ქრისტიანული სიყვარული არის ის, როცა ემსახურები მას, ვინც ამას არ იმსახურებს

26/10/2016
By

14502771_10207389753133398_3723104110540553911_nინტერვიუ მეუფე საბასთან (ინწკირველი)
ჟურნალი “კარიბჭე” (წყარო)

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე საბას (ინწკირველი) საქართველოში ყოფნის დროს შევხვდი და “კარიბჭესთან” საუბარი ვთხოვე:

– ეკლესიაში საღმრთო მადლი რომ მოქმედებს, ღრმად გვწამს… ქრისტე არის თავი ეკლესიისა, სასოება და იმედი. ჩვენ ქრისტეს ირგვლივ ვართ შეკრებილები. ყველა მღვდელმთავრის და რა თქმა უნდა ჩემი, მთავარი მისია არის ზრუნვა თითოეულ ადამიანზე, არა მხოლოდ ეკლესიის წევრებზე, არამედ მის გარეთ მდგომებზე. ასეთნი მრავლად არიან. ჩვენი მსახურება მხოლოდ გარკვეული ადამიანებისთვის როდია. ეკლესია არ არის ნაციონალური და ეკლესია არ შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველებისთვის, ის არის ყველასთვის, ვისაც ქრისტესთან ერთობა სურს (აქ და ყველგან ხაზგასმა ჩვენია -რედაქცია). როდესაც უცხო ქვეყანაში მივდივართ, ყოველთვის გვაწუხებს და მტკივნეულად განვიცდით სამშობლოსთან განშორებას და ვფიქრობთ შინ დაბრუნებაზე. ზოგიერთი შეიძლება ფიქრობდეს უცხოეთში დარჩენას, მაგრამ მაინც ახსოვს პატრიარქის მოწოდება – დავბრუნდეთ საქართველოში.

მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს ანთებული სანთელი, რომელიც ცოდვის მორევში ჩაფლულ სამყაროში ანათებს. როდესაც გვიწევს ისეთ საზოგადოებაში ყოფნა, სადაც ბევრი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარია, ან სულაც წარმართული საზოგადოებაა ბევრ ჩვენგანს არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ეს ხალხი უყურებს ჩვენს მაგალითს: როგორ ვცხოვრობთ, როგორი სიყვარული გვაქვს ერთმანეთის მიმართ; როგორ ვეხმარებით არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ სხვებსაც.
ახალი აღთქმის ორი მთავარი მცნება არის სიყვაული ღმერთისა და ადამიანისა. ქრისტიანობა სიყვარულია. ქრისტე არ მოსულა კანონების დასაწესებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონებს პატივი არ უნდა ვსცეთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს ის, რომ ქრისტეს პერიოდში კანონების ზედმიწევნით აღმსრულებელნი იყვნენ სწორედ ისინი, ვინც ძე ღვთისა ჯვარს აცვეს. ჩვენ თავი უნდა გავწიროთ, თავი დავდოთ ადამიანების გადასარჩენად, თანაჯვარსვეცვათ ქრისტესთან ერთად…
გულსატკენია და მაწუხებს როცა სასულიერო პირი ამბიონიდან ქადაგებს: ამერიკა, მთელი სამყარო ჩაიძირება და მხოლოდ საქართველო გადარჩება, რომ ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და მხოლოდ ჩვენ გადავრჩებით. “ხატი” დაუწერიათ, სადაც გამოსახულია დედამიწა, და მის ფონზე მხოლოდ გადარჩენილი საქართველოა ამოწეული. ეს არის ანტიქრისტიანული ნახატი და არ შეიძლება ხატად იწოდებოდეს. გადარჩენა ერთ ადგილას არ ხდება. ვისაც ქრისტეში ერთობა აქვს, ის ყველგან გადარჩება. ჩემი საუბარი აქეთკენ წავიყვანე, რადგან ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. ვკითხავდი იმ ადამიანებს, – სად გამიშვა მე საქართველოს ეკლესიამ? თუ გამიშვა იქ, სადაც უნდა დავიღუპო და ჩავიძირო, მაშინ მზად ვარ ამისთვის.
ალიან ბევრი სასულიერო პირი საუბრობს ანტიქრისტეს მოსვლასა და სამყაროს დასასრულზე. თუმცა უმჯობესია,რომ ადამიანებს ვახაროთ ქრისტეს შესახებ სწავლება და იმედი მივსცეთ გადარჩენისა.
ლიტურგია გულია ქრისტიანობისა. ლიტურგიულია მთელი ჩვენი ცხოვრებაა. ქრისტე ლიტურგიაზე უხილავად მყოფობს და ის არის შემწირველიც და შეწირულიც; ჩვენ ვართ მასში და ერთმანეთში გაერთიანებულნი. ლიტურგია არის ის, რაც მომავალში უნდა დადგეს- ცათა სასუფეველი.

სასულიერო პირებზეა დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება მრევლის სულიერი განვითარება, ჩვენ უნდა ვიყოთ მსგავსნი ქრისტესი და მიმცემი სიყვარულის მაგალითისა და არა სიძულვილისა. სიძულვილით აღვსილი ადამიანი არ შეიძლება რომ ქრისტიანად იწოდებოდეს. სახარებიდან ვიცით, როცა მოწაფეები შეეკითხებიან მაცხოვარს, როგორ გვიცნობენ ჩვენ, რომ შენი მოწაფეები ვართ? მაცხოვარი პასუხობს: სიყვარულით გიცნებენ.

ქრისტიანული სიყვარული არის ის, როცა ემსახურები მას, ვინც ამას არ იმსახურებს. ნუთუ ჩვენ ვიყავით ღირსნი იმისა, რომ ქრისტე მოსულიყო და ჯვარცმულიყო ჩვენთვის? ამქვეყნად განკაცებული ცოცხალი ღმერთის ხორციელად შობა, ნათლისღება, ფერისცვალება, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება და ის რაც მომავალში უნდა იყოს, დიდებით მეორედ მოსვლა, არის ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება, თავისი ქმნილების გვირგვინის- ადამიანისადმი.

რა შეიძლება ვუწოდოთ თუ არა სიყვარული ჯვრიდან ნათქვამ სიტყვებს: “მიუტევე, მამაო, რამეთუ არ იციან, რასა იქმან”. ეს არის სწორედ ქრისტიანული სიყვარული.
გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ ხშირად ადმიანები ქრისტეს სახელით შეურაცხყოფენ ერთმანეთს. მათ ჰგონიათ, რომ ამით ქრისტიანობას იცავენ. უამრავი პროლემაა ჩვენს დედაეკლესიაში. მიუხედავად ამისა ეკლესია არსებობს და იარსებებს, რადგან მისი არსებობა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეკლესიის თავი არის ქრისტე და და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.ვისაც სურს რომ ეკლასიაში იყოს,ანუ ერთობაში ქრისტესთან და ერთმანეთთან, მან უნდა იცხოვროს იმ სიყვარულით და ცხოვრების წესით, რაც ქრისტემ მოგვცა.

– ეკლესია თანამედროვეობას უნდა აყვეს?

-ეს შეკითხვა განსაკუთრებუად აქტუალურია 21-ე საუკუნეში, რადგან ეს საუკუნე არის “ტექნოლოგიების საუკუნე”. ეკლესია არ ეწინააღმდეგენა სამყაროს განვითარებას და თანამედროვე გამოწვევებს სახარებისა და მამათა სწავლებიდან პასუხობს. ადამიანს ღმერთმა მისცა შემოქმედებითი ნიჭი და სამყარო ვითარდება ადამიდან დაწყებული დღემდე. აქედან გამომდინარე, ყოველი დღე და ყოველი წელი არის სიახლისა და განვითარების მომტანი სამყაროსათვის. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც განვითარებას არ ღებულობენ. იყო დრო როდესაც საბეჭდ მანქანას ეშმაკის შექმნილს უწოდებდნენ. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. წინა საუკუნეებმა ცუდთან ერთად, ბევრი კარგიც ხომ მოგვცა? მთავარია, რომ ყველაფერი ის რაც ადამიანმა შექმნა სწორად იქნეს გამოყენებული. მაგალითად: ინტერნეტი ხომ მისიონრული კუთხითაც გამოიყენება ან კიდევ, თვითმფრინავით ხომ უფრო სწრაფად გადავაადგილდებით, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა.
ამბობენ, რომ თანამედროვე სამყარომ ადამიანი გახრწნა. მაგრამ,  ადამიანის დაცემა ხომ პირველი ცოდვის ჩადენის დღიდან დაიწყო? ასე, რომ არასწორია თანამედროვეობისათვის ადამიანის გახრწნის დაბრალება. ადამიც ხომ ასე მოიქცა, როცა თავისი დანაშაული ევას გადააბრალა? გახრწნის მიზეზი ყველა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ეძიოს.

თუ ძველი აღთქმის ადამიანებში ცოდვები და ვნებები არ არსებობდა, მაშ, რატომ დასჭირდა ღმერთს მათთვის შეექმნა მკაცრი კანონები? ესე იგი, ეს პრობლემა არა თანამედროვეობის, არამედ ზოგაგად, ცოდვით დაცემული ადამიანის ბუნების პრობლემაა. ადამი სამოთხეში დაეცა, ხოლო ლოთი სოდომში გადარჩა. სამყაროს განვითარებას ვერ შევაჩერებთ. მაგრამ, ქრისტეს შეწევნით ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს ხრწნადობას. წმინდა ნიკოლოზ სერბი საოცარ სიტყვებს ამბობს, – თუ გინდათ სამყარო შეცვალოთ, შეცვალე საკუთარი თავი და შენ შეცვლი სამყაროს. თითოეულმა ადამიანმა საკუთარ გულის სიღრმეში უნდა ჩავიხედოთ, რამდენი სისუსტე გვაქვს და ჩვენ გვინდა, რომ სამყაროში არ არსებობდეს პრობლემები? ეს შეუძლებელია. ჩვენ მას ვერ მოვსპობთ, მაგრამ სწორი ლოცვით, ქრისტე შეგვეწევა და ჩვენში მყოფ სისუსტეებს დავამარცხებთ. ჩვენი პრობლემა არის ის , რომ ლოცვა არ ვიცით. აუცილებელია ვისწავლოთ სწორი ლოცვა.

Print Friendly

Comments are closed.