ქრისტიანობა თუ ანტიმეცნიერული დემაგოგია

ავტორი: ზაზა ოსმანოვი

თანამედროვე მართლმადიდებლურ პუბლიცისტიკაში მოიძებნება ისეთი სტატიები, რომელთა დამოკიდებულება თანამედროვე ბუნებისმეტყველების საკითხებთან არ არის სწორხაზოვანი და ხისტი [1–3]. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის, რადგან ამ დროს ის წარმოგვიდგება ცოცხალ ორგანიზმად, რომელიც ახორციელებს ქრისტეს მისიას სამყაროში. აღსანიშნავია, რომ ამის ფონზე ვხვდებით ისეთ პუბლიკაციებსაც, სადაც ხორციელდება თანამედროვე მეცნიერებათა დისკრედიტაცია, რაც ბუნებრივად წარმოქმნის ხელოვნურ წინაღობას ეკლესიის სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან დაახლოებისას. ერთი ასეთი მაგალითი ქართულ რეალობაშიც გვხვდება. ეს გახლავთ არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) მონოგრაფია, სადაც ის ცდილობს თანამედროვე ბუნებისმეტყველება წარმოგვიდგინოს, როგორც სრულიად უსარგებლო და ამავე დროს ქრისტიანობასთან დაპირისპირებული კონცეფცია [4]. ყოველივე ეს მეტად უცნაურია, მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს არაერთხელ აღუნიშნავს ეკლესიის და სამეცნიერო წრეების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ [5].

წინამდებარე პუბლიკაციის მიზანს წარმოადგენს არქ. რაფაელის აღნიშნული პოზიციის კრიტიკული განხილვა და ჩვენება, რომ მისი მიდგომა ალოგიკურია, შეიცავს უამრავ უზუსტობას და წარმოადგენსანტიმეცნიერული დემაგოგიის ტიპიურ ნიმუშს. პატივცემული არქიმანდრიტის წიგნში ვკითხულობთ: „შეუძლია კი მეცნიერებას უარყოს ბიბლიური წელთაღრიცხვა?“ (იხ. [5], გვ 142) საიდანაც ცხადია, რომ ავტორი ცდილობს ერთგვარი დაპირისპირება მოძებნოს მეცნიერებასა და რელიგიას, კერძოდ კი ქრისტიანობას შორის და ერთერთ საყრდენ პრობლემად მას ბიბლიური წელთაღრიცხვის, ანუ სამყაროს წლოვანების საკითხი მიაჩნია. ამ თვალსაზრისით აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენს ბლოგზე დადებულ სტატიათა შორის რამდენიმე მათგანი მიეძღვნა თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებას და კერძოდ ფიზიკა–ასტროფიზიკას და მის მიმართებას მონოთეისტურ რელიგიებში (იუდაიზმსა და ქრისტიანობაში) სამყაროს შექმნის კონცეფციასთან ანუ კრეაციონიზმთან [6–8]. პუბლიკაციაში [6] განხილულია თანამედროვე ფიზიკის ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც მიანიშნებენ ბუნებაში არსებულ მეტად საინტერესო და ძალიან უცნაურ დამთხვევებზე, რომლებიც კარგად ჯდება სამყაროს შექმნის ბიბლიურ სცენარში. მეორე პუბლიკაცია (იხ. [7]) ძირითადში პოლემიკური ხასიათისაა და ეხება სამყაროს შექმნის ორი დაპირისპირებული კონცეფციის, ევოლუციისა და რადიკალური კრეაციონიზმის, შედარებით ანალიზს. ჩვენ ვაჩვენეთ კრეაციონიზმის რადიკალური ფორმის სრული შეუთავსებლობა ბიბლიურ ლოგიკასთან და თავად კრეაციული სწავლების არამეცნიერული ხასიათი. ბოლო ნახსენებ პუბლიკაციაში (იხ. [8]) თანამედროვეობის ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტი და ოქსფორდის მათემატიკის პროფესორი ჯონ ლენოქსი მოკლედ მიმოიხილავს ჩვენი დროის გამოჩენილი კოსმოლოგის სტივენ ჰოუკინგის ფილოსოფიურ იდეებს, გვთავაზობს მათ კრიტიკას და ასკვნის, რომ მართალია სამყაროს შექმნა არაფრისგან გარდაუვალია თანამედროვე ფიზიკის კანონების მიხედვით, თუმცა თავად ფაქტი ამ კანონების არსებობისა სამყაროს შექმნამდე ღმერთის არსებობაზე უნდა მიანიშნებდეს.

დავუბრუნდეთ არქიმანდრიტი რაფაელის მიერ წამოჭრილ პრობლემას – რადიომეტრულ მეთოდთა და დედამიწისა და სამყაროს წლოვანების განსაზღვრისთვის გამოყენებული სხვა მეთოდებისსანდოობის საკითხს. ჩანს, რომ ავტორის აზრით დედამიწისა და სამყაროს წლოვანების დათარიღება მცდარია. როგორც ცნობილია, თანამედროვე მეცნიერებაში, კერძოდ კი ასტროფიზიკასა და გეოლოგიაში კოსმოსურ სხეულთა და დედამიწის ქანების წლოვანების განსაზღვრისთვის იყენებენ ე.წ. რადიომეტრულ დათარიღებას. ამ მეთოდის შესახებ საუბრისას, არქ. რაფაელი გვამცნობს, რომ თურმე „შეცდომა მდგომარეობს იმ პოსტულატთა სიმცდარეში, რომლებზეც დამყარებულია გეოლოგიურ და ბიოლოგიურ ობიექტთა წლოვანების განმსაზღვრელი მეთოდები“ (იხ. [5], გვ 144). უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კრიტიკა არაერთხელ გვსმენია ე.წ. კრეაციონისტთა მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ სამეცნიერო პუბლიკაციაში სავსებით გასაგებად არის ახსნილი ყველა ის პრინციპი, რასაც ეფუძნება ხსენებული დათარიღება. ავტორი საკუთარი პოზიციის მოტივაციას შემდეგნაირად წარმოგვიდგენს: „იზოლირებული მატერიალური სტრუქტურები საერთოდ არ არსებობს, ამიტომ მათში მიმდინარე პროცესები არიან სხვა სისტემებთან რთულ კავშირში; ეს ეხება, როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს. აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ სისტემა არსებობს, არა მარტო სივრცეში, არამეტ დროშიც“ (იხ. [5], გვ 144). უნდა აღვნიშნოთ, რომ ზემოთ ციტირებული ტექსტი იმდენად ზოგადი სახისაა (საერთოდ მონოგრაფიაში არ გვხვდება ავტორიტეტულ სტატიებზე და პუბლიკაციებზე ციტირება), რომ სინამდვილეში ის არაფრის მთქმელი და აბსოლუტურად უსარგებლოა. თავად მ. რაფაელის აზრით, როგორც ჩანს, თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს სპეციალური და ზოგადი ფარდობითობის თეორია (რომელიც შეისწავლის სივრცესა და დროსთან მატერიის მიმართებას) და კვანტური ფიზიკა (რომელიც სწავლობს მიკროსამყაროში მიმდინარე პროცესებს), წარმოდგენა არა აქვს თუ როგორ ააგოს ბირთვის შიგნით მიმდინარე პროცესების აღმწერი ფიზიკა – რასაც ემყარება დათარიღების რადიომეტრული მეთოდი. იმისათვის, რომ ეს ტექსტიც, მსგავსად ციტირებულისა, არ დარჩეს მხოლოდ პათეტიკად, შევეცდებით განვიხილოთ ავტორის მიერ მოხმობილი არგუმენტები.

მაშ ასე, დავიწყოთ ციტირებული „არგუმენტით“: „„შეცდომა მდგომარეობს იმ პოსტულატთა სიმცდარეში, რომლებზეც დამყარებულია გეოლოგიურ და ბიოლოგიურ ობიექტთა წლოვანების განმსაზღვრელი მეთოდები“. ვნახოთ მართლაც რა პრინციპებს ემყარება წლოვანების განმსაზღვრელი რადიომეტრული დათარიღება. ცნობილია, რომ ზოგიერთი ნივთიერების შემადგენელ ატომთა ბირთვები განსხვავებით ჩვეულებრივი ბირთვებისგან, არამდგრადია და იშლება რადიოაქტიური დაშლის გზით, რის შედეგადაც გარდაიქმნება სხვა ბირთვად. ეს პროცესი ხასიათდება ე.წ. ნახევარდაშლის პერიოდით, მაგალითად დავუშვათ, რომ რომელიმე რადიოაქტიური ნივთიერების ნახევარდაშლის პერიოდია 10 წთ. ეს ნიშნავს, რომ თუ გვაქვს ბირთვების დიდი რაოდენობა, მაშინ დაშლის შედეგად 10 წთ–ს შემდეგ ბირთვების სრული რაოდენობის ნახევარი აღმოჩნდება დაშლილი და დანარჩენი – დაუშლელი. კიდევ 10 წთ–ს შედმეგ დარჩენილი დაუშლელი ბირთვების კიდევ ნახევარი დაიშლება დ.ა.შ. ახლა რაც შეეხება თავად დათარიღების მეთოდს: თუ მოცემულია ნიმუში, რომლის შემადგენლობაშიც არის რადიოაქტიური ნივთიერების (იზოტოპის) თუნდაც მცირე ზოდა, მაშინ, თუ ცნობილია, თუ თავდაპირველად რა რაოდენობით იყო წარმოდგენილი რადიოაქტიური ნივთიერება ნიმუშში და რამდენია ამჟამად (დროთა განმავლობაში რადიოაქტიური ნივთიერება იშლება და მისი წილი ნიმუშში კლებულობს), შესაძლებელია დავადგინოთ რა დრო გავიდა ნივთიერების დაშლის დაწყებიდან, თუ ვიცით დაშლის ტემპი. ამ მეთოდის გამოყენებამ მეტეორების ნაჭრებზე აჩვენა დაახლოებით 4.5 მილიარდი წელი, რაც მზის სისტემის წლოვანებას განსაზღვრავს. ყველაზე მთავარი, რასაც ეს მეთოდი ემყარება არის დაშვება, რომ დაშლის ტემპი მუდმივია ყოველთვის. ანუ თუ ავიღებთ რომელიმე რადიოაქტიურ იზოტოპს, მისი ნახევარდაშლის პერიოდი დღესაც, გუშინაც და ძალიან შორეულ მომავალშიც იქნება ერთი და იგივე. ეს ფაქტი გამომდინარეობს ბირთვების შინაგანი კვანტური სტრუქტურიდან და ამ თეორიის სანდოობა ეჭვს არ იწვევს, რადგან შემოწმებულია უამრავ ექსპერიმენტში. თუმცა თეორიული დეტალიზაციის გარეშეც შესაძლებელია დავრწმუნდეთ, რომ დათარიღების მეთოდი ემყარება სწორ პრინციპს. ამისათვის გამოგვადგება ბუნებრივი ლაბორატორია – ჩვენი სამყარო. როგორც ცნობილია, რაც უფრო შორსაა ჩვენგან კოსმოსური სხეული მით უფრო დიდ დროს ანდომებს სინათლე ჩვენამდე მოსვლას, ანუ, იმისათვის, რომ დავინახოთ ესა თუ ის კოსმოსური ობიექტი, იქიდან გამოსულმა სინათლის ნაწილაკმა ჩვენამდე მოსაღწევად უნდა გაიაროს საკმარისად დიდი მანძილი. მეორეს მხრივ, ვინაიდან სინათლეს სასრული სიჩქარე გააჩნია, მისი მოძრაობა გარკვეულ დროს საჭიროებს, ანუ ჩვენ ფაქტობრივად ვხედავთ კოსმოსური სხეულის არა აწმყოს, არამეტ წარსულს, ანუ მის ისეთ მდგომარეობას, როგორიც მას ჰქონდა სინათლის (ან სხვა ტიპის გამოსხივების) გამოსხივებისას. ამ მეთოდს სინათლის მეთოდს უწოდებენ. ე.ი. ცხადია, რომ რაც უფრო შორეულ ობიექტს ვაკვირდებით, მით უფრო წარსულში ვიხედებით (ამ მხრივ სამყარო ერთგვარი დროის მანქანაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მის წარსულს დავაკვირდეთ). ახლა ყველაზე მთავარი: თუ ავიღებთ მაგალითად ანდრომედას გალაქტიკას, რომელიც დაშორებულია ჩვენგან იმდენად დიდი მანძილით, რომლის დაფარვას სინათლეც კი 2.7 მილიონ წელიწადს ანდომებს, ცხადია რომ ვხედავთ გალაქტიკას ისეთს, როგორც ის გამოიყურებოდა ხსენებულ წარსულში. სხვათა შორის ეს ფაქტი უკვე ნიშნავს, რომ სამყაროს წლოვანება უნდა იყოს არაუმცირეს 2.7 მილიონი წლისა. დაკვირვებები ამ გალაქტიკაზე ადასტურებს, რომ იქ მიმდინარე ბირთვული პროცესები ისეთივე კანონებს ემორჩილება, რასაც ჩვენთან. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ: ბირთვული პროცესებიდა ნახევარდაშლის პერიოდები 2.7 მილიონი წლის წინ და დღეს ერთნაირია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰაბლის სატელიტური ტელესკოპის მიერ დღეისთვის აღმოჩენილია იმდენად შორეული გალაქტიკები, საიდანაც ჩვენამდე მოსასვლელად სიგნალს ესაჭიროება 13 მილიარდ წელიწადზე მეტი (იხ. სტატია ნასას ოფიციალურ ვებ გვერდზე [9]) და რადგან ჩვენ დავინახეთ გალაქტიკა, ე.ი. სინათლემ იმოგზაურა 13 მილიარდი წელი.

მეორე საკითხი რომლის გარკვევაც აუცილებელია დათარიღებისას, ეხება იმას, თუ როგორ გავიგოთ რადიოაქტიური ნივთიერების საწყისი რაოდენობა. სინამდვილეში ეს არც არის აუცილებელი. მაგალითისთვის განვიხილოთ დათარიღება დამყარებული ურან-235 ის დაშლაზე, რომლის შედეგადაც მიიღებატყვია-207 (აქვე აღვნიშნავთ, რომ არსებობს ტყვიის სხვა იზოტოპებიც, მაგ. ტყვია–204). ურან-235 ის ნახევარდაშლის პერიოდია დაახლ. 713 მილიონი წელი. საკმარისია ვიპოვოთ ნიმუშში ურანისა და ტყვიის ფარდობითი წილი, ანუ ურანის ბირთვების რაოდენობის შეფარდება ტყვიის ბირთვების რაოდენობასთან, რომ მარტივად აღვადგენთ თუ რა დრო გასულა დაშლის დაწყებიდან. მართლაც, თუ აღმოჩნდა, რომ თანაბარი რაოდენობაა, ე.ი. გასულა ზუსტად 713 მილიონი წელი, რადგან ნახევარი ურანი დაიშალა და ამდენივე ტყვია წარმოიქმნა. კიდევ ერთი ნახევარდაშლის პერიოდის შემდეგ დარჩენილი ურანის ნახევარი დაიშლება და გადავა ტყვიაში და მივიღებთ ¼ ურანს და ¾ ტყვიას. მაგრამ საკითხი დგას შემდეგნაირად, როგორ გავიგოთ დღევანდელ ნიმუშში რამდენი ტყვიაა რადიოაქტიური დაშლის პროდუქტი და რამდენი თავიდანვე მოხვედრილი ნიმუშში? ამ საქმეში გვეხმარება ის გარემოება, რომ ქიმიური რეაქციები ვერ ანსხვავებენ ერთი და იგივე ნივთიერების სხვადასხვა იზოტოპებს, ანუ თუ ერთდროულად წარმოდგენილია ტყვიის ორი იზოტოპი 204 და 207, მაშინ ქიმიურ რეაქციებში ისინი ისეთივე წონით შევლენ, როგორც არიან წარმოდგენილნი. გაზომვები აჩვენებს, რომ კლდის ნიმუშებში ყოველ 15 ცალ ტყვია–204–ზე მოდის 985 ცალი ტყვია–207. ეს ის რაოდენობაა, რომელიც არაა რადიოაქტიური წარმოშობისა და თუ კლდეში აღმოჩნდა უფრო მეტი რაოდენობა იზოტოპისა 207, მაგალითად 1000, ცხადია, რომ რადიოაქტიური დაშლით წარმოქმნილა 1000–985 = 15 ბირთვი ტყვია 207–ისა. ამის შემდეგ, თუ ვიპოვით თანაფარდობას ურანისა ტყვიის მიღებულ რაოდენობასთან, მარტივად აღვადგენთ რადიოაქტიური დაშლის დაწყებიდან გასულ დროს.

ამ საკითხების კრიტიკისას, არქ. რაფაელის მონოგრაფიაში ვკითხულობთ: „იმისათვის, რომ დავათარიღოთ ჩვენი პლანეტის წარსული, უნდა მივიღოთ უნიფორმიზმის პრინციპი, ანუ: პროცესები, რომლებიც ხორციელდებოდნენ წარსულში, თავისი თავისებურებით და ინტენსივობით იდენტურნი არიან იმ პროცესებისა, რომლებიც ხორციელდებიან დღეს და რომლებიც განხორციელდებიან მომავალში. მაგრამ გამართლებულია კი ეს პრინციპი?“. ამ ციტატას მოსდევს მისივე პასუხი: „არსებობენ ე.წ. კატალიზატორები, რომელთა მონაწილეობის შემთხვევაში ერთი და იგივე პროცესი შეიძლება სხვადასხვა სიჩქარით ხორციელდებოდეს. არსებობენ კატალიზატორები, რომლებიც რამდენიმე ასეულჯერ აჩქარებენ პროცესების სისწრაფეს. ამიტომ როგორ შეგვიძლია მტკიცება იმისა, რომ ადრე არ არსებობდნენ სხვა ფაქტორები, რომლებიც არ არსებობენ დღეს, და რომ ადრე არ არსებობდნენ კატალიზატორები, რომელთა მონაწილეობით იგივე პროცესები შეიძლებოდა განხორციელებულიყო გაცილებით მცირე დროის შუალედებში, ვიდრე დღეს?“. პირველ საკითხზე პასუხი სავსებით ნათელია, ჩვენს მიერ ნახსენები ანდრომედას გალაქტიკის მაგალითზე – სადაც მარტივი ლოგიკის ფარგლებში ვაჩვენეთ, რომ 2.7 მილიონი წლის წინანდელ მატერიაში ბირთვული პროცესები ისეთივე ტემპით მიმდინარეობს, როგორც დღეს. მეორე საკითხი, რომელსაც მ. რაფაელი განიხილავს, არის ე.წ. კატალიზატორების თემა და რატომღაც ავტორს მიაჩნია, რომ კატალიზატორების მისადაგება რადიოაქტიურ დათარიღებასაც ეხება. აშკარაა, რომ იგი ვერ ანსხვავებს ქიმიურ პროცესებს, სადაც კატალიზატორებს მართლაც აქვთ მის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები ააჩქარონ ან შეანელონ ქიმიური რეაქციების სიჩქარეები, და რადიოაქტიურ პროცესებს, რომლის მიმდინარეობის ტემპი არაა დამოკიდებული არც გარემოს თვისებებზე და არც ნივთიერებაში არსებულ „გარე“ მინარევებზე. აქ არსებობს მცირე რაოდენობა გამონაკლისი შემთხვევებისა, სადაც ბეტა დაშლისას ადგილი აქვს დაშლის ტემპის ცვლილებას, მაგრამ ეს ცვლილება ძალიან პატარაა (არ აღემატება ~0.5%) და ვერანაირ რეალურ წვლილს ვერ შეიტანს პროცესების დათარიღებაში. ყველა სხვა შემთხვევაში ნახევარდაშლის პერიოდი დამოუკიდებელია რაიმე გარე პირობებზე. გამონაკლისს წარმოადგენს რენიუმ-187, რომლის დაშლის ტემპის ცვლილებაც საგრძნობია, თუმცა ეს ელემენტი არ გამოიყენება ჩვენს მიერ აღწერილ დათარიღებებში.  აღნიშვნის ღირსია, რომ იმ შემთხვევებში, სადაც ადგილი აქვს ცვლილებას, მიზეზი ისევ ბითვული მოვლენაა და არა ქიმიური.

შემდეგი საკითხი, რომელსაც ეხება თავის მონოგრაფიაში მ. რაფაელი არის ე.წ. კოსმოსური მტვრის დედამიწაზე და მთვარეზე დაცემის ტემპი და ის შეფასება, რომელსაც თითქოსდა მივყავართ დედამიწის/მთვარის წლოვანების თანამედროვე შეფასებებთან კონფლიქტამდე. აღნიშნულ წიგნში ვკითხულობთ: “დედამიწა რომ ყოფილიყო ისეთი წლოვანების, როგორც თვლიან ევოლუციონისტები, მაშინ ის მთლიანად დაფარული იქნებოდა კოსმოსური მტვრით“ [4].უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი კრეაციონისტის ეს „არგუმენტი“ ძალიან მოდაშია დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ კრეაციულ წრეებში ყველაზე ავტორიტეტული „კრეაციული კვლევების ინსტიტუტის“ მიერ აღნიშნული არგუმენტი უკვე ძლიერ მოძველებულად მიიჩნევა [10]. ეს ისტორია დაიწყო იმით, რომ 1960 წელს გეოფიზიკოსმა ჰანს პეტერსონმა ჩაატარა გამოკვლევა, რათა განესაზღვრა კოსმოსური მტვერის წილი დედამიწის ატმოსფეროში და მისმა შეფასებებმა აჩვენა, რომ ყოველწლიურად დედამიწაზე ეცემა დაახლოებით 14300000 ტონა მტვრის ნაწილაკებისა. მეორეს მხრივ, თუ დავუშვებთ, რომ დედამიწის წლოვანება 5 მილიარდი წლის რიგისაა, გამოვა, რომ მის ზედაპირზე აკუმულირებული მტვერი საგრძნობლად დიდი სისქის უნდა იყოს, რაც რეალობას არ შეესაბამება. ეს კი, როგორც კრეაციონისტები ფიქრობენ, ადასტურებს ახალგაზრდა დედამიწის თეორიას. ანალოგიურად მსჯელობენ მთვარის შემთხვევაშიც, როდესაც ზემოთ ხსნებული ნაკადის მეშვეობით გამოითვლიან მთვარეზე დაცემულ ნაკადს და პოულობენ მტვრის სისქეს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ პეტერსონის კვლევა იყო პირველი და ხასიათდებოდა გაზომვის საკმარისად უხეში მეთოდებით. დროთა განმავლობაში გაზომვის ტექნიკის დახვეწის პარალელურადსხვადასხვა მეცნიერის მიერ ჩატარდა მსგავსი ტიპის გამოკვლევა და როგორც შედეგებმა აჩვენა, პეტერსონის შეფასება ძლიერ გადამეტებული იყო. კვლევები სრულიად ახალ სტადიაში შევიდა ე.წ. მთვარის მისიების შემდეგ, როდესაც საბჭოელების და განსაკუთრებით შეერთებული შტატების მიერ (აპოლოს მისიები) განხორციელდა მთვარის ათვისების პირველი უპრეცედენტო პროექტები. ამიტომ დღეს ითვლება, რომ აუცილებელია გავითვალისწინოთ ქრონოლოგია – ანუ, თუ კვლევის რა პერიოდზე გვაქვს საუბარი. პოსტ აპოლოს პერიოდი იმით განსხვავდება წინა პერიოდისგან, რომ დღეს მკვლევარებს ხელთ აქვთ მთვარის ზედაპირის ნიმუშები, რაც კიდევ უფრო აადვილებს შესაბამისი გაზომვების ჩატარებას [11-13]. ამას გარდა მოგვიანებით შესაძლებელი გახდა, სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი თანამგზავრებიდან კოსმოსური მტვერის ნაკადის მონიტორინგი, რამაც აღნიშნული სფერო თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანა [14-18]. ამ კვლევების მიხედვით, დღეს ითვლება, რომ მთვარეზე დაცემული მტვრის ნაკადი წელიწადის განმავლობაში უნდა იყოს შუალედში: 10000-19900 ტონა. ამას გარდა მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მთვარის ზედაპირის ყველაზე ზედა შრე – რეგოლითის 10%-15% მეტეორიტული წარმოშობისაა და მისი სრული სისქე სხვადასხვა ადგილებში მერყეობს 5 მეტრიდან 10 მეტრამდე [19]. გასაკვირად კრეაციონისტებისთვის უნდა ითქვას, რომ ზემოთ ხენებული კოსმოსური მტვერის ნაკადის გამოყენებით, რეგოლითის ხსენებული 10%-15% მტვერის დაგროვებას დასჭირდებოდა არა რამდენიმე ათასი წელი, არამეტ 30 მილიარდი წელი და ეს მაშინ, როდესაც სამყაროს წლოვანება სულ რაღაც 13,7 მილიარდი წლისაა. ანუ პრობლემა პირიქით დგას, რომ თითქოს სამყაროს წლოვანება გაცილებით მეტია, ვიდრე დღეს არის მიღებული კოსმოლოგიაში. ეს შედეგი გასაკვირი არაა, რადგან ის დაშვება, რომლის ფარგლებშიც გამოითვლება იგი, გულისხმობს, რომ კოსმოსური მტვერის მთვარეზე დაცემის ნაკადი ისეთივე იყო შორეულ წარსულში, როგორიც არის დღეს. აღნიშნულიდან ადვილია ვივარაუდოთ, რომ კოსმოსური მტვერის ნაკადი მთვარეზე იცვლებოდა დროთა განმავლობაში და კერძოდ შორეულ წარსულში ის გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო ვიდრე დღეს. ამ თეორიულ გამოსავალს არანაირი ფასი არ ექნებოდა რომ არა ამ მოსაზრების დაკვირვებებით გამყარება, რასაც ემპირიულ მეცნიერებაში, როგორიც ასტროფიზიკა და პლანეტების გეოლოგიაა, გადამწყვეტი როლი ეკუთვნის თეორიის სანდოობის განსაზღვრისთვის. როგორც ცნობილია, მთვარის ზედაპირი ძლიერ დასერილია მეტეორიტების მიერ გამოწვეული კრატერებით. თუმცა კრატერები ერთგვაროვნად არაა განაწილებული – ზოგიერთ უბანში ისინი უფრო მჭიდროდ არიან ერთმანეთთან განლაგებული და ზოგიერთში ნაკლებად მჭიდროდ. ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ, თუ მართალია ზემოთ ნახსენები დაშვება (რომ წარსულში უფრო აქტიური იყო კოსმოსური მტვერის დაცემა მთვარეზე), მაშინ ის კრატერები სადაც მჭიდრო განლაგებაა, უფრო ადრინდელი უნდა იყოს. აპოლოს ასტრონავტების მიერ ჩამოტანილ მთვარის ქვის ნატეხებზე რადიომეტრულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ უფრო მჭიდროდ განლაგებული კრატერების უბანში ქანები უფრო წლოვანია, ვიდრე იქ, სადაც მთვარის ზედაპირი ნაკლებად დასერილია [19]. ამ კვლევების გათვალისწინებით ადვილად შეიძლება კორექტირება ზემოთ მიღებული გადამეტებული შედეგისა (30 მილიარდი წელი) და ჩვენება, რომ რეგოლითის კოსმოსური მტვრით შევსებას დასჭირდა რამდენიმე მილიარდი წელი, რაც თანამედროვე კოსმოლოგიურ თეორიასთან კარგ თანხვდნაში მოდის. ასე, რომ მ. რაფაელის განცხადებები, თითქოს მთვარეზე დაცემული მტვერი სერიოზულ პრობლემას უქმნის ევოლუციონისტებს არათუ არ შეეფერება სიმართლეს, არამეტ, როგორც უკვე ვთქვით მიღებული შედეგი კარგად ეთანადება სამყაროს კოსმოლოგიურ შკალას და არამც და არამც ე.წ. „ბიბლიურ წელთაღრიცხვას“, რაც თავის მხრივ ძალიან არაცალსახა საკითხია ბიბლიური ტექსტის თვალსაზრისით [7]. ამას გარდა, მეცნიერების მიღწევების კრიტიკისას მართლაც უფრო უკეთ გაცნობა აჯობებს თავად კრეაციული წყაროებისა, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე ავტორიტეტული კრეაციონისტები მოუწოდებენ კრეაციულ საზოგადოებებს, აღარ გამოიყენონ მთვარის მტვერის „არგუმენტი“ [10]. სხვათა შორის მამა რაფაელი საყვედურობს სამეცნიერო საზოგადოებას იმაში, რაშიც ეს საზოგადოება ნამდვილად არ სცოდავს. მის მონოგრაფიაში ვკითხულობთ: „იმისათვის, რომ დავათარიღოთ ჩვენი პლანეტის წარსული, უნდა მივიღოთ უნიფორმიზმის პრინციპი, ანუ, რომ პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდნენ წარსულში თავისი ინტენსივობით იდენტურნი არიან იმ პროცესებისა, რომლებიც მიმდინარეობენ დღეს, ან რომლებიც განხორციელდებიან მომავალში. მაგრამ გამართლებულია კი ეს პრინციპი?“ [4]. როგორც უკვე ვნახეთ საბუნებისმეტყელო მეცნიერებაში მოვლენები კომპლექსურად განიხილება და არც ცალსახად უნიფორმიზმის მიდგომით ან ცალსახად არაუნიფორმიზმის თეორიით, რადგან თუ ერთის მხრივ ითვლება, რომ ბირთვული პროცესები ერთნაირი ტემპით მიმდინარეობენ სხვადასხვა დროს (როგორც ვნახეთ ანდრომედას გალაქტიკის მაგალითზე), მეორეს მხრივ მიღებულია, რომ კოსმოსური მტვერის დაცემის ინტენსივობა დღეს და გუშინ სხვადასხვა იყო. და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ერთ (ბირთვული პროცესების ტემპის დამოუკიდებლობა დროზე) ისე, მეორე (კოსმოსური მტვერის მთვარეზე დაცემის ტემპის ცვალებადობა) მიდგომას ვამოწმებთ დაკვირვებით, რაც ემპირიული მეცნიერების უტყუარი მეთოდია. ანუ არქ. რაფაელის საყვედური ნამდვილად უადგილოა.

მონოგრაფიის იმავე თავში . რაფაელი გვთავაზობს დიდი აფეთქების თეორიის კრიტიკას, სადაც ის წერს: დღესდღეობით ყველაზე პოპულარულად ითვლება აფეთქების თეორია, გაფართოებადი სამყარო სთეორია. ამ თეორიის ფარგლებში კეთდება დაშვება საწყისი მატერიის დიდი სიმკვრივის არსებობის შესასებ. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ეს სიმკვრივე აბსოლუტურია, მაშინ ასეთი სუბსტანციის ტრანსფორმაცია შეუძლებელია, რადგან აბსოლუტური სიმკვრივისას არ შეიძლება იყოს მოძრაობა, როგორც გადაადგილება ან გარდაქმნა რადგან – ერთი მეორეს გამორიცხავს. ხოლო თუ სიმკვრივე იყო ფარდობითი, მაშინ საკითხი „იქამდე“ ან „მის შემდეგ“ რჩება ამოუხსნელი, ხოლო სამყაროს სურათი, როგორც წარმოგვიდგენენ ევოლუციონისტები, გარდაიქმნება ეპიზოდად ან ფრაგმენტად“ [5]. მეტად ბუნდოვანი განცხადებაა, ყოველ შემთხვევაში ბუნებისმეტყველების მეცნიერების კონტექსტში, რადგან ავტორი არ გვთავაზობს მის მიერ გამოყენებულ ტერმინთა მისეულ ცალსახა დეფინიციებს. ის ამბობს, რომ ევოლუციური თეორიის მომხრეთა აზრით სამყაროს საწყისი სიმკვრივე არის ძალიან დიდი, რომელიც ორიდან ერთ შემთხვევას უნდა შეესაბამებოდეს – რომ სიმკვრივე არის ან აბსოლუტური ან ფარდობითი. რას ნიშნავს ეს ორი ტერმინი ბოლომდე გაუგებარია. სინამდვილეში ნებისმიერი ფიზიკური სიდიდე ყოველთვის მოიცემა ეტალონთან მიმართებაში (მაგ. 3 კილოგრამი ნიშნავს, რომ ამ სხეულის მასა 3-ჯერ აღემატება ჩვენს მიერ ეტალონად არჩეულ მასას, რომელსაც ვუწოდებთ 1 კილოგრამს და რომლის მიმართაც განვიხილავთ ყველა სხვა სხეულთა მასებს) და ამ შინაარსით ის აუცილებლად ფარდობითია. აგრეთვე გაუგებარია თუ რატომ „არ შეიძლება იყოს მოძრაობა“ აბსოლუტური სიმკვრივისას, და რატომ რჩება „იქამდე“ და „მის შემდეგ“ საკითხი ამოუხსნელი ფარდობითი სიმკვრივის შემთხვევაში. ზოგადად კი ვიტყვით, რომ დიდი აფეთქების თეორიის საკითხს ჩვენ შევეხეთ ორ პუბლიკაციაში [6,7], სადაც შეძლებისდაგვარად შევეცადეთ განგვეხილა თანამედროვე კოსმოლოგიის თავსებადობის საკითხი წმინდა წერილის პირველი თავების უმთავრეს მესიჯთან – რომ თავდაპირველად ღმერთმა შექმნა სამყარო. ამიტომ დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევთ წაიკითხოს აღნიშნული პუბლიკაციები, რომლებიც განთავსებულია ჩვენს ბლოგზე.

ჩვენ არ განვიხილავთ იმავე მონოგრაფიაში წარმოდგენილ ავტორისეულ მოსაზრებებს საეკლსიო კალენდრის თაობაზე, რადგან ამ საკითხის წმინდა ასტრონომიულ-მათემატიკური ანალიზი დაწვრილებით არის მოცემული ჩვენს სტატიაში [20], ხოლო თეოლოგიურ ჭრილში განხილვა წარმოდგენილია ზურაბ ჯაშის პუბლიკაციაში [21].

მაშ ასე, როგორც ვაჩვენეთ, მ. რაფაელის პოზიცია მეცნიერების იმ დარგის შესახებ, რომელიც იკვლევს სამყაროს ფიზიკას, რბილად რომ ვთქვათ ვერ უძლებს კრიტიკას, რადგან პატივცემული არქიმანდრიტის არგუმენტები სამყაროს წლოვანების შესახებ ემყარება მცდარ ან მოძველებულ წარმოდგენებს, რომელთაგან ზოგიერთზეკრეაციონისტებმაც კი თქვეს უარი დიდი ხანია (როგორც ეს ვნახეთ მთვარეზე დაცემული კოსმოსური მტვერის მაგალითზე). ზოგადად უნდა ითქვას, რომ მამა რაფაელის მსჯელობა სხვა არაფერია, თუ არა დემაგოგიის კლასიკური ნიმუში, რადგან იმისათვის რომ დაასაბუთოს მისთვის საჭირო და ძირშივე არასწორი დებულება (ანუ, უარყოს სამყაროს წლოვანი მოდელი) ის იყენებს მეცნიერების თვალსაზრისით, აპრიორი მცდარ დაშვებებსა და ლოგიკას [22].ამიტომ ზემოთ მოხმობილი თვალსაზრისი არქ. რაფაელისა არის არა იმდენად ქრისტიანობის აპოლოგია, რამდენადაც ანტიმეცნიერული დემაგოგია.

ჩვენი აზრით მსგავსი პუბლიკაციები ხელს უშლის როგორც ეკლესიის მისიას, ისე,მორწმუნე საზოგადოების სწორად ჩამოყალიბებას, თესავს მეცნიერებისადმი ანტაგონიზმს და ეკლესიას წარმოაჩენს მეცნიერების და ზოგადად ყოველივე თანამედროვეს მოწინააღმდეგედ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ყოველი ასეთი მონოგრაფიის თუ სტატიის გამოქვეყნებისას საჭიროასასწრაფო რეაგირება საპასუხო პუბლიკაციით, რათა არ გავრცელდეს მცდარი აზრი და არ მოხდეს არც ეკლესიის დისკრედიტაცია თანამედროვე საზოგადოების თვალში და არც მეცნიერების როლის დაკნინება საეკლესიო წრეებში.

პუბლიკაციები და კომენტარები

1.Диакон Андрей Кураев,Может ли православный быть эволюционистом“, ამ მონოგრაფიის ქართული თარგმანი უკვე განთავსებულია ჩვენს ბლოგზე

2.Богословские исследования” (сентябрь-октябрь 1960 г.) // Журнал Московской Патриархии. 1961, № 10. сс.76-77; реферат статьи румынского священника Петра Савина

3.ჩარლიდიუბერი, „მიმოხილვა დარვინისნაშრომისასახეობათაწარმოშობა“, სტატია განთავსებულია ჩვენს ბლოგზე

4.Архимандрит Рафаил (Карелин), „Христианство и модернизм“, Московское подворье Свято-Троицкой Сергиевой Лавры. 1999

5.საპატრიარქო უწყებანი, N9, გვ. 4, 2005

6.ზ. ოსმანოვი, „დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა“, ხვამლი, 2(16), გვ. 51, 2007; საპატრიარქო უწყებანი, N3, გვ. 14, 2009. სტატია განთავსებულია ჩვენს ბლოგზე

7.ზ. ოსმანოვი, „კოსმოსის ევოლუცია vs კრეაციონიზმი“, მოხსენებაწაკითხული იქნა ბიბლიურ–თეოლოგიური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სემინარზე კავკასიურ სახლში. სტატია განთავსებულია ჩვენს ბლოგზე

8.ჯ. ლენოქსი, „ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის უეჭველია, რომ სტივენ ჰოუკინგი ცდება. შეუძლებელია სამყაროს ახსნა ღმერთის გარეშე“. სტატია განთავსებულია ჩვენს ბლოგზე

9. ნასას ოფიციალური ვებ გვერდი:

http://www.nasa.gov/mission_pages/hubble/science/undiscovered-country.html

10.Dr Andrew A. Snelling and David E. Rush, (1993), „Moon dust and the age of the solar system“, Technical Journal, 7(1), 2

11.Keays, R. R., Ganapathy, R., Laul, J. C., Anders, E., Herzog,G. F., & Jeffrey, P. M. (1970). Trace elements and radioactivityin lunar rocks: Implications for meteorite infall, solarwindflux, and formation conditions of moon. Science, 167,490–493

12.Ganapathy, R., Keays, R. R., & Anders, E. (1970). Apollo 12lunar samples: Trace element analysis of a core and heuniformity of the regolith. Science, 170, 533–535.

13.Ganapathy, R., Keays, R. R., Laul, J. C., & Anders, E. (1970).Trace elements in Apollo 11 lunar rocks: Implicationsfor meteorite influx and origin of moon. Proceedingsof the Apollo 11 lunar science conference (Vol. 2,pp. 1117–1142)

14.Nazarova, T. N., Rybakov, A. K., Bazazyants, S. I., & Kuzmich,A. I. (1973). Investigations of meteoritic matter in thevicinity of the earth and the moon from the orbiting stationSalyut and the moon satellite Luna 19. Space research XIII(COSPAR) (pp. 1033–1036). Berlin: Akademie-Verlag

15.Gault, D. E., Hörz, F., & Hartung, J. B. (1972). Effects ofmicrocratering on the lunar surface. Proceedings of thethird lunar science conference (Vol. 3, pp. 2713–2734).

16.Gault, D. E., Hörz, F., & Hartung, J. B. (1973). Abrasion andcatastrophic rupture of lunar rocks: Some implicationsto the micrometeoroid flux at 1 AU. Space Research XIII(COSPAR) (pp. 1085–1093). Berlin: Akademie-Verlag

17.Dohnanyi, J. S. (1971). Flux of micrometeoroids: Lunar sampleanalyses compared with flux model. Science, 173, 558.

18.Dohnanyi, J. S. (1972). Interplanetary objects in review:Statistics of their masses and dynamics. lcarus, 17, 1–48

19.Taylor, S. R. (1975). Lunar science: A post-Apollo view (p. 92).New York: Pergamon Press

20.ზ.ოსმანოვი, „კალენდარული საკითხის შესახებ“, სტატია განთავსებულია ჩვენს ბლოგზე

21.ზ. ჯაში, „ბოლო ჟამი მართლმადიდებლურ ტრადიციასა და დღევანდელობაში“, სტატია განთავსებულია ჩვენს ბლოგზე

22.დემაგოგია წარმოადგენს იმ მეთოდების ერთობლიობას, რომლებიც გარკვეული საკითხის შესახებ ქმნიან სიმართლის შთაბეჭდილებას, მაშინ როცა ის მცდარია: Б. Каценеленбаум, (1989), доктор физико-математических наук, „Демагогия: опыт классификации“, Наука и жизнь. №9.

Print Friendly

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *