ეპისკოპოს ანტონის აზრი ფშავ-ხევსურთა სარწმუნოებაზე

16/10/2014
By

post-18-1310661982

 

ავტორი: ვაჟა-ფშაველა

მკითხველებმა ვგონებ უნდა იცოდნენ ეპისკოპოს ანტონის აზრი ქართველ მთიელების სარწმუნოებაზე. ყოვლად სამღვდელო ანტონმა იმოგზაურა ფშავ-ხევსურეთში 1912 წ. ამ მოგზაურობის შედეგი, ჩვენდა საუბედუროდ, ძალიან სამწუხარო გამოდგა, რამაც ძალიან დაგვაღონა და დაგვაფიქრა. ეპისკოპოს ანტონს სასულიერო მთავრობის წინაშე ფშავ-ხევსურნი დაუხასიათებია როგორც წარმართნი კერპთთაყვანისმცემლები, სადაც ვითომ საჭირო იყოს ახლად გავრცელება ქრისტიანობისა მოძრავი ეკლესიების საშუალებით. ვიდრე ჩვენ მღვდელმთავრის გამოქვეყნებული აზრის აწონ-დაწონვას შეუდგებოდეთ, საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო ერთი ფაქტი: 18–19 წლის წინათ, ვიდრე ეპისკოპოსი ანტონი ინახულებდა ფშავ-ხევსურეთს, იქ მისიონერის როლს ასრულებდა ეპისკოპოსი ლეონიდი, ეპისკოპოს ანტონზე არა ნაკლებ განათლებული ფორმალურად და არა ნაკლებ რჯულისა და სარწმუნოების ერთგული, მაგრამ იმას არც ოფიციალურად, არც კერძო საუბრის დროს წარმართებად არ მოუნათლია ფშავ-ხევსურნი. არ ვიცით რამ აიძულა ყოვლად სამღვდელო ანტონი შაედგინა ასეთი მკაცრი ოქმი მთიელთა სარწმუნოებრივ მდგომარეობის გამო?!.

იქნებ წარმართობა, კერპთაყვანისმცემლობა იმაში უნდა დავინახოთ, ფშაველები და ხევსურები რომ ხატებსა ლოცულობენ? მერე რა ჰქვიან ამ ხატებსა? წმინდა გიორგი, ღვთისმშობელი, მთავარანგელოზი და სხვ.? ნუთუ ეს წმინდანები ქრისტიანული წმინდანები არ არიან? იქნებ იმაში გამოიხატება მთიელების წარმართობა, რომ ისინი ოთხფეხ ცხოველებს სწირავენ ხატებს. უკლავენ კურატებს? განა ეს ამბავი მარტო ფშაველებისა და ხევსურების ხატებში ხდება? აბა მიბრძანდით კახეთს – თეთრ-გიორგში და ალავერდში, სადაც სობოროები ბრწყინავენ, რამდენი საკლავი იკვლის? (ფშავ-ხევსურეთის ხატები მხოლოდ ძველ ნანგრევებს წარმოადგენენ და ძნელადაა საცნობი, თუ რისაა ეს ნანგრევები. უნდა ვიგულისხმოთ ძველი ეკლესიების ნაშთად).
იქნებ წარმართობა იქ არის დაფარული, ხატებში რომ დროშებს აჟღერებენ ხევისბერები და ქართველ მეფეთაგან შეწირული თასებით, და ახლა როგორი, და რა ხელოვნურად გაკეთებული თასებით, დიდრონი ვერცხლის სურებით, – ჰსვამენ ლუდსა და ღვინოს?! ახლა წაიკითხეთ ვისგან არის შემოწირული და მშვენიერის ხელით დაწერილი ეს სურები, ეს თასები, და სხვადასხვა ჯურის ჭურჭელი: „მე თამარმა დედოფალმა საქართველოსამ შემოვწირე“ და სხვ. „მე ვახტანგმა მეფემ საქართველოსამ შემოვწირე წმინდა გიორგის“ და სხვა. თუ წარმართობა სადმეა, აქ უნდა იყოს დამარხული. ოღონდაც, ამ თასებით ხალხი ჰსვამს სასმელს, თანაც წარწერებს კითხულობს, იგონებს წარსულს, იღვიძებს ხალხის გულში და გონებაში ისტორიული იდეალი; მლოცავს სულიერი საზრდო ეძლევა, სიცოცხლე ემატება, სული აღფრთოვანდება, აღტაცება ეტყობა; და ესეთი აღტაცება ზნეობრივი თვისებისაა, სარწმუნოებრივზე თუ არა მეტი, ნაკლები ხომ არა და არა. დროშის დანახვა ხალხისათვის ხომ თამარისდროინდელი საქართველოს დანახვაა, თქვენ გსურთ მოსპოთ ეს ხატობები და ამასთან ერთად ერის სულიერი სიცოცხლე? შეაწყვეტინოთ კავშირი წარსულთან და დამარხოთ?!. ჩემის ფიქრით, ვერცხლისა და ოქროს თასებს კი არა, ძველის ძველს, რომელსაც ხატობის დროს ხალხი ხმარობს, – აქვს უდიდესი მნიშვნელობა, სპილენძისასაც კი. მაგრამ რა ვქნა, რომ არა ვსთქვა: „კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო“, – ნახევარზე მეტი ხატებიდან სწორედ მღვდლებმა და დიაკვნებმა გაზიდეს, გადიპარეს ეს თასები. სარწმუნოება მე მესმის, როგორც შედეგი ადამიანის გონებრივის, სულიერის განვითარებისა და არა იმათი შუაზე გადალეწა-გადამტვრევისა და დასახიჩრებისა. ძალად შეიძლება მხოლოდ ფორმა შეათვისებინო ადამიანს, ფორმა სარწმუნოებისა, ხოლო ამ საშუალებით მის მართლმორწმუნედ გახდომა ყოვლად შეუძლებელია. დღეს სადა გვაქვს ჩვენ ნამდვილი ეკლესია? მიჩვენეთ თუნდ ერთი რომელიმე კუთხე საქართველოში მთასა, გინა ბარსა, ეკლესია ასრულებდეს ნამდვილს თავის დანიშნულებას? ძალიან ძნელია ამისთანა ეკლესიის პოვნა. ეს სატკივარი ჟამთა ვითარების ნაყოფია, დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური მარტო წესების ასრულებაში…
ეპისკოპოს ანტონის მოძრავ ეკლესიას ფშავ-ხევსურეთში, ზემოდ რომ ზნეობრივი ლეწა-მტვრევა და დასახიჩრება დავასახელეთ. სწორედ ის მოჰყვება: ახალს ერის ცხოვრებაში ვერაფერს შეიტანს. რადგან ყოველი ეკლესიური წესი ისედაც უკლებლად სრულდება; ამსრულებლად მღვდელნი არიან, წესების ასრულებას ხალხიც თხოულობს. ფშაველს დიდ უბედურებად მიაჩნია უზიარებლად რომ სნეული გარდაეცვალოს, მღვდლებს დიდ სამდურავს ეტყვის და დავასაც აუტეხს; აგრედვე შეუძლებელია უღვდლოდ მიცვალებულის დამარხვა. ჯვარის წერა, მონათვლაც ხომ, რა თქმა უნდა, საჭიროდ მიაჩნიათ, საჭიროა აგრედვე სახლის განათვლა და სხვ.
მართლმადიდებლობა ხომ მარტო ქრისტიანულ წესების ასრულებაში არ გამოიხატება, იმის სული და გული სხვა რამ არის და სწორედ ამ ს ხ ვ ა  რ ა მ ი ს ასრულებას და დამყარებას თუ საერთოდ ცხოვრების პირობები არ უწყობს ხელსა, ძნელია მართლმადიდებლობის მისწრაფებათა განხორციელება; იქ სადაც წარმართული სოციალური პირობები მეფობს (რა თქმა უნდა ამ პირობებს ფშავ-ხევსურნი არა ჰქმნიან), ყოველ მართლმადიდებელს თავის დაღს დაასვამს; მართმადიდებლობამ უნდა გარეგნულად, ფორმით იარსებოს, კერპთაყვანისმცემლობისა თუ მართმადიდებლობის ხალხზე ზემოქმედების შედეგი შეუძლებელია არ გამოხატოს ზნეობრივ აქტებში. დღევანდელ ქართველებს თუ რუსებს, იმ მოსაზრების წყალობით, რაც ზევით მოგახსენეთ, არ შემიძლიან ნამდვილი მართმადიდებლები დავარქვა, უეჭველია ვერც ფშავ-ხევსურთ დავარქმევ ნამდვილს მართმადიდებლებს, მაგრამ ეს განა იმის მომასწავებელია, იმათ კერპთმსახურები დავუძახოთ. მაშინ ხომ მთელი რუსეთი და საქართველოც ამ სახელით უნდა მოვნათლოთ!
თუ საქებური ზნეობრივი ყოფაქცევითა ხასიათდება მართმადიდებლობა, მაშინ ფშავ-ხევსურთ არ შეიძლება გამოვართვათ ეს სახელწოდება; ოფიციალურად ცნობილია, ყველაზე ნაკლები დანაშაული სისხლისა თიანეთის მაზრაშია, სადაც მცხოვრებთა მომეტებული რიცხვი ფშავ-ხევსურნი არიან; იმის გამო, რომ ადმინისტრაციას აქ ცოტა საქმე აქვსო, მთავრობამ რამდენჯერმე მოიწადინა გაეუქმა თიანეთის მაზრა, ნაწილი მიეწერა დუშეთისა და ნაწილი თელავის მაზრისათვის.
სჩანს ფშავ-ხევსურთ არაფერს უშლის კერპთთაყვანისმცემლობა იყვნენ პატიოსანი ადამიანები, უკეთესი ზნეობისა იმათზე, ვინც ზეპირად იცის მართმადიდებელი კატეხიზმო და მთელი ზნეობრივი კოდექსი და საქრისტიანო ლოცვები.
საწყინოა განკარგულება ეპისკოპოს ანტონისა, რითაც მან აღუკრძალა ფშავხევსურეთის მღვდლებს ხატობებში საკლავისა, ლუდისა და საწირავის კურთხევა. ამით ეპისკოპოსმა უფრო დააშორა მღვდელი ხალხსა.
ძალიან კარგი იქნებოდა, თუ მათი მეუფება მოახერხებდა ამ კერპთაყვანისმცემლებიდან შემოსული ფული – ტყავებისა თუ ხორცისა, რაც ფშავ-ხევსურეთის ხატებში გაიყიდება, ან თუ ფულად შეწირული, არ მიჰქონდეს სინოდალურ კანტორას და როგორც ერის საკუთრება ერსვე უბრუნდებოდეს. (ან კი რა საკადრისია მართლმადიდებელი დაწესებულებისათვის კერპთთაყვანისცემის დროს აღებული ქანქარი?).
რაც შეეხება საკლავების ხოცას დღეობებში, ამ ჩვეულების მოსპობა უნდა მივანდოთ ჟამთა სვლას, რამაც შეიძლება მოსპოს საქონლის ხოცვა, კვლა, განაღამც ხატებში, ქალაქების საყასპოებშიც კი, რაც ყველაზე მეტად უნდა სამღვდელოებას არ ესიამოვნოს ჩემის ფიქრით.

1914 წ.

წყარო

Print Friendly

Comments are closed.