უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ

03/09/2018
By

ukrainian-independent-orthodox-churchავტორი : თეიმურაზ ბუაძე

ის ვინც ამბობს, რომ:
1. რუსეთის ეკლესია უკრაინის ეკლესიის “დედა ეკლესიაა”;
2. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება შეუძლებელია, თუ ამას რუსეთის “დედა ეკლესია” არ გააკეთებს;
3. ჩვენ მხოლოდ მაშინ უნდა ვაღიაროთ მისი ავტოკეფალია, თუ “მსოფლიო ეკლესია თავის სავსებაში”, ანუ ყველა ადგილობრივი ეკლესიები ერთსულოვნად, უნისონში დათანხმდება კონსტანტინეპოლის პატრიარქის გადაწყვეტილებას, უბრალოდ, სიტყვასიტყვით იმეორებს იმას, რასაც რუსეთის ეკლესიის მომხრეები ამტკიცებენ და აწყობთ (მოსკოვი არ აპირებს და საკუთარი ნებით არც არასოდეს აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას და ისიც იცის, რომ მასზე დეფაქტო დაქვემდებარებული ადგილობრივი ეკლესიები ამას ვერ გაბედავენ და არ გააკეთებენ).

ეს სამი პუნქტი სხვა არაფერია თუ არა მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილების დაბლოკვის პროცედურული მცდელობა და ისინი გაუმართლებელია ისტორიული, კანონიკური და ეკლესიური თვალაზრისით, სხვას რომ თავი დავანებოთ.
1. კიევის ეკლესია გაცილებით უფრო ძველია ვიდრე მოსკოვის, ამიტომ მეორე პირველის “დედა” ვერ იქნება. კიევში მართლმადიდებლობა ბიზანტიიდან შევიდა, იქ პირველი მაღალი იერარქების უმრავლესობა ბიზანტიელი, ბერძნულენოვანი სასულიერო პირები იყვნენ, ამიტომ უკრაინის ეკლესიის დედა კონსტანტინეპოლია და არა მოსკოვი (ეს ასე იყო უმეტეს შემთხვევაში. კარგადაა ცნობილი, რომ თვით მოსკოვის უმაღლესი იერარქი, რომელიც ფერარა-ფლორენციის კრებას ესწრებოდა ბერძნულენოვანი სასულიერო პირი იყო; პირველ საუკუნეებში რომის პაპების დიდი ნაწილიც აღმოსავლური წარმოშობის იყვნენ; და საქართველოშიც კონსტანტინე იმპერატორმა მირიან მეფის თხოვნით, ჩვენთან ანტიოქიიდან გამოაგზავნინა ეპისკოპოსები და სასულიერო პირები).
2. მართლმადიდებელი ადგილობრივი, ნაციონალური ეკლესიების დიდმა ნაწილმა ავტოკეფალია xix-xx საუკუნეებში მიიღო, მაშინ, როდესაც ევროპული და ოსმალური იმპერიები დაინგრა. განთავისუბლებული, დამოუკიდებლობა აღდგენილი ნაციონალური სახელმწიფოების ეკლესიების იერარქიას ბუნებრივად აღარ სურდა, იმპერიული მიტროპოლიებისადმი მორჩილება,ამიტომ სქიზმების თავიდან ასაცილებლად, კონსტანტინეპოლის საპარტიარქო აძლევდა ხოლმე მათ ავტოკეფალიას. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სახვა ეკლესიებისადმი ავტოკეფალის მინიჭების ან მათი აღიარების უზარმაზარი კანონიკური გამოცდილება აქვს და უამრავ ასეთ კანონიკურ პრეცენდენტს იცნობს, მოსკოვის საპატრიარქოსგან განსხვავებით,ამიტომ ამ საკითხში კონსტანტინეპოლი უფრო სანდოა ვიდრე მოსკოვი. როცა თავად მოსკოვის, ისევე როგორც სერბეთის, ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის და ა. შ. ეკლესიები იღებდნენ ავტოკეფალიას, არავის გაუმართავს ამ საკითხთან დაკავშირებით პლებისციტი “მსოფლიო ეკლესიის” უმაღლეს იერარქებს შორის. ავტოკეფალიას ყოველთვის კონსტანტინეპოლის ეკლესია ანიჭებდა.
3. “მსოფლიო ეკლესია” და მისი “სისავსე” მისტიკური და საკრამენტალური კატეგორიაა და არა ადმინისტრაციული, რომელმაც ამა თუ იმ ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მსოფლიო ეკლესიის ერთადერთ ორგანოდ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია მსოფლიო კრებებს მიიჩნევს და რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება “მსოფლიო ეკლესიის სისავსის” დემონსრაციას რომ საჭიროებდეს, მეშვიდე მსოფლიო კრების შემდეგ არავის არ უნდა მინიჭებოდა ავტოკეფალია. ამის მიუხედავად კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მოსკოვის პატრიარქს შესთავაზა კრეტის კრებაზე შეთანხმებულიყვნენ ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურულ საკითხებზე. ამაზე მოსკოვმა უარი განაცხადა და ახლა უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად რაღაც “საერთაშორისო საეკლესიო კონფერენციების” მოწყობის აუცილებლობაზე იწყებს საუბარს.
თუ ჩვენი ეკლესია სწორ ისტორიულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ჩვენ სქიზმის რეალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. მე იმედი მაქვს, რომ ამ პოსტით ჩემი და ბევრი სხვა თეოლოგის აზრს გამოვხატავ, რომელიც თანხმობაში არაა ერთ-ერთი, მისი დამსახურებებისა და ასაკის გამო პატივსაცემი მიტროპოლიტის კერძო შეხედულებასთან. ძალიან საშისი და სავალალო იქნებოდა, თუ მის კერძო შეხედულებას ბევრი მხარდამჭერი ეყოლებოდა წმინდა სინოდში.

 

წყარო

Print Friendly

Comments are closed.