ა.წ. 12 მარტს ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე (ჭუაძე) ვანდალიზმი უწოდა, საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალურ საიტით განცხადება გაავრცელა:

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე  (ჭუაძე) ვალეში  ხატებისა და წიგნების  დაწვასთან დაკავშირებით:

ა.წ. 12 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს.

არ არის გამორიცხული, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო, რადგან ეს ისეთი ადგილია, სადაც მსახურება არ აღევლინება და აქ სანთლის დასანთებად მართლმადიდებლებიც დადიან.

მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი.

საქართველოს საპატრიარქო გულისტკივილით აღნიშნავს, რომ უკვე არაერთი ფაქტია დაფიქსირებული სიწმინდეების შეურაცხყოფისა და ვალეს სალოცავში მომხდარიც ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

ვფიქრობთ, ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფამ მძიმე შედეგებამდე არ მიგვიყვანოს.

ფაქტი დაიგმო სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური გაერთიანებების მიერაც, მომხდარ ვანდალიზმზე გამოიძიება დაწყებულია

 წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი გამოთქვამს გულისტკივილს მომხდარის გამო, გმობს ვანდალიზმს და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების  ნებისმიერ მცდელობას.