„განანათლე ხელი შენი დარტყმით“- ძალადობის წინააღმდეგ

11/07/2016
By

Bichevanie_Hrista._Siena_1275-80_Guido_da_Siena_34h46._Altenburg._Lindenau_Muzejრატომ მოუწოდებდა იოანე ოქროპირი ღვთისმგმობელთა ცემისკენ?

შეიძლება თუ არა, ქრისტიანმა ღვთის გმობის საპასუხოდ დაარტყას ადამიანს, თუ ზემოქმედების სხვა საშუალებები ამაო აღმოჩნდება? არაერთი წელია, ინტერნეტში ამ თემაზე კამათობენ. საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტილების უმთავრეს არგუმენტად, ჩვეულებრივ, იმოწმებენ იოანე ოქროპირის სიტყვებს — „განანათლე ხელი შენი დარტყმით“, „შემუსრე ბაგეები“, „სილა გააწანი“ — რომლებიც წმიდა მამამ სწორედ ღვთისმგმობელთა მისამართით წარმოთქვა. ზოგიერთი ქრისტიანისთვის ისინი მანუგეშებლად ჟღერს და ლამის პირდაპირ სანქციად იღებენ ძალის გამოსაყენებლად ყველგან, სადაც ღვთის გმობას დაინახავენ. სხვებს ყურს სჭრის და აცბუნებს ზნეობრივი გრძნობა, წმიდანის უმაღლესი ავტორიტეტის მიუხედავად.

პირველი ამათგანის არგუმენტები საკმაოდ მარტივი და გასაგებია: რადგან წმიდა იოანე ოქროპირმა ბრძანა, მაშასადამე, შესაძლებელი, საჭირო და აუცილებელიც კია.

მეორეთა არგუმენტები, ჩვეულებრივ, ნაკლებად კონკრეტულია და ახალი აღთქმის სრულ ტექსტსა და მთლიანად მართლმადიდებლურ გარდამოცემასთან ამ მოწოდების არშედარება-არშეჯერების ღრმა შეგრძნებას ეფუძნება. თავად იოანე ოქროპირის შრომებშიც მსგავსი მოწოდება მხოლოდ ერთხელ გვხვდება (სხვაგვარად ყველასთვის ცნობილი ციტატა ქსელურ კამათებში აუცილებლად შეივსებოდა სხვებით, აზრობრივად მისი მონათესავეთი).

მაგრამ, როგორც იტყვიან, სიმღერას ტექტს ვერ მოაშორებ. ამ ფრაზას მართლაც ვხვდებით წმიდა იოანე ოქროპირთან — „საუბრებში ქანდაკებათა შესახებ“: „რადგან საუბარი შეეხო ლანძღვა-გინებას, მსურს, ყველას გთხოვოთ დახმარება ამ საუბრისა და განსჯის სანაცვლოდ, — კერძოდ ის, რომ ქალაქში მაგინებლები დააშოშმინოთ. თუ გაიგებ, რომ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს გმობს, მიდი და შეაგონე. თუ საჭირო იქნება, სილაც გააწანი, ბაგეები დაუხშე, განანათლე ხელი შენი დარტყმით…“

აქ ისმის ძალზე მნიშვნელოვანი ეთიკური კითხვა: რამდენად არის ეს სიტყვები მოწოდება ქმედებისკენ თანამედროვე ქრისტიანებისთვის?
ცხადია, ამაში გასარკვევად, თავდაპირველად უნდა გაცხადდეს ერთი მარტივი და კანონზომიერი საკითხი: რას გულისხმობდა თავად წმიდა იოანე ოქროპირი ამ სასტიკი სიტყვების წარმოთქმისას? კერძოდ, რომელ ღვთისმგმობელებს გულისხმობდა, როცა თავის სამწყსოს ამ მგმობელთათვის სახეში გარტყმით საკუთარი მუშტების განათლებისკენ მოუწოდებდა?

 

ჯანყი

 

387 წელს მცირე აზიის უმსხვილეს ქალაქ ანტიოქიაში სახალხო აჯანყება დაიწყო. ამის მიზეზი იმპერატორ თეოდოსის მიერ გადასახადების მორიგი გაზრდა იყო. ხელოსნები, გლეხები და წვრილი ვაჭრები ისედაც თითქმის გაკოტრებულები იყვნენ გამუდმებით მზარდი მოსაკრებელით იმპერატორის ხაზინისთვის. ამ დროს კი, ჩვეულებრივი გადასახადების გარდა, უცებ იმპერატორ თეოდოსის იუბილესთან დაკავშირებული ახალი გადასახადი გამოცხადდა. თანაც იმდენად დიდი, რომ იმპერატორის ბრძანების გამოცხადების შემდეგ მთელი ქალაქი უდიდეს სასოწარკვეთილებას მიეცა. შემდეგ ადგილ-ადგილ სულ უფრო მატულობდა დრტვინვა ასეთი არაადამიანური პოლიტიკის წინააღმდეგ.

რამდენიმე დღეში მზარდი უწესრიგობანი ფართომასშტაბიან აჯანყებაში გადაიზარდა. აღშფოთებული ბრბო ყველგან ანადგურებდა იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახულებებს. ქალაქის ბევრ ადგილას საზოგადოებრივ შენობებზე გამოფენილი ხის დაფებზე დახატული პორტრეტები ქვებით დაამსხვრიეს. იგივე ხვედრი ეწია იმპერატორის მრავალრიცხოვან ქანდაკებასაც. მათ თოკები ჩააბეს და კვარცხლბეკებიდან ჩამოყარეს.

განრისხებული ხალხი იმპერატორისა და მისი ოჯახის წევრების ქანდაკებებს ლანძღვა-გინებითა და შეურაცხყოფით ქალაქის ქუჩებში დაათრევდა. შემდეგ ისინი ნამსხვრევებად აქციეს და მდინარეში გადაყარეს. აჯანყებულებს ემსხვერპლა თეოდოსის მძიმე, ცხენზე ამხედრებული ქანდაკებაც, რომლის განადგურებაშიც მრავალი ადამიანი მონაწილეობდა. იმპერატორის რეაქციასაც არ დაუგვიანია. მაშინდელი კანონებით, მეფის გამოსახულებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა თავად ხელმწიფის შეურაცხყოფას უდრიდა. ქალაქს სასტიკი რეპრესიები დაატყდა თავს, მისი ბევრი მცხოვრები დასაჯეს, საპყრობილეში ჩააგდეს, ყოველგვარი უფლება და ქონება ჩამოართვეს. ათეულ ათასობით ანტიოქიელი შიშით გარბოდა მშობლიური ქალაქიდან და ირგვლივ მოხეტიალე ურიცხვი ავაზაკური ბანდისთვის იოლი მსხვერპლი ხდებოდა. ცრემლები, შიმშილი და ახალი უბედურებების გამუდმებული შიში — აი, რა ერგოთ წილად ანტიოქიის გადარჩენილ მაცხოვრებლებს საიმპერატორო ოჯახის წევრების გამოსახულებების შემუსრვის შემდეგ.

სწორედ ამ ტრაგიკული გარემოებების გამო წარმოთქვა იოანე ოქროპირმა მისი ცნობილი სიტყვა — „საუბრები ქანდაკებებზე“. სხვათა შორის, მხოლოდ პირველი მათგანი წარმოითქვა აჯანყების წინა საღამოს, როცა სახალხო მღელვარება უკვე აშფოთებდა ქალაქს, მაგრამ მასობრივ უწესრიგობებში ჯერ არ გადაზრდილიყო. მეორეში უკვე სახალხო ჯანყის საშინელი შედეგებია აღწერილი. მთლიანობაში, ანტიოქიისთვის იმ მძიმე დღეებში, წმიდა მამამ ოცდაერთი სიტყვა-საუბარი წარმოთქვა.

 

ღვთისმგმობელნი

 

იმ პირველ საუბარში ჯანყის დასასრულს გაიჟღერა სწორედ წმიდა მამის მოწოდებამ — ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც ხელის აღმართვით დაეშოშმინებინათ ადამიანები, რომლებიც ხალხს თავიანთი სიტყვით გამოსვლით აშფოთებდნენ და აჯანყებდნენ. სწორედ ამ აჯანყებულებს უწოდებს აქ იოანე ოქროპირი ღვთისმგმობელებს. ასეთი განსაზღვრება გასაგები ხდება ყველა ამ სიტყვა-საუბრის წაკითხვის შემდეგ. მათი ძირითადი მოტივი გაღატაკებული ხალხის დამშვიდებაა.

სწორედ მეტისმეტად მძიმე გადასახადებით გამოწვეული სიღატაკე გახდა ჯანყის ობიექტური მიზეზი. ქალაქის მცხოვრებთა შორის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ სიღარიბე ღვთის სიყვარულთან შეუთავსებელია და რომ ღმერთი სულაც არ არის ისეთი, როგორადაც მას ეკლესია წარმოაჩენს. თავად იოანე ოქროპირის მოწმობით, ასეთი „აგიტატორები“ არცთუ ცოტა იყვნენ: „ბევრნი აცდუნებენ გულუბრყვილო ადამიანებს და ამბობენ, რომ ეს უბედურებანი საღვთო ჩანაფიქრთან შეუთავსებელია.“ მაგრამ კიდევ უფრო მეტი იყო თავად მოხიბლული და გულუბრყვილო, რომლებიც პირდაპირ და აშკარად ადანაშაულებდნენ ღმერთს თავიანთი გაუბედურებული მდგომარეობის გამო. სწორედ მათზე საუბრობდა იოანე ოქროპირი, რომ „ღვთისმგმობელი არის ვირი, რომელმაც მრისხანების სიმძიმეს ვერ გაუძლო და დავარდა. მიდი და წამოაყენე ის სიტყვითაც და საქმითაც, მოკრძალებითაც და ძალითაც; წამალი სხვადასხვანაირი უნდა იყოს.“ ძნელი არ არის იმაში დარწმუნება, რომ ღვთისმგმობელები აქ სწორედ ღმერთზე მდრტვინავ ღარიბებს ჰქვიათ; ამისთვის საკმარისია იმ სტრიქონების წაკითხვა, რომლებიც მოსდევს „ხელის დარტყმით განათლებას“, მაგრამ მათი ციტირებისას რატომღაც ტოვებენ სიტყვებს: „ქონება დაკარგე? თუ მადლობით მიიღებ, მაშინ შენი სული მოგიპოვებია და დიდ საუნჯეს დაუფლებიხარ, ღვთისგან დიდი კურთხევა მოგიხვეჭია; მაგრამ თუ ღვთის გმობას დაიწყებ, ცხონებასაც დაკარგავ. ვერც ქონებას დაიბრუნებ და მოკლავ სულსაც, რომელიც გებადა. მაგრამ რადგან საუბარი ღვთის გმობას შეეხო, ყველას მინდა გთხოვოთ, ამ საუბრისა და განსჯის მაგივრად, ქალაქში ღვთისმგმობელნი დააშოშმინოთ. თუ გაიგებ, რომ ვინმე გზაჯვარედინებსა და მოედნებზე ღმერთს გმობს, მიდი და შთააგონე. თუ გარტყმა გახდება საჭირო, ნურც ამაზე იტყვი უარს, სილა გააწანი, ბაგეები დაუხშე, განანათლე ხელი შენი დარტყმით.“ ბოლომდე გასაგები რომ იყოს, თუ ვის და რისთვის — იოანე ოქროპირის აზრით, მაშინ დარტყმაც საჭიროა. არსობრივად, ესაა ნათელი განმარტება წმიდა მამის მიერ მისივე სიტყვებისა ბაგეთა შემუსრვის შესახებ: „რამდენგზის მსმენია, რომ ამბობენ: ღარიბი რომ არ ვიყო! დავუხშოთ ბაგეები მათ, ვინც ასე დრტვინავენ, რამეთუ ამის თქმა ღვთის გმობაა.“

 

ექიმი

 

უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში, რომელიც გადასახადების საწინააღმდეგო ჯანყს ამწიფებდა, იოანე ოქროპირი თავის სამწყსოს მოუწოდებდა, ყველაფერი ეღონათ ან შფოთის თავიდან ასაცილებლად. მონოზვნად აღკვეცამდე მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, რამდენიმე წელი ადვოკატი იყო, შესანიშნავად იცოდა იმპერიის კანონები და ესმოდა, თუ რა სისხლიანი შედეგები მოჰყვებოდა ანტიოქიელთა მოსალოდნელ ამბოხს.

რასაკვირველია, გადამეტებული გადასახადებით გამოწვეული სიღარიბე მოქალაქეებს უბედურებად ატყდებოდათ თავს. მაგრამ მთელი ეს სიმძიმე ვერ შეედრებოდა იმ კარასტროფას, რაც ქალაქს იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყების გამო ემუქრებოდა. ამიტომ იოანე ოქროპირი ყველა ღონეს ხმარობდა და ცდილობდა, თანამემაულენი ჯანყისგან ეხსნა. ის აჯანყებულებს ღვთისმგმობელებს, საღვთო ჩანაფიქრის უარმყოფელებს ეძახდა და თავის მრევლს სთხოვდა, გონს მოეყვანათ ეს ცდუნებული და გულუბრყვილო ღარიბები, ამისთვის კი ყველა საშუალება გამოეყენებინათ, თვით ხელის აღმართვაც კი, თუკი ეს საჭირო გახდებოდა.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ყველა ეს ტრაგიკული მოვლენა მისი მსახურების პირველ წელს მოხდა. ანტიოქიის აჯანყების შემდეგ ამ დიდი მამის ოქროს ბაგეებს აღარასოდეს წამოსცდენია მოწოდება ღვთისმგმობელებზე ძალადობის შესახებ, თუმცაღა მის დროს ასეთნი დღევანდელზე ნაკლებნი როდი იყვნენ. პირიქით, იოანე ოქროპირის პირადი კრედო ხელით შეხებასთან დაკავშირებით ყველაზე ნათლად გამოხატულია სიტყვებში: „მასწავლებელი სულის ექიმია; ექიმი დარტყმას კი არ აყენებს, არამედ მიყენებულ დარტყმებს ასწორებს და კურნავს“. მან ეს აზრი სხვადასხვა ვარიაციით მრავალგზის გაიმეორა ჯერ მისი მწყემსობის ორი ათწლეულის მანძილზე, შემდეგ კი სამღვდელმთავრო მსახურებისას.

არჩევანი

რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ მთელი ამ ისტორიიდან? ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში არსებობს პრინციპი — Consensus patrum — წმიდა მამათა შეთანხმება რწმენისა და ღვთისმოშიშების საკითხებზე. მისი ძირითადი წესი ჯერ კიდევ V საუკუნეში ჩამოაყალიბა ღირსმა ბიკენტი ლირინელმა: „რაც ყველამ ან მათმა უმრავლესობამ ერთმნიშვნელოვნად მიიღეს, დაიმარხეს, ღიად გადასცემდნენ, ხშირად ურყევადაც, ერთვარად მასწავლებელთა წინასწარი ურთიერთშეთანხმებით, ის უეჭველად, სწორად და უდაოდ უნდა მიიჩნეოდეს; ხოლო თუ ვინმე — წმიდანი იყო ის თუ მეცნიერი, აღმსარებელი თუ მოწამე, თუ ყველას არ ეთანხმებოდა ან, უფრო მეტიც, ყველას ეწინააღმდეგებოდა, ეს უნდა ჩაითვალოს პირად, იდუმალ, კერძო, განსხვავებულ აზრად (sekretum), საერთო, აშკარა და საყოველთაო რწმენის ავტორიტეტისგან განსხვავებულად.

ამ წესის მიხედვით, წმიდა იოანე ოქროპირის გამონათქვამი ღვთისმგმობელებზე ხელით შეხების შესახებ განსხვავებული გამონაკლისია თვით მის პირად მემკვიდრეობაშიც კი. ის სავსებით განსაზღვრული, მოსალოდნელი დაღუპვა შეიძლება იყოს მრავალი ადამიანის სიტუაციისა და მდგომარეობისთვის. რასაკვირველია, ამ საკითხზე წმიდანთა რაიმე სახით თანხმობაზე საუბარიც კი გამორიცხულია. და როცა დღეს ვინმე ქრისტიანთაგანი განიზრახავს, „განანათლოს ხელი თვისი დარტყმით“, ის მართლაც დაიმოწმებს ამ დროს წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებს. მაგრამ, ვფიქრობთ, ასეთი არჩევანი წმიდანის ქრისტიანულ შეხედულებებს კი არ დაახასიათებს, არამედ ამ გზის ამრჩევის პირად საღვთისმეტყველო და ეთიკურ არჩევანსა და უპირატესობის მინიჭებას.

 

ავტორი: ალექსანდრე ტკაჩენკო

მოამზადა: ხათუნა რაქვიაშვილმა

წყარო

 

ფოტოზე: ქრისტეს გაშოლტვა, გვიდო სიენელი (მე 13 ს.ნე)

Print Friendly

Comments are closed.