როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ეკლესიაში სასულიერო ხარისხები იყოფა ქვედა და ზედა საფეხურებად.
მაშინ, როდესაც ზედა საფეხურის ხარისხები ძირითადად ფიქსირებულია (ეპისკოპოსობა, პრესვიტერობა, დიაკვნობა), ქვედა საფეხურის ხარისხთა რაობა ხშირად ცვალებადობდა დროსა და სივრცეში.
რომის ეკლესიაში ქვედა საფეხურის კლერიკოსებს განეკუთვნებოდნენ: ოსტიარი (ostiarius – ითავსებდა მნათეს ფუნქციებს), წიგნის-მკითხველი (lector), ეგზიორცისტი, აკოლითოსი (acolythus – საკურთხველში ეხმარებოდა მღვდელს წირვის აღსრულებაში). ზოგიერთ შემთხვევაში ქვედა საფეხურს მიეწერებოდა იპოდიაკვნობაც (subdiaconus), რომლის ბუნებაც ხშიურად იყო დისკუსიის საგანი.
სავალდებულო იყო ყველა ამ საფეხურის გავლა, რათა კანდიდატს ჯერ დიაკვნის, შემდეგ კი მღვდლის ხარისხი მიეღო. მაშასადამე, ქვედა საფეხურის კლიროსში მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ გაწვრიანება.
ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, 1972 წელს პაპმა პავლე VI-მ გადაწყვიტა გაეუქმებინა ქვედა საფეხურის მსახურებათა მინიჭების პრაქტიკა და დაეტოვებინა მხოლოდ წიგნისკმითხველისა და აკოლითოსის მსახურებები, ამასთანავე შეენარჩუნებინა ამ ხარისხებში ექსკლუზიურად მამაკაცების მიღების წესი.
მართალია კათოლიკურ ტრადიციაში, განსაკუთრებით ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, ქალების მიერ ღვთისმსახურებისას სამოციქულოს კითხვა, გალობა და მღვდლის წირვისას დახმარება სიახლე აღარ არის, მაგრამ მათი ასეთი მსახურება აქამდე რჩებოდა „არაოდინალურ“ პრაქტიკად.
პაპმა ფრანცისკემ ამა წლის 11 იანვარს, სამოციქულო წერილით Spiritus Domini გადაწყვიტა გამოეცხადებინა კათოლიკურ საეკლესიო სამართალში შესწორების შეტანის შესახებ, რომელიც ქალებს უფლებას აძლევს უკვე ოფიციალურად და პერმანენტულად, სპეციალური ლოცვის მეშვეობით დადგენილნი იქნენ მკითხველებად და აკოლითოსებად.
რომის პაპი წერილში აღნიშნავს: „სული უფლისა, მარადიული წყარო ეკლესიის ცხოვრებისა და მისიისა, განუყოფს ნიჭებს ღვთის ერის წევრებს, რაც თითოეულს, მათი საზომისაებრ, საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ეკლესიის დაფუძნებასა და სახარების უწყებაში. ეს ქარიზმები, რომლებსაც მსახურებები ეწოდება, რამდენადაც საჯაროდ არიან განცხადებულნი და დაფუძნებულნი ეკლესიის მიერ, სტაბილური სახით იმყოფებიან ქრისტიანული თემებისა და მათი მისიის განკარგულებაში“.
შემდეგ კი პაპი ხაზს უსვამს სხვაობას ქვედა საფეხურის მსახურებებსა და სამღვდელო ხარისხის მსახურებებს შორის და მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ ნათლობისას მიღებული უნივერსალური მღვდლობის ძალით (შდრ. 1პეტრ. 2:9), ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება რომ ორდინალური სახით მონაწილეობა მიიღოს ქვედა საფეხურის მსახურებაში, მეორე მხრივ კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს „საერო ხარისხები“ „თავისი ბუნებით სავსებით განსხვავებულია ხელთდასხმაში მიღებული სამღვდელო ხარისხებისაგან“.