვს. დაბადების 2,7-ში წერია: „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“. როგორც ადამიანის „გამოსახვა“ გვესმის სიმბოლურად, ასევე მასში „სიცოცხლის სუნთქვის“ შთაბერვა გვესმის მისტიურ-სულიერ კატეგორიებში: ღმერთმა შემქნა სულიერი ადამიანი და მასში თავისი ღვთაებრივი  ხატება გამოხატა; ღმერთმა ადამი ჰომინიდებს შორის გამოარჩია, რაზეც შესაბამისი ტექსტის გრამატიკაც მიგვანიშნებს, სადაც ადამიანი კონკრეტულად არის გამოყოფილი, რაც ფონის გარეშე შეუძლებელია (ფონი გულისხმობს ადამის თანამედროვე ჰომინიდების საზოგადოებას). და ბოლოს, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა ადამის თანხმობის გარეშე, რადგან პირადი თანხმობა ადამიანისა და ღმერთის სინერგიის მთავარი პრინციპია. ღმერთი თავისუფლებისმოყვარეა და ყველაფერს თავისუფლად ქმნის, ის პატივს სცემს ადამიანისა და მისი არჩევანის თავისუფლებას. ჩვენ გამოვტოვებთ იმ საკითხს, თუ რას წარმოადგენდა მიწიერი სამოთხე და როგორი იყო მისი დანიშნულება ევოლუციის კუთხით, რადგან ეს საკითხის მოცულობით ჩვენი სტატიის ფარგლებს სცდება. იმედს გამოვხატავთ, რომ ამაზე ჩვენს შემდეგ სტატიებში ვიმსჯელებთ. ბიბლიურ მიწიერ სამოთხეს მრავალი საერთო აქვს აქადურ და შუმერულ პროტოტიპებთან.  მეოთხე და მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიამ აღიარა დაბადების წიგნის ტექსტის მთლიანობა, ჩვენ გვაქვს საფუძველი ფიქრისა, რომ მისი პირველი თავები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტექსტებია, რომლებიც მხოლოდ გვიანდელ მონოთეისტურ ტრადიციაში გაერთიანდა (1). ბიბლიურ კოსმოგონიის პროტოტიპებს მესოპოტამურ კოსმოგონიურ ტექსტებში ვხედავთ (რომლებიც ხშირად სიუჟეტურადაც კი ემთხვევა), რომლებიც წერილზე ბევრად უფრო ძველია, მაგრამ კოსმოგონიური ნარატივის აზრით ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მაგალითად, „ენკისა და ნინხურსაგის“ შუმერული მითი ან ბაბილონური „ენუმა ელიშის“ მითი და სხვ. ნაწარმოები, რომლებიც აქადური, შუმერული და ბაბილონური ცივილიზაციის მემკვიდრეობას წარმოადგენენ (2).

არანაკლებ საინტერესოა დაბადების წიგნის პირველ თავებში ადამიანის „დედისა და მამის“ ხსენება: „მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბ. 2, 24). ეს მუხლი ასახავს ღმერთის მიერ ევას შექმნის პერიოდს, ანუ მოქმედება ჯერ კიდევ მიწიერ სამოთხეში ხდება, ადამისა და ევას დაცემამდე. ჩვენ დავსვამთ კითხვას: თუ ადამი ისტორიულად პირველი ადამიანია, მაშინ რა საჭირო იყო ადამიანის მშობლების ხსენება? რომელ მშობლებზეა საუბარი პირველი ადამიანების მიწიერ სამოთხეში? ამ მუხლის თაობაზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ზოგი წმინდა მამის თანახმად, ეს თავად ადამის სიტყვებია; ბიბლიის ზოგიერთი კომენტატორი ამბობს, რომ ეს გვიანდელი ხანის გადამწერის მიერ ტექსტში ჩართული კომენტარია. ეს ალტერნატიული ვერსიებია. საინტერესო ფაქტია: როგორ შეიძლება ადამიანის მშობლებზე საუბარი, თუ კი ეს ისტორიულად პირველი ადამიანია? კრეაციონიზმის თანახმად, ეს უნდა იყოს ტექსტის ანაქრონიზმი, მაგრამ ევოლუციის თვალსაზრისით ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამს ჰყავდა მშობლები. გამოითქმოდა ის აზრიც, რომ ეს არის კაცობრიობის მომავლის ადამისეული ხედვა.  მაგრამ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ადამს დაცემამდე სცოდნოდა, რა არის დედ-მამობა (კრეაციონიზმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა). ამ საკითხში ბევრი რამის ვარაუდი შეგვიძლია. თუმცა, თავად ქრისტე ახსენებს ამ ადგილს (მათე. 19, 5) და ეს ფაქტი ამ მუხლს კანონიკურ ტრადიციაში ამკვიდრებს. ამგვარად, ჩვენ ადამის მშობლებზე ალტერნატიულ ხედვას გთავაზობთ. როგორც კრეაციონისტები თავისებურად განმარტავენ ამ მუხლს, ისე ევოლუციონისტებსაც აქვთ სრული უფლება ჰქონდეთ საკუთარი აზრი ადამის მშობლების შესახებ.

ევოლუციის თეორია ადამიანისა და ცხოველთა სამყაროს საერთო წარმომავლობას აღიარებს და ადამიანის უნიკალურობისა და ღირსების თაობაზე ანთროპოლოგიურ კითხვებს სვამს. რამდენად უნიკალურია ადამიანი ჩვენი საერთო ბიოქიმიის ფონზე (მაგალითად, ადამიანის დნმ 97,5%-ით ემთხვევა შიმპანზეს დნმ-ს)? მაგრამ ევოლუციონისტებს (რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთდაპირისპირებისას) მხედველობიდან გამორჩებათ „ღვთის ხატის“ და ადამიანის გაცნობიერებული რელიგიურობის საკითხი. რელიგიურობა ცხოველთა სამყაროში არ არსებობს. ადამიანი დედამიწის ყველა არსებაზე დომინირებს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ასე მხოლოდ ჩვენი გადასახედიდან ჩანს. შეიძლება ამაში დავეთანხმოთ კიდეც, მაგრამ ამავე დროს დავძენთ, რომ ადამიანის დომინანტობის შესახებ საუბრის საფუძველს ზუსტადაც რომ ჩვენი რეალობა გვაძლევს. ამავდროულად, ევოლუციის თეორია მოწმობს, რომ ადამიანი ისტორიამდელ ხანაშიც ქმნიდა კულტურას: ქმნიდა შესანიშნავ მხატვრობას კედელზე (ხშირად სწორი პროპორციებით, რაც გაკვირვებას იწვევს, თუ იმ ხანის სიძველეს გავითვალისწინებთ), ამზადებდა მუსიკალურ ინსტრუმენტებს, სანადირო იარაღს და ა.შ. ეს ყველაფერი კარგად ჩანს პალეოლითის ეპოქის დასასრულს. ცხოველები ასეთ უნარებს არ ფლობდნენ. მაგრამ ევოლუციონისტები ხომ ყოველთვის ათეისტები არ არიან. მრავალი ევოლუციონისტი რელიგიურია ან მორწმუნე, ან ეკლესიური ან ქრისტიანი, რომელსაც ღმერთის სწამს და წერილს ენდობა. ამიტომ, აქ საკმაოდ სიფრთხილე გვმართებს, რათა ყველა ევოლუციონისტს არ მივაწეროთ ის, რასაც თავადაც არ აღიარებენ. ჩვენ იმ ევოლუციონისტებს ვუპირისპირდებით, რომლებმაც არც წმინდა წერილი იციან და არც ღვთისმეტყველებისა და ჰერმენევტიკის განვითარების თავისებურებანი და რელიგიისა და წმინდა წერილის მიმართებაში მიუღებელ განცხადებებს ავრცელებენ, რითიც სარწმუნოებასა და მეცნიერებას შორის განხეთქილება შეაქვთ. კიდევ ერთხელ ვამახვილებთ ყურადღებას ადამიანში „ღვთის ხატისა და მსგავსების“ ცნებას, რომელიც ღმერთთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიუთითებს, რომელიც არის მისტიური და სულიერი კავშირი. ღვთის ხატი გულისხმობს ღმერთთან ჩვენს უნიკალურ კავშირს, მოწოდებას, რომ მისი ერთგულნი ვიყოთ, მისი თანაშემოქმედნი, თანამეუფენი ვიყოთ ყოველივეში, რაც ღმერთმა შექმნა (დაბ. 1, 26). ზუსტად ამაში უნდა დამსგავსებოდა ადამიანი ღმერთს. ამ თვალსაზრისით, ჰომო საპიენსი ღმერთის მრავალფეროვან ქმნილებაში განსაკუთრებულ როლს იკავებს (არა მარტო ცხოველთა, არამედ ჰომინიდების – ნეანდერტალების, ჰობიტების, დენისელების და სხვ. – სამყაროშიც, რომელიც ადამიანთა კიდევ სხვა სახეობებსაც მოიცავდა. ისინი ღვთის განგებით გაქრნენ და ჩვენს სახეობაში გაითქვიფნენ ათეულობით ათასი წლების წინ). აქედან ვგებულობთ, რომ აქ საქმე ბიბლიურ გამოცხადებაშია, რადგან ჩვენ რომ არ გვსმენოდა ჩვენი უნიკალური მდგომარეობისა და მოწოდების შესახებ (ჩვენ კი ამის შესახებ უკვე ოდითგანვე ვიცოდით, მას შემდეგ, რაც ჰომო საპიენსმა გააცნობიერა თავისი თავი ამ სამყაროში და ამგვარად ჩამოყალიბდა მისი პიროვნება ჰომინიდების სხვა ჯგუფებთან მიმართებაში), ჩვენ მრავალი სახეობიდან მხოლოდ ერთ-ერთი ვიქნებოდით და არაფრით ვიქნებოდით განსხვავებულნი სხვა ჰომინიდებისგან.

მეცნიერულ სამყაროში არსებობს მოსაზრება, რომ ჰომო საპიენსი იმიტომ გადარჩა, რომ თავისი ცხოვრების რომელიღაც კრიტიკულ მომენტში (ქრისტეშობამდე 50 000 – 40 000 წლის წინ) მან გააცნობიერა, რომ მხოლოდ ალტრუიზმი და მოყვასისადმი კეთილი დამოკიდებულება შეინარჩუნებდა მას, როგორც სახეობას. ანუ, ეს გააზრება ბუნებრივი გადარჩევის პროცესში ხდებოდა და დროში ძალიან დიდხანს გაიწელა. ეს არის მხოლოდ ევოლუციონისტი ანთროპოლოგების ვერსია, თუმცა კი ძალიან საინტერესო. აქ გვახსენდება „ოქროს წესი“, რომელსაც მრავალი მსოფლიო რელიგია, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ქადაგებდა (3). სავარაუდოდ, ეს „ოქროს წესი“ ისტორიამდელი დროიდან გენეტიკურად დევს ჩვენში, მაგრამ თავი თანდათანობით იჩინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სავარაუდოდ, ეს „ოქროს წესი“ ისტორიამდელი ადამიანის „კოგნიტიური რევოლუციის“ პერიოდში გაჩნდა, პირველ რიგში, ჰომო საპიენსებს შორის (50 000-30 000 წლების პერიოდი ქრისტეშობამდე). დაახლოებით ამ პერიოდში, ადამიანმა (ძირითადად, კრომანიონებმა, რომლებმაც აბსტრაქტული აზროვნების უნარები, საკუთარი თავის გაცნობიერება და ა.შ. დაიწყო) მონუმენტური ფერწერის შედევრების შექმნა დაიწყო (35 000-30 000 და ქვემოთ). ეს არის შესანიშნავი, უნიკალური ნახატები, რომლებშიც ისტორიამდელი ადამიანი პიროვნების ჩამოყალიბება აისახებოდა, ვლინდებოდა – ადამიანი კლდის ნახატებით საკუთარ თავსა და შინაგან სამყაროს გამოხატავდა. ამგვარად, უფრო ძლიერ პროცესუალურ ანალიზში მიმდინარეობდა ამ სამყაროში საკუთარი თავის შემეცნება, რამაც საკუთარი თავის ალტრუისტული გააზრება მოიტანა. ხელოვნების მეშვეობით ადამიანი გარესამყაროსთან საკუთარ კავშირს გამოხატავს; ამით ის საკუთარ აზრებს, ემოციებსა და შინაგან მდგომარეობას გამოხატავს, გადმოსცემს გამოსახულებების მეშვეობით, ანუ თავისი წარმოსახვის ნაყოფს ფრესკებში გამოხატავს. ამ ყველაფრით, ისტორიამდელი ადამიანი საკუთარ თავსა და სამყაროს, ამ სამყაროში თავის ადგილს შეიმეცნებდა. არ გამოვრიცხავთ, რომ ისტორიამდელი ადამიანებში ზუსტად ასევე რელიგიური ცნობიერებაც ყალიბდებოდა. ჩვენ ძალიან შორეულ საგნებზე ვსაუბრობთ; ვსაუბრობთ მიახლოებით, არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მონაცემებზე დაყრდნობით.

კაცობრიობის არსებობის რომელ პერიოდში შეიძლება მოვათავსოთ ადამისა და ევას ისტორია? ჩვენი აზრით, ეს ნეოლითის პერიოდია (ქრისტეშობამდე 10 000-9 500 წწ). ამ დროს, ევოლუციონისტი მეცნიერების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია მოხდა – ჰომო-საპიენსი შემგროვებლობიდან და მონადირეობიდან სასოფლო-მეურნეობაზე – მიწის დამუშავებასა და მეცხოველეობაზე – გადავიდა. დაბადების წიგნში აღწერილი ადამისა და ევას სახე ტიპიური შემგროვებლის სახეა (დაბ. 2, 16), ცოდვით დაცემის შემდეგ კი ადამი და მისი ვაჟები (კაენი და აბელი) მიწის დამუშავებასა და მეცხოველეობას მისდევენ (დაბ. 4, 2; შეად. 3, 17-19, 23). ამგვარად, ბიბლიისა და არქეოლოგიური ანთროპოლოგიის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. აქ აღსანიშნავია კაენთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ბიბლიური ეპიზოდი: როდესაც კაენი თავის ძმას, აბელს, კლავს, ღმერთი მას „ედემის აღმოსავლეთით, ნოდის ქვეყანაშიგანდევნის (დაბ. 4, 16), სადაც კაენი ცოლს მოიყვანს (დაბ. 5, 1-4). მხოლოდ ამის შემდეგ, ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად, ადამსა და ევას შეეძინათ სეთი და სხვა შვილები (დაბ. 5, 1-4). აქ უნებურად ისმის კითხვა: ვინ იყო კაენის ცოლი და ვინ იყვნენ მისი ოჯახის წევრები და როგორ შეიძლებოდა მათ ეარსებათ, თუ ადამის ოჯახი ერთადერთი იყო? „ნოდის ქვეყანა“ ებრაულიდან ითარგმნება, როგორც „ხეტიალის ქვეყანა“ (ებრ.‏נוד‏‎ – ხეტიალი, ებრ. לנדוד) ან „გადასახლების ქვეყანა“. ვინ ცხოვრობდა იქ, ვინ იყვნენ ის ადამიანები? არსებობს ვერსია, რომ კაენმა ადამის ერთ-ერთი ქალიშვილი შეირთო ცოლად, რომელიც კაენის შემდეგ დაიბადა, მაგრამ ეს ვერსია ვერ უძლებს კრიტიკას. ყველაზე საინტერესოა, რომ მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების პირველი ნიშნები მესოპოტამიაში, ძველი შუმერის ტერიტორიაზე, აღმოაჩინეს; ეს არის ტიგროსისა და ევფრატის მდინარეების აუზი, სადაც, წერილის თანახმად, მიწიერი სამოთხე მდებარეობდა (განვმეორდებით, რომ დაბადების წიგნის პირველ თავებში ისტორიზმი მინიმალურად არის გადმოცემული და თუნდაც ამ მინიმალობის პირობებში არქეოლოგიის მონაცემები წმინდა წერილს ემთხვევა). აბელისა და კაენის დაპირისპირების პარალელებს მესოპოტამურ (შუმერულ) (ენლილის ვაჟთა დაპირისპირების შესახებ) მითში ვხედავთ. ენლილი შუმერის სამი მთავარი (ტრიადის) ღმერთიდან ერთ-ერთ იყო. მის ვაჟებს ენთენი და ემეში ერქვა. მათგან ერთ-ერთი მეცხოველეობას ეწეოდა, მეორე კი მიწათმოქმედებას (კაენისა და აბელი მსგავსად). შუმერული მითი ბიბლიურ თხრობაზე გაცილებით ძველია. ქრისტიანული ტრადიციით, ამ მითების არსებობა წარმართებში ე.წ. „ადამის ხსოვნით“ აიხსნება.

ადამისა და ევას საკითხი ძალიან ფართოა. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ზოგადი კითხვები მოვნიშნეთ და გარკვეული პასუხები გავეცით, თუმცა კიდევ ბევრი რამ დარჩა პასუხგაუცემელი. ევოლუციის თეორიისა და ახალი არქეოლოგიური მონაცემების ფონზე ბიბლიური კოსმოგონიური ეგზეგეტიკა ღვთისმეტყველთა მხრიდან მრავალ მსხვერპლსა და ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ გვესმის, რომ ქრისტიანულ ტრადიციულ წრეებში ამგვარ ევოლუციურ ჰერმენევტიკას ძნელად თუ მიიღებენ და წინააღმდეგობითაც შეხვდებიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ტრადიციას ქმნიან ეპოქები და ამ ეპოქებში მცხოვრების ადამიანები. ეკლესია არ არის დროში გაყინული ორგანიზმი; ეკლესია, როგორც ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, არის სული წმინდაში მუდმივი სიცოცხლის დინამიკა და განვითარება. ქრისტიანული ტრადიცია ეკლესიაში წამში არ აღმოჩენილა, არამედ ის მრავალი ასწლეულის მანძილზე მრევლის გამოცდილებითა და განცდით ყალიბდებოდა და განვლილი ეპოქების იდეებს ითვისებდა. ეს არის და იყო ეკლესიის არსებობის ნორმა და ჩვენ ამ გზაზე არ უნდა შევჩერდეთ, რადგან ღვთის სული ცხოვრობს და მოქმედებს ადამიანებში: „ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის“ (იოანე 3, 8). ეს არის ქრისტეს სული, რომელიც უკუნისამდე ჩვენთან იქნება (მათე. 28, 20).

ათეისტი ევოლუციონისტების ბუნებრივი გადარჩევა მუტაციის საფუძველზე მოქმედებს. ეს მუტაციები მათ შემთხვევითად მიაჩნიათ. ისმის კითხვა: ხომ არ გამორიცხავს ევოლუციური პროცესი (შემთხვევით მუტაციებზე დაფუძნებული ბუნებრივი გადარჩევა) ღვთის განგებულებას? მოაზროვნე ათეისტები გულისხმობენ, რომ აქ აუცილებელია არჩევანის გაკეთება: ან ევოლუციას ვაღიარებთ ან ღვთის ჩარევასა და განგებას (მის ზრუნვას სამყაროზე). ზემოთ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, შეიძლება თუ არა, რომ ცხოველებს შორის ბუნებრივი გადარჩევა (ძალადობა და მკვლელობა) ბოროტებად მივიჩნიოთ? რამდენად გაცნობიერებულია ეს სისასტიკე? ძველი აღთქმის ტრადიციის თანახმად, ბუნებრივი გადარჩება ბუნებრივი პროცესია: „ბოკვერნი ლომისა ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს“ (ფსალ. 103, 21); ან ღვთის სიტყვები იობის წიგნში „ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს, როცა ბუნაგებში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში?“ (იობი. 38, 39-40). ახალი აღთქმის ავტორისთვისაც კი ბუნებრივი გადარჩევა ნორმალური პროცესია და ეს გასაგებიცაა, რადგან ამ შემთხვევაში ავტორი არის მათე მოციქული (ებრაელი): „შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?“ (მათე. 6, 26). ამ „ფრინველებს“ შორის მრავალი მტაცებელი ფრინველიც იქნებოდა, რომელთაც ღმერთი სხვა ძუძუმწოვრებით და ფრინველებით არჩენს. ეს არის ბუნებრივი გადარჩევა ახალ აღთქმაში. დაბადების წიგნის მუხლებში (1, 11-12, 20-21) განა არ ვხედავთ ცხოველთა და მცენარეული სამყაროში ევოლუციური განვითარების ალუზიებს, როდესაც ღმერთი ბუნებას უბრძანებს, რომ მან იმოქმედოს, ანუ იმოქმედოს თავისუფლად, შემთხვევითობის პრინციპით? ბოლოს და ბოლოს წმინდა წერილში პირდაპირ წერია: „ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი“ (ესაია. 45, 7). როდესაც წერია “ჭირის შემქმნელი”, ჩვენ ეს გვესმის, როგორც ღვთის დაშვება ვინმეს ან რაიმეს მიმართ და ბუნებრივი გადარჩევის თვალსაზრისით, ესეც ეხმიანება ევოლუციის პროცესს.

რაც შეეხება ჰომინიდებს შორის ბუნებრივ გადარჩევას, აქაც დავსვით კითხვა და გამოვთქვით აზრი, რომ სანამ არ არის კანონი და წესი, მანამ არც ცოდვას აქვს ძალა. მითუმეტეს, როდესაც საუბარი მიდის ევოლუციურ პროცესზე, როდესაც ჰომო-საპიენსს ცნობიერება უყალიბდებოდა და გონებისა და პიროვნულიბის ჩამოყალიბების საკითხი დადგა, რაც ძალიან დიდ დროს საჭიროებდა, რომელიც ათეულობით ათასი წლით აღირიცხებოდა. რა გვიშლის ხელს, ვიფიქროთ, რომ ცხოველთა სამყაროში (რომელსაც გონივრულობა და პიროვნულობა არ გააჩნია), ძალადობისა და სისასტიკის საფუძველზე, მუტაციების შემთხვევითი ხასიათი ღმერთმა აირჩია იმის საშუალებად, რომ დღევანდელი სამყაროს ბიოლოგიური მრავალფეროვნება წარმოქმნილიყო? ბოლოსდაბოლოს, თავად პეტრე მოციქული ამბობს, რომ ადამიანები შეიძლება ღვთის ნებით იტანჯებოდნენ („πάσχοντες κατ τ θέλημα τοῦ Θεοῦ“) (1 პეტრე. 4, 19). მითუმეტეს, ხომ შეიძლება, ბიოლოგიური ევოლუციის აქტიურ ფაზაში, ღვთის ნებით, ძველი ჰომინიდები დატანჯულიყვნენ, როდესაც ღმერთი ჯერ არ გამოცხადებია სამყაროს? შემთხვევითობასთან დაკავშირებით კი შემდეგს ვიტყვით: სამყაროს შემთხვევით წარმოქმნის და ევოლუციის თეორია ღვთისმეტყველებისთვის საჩუქარია, რადგან იმისათვის, რომ მატერია ღმერთისგან განსხვავებული და თავისუფალი ყოფილიყო (როგორც თავად ღმერთია თავისუფალი და თავისუფლებისმოყვარე (2 კორ. 3, 17), ის თავად უნდა განვითარებულიყო, ჩამოყალიბებულიყო და თავისუფლად ეღიარებინა შემოქმედი. ეს აზრი, პირველ რიგში, ბუნების გონიერ ნაწილს ეხება და შემდეგ მთელ ბუნებას. ამგვარად, ღმერთი მატერიას საშუალებას აძლევს, რომ ის თავისთავადი იყოს; არ წარმოადგენდეს ბუნებრივად ღმერთის ნაწილს; ბუნებას განვითარებისა და (გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი) არჩევანის თავისუფლება ეძლევა. ანუ, განსხვავებულობა აუცილებელია თავისუფლებისთვის: თუ ღმერთსა და სამყაროს შორის არ იარსებებს აბსოლუტური ონტოლოგიური განსხვავებულობა, მაშინ არც ონტოლოგიური თავისუფლება იქნება, რომელიც ქმნილებას საკუთარ თავად ყოფნის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ფიზიკის კანონები ოდნავ სხვაგვარიც რომ ყოფილიყო, ცოცხალი არსებებისა და ვარსკვლავთა სისტემების ევოლუციური განვითარება შეუძლებელი იქნებოდა და ეს ზუსტი კანონები მაინც წარმოიქმნა, რათა სამყაროში სიცოცხლე გაჩენილიყო.

პროფესორი ჯონ ჰოტი ზუსტად აღნიშნავს: „თუ ჭეშმარიტია ის ძირითადი რელიგიური დებულება, რომ ღმერთს უსაზღვროდ უყვარს სამყარო, მაშინ ღვთის „მადლი“ გულისხმობს იმას, რომ „სამყაროს მიეცეს თავისთავადობის საშუალება“. ღვთაებრივი სიყვარული სამყაროში ადგილს ძალით არ იმკვიდრებს, არ ახვევს სამყაროს თავს ღვთაებრივ ნებას და მითუმეტეს არ განაზავებს სამყაროს ღმერთში“ (4). ჯერ კიდევ თომა აქვინელი ამბობდა, რომ სამყარო, რომელშიც შემთხვევითობა არ არსებობს, ღმერთისგან არ განსხვავდება. სამყარო რომ არსებობდეს როგორც ასეთი, მას შემთხვევითობისა და შესაძლებლობის ელემენტი უნდა გააჩნდეს: „შემთხვევით რომ არაფერი ხდებოდეს, ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა განგებასა და სამყაროს სრულყოფილებასთან“  (Summa Contra Gentiles, III, chap. 74). ევოლუციის მიზეზი, უპირველესად, შეიძლება იმით ავხსნათ, რომ სამყაროს მიმართ ღვთაებრივი ძალაუფლება და ქმედება დამარწმუნებელი სიყვარულის სახეს იძენს და არა თავს მოხვეული სიყვარულისა. ამიტომ, მადლის შესახებ წარმოდგენის თანახმად, ღვთაებრივი სიყვარული კი არ აძალებს, არამედ მოუწოდებს, რადგან ძალდატანება თავად სიყვარულის ბუნებას ეწინააღმდეგება. სამყარო, რომელსაც დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალება, საკუთარი თავის შექმნის საშუალებაც კი მიეცა, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანური ცნობიერებისა და თავისუფლების ფორმას შეიძენს, უფრო მთლიანი და მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა სამყარო, რომელსაც „ღვთაებრივი განგების ავტორი“ გარედან მკაცრად განსაზღვრავს. სიცოცხლის წარმოქმნისა და განვითარების შესახებ აზრის გაღრმავება გვსურს, მაგრამ ამ ფორმატში ამის საშუალება არ გვაქვს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ამის შესახებ მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.

აღსანიშნავია, რომ რადგან მართლმადიდებელ ეკლესიას ბიოლოგიური ევოლუციის თეორიის შესახებ ოფიციალურად აზრი არ გამოუთქვამს, ჩვენ ვიტოვებთ წმინდა წერილის ინტერპრეტაციის უფლებას. მკითხველმა თავად იმსჯელოს, მისაღებია თუ არა მისთვის ეს ვერსიები. ჩვენს მიერ განხილული საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ეკლესიის, ისე ქრისტიანული მისიის მომავლისთვის.

მთელს ამ საკითხში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღვთის სულს და სამყაროზე მის ზემოქმედებას. ჰოლანდიელი ღვთისმეტყველი ჰაისბერტ ვან დენ ბრინკი აღნიშნავს, რომ: „ფინელ-ამერიკელი ღვთისმეტყველი ველი-მატი კარკაინენი აღნიშნავს, რომ თუ ღვთის სულს შევხედავთ, როგორც: „ღვთის მყოფობას სამყაროში,… ეს მნიშვნელოვან კავშირს დაამყარებს თანამედროვე მეცნიერებასთან“ (5). მართლაც, ღვთის სულზე, როგორც სამყაროში ღვთის მაცოცხლებელ მყოფობაზე კარგად ეხამება დინამიური და მარად განვითარებადი სამყაროს სურათს. მაგალითად, წარმოქმნის საოცარი მოვლენა (სიცოცხლის ფორმების სწრაფვა, გასცდნენ თავის ფარგლებს და არსებობის სულ უფრო რთულ ფორმებს მიაღწიონ) შეიძლება ავხსნათ იმით, რომ მათ ღვთის სული ამოძრავებთ (6). შეიძლება ისიც ვამტკიცოთ, რომ ევოლუციის პროცესში, ისევე, როგორც ბიბლიურ თხრობაში, კაცობრიობა (მისთვის დამახასიათებელი სიმბოლური აზროვნების უნარითა და მაღალი გონიერებით) ქმნილების გვირგვინია. ცხოველთა სამყაროსაც თავისთავად და არა მხოლოდ კაცობრიობისთვის გააჩნია ღირებულება. აქაც მოქმედებს ღვთის სული“ (7). იგივე სულს შეეძლო ევოლუციური პროცესის მეშვეობითაც ემოქმედა, როგორც მაგალითად, ცხოველების მასიური ტანჯვისა და მათი განადგურების პროცესში; „და აქაც იწვევს ჩვენს გაკვირვებას ევოლუციის პროცესში ისეთი ფასეულობების გაჩენა, როგორებიცაა ზრუნვა, თანაგრძნობა და თავგანწირვა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სიკვდილისა და ნგრევის მეშვეობით სული სიცოცხლის ახალ და სულ უფრო რთულ ფორმებს ქმნის“ (8). ჩვენ ეს კიდევ იმიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენ ვიცნობთ სულს, როგორც ქრისტეს სულს; სულს, რომელმაც ქრისტე უდაბნოში განსაცდელისთვის წაიყვანა (მათე. 4, 1), სადაც მას შიოდა და სწყუროდა (ანუ განიცდიდა ტანჯვასა და სირთულეებს). ამგვარად, ჩვენ ვიცით ქრისტე, რომელმაც გადაიტანა ტანჯვა, გაიარა სიკვდილი, აღდგა და რომლის მიერაც მარადიული სიცოცხლე მოგვენიჭა…

* * *

ამ მცირე დანართში გვსურს შევნიშნოთ, რომ რომაელთა მიმართ 5-12-ის, როგორც „სულიერი სიკვდილის“ ჩვენეული გაგება ჩვენს პირად დაკვირვებებსა და ანალიზს ეფუძნება. ამ სტატიაზე მუშაობის დროს ჩვენ ამა თუ იმ ევოლუციონისტ ღვთისმეტყველთა მოსაზრებებს გავეცანით. მხოლოდ სტატიაზე მუშაობის დასრულების შემდეგ შეგვხვდა გერმანელი კათოლიკე ღვთისმეტყველის, Herbert Haag-ი, ნაშრომი, სახელწოდებით „Is original sin in Scripture?“ 1969. New York, Sheed and Ward. ამ ნაშრომში, ხსენებული ავტორი, რომ. 5-12-ის განმარტებისას (ადამის „სულიერი სიკვდილი“) იგივე აზრისკენ იხრება, რაც ჩვენ. ამგვარად, ჩვენს მოსაზრებას ამოწმებს გერმანელი ღვთისმეტყველის ნაშრომი, რომელიც ჯერ კიდევ XX საუკუნის შუა ხანებში გამოქვეყნდა.

 

კიდევ ერთხელ განვმეორდებით, რომ ადამიანის ცოდვით დაცემის პროცესში მრავალი რამ გაურკვეველი რჩება, თუმცა იმედია მომავალში, ამ მიმართულებით, ბევრი საკითხი გაირკვევა. ამ სტატიაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ზოგიერთ ვარიანტს გთავაზობთ  ევოლუციის თეორიის კუთხით.

 

რომ. 5-12–ის განმარტების არანაკლებ საინტერესო ვერსიას გვთავაზობს ესპანელი კათოლიკე ღვთისმეტყველი Antoine Suarez-ი, სტატიაში “Transmission at generation”: Could original sin have happened at the time when Homo sapiens already had a large population size?  Scientia et fides, ISSN 2300-7648, Vol. 4, Nº. 1, 2016, págs. 253-294, რაზეც ჩვენს შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ, რომელშიც „კოგნიტიური რევილუციის“ პერიოდში ისტორიამდელი ჰომო საპიენსის „პიროვნულობის“ საკითხზე ვიმსჯელებთ.

 

_ _ _ _ _

 

  1. იხ.: Bruce Vawter, ON GENESIS: A NEW READING, 1977. P.15-24.
  2. მსგავს პარალელებზე ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში ვწერდით: „ შუმერულ-აქადური მითი პირველი ადამიანის – ადაპეს შესახებ, როგორც ბიბლიური ადამის სახე, რომელიც უკვდავებაზე უარი თქვა“ https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2018/06/16/shumerul-akaduri-miti-pirveli-adamianis/;
  3. იხ. ჩვენი სტატია: „ქრისტე და „ოქროს წესი“: https://john-kazaryan.blogi.ch/geo/2017/08/03/qriste-da-oqros-wesi/
  4. იხ.: Джон Хот. Бог после Дарвина. Богословие эволюции. Москва, 2011. С.45.
  5. იხ.: Veli-Matti Kärkkäinen. Creation and Humanity (Grand Rapids: Erdmans, 2015), 65.
  6. იხ.: Amos Yong, The Spirit of Creation. Modern Science and Divine Action (Grand Rapids: Eerdmans 2011), 133-172 (“A Pneumatological Theology of Emergennce”).
  7. იხ.: Религиозное сознание в постсекулярном обществе / под. Ред. Алексея Бодрова и Михаила Толстолуженко. М. ББИ. 2020. 136-137.
  8. იქვე.

 

შემოკლებების სია:

 

PG – J.P. Migne, ed. Patrologiaegraecae cursus completus. Paris, 1844-66.

 

გამოყენებული და გათვალისწინებული ლიტერატურა და წყაროები:

Pierre Teilhard de Chardin, Christianity and Evolution, tranc. By Rene Hague. New York: Harcourt Brace & Co., 1969;

Bruce Vawter, ON GENESIS: A NEW READING, 1977;

Herbert Haag „Is original sin in Scripture?“ 1969. New York, Sheed and Ward;

V. Anikovich, A. A. Sinitsyn, John F. Hoffecker, Vance T. Holliday, V. V. Popov. Early Upper Paleolithic in Eastern Europe and Implications for the Dispersal of Modern Humans(англ.) // Science. 2007-01-12. Vol. 315, iss. 5809. P. 223—226;

Antoine Suarez “Transmission at generation”: Could original sin have happened at the time when Homo sapiens already had a large population size?  Scientia et fides, ISSN 2300-7648, Vol. 4, Nº. 1, 2016, págs. 253-294;

Veli-Matti Kärkkäinen. Creation and Humanity. Grand Rapids: Erdmans, 2015;

Amos Yong, The Spirit of Creation. Modern Science and Divine Action. Grand Rapids: Eerdmans 2011, (“A Pneumatological Theology of Emergennce”);

Cyrillus Alexandrinus. Fragmenta in epistulam ad Romanos // Pusey 1872. Vol. 3. P. 212–213;

Migne J.P., ed. Patrologiae graecae cursus completus. Paris, 1844-66;

St. Thomas Aquinas. Summa contra gentiles:  https://d2y1pz2y630308.cloudfront.net/15471/documents/2016/10/St.%20Thomas%20Aquinas-The%20Summa%20Contra%20Gentiles.pdf

Джон Хот. Бог после Дарвина. Богословие эволюции. М. ББИ, 2011;

Артур Пикок. Эволюция: тайный друг веры? М. ББИ, 2013;

Религиозное сознание в постсекулярном обществе / под. Ред. Алексея Бодрова и Михаила Толстолуженко. М. ББИ. 2020;

Вишняцкий, Л.Б. Введение в преисторию. Проблемы антропогенеза и становления культуры. Курс лекций / Л.Б. Вишняцкий. — изд. 2-е, испр. и доп. — Кишинёв: Высшая антропологическая школа, 2005;

Соловьева, И. В. Особенности рисунка в разные исторические эпохи — первобытный период. Ульяновск, 2008: http://window.edu.ru/resource/090/65090/files/14.pdf

Иоанн Мейендорф. Введение в святоотеческое богословие. Вильнюс-Москва, 1992;

Иоанн Зизиулас. Общение и инаковость. М. ББИ, 2012;

Святитель Иоанн Златоуст. Творения. СПб, 1902, Т. 8, с. 97.

 

 

Print Friendly

Tags: , , ,

Comments are closed.