სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი გაიგზავნა

15/01/2018
By

სერბეთის-პატრიარქისერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი გაიგზავნა და პასუხს ველოდებით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

„სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი გაიგზავნა და პასუხს ველოდებით. წერილში ჩვენ ვწერთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის არაღიარებული რესპუბლიკა მათი სახელმწიფოს მიერ და რომ, ეს არის არაღიარებული ეკლესია, ასევე მათი ეკლესიის მიერ. ამას ვუხსნით, ვეკითხებით და პასუხს ვითხოვთ, რატომ მოხდა მათი მიღება და რა იყო ამის მიზეზი“, – განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ სერბთა რესპუბლიკაში 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. ”ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.

წყარო

 

დღესვე გამოქვეყნდა ოფიციალური წერილი

 

მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს.

ამასთან, გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ შემდეგ საკითხზე:

საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ირინეოსმა, თავის რეზიდენციაში მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რაც ჩვენს საზოგადოებაში  მკვეთრად უარყოფითად იქნა აღქმული და ამის თაობაზე  კითხვებს ჩვენც გვისვამენ.

შევნიშნავთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, – ეს  ერთი და იმავე სივრცის აღმნიშვნელია ტერმინებია და აქ 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია, ფაქტიურად, თავის იურისდიქციას ვერ ანხორციელებს, რადგან იგი არის ოკუპირებული. არადა ეს მხარე, უძველესი ქართული მიწაა, რასაც აღიარებს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა და, მათ შორის, თქვენი ქვეყანაც.  ამიტომაც, აღნიშნული  შეხვედრა, ბუნებრივია,  თქვენი მხრიდან  გარკვეულ  ახსნას ითხოვს.

საქართველოში უყვართ სერბი ხალხი და სერბეთის ეკლესია.  ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა კვლავაც ძმურ სიყვარულზე, პატივისცემასა და სამართლებრივ პრინციპზე იქნება დაყრდნობილი, მით უმეტეს ორივე ქვეყანას და ეკლესიას რთული პერიოდი გვაქვს გადატანილი და ვიცით დიდი განსაცდელებით გამოწვეული ტკივილის ფასი.

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას  და  ყოველ კეთილ საქმეთა შინა წარმატებას.

გთხოვთ,  ჩვენი გულისტკივილი და კეთილი სურვილები გადასცეთ უნეტარეს ირინეოსს.

 

წყარო

Print Friendly

Comments are closed.