გაუწვრთნელი ძაღლი

Screenshot 2015-06-03 21.02.35ეს ამბავი ჩემი ბავშვობის დროს მოხდა. ბიძაჩემმა გერმანული ნაგაზის ყიდვა გადაწყვიტა და შეუკვეთა კიდევაც DOSAAF-ში (საბჭოეთში იყო ასეთი ნახევრად სამხედრო გაერთიანება). სულ მალე მოსკოვიდან მიიღო 2-3 კვირის ლეკვი, სუფთა ჯიშის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთებით. იმ დროისათვის ახალ სახლს აშენებდნენ, სადაც მალე უნდა გადასულიყვნენ და ეს ძაღლიც იმ ეზოსთვის იყო განსაზღვრული. მაგრამ, ეს ყველაფერი დროში ცოტა აცდა ერთმანეთს და ლეკვი უფრო ადრე მიიღეს ვიდრე ახალ სახლში გადასახლდებოდნენ. ამის გამო, ეს საწყალი, წმინდა სისხლის, ჯიშიანი ნაგაზი ფაქტიურად გალიაში ჩაკეტილი გაიზარდა, ყოველგვარი აღზდის და გაწვრთნის გარეშე. 1,5 წლის უკვე უშველებელი ზომის იყო და მშვენიერი შესახედაობა ჰქონდა. ჯიში მხოლოდ გარეგნობაზეც კი ეტყობოდა. მაგრამ, რად გინდა? – სულელი იყო და აღუზრდელი. არ ესმოდა არანაირი ბრძანება და არ იცოდა ვინ უცხო იყო და ვინ ახლობელი, სად იყო სახლი და სად გარეთ, როდის უნდა დამჯდარიყო, დაწოლილიყო ან დაეცვა ეზო. ვერ ცნობდა სხვა ცხოველებს. ხშირად უაზროდ აგრესიული იყო ან პირიქით, გაუგებრად ბრიყვი. აღრჩობდა ქათმებს და წიწილებს. თუ გარეთ დარჩებოდათ ღრღნიდა და ჭამდა ტყავის ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ა.შ. ერთი სიტყვით მისი ასაკის ძაღლის კვალობაზე სრულიად სულელი და განუვითარებელი გახლდათ. იმდენად დამახინჯებული იყო უკვე, რომ მისი თავიდან გაწვრთნა შეუძლებელი გახდა. სახლში დატოვება კი ზარალის და უბედურების მეტს აღარაფერს მოიტანდა. ადგნენ და მეცხვარეებს გაატანეს მთაში, იქნებ ველურ გარემოში მაინც, რამეში გამოგადგეთო. ასე დაღუპეს გაუწვრთნელობით და აღუზრდელობით ძვირფასი ჯიშის ძაღლი.

დღეს, როცა გვიკვირს თუ ამდენი წელია ქართველები რატომ ვერ ვახერხებთ საკუთარი ქვეყნის აშენებას და მოწყობას, ერთმანეთში სიმშვიდით და ურთიერთპატივისცემით ცხოვრებას, რატომ ვერ ვთმობთ შუღლს და ღალატს, სიხარბეს და სისატიკეს, რატომ ვერ მოვახერხეთ ამდენი წელიწადია ის, რომ ყველა მოქალაქეს თავის ქვეყანაში ეცხოვრებოდეს და ჩვენივე ხელით არ ვანგრევდეთ ჩვენს მომავალს, სულ ეს გაუწვრთნელი ძაღლი მახსენდება. აშკარაა, რომ ჩვენც, ბევრი სიმახინჯის „გალიაში“ გამომწყვდეულებმა ვერ მივიღეთ შესაბამისი აღზრდა ამ ამოცანებისთვის და დღეს რეალურად უუნარო და გაუწვრთნელი მოქალაქეები ვართ. ჩვენგან განსხვავებით, ის ხალხი ვინც ჯანსაღად აღზრდილია, ბევრს არ ლაპარაკობს, არამედ აღზრდის დროს შესისხლხორცებული კარგი ჩვევებით ბუნებრივად ცხოვრობს და მოაქვს კიდეც სიკეთე საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

იმ ნაგაზივით ჩვენც თავიდან ვეღარ გავიზრდებით. მაგრამ, ჩვენი აღზრდის ნაკლულობის აღიარება და გააზრება კიდევ ბევრ შეცდომას აგვარიდებდა მომავალში.

 დეკანოზი  თამაზ ლომიძე

07.04.14

Print Friendly

Comments are closed.