გარდაცვალების საიდუმლო

მეუფე ზენონიავტორი – მთავარეპისკოპოსი ზენონი

„თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში. როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით.“ მოც. ეპისტ.

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც არ უცდია, ერთგვარი ახსნა მოეძებნა გარდაცვალების საიდუმლოსათვის. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გარდაცვალება ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, რადგან იგი უფლის ნებას არ წარმოაჩენს. როდესაც შემოქმედმა ადამიანი დაბადა, სულისა და ხორცის ერთობაში ქმნა და ასეთ მდგომარეობაში დაუდგინა ცხოვრება. ამიტომ პირველი ადამიანებიც უფალთან ერთობას ამდაგვარად ახორციელებდნენ, ვიდრე პირადი ნების არჩევანის შედეგად საკუთარი თავისთვის სიკვდილს მოიწევდნენ. არის რა დამბადებელი სიბრძნისმეტყველი და სახიერების, ეს სიკვდილიც სიცოცხლისაკენ წარუმართა მათ. როდესაც ადამს და ევას ცოდვამ უფალთან ერთობის პირვანდელი სახე წაართვა და ხორციელ ხრწნილებას დაუქვემდებარა, კაცთმოყვარე ღმერთის განგებულებამ დროებითი გაყრა სულისა და ხორცის საუკუნო აღდგომით შეუცვალა. ასე შეიქმნა გარდაცვალება მარადიული სიცოცხლის საწყისად. ეს არის მართლაც გარდაცვალება და არა – სიკვდილი. კვდება ის, რაც აღარ აღდგება და გარდაიცვლება ის, ვინც იცვალა.

„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იყოთ… მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ – ბრძანებს მაცხოვარი.

როდესაც წუხილს აღმოთქვამს ადამიანი, ეს წუხილი ყველაფერზე მეტი სიმძაფრით წარმართული აქვს გარდაცვალების ჟამის უცილობელ გარდუვალობისკენ, რადგან გამოცდილებით იცის, რომ არავინ დადის იმათგან დედამიწაზე, ვინც უკვე იარა…

ეს რეალობა გვზარავს და გვთრგუნავს, მოსვენებას გვიკარგავს და გვტანჯავს. იგი ამავდროულად გვახსენებს, რომ ამაოებაა ქვეყნიერება, წარმავალი და სატყუარა. მიუხედავად ამისა, მაინც მას ვებღაუჭებით და მასთან გვინდა შესისხლხორცება. და განა ქვეყნიერება, ანუ ფიზიკური სამყარო, მართლაც საძულველია? რა თქმა უნდა, არა! ის შემოქმედის ხელით ქმნილებაა მხოლოდ. ამიტომ იგი სიკეთეა და სხვა არაფერი. ქვეყნიერების ამაოებაც მხოლოდ სამყაროში შემოსული ცოდვისადმი ქვემდებარეობაა, მასთან ერთობა, მასში ცხოვრება და დარჩენა. ეს რომ ასეა, ამაზე მიუთითებს ცისა და მიწის კვლავ განახლება, როგორც ამის შესახებ გვამცნო წმ. წერილმა: იქნება ახალი ცა და მიწა. იგი განახლდება, ანუ მოხდება მისი ფერისცვალება სულიერად ფერნაცვალ კაცობრიობასთან ერთად. „უფალი ზეციდან მოვა, ის ამ სამყაროს აღსასრულისთანავე მობრძანდება… დადგება სამყაროს აღსასრული და ეს ქმნილი სამყარო კვლავ განახლდება“ – აღნიშნავს წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი. მისი ფერისცვალების შესახებ წმ. ბასილი დიდი წერს: „ეს სამყარო აუცილებლობის გამო განიცდის ფერისცვალებას“. როდესაც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი განმარტავს პავლე მოციქულის ეპისტოლედან ებრაელთა მიმართ დაწერილ ციტატას „შემდეგ ერთგზისღა შევძრავ ქვეყანას და ცას“ (ებრ. 12. 16), აღნიშნავს: „ამით განცხადებულია ყველა ნივთის დიდებული განახლება. უკანასკნელი ძვრა სხვა არაფერია, თუ არა ქრისტეს მეორედ მოსვლა და ამ სამყაროს გადასვლა უძრაობისა და ურყეველობის მდგომარეობაში“. ხოლო ნეტარი ავგუსტინე გვამცნობს: „მსჯავრის აღსრულების შემდეგ ეს ცა და მიწა არსებობას შეწყვეტენ. მაშინ კი დაიბადება ახალი ცა და ახალი მიწა. ეს სამყარო მატერიის გარდაქმნის გამო დაიღუპება და არა მისი სრული განადგურების გამო. მაშინ ამ სამყაროს ხატება დედამიწის ყოვლისმომცველ ცეცხლი დაინთქმება, როგორც ოდესღაც წარღვნისას დედამიწის წყლებში დაინთქა. ამგვარად, ამ ყოვლისმომცველ ცეცხლში განადგურდებიან ხრწნადი ელემენტები, ისინი, რომლებიც შეესაბამებიან ჩვენს ხრწნად ორგანიზმებს. მატერია ამ სასწაულებრივი გარდაქმნის შედეგად ისეთ თვისებებს შეიძენს, რომლებიც მორგებული იქნება ჩვენს უხრწნელ სხეულებს. განახლებული და სრულყოფილი სამყარო სრულ ჰარმონიაში უნდა იმყოფებოდეს ადამიანებთან, რომელთა ბუნებაც ამ დროისთვის უკეთესობისკენ განახლებული აღმოჩნდება“. ალბათ, უკვე გასაგები უნდა იყოს ჩვენთვის, რა ნადგურდება და გაქარწყლდება და რაც ნადგურდება, რატომ ინთქმება. მაშასადამე, წუთისოფელში მხოლოდ წუთისოფლობა განქარდება. სიცოცხლე და ყოფიერება წარუვალობის არსობის გამო მარად მარადიული რჩება. სიცოცხლე არ ქრება! სიცოცხლე არ კვდება!

სულისა და ხორცის მყისიერი განშორების წამიერობაც სწორედ ისაა, რომ სიცოცხლეს კი არ განვეშორებით ან, პირიქით, იგი – ჩვენ; განვეშორებით მხოლოდ დროს და გარდავისახებით უდროობაში. სამყაროს უდიდესი მოაზროვნენი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხედავდნენ სიცოცხლისა და სიკვდილის ამქვეყნიურ მუდმივ მონაცვლეობას, სიცოცხლის სასწაულით აღფრთოვანებულნი, სიცოცხლის წარუვალობას ღაღადებდნენ და კვლავაც მის ჰიმნოგრაფებად რჩებოდნენ: „სიკვდილს ჩვენთან არანაირი შეხება არა აქვს, – წერს ფილოსოფოსი ეპიკურე, – რადგანაც ცოცხალთათვის ჯერ არ არსებობს, მკვდარნი კი თვითონ აღარ არსებობენ მისთვის“ (ძვ. წ. 341-270 წწ.). იყვნენ ისეთნიც მსოფლიო ინტელექტუალთაგან, რომელნიც თვით სიკვდილის მოახლების ჟამს საკუთარ თავს უმართავდნენ უკვდავსაყოფ დიალოგს, მისი პირდაპირი მნიშვნელობით. მაგალითად, ფილოსოფოსი ეპიქტეტე, რომელიც 50-138 წლებში ცხოვრობდა:

„სიკვდილმა კარი გააღო და გეუბნება: მოდი.
– სად?
– შემზარავ არარაობაში კი არა, არამედ შენთვის ნაცნობ და მშობლიურ ელემენტებში. შენი ორგანიზმის შემადგენელი ცეცხლი ცეცხლს უბრუნდება, მიწა – მიწას, ხრწნადი სიცოცხლე – ხრწნად სიცოცხლეს, წყალი – წყალს…
– მაშ, რა გამოდის? ვინმე რომ თავს დამესხას და სასიკვდილოდ დამჭრას?
– უგუნურო, შენ კი არა, შენს ხრწნად სხეულს დაჩეხს“. (დიალოგი საკუთარ თავთან).

მიუხედავად იმისა, რომ ეს გვესმის გარკვეულწილად, წუხილი მაინც წუხილად რჩება და ეს წამი ჩვენი სიცოცხლის ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდად რჩება. ალბათ, იმიტომაც, რომ ქვეცნობიერი ცნობიერს ახსენებს პირველი დაცემის მწუხარებას და შედეგს. ნეტავ მხოლოდ ეს იყოს შიშისა და ტკივილის მიზეზი. გარდაცვალებას ხომ თან ახლავს ის სამსჯავრო, სადაც ჩვენი გული უნდა განისაჯოს და გასამართლდეს მიუკერძოებელი მსაჯულის მიერ; გული, რომელიც აღსავსეა ვნებისა და ბოროტების სიამ-ტრფობით, მათთან შეზრდილობითა და შეთვისებით, მათგან დაღლილობითა და დაუღლელობით. მაშინ ვინატრებთ ჩვენს ბავშვობას, იმ ბავშვობას, რომელსაც ამ ქვეყნის მაცდურობისა არაფერი ესმოდა. არც იმ განვლილი ცხოვრებისა და გზის შესახებ ჰქონდა ცნობა, რომლის გადახედვის ჟამს ხშირად აღმოგვითქვამს: ნეტავ თავიდან დამაწყებინა ეს ცხოვრება! მაგრამ ვერ გავექცევით მწარე რეალობას. დროს თავისი სვლა და კანონზომიერება აქვს, ამასავე ღაღადებს გამოცდილება…

სადა ხარ, ჩვენო ყრმობავ და ბავშვობავ? ახლა გვჭირდება შენი მყოფობა. რად გაგვეპარე ასე უცაბედად? გაუჩინარდი, როგორც ცისარტყელა.

და მართლაც: „დღეები სწრაფად გადიან, საათები არ იცდიან და არ ჩერდებიან, რადგან დროის სწრაფი სრბოლით ისწრაფვის ქვეყანა აღსასრულისაკენ. არც ერთი დღე არ აძლევს უფლებას მეორეს, მასთან ერთად ჩაიაროს და არც ერთი საათი არ უცდის მეორეს, რომ მასთან ერთად გაჰყვეს დინებას. როგორც წყალს ვერ დაიჭერ თითით და ვერ შეაჩერებ, ისე ვერ შეაჩერებ დედის საშოდან დაბადებულის სიცოცხლეს. შენი ცხოვრება ისე ჩაივლის, როგორც ჩრდილი, რომელიც არ ჩერდება. დილიდან საღამომდე დადის შენი სხეულის ჩრდილი და სამარემდე მიემართება შენი ცხოვრების გზა.“ – წმ. ეფრემ სირიელი.

ხშირად მიფიქრია, რა არის ის, რაც გვაშორებს თანამედროვეებს ნეტარხსენებული წმიდა მამის მიერ დანახული ცხოვრებისეული რეალობისგან, რომელიც ასეთი სულის შემძვრელი სიზუსტით გადმოგვცა ამ ფრაზებში. დრო? რა თქმა უნდა, არა! მართებული იქნებოდა გვეთქვა:

დ ა უ ფ ი ქ რ ე ბ ლ ო ბ ა !

წყარო: „სიცოცხლის საზრისი“ – ეპისკოპოსი ზენონი (2008 წ.)

Print Friendly

Comments are closed.