უკანასკნელი ინტერვიუ მამა ალექსანდრე მენთან

20/11/2017
By

o_amმარკ მარკოვი: მამა ალექსანდრ. ჩვენი რადიომსმენელთა სახელით მსურს ის კითხვა დაგისვათ, რომელზეც მეც ხშირად მიწევს ხოლმე პასუხის გაცემა, კერძოდ. საჭიროა თუ არა იყო ქრისტიანი და რატომ არის საჭირო?

მამა ალექსანდრე მენი: ამ შემთხვევაში ერთადერთი პასუხი არსებობს – ადამიაინი მუდამ ილტვის ღმერთისაკენ: მისი ნორმალური მდგომარეობაა ამა თუ იმ ფორმით დაუკავშირდეს უმაღლესს და იდეალს.

თუმცა ეს იდეალი ადამიანის ცნობიერებაში შეიძლება დამახინჯებულად და გაღარიბებულად, რაღაც მიწიერყოფიერითაც კი იყოს გამოვლენილი.

სტალინიზმის, მაოძედუნიზმის და ათასი „იზმის“ ეპოქამაც კი დაგვანახა, რომ ნაძალადევად ღმერთწართმეული, ადამიანი თავისდაუნებურად მაინც მიილტვის ცრუღმერთისაკენ. ამ შემთხვევაში მისი ჭეშმარიტი რწმენა კერპთაყვანისმცემლობით იცვლება. თუმცა ღმერთისადმი ლტოლვის ინსტინქტი მაინც მძლავრობს და ცოცხლობს მასში.

მაგრამ სულ სხვაგვარად დგება საკითხი. როცა ისმება კითხვა: რატომ უნდა იყო მაინცდამაინც ქრისტიანი?

ცხადია. არა იმიტომ, რომ არსებობს წმინდა წიგნები. ყველა რელიგიას თავისი წმინდა წიგნი გააჩნია და ეს წიგნები ზოგჯერ ძალზე მაღალი ხარისხის, მაღალი სულიერი აღმაფრენის, პოეტური აღმაფრენის ნაყოფიც კი გახლავთ. აღმოსავლეთის მრავალი წმინდა წიგნი,- თუნდაც მაჰაბჰარატა და მისი შემადგენელი ნაწილი, ბჰაგავატგიტა, ბუდისტური სუტრები – მდიდარი შინაარსისა და დიდებულად დაწერილი ნაწარმო-ებებია. აბა, რაღაა საჭირო?

ან იქნებ, შემოქმედება და ხელოვნება აისახა ქრისტიანულ წიგნებში ყველაზე სრულად?

ამჟამად ძველი რუსული ხელოვნებით დიდ აღტაცებას გამოთქვამენ. მეც ძალიან მიყვარს იგი. ჩემთვის ძველი რუსული ხელოვნება განუყოფელია მსოფლიო სულიერი კულტურისაგან, მაგრამ თუ ობოექტურად ვიმსჯელებთ და ჩემსავით მიკერძოებით არ შევხედავთ, არამედ განყენებულად მივუდგებით საკითხს, განა ნაკლებად დიდებულია ძველი საბერძნეთის ხელოვნება და მისი რელიგია? ინდოეთის სულიერი ხელოვნება, ყველა ტაძარი თუ მეჩეთი? ბუხარაში ყოფნისას მეჩეთებს ვუცქერდი – და თქვენ წარმოიდგინეთ, მათშიც როგორღაც ისახება ღვთის ხმა. და თუკი რელიგიას ესთეტიკური კრიტერიუმებით მივუდგებით, ვინ იცის, იქნებ ზევსისა და ათენას რელიგია უკეთესადაც კი მოგვეჩვენოს. ყველა რელიგიას გააჩნია მრავალი უძველესი ან ახალი მშვენიერი საკულტო ნაგებობა, ამიტომ ქრისტიანობა ვერ დაიჩემებს, რომ მისი ტაძრები უკეთესთაგან უკეთესია. თუ ასეა, მაშინ რატომ ქრისტიანობა და არა რომელიმე სხვა?

ცხადია, არც იმიტომ, რომ დღესდღეობით ჩვენი საზოგადოება ცნობს ქრისტიანობის მაღალ ზნეობრივ ღირებულებებს. მაგრამ ხომ სრული სიცრუე და პროპაგანდა იქნებოდა გვემტკიცებინა, რომ ქრისტიანობის გარდა არც ერთ რელიგიას არ გააჩნია ზნეობრივი ღირებულებანი. ამას მხოლოდ უცოდინარნი და ბრმები ამტკიცებენ.

დღეს საშუალება არა მაქვს დაწვრილებით შევეხო ყველა რელიგიათა დოქტრინებს, მაგრამ უცილობელია, რომ სტოიკოსთა, ბუდისტთა და სხვათა წმინდა წიგნებიც უმაღლეს ეთიკურ ღირებულებებს ემყარება. ცხადია, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ძველ აღთქმაზეც (რომელიც თუმცა დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, მაგრამ მაინც

ქრისტიანობამდელი რელიგიაა). ისიც აღსანიშნავია, რომ ძველ აღთქმაში მართლაც არის გარკვეული სიმკაცრე, რაც თითქოსდა არ არსებობს ახალ აღთქმაში. მაგრამ ეს ცნობიერების აბერაციაა, რამეთუ ღმერთი ჩვენი იესო არასოდეს ყოფილა სენტიმენტალური და სიმკაცრე არც მისთვის არის უცხო. ალბათ მხოლოდ ვარდისფერი სათვალით უნდა კითხულობდე სახარებას, რომ ვერ იგრძნო მრისხანე ხმა.

ცხადია, ქრისტიანულ ეთიკას საკუთარი თავისებურებები გააჩნია. და მიუხედავად ამისა, ვინმემ რომ შეადაროს ქრისტიანული, და თუნდაც სტოიციზმის ეთიკა (ეპიკურე, ეპიკტეტი, სენეკა, – თითქმის ქრისტიანულ ეპოქაში რომ ცხოვრობდნენ), სახარებასთან საკმაოდ ბევრ საერთოს იპოვნიდნენ, თუმცა ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს სახარება არც კი ჰქონდათ წაკითხული.

ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, რატომ მაინცადამაინც ქრისტიანობაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა სხვა რომელიმე რელიგია? იქნებ სჯობს რელიგიის პლურალიზმის პოზიციაზე დარჩენა? იმ პოზიციაზე, რომლის მტკიცებითაც, რელიგიის ნებისმიერი ფორმით შეიცნობა და მიიღწევა ღმერთი? თუ ასეა, მაშინ გაქრება ქრისტიანობის აბსოლუტურობისა იდეა და რწმენა.

მე მგონია, არაფერი ისე არ ამტკიცებს ქრისტიანობის აბსოლუტურობას, როგორც თვით იესო ქრისტე. კიდევ ვიმეორებ, მსოფლიო რელიგიის ყოველი დიდი მოძღვარი ჭეშმარიტებას ქადაგებდა.

ამიტომ, მოდით ყური მივუგდოთ ყოველ მათგანს: ბუდა ამტკიცებს, რომ აბსოლუტურ განდგომას მხოლოდ ხანგრძლივი და დაჟინებული ვარჯიშით მიაღწია. შეგვიძლია თუ არა გვჯეროდეს მისი? რატომაც არა, იგი დიდებული პიროვნება იყო და მიაღწია კიდეც საწადელს.

ბერძენი ფილოსოფოსები გვიმოწმებენ, რა ძნელია ინტელექტით ღვთისა და ღვთიური სამყაროს მიღწევის გზა. ესეც ჭეშმარიტებაა.

მუჰამედი კი ამბობს, რომ უფლის წინაშე არარაობად მიაჩნდა თავი, რომ ღმერთმა თავად ინება ჩვენებოდა, თვითონ კი მტილი იყო მის წინაშე. შეგვიძლია ვერწმუნოთ?

უცილობლად

ამ დიად მოძღვართა შორის ერთადერთი, ვინც უფლის პირით გვესაუბრება: „მე გეტყვით თქვენ“… ან როგორც იოანესთანაა: „მე და მამა ერთნი ვართ“ – გახლავთ იესო ქრისტე. მსოფლიო რელიგიურ აზროვნრბაში, დიად მოძღვართაგან მსგავსი არავის არაფერი უთქვამს. ამგვარად, ესაა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთადერთი შემთხვევა, როცა უფალი გვევლინება კონკრეტული ადამიანის სახით და აბსოიუტური სისავსით – ამას მხოლოდ სახარებაში ვხვდებით.

მორალის მქადაგებელი იესო – ისტორიული მითია. ამის გამო ჯვარს არავინ უცვიათ.

შეიძლება მითხრათ: ჯვარს იმიტომ აცვეს, რომ თავს მესია უწოდა. ბარკოხბა რატომღა აღარ აცვეს ჯვარს, ისიც ხომ მესიას უწოდებდა საკუთარ თავს? ამქვეყნად ხომ მრავალი ყალბი მესია არსებობდა; რა იყო მიზეზი, რით გამოიწვია იესო ქრისტემ ესოდენი სიყვარული და ესოდენი ზიზღი? „მე ვარ კარიბჭე“ – თქვა მან „კარიბჭე მარადისობაში“. და მე მგონია, რომ ყველაფერი, რაც ღირებულია ქრისტიანობაში, სწორედ იმიტომ არის ღირებული, რომ ქრისტესმიერია. თუ ეს ქრისტესგან არ მომდინარეობს, ისევე წარმატებით შეიძლება მიეკუთვნოს ისლამს ან ბუდიზმს.

ყოველი რელიგია წვდომაა ღვთისა; ადამიანის მიახლოვება ღმერთთან. ეს არის ქვევიდან ზევით აღმართული ვექტორი. ქრისტე პასუხია. ქრისტე ვექტორია – ციდან მიწისკენ. ერთი მხრივ, ისტორიის ფარგლებში მოქცეული, მეორე მხრივ კი – განუმეორებელი.

ქრისტიანობა იმიტომ არის უნიკალური, რომ უნიკალურია თვით ქრისტე.

მარკ მარკოვი: ახლა მოდით იმ მსმენელებზეც ვიფიქროთ, რომელნიც გზაჯვარედინზე დგანან და ვერ გაურკვევიათ, მართალა იყო თუ არა ქრისტე ის რასაც თავს უწოდებდა? რა ვიცით, იქნებ სახარება ტყუის? როგორ გავერკვეთ სხვადასხვა რელიგიებში? რა ვუპასუხოთ ათეისტ მშობლებს ან კრიშნას მიმდევრებს, მოედანზე რომ ცეკვავენ? რატომ მაინცდამაინც ქრისტეს უნდა მივდიოთ? მხოლოდ იმიტომ, რომ ალექსანდრ მენი, მარკ მარკოვი და სხვები თვლიან, რომ ბიბლია სიმართლეს ქადაგებს? როგორ შევამოწმოთ მისი სიმართლე?

მამა ალექსანდრე მენი: უპირველესად, ადამიანისთვის, ვისაც ასე თუ ისე რაღაც წარმოდგენა გააჩნია რელიგიაზე, იგივე პასუხი არსებობს, რაც უკვე მოგახსენეთ: ყველას უნდა ერწმუნოთ. თუ გჯერა, რომ მუჰამედს ღმერთი გამოეცხადა, რატომ არ უნდა ვერწმუნოთ ქრისტიანობის ფუძემდებლებს? თუკი გჯერა, რომ ღმერთი საერთოდ ეცხადება ვინმეს, მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველას სხვადასხვაგვარად ეცხადება. ამიტომაც არავითარი საფუძველი არა გვაქვს, რომ არ ვერწმუნოთ სახარებას. ჭეშმარიტებას ქადაგებს ყველა მოძღვარი,  ჭეშმარიტებას ქადაგებდა იესო ქრისტეც, რომელმაც თქვა: „მე და მამა ერთნი ვართ“…

მაგრამ თუკი არარელიგიურ ცნობიერებაზე ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაშიც სახარების სიტყვების მოხმობა დამჭირდება. ალბათ კარგად გახსოვთ, რა უპასუხეს მოციქულებმა ნათანაელს: „მიდი და იხილე“.

ეს არის ის, რაც უნდა საკუთარი თვალით დაინახო და შეიგრძნო. რაც უნდა განიცადო. შეუძლებელია მათემატიკურად დაამტკიცოთ, მეცხრე სიმფონიის ან რომელიმე დიდებული ნახატის – თუნდავ რუბლიოვის „სამების“ მშვენიერება. ჯერ უნდა ნახო, ჯერ უნდა განხორციელდეს ეს შინაგანი შეხვედრა. ქრისტეც უნდა ეძიო, მასთან შეხვედრა სცადო. თუ ეს ვერ მოხერხდა, ვერავითარი ლოგიკური სისტემა ვერ დაგაჯერებთ და მტკიცება მტკიცებად დარჩება. ქრისტე იმიტომ კი არ უნდა გწამდეს, რომ ვიღაცამ რაღაც გითხრა მის შესახებ, არამედ იმიტომ, რომ ეს ნათქვამი მოგიწოდებს – შეიცნო.

რწმენა – სმენაა, როგორც მოციქულნი ამბობენ. გაიხსენეთ სამარიტელნი; როცა მათთან დედაკაცი მივიდა და უთხრა: „ამ კაცმა ყველაფერი მიწინასწარმეტყველა“, სამარიტელნი, გაოცდნენ და როცა მივიდნენ და თვითონ მოუსმინეს იესოს, თქვეს: „ახლა უკვე ჩვენც გავიგეთ. გავიგეთ არა იმით, რაც გვითხარი, არამედ გამოცდილებით“.

ეს არის ღრმად მეცნიერული მიდგომა. საქმე ის გახლავთ, რომ მეცნიერება ცდის გარეშე წარმოუდგენელია. ცდას კი, მოცემულ შემთხვევაში, უდიდესი როლი ენიჭება. რწმენა ასეთივე შინაგანი, სულიერი ცდაა. ეს არის ის რეალობა, რაც ადამიანმა უნდა შეიგრძნოს და შეხვდეს. რწმენაზე გრძნობებისა და შეხების გარეშე ვერ ვიმსჯელებთ. ქრისტეს შეგრძნება მხოლოდ გულით შეიძლება. მეცნიერულად, ასე ვთქვათ გარეგნული გზით, შეიძლება სხვა რამ დავამტკიცოთ: დავამტკიცოთ, რომ ის სინამდვილეში არსებობდა, როგორი იყო მისი გარემო, მაგრამ ეს რწმენისათვის არსებითად მეორეხარისხოვანია.

მარკ მარკოვი:როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, რომელთაც იმდენად ღრმად აქვთ გამჯდარი ათეისტური აღზრდა (ასეთი ადამიანი კი საკმაოდ ბევრია),

რომ ახლა გისმენენ და ფიქრობენ: „კარგი იქნებოდა, ყველაფერი რომ ასე ყოფილიყო, როგორც ამბობთ, მაგრამ ხომ ცნობილია, რომ ღმერთი არ არსებობს?

მამა ალექსანდრე მენი: მე მგონი პირიქითაა, ყველასათვის სწორედ საპირისპირო რამ არის ცნობილი. სწორედ ღმერთწართმეულ ადამიანთა კერპთაყვანისმცემლობა ამტკიცებს (ამას, სხვათა შორის, მაო ძედუნიც კი მიხვდა), რომ ადამიანს არ შეუძლია ღმერთის გარეშე არსებობა.

ღმერთია პირველსაწყისი ყოვლის. ადამიანი ხომ ამქვეყნად იმისთვის ცოცხლობს, რომ სწამს სამყაროსეული აზრი. ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინი ამბობდა: ადამიანი, რომელსაც არ სწამს ყოფიერების აზრი, საერთოდ გამოუსადეგარია ცხოვრებისათვისო. მაშასადამე, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამტკიცებს, რომ არ სწამს ყოფიერების აზრისა, სინამდვილეში, გულის სიღრმეში, ქვეცნობიერად სწამს, უბრალოდ ამ რწმენას სხვადასხვაგვარი ეთიკით ცვლის.

ადამიანი წყლისკენ ილტვის, რადგან სჭირდება წყალი – ობიექტად სჭირდება საკვები – ობიექტად ყოფისათვის სჭირდება კიდევ უამრავი რამ. და ყოველივე ამასთან ერთად, თუკი ადამიანი მუდამ, წვრილმანებშიც კი ხედავდა ყოფიერების რაღაც უმაღლეს აზრს, ეთაყვანებოდა და ცდილობდა მისთვის შეეხამებინა თავისი ცხოვრება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ამგვარი მოთხოვნილება რაღაც ავადმყოფური მდგომარეობის შედეგი კი არ არის, არამედ ადამიანთა მოდგმის ნორმალურ მდგომარეობას წარმოადგენს.

თუკი ადამიანი უკან მიიხედავს და წარსულს გაიხსენებს, დაინახავს, რომ ყოველთვის, ყოველ საუკუნეში, ამა თუ იმ ფორმით მაინც არსებობდა ღმერთი. ახლა გამახსენდა პოზიტივიზმის ფუძემდებელი ოგიუსტ კონტი. ეს იყო ადამიანი, რომელიც აგრესიის გარეშე, მაგრამ მაინც უარყოფდა უმაღლეს ღირებულებებს და უწოდებდა ღმერთს შეუცნობელს, რომლის შესახებ შეუძლებელია რაიმეს თქმა და, აი, ეს ფილო-სოფოსი გარდაიცვალა სალოცავის წინაშე მუხლებზე დამხობილი, მაგრამ ამ სალოცავად მისთვის გამოდგა ის სავარძელი, რომელშიც მისი სათაყვანებელი ქალი მიიცვალა. მთელი თავისი სიცოცხლე ამ სავარძელს ეთაყვანებოდა. სწორედ მან (ო.კონტმა) წამოაყენა პირველად კაცობრიობის ტაძრის – გრანდ ეტრის იდეა, იდეა ადამიანის დიადი არსის შესახებ, რომელსაც უნდა ეთაყვანო. თუკი ყველა ფსევდორელიგიის თვალს მივადევნებთ, დავინახავთ, რაოდენ ამოუძირკვავია ამ უმაღლესის, სათაყვანებლის შეგრძნება და ადამიანთან მისი კავშირის აუცილებლობა.

უმაღლესის არსებობის დასამტკიცებლად, ამას გარდა, ირიბი მტკიცებებიც არსებობს. ამაზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა; მე უბრალო მაგალითს მოვიყვან.

ჩვენი ქვეყნის დაქცეული მეურნეობა სტიქიური უბედურების შედეგი არ გახლავთ, ამის მიზეზია ის, რომ განგვეშორა მოაზროვნე, მართველი ორგანო და სახელმწიფო სისტემა არასწორად იყო გამართული. როგორ გგონიათ, განა მთელი სამყარო უფრო რთულ სისტემას არ წარმოადგენს, ვიდრე საბჭოთა კავშირი? თუკი სამყარო კვლავ ვითარდება და არსებობს – მაშასადამე მისი მოაზროვნე საწყისი ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე ჩვენი ხელმძღვანელობა.

მარკ მარკოვი: შეგვიძლია თუ არა ამაში დავინახოთ ეგრეთწოდებული „ღვთის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი? თუ ეს უბრალოდ ერთ-ერთი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ უმაღლესი გონი არსებობს?

მამა ალექსანდრე მენი: ეს მოწმობაა. „დამტკიცება“ – თავისთავად ძალზე ბუნდოვანი და არასწორი სიტყვაა. შეუძლებელია ადამიანმა რაღაც დაამთკიცოს აბსოლუტური სიზუსტით. ნამდვილმა მეცნიერებმა იციან, რომ ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით ზუსტ მეცნიერებებში, ბოლოს და ბოლოს ყველაფერი აქსიომამდე დადის. სადღაც იწყება აქსიომა, რომელიც არ მტკიცდება და მასზე იგება უკვე მთელი სისტემა.

მარკ მარკოვი: ამიტომაც, რადიოგადაცემაში ღვთის არსებობის ე.წ. კლასიკური დამამტკიცებელი საბუთების მოყვანისას ყოველთვის ვიმეორებ ხოლმე, რომ დასავლეთში ჩვენ ამას ვუწოდებთ ღვთის არსებობის არგუმენტებს და არა დამამტკიცებელ საბუთებს… შემდეგი საკითხი, რომელიც ხშირად უჩნდებათ ხოლმე მსმენელებს ასეთია: „როგორ თავსდება თქვენს ცნობიერებაში ღმერთისა და ბოროტების არსებობა? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა პასუხს გასცემთ ე.წ. ბოროტების არსებობას?

მამა ალექსანდრე მენი: საქმე ის გახლავთ, რომ არსებობს ზნეობრივი ბოროტება და არსებობს სამყაროს ფიზიკური არასრულყოფილება – ეს სხვადასხვა საკითხებია.

სამყაროს ფიზიკური არასრულყოფილება იმის მიზეზი გახლავთ, რომ სამყარო ვითარდება და მისი განვითარება ჯერ არ დასრულებულა. მე ძალიან მომწონს გერმანელი რომანტიკოსისა და მისტიკოსი, პოეტის, ნოვალისის სიტყვები, რომ ადამიანი არის ბუნების მესია.

ადამიანს მართლაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ბუნებაში. და უნდა ვერწმუნოთ ბიბლიას, რომ ადამიანი მოწოდებული იყო ბუნების განსაკუთრებული სულიერი გარდასახვა განეხორციელებინა; როგორც მოციქული ამბობს, ყველა სულიერი კვნესის და იტანჯება ღვთის შვილთა მოლოდინში. ესე იგი, ჩვენი, ადამიანთა მოლოდინში. ჩვენ უნდა გვემოქმედა ბუნებაზე, მაგრამ, ამის ნაცვლად, ბუნება მოვსპეთ.

რატომ გაილაშქრა ადამიანმა ღვთიური ნების წინააღმდეგ და რატომ იქცა ბოროტების მატარებლად? რაციონალურად, ბოლომდე რომ ავხსნათ ეს მოვლენა, ეს ნიშნავს – ავხსნათ შავი სტიქია, რაციონალურად დავამტკიცოთ და გავამართლოდ იგი.

ბოროტისაკენ ლტოლვა – თავისუფლებით შეძენილი ირაციონალური ლტოლვაა. მე ცხადია აქ არ მოვიყვან დიდი რუსი ფილოსოფოსის, ნ.ბერდიაევის შეხედულებას იმის შესახებ, რომ თავისუფლება ღვთიურსაა დაპირისპირებული და ის მარადიულია. ეს ჩვენთვის მიუღებელი იდეაა, მაგრამ უცილობელი მაინც ერთია: თუკი ადამიანს ღვთისგან ნაბოძები აქვს თავისუფლება, მას ღვთის წინააღმდეგ აღდგომის შესაძლებლობაც უნდა ჰქონოდა ნაბოძები, ე.ი. უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, სხვა გზით ევლო.

ადამიანს რომ საკუთარი გზის არჩევის უფლება ჰქონოდა წართმეული, მისი თავისუფლება საბჭოთა არჩევნებს დაემსგავსებოდა. (როცა გისახელებდნენ ერთ კანდიდატს და ამას არჩევანს ეძახდნენ). ღმერთს რომ ადამიანისათვის თავისუფლება მიეცა და ეთქვა, ამ გზით იარე და არსაით გადაუხვიოო, ეს თავისუფლება აღარ იქნებოდა, – ადამიანი მკაცრად დაპროგრამებულ ანდროიდს თუ რობოტს დაემსგავსებოდა და შემოქმედის სათამაშო თოჯინად იქცეოდა.

აქედან გამომდინარე, მოავლენს ღმერთი ამქვეყნად ხატსა და მსგავსს, ყველა განსადელსა და ქარიშხალში გამოატარებს, რომ ადამიანს ყოფიერებაში ჩაწვდომის და საკუთარი ნიჭის გამოვლენის უნარი შესწევდეს. აქედან გამომდინარეობს კაცობრიობის ყველა მიღწევა. ადამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე და ამიტომ არ უნდა ელოდეს, რომ ვიღაც მაღლიდან ყოველწუთს თოკით მოქაჩავს. მოსე ამბობს: „მე ვდებ შენს წინაშე სიკეთისა და ბოროტების, სიცოცხლისა და სიკვდილის გზას, ირჩიე სიცოცხლე, ე.ი. აირჩიე სიკეთე. თავისუფლება – ორი გზის ქონაა.

და როცა მეკითხებიან – სად იყო ღმერთი ომების დროს? იყო. მან ხომ უკვე დიდი ხნის წინ გაგვაფრთხილა, სადამდე მიგვიყვანდა ეს ყველაფერი. ადამიანები ხშირად რომ კითხულობდნენ სახარებას, დაინახავდნენ, რა მოაქვს ადამიანის დამცირებას, სულის დაკნინებას, მატერიალიზმს. ყველაფერი, რაც უკანასკნელი მსოფლიო ომის დროს მოხდა მოსკოვსა და ბერლინში – ყველაფერი წინასწარ განცხადებული იყო

ღვთის მიერ. და როცა ყველაფერი ისე მოხდება, როგორც სახარება გვაფრთხილებდა, კითხვას სვამენ: სად იყო ღმერთი? იქვე, სადაც მარად მყოფობს – ის მუდამ აფრთხილებს ადამიანებს.

სულ სხვა საქმეა, როდესაც ადამიანი არ აგებს პასუხს თავის ქმედებაზე… მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მთელი კაცობრიობა ძალზე მჭიდროდ არის შეკავშირებული. სამყაროში მოქმედებს კანონი, რომელსაც ჩვენ „სოლიდარობის კანონს“- ვუწოდებთ.

როგორ გადავცემთ საკუთარ შვილებს ცოდნას, სახის ნაკვთებს, ხასიათს, რწმენას? მხოლოდ სოლიდარობის კანონის წყალობით. ადამიანები უხილავად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან და ამ თვისებების ერთმანეთისათვის გადაცემის უნარი შესწევთ. და რადგან ეს არხი არსებობს, მაშასადამე მას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, რამეთუ ამ არხს ბოროტის გადაცემაც შეუძლია. ვთქვათ ადამიანი ლოთია და მან ამავე კანონის ძალით, სნეული გენეტიკური სტრუქტურა გადასცეს ყოვლად უცოდველ ბავშვს, ეს ყოველივე უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს.

ცხოვრება თამაში არ არის, ცხოვრება მკაცრი გამოცდაა… საშინელი მაგალითი მოჰყავს დოსტოევსკის თავის რომანში „ძმები კარამაზოვები“, როცა ბავშვს ძაღლები მიუქსიეს… ამ საკითხს მრავალი ჩემი მეგობარი შეხებია, წერილობით თუ ზეპირად დაუსვამთ ჩემთვის ეს კითხვა: სად იყო მაშინ ღმერთი? ღმერთი, ცხადია, იყო, როცა რამდენიმე მონათლულმა ადამიანმა, რომელთაც მკერდზე ჯვარი ეკიდათ და სახარება წაკითხული ჰქონდათ, არ დაიცვეს ბავშვი და ერთი ადამიანის ნებას და კაპრიზს დამორჩილებულებმა, ძაღლები მიუქსიეს ბავშვს. აი, აქ არის ადამიანის არჩევანი და არა უაზრო სტიქია.

მარკ მარკოვი: მამა ალექსანდრე, მრავალი ადამიანი მოდის თქვენთან, თქვენი პიროვნების მომხიბლაობითა და განათლებით მოზიდული. თქვენ ბევრი წაგიკითხავთ, ბევრი რამ იცით. და, ამასთან კავშირში, მახსენდება, რომ ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა კარგი განათლება? რომელ დასავლურ ქვეყანაში უნდა გაემგზავროს და რომელი ენები უნდა შეისწავლოს? ასეთ შემთხვევაში მე მუდამ თქვენზე ვფიქრობ ხოლმე, აი, კაცი, ვინც არსად არ გამგზავრებულა და ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ადამიანად ითვლება ჩვენს ქვეყანაში. რა შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ უნდა მიიღოს კარგი განათლება საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა მოქალაქემ?

მამა ალექსანდრე მენი: ჯერ ერთი, თავიდანვე უნდა უარვყო ეს ეპითეტი. მე სულაც არა ვარ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული. მე მხოლოდ წიგნიერი კაცი ვარ. ძველი აკადემიადამთავრებული ადამიანები ბევრად უფრო განათლებულები იყვნენ, ვიდრე თეოლოგებისა და ფილოსოფოსების მთელი ჩვენი თაობა.

როგორ უნდა მიიღო განათლება? ღმერთო ჩემო, მთავარია გიყვარდეს საგანი, პრობლემა. სიყმაწვილეში წიგნებს სანთლით დავეძებდით, სკოლაში სწავლისას თან ვმუშაობდი, რომ ფული შემეგროვებინა და წიგნები მეყიდა. ვაგროვებდი წიგნებს, მეხუთე კლასიდან დავიწყე ჩემი ბიბლიოთეკის შეგროვება. თქვენ მართალი ბრძანეთ, მე არსად არ გავმგზავრებულვარ, სასულიერო სკოლაში კი უკვე მას შემდეგ დავიწყე სწავლა, როცა უკვე ჩემით მქონდა შესწავლილი მრავალი პრობლემა, ასე რომ, თვითგანათლება სრულიად რეალურია ადამიანისათვის.

მარკ მარკოვი: სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა გეკითხებიან, როგორ მივიღოთ განათლება, თქვენ უპასუხებთ: იკითხეთ წიგნები.

მამა ალექსანდრე მენი: ეს ყოველთვის ასე იყო, თვითგანათლება ყველაზე

მნიშვნელოვანი და დიდებული რამაა, თავისუფალი, მშვენიერი, საინტერესო.

მარკ მარკოვი: ჩვენი საუბარი მეოცე საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მიმდინარეობს, როცა თითქმის ყველაფერი ჩვენს თვალწინ იცვლება, როცა სიტყვა „რელიგია“ უკვე კი აღარ გვაშინებს, არამედ კეთილგანწყობით წარმოითქმება, ბევრს შეეცვალა წარმოდგენა რელიგიასა და მორწმუნეებზე, ქრისტეზე. როგორ უნდა შეცხვდეთ ამ ცვლილებებს ჩვენ, მორწმუნენი? თკვენ როგორ ფიქრობთ, ეს მართლა გულწრფელი მასიური მონანიებაა თუ მოდა?

მამა ალექსანდრე მენი: ალბათ მომავლის ისტორიკოსები უკეთ გაერკვევიან ამ საკითხებში. მე ეს არ მაინტერესებს, ისტორიკოსი არ გახლავართ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ისტორიაში და ჩემთვის ეს ცვლილებები (რასაც, ცხადია, უკვე კარგა ხანია ველოდი) მხოლოდ ჩვენი სამუშაოს შემსუბუქებას მოწმობს. თუმცა, ამასთან ერთად, ახალი პრობლემები და სირთულეები მოგვემატა.

ჯერ კიდევ აწ გარდაცვლილი მამა სერგეი ჟელუდკოვი ამბობდა: მოვა დრო, რადიოთი მოგვცემენ გამოსვლის საშუალებას, ჩვენ კი აღარ გვეცოდინება რა ვთქვათ. ასე რომ, დღესდღეობით პასუხისმგებლობა უფრო გაიზარდა.

ამას გარდა, მრავალი საცდური გაჩნდა – საოცრად პოლარული: უკიდურესი მოდერნიზმი, ან უკიდურესი კონსერვატიზმი. ეს ყოველივე ანაზდად მჟღავნდება ხოლმე კეთილისმყოფელ ვითარებაში პოლარიზაციით. ყველაზე მეტად ახლა იმ ადამიანებს უჭირთ, ვინც ცენტრში იმყოფება. მე ჩემს თავს ცენტრში მყოფად ვთვლი. აქაც იგივე ხდება, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მარკ მარკოვი: რადგან ორივე მხრიდან გესხმიან თავს?

მამა ალექსანდრე მენი: მართალს ბრძანებთ, თუმცა ეს ჩემთვის ნორმალურია, ამას მე ნორმად აღვიქვამ.

მარკ მარკოვი: მე არაერთხელ მითქვამს ჩემი მსმენელებისთვის, რომ არ ვეთანხმები ევოლუციის თეორიას… და მომყავდა არგუმენტები, ძირითადად მეცნიერული კრეაციონიზმის თეზისები… თქვენ, როგორც ვიცი, ევოლუციის თეორიას არ უარყოფთ…

მამა ალექსანდრე მენი: რელიგიური თვალსაზრისით… ჩემთვის ეს უფრო რელიგიური საკითხია, თუმცა მეცნიერულიც… მაგრამ ჩემთვის რელიგიური მსოფლმხედველობა სხვაგვარად წარმოუდგენელია, თუ არა ევოლუციის გზით.

მარკ მარკოვი: დღეს ალბათ ამ საკითხს დაწვრილებით ვერ შევეხებით, მაგრამ ამჯერად მე მხოლოდ მსურს ხაზი გავუსვა, რომ განსხვავებანი ძალზე მნიშვნელოვანი და მსოფლმხედველობითი ალბათ, ხელს არ უნდა გვიშლიდეს და არც გვიშშლის (კერძოდ, მე და თქვენ), როგორც ქრისტიანებს გვიყვარდეს ერთმანეთი.

მამა ალექსანდრე მენი: ცხადია, თანაც რა დიდი განსხვავება ეს არის, ღმერთო ჩემო, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი ღვთის საქმეა, ადამიანს კი მხოლოდ ის შეუძლია, რომ ეძიოს. რა პრინციპითაც არ უნდა შექმნილიყო სამყარო, ქრისტეს რწმენა უცვლელია. და ეს რწმენა სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, რომელ კონცეფციას ვიზიარებთ: ევოლუციონიზმს, კრეაციონიზმს თუ საშუალოს – შემოქმედებით ევოლუციას, როგორც ამტკიცებს ამას ბერგსონი, რადგან თვითონ ჯაჭვის შუალედური რგოლია ევოლუციონიზმსა და კრეაციონიზმს შორის.

მარკ მარკოვი: მე მაგალითად, სულაც არ ვთვლი შუალედურად, ჩემთვის ბერგსონი ევოლუციურ ბანაკში იმყოფება.

მამა ალექსანდრე მენი: ალბათ, რადგან არსებობს პირდაპირი და შემოქმედებითი ევოლუციონიზმი, მაგრამ ეს ყველაფერი მეორადია. ჩემი რწმენისათვის, ჩემი დამოკიდებულებისათვის ღვთისადმი, ქრისტესადმი, ჩემი ამქვეყნად ყოფნისათვის – არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ვითარდებოდა სამყარო. ჩემი გონებისათვის კი ეს საინტერესოა, ეს მიტაცებს და უკავშირდება ჩემს რელიგიურ თვალთახედვას.

და ხანდახან ჩემთვის ღრუბელი, ჩიტი, ხე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე რომელიმე რელიგიური ფერწერული ტილო. ბუნება ჩემთვის უმაღლესი რანგის ხატია.

მარკ მარკოვი: თქვენ ახლა ალბათ პავლე მოციქულის მიერ რომაელებისადმი მიწერილ ფრაზას გულისხმობთ „შემოქმედების წვდომის გზით“… ამბობს პავლე.

(შდრ. რომ. 1. 20).

მამა ალექსანდრე მენი: დიახ, და ეს აზრები ბავშვობიდანვე მიტაცებდა, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროიდან.

მარკ მარკოვი: თუ შეიძლება მოკლედ ჩამოგვითვალეთ თქვენი შრომები, წიგნები, სტატიები, ნაშრომები, რომელსაც ამუშავებდით, როგორც ღვთისმეტყველი.

მამა ალექსანდრე მენი: უნდა აღვნიშნო, რომ ხალხთან მუშაობისას, როგორც მოძღვარი, მე თავს უფლებას არ ვაძლევდი ვიწრო, მეცნიერული ღვთისმეტყველებით შემოვფარგლულვიყავი, რადგან ვთვლიდი, რომ ასეთი ღვთისმეტყველება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც მოიძებნებიან მკითხველები. ჩვენთან კი ადამიანებს უმეტესად პური სჭირდებათ, უბრალო საკვები და მე ამ „თონეში“ ვმუშაობ. ჩემს შემდეგ ალბათ მოვლენ ადამიანები, რომლებიც ნამცხვრებს გამოაცხობენ. ჩემი ამოცანაა – პური მივცე ხალხს, ეს არის და ეს.

მე მაქვს დაწერილი წიგნი ქრისტეს ცხოვრებაზე, ისტორიული თხზულება, რომელიც დამყარებულია ტექსტუალურ და არქეოლოგიურ მეცნიერულ კვლევებზე. ეს არის ცოცხალი მოთხრობა ქრისტეს ცხოვრებაზე, რომელიც სამჯერ გამოიცა უკვე დასავლეთში და ცალკეული თავები ჩვენთანაც დაიბეჭდა. ახლა აპირებენ მთლიანი წიგნის გამოცემას და წიგნს ერქმევა „ძე კაცისა“…

ასევე დაწერილი მაქვს წიგნი რელიგიის წარმოშობასა და არსზე (ესეც ორჯერ გამოიცა დასავლეთში). ბერძნული და ინდური ფილოსოფიის შესახებ „ახალი აღთქმის პარმაღთან“. სტატიები კი ბევრი მაქვს. დასავლეთში ჩემი ნაშრომებიდან დაახლოებით ორმოცდაათი დასახელებაა გამოცემული, ოცდაათი მათგანი ამ ბოლო ხანს რუსეთშიც გამოიცა.

მარკ მარკოვი: განაკუთრებით მინდა აღვნიშნო „ბიბლიური ლექსიკონი“, რომელზე მუშაობაც სულ ახლახანს დაასრულეთ.

მამა ალექსანდრე მენი: დავასრულე, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს ლექსიკონი დამწყებთათვის არის გათვალისწინებული, რადგან წმინდა წიგნების შესახებ უამრავი ლიტერატურა არსებობს და მასში გარკვევა საკმაოდ ძნელია.. მეც ამ ლიტერატურაზე მუშაობისას თანდათან დავიწყე ლექსიკონის შედგენა.

მარკ მარკოვი: თქვენი ეკლესია პატარა სოფელში მდებარეობს, მაგრამ ცნობილია, რომ მთელი მოსკოვის ინტელიგენცია თქვენთან ჩამოდის.

მამა ალექსანდრე მენი: მე სახელოვანი ადამიანებისაკენ არ ვილტვი, ჩემთვის ყველა სახელოვანია. ჩემი სოფლის ბებიებიც ისეთივე ადამიანები არიან, ზუსტად ისეთივე პრობლემები გააჩნიათ და ზუსტად ისეთივე ცოდვები, როგორც ინტელიგენტებს. ცხადია, ინტელიგენცია ჩემთან იმიტომ მოდის, რომ ჩემთვის უფრო იოლია

მათთან ლაპარაკი. მაგრამ მოსკოვშიც არიან მოძღვრები, რომლებიც საკმაოდ ინტელექტუალურ დონეზე იმყოფებიან, მე სულაც არა ვარ გამონაკლისი.

მარკ მარკოვი: და ბოლოს, რას ეტყოდით იმ მსმენელთ, რომელთაც, როგორც თვითონ ჰგონიათ, ახლა სრულიად შემთხვევით უსმენენ თქვენს გადაცემას?

მამა ალექსანდრე მენი: მე მინდა მათ ვუთხრა, რომ შემთხვევითობა არ არსებობს, თუკი უფლის ხმა ამ რადიოსადგურით მოგწვდათ, მაშასადამე, მოაწია ჟამმა და ის უკვე გიხმობთ.

მარკ მარკოვი: …რადიომსმენელთა სახელით მე მადლობა გადავუხადე მამა ალექსანდრეს, მაგნიტაფონი გამოვრთე და სურათი გადავიღეთ…

მას ერთი თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი – 1990 წლის 9 სექტემბერს მკვლელმა სიცოცხლეს გამოასალმა მამა ალექსანდრე მენი.

ეს ინტერვიუ ეთერში უფრო გვიან გავიდა. და აი, ახლა ინტერვიუ ქაღალდზეც გადავიტანე, ეს ცხოვრება არც ისე ხშირად გვახვედრებს ხოლმე გამოჩენილ ადამიანებს, მითუმეტეს იმ ადამიანებს, ვისაც პირველივე შეხვედრისთანავე შეიყვარებ. სწორედ ასეთი იყო ალექსანდრე მენი.

ცხადია, ჩვენს შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე ვიცნობდი მის წიგნებს, აღტაცებული ვიყავი მისი ცოდნითა და სიმამაცით, ვოცნებობდი, პირადად გავცნობოდი. მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი უბრალო და მხიარული იქნებოდა. თან ისიც გამიკვირდა, რომ ესოდენ დაკავებული კაცი, ყველას თავისი ბინის ტელეფონის ნომერს აძლევდა.

მე მადლიერი ვარ უფლისა იმ რამდენიმე საათისათვის, ერთად რომ გავატარეთ, და უფრო მეტად – იმ უდიდესი მემკვიდრეობისათვის, ადამიანებს რომ დაუტოვა მამა ალექსანდრემ – თავისი წიგნები, სტატიები, აზრები და რაც მთავარია, თავისი სიყვარული – სიყვარული ქრისტიანობისადმი და მოყვასისადმი.

სიკვდილის წინა დღეს მოსკოვის ტექნიკის სახლში წაიკითხა უკანასკნელი ლექცია (ეს ტექსტი პირველად „ლიტერატურნაია გაზეტამ“ დაბეჭდა 1990 წ. 19 დეკემბერს). ამ ლექციის ნაწყვეტები მე რადიოთი გადავეცი, მინდა ამ ინტერვიუსთან ერთად ის ბოლო ლექციაც მოგაწოდოთ, სადაც მამა ალექსანდრე მენი იმ აზრებს აღრმავებს და ავითარებს, რასაც ინტერვიუს დროს ვეხებოდით.

თარგმნა მზია გელაშვილმა
სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალი აფრა. N1 (ოქტომბერი-ნოემბერი) 1997 წელი.

ტექსტის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ოთარ მუშკუდიანს და გამოქვეყნების უფლებისათვის “კავკასიურ სახლს”

წყარო

Print Friendly

Comments are closed.