ავტორი: ალექსი გომანკოვი.

ევოლუციის თეორიის და შესაქმეს წიგნის თავსებადობის შესახებ წარმოგიდგენთ გეოლოგია-მინერალოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, პალეონტოლოგის და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ალექსი ვლადიმერის ძე გომანკოვის სტატიას „შესაქმეს წიგნი და ევოლუციის თეორია“.

 

ექსკლუზიურად ბლოგისთვის სტატია რუსულიდან თარგმნა ზაზა ოსმანოვმა

წყარო

შესაქმეს წიგნი და ევოლუციის თეორია

I

სავარაუდოდ არცერთ მეცნიერულ თეორიას (ალბათ კოპერნიკის ჰელიოცენტრული თეორიის გარდა) არ გამოუწვევია ქრისტიანული სწავლების „მოშურნეთა“ შორის ასეთი დიდი რაოდენობა მრისხანე უკმაყოფილებისა, როგორც ევოლუციის თეორიას. მართალია ორგანული სამყაროს ევოლუციის იდეების ჩანასახი შეიძლება შევნიშნოთ ანტიკურ მოაზროვნეთა შორისაც, მისი არსებობის დამტკიცების და  მექანიზმების გარკვევის საგრძნობ პროგრესს სამართლიანად უკავშირებენ ჩარლზ დარვინის შრომებთან, რომლებიც წინა საუკუნის (სტატია დაწერილია 20–ე საუკუნის მიწურულს) შუა პერიოდში გამოჩნდნენ. დარვინის შრომებმა უმალ მიიქცია მრავალრიცხოვანი პუბლიკის (არა მარტო სამეცნიერო ნაწილის) ყურადღება და გამოიწვია ცოცხალი დისკუსია, რომლის საგანიც, მონაწილეთა თვალთახედვით, იყო თავად ორგანიზმების ევოლუციის არსებობის ფაქტი. დარვინის თეორიის მოწინააღმდეგენი თვლიდნენ, რომ ეს თეორია ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას, რომლის მიხედვით, მთელი ხილული სამყარო და მათ შორის ყველა ცხოველი და მცენარე შექმნილია ღმერთის მიერ. ამიტომ მათმა სწავლებამ მიიღო კრეაციონიზმის სახელწოდება – ლათინური სიტყვიდან creation, რაც შექმნას ნიშნავს.

კრეაციონისტები ჩვენს დროშიც არსებობენ, ხოლო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათი მოღვაწეობა განსაკუთრებით გამოცოცხლდა: ჯერ რიგ საზღვარგარეთის ქვეყნებში, ხოლო შემდეგ  რუსეთშიც. მათ გააჩნიათ საკუთარი ინსტიტუტები და სასწავლო დაწესებულებები, გამოდიან საჯარო ლექციებით, გამოსცემენ ლიტერატურას. და თუ ავსტრალიაში მაგალითად საშუალო სკოლებში კრეაციონიზმის სწავლების საკითხი ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია, ჩვენთან, მართლმადიდებლურ გიმნაზიებში მას უკვე ფართოდ ასწავლიან. აი მაგალითად რას წერს ერთერთი ასეთი გიმნაზიის დირექტორი: „ბიოლოგიის გაკვეთილებზე, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, მოსწავლეებს ჩვენ ვაცნობთ  სამყაროსა და ადამიანის წარმოშობის მატერიალისტურ წარმოდგენებს. ამასთან ერთად, ჩვენ მათ ვაცნობთ უკანასკნელ მეცნიერულ შედეგებს (საინტერესო იქნებოდა, თუ რომელ შედეგებს – ა.გ.), რომლებიც პრაქტიკულად არანაირ ეჭვს არ ტოვებენ ევოლუციონისტური თეორიის მარცხის შესახებ“ [1]. მღვდელი ტიმოთეს ამასწინანდელ გამოცემულ წიგნს „მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და თანამედროვე ბუნებისმეტყველება“ [2] პირველ გვერდზე ქვესათაური აქვს „კრეაციული მეცნიერების გაკვეთილები საშუალო სკოლის უფროს სკლასებში“ და „სახელმძღვანელო მასწავლებლებისა და მოსწავლეთათვის“. უეჭველია, რომ წიგნის სათაურში გამოყენება სიტყვისა „მართლმადიდებლობა“ და სასულიერო ხარისხი, რომელსაც ფლობს ავტორი, წიგნისადმი ყურადღებას მიიპყრობს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხრიდან და მას აქცევს ბუნებისმეტყველების პრობლემების და მათდამი ქრისტიანული დამოკიდებულების შესახებ ავტორიტეტულ წყაროდ.

ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ევოლუციის თეორიის მხარდამჭერები არასოდეს არ ამახვილებდნენ ყურადღებას შექმის ქრისტიანულ იდეასთან მიმართებაში იმ მოჩვენებით წინააღმდეგობაზე, რომლის შესახებაც საუბრობდნენ კრეაციონისტები. უფრო მეტიც, ევოლუციონისტებს შორის იყო საკმაოდ ბევრი ღრმად მორწმუნე ადამიანი, ხოლო თავად დარვინი ეკლესიის მამასახლისი გახლდათ. თუმცა ისინი ყოველთვის ცდილობდნენ კრეაციონისტებთან დისკუსია წმინდა სამეცნიერო სიბრტყეზე დაეყვანათ და უნდა ვთქვათ, რომ ძირითადში მათ ეს გამოუვიდათ. კრეაციონისტებმა მიიღეს ეს „თამაშის წესები“ და ახლა ცდილობენ მოიშველიონ მეცნიერული მონაცემები, ევოლუციის კრიტიკისთვის (ეგრედ წიდებული „მეცნიერული კრეაციონიზმი“), თუმცა ისინი არც ადრე და არც ახლა არ მალავენ, რომ ამ კრიტიკის წყარო წმინდა წერილია და პირველ რიგში, ცხადია, შესაქმეს წიგნის პირველ ორ თავში გადმოცემული სამყაროსა და ადამიანის შექმნის ისტორია.

თუმცა, შესაქმეს წიგნის ნებისმიერი მკითხველისთვის ცხადია, რომ ამ თავებში საუბარია სწორედ გახდომაზე, ცვლილებაზე, ანუ კოსმოსის ევოლუციაზე და მათ შორის დედამიწის ორგანულ სამყაროზე, ადამიანის გაჩენის ჩათვლით. მეორეს მხრივ, ევოლუციონიზმის მომხრეები ადამიანის გაჩენის შემდგომ ამ სამყაროს საგრძნობ ცვლილებას დაჟინებით არასოდეს მოითხოვდნენ (და ახლაც არ მოითხოვენ). ამიტომ კამათი სინამდვილეში არა თავად ევოლუციის ფაქტის შესახებ მიდიოდა, როგორც მონაწილეები ფიქრობდნენ, არამედ მხოლოდ იმის შესხებ, თუ რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს პროცესი. ანტიდარვინისტები თვლიდნენ, რომ შექმნის „ექვსი“ დღე, რომელთა შესახებ შესაქმეს წიგნში მიდის საუბარი, – უმნიშვენლო პერიოდია (რომელიც ასტრონომიული დღეღამის ტოლფასია, თუმცა, რომელ ასტრონომიულ დღეღამეზე შეიძლება საუბარი მზის არარსებობისას, რომელიც მხოლოდ მეოთხე დღეს შეიქმნა?) და კაცობრიობის ისტორიის ხანგრძლივობასთან შედარებით მისი უგულვებელყოფა შეიძლება. მათი აზრით ღმერთმა ძალიან სწრაფად, თითქმის მყისიერად შექმნა სამყარო, რომელიც ამის შემდგომ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში რჩებოდა უცვლელი. დარვინისტები, კი პირიქით, დაჟინებით ითხოვდნენ ადამიანის ისტორიასთან შედარებით ორგანული სამყაროს ჩამოყალიბების  უფრო ხანგრძლივ პერიოდს. და თუმცა XIX საუკუნეში მეცნიერთა წარმოდგენა დედამიწის წლოვანების შესახებ ჯერ ძალიან ბუნდოვანი იყო (ამერიკელი გეოლოგის ა. გრებოს წიგნში „სტრატიფიკაციის პრინციპები“, რომელიც უკვე 1923 წელს გამოვიდა [3], წარმოდგენილია დედამიწის წლოვანების სხვადასხვა შეფასებები 48 მილიონი წლიდან 7 მილიარდი წლის ჩათვლით), მაინც ითვლებოდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის წარმოშობიდან გასული დრო, იქამდე განხორციელებულ ორგანული ევოლუციის ხანგრძლივობასთან შედარებით შეიძლება უგულვებელყოთ.

XX საუკუნის შუა პერიოდი გახლდათ ზოგიერთი ქიმიური ელემენტის რადიოაქტიურ დაშლაზე დაფუძნებული ე.წ. აბსოლუტური გეოქრონოლოგიის მეთოდების სწრაფი განვითარების ხანა, რომლის მიზანი იყო ამა თუ იმ გეოლოგიური ობიექტის წლოვანების შეფასება. დედამიწის წლოვანება დღევანდელი შეფასებით არის დაახლოებით 4.8 მლრდ. წელი, სიცოცხლის დაბადებას უკავშირებენ 3.7 მლრდ. წლის წინანდელ დროს, ხოლო ადამიანის (Homo sapiens) გაჩენას 300 ათასი (თანამედროვე მონაცემებით 180 ათასი წ. [4] – ზ.ო.) წლის წინანდელ პერიოდს. ცხადია აბსოლუტური გეოქრონოლოგიის მეთოდები, როგორც ნებისმიერი მეცნიერული მეთოდები, არ არიან თავისუფალნი ცდომილებებისგან და უზუსტობებისგან. ამის მიუხედავად დღეს უკვე თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ მიღებულ ციფრთა რიგი განსაზღვრულია ზუსტად. თავად ციფრები მომავალში დაზუსტდება, თუმცა, სავარაუდოა, რომ ეს ცვლილებები არ იქნებიან თავად ამ ციფრებზე დიდები (როგორც ადამიანის დათარიღებამაც აჩვენა – ზ.ო.).

ამიტომ „წმინდა სამეცნიერო სიბრტყეში“ ევოლუციის (უფრო სწორედ მისი ხანგრძლივობის) ფაქტის შესახებ კამათში გამარჯვებულებად უნდა ჩავთვალოთ ევოლუციონისტები. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ცოცხალი ორგანიზმების სამყარო შეიქმნა არა მყისიერად, არამედ თანდათანობით (ბიბლიის მიხედვით  –  შესაქმეს ოთხ „დღეში“ – 3–ე, 4–ე, 5–ე და 6–ე) და რომ ეს პროცესი იყო ძალიან ხანგრძლივი – გრძელდებოდა ათობით ათასჯერ უფრო დიდ ხანს ვიდრე კაცობრიობის მთელი ისტორია. ასე, რომ შექმნის „დღეები“, რომლის შესახებ არის საუბარი შესაქმეს წიგნში (ყოველ შემთხვევაში 3–ე, 4–ე, 5–ე და 6–ე), არანაირად არ არიან „დღეები“ ჩვეულებრივი გაგებით (ასტრონომიული დღეები). ცხადია, რომ ისინი ეთანადებიან გარკვეულ, დროის საგრძნობლად დიდ შუალედებს. თუმცა ეს გასაგები იყო ბიბლიის იმ მკითხველთათვისაც, რომლებიც ცხოვრობდნენ აბსოლუტური გეოქრონოლოგიის მეთოდების გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე: ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე, – წერს პავლე მოციქული (2. პეტ. 3,8).

II

სხვა საკითხი, რომელიც აქტიურად განიხილებოდა და განიხილება ევოლუციის თეორიის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის, – არის საკითხი ევოლუციური პროცესის მექანიზმების და მამოძრავებელი ძალების შესახებ, რომლებმაც საბოლოოდ მიგვიყვანეს ცოცხალი ორგანიზმების იმ მრავალფეროვნებამდე, რომელსაც ვაკვირდებით ჩვენს გარშემო. აი მაგალითად რას ამბობს თანამედროვეობის ერთერთი წამყვანი კრეაციონისტი, აშშ–ში სამყაროს შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი დოქტორი დუაინ გიში (მისი დიალოგი ცნობილ ბიოლოგთან და მწერალ–ფანტასტთან აიზეკ აზიმოვთან გამოქვეყნდა ჟურნალში „Science Digest“ და რუსულ თარგმანში – ჟურნალში „Наука и религия“): „უნდა ვთქვათ, რომ არის სულ ორი პასუხი სამყაროსა და მის ბინადარ ცოცხალ არსებათა წარმოშობის შესახებ კითხვაზე. სწორი ამ ორიდან ერთია: ან სამყარო წარმოიქმნა ბუნებრივი ევოლუციის მექანიკური პროცესის შედეგად, ან შეიქმნა ზებუნებრივად“ [5].

თუმცა მოდით დავფიქრდეთ, მართლა ასეა თუ არა.

სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელსაც ჩვენს გარშემო ვხედავთ სავსე არის სხვადასხვა მოვლენებით. მათგან უმრავლესობას ბუნებრივი მიზეზები აქვთ, ანუ გამომდინარეობენ სხვა მოვლენებიდან: ხე გადატყდა, რადგან ძლიერი ქარი უბერავდა; ფაფა დაიწვა, რადგან დიდხანს იდგა ცეცხლზე; კნუტი არსებობს (დარბის, ჭამს, ძინავს, კნავის), რადგან ის კატამ გააჩინა დ.ა.შ. სინამდვილეში თავად მიზეზის ცნება ადამიანებში წარმოიშვა ერთი მოვლენის მეორისგან ამ „გამომდინარეობაზე“ დაკვირვების შედეგად. მაგრამ ამ დაკვირვებასთან და ბუნებრივ მიზეზთა აღიარებასთან ერთად ჩვენ აგრეთვე გვწამს ყოვლისშემძლე ღმერთის არსებობის, რომელიც ერთის მხრივ არსებობს ჩვენი ხილული სამყაროს მიღმა, ხოლო მეორეს მხრივ, – მისადმი ბოლომდე გაუცხოებული არაა და მართავს, ზრუნავს, ან საეკლესიო ენით რომ ვთქვათ, განაგებს მას. აი მაგალითად როგორ აღწერს დავით მეფსალმუნე ღვთის არსებობას სამყაროს „ბუნებრივ“ მოვლენებში:

დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე. უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები. შენი შერისხვით მიიქცევიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან. ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დაუფუძნე. საზღვარი დადე – ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუდებიან დედამიწის დასაფარავად… რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა. აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას – ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან. და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, გააბრწყინოს სახე საცხებელზე მეტად და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა. გაძღნენ ხენი უფლისა და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა… შეჰქმნა მთვარე ჟამთათვის, მზემ იცის თავისი დასავალი… დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან. (ფს. 103, 5–9, 13–16, 19, 32).

ჩვენ ვიცით და გვწამს, რომ კაცობრიობის უდიდესი გამოსყიდვა განხორციელდა ღმერთის მიერ განკაცებით: ღმერთი თვითონ გახდა ჩვენი მსგავსი ადამიანი, დადიოდა ჩვენს მიწაზე, საუბრობდა ჩვენთან ჩვენთვის გასაგებ ენაზე, ჭამდა და სვამდა ჩვენს თვალწინ. ჩვენ შეგვეძლო მისი ხილვა, მოსმენა, შეხება. მაშინაც კი როცა აღასრულებდა სასწაულებს, ანუ ერთი შეხედვით ყველაზე აუხსნელ და ზებუნებრივ მოვლენებს, ის ხშირად მიმართავდა ძალიან მარტივ მატერიალურ საშუალებებს. მაგალითად, ბრმად დაბადებულის განსაკურნავად, თვალებზე საკუთარი ნერწყვი წაუსვა და გააგზავნა სილოამის აუზში მოსაბანად (იხ. იო. 9, 6–7).

ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბუნებრივ და ზებუნებრივ მოვლენათა მიზეზებს შორის არ არის გაუვალი უფსკრული, რომ ღმერთის განგებულება სამყაროზე წარმოებს არა „მოვლენათა ბუნებრივი მიმდინარეობის“ წინააღმდეგ, არამედ სწორედ მისი მადლით და მის მიერ. სამყაროსა და ღმერთის მიზეზ–შედეგობრივი ურთიერთობები შეიძლება მივამსგავსოთ ავტომობილისა და მისი მძღოლის ურთიერთობებს. ცხადია, ავტომობილს გააჩნია საკუთარი მოწყობილობა და ფუნქციონირებს საკუთარი კანონების მიხედვით. მაგრამ მხოლოდ მძღოლი განსაზღვრავს, როდის, სად და რა სიჩქარით იმოძრავებს მოცემული ავტომობილი. რა (ან ვინ?) არის მიზეზი იმისა, რომ ავტომობილი გადაადგილდა მაგალითად A პუნქტიდან B პუნქტში? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მიზეზია – ძრავში საწვავის წვა და ამ დროს გამოყოფილი ენერგიის გარდაქმნა ბორბლების ბრუნვის ენერგიაში. მაგრამ ამ მიზეზად არანაკლები დარწმუნებით შეიძლება განვიხილოთ მძღოლის ნება, რომელმაც დაქოქა ავტომობილი და მიმართა A პუნქტიდან სწორედ B პუნქტში და არა რომელიმე სხვა მხარეს.

მაგრამ დავუბრუნდეთ ევოლუციას. დღეისთვის მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთსულოვანი აზრი ევოლუციური პროცესის განვითარების მექანიზმებისა და ფორმების შესახებ. არსებობს საკმაოდ ბევრი, სხვადასხვა ხარისხით დასაბუთებული სხვადასხვა ევოლუციური თეორია, რომლებიც განსხვავებული პოპულარობით სარგებლობენ ბიოლოგთა შორის. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია XX საუკუნის 40–50–იან წლებში შექმნილი ე.წ. ევოლუციის სინთეზური თეორია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა დარვინის თეორიის სინთეზი გენეტიკის მიღწევებთან. ამ თეორიის მიხედვით პირველად ფაქტებს, რომლებიც ორგანული სამყაროს ევოლუციას უზრუნველყოფენ, წარმოადგენენ მუტაციები, – შემთხვევითი ცვლილებები დნმ–ს მოლეკულაში, რომლებიც ინახავენ ამა თუ იმ ორგანიზმის მემკვიდრულ ინფორმაციას. ასეთი გზით წარმოქმნილი მუტანტები განიცდიან ბუნებრივი გადარჩევის მოქმედებას: ზოგიერთი მათგანი არასიცოცხლისუნარიანნი არიან და იღუპებიან, შთამომავლობის დატოვების გარეშე. ბუნებრივ გადარჩევას აქვს ალბათობრივი ხასიათი, ამიტომ ის აბსოლუტურად მკაცრად არ განსაზღვრავს გარკვეული ტიპის მუტანტების არსებობას და დაღუპვას, არამედ განაპირობებს მხოლოდ მათი გამოჩენის გარკვეულ სიხშირეს. სხვადასხვა მუტანტთა გამოჩენის სიხშირის ცვალებადობას, რომელიც გამოწვეულია გარემო პირობების ცვლილებით, მივყავართ სახეობათა (აგრეთვე ორგანიზმთა ყველა მსხვილ ჯგუფთა: სახეობათა, ოჯახთა დ.ა.შ.) წარმოქმნამდე. გარემოს განსაკუთრებულმა ცვლილებებმა შეიძლება მიგვიყვანოს ამა თუ იმ ჯგუფის გადაშენებამდე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუტაციები წარმოადგენს შემთხვევით მოვლენებს. როგორც ვთქვით, ვინაიდან ღმერთი მონაწილეობს სამყაროს ცხოვრებაში, როგორღაც მოქმედებს მასზე, ამიტომ სამყაროში უნდა არსებობდეს ღვთიური ნების („მართვის ორგანოები“, ავტომობილთან ანალოგიით თუ ვიხელმძღვანელებთ) „მოდების წერტილები“, მოვლენები, რომლებიც ირეკლავენ ამ ღვთიურ ჩარევას, ან განგებულებითი ზემოქმედება, რომლებსაც საკუთარი არსებობის მიზეზად ის (ღვთიური ნება – ზ.ო.) გააჩნიათ. როგორ გამოიყურებიან  „მოდების წერტილები“ დამკვირვებლისთვის „სამყაროს შიგნიდან“, ანუ მისთვის, ვინც აკვირდება და აღწერს მოვლენათა მხოლოდ ბუნებრივ მიზეზებს? ცხადია, როგორც მოვლენები, რომელთაც არ გააჩნიათ (ბუნებრივი) მიზეზები, ანუ შემთხვევითი მოვლენები. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ევოლუციის სინთეზური თეორია, რომელიც ევოლუციური პროცესის ფუძეში მოიაზრებს შემთხვევით მოვლენებს, სრულ თანხმობაშია იმ წარმოდგენებთან, რომ ორგანული სამყარო ღმერთის მიერაა შექმნილი, ხოლო ევოლუციის და შექმნის იდეის ურთიერთდაპირისპირება, რასაც დაჟინებით მოითხოვენ კრეაციონისტები, – არც მეტი არც ნაკლები გაუგებრობაა.

III

თუ ვიმსჯელებთ ევოლუციური პროცესის კონკრეტულ გზებზე, ყველაზე თანამედროვე პალეონტოლოგიური მონაცემების მიხედვით ევოლუციური სურათი ყველაზე ზოგადად შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად.

დედამიწაზე პირველი ცოცხალი ორგანიზმები იყვნენ პროკარიოტები: ბაქტერიები და ციანობიონიტები (ადრე ერთსაც და მეორესაც მიაკუთვნებდნენ მცენარეთა სამეფოს, ხოლო ახლა გამოყოფენ ორ დამოუკიდებელ სამეფოს). გეოლოგიურ მატიანეში ბაქტერიები ციაბიონიტებზე ოდნავ უფრო ადრე ჩნდებიან, მაგრამ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩვენს არასრულ ცოდნასთან და არა ევოლუციის ნამდვილ მსვლელობასთან. დაახლოებით 1.8 მლრდ წლის წინ გაჩნდნენ პირველი ევკარიოტები – ერთუჯრედიანი ორგანიზმები პროტისტების სამეფოდან. მრავალუჯრედიან მცენარეთა (წითელი წყალმცენარეები) უძველესი სარწმუნო ნაშთების წლოვანებაა დაახლოებით 1,3 მლრდ. წელი, ხოლო მრავალუჯრედიან ცხოველთა (ზღვის უხერხემლოების) და სოკოების – 0.7 მლრდ. წელი. პირველი პრიმიტიული ხერხემლიანები გაჩნდნენ დაახლოებით 520 მლნ. წლის წინათ, ხოლო პირველი, ნამდვილი თევზები – 420 მლნ. წლის წინათ. ოდნავ ადრე, დაახლოებით 430 მლნ. წლის წინათ – გაჩნდნენ უმაღლესი მცენარეები. ჩვეულებრივად ითვლება, რომ პირველი უმაღლესი მცენარეები ამავე დროს პირველი ხმელეთის მცენარეები იყვნენ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მათ გაჩენამდე ხმელეთი დასახლებული იყო წყალმცენარეებით. ყოველ შემთხვევაში, ხმელეთის უხერხემლო ცხოველთა ნაშთებს უფრო დიდი წლოვანება აქვთ, ვიდრე პირველ უმაღლეს მცენარეებს – 450 მლნ. წელი. პირველი უმაღლესი მცენარეები იყვნენ ბალახოვანი (სიმაღლეში არაუმეტეს ნახევარი მეტრისა) და სპოროვანი – ისინი მრავლდებოდნენ სპორებით, როგორც თანამედროვე გვიმრა და ხავსი. პირველი ხეები, (აგრეთვე სპოროვანი), დედამიწაზე გაჩნდნენ დაახლოებით 380 მლნ. წლის წინათ. დაახლოებით ამავე დროს დაიწყო ხმელეთზე პირველი ხერხემლიანი ცხოველების გამოსვლა – გაჩნდნენ პირველი წყალხმელეთა არსებები, ხოლო მოგვიანებით –  დაახლოებით 370 მლნ. წლის წინ – გაჩნდნენ შიშველთესლოვანი მცენარეები, რომლებიც მრავლდებოდნენ თესლით. პირველი შიშველთესლოვნები – სანებელი მცენარეები, სავრაუდოდ იყვნენ მცოცავნი ან მხოხავნი. შიშველთესლოვნებთან დაახლოებით ერთდროულად გაჩნდნენ ფრთოსანი მწერები – საჰაერო სტიქიის პირველი ბინადარნი. ქვემძრომნი გაჩნდნენ დაახლოებით 350 მლნ. წლის წინ, ხოლო პირველი პრიმიტიული ძუძუმწოვრები და ფრინველები – დაახლოებით 230 მლნ. წლის წინ. დაახლოებით 150 მლნ. წლის წინ გაჩნდნენ პირველი ყვავილოვანი მცენარეები, რომლებიც იძლეოდნენ ყვავილებსა და ნაყოფს და ამჟამად წარმოადგენენ დედამიწის მცენარეული საფარის მნიშვნელოვან ნაწილს. ადამიანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პალეონტოლოგიური საზომით – ძალიან ახალგაზრდა სახეობაა: მისი წლოვანება დაახლოებით 300 ათასი წელია.

თუ შევეცდებით ევოლუციის ამ სურათის შედარებას იმასთან, თუ როგორ აღიწერება ის ბიბლიაში, წავაწყდებით დიდ სირთულეებს თანამედროვე მეცნიერულ ენასა და ბიბლიურ ენას შორის სხვაობის გამო. ცოცხალი ორგანიზმების გარკვეული სახეობები დღეს გამოირჩევიან და იღებენ სახელებს შინაგანი აგებულების უდახვეწილესი ნიშანთვისებების საფუძველზე (მაგალითად პროკარიოტებისა და ევკარიოტების სამეფო განირჩევა იმ გარემოებით, შეიცავენ თუ არა უჯრედები ბირთვს). წინასწარმეტყველი მოსე კი უპირველეს ყოვლისა შესაქმეს წიგნს წერდა მის თანამედროვეთათვის, რომელნიც ცხადია არ ფლობდნენ ზედეტალურ ანატომიურ მეთოდებს. ამიტომ მისთვის უპირველესი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ცოცხალი არსებების გარეგნული სახეს და ცხოვრების წესს, ვის შესახებაც ის წერდა. ცხადია, რომ ორგანიზმების „კლასიფიკაციის“ ასე განსხვავებული მიდგომების ფარგლებში ძალიან რთულია დავადგინოთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ ცნებათა ურთიერთმიმართება.

პალეონტოლოგიის განვითარებამ ცოტა ხნის წინ მიგვიყვანა აქამდე უცნობ, სრულიად გადაშენებულ,  ორგანიზმთა ჯგუფების აღმოჩენამდე, რომლებიც არ გვანან დღეს არსებულ არცერთ არსებას. მათ რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ, მაგალითად პროგიმნოსპერმები – მცენარეები, რომლებიც საკუთარ თავში აერთიანებდნენ პრიმიტიულ გვიმრასა და შიშველთესლოვანთა ან დიცინოდონტების – გრძელ ეშვებიან ქვეწარმავალთა თვისებებს. ბუნებრივია ასეთი ჯგუფების აღსაწერად გამოგონილი იქნა ახალი სახელწოდებები – სიტყვები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა არცერთ ადამიანურ ენაში, მათ შორის ძველებრაულ ენაში (ენაში, რომელზეც დაწერილია შესაქმეს წიგნი), და წარმოიშობა ძალიან რთული საკითხი: როგორ უწოდებდა მოსე ამ სრულიად გადაშენებულ ორგანიზმთა ჯგუფებს, მათი არსებობის შესახებ რომ სცოდნოდა?

მსგავს ენობრივ პრობლემებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით, თანამედროვე პალეონტოლოგიის მიერ მოცემული ორგანული ევოლუციის აღწერის მოსეს მიერ მოცემულ აღწერასთან შესაბამისობის მცდელობისას. ასე მაგალითად შესაქმეს პირველ თავში (11–13) ვკითხულობთ: და თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი, [გვარისაებრ და მსგავსებისაებრ] და ხე ნაყოფიერი, ნაყოფის გამომღები, რომლის თესლი მასში გვარისაებრ არის ქვეყანაზე. და იქმნა ასე. და გამოიღო მიწამ მცენარეული ბალახი, თესლის მთესველი, [გვარისაებრ და მსგავსებისაებრ], და ხე [ნაყოფიერი], ნაყოფის გამომღები, რომლის თესლი მასში გვარისაებრ არის [ქვეყანაზე]. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი – დღე მესამე.

პირველ რიგში აქ გაუგებარია შეიძლება თუ არა წყალმცენარეების, ბაქტერიების და ციანობიონიტების ჩასმა ცნებაში მცენარე, თუ მოხმობილ ნაწყვეტში საუბარია მხოლოდ უმაღლეს მცენარეთა შესახებ? მსგავსადვე გაუგებარია ხე ნაყოფიერის ქვეშ უნდა მოვიაზროთ მხოლოდ ყვავილოვანი ხისმაგვარნი, ხოლო ბალახი, თესლის მთესველის ქვეშ – სანებელი მცენარეები, თუ ამ ცნებებში აგრეთვე უნდა შევიტანოთ უმაღლესი სპოროვანი მცენარეები – შესაბამისად ხისმაგვარნი და სანებლები. განმარტების პირველი ვარიანტის შემთხვევაში წინააღმდეგობა წარმოიქმნება პალეონტოლიგიურ მატიანესთან, რომლის მიხედვითაც, როგორც ვნახეთ, ყვავილოვანი მცენარეები გაჩნდნენ თითქმის ყველა ორგანიზმთა ჯგუფების შემდეგ.

არცთუ მთლად ცალსახაა თარგმნა ბიბლიური ტექსტისა, რომელიც  შესაქმეს მე–5–ე და მე–6–ე „დღეს“ ეხება (შესაქ. 1, 20–27, 31): და თქვა ღმერთმა: გამოიღოს წყლებმა ქვეწარმავლები ცოცხალი სულით და ფრინველები, რომლებიც იფრენენ ქვეყანაზე, ცის სამყაროს შესაბამისად. და იქმნა ასე. და შექმნა ღმერთმა დიდი ვეშაპები და ყოველი სული ცოცხალ ქვეწარმავალთა, რომლებიც გამოიღებს წყლებმა მათი გვარისაებრ, და ყოველი ფრთოსანი ფრინველი გვარისაებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია. და აკურთხა ისინი ღმერთმა და თქვა: აღორძინდით და გამრავლდით და აავსეთ წყლები ზღვებში, და ფრინველები გამრავლდნენ ქვეყანაზე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი – დღე მეხუთე. და თქვა ღმერთმა: გამოიღოს ქვეყანამ ცოცხალი სული გვარისაებრ, ოთხფეხნი და ქვეწარმავალნი და მხეცები ქვეყნისა გვარისაებრ. და იქმნა ასე. და შექმნა ღმერთმა მხეცები ქვეყნისა გვარისაებრ და პირუტყვი გვარისაებრ და ყოველი ქვეწარმავალი ქვეყნისა მათი გვარისაებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგია. და თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ, და მთავრობდეს ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე და პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე. და შექმნა ღმერთმა კაცი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი – დღე მეექვსე.

სიტყვით ქვეწარმავალი აქ (20,21) თარგმნილია ებრაული სიტყვა შერეც, რომელიც აღნიშნავდა არა მარტო ქვეწარმავლებს თანამედროვე ზოოლოგიური თვალსაზრისით (რეპტილიებს), არამედ აგრეთვე თევზებს და სხვა წყლის ბინადართ, ხოლო სიტყვით თევზი (21) – ებრაული ტანნინიმ, რომელიც აგრეთვე მოიცავდა ყველა დიდ წყლის ცხოველებს, ვეშაპებს, ნიანგებს დ.ა.შ. ანალოგიურად, ბიბლიურ ცნებაში ფრინველები (20–22), სავარაუდოდ უნდა ჩავსვათ არა მარტო ფრინველები თანამედროვე გაგებით, არამედ საჰაერო სტიქიის საერთოდ ყველა ბინადარი, მათ შორის ფრთოსანი მწერებიც.

ბოლომდე გაურკვეველი რჩება კავშირი მე–5–ე დღეს შექმნილ  ქვეწარმავლებსა და მე–6–ე დღეს შექმნილ მიწაზე მხოხავ ქვეწარმავლებს შორის. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ ქვეწარმავალნი ბიბლიურ ტექსტში მყარად ასოცირდებიან წყლის სტიქიასთან, ხოლო მხოხავნი იწოდებიან მიწაზე მხოხავებად, ამიტომ ქვეწარმავლებში უნდა ვიგულისხმოთ მარტოოდენ წყლის ბინადარნი, ხოლო მიწაზე მხოხავ ქვეწარმავლებში – ხმელეთზე ბინადარი რეპტილიები და შესაძლოა წყალხმელეთა ცხოველებიც. თუმცა, ამავე დროს ეს წინააღმდეგობაში მოდის პალეონტოლოგიურ მონაცემებთან, რომელთა თანახმად ხმელეთის  (და მით უმეტეს წყალხმელეთა) რეპტილიები უეჭველად ფრინველებზე ადრე გაჩნდნენ. ეს წინააღმდეგობა უცვლელი რჩება მაშინაც კი, თუ ფრინველთა განმარტებაში შევიყვანთ ფრთოსან მწერებს, რომლებიც რეპტილიებზე ადრე გაჩნდნენ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მხოხავ ქვეწარმავლებს მივაკუთვნოთ აგრეთვე ხმელეთის უხერხემლოები, რომლებიც გაჩნდნენ უფრო ადრე, ვიდრე ფრთოსანი მწერები.

მთლიანობაში ორგანული ევოლუციის პერიოდიზაცია შესაქმეს წიგნის მიხედვით, სავარაუდოდ შესაძლოა წარმოვადგინოთ შემდეგნაირად:

შესაქმეს მე–3–ე „დღე“ – მცენარეები;

შესაქმეს მე–4–ე „დღე“ – ციური მნათობნი;

შესაქმეს მე–5–ე „დღე“ – წყლის ხერხემლიანები და ფრინველები;

შესაქმეს მე–6–ე „დღე“ – ხმელეთის ხერხემლიანები და ადამიანი.

ხოლო პალეონტოლოგიური მონაცემების მიხედვით, მართალია ჩამოთვლილ ორგანიზმთა ჯგუფების გაჩენის თანმიმდევრულობა დაახლოებით იგივეა (ერთადერთი გამონაკლისი: ფრინველები გაჩნდნენ ხმელეთის ხერხემლიანების შემდეგ), თუმცა ეს ჯგუფები მნიშვნელოვანწილად ფორმირდებოდნენ პარალელურად და ერთდროულად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანული სამყაროს წარმოშობის ბიბლიური აღწერა გამოიყურება უფრო ევოლუციურად, ვიდრე პალეონტოლოგიური, და ისღა დაგვრჩენია რომ გაკვირვება გამოვხატოთ, თუ როგორ უნდა დაეპირისპირებინათ აღწერა ევოლუციის ფაქტის აღიარებასთან.

ამდაგვარად, თუ შესაქმეს წიგნში და თანამედროვე პალეონტოლოგიაში ევოლუციური პროცესის აღწერების შედარებისას შედეგებს შევაჯამებთ, შეიძლება აღვნიშნოთ, როგორც რიგი თანხვდენებისა (მცენარეები გაჩნდნენ ცხოველებზე ადრე; წყლის ბინადარნი გაჩნდნენ ხმელეთის ბინადრებზე ადრე; ადამიანი ყველაზე გვიან შეიქმნა), ისე წინააღმდეგობებისა (გაუგებარია, როგორ შეეძლოთ მე–3–ე „დღეს“ შექმნილ მცენარეებს მზის გარეშე არსებობა, რომელიც მხოლოდ მე–4–ე „დღეს“ შეიქმნა [6]; ქვეწარმავალნი აშკარად უფრო ადრე გაჩნდნენ ვიდრე ფრინველები). ძნელი სათქმელია, თუ რასთანაა დაკავშირებული ეს წინააღმდეგობები – ბიბლიის არასწორ განმარტებასთან, მის უხარისხო თარგმანთან, თუ თანამედროვე მეცნიერული მონაცემების არასაკმარისობასთან. უტყუარია ერთი რამ. ბუნება, როგორც შემოქმედის ნაწარმოები, ჩვენთვის აგრეთვე წარმოადგენს მის შესახებ გამოცხადებას, რომელიც ავსებს და განავრცობს წმინდა წერილს. და მართლაც, მოციქული პავლეს სიტყვების მიხედვით, – მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება (რომ. 1, 20).

 

ბიბლიოგრაფია

  1. Бузин И. Школьная программа и преподавание, ориентированное на православную традицию // Журнал Московской Патриархий. 1997. N 7, с. 26
  2. Священник Тимофей. Православное мировозрение и современное естествознание. Уроки креационной науки в старших классах средней школы. “Паломник”, 1998
  3. Grabau A.W. Principles of Stratigraphy. New York: “Seiler”, 1932
  4. გ. თევზაძე. „ევოლუციური ბიოლოგიის თანამედროვე კვლევების შესახებ“
  5. Гиш Д., Азимов А. Спор о происхождений // Наука и религия. 1991. N4, с. 16
  6. ის, რომ შესაქმეს წიგნში მოვლენათა თანმიმდევრობა ისტორიული თანმიმდევრობაა, ხაზგასმულია მათი აღწერისას „დღის“ კატეგორიის გამოყენებით, რომელიც უეჭველია განსაზღვრულ დროის შუალედს აღნიშნავს (თუმცა განუსაზღვრელი ხანგრძლივობით). მონათხრობის ქრონოლოგიურობა, რეალური დროის ნაკადში მკითხველის ერთგვარი ჩაფლობა, მიიღწევა „დღეთა“ ნუმერაციით, რომელთაგან თითოეულს, ამავე დროს გააჩნია თავისი  „მწუხრი“ და „დილა“. თუმცა მამა ანდრეი კურაევი (Размышления о первой главе Книги Бытия // Альфа и Омега, 1994, N3, с. 23-44) თვლის, რომ ბიბლიურ თხრობასა და რეალურ ისტორიას შორის ეს შესაბამისობა არცთუ ზუსტი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით შედარებით „გვიან“ (მხოლოდ „მეოთხე“ დღეს) გაჩენილ მზესა და ცის სხვა მნათობებთან დაკავშირებით,  და მას მოჰყავს განმანათლებელ გრიგოლ ნოსელის სიტყვები, რომელიც შესაძლებელად მიიჩნევდა მნათობდა გაჩენას დედამიწისა როგორც პლანეტის გაფორმებამდე.