“ფანტაზიები” ანტონი დიდის ცხოვრებაში

ანტონის ცხოვრების ცკლიდან, ჯოვანი ბატისტა დელლა მარკა (XVI ს).

ანტონის ცხოვრების ციკლიდან, ჯოვანი ბატისტა დელლა მარკა (XVI ს).

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

ქრისტიანული დემონოლოგიის შესწავლის უმნიშვნელოვანეს წყაროს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები წარმოადგენენ, პირველ რიგში ცხოვრებათა, შემდეგ კი წამებათა ჟანრისა. როდესაც ჰაგიოგრაფიაზე, როგორც დემონოლოგიის შესწავლის წყაროზე ვსაუბრობთ, პირველი ნაწარმოები, რომელიც გათვითცნობიერებულ მკითხველს ახსენდება არის “ანტონი დიდის ცხოვრება”, ადრექრისტიანული ეგვიპტური დემონოლოგიის ნამდვილი ენციკლოპედია, ევაგრე პონტოელისა და იოანე კასიანეს ასკეტურ ნაშრომებთან ერთად. “ცხოვრება” ათანასე ალექსანდრიელმა 357 წელს, მონოზვნობის პატრიარქის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე დაწერა. ნაწარმოები წარმოადგენს ქრისტიანული ჰაგიოგრაფიის მოდელს და ცხოვრებათა ჟანრში ერთ-ერთი პირველია. ძირითადი კორპუსი შედგება ავტორისაგან პროტაგონისტის ბიოგრაფიის თხრობით, შუაში კი ჩართულია ანტონისეული ვრცელი სიტყვა მონოზონთადმი (VA 16-43) [1]. ანტონის ცხოვრების ქართული ვერსია XI საუკუნის დასაწყისშია თარგმნილი ექვთიმე ათონელის მიერ[2].

ასკეტური მწერლობის მოწმობით ადამიანთა წინააღმდეგ დემონთა ბრძოლა ორ ძირითად განზომილებაში მიმდინარეობს: ისინი ცდილობენ ადამიანთა ცდუნებას უხილავი და ხილული გზებით[3]. უხილავი გზა წარმოადგენს ადამიანთა ცდუნებას მისთვის უწმინდური აზრების ჩაწვეთების საშუალებით, ხილული გზა კი ადამიანთათვის სხვადასხვა ბოროტგამიზნულ გამოსახულებათა მოჩვენებაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არაწმინდა სულთა (დემონთა) საპირისპიროდ, წმინდა სულებსაც (ანგელოზებს) მოქმედების ზუსტად იგივე არეალი აქვთ – კეთილი აზრების მიწოდება და კეთილი გამოსახულებების ჩვენება. თუმცა არც აზრებისა და არც გამოსახულებათა წარმომავლობა ყოველთვის ცხადი არ არის, მათი განმრჩეველობა კი ასკეტიკაში უდიდეს ჯილდოდ ითვლება. საუბარი გვაქვს იმ ნიჭზე, რომელსაც მოციქული პავლე სხვა მნიშვნელოვან ნიჭებთან ერთად ახსენებს: διακρισεις πνευματων (1კორ. 12:10), რომელიც ძველ ქართულ ბიბლიაში ითარგმნა როგორც განკითხვაჲ სულთაჲ (ლათ. Discretio spirituum).

თუ ევაგრე პონტოელის ასკეტური მემკვიდრეობა აზრების განკითხვას ეძღვნება, ანტონი დიდის ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ გამოსახულებათა განმრჩეველობას ეთმობა – საიდან მოდიან ხილვები, ბოროტი თუ კეთილი სულებისაგან?

ზოგადად ბოროტი სულებისათვის მონოზონთა უდაბნოში მყოფობა განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია, რადგან მონოზვნები იჭრებიან მათ სივრცეში; ერთ-ერთი ხილვისას სატანა ჩივის ანტონი დიდთან, რომ მას აღარ დარჩა სამყოფელი ადგილი, რადგან ქალაქები და სოფლები გაივსო ქრისტიანებით, და თვით უდაბნოც კი სავსეა მონოზვნებით, რომლებიც დღე და ღამე მას სწყევლიან (VA 44).

ანტონის განსაცდელები, მიქელანჯელო (XV ს.).

ანტონის შფოთვა,
მიქელანჯელო (XV ს.).

ეგვიპტური მონოზვნობის პატრიარქის მონოზვნური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებზე დემონები განსაკუთრებულად რეაგირებენ, რადგან ანტონი ეტაპობრივად იჭრება მათ სამყოფელში. მართალია დემონთა შეტევები გამუდმებით გრძელდება, მაგრამ ანტონის განსაკუთრებული თავდასხმების გადატანა უწევს როდესაც ჯერ მიტოვებულ აკლდამაში (საფლავში) მიდის საცხოვრებლად (VA 8), შემდეგ უდაბნოსპირად მიტოვებულ კოშკში გადადის (VA 12-13), ბოლოს კი უდაბნოს სიღრმეში შედის (VA 51-52). საინტერესოა, რომ ანტონის ერემიტობის ეს ნაბიჯები დემონების სამყოფელთა ბიბლიურ ტიპოსებს შეესატყვისება: მაგალითად აკლდამაში მოსახლეობაზე, ცხადია, ღადარინელი ეშმაკეულის სამყოფელი გვახსენდება (ლკ. 8:27), მიტოვებულ კოშკში დასახლებისას იობისეული პასაჟი – ის ვინც აუჯანყდა უფალს, ცხოვრობს მიტოვებულ ქალაქებსა და დასანგრევად განწირულ სახლებში (იობ. 15:28), და ბოლოს, უდაბნო, სადაც ანტონი დაესახლება, ისაიასთვის მხეცთა, სირინოზთა და ეშმაკთა საუფლოა, სადაც ისინი ხმიანობენ და ცეკვავენ (ისა. 13:21) და სადაც ეშმაკი იესო ქრისტეს ცდუნებასაც კი ცდილობს (მთ. 4:1).

ანტონის ცხოვრებაც, რომელიც სავსეა მრავალფეროვანი ურჩხულების, მითიური არსებებისა თუ მატყუარა დემონების სახეებით, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული დღევანდელამდე რჩება ხელოვანთა შთაგონების წყაროდ – ყველაზე უცნაური გამოსახულებები ქრისტიანულ ხელოვნებაში სწორედ მისი ცხოვრების ამსახველ ციკლებში გვხვდება. მართლაც, ანტონის დემონებთან ურთიერთობის ისტორია, ერთი შეხედვით იმდენად დაუჯერებელად ჟღერს, რომ მსმენელთა წინაშე მხცოვან ასკეტს ერთგან თავის მართლებაც კი უწევს: “ამ ყველაფრის მოყოლის შემდეგ, თითქოს სულელად რომ ვიქეცი, სხვა რამაც მოისმინეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ არ ვტყუი” (VA 41).

ანტონის განსაცდელები, მაქს ერნესტი, 1945.

ანტონის განსაცდელები,
მაქს ერნესტი, 1945.

უპირველეს ყოვლისა დემონი იყენებს მის სახასიათო იარაღს – ბოროტ ფიქრებს და ცდილობს შეაცდინოს ახალგაზრდა ასკეტი სხვადასხვა აზრების შეთავაზებით: “და დაატეხეს თავზე გულისთქმათა კორიანტელი” (κονιορτν λογισμν, მტუერი გულისსიტყუათაჲ,VA 5), შემდეგში ანტონი არაერთხელ მიუბრუნდება ასკეტური ღვთისმეტყველების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტერმინად ქცეულ λογισμο-ს და არაერთხელ გააფრთხილებს მსმენელს, რომ ეს დემონის სახიფათო იარაღია, რომელსაც ის გზაზე დაფენილი ხაფანგივით იყენებს: “მათი საცდური კი არაწმინდა გულისთქმებია” (σκάνδαλα δὲ αὐτῶν εἰσιν οἱ πονηροὶ λογισμοί, ხოლო საცთურნი არიან მწიკულევანნი გულისიტყუანი, VA 23).

მას შემდეგ, რაც დემონი ფიქრებით ვერაფერს გახდება, λογισμο ანაცვლებს ახალი იარაღით – φαντασίαν (VA 23), უჩვენებს ანტონის სხვადასხვა საცთურებს: ვერცხლის თასს, რომელსაც ის პოულობს უდაბნოში (VA 11), ან ოქროს (VA 40) და განძს (VA 12) მაგრამ წმინდა წერილის სიტყვათა გამუდმებული გამეორებით ანტონი უმკლავდება ამ საცდურებს. საინტერესოა, რომ ასკეტი ახდენს ამ საცდურთა შორის რეალური და ირეალური გამოსახულებების გარჩევას, მაგალითად ვერცხლის თასზე საუბრისას იყენებს ტერმინს φαντασίαν (საუცრად), მაშინ როდესაც განძის პოვნისას ხაზს უსვამს, რომ ეს არა ფანტაზია, არამედ ნამდვილი განძი იყო (οκετι φαντασίαν, ληθινν δ χρυσν, არღარა უცნებით, არამედ ჭეშმარიტად ოქროჲ). ჩანს კიდევ მრავალჯერ ჰქონდა ანტონის მსგავს გამოსახულებებთან ჭიდილი: “უდაბნოში ყოფნისას მრავალჯერ უჩვენებია ოქროს გამოსახულება” (φαντασίαν, უცნებით, VA 40). ასე რომ, “ბოროტის ქმნისათვის ეშმაკს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ფორმა ” (VA 9), მაგრამ რა თქმა უნდა ეს ფორმები მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიურია, მაგალითად, როდესაც ანტონი იწყებს ლოცვას, ვერცხლის თასი კვამლივით ქრება (VA 11).

როდესაც ეშმაკი ხვდება, რომ ფიქრებითა და მარტივი გამოსახულებებით ვერ აცდუნებს ობიექტს, მაშინ იწყებს მის შეშინებას, ერთის მხრივ იყენებს სმენით ორგანოებს: “ბოროტ სულთა მოჩვენებებს (φαντασία, უცნებაჲ) თან ახლავს ჯანყი, ხმაური, აურზაური” (VA 36), მოერეს მხრივ კი მხედველობითს: “ის ადგილი გაივსო მოჩვენებებით (φαντασίας, უცნებით): ლომებით, დათვებით, ლეოპარდებით, ხარებით, გველებით, მორიელებით, მგლებით…” (VA 9), სხვა დროს ანტონი ხედავს კენტავრს (VA 53) და სხვა მითიურ არსებებს, “საცდურის დასათესად დემონები იყენებენ ცრუ გამოსახულებებს (φαντασίας, უცნებასა), ღებულობენ ქალების, ცხოველების, ქვეწარმავლების, გიგანტების, ჯარისკაცების ფორმებს“ (VA 23).

ფრაგმენტი ანტონის ცხოვრებიდან, მარტენ დე ვოსი (XVI ს.).

ფრაგმენტი ანტონის ცხოვრებიდან,
მარტენ დე ვოსი (XVI ს.).

როდესაც არც უწმინდური ფიქრების შეთავაზება, არც მაცდუნებელი გამოსახულებები და არც დაშინება ჭრის, მაშინ დემონები ცდილობენ მოტყუებას, ეცხადებიან ანტონის პოზიტიური ასპექტით: იღებენ ასკეტების სახეს და ცრუ ზრუნვით სთავაზობენ პურის ჭამასა და მარხვის შეწყვეტას (VA 41), ან ცდილობენ დაეხმარონ ანტონის ლოცვისას და მიუპყრან ანთებული სანთელი, ამ შემთხვევაშიც მისი სიმშვიდის დარღვევის მიზნით (VA 39), მაგრამ ეს პურიც და სანთელიც ისევ და ისევ არის φαντασία. სხვა დროს ანტონის დემონი თავს წარუდგენს როგორც ღვთის ძალას (VA 40), ან როგორც ნათლით მოსილ ანგელოზს, მაგრამ ასკეტი შენიშნავს, რომ ის ნათელი, რომლითაც დემონები იმოსებიან არ არის ნამდვილი, არამედ ანარეკლია მათთვის გამზადებული მარადიული ცეცხლისა (VA 25).

“ანტონი დიდის ცხოვრებაში”, გამოსახულებათა საკითხი მეტად კომპლექსურია, თუმცა ასკეტური ნაშრომის ხარისხი გულისხმობს არა მხოლოდ ცალკეული საფრთხეების აღწერას, არამედ მათთან გამკლავების ხერხებსაც. როგორც ვნახეთ, დემონისეულ მოჩვენებათა მრავალფეროვნება მეტად შთამბეჭდავია, თუმცა ანტონი დიდი ახერხებს მათთან გამკლავებას, ქრისტიანული ასკეტიკის უკვე ნახსენები პრინციპის, სულთა გამრჩეველობის გამოყენებით, რასაც თავის მოწაფეთაც არაერთხელ ურჩევს: ყოველი სათნოება ადამიანში ნატურალურად უკვე არის მოცემული და მას გარეთ ძებნა არ სჭირდება (VA 20), ამიტომ სათნოების ძებნის ნაცვლად საჭიროა უკვე არსებული დავიცვათ გულისთქმათაგან და ეს მეტად მნიშვნელოვანი ამოცანაა, რადგან საშინელი დემონებით ვართ გარშემორტყმულნი (VA 21), ამიტომ საჭიროა ვითხოვოთ სული წმინდისაგან სულთა განმრჩეველობის ნიჭი (Χάρισμα διακρίσεως πνευμάτων, მადლი განკითხვად სულთა, VA 22). ანტონი აქვე იძლევა სულთა განრჩევის ოქროს წესს, ხილვის ეფექტზე დაკვირვებას. მაგალითად, როდესაც ანგელოზი გაბრიელი ეცხადება მარიამსა და ზაქარიას ის მათ განუქარვებს შიშს, “დემონები კი პირიქით, როდესაც ხედავენ შეშინებულ ადამიანებს, ამრავლებენ მოჩვენებებს (αξάνουσι τς φαντασίας, აღაორძინიან უცნებაჲ, VA 37)”.

ანტონის საცდური, დევ უიტლემი, 2013. ელექტრონული ფერწერა.

ანტონის საცდური,
დევ უიტლემი, 2013. ელექტრონული ფერწერა.

სულთა განმრჩეველობის შედეგი არის დემონური მოჩვენებების ირეალურობის გააზრება. ეს გამოსახულებები, ანტონის თანახმად, დამოკიდებულნი არიან ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე: “როდესაც მოდიან [დემონები], როგორ მდგომარეობაშიც გვპოულობენ ისე გვექცევიან, და თავიანთ გამოსახულებებს უსაბამებენ (τς φαντασίας φομοιοσιν, უცნებით მიემსგავსნიან) ჩვენს ფიქრებს” (VA 42), ანუ დემონები ახდენენ ადამიანთა ემოციების პროექციას იმისთვის, რომ შექმნან მოჩვენებები. ცხადია შემთხვევითი არ არის, რომ გამუდმებით ბრუნდება ტერმინი φαντασίας – რომელიც დაკავშირებულია ირეალურ, წარმოსახვით სამყაროსთან. ანტონისთვის სულთა განრჩევის ნიჭი, გამოსახულებათა განრჩევასაც გულისხმობს (VA 43), რადგან საბოლოოდ ამ გამოსახულებებზე გამარჯვება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მათ არარეალურობაში დავრწმუნდებით, როდესაც მივხვდებით, რომ ისინი ფანტაზიის ნაყოფნი არიან, როგორც თავად ანტონი მიხვდა და გაიმარჯვა: “ამ მოჩვენებების (φαντασίας, უცნებათა) არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ისინი არ არსებობენ (οδέν γάρ εσιν, რამეთუ არაჲ არიან, VA 23)”.


[1] VA = Vita Antonii, SC 400 (=PG 26: 835-976), მივყვებით ტექსტის კლასიკურ დაყოფას.

[2] იხ. ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ანტონისი, [აღიწერა] ათანასესაგან ეპისკოპოსისა ალექსანდრელისა, კრებული “მამათა ცხოვრება”, თბილისი 1975, 9-53.

[3] იხ. Špidlik, T., Spiritualità del’Oriente Cristiano, Manuale sistematico, Roma 1995, 215-216.

Print Friendly

Tags: , , , , , ,

Comments are closed.