აღდგომის თარიღი

Equinox

მთავარეპისკოპოსი პეტრე (ლულიე),
მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში, 1994.

გთავაზობთ მორიგ ნაშრომს თემიდან: ეკლესია და კალენდრული საკითხი. ჩვენს ერთგულ მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ სფეროში არაერთი ნაშრომი დაიწერა თუ ითარგმნა და გამოქვეყნდა ჩვენს ბლოგზე. კალენდრული საკითხი დღემდე საეკლესიო წრეებში და არა მარტო საეკლესიო წრეებში ერთ-ერთ აქტუალ საკითხად გვევლინება. მიუხედავად მისი აქტუალობისა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ის რიგ ეჭვებს ან გაურკვევლობას ბადებს, ხშირია შემთხვევა, როდესაც მორწმუნე ადამიანი კარგად არაა გათვითცნობიერებული ამ საკითხში. შედეგად, არც თუ ისე იშვიათად ვღებულობთ ამ საკითხის მცდარ და ხანდახან საპირისპირო განმარტებას იქნება ეს რიგითი მორწმუნის თუ სამღვდლო პირის მხრიდან . უფრო მეტიც, ხანდახან მომსწრენიც ვხდებით ამ საკითხის საეკლესიო დოგმატურ სფეროში გადატანისა, რაც არასწორია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის სიტყვები, რომელიც მან 2016 წლის 31 იანვარს წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას წარმოთქვა: “კალენდარი: ზოგიერთი ეკლესია ძველ სტილზეა, ზოგი ახალზეა, მაგრამ ეს არ არის დოგმატი და ამიტომ დასაშვებია ეს…” [1]. სწორედ ამ საკითხის არადოგმატური ბუნებიდან გამომდინარე უფრო ადვილი აღსაქმელი და დასაშვები იქნება ის განსხვავებული პრაქტიკა, რაც დღემდე ეკლესიის წიაღში არსებობს და რასაც ადგილი ჰქონდა თუნდაც ადრეულ ქრისტიანულ სამყაროში. მიუხედავად ამისა, ეკლესიის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ეკლესიას მოუწია ამ საკითხისადმი თავისი პოზიციის გამომუშავება. ერთ-ერთი მათგანია ეკლესიის მიდგომა აღდგომის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით. სწორედ ამ თემატიკას ეძღვნება წარმოდგენილი ნაშრომი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს აღდგომის თარიღზე და მის ებრაული პასექის დღესასწალზე დამოკიდებულებაზე (უფრო სწორად კი მისგან დამოუკიდებლობაზე). ნაშრომს თან ერთვის მთარგმნელის შენიშვნები და 2016-2017 წლების აღდგომის თარიღების მონაცემები.

წყარო

სტატია ინგლისურიდან თარგმნა და მოამზადა დიაკონმა ირაკლი წაქაძემ

მართლმადიდებლებს შორის საკმაოდ გავრცელებულია აზრი, რომ აღდგომის დღესასწაული აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს ებრაული პასექის შემდეგ. ქრონოლოგიური მიმდევრობის დაცვა აქ ყოვლად აუცილებელია და ატარებს სიმბოლურ ხასიათს, რადგან მიჩნეულია, რომ ასეთი მიდგომა დეკლარილებული იყო 325 წელს ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე. იგივე მიდგომა დადგინებული და დამოწმებული იყო მე-12 საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი კანონისტის ზონარას მიერ. გვიანდელი შუასაუკუნეების პერიოდში ეკლესიის სხვა ცნობილი კანონისტმა – მათე ვლასტარმა, აჯამებდა რა მისი დროის შეხედულებებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აღდგომის თარიღის დადგინების წესში ჩართო ისიც, რომ აღდგომა არ უნდა ემთხვეოდეს ებრაულ პასექს. საკითხისადმი იგივე მიდგომას ვხდებით მე-20 საუკუნის განსწავლულ კანონისტთან – ნიკოდიმოს მილაშთანაც.

აღდგომის თარიღთან დაკავშირებული ასეთი მიდგომა არათუ არ გვხვდება ნიკეაში მიღებულ დადგენილებაში, არამედ ის უცხოა, და გარკვეული აზრით, ეწინააღმდეგება კიდეც პირველ მსოფლიო კრებაზე მიღებულ დადგენილებას ამ საკითხზე. მაშ, როგორ მოხდა, რომ საუკუნეების განმავლობაში ასეთი შეხედულება ჩამოყალიბდა?

ადრინდელ ეკლესიაში საჭიროებას არ წარმოადგენდა აღდგომის თარიღის გამოთვლა სინაგოგისაგან დამოუკიდებლად, ანუ იქ სადაც ებრაული პასექის თარიღი დგინდებოდა. მცირე აზიისა და რომის ეკლესიებს შორის არსებული წინააღმდეგობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა II საუკუნის დასასრულს, ამ საკითხს არ ეხებოდა [2]. პრობლემა სულ სხვაში იყო: აზიელები აღდგომას ზეიმობდნენ ნისანის (ებრაული კალენდრის პირველი თვე – მთარგმნ.) 14-ში მიუხედავად იმისა თუ კვირის რომელ დღეზე მოდიოდა ის, მაშინ როცა დანარჩენი ქრისტიანები ელოდებოდნენ ამ თარიღის შემდეგ კვირადღეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორივე ჯგუფი აღდგომის თარიღის დადგენისთვის ეყრდნობოდა ებრაულების პასქალურ გამოთვლებს. მოგვიანებით, ებრაელებმა თავისი პასქალური გამოთვლები ისე შეცვალეს, რომ ის აღარ ითვალისწინებდა გაზაფხულის ბუნიობას [3]. და, შესაბამისად, მათი ეს გამოთვლები კითხვის ქვეშ დადგა.

ბიბლიაში ნახსენებია თუ როდის უნდა აღინიშნოს პასექი, თუმცა გაზაფხულის ბუნიობასთან კავშირი მასში არაა მოცემული. ბიბლიის თანახმად შეწირულობა შედგებოდა მოსავლის პირველი ნაყოფისაგან და, შესაბამისად, მოსავლის აღებამდე პასექის აღნიშვნა იყო წარმოუდგენელი. თუმცა, მას შემდეგ რაც რომაელების მიერ ბარ კოხბას აჯანყების (დაახლ. 135 ჩვ.წ.) ჩახშობის შედეგად ებრაელებმა დაკარგეს გეოგრაფიული სიახლოვე პალესტინასთან, ხსენებული კრიტერიუმის დაცვა, რომელიც მიბმული იყო იმ რეგიონის კლიმატთან, რთული გახდა. ამას მოყვა გაურკვევლობის პერიოდი და II საუკუნის დასასრულს რაბინებმა შექმნეს ახალი სისტემა, რომელიც აღარ ითვალისწინებდა გაზაფხულის ბუნიობას. ახალი სისტემის მიხედვით, სამ წელიწადში სულ ცოტა ერთხელ მაინც ებრაული პასექი აღინიშნებოდა გაზაფხულის ბუნიობამდე.

ამის შედეგად იმდროინდელ ქრისტიანებს დაებადათ კითხვა თუ რატომ უნდა აღნიშნონ უფლის ვნება და აღდგომა იმ გამოთვლების საფუძველზე, რომელიც აღარ ატარებდა იმ ფორმას რაც უფლის დროს გამოიყენებოდა. მათ აგრეთვე შენიშნეს, რომ ამ სისტემის გამოყენებით შესაძლებელი იყო ორმაგი ანომალიის მიღება: გაზაფხულის ორ მომდევნო ბუნიობას შორის აღდგომის აღნიშვნას ან ორჯერ ექნებოდა ადგილი ანდა არც ერთხელ. შესაბამისად მივიღებდით სურათს, სადაც ერთ წელიწადს უნდა აგვეღნიშნა უფლის აღდგომა ორჯერ ანდა არც ერთხელ.

დაწყებული III საუკუნიდან ქრისტიანებმა დაიწყეს აღდგომის თარიღის დადგენისათვის თავისი გამოთვლების გამოგონება. ანატოლიუსი, რომელიც განსწავლული ალექსანდრიელი გახლდათ (მოგვიანებით ის სირიაში ლაოდიკიის ეპისკოპოსი გახდა), აღდგომის თარიღის თავისი გამოთვლებისათვის იყენებდა 432 წ. ჩვ.წ.-მდე ათინელი ასტრონომის მეტონის მიერ გამოგონილ 19-წლიან ციკლს. მიუხედავად ამისა, ანტიოქიის უმეტესი ეკლესიები განაგრძნობდნენ სინაგოგის გამოთვლების გამოყენებას, იმ გამოთვლებისა რომელიც აღარ ითვალისწინებდა გაზაფხულის ბუნიობას. ეს კი ანტიოქიის ეკლესიასა და სხვა ეკლესიების მიერ დადგენილ აღდგომის თარიღებში იწვევდა მნიშვნელოვან განსხვავებას; ხოლო რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, განსხვავებები არც მნიშვნელოვანი და არც ხშირი იყო.

სწორედ ამ განსხვავებების გამო ნიკეის პირველ მსოფლიო კრებამდე წამოიჭრა აღდგომის თარიღის დადგენის საკითხი, რომელზედაც მსოფლიო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება. ამ საკითხზე საუბრისას ხშირად ახსენებენ კრების დადგენილებას (ბერძნულად “ჰონოს”), თუმცა როგორც ჩანს რაიმე წერილობითი ტექსტი ამასთან დაკავშირებით არ გამოცემულა. შესაბამისად, საბუთი, რომელსაც ხშირად ახსენებენ, სინამდვილეში წარმოადგენს სხვადასხვა სარწმუნო მონაცემის/ინფორმაციის კრებულს. სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ პირველი მსოფლიო კრების დადგენილება აღდგომის თარიღთან დაკავშირებით:

* აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს ყველა ეკლესიის მიერ ერთი და იმავე კვირადღეს.

* ეს კვირადღე უნდა იყოს პირველი კვირადღე სავსე მთვარის შემდეგ, რომელიც მოსდევს გაზაფხულის ბუნიობას.

* ეკლესიებმა უნდა შეაჩერონ ებრაული გამოთვლების გამოყენება და გადავიდნენ საყოველთაო წესზე.

მიუხედავად ამისა, ამ დადგენილებასთან დაკავშირებით მაინც ჰქონდა ადგილი გარკვეულ წინააღმდეგობას, რამაც გამოიწვია ახალი აკრძალვები: ანტიოქიის ადგილობრივი კრების (დაახლ. 330 ჩვ.წ.-ით) პირველი კანონი, და მოციქულთა კანონების მე-7 კანონი (IV საუკუნის მეორე ნახევარი). ეს კანონები გმობენ მათ ვინც ზეიმობს აღდგომას ”ებრაელებთან ერთად”. თუმცა, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ხსენებული დისიდენტები აღდგომას აღნიშნავდნენ იმავე დღეს როდესაც ებრაელებიც ზეიმობდნენ, არამედ ისინი იყენებდნენ ებრაული გამოთვლების შედეგად დადგენილ თარიღს დღესასწაულისათვის [4].

არსებობს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ კანონები არ გულისხმობდნენ უბრალო დამთხვევას. ასე მაგალითად, თვით IV საუკუნეში, ნიკეის მსოფლიო კრების შემდეგ, ებრაული პასექი და ქრისტიანული აღდგომის თარიღები რამდენჯერმე დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა ეს არავისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა [5]. უფრო მეტიც, ებრაული (აქ ალბათ ანაბეჭდია და საუბარი უნდა იყოს იულიუსის კალენდარზე, იხილეთ შენიშვნა [6] – მთარგმნ.) კალენდრის უზუსტობის გამო გამოწვეული კალენდრის მზარდმა დაგვიანებამ დროში გამოიწვია ის ფაქტი, რომ ასეთი დამთხვევა დროში თანდათანობით გაქრა.

ამის შედეგად, რეალური მიზეზი რამაც გამოიწვია პირველ მსოფლიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება თანდათანობით დავიწყებას მიეცა. ფრაზა “ებრაელებთან ერთად” კი უფრო და უფრო პირდაპირ იქნა გაგებული; რომ თითქოსდა ნიკეაში პირველი მსოფლიო კრების მამებმა დაადგინეს, რომ ქრისტიანული აღდგომა თუნდაც შემთხვევით არ შეიძლება იზეიმებოდეს იმავე დღეს, როდესაც ებრაული პასექის დღესასწაულია, და ის უნდა აღინიშნებოდეს ებრაული პასექის შემდეგ. სინამდვილეში კი, ხსენებული ფრაზის ასეთი განმარტება არათუ მცდარია, არამედ პირიქით, ეწინააღმდეგება ნიკეის დადგენილების სულისკვეთებას. ხოლო ასეთი ინტერპრეტაციის მიღება კი ფაქტიურად გვაიძულებს ჩავაყენოთ ქრისტიანული აღდგომა ებრაულ პასექთან კავშირში, რაც არასასურველ კავშირს წარმოადგენს და რის მოშლასაც ცდილობდა სწორედ მსოფლიო კრება.

მთავარეპისკოპოსი პეტრე,
ნიუ-იორკის და ნიუ ჯერსის ეპარქია,
მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში
სტატია პირველად დაიბეჭდა: The Orthodox Church newspaper, აპრილი / მაისი, 1994

————————————

შენიშვნები (მთარგმნელისაგან)

[1] “კალენდარი: ზოგიერთი ეკლესია ძველ სტილზეა, ზოგი ახალზეა, მაგრამ ეს არ არის დოგმატი და ამიტომ დასაშვებია ეს…” (6:11 – 6:36), სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ს ქადაგება, სამების საკათედრო ტაძარი, 31 იანვარი 2016 წელი.

[2] II საუკუნის პასქალური კამათები დეტალურად აღწერილი აქვს ევსევი კესარიელს ”ეკლესიის ისტორია”-ში V, 23-25. მას მიყვება სოკრატე, ეკლესიის ისტორია V 22 და სოზომენი, ეკლესიის ისტორია VII, 18.
იხ.: “კალენდარული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა”, მღვდელი დოქტორი ღვთისმეტყველებაში ვლ. ხულაპი

[3] ბუნიობა ასტრონომიული მოვლენაა, რომლის დროსაც დედამიწის ეკვატორული სიბრტყე მზის ცენტრში გადის. ეს მოვლენა დაიმზირება წელიწადში ორჯერ: გაზაფხულზე – დაახლოებით 20 მარტს და შემოდგომაზე – დაახლოებით 23 სექტემბერს. ბუნიობისას მზე ეკვატორის მიმართ ზენიტშია, რის გამოც ჩრდილოეთი და სამხრეთი ნახევარსფეროები სინათლისა და სითბოს თითქმის თანაბარ რაოდენობას იღებენ.

[4] “ქრისტიანული აღდგომისა და ებრაელთა პასექის თანხვედრის შესახებ”, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის დიმიტრი ოგიცკი

[5] “კერძოდ კი ეს მოხდა 289, 296, 316, 319, 323, 343, 347, 367, 370, 374 და 394 წლებში. V საუკუნეში ასეთი დამთხვევა იყო 9-ჯერ და ბოლოჯერ ეს მოხდა 783 წელს, რომლის შემდეგაც ასეთი დამთხვევები შეუძლებელი გახდა იულიუსის კალენდრის უზუსტობის გამო.”
იხ.: “კალენდარული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა”, მღვდელი დოქტორი ღვთისმეტყველებაში ვლ. ხულაპი

[6] აქ როგორც ჩანს ანაბეჭდია გაპარული და წესით “ებრაულის” ნაცვლად “იულიუსის” უნდა ეხსენებინათ. ორივე კალენდარი შეიცავს უზუსტობას, ოღონდ, იულიუსის კალენდრის წელიწადის ხანგრძლივობა უფრო დაშორებულია ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობას, ვიდრე ებრაული კალენდრის წელიწადი. მაგალითის სახით ქვემოთ მოყვანილია ტროპიკული და დღეს არსებული ჩვენთვის საინტერესო კალენდრების მიხედვით გამოთვლილი წელიწადის ხანგრძლივობა დღეებში:

ტროპიკული წელი                365.242199
შესწორებული იულიუსის     365.2422
გრიგორიუსის                         365.2425
ებრაული                                  365.2468
იულიუსის                               365.2500

აქედან, ნათლად ჩანს, რომ იულიუსის კალენდარი უფრო შორდება ტროპიკულ წელს ვიდრე თანამედროვე ებრაული კალენდარი. იგივეს ვხდებით [2], [5]-ში მოყვანილ ნაშრომში.

ამ მონაცემების მიხედვით აშკარად ჩანს, თუ რამდენად ახლოა შესწორებული იულიუსის კალენდრის წელიწადის ხანგრძლივობა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან. შესაბამისად, მისი ცდომილება სხვა მოყვანილ კალენდრებთან შედარებით ყველაზე მცირეა. შეგახსენებთ, რომ შესწორებულ იულიუსის კალენდარს იყენებენ კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები.

————————————

2016 და 2017 წლების აღდგომის თარიღების მონაცემები (მთარგმნელისაგან)

აღდგომის ფორმულა:
პირველი კვირადღე, რომელიც მოსდევს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველ სავსემთვარეობას.

უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ეს ფორმულა ყოველთვის არ სრულდება, ასე მაგალითად განვიხილოთ 2016 წელი:

2016 წლის ასტრონომიული თარიღები (ახალი სტილით):
ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობა – ახალი სტილით 20 მარტი, კვირადღე.
ასტრონომიული პირველი სავსემთვარეობა ბუნიობის შემდეგ – ახალი სტილით 23 მარტი, ოთხშაბათი.
პირველი კვირადღე ამ სავსემთვარეობის შემდეგ – ახალი სტილით 27 მარტი.

2016 წელს აღდგომის დღეებია (ახალი სტილით):
კათოლიკურ/პროტესტანტული სამყარო – ახალი სტილით 27 მარტი, კვირადღე.
მართლმადიდებლური სამყარო – ახალი სტილით 1 მაისი, კვირადღე.

2016 წელს ებრაული პასექის პერიოდი (ახალი სტილით):
22 აპრილი, შაბათი – 30 აპრილი, კვირა.

როგორც ვხედავთ “დასავლურ” და “აღმოსავლურ” აღდგომის დღეებს შორის განსხვავება 2016 წელს 5 კვირაა. მართლმადიდებლურ სამყაროში ალექსანდრიის პასქალიაში გაზაფხულის ბუნიობად მიჩნეულია უცვლელი თარიღი – 21 მარტი, რომელიც აითვლება იულიუსის კალენდრით, ანუ ძველი სტილით, რაც ახალი სტილით 3 აპრილია, ანუ ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობა უკვე მომხდარია (2016 წელს ის რეალურად მოხდა ახალი სტილით 20 მარტს).

2016 წელს, ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველი სავსემთვარეობა კი ახალი სტილით 20 მარტსა და 3 აპრილს შორისაა (23 მარტი), ანუ ჩვენთვის – მართლმადიდებლებისათვის (მცირე გამონაკლისის გარდა) ეს რეალური პირველი სავსემთვარეობა ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ არ იქნება. ჩვენთვის პირველი სავსემთვარეობა დადგება ახალი სტილით 3 აპრილის შემდეგ –ახალი სტილით 22 აპრილს პარასკევს, რაც რეალურად მეორე სავსემთვარეობაა ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ. იმის გამო, რომ ჩვენი პასქალური სავსემთვარეობა რეალურ სავსემთვარეობას რამდენიმე დღით ჩამორჩება (მთვარის ფაზათა არსებული ცდომილების გამო), და შესაბამისად ის 22 აპრილის, პარასკევს კი არ ”დაიმზირება”, არამედ მომდევნო კვირის დღეებში (ანუ 24 აპრილის, კვირადღის შემდეგ) აღდგომის დღედ ვღებულობთ არა 24 აპრილს კვირადღეს, არამედ მომდევნო კვირადღეს – 1 მიასს.

2016_EasterDates

 

 

 

2017 წლის ასტრონომიული თარიღები (ახალი სტილით):
ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობა – ახალი სტილით 20 მარტი, ორშაბათი.
ასტრონომიული პირველი სავსემთვარეობა ბუნიობის შემდეგ – ახალი სტილით 11 აპრილი, სამშაბათი.
პირველი კვირადღე ამ სავსემთვარეობის შემდეგ – ახალი სტილით 16 აპრილი.

2017 წელს აღდგომის დღეებია (ახალი სტილით):
კათოლიკურ/პროტესტანტული სამყარო – ახალი სტილით 16 აპრილი, კვირადღე.
მართლმადიდებლური სამყარო – ახალი სტილით 16 აპრილი, კვირადღე.

2017 წელს ებრაული პასექის პერიოდი (ახალი სტილით):
10 აპრილი, ორშაბათი – 18 აპრილი, სამშაბათი.

როგორც ვხედავთ “დასავლური” და “აღმოსავლური” აღდგომის დღეები 2017 წელს ერთმანეთს ემთხვევა. და ამის მიზეზი ისაა, რომ 2017 წელს პირველი რეალური სავსემთვარეობა ასტრონომიული ბუნიობის შემდეგ დაიმზირება ჩვენი “ბუნიობის”, რაც ახალი სტილით 3 აპრილსაა, შემდეგ – 11 აპრილს. და ეს სავსემთვარეობა ჩვენთვის – მართლმადიდებლებისათვისაც პირველი სავსემთვარე იქნება “ჩვენი” ბუნიობის შემდეგ. გარდა ამისა, რადგან 11 აპრილი სამშაბათია, ჩვენთვის მთვარის ფაზათა არსებული ცდომილების გათვალისწინებით ჩვენთვის აღდგომა იქნება 16 აპრილს.

2017_EasterDates

 

 

 

 

Print Friendly

Tags: , , , ,

Comments are closed.