ღმერთი არ არის ბოროტებათა მიზეზი

31/10/2016
By

deuscaritasest(დამასკელის 92-ე თავის განმარტება)

ვიცით, რომ ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით, შეუძლებელია ადამიანს არ ჰქონდეს თავისუფალი ნება და არჩევნის უფლება. საკუთარ ნამოქმედარზე – ცუდზეც და კარგზეც, ბუნებრივია, რომ თვითონ ადამიანია პასუხისმგებელი. თუ ქვეყანაზე ბოროტება ხდება, აუცილებლად ვიღაცაა ადამიანთაგან ამის ჩამდენი და მიზეზი. შესაბამისად არა ღმერთი, არამედ ადამიანია მომხდარში დამნაშავე. თუმცა, ყოვლისშემძლე ღმერთი უშვებს, რომ მოხდეს ცუდიც.
რადგან შეუძლებელია, ღმერთმა ადამიანს წაართვას თავისუფალი ნება (მაშინ, ადამიანი აღარ იქნება ადამიანი), ხდება ღმერთის მიერ ბოროტი საქმის დაშვებაც.
92-ე თავში, ცნობილი თხზულებისა წმ. იოანე დამასკელი ამბობს, რომ წმინდა წერილს ერთი თავისებურება ახასიათებს; იგი ღვთისაგან ცუდის დაშვებას ჩვეულებისამებრ ღვთის მოქმედებას უწოდებს. მაგალითად, სიტყვები – „განა არა აქვს უფლება მეთუნეს (ღმერთს), რომ ერთიდაიმავე თიხის ცომისგან დაამზადოს კარგი ჭურჭელიც და ცუდიც?“ (რომ.9,21) – ნიშნავს არა იმას, რომ ცუდ ჭურჭელსაც მეთუნე ამზადებს, არამედ იმას, რომ მეთუნე (უფალი) როგორც ბატონ-პატრონი ყველაფრისა, მის სახელოსნოში უფლებას აძლევს (უშვებს) ხელქვეითებსაც, რომ საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ დაამზადონ ჭურჭელი; ზოგი დაამზადებს ცუდს და ზოგიც – კარგს. მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ მაინც მეთუნის დაშვებით ხდება. ამ დაშვებას წმინდა წერილი ღვთის ნებას (დაშვებით ნებას) უწოდებს და ამის გამო ზოგიერთი ცდება და ჰგონია, რომ ბოროტებაც ღმერთის ნებაა ან ბოროტების მიზეზიც ღმერთია.
ღმერთი არაა ბოროტების მიზეზი. ბოროტების მიზეზია ადამიანების ნებაყოფლობითი არჩევანი.
შესაბამისად, ყველაფერი რაც ხდება არაა ღმერთის სასურველი ნება, მაგრამ ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება, ჩვენი თავისუფლების გამო.
* * *
ესაა არასრული შინაარსი, მაგრამ მთავარი აზრი 92-ე თავისა წმ. იოანე დამასკელის თხზულებიდან “მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”
დეკანოზი თამაზ ლომიძე

Print Friendly

Comments are closed.