რატომ „წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ“?

old-and-new-testamentsსაღმრთო ლიტურგიაზე „წმიდაო ღმერთოს“ სამგზის გალობას მოსდევს დიდებისმეტყველება, ბოლო მისამღერი „წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ“ და კიდევ ერთხელ სრულად „წმიდაო ღმერთო.“

ალბათ არაერთ ჩვენგანს გასჩენია კითხვა, რას ემსახურება, ან საიდან გაჩნდა ეს მისამღერი, რომელიც მთლიანი საგალობლის მხოლოდ ბოლო ნაწილს იმეორებს. იმისთვის, რომ ხსენებული საკითხი გავიგოთ, საჭიროა მოკლედ შევეხოთ ქრისტიანული გალობის ისტორიას.

გალობის შესრულების ყველაზე მარტივ და არქაულ ფორმას წარმოადგენდა ფსალმუნის მუხლების მონაცვლეობით (ძვ. ქართულში „მიმოგდებით“) წართქმა ორად გაყოფილ მოწრმუნეთა შორის. ფსალმოდიის ასეთი ფორმა სახასიათო იყო უპირველესად სამონასტრო წრეებისათვის.

„მიმოგდებითი“ ფორმიდან განვითარდა ფსალმოდიის მეორე სახე, ცნობილი როგორც „ანტიფონური“. რაც გულისხმობდა მონაცვლეობით გალობას სოლისტსა და ერს შორის. უპირველესად, სოლისტი გალობდა ფსალმუნის ერთ-ერთ მუხლს, რომელიც წარმოადგენდა ანტიფონს (იგივე რესპონსორიუმს), ერი კი იმეორებდა მას, რის შემდეგაც სოლისტი აგრძელებდა ფსალმუნის სხვა მუხლების გალობას, ყოველი მუხლის პასუხად კი ერი გალობდა უკვე დასწავლილ ანტიფონს.

რა თქმა უნდა, არსებობდა შესრულების სხვადასხვა ვარიანტი სოლისტსა და ერს, სოლისტსა და გუნდს, გუნდსა და ერს, ან ორ გუნდს შორის.

გალობის განვითარების მომდევნო ეტაპზე, რესპონსორიუმები, როგორც ფსალმუნში ჩართული ბიბლიური საგალობლის მუხლები ჩაანაცვლა არაბიბლიურმა კომპოზიციებმა, რომლებსაც ძველ ქრისტიანულ ლიტერატურაში მოიხსენიებენ როგორც Psalmoi Idiotikoi, დღეს კი მათ დიდ ნაწილს „ტროპარების“ სახელით ვიცნობთ. ასეთი ფსალმოდია სახასიათო იყო საკათედრო და სამრევლო ტაძრებისათვის (Asmatike Akolouthia) და დიდ უნდობლობასა და პროტესტს იწვევდა სამონასტრო წრეებში.

ზოგჯერ ფსალმუნის მუხლები სოლისტის მიერ იგალობებოდა, ხოლო მისამღერი ტროპარი გუნდის მიერ,  ზოგჯერ კი ორ გუნდს შორის ნაწილდებოდა, თითო ფსალმუნის მუხლი თავისი მისამღერით. ასეთი ფსალმოდიას კი ასრულებდა „დიდება… აწ და…“ და კიდევ ერთხელ გამეორებული ტროპარი.

თუ მისამღერი ტროპარი გრძელი იყო, ის იგალობებოდა სრულად მხოლოდ დასაწყისსა და დასასრულში, ფსალმუნის სხვა მუხლთა შორის კი მისამღერის ბოლო სიტყვები ჩაერთვოდა. მაგ. ტროპარიდან „მხოლოდ შობილო ძეო…“ მხოლოდ ბოლო ფრაზა: „მამისა და ყოვლად წმიდისა სულისა თანა დიდებულო, გვაცხოვნენ ჩვენ“ იგალობებოდა ყოველი მუხლის მისამღერად. ასეთ შემოკლებულ მისამღერს სპეციალური მუსიკალური ტერმინით – Akroteleution – აღნიშნავდნენ.

შემდგომ ეტაპზე ზოგიერთმა პოეტურმა კომპოზიციამ, ანუ ტროპარ-მისამღერმა მთლიანად განდევნა ხმარებიდან ფსალმუნი, რისი შესანიშნავი მაგალითიც „წმიდაო ღმერთოა“, რომელიც თავდაპირველად სწორედ ანტიფონისათვის განკუთვნილი ტროპარი იყო.

მაშასადამე, როგორც არქიმანდრიტმა რობერტ ტაფტმა შენიშნა, ის სქემა, რომელითაც დღეს სრულდება სამწმიდაო, ბრწყინვალედ ასახავს ლიტურგიული საგალობლების ევოლუციის ამ თავისებურებას:

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ (3x);

დიდება… აწ და…

წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ;

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

სახეზე გვაქვს ანტიფონური ფსალმუნის დასაწყისში სამგზის საგალობელი ტროპარი, ფსალმუნის დასასრულს სათქმელი დოქსოლოგია და ერთგზის სათქმელი ტროპარი. რაც ყველაზე საინტერესოა Akroteleution-ი, ანუ ფსალმუნის მუხლებს შორის ჩასართავი ტროპარის ბოლო ფრაზა: „წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ“.

 

დაწვრილებით იხ. R.F. Taft, «L’analisi strutturale delle unità liturgiche. Un saggio di metodologia», in Id. Oltre l’oriente e l’occidente. Per una tradizione liturgica viva, Roma 1999, 211-214.

მოამზადა მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ

Print Friendly

Tags: , , , ,

Comments are closed.