ქალის დიაკვანად ხელთდასხმის უძველესი ფორმულა

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

Adobe Photoshop PDF

 

“სამოციქულო განწესებანი” (Διαταγαί τῶν ἁγίων Ἀποστόλων, Constitutiones Apostolorum) არის IV საუკუნის ქრისტიანული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელსაც სურს მკითხველს გააცნოს მოციქულების მიერ იერუსალიმში გამართული კრების განწესებები და წარმოადგენს სხვადასხვა შედარებით ადრეული ძეგლების კომპილაციას (სირიული Didascalia Apostolorum – III ს.; დიდაქე – II ს.; იპოლიტესათვის მიწერილი Traditio Apostoloca III ს. და ა.შ.). ტექსტის რედაქტირება და კომპილაცია IV საუკუნის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო სირიაში (ზოგიერთი მოსაზრებით უშუალოდ ანტიოქიაში). წყარო რვა წიგნისაგან შედგება და წარმოადგენს სხვადასხვა კანონიკური და ლიტურგიული ხასიათის განწესებებს, რომელთა წარმოთქმასაც ტექსტის რედაქტორ-კომპილატორი მოციქულებს მიაწერს[1]: პირველი წიგნი ეთმობა ქრისტიანთა ქცევის ნორმებს, მეორე წიგნი – საეკლესიო იერარქიას, მესამე – ქვრივებს, მეოთხე – ობლებს, მეხუთე – მოწამეებს, მეექვსე – სქიზმებს, მეშვიდე – ქრისტიანულ მორალსა და ქრისტიანული ინიციაციის (ნათლობა) გარემოებებს, მერვე წიგნი კი შეიცავს ევქარისტიულ ლიტურგიას, ხელდასხმათა ლოცვებსა და 85 კანონს, რომელიც მოგვიანებით “მოციქულთა კანონების” სახელით ცალკე ძეგლად გამოეყოფა “სამოციქულო განწესებებს” და შევა მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო კანონიკურ კრებულში, რომელსაც “დიდი სჯულის კანონის” სახელით იცნობს ქართული საეკლესიო ტრადიცია[2].

“სამოციქულო განწესებები”, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის წყაროს წარმოადგენს III-IV საუკუნეების ქრისტიანული ლიტურგიის შესწავლისათვის, VIII წიგნში, სხვა ხელთდასხმის ლოცვებთან ერთად შეიცავს ქალის დიაკვანად ხელთდასხმის ლოცვასაც (Constitutiones Apostolorum 8:19-20), რომელიც ჩვენამდე მოღწეულ იგივე დანიშნულების სხვა ფორმულარებს შორის (მაგ. VIII საუკუნის Barberini gr. 336[3] და კ. კეკელიძის მიერ გამოცემული ქართულ-პალესტინური A86[4]) უძველესია.

ტექსტი, რომელიც ერთი რუბრიკალური მითითებისა და ერთი მოკლე ლოცვისაგან შედგება, ქალის დიაკვნად ხელთდასხმის წესს ბართლომე მოციქულის პირით განაწესებს:

«დიაკვან ქალთა (διακονίσσης) შესახებ განვაწესებ მე, ბართლომე. ეპისკოპოსო, დაასხი მას ხელი (πιθήσεις ατ τς χερας), პრესვიტერებით, დიაკვანი კაცებითა და დიაკვანი ქალებით (τν διακόνων κα τν διακονισσν) გარშემორტყულმა და ასე ილოცე:

ღმერთო საუკუნეო; მამაო უფლის ჩვენისა იესო ქრისტესო; კაცისა და ქალის შემოქმედო; მარიამის[5], დებორას[6], ანასა[7] და ხულდას[8] სულით აღმავსებელო; შენი მხოლოდშობილი ძის ქალისაგან შობის მნებებელო; ხოლო წამების კარავსა და ტაძაში კართა მცველებად ქალების გამნწესებელოροχειρισάμενος), ახლაც მოხედე ამ შენს მხევალს, დიაკვნობისათვის არჩეულსροχειριζομένην ες διακονίαν), მოეცი ამას სული წმინდა და განწმინდე სულისა და ხორცის ყოველგვარი ბიწისაგან, რათა ღირსებით აღასრულოს მისთვის მინდობილი საქმე, შენს სადიდებლად და შენი ქრისტეს საქებელად, რომელთან ერთადაც შენია დიდება და თაყვანისცემა, სული წმინდითურთ, ამინ»[9].

მოხმობილი ლოცვა, რომელიც კაცის დიაკვნად ხელთდასხმის ლოცვას მოსდევს, რაიმე განსაკუთრებულ მინიშნებას არ შეიცვას ქალი დიაკვნების მსახურების რაობასა და მის ბუნებაზე, მაგრამ საინტერესოა, რომ მასში გამოყენებული ტერმინოლოგია იდენტურია კაცი დიაკვნების ხელთდასხმის ლოცვის ტერმინოლოგიისა, რომელსაც “სამოციქულო განწესებები” ფილიპე მოციქულის პირით აყალიბებს და რომელიც ასევე ერთი რუბრიკალური მითითებისა და ერთი მცირე ზომის ლოცვისაგან შედგება. ამ შემთხვევაშიც ეპისკოპოსი ადებს მამაკაც კანდიდატს ხელს (ἐπιθεὶς αὐτῷ τὰς χεῖρας) და სთხოვს ღმერთს, მოხედოს თავისი წმინდა სახით დიაკვნობისთვის არჩეულ პირს (τὸν προχειριζόμενόν σοι εἰς διακονίαν), რათა შეძლოს ღირსეულად გაუძღვეს მისთვის მინდობილ მსახურებას.

დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალთა დიაკვნობის საკითხი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და დღემდე ცხოველი კვლევისა და ღია დისკუსიის საგანია, თუ რა სახის ხელთდასხმასა და რა სახის მსახურებას გულისხმობდა ეკლესიის ეს უძველესი ტრადიცია.

 

[1] იხ. Steiner B., «Costituzioni Apostoliche», in Dizionario di Letteratura Cristiana antica, ed. Döpp S., Geerlings W., Città del Vaticano 2006, 233.

[2] იხ. დიდი სჯულის კანონი, რედ. გაბიძაშვილი ე., თბილისი 1975, 216-226.

[3] იხ. L’Eucologio Barberini gr. 336, ed. Parenti S., Velkovska E., Roma 2000, 172-174.

[4] იხ. Кекелидзе К., Древне-грузинский архиератикон, Тифлис 1912, 96-100.

[5] შეად. გამოს. 15:20.

[6] შეად. მსაჯ. 4:4.

[7] შეად. ლკ. 2:36 // 1 მეფ. 2:1.

[8] შეად. 4 მეფ. 22:14.

[9] Funk F. X., Didascalia et Constitutiones Apostolorum, Vol. I, Paderbornae 1906, 524.

Print Friendly

Tags: , , , , ,

Comments are closed.