პიროვნებები თანაზიარებაში

clement1988-photo-cavanagh-ciricოლივიე კლემანი

ოლივიე-მორის კლემანი იყო გამოჩენილი ფრანგი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი და ისტორიკოსი. იგი დაიბადა 1921 წლის 17 ნოემბერს. მისი მშობლები ათეისტები იყვნენ. ახალგაზრდობაში იყო არარელიგიური, აინტერესებდა სოციალიზმი, სწავლობდა მარქსს. შემდეგ საუნივერსიტეტო განათლება მიიღო რელიგიის ისტორიის მიმართულებით. მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობაში. მოგვიანებით მისი რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენა მოახდინა საფრანგეთში ემიგრირებულმა რუსმა ფილოსოფოსმა ნიკოლოზ ბერდიაევმა და თეოლოგებმა პავლე ევდოკიმოვმა და ვლადიმერ ლოსკიმ. საბოლოოდ მან მიიღო მართლმადიდებლობა და გახდა გამოჩენილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი. იგი მეგობრობდა და საუბრებს მართავდა სულიერ თემებზე ისეთ პიროვნებებთან როგორებიც იყვნენ მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა I, რომის პაპი იოანე პავლე II, გამოჩენილი რუმინელი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი დუმიტრუ სტანილოე და ეკუმენური სამონასტრო თემის ტეზეს დამფუძნებელი ძმა როჟე. იგი ასწავლიდა პარიზის წმ. ლუდოვიკო დიდის სახელობის ლიცეუმში და ასევე წმ. სერგის სახელობის მართლმადიდებლურ თეოლოგიური ინსტიტუტში. ის არის მრავალი საღვთისმეტყველო ნაშორმების ავტორი. მისი ინტერესის სფერო საკმაოდ ფართოა, ის წერდა განსაკუთრებით ეროსის, პიროვნების, თანამედროვე კულტურის პრობლემებისა და ეკუმენური ურთიერთობების თემებზე. მისი ენა ცოცხალი და პოეტურია, რითაც წარმატებით აღწევს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მდიდარი და მრავალფეროვანი სამყაროს წარმოჩენას მკითხველის წინაშე.
გარდაიცვალა 2009 წლის 15 იანვარს.

გთავაზობთ მისი შრომების ჩამონათვალს:

Tranfigurer le temps: Notes sur le temps a la lumiere de la tradition orthodoxe. – Neuchatel; Paris: Delachaux et Niestle, 1959. 219 p.
L`Eglise orthodoxe. – Paris: Presse universitaire de France, 1961. 126 p.
Qu` est – ce que l` Eglise orthodoxe L`Eglise orthodoxe en France. – Paris: Centre oecumenique Enotikon, 1961. 37 p.
L`essor du Christianisme oriental. – Paris: Presse universitaire de France, 1964. 123.
Byzanse et le christianisme. – Paris: Presse universitaire de France, 1964. 122 p.
Dialoques avec le patriarche Athenagoras. – paris: Fayard, 1969. 588 p.
L`esprit de Soljenitsine. – Paris: Stock, 1974. 384 p.
L`autre soleil: Quelques notes d`autobiographie spirituelle. Paris: Stock, 1975. 123 p
Le visaqe interuere. – Paris: Stock, 1978.
Le Chant de Larmes: Deux passeuers (Vladimir Lossky et Paul Evdokimov). – Geneve: Labor et Fides, 1985. 210 p.
Sources. – Paris: Stock, 1982.

 

ინგლისურიდან თარგმნა ზურაბ ჯაშმა

 

 

ბიბლიაში ყველგან ერთი და მრავალი წარმოგვიჩნდება, როგორც ერთმანეთის თანაფარდი. დაბადების პირველ თავში ვკითხულობთ: „შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად… მამაკაცად და დედაკაცად შექმნა“ (დაბად. 1, 27). ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, კაცის და ქალის ბუნების პოლარიზაციას ეხება, მაგრამ იგი ასევე მიემართება ერთისა და მრავლის შინაარსს. ჩემი მეუღლე ყველა სხვაზე უწინარეს არის ჩემი მახლობელი, მაშინაც კი, როდესაც მე მგონია, რომ დავივიწყე იგი.

ადამიანში ერთისა და მრავლის საიდუმლო აირეკლავს ერთისა და მრავლის საიდუმლოს ღმერთში. ზუსტად ისე, როგორც ღმერთის ბუნებითი ერთობა აღსრულდება პიროვნულ სიყვარულში, ჩვენც მოწოდებული ვართ, მივემსგავსოთ ღმერთს, მთელ კაცობრიობასთან ბუნებითი ერთობის აღსრულდებაში. ადამიანური ბუნება არ არის ფილოსოფიური იდეა, არამედ გაცხადებული ჭეშმარიტებაა და იგი არ შეიძლება ეკუთვნოდეს მარტოსულ არსებობას. იგი ეძლევა პიროვნებებს მათ მრავალსახეობაში; იგი მკვიდრობს სიცოცხლის დიდ გაცვლა-გამოცვლაში, რომლითაც თითოეული პიროვნება არსებობს ყველა დანარჩენისთვის და ყველა დანარჩენის მეშვეობით. ქრისტიანული სულიერება – ცხოვრება სულიწმინდაში არის იმის შინაგანი არსი, რასაც „ჩვენ“ ვეზიარებით, იგი არის ჩვენი არსებობა, გაღვიძებული თვითშემეცნებაში სხვებთან თანაზიარი არსებობის მეშვეობით. არ დაივიწყოთ, რომ ეს „ჩვენ“ არ არის უსახური მასა, მას არაფერი აქვს საერთო კოლექტიურ ისტერიასთან. იგი ყოველთვის არსებობს პიროვნებათა შეხვედრის წყალობით. ის არის ჩვენი ახლობლის სახე, რა თქმა უნდა, მათემატიკურად აღურაცხავი, მაგრამ მაინც სახე. ქრისტიანული „ჩვენ“ აირეკლავს სამებას; მართლმადიდებლურ ლიტურგიაში, ევქარისტიული საიდუმლოს დაწყებისას, დიაკონი ამბობს: „იყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ…“ და მგალობელთა გუნდი პასუხობს: „მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ერთარსებასა, სამებასა განუყოფელსა“. უძველესი დროიდან მომდინარე მშვიდობის ამბორი, რაც ამ სიტყვებს მოსდევს, შეგვახსენებს, რომ ქრისტიანული „ჩვენ“ არის არა აღრევა, არამედ სამების მსგავსად უნიკალურ პიროვნებათა ერთობა.

სწორედ ეს არის, რაც განასხვავებს ქრისტიანობას ეგოისტური მისტიციზმისა და მეტაფიზიკისაგან ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება, წმ. გრიგოლ ნოსელის სიტვებით რომ ვთქვათ, არის „სამების მიბაძვა“. როგორც ერთი ღმერთი არის სამი პიროვნება, ასევე ქრისტეში ჩვენ ყველა ვართ „ერთმანეთის ასონი“ (იხ. რომ. 12,5); ჩვენ მოწოდებული ვართ, გავხდეთ ერთი ადამიანი მრავალ პიროვნებაში.

მეოცე საუკუნეში რუსული ღვთისმეტყველება დაუბრუნდა ამ განაზრებას და ის დახვეწა, თითქოს აღმოაჩინა სულიერი იმპერატივი, თუმცა სეკულარიზებული, რადგან შეიცავდა სოციალიზმს. მღვდელი სერგი ბულგაკოვი ყურადღებას ამახვილებდა „ყოველ პიროვნებაში მთელი კაცობრიობის“ არსებობაზე. მღვდელი პავლე ფლორენსკი აღნიშნავდა, რომ ფუნდამენტური განსხვავება საზოგადოებაზე ჭეშმარიტ ქრისტიანულ შეხედულებებსა და საუკეთესო მიზნების მქონე სოციალურ მორალზე დაფუძნებულ შეხედულებას შორის მდგომარეობს იმაში, რომ თუკი უკანასკნელის მიხედვით, ადამიანები უბრალოდ ერთმანეთის მსგავსნი არიან, პირველის მიხედვით, „თანაარსნი“, სამების პიროვნებათა ერთიანობის ხატად შექმნილნი.

როდესაც ჩვენ ვხდებით ცოცხალი არსებები, უკიდურესად განვავრცობთ ჩვენი ინდივიდუალურობის საზღვრებს ქრისტეს სხეულის სიდიადეში, მეტად აღარ ვართ გამოყოფილი სივრცესა და დროში სხვა არსებებისაგან. ამიერიდან ჩვენ ვატარებთ ჩვენს თავში მთელ კაცობრიობას.

ამ პრინციპების შუქზე ისტორია იძენს თავის ჭეშმარიტ მნიშვნელობას. თუ ისტორია იყო მხოლოდ ნანგრევები და ფერფლი, ისტორია სიკვდილისა და მიცვალებულებისა, მაშინ რატომ არის ჩვენთვის ასე საინტერესო? მახსენდება ერთი შემთხვევა ჩემი ბავშვობიდან, როდესაც ვიყავი რვა-ცხრა წლის. მთელი სამყარო, რომელშიც ვიზრდებოდი, იყო ათეისტური; მასში ღმერთის არსებობა უარყოფილი კი არ იყო, არამედ საერთოდ არ იყო მისი ხსენება. ერთ დღეს ისტორიის (საგანი, რომელიც მიყვარდა) გაკვეთილზე მასწავლებელი გვიამბობდა იმპერატორ კარლოს დიდის შესახებ. იგი სამეფო ტახტზე 800 წელს ავიდა, ხოლო 814 წელს მოკვდა… უცებ ვიგრძენი თავბუსხვევა. მოკვდა, – ვუთხარი მე ჩემს თავს, – ამ წიგნში ყველა მკვდარია. მაშინ რატომ უნდა მაინტერესებდეს მე ისტორია? დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, ვიდრე პასუხი ვიპოვე: საბოლოოდ, ისტორია არის ადამიანის ღმერთთან ყოფნის ხვედრი, და რომ ღმერთი არის არა „მკვდართა, არამედ ცოცხალთა“.

მაგრამ ცოდვა ამ მრავალსახოვან ერთიანობას გადააქცევს ურთიერთდაპირისპირებულ სიმრავლედ, ისე რომ, სივრცე ხდება გამთიშველი, დრო – მკვლელი, ენა კი ვარგისია მხოლოდ შედარებისა და ფლობის გამოსახატად. აქედან, სამოციანელების მომხიბლავი ლოზუნგი, „ისიყვარულე  და ნუ იომებ“ (ინგ. Make love, not war,  მთარგ.). ეს არის ღვთის გმობა, რადგან თავისთავად ეროტიკული შეხვედრა ჩვენ მოგვეცემა როგორც სიმბოლო, პიროვნული თანაზიარობისათვის წინასწარ გემოს გასინჯვა.

ცოდვის საუფლოში, მარტოობაში მყოფი ინდივიდები ერთმანეთს მტრობენ. დღეს საყოველთაოდ გავრცელებულია ტენდენცია: როდესაც პირისპირ ვაწყდებით დაუძლეველ სულიერ დაბრკოლებებს, რომლისგანაც თავის დაღწევა მხოლოდ სიწმინდეს შეუძლია, ავხსნათ ეს მოვლენა წმინდა ისტორიული და სოციოლოგიური ცნებებით. ამრიგად, ჩვენ ვსაუბრობთ მომხმარებლურ საზოგადოებაზე და ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მოხმარებული ბუნება, რომელიც ყოველთვის უდანაკლისოდ გვიხდის სამაგიეროს. მართალია, რომ ფული არის ძლიერი მაგნიტი, რომელიც ცოდვას იზიდავს ქვეყნიერების ზედაპირზე, მაგრამ იგი არ არის ცოდვის გამოგონებული.

ცოდვის საუფლო ცალკეულ ინდივიდთა გრიმს წარმოადგენს, რომლებსაც ერთმანეთი კიდეც სძულთ და კიდეც ემსგავსებიან ერთმანეთს (ამიტომაც განაპირობებს სხვების სიძულვილს ყველას სიძულვილი ანუ საკუთარი თავის სიძულვილი). შედეგად ვღებულობთ უცნაურ მონოტონურობას. თუ ამდენ გაუბედურებულ ადამიანთა საიდუმლოებების მსმენელი სულიერი მოძღვრები ვეღარ შეძლებენ მათ გულში ჩახედვას, სხვა არაფერი დარჩებათ გარდა იმისა, რომ ეკლესიასტესთან ერთად თქვან: “ყოველივე ამაოა… რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“ (ეკლესიასტე, 1,1-9)

არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ სოლოვიოვს, რომ უნდა მოვიდეს დრო „სიკეთის გამართლებისა“, რაც მისი ერთ-ერთი წიგნის სათაურიც გახდა. არა მორალიზმის მომაბეზრებელი სიკეთე, არამედ ღვთის სისავსესთან ზიარების სიკეთე და მშვენიერება – სიკეთე, რომელიც აღარ მომდინარეობს მორალისაგან, არამედ არსებობისა და თანაზიარებისაგან. გამომგონებლობა, შემოქმედებითი ენერგია, ორიგინალურობა მყოფობს მხოლოდ სულიწმინდაში. თავისთავად ბოროტება არარაობაა, საპნის ბუშტია. მისი ძირითადი ნიშან-თვისება არის გამეორება. სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გარემოცვაში ჩვენი ინტერესის საგანი შეიძლება იცვლებოდეს თაობიდან თაობამდე ან ცივილიზაციიდან ცივილიზაციამდე. შესაძლებელი იქნებოდა ბოროტების ისტორიის დაწერა; მაგრამ არაფერი დარჩებოდა ისტორიკოსის გონებაში გარდა ამპარტავნებისა და სასოწარკვეთილებისა. ამიტომ უნდა ითქვას, რომ არაფერი შემოაქვს ყოფიერებაში ჩვენს გზასაცდენილ თავისუფლებას.

ეს არის თავისუფლება, რომელიც ეძებს სიცოცხლის სულს მხოლოდ იმისათვის, რომ უარყოს და მისი იმიტაცია მოახდინოს, შეუძლია აჩვენოს რაღაც სასტიკი, საშინელი სიდიადე, სატანური გამომგონებლობა. რავენის ტაძარში არის ლუციფერის მოზაიკა, ძალზე მშვენიერი, მაგრამ უსაზღვროდ ჩაფიქრებული და მოწყენილი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს მხარეს დგას, არ სურს, მას შეხედოს. ამიტომ ამიიჩნეოდა დიდი მეუდაბნოეების მიერ მოწყენილობა, „ამქვეყნიური წუხილი“, რაც წმინდა პავლეს თანახმად, „წარმოშობს სიკვდილს“ (იხ. 2 კორ . 7,10 -მთარგ.),ცოდვის ერთ-ერთ ძირითად სახეობად.

XIX საუკუნე, მნიშვნელოვანი გამონაკლისებით, იყო სულიერი ძილის ხანა, როდესაც ქრისტიანობა გადაგვარდა მორალზმში. ამის გამო იმდენად ნაკლებად იყო გაზიარებული სულიწმინდის შემოქმედებითი სიახლოვე, რომ რამდენიმე მგზნებარე სულს სიცოცხლისა და მშვენიერებისადმი სწრაფვისას იგი ლუციფერში შეეშალა. ბოდლერი ლექსებს უწერდა სატანას, ახალგაზრდა ნიცშე, მიუხედავად იმისა, რომ მღვდლის შვილი იყო, ან შესაძლოა სწორედ ამიტომაც, სამებაზე საუბრობდა, როგორც მამაზე, ძეზე და ლუციფერზე. მხოლოდ ლეონ ბლოის ესმოდა თუ როგორ უნდა „გამოიცადოს სულები“ (იხ. I იოან. 4,1 -მთარგ.): ჭეშმარიტი შთაგონება მოდის სულიწმინდისაგან, მაგრამ იგი უნდა განთავისუფლდეს იმ ჯოჯოხეთისგან, სადაც იგი პირობითმა ქრისტიანულმა მორალმა განდევნა. ჩვენ ჯერ ისევ ვიხდით მეცხრამეტე საუკუნის ღალატის ფასს. მაგრამ ბერდიაევმა თქვა, და ეს მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარეობდა, რომ ყოველი ქრისტიანი სულიწმინდისაგან ღებულობს განსაკუთრებულ გენიას, ხოლო სიმონა ვეილი გრძნობდა მოწოდებას იმ „სიწმინდისაკენ, რომელიც ჰქონდა გენიას“. მას უკვე ნაჩვენები ჰქონდა ის, რასაც თვითონ ფლობდა. ასე რომ ღვთიურ სულს კვლავ ჰყავდა თავისი წინასწარმეტყველები ჩვენს შორის. ჩვენ ყოველდღე აღმოვაჩენთ, რომ ევქარისტია, უძველესი სირიული ლიტურგიის სიტყვებით, არის სული და ცეცხლი.

ქრისტეში ღმერთმა გააერთიანა კაცობრიობა. ამიერიდან, დროისა და სივრცის გარეშე, იგი სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სხეული. ადამიანების ურთიერთობა ქრისტეში უფრო ნამდვილია ვიდრე მიწიერი სხეულის მეშვეობით შემდგარი კავშირი. ხორციელ ნათესაობას სიკვდილი უღებს ბოლოს, ხოლო ქრისტეში ნათესაობა მარადისობისაკენ მიგვიძღვის. სისხლი, რომელიც ქრისტეს განგმირული გვერდიდან მოჩქეფს, არის ევქარისტიის ღვინო და ის გვართობს დიადი სიყვარულით.

სისხლის ერთიანობა პასუხობს ცეცხლის დაყოფას; მართლაც, ეს ორი ერთმანეთისაგან განუცალკევებელია, რადგან სისხლში გიზგიზებს ცეცხლი. სული არის ცეცხლი, სისხლი კი წითელია; რწმენა ბავშვური, მაგრამ ღრმა, შეგვამეცნებინებს საიდუმლოს, რომ სისხლი თავის საფუძველში არის წყალი – ამქვეყნიური ცხოვრება, ცეცხლით აგზნებული სულიწმინდის მიერ. ამიტომ სისხლი არა მხოლოდ წითელია, არამედ თბილიც. მართლმადიდებლური ტრადიციით, ვიდრე მორწმუნეები მიიღებან ზიარებას, ღვინოში ურევენ მცირეოდენ თბილ წყალს, რაც „სულიწმინდის ცეცხლის“ სიმბოლოა.

ჩვენ ვართ ერთი ადამიანი ქრისტეში, განწმენდილი და გაერთიანებული მისივე სისხლით. ყოველი ჩვენგანი არის უნიკალური (პიროვნება) ქრისტეში. აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სულწმინდის ცეცხლის ალები განიყო, რაც დღემდე გრძელდება, დამყარდა მათი თავისუფლება, განმტკიცდა მათი მრავალგვარი მოწოდება (შდრ.I კორინთ. 12 – მთარგ.). ღმერთმა სიცოცხლისაკენ მოუხმო პიროვნულ არსებობას და ამგვარად განასხივოსნა უცვალებელი შინაგანი არსი. იყო პიროვნება, ნიშნავს, განამტკიცო სხვებთან თანაზიარებასა და ამ თანაზიარებისთვის ისეთი რამ, რაც მანამდე არასოდეს არსებობდა.

ასე რომ, ქრისტიანები არა მარტო ერთ მთლიანობას შეადგენენ ქრისტეს გამაერთიანებელ სხეულში. მათ აგრეთვე თავისუფლად უნდა წარმოაჩინონ თავიანთ ცხოვრებაში, თითოეულის მოწოდების მიხედვით, აღდგომის ძალა, რასაც ეს სხეული მოიცავს.

ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული, ითხოვს თანაზიარებაში პატივისცემას, ერთგულებასა და მორჩილებას, მორჩილებას სიკვდილამდე, რასაც ვხედავთ ქრისტეში; მაგრამ ეკლესია, როგორც ორმოცდამეათე დღის გაგრძელება, მოგვიწოდებს სიმამაცის, მდიდარი წარმოსახვის, სიყვარულის შემოქმედებითი გარდაქმნისა და ბრძოლისაკენ, რათა შეგნებულმა პიროვნებამ განახორციელოს მისი თავისუფლება. მაგრამ ამ ბრძოლის ერთადერთი მიზანი ერთობის შესაქმნელად არის თანაზიარება, რომელიც თავისუფალია ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებისაგან, ერთი მხრივ, ინდივიდუალიზმისა და თვითიზოლაციისაგან, მეორე მხრივ კი, კოლექტივიზმისა და უსახური აღრევისაგან. საბოლოოდ, მორჩილება არის ყველასი ყველასადმი, ისე რომ, ყველას ერთად შეუძლია გაიზარდოს სიმწიფის ასაკამდე სიყვარულსა და თავისუფლებაში. კაცობრიობა, რომელიც არის ერთი ქრისტეში, მოწოდებულია დაუსრულებელი დაყოფისაკენ სულიწმინდაში. ეკლესია თავისი ბუნებით, როგორც ახალი კაცობრიობის წიაღი, არ არის არც „ზეპიროვნება“, არც ღვთივშთაგონებულ ინდივიდთა უბრალო ერთობლიობა. იგი ერთსა და იმავე დროს მიმართულია ერთიანობისა და გაყოფისაკენ. სამება, რომელიც მაგნიტივით გვიზიდავს, არის საფუძველი იმისა, რომ ორივე – ერთიანობაც და გაყოფაც, თანაბრად განაპირობებდეს ერთმანეთს.

ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს პიროვნება არის უჯრედი სხეულში. ყოველი პიროვნება ერთსა და იმავე დროს არის სხეულის ნაწილი და მთელი სხეულიც. თითოეული მათგანი თავისთავად ფასეულია მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესთვის და პირდაპირ ხვდება მას თავის სამეფოში. აქ არ დგას საკითხი ვინმეს უპირატესობაზე. ქრისტე უპირატესობას ანიჭებს ყოველ პიროვნებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ქრისტეს სიყვარული კაცობრიობისადმი თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის მსგავსია, მაგრამ ასეთი სიყვარული შეიძლება იყოს მხოლოდ აბსტრაქცია. სინამდვილეში ღმერთი, რა თქმა უნდა, უპირატესობას ანიჭებს მას, ვინც სიყვარულისაგან ცნობადაკარგულია, ვისაც სიკვდილამდე ერთი უყვარს. სიყვარული ყოველთვის არის ვინმესთვის უპირატესობის მინიჭება. და ქრისტე უპირატესობას ანიჭებს თითოეულს. იგი მიმართავს თითოეულს, რომ უთხრას, შენ ხარ ის, ვინც მე გამოვარჩიე. მისთვის თითოეული პიროვნება არის აბსოლუტური ღირებულების მქონე; აბსოლუტური კი არ ნიშნავს რაიმე ისეთის არსებობას, რაც წარმოადგენს ყოვლისმომცველის ნაწილს. წმინდანი თავის თავში მოიცავს მთელ კაცობრიობას, მთელ უნივერსუმს, იმიტომ რომ ის თავის გულში ატარებს ღვთის ზღვარგადასულ სიყვარულს ყოველი პიროვნებისადმი და საერთოდ, ყოველივე არსებულისადმი. ეს არის სიყვარული, რომლის გარეშე მას არსებობა არ ძალუძს.

ქრისტეს სხეული არა მხოლოდ ერთიანობაა, არამედ გაცვლა-გამოცვლა, რომლითაც სამების სიყვარულის მოძრაობას ეზიარება კაცობრიობა. ამ მოძრაობაში თითოეული ამოშლის საკუთარ თავს, რათა მისცეს სხვას. ეს მოძრაობა არის გადასვლა ინდივიდიდან პიროვნებისაკენ, ზრდა სიმწიფის ასაკამდე, რომელიც მიიღწევა, მხოლოდ სიკვდილისა და აღდგომის გზით. ჩვენ ვხდებით უნიკალურნი, თავს ვაღწევთ ცოდვის განმეორებადობას მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ვაღწევთ ერთიანობას. სრულყოფილების დადგომასთან ერთად პიროვნულობა ყალიბდება გაერთიანებისა და განსხვავების, საკუთარი თავის გაცემისა და ამავე დროს შენარჩუნების, სიყვარულისა და საარსებო გარემოს შექმნის მიმართულებით სვლაში. ამიერიდან ჩვენ აღარ ვიცავთ ასე მოშურნეობით ჩვენს წილს მთელ კაცობრიობაში, ჩვენს საკუთარ სიხარულს, განცალკევებას. ჩვენ გავცემთ იმდენად, რომ შეგვიძლია, სიცოცხლეც ვაჩუქოთ. გავცემთ რა ჩვენს სიცოცხლეს, ვღებულობთ საკუთარ თავში ყველა სიცოცხლეს.

მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ დროზე ადრე არ მოვინდომოთ გაცემა, ყმაწვილური ჟინით, ბარიკადებზე მებრძოლების მსგავსად. ასეთი მიდგომა ყველაზე მეტად არცხვენს ქრისტიანობას. „არა ყველა, ვინც ამბობს, უფალო, უფალო…“ (მათე, 7, 21). არა ყველა, ვინც ამბობს, სიყვარული, სიყვარული…

ყველაფერი, რაც ჩამოუყალიბებელი და ზედაპირულია, უვარგისია, ვიდრე ერთობა და თანაზიარება შედგება. პირველ ყოვლისა, უნდა დამყარდეს წონასწორობა, შინაგანი სიმშვიდე, თვითკონტროლი, უნდა შევძლოთ საკუთარი სურვილების მართვა. თუ ჩვენ გვსურს, გვიყვარდეს მოყვასი, პირველ რიგში, უნდა შევიყვაროთ ღმერთი და მისი სულიერი მოძღვრება. ქრისტემ შეძლო საკუთარი თავის მიცემა საკვებად, როგორც არსობის პურისა მხოლოდ იმიტომ, რომ სრულად იყო მამის თანაარსი.

ქრისტეს მეშვეობით მამასთან შეერთებული გული მშვიდდება, ჩვენი გულის სიღრმე ღვთის გულის სიღრმეს ეზიარება. თითოეული ჩვენგანი ხდება კაცი – მთელი კაცობრიობა; ამ ზიარების დინამიკაში დასარულს ვერასოდეს მივაღწევთ, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ დაუსრულებელ განვრცობაზე – ჩვენ აღარ ვფლობთ აღარაფერს, მაგრამ ჩვენ ვართ ყველაფერი. როგორც წმ. სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა (X ს. – მთარგ.) თქვა: „ის არის ღარიბი კაცი, ვისაც მთელი კაცთა მოდგმა უყვარს“.

ინდივიდს სურს, ფლობდეს ყველაფერს და საკუთარ თავში ხედავს სიცარიელეს, პირი მიბრუნებული აქვს საკუთარი არარაობისაკენ. პიროვნება კი „სულის სიგლახაკით“ (იხ. მათე, 5,3 – მთარგ.) ფლობაზე უარის თქმით განუდგება ყოველივეს და ღებულობს ყოველივეს. ქრისტე ამბობს: „რასაც თქვენ უარყოფთ მიიღებთ ასმაგად“ (შდრ. მათე, 19,27-30 – მთარგ.). ლიბერტინს არანაირად შეუძლია ქალის იდუმალი სილამაზის დანახვა, მისთვის მიუწვდომელია პიროვნების სიყვარული; ანუ თუ შეიგრძნობს მას, ცდილობს დაანგრიოს იგი და ეპყრობა როგორც უბრალოდ სხეულს: „იგი ზუსტად ისეთივეა, როგორც სხვა დანარჩენი“. ის ზრდის თავის დაპყრობათა რიცხვს, მაგრამ მეტად აღარ ძალუძს ქალის სახის დანახვა ან მისი სხეულის აღქმა ისე, როგორც სახისა. თავშეკავებულმა ადამიანმა კი იცის, რომ ნამდვილი სილამაზე სასწაულია. შესაძლოა, იგი ემსგავსება წმ. იოანე სინელის მიერ აღწერილ წმინდანს, რომელმაც ღმერთს დიდება მიუძღვნა ქალის სხეულის სილამაზის გამო.

თუ ჩვენ მიდრეკილება გვაქვს ძალაუფლებისაკენ და ამბიციურობისაკენ, მხოლოდ გარეგნულ სახეს ვამჩნევთ, ყველაფერს ვხედავთ მართვის თვალსაზრისით. მაგრამ „ნეტარ არიან მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (მათე, 5,5 -მთარგ.). ისინი უკვე ფლობენ მას, რადგან ყველაფერს ხედავენ, ისე, როგორც არის სინამდვილეში. თუ ჩვენ ვართ გაერთიანებულც და გაფართოებულიც, აღმოვაჩენთ ჩვენს ჭეშმარიტ სახეს ძიების გარეშეც. აღმოვაჩენთ არა იმ სახეს, ჩვენ რომ ასე მოშურნედ ვიცავთ, რომელიც ჩვენთვის შექმნა ამ წუთისოფელმა, ჩვენმა კულტურამ, ყველა ჩვენმა საზრუნავმა და ტანჯვამ, არა განსაცვიფრებელ სილამაზეს, რითაც ზოგჯერ დაჯილდოებული ვართ ახალგაზდობაში. ეს უბრალოდ მატერიალური ასპექტებია. ჭეშმარიტი სახე მომდინარეობს გულიდან, თუ გული ანთებულია; იგი ამოდის გულიდან, ისევე როგორც ახალი იერუსალიმი განკაცებული ღვთისა და განღმრთობილი კაცობრიობის გულიდან. და ისევე როგორც ახალი იერუსალიმი გარდაქმნის „ერების დიდებასა და პატივს“ (გამოსლ. 21,26 – მთარგ.), ცოცხალი გული გარდაქმნის განცდათა ნაკვალევს, შინაარსით აავსებს ახალგაზრდულ სილამაზეს.

სიყვარულის ძალა, ალბათ, ყველაზე კარგად აღწერა წმ. გრიგოლ ნოსელმა. უეჭველია, იგი საამისოდ იძულებული გახადეს ორიგენისტებმა, რომელთა ქრისტიანული რწმენა, მიუხედავად მისი სიღრმისა მაინც ანტიკური სამყროს ციკლურობით იყო განმსჭვალული. ორიგენისტების სწავლებით, სულები თავდაპირველად აღვსებული იყვნენ ღვთიური მადლით და ერთმანეთთან უახლოეს თანაზიარებაში მყოფობდნენ. მაგრამ მათ მოყირჭდათ უმაღლესი სულიერი გამოცდილება, ისურვეს ცვლილება და აირჩიეს გათიშულობა, იზოლაციაში გაყინვა და ურთიერთდაპირისპირება. გარს უდიდესი ყინული გვაკრავს და მისი სუსხი ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი, ეს არის ქვეყნიერების დაცემა. ქრისტე უნდა მოსულიყო, რათა აღედგინა ყოველივე თავდაპირველ მდგომარეობაში, მაგრამ რა შეაჩერებს მოყირჭების საშიშროებას?

გრიგოლ ნოსელი ხედავდა ანტიკური ციკლური ტრადიციისაგან თავის დაღწევის აუცილებლობას და მის სანაცვლოდ ჩამოაყალიბა დინამიური მარადისობის, თანაზიარების მარადიულობის ცნება, რაც აქ მიწაზე იწყება. როგორ შევძლებთ ოდესმე ვთქვათ, კმარა? ღმერთი უფრო და უფრო მეტად მიძღვნის თავის თავს და აღმავსებს თავისი ყოფიერებით, იგი უფრო და უფრო განახლებულად და ამოუწურავად წარმომიჩნდება. რაც უფრო მეტად შევიცნობთ მას, მით უფრო შეუცნობელი ჩანს. და მოყვასის შეცნობა-შეუცნობლობაში ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ დასარულს.

მარადისობა იწყება აქ და ახლა, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ქრისტეში განსწავლული არცოდნის კარი, რომელიც აქამდე თუ დახშული იყო ჩემსა და ჩემს მოყვასს შორის, ახლა სამუდამოდ ღიაა. მარადისობაში ჩემი მოყვასი უკვე აღარ არის უპიროვნო ობიექტი – „რაღაც“ კლასიფიცირებული, კატალოგებში აღრიცხული და დავიწყებული, არამედ იშვება ახალი ცხოვრებისათვის, როგორც უდიდესი საიდუმლო, დაუსრულებელი, როგორც ღმერთი, ანუ როგორც „მე“ ჩემი თავისთვის. ამიერიდან მე ვადგები ბილიკს, რომელსაც მივყავარ ყრმობის სამყაროში. წმ. გრიგოლის სიტყვებით რომ ვთქვა, იგი მატარებს მარადიულად „დასაბამიდან დასაბამისკენ, დაუსრულებელი დასაბამების გზით“ („ქება ქებათას“ განმარტება, PC XLIV 941 A). მარადისობა არის პირველი წამი, რომელიც უწყვეტად განახლებადია.

რა არის პირველი წამის სასწაული? პირველ წამს ხვდები, რომ ეს პიროვნება შეიძლება იყოს შენი მეგობარი; პირველ წამს, ბავშვობაში შენ ჩაგესმის გულის შემძვრელი მელოდია; პირველ წამს შენი შვილი გაგიღიმებს; პირველ წამს… შემდეგ უკვე ეჩვევი. მაგრამ მარადისობა ნიშნავს, რომ არასოდეს ეჩვევი ამას. უფრო მეტად შევიმეცნებ ღმერთს და ღვთის ნათელში – ჩემს მოყვასს, უფრო მეტად განმეცხადება ღმერთი და აგრეთვე მოყვასი ჩემი, როგორც კურთხეულ შეუმეცნებლობაში მყოფი.

„ვინც თავის სულს პოულობს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც თავის სულს ჩემთვის კარგავს, ჰპოვებს მას“ (მათ. 10,39 – მთარგ.) ქრისტეში მე ვკარგავ ჩემს სიცოცხლეს და ვღებულობ სულიწმინდას, რაც არის თვით სიცოცხლე. ქრისტეში მე ვკარგავ ჩემ სიცოცხლეს, სხვა მღებულობს მე და მე ვღებულობ სხვას. და ყველა ის პიროვნება, რომელსაც მე ვღებულობ, არის ჭრილობა, რომლის მიყენებითაც მე ვკარგავ სიცოცხლეს და ამავე დროს მოვიპოვებ მას. ქრისტიანობა არის სხვების სარწმუნოება.

ქრისტიანობა ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენთვის უნდა გახდეს სახე და გაგვიცხადოს სხვა, როგორც სახე. მაკარი დიდი ამბობს, რომ პიროვნება ხდება ყველა სახე ერთობლივად და მისი სახე ყველას გამოხატავს.

რა შეუძლია ყოვლისგამომხატველ სახეს, თუ არა ქვეყნიერების შემზღუდველ სივრცეში სიცოცხლის მომნიჭებელი გარღვევის მოხდენა.

 

Print Friendly

Comments are closed.