ბატონი, მონა და თავისუფალი

15/10/2015
By

 

shop_person_main_9909ნაწყვეტი წიგნიდან: “ადამიანის მონობის და თავისუფლების შესახებ”, ნ. ბერდიაევი

თარგმანი დეკანოზი თამაზ ლომიძე

 

“მუდმივად გვიწევს გამეორება, რომ ადამიანი წინააღმდეგობრივი არსებაა და იგი საკუთარ თავთან კონფლიქტში იმყოფება. ადამიანი ეძებს თავისუფლებას, მასშია უზარმაზარი ლტოლვა თავისუფლებისადმი. მაგრამ,  იმავდროულად იგი არამარტო ადვილად ექცევა მონობის ქვეშ,  არამედ  უყვარს მონობა. ადამიანი მეფეა და მონა. ჰეგელს “სულის ფენომენოლოგიაში” შესანიშნავი აზრები აქვს ბატონისა და ყმის, მბრძანებლობისა (Herrschaft) და მონობის (Knechtschaft) შესახებ. იქ საუბარია ბატონისა და მონის არა სოციალურ კატეგორიებზე, არამედ რაღაც სხვა, ბევრად უფრო ღრმა მოვლენაზე. ესაა ცნობიერების სტუქტურის პრობლემა. მე ვხედავ ადამიანის და მისი ცნობიერების სამ მდგომარეობას, რომელთაც შეიძლება ეწოდოთ “ბატონი”, “მონა” და “თავისუფალი”. ბატონი და მონა ურთიერთდამოკიდებულნი არიან, უერთმანეთოდ მათთვის შეუძლებელია არსებობა. თავისუფალი კი არსებობს თავისთავად, მას საკუთარ თავში გააჩნია ხარისხი საწინააღმდეგოსთან დამოკიდებულების გარეშე. ბატონი არის ცნობიერება  საკუთარი თავისთვის, რომელსაც მხოლოდ მეორის ანუ მონის მეშვეობით შეუძლია არსებობა. თუ ბატონის ცნობიერება ნიშნავს სხვისი არსებობის ცნობიერებას მისთვის, მონის ცნობიერება ნიშნავს საკუთარი თავის არსებობას სხვისთვის. თავისუფალი ადამიანის ცნობიერება კი თითოეულის თავისთვის არსებობის ცნობიერებაა,  თუმცა საკუთარისგან მეორისკენ და ყველასკენ თავისუფალი ნებით  გამოსვლის გზით. მონობის ზღვარი მონური ცნობიერების არარსებობაზე გადის. მონის სამყარო საკუთარ თავთან გაუცხოვებული სულის სამყაროა. ექსტერიორიზაცია მონობის სათავეა. თავისუფლება კი ინტერიორიზაციაა. მონობა ყოველთვის ადამიანური ბუნებისგან გაუცხოვებას და გამორიყულობას ნიშნავს…

ექსტერიორიზაციით და გაუცხოვებით დაღდასმული ცნობიერება ყოველთვის მონური ცნობიერებაა. ღმერთი – ბატონია, ადამიანი – მონა; ეკლესია – ბატონია, ადამიანი – მონა; სახელმწიფო – ბატონია, ადამიანი – მონა; საზოგადოება – ბატონია, ადამიანი – მონა; ოჯახი – ბატონია, ადამიანი – მონა; ბუნება – ბატონია, ადამიანი – მონა; ობიექტი – ბატონია, ადამიანი/სუბიექტი – მონა. მონობის სათავე ყოველთვის არის ობიექტივაცია ანუ ექსტერიორიზაცია, გაუცხოვება. ეს არის მონობა ყველაფერში – ცნობიერებაში, მორალში, რელიგიაში, ხელოვნებაში, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. მონობის დასასრული ობიექტივაციის დასასრულია. მაგრამ მონობის დასრულება არ ნიშნავს ბატონობის დაწყებას, რადგან ბატონობა მეორე მხარეა მონობისა. ადამიანი უნდა გახდეს არა ბატონი, არამედ თავისუფალი. პლატონი მართებულად ამბობდა, რომ ტირანი თვითონაც მონაა. სხვისი დამონება საკუთარ მონობას ნიშნავს. ბატონობა და დამონება თავდაპირველად მაგიას უკავშირდებოდა, რომლისთვისაც უცხოა თავისუფლება. პირველყოფილი მაგია ძალაუფლების სურვილი იყო. ბატონი მხოლოდ ანარეკლია მონისა, რომელიც ატყუებს სამყაროს. პრომეთე თავისუფალია და განმანთავისუფლებელი, დიქტატორი კი მონაა და დამმონებელი. ძალაუფლების სურვილი ყოველთვის მონური სურვილია. ქრისტე თავისუფალია, ყველაზე თავისუფალი ადამიანის ძეთაგან, იგი თავისუფალია  წუთისოფლისგან, იგი მხოლოდ სიყვარულით გვბოჭავს. ქრისტე ლაპარაკობდა როგორც ძალაუფლების მქონე, მაგრამ არ ჰქონდა ძალაუფლების სურვილი და არ იყო მბრძანებელი. იმპერიალიზმის გმირი-კეისარი მონაა,  წუთისოფლის მონა, ძალაუფლების სურვილის მონა, ადამიანთა მასის მონა, რომელთა გარეშეც არ ძალუძს ძალაუფლების სურვილის დაკმაყოფილება.  ბატონი მხოლოდ სიმაღლეს სცნობს, რომელზეც იგი მონებს აჰყავთ, კეისარმაც მხოლოდ სიმაღლე იცის, რომელზეც იგი მასებს აჰყავთ, მაგრამ იგივე მონები და მასები ამხობენ ყველა მბრძანებელს და კეისარს. თავისუფლება ნიშნავს გათავისუფლებას არა მხოლოდ ბატონებისგან, არამედ მონებისგანაც. ბატონი გარედან არის დეტერმინირებული, ბატონი არ არის პიროვნება ისევე, როგორც მონა არ არის პიროვნება. პიროვნებაა მხოლოდ თავისუფალი ადამიანი, თუნდაც მთელ სამყაროს სურდეს მისი დამონება.”

 

Print Friendly

Comments are closed.