მოგვიწოდებს თუ არა ძალადობისკენ წმ. იოანე ოქროპირი?

13/07/2021
By

800px-Johnchrysostomავტორი: იოანე კაზარიანი

 

ბოლო დროს, მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის აქტუალური გახდა წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები ძალადობის შესახებ, რომელიც მან გამოთქვა „საუბრებში ქანდაკებათა შესახებ“ (1, 12), სადაც, როგორც ეს შეიძლება გულუბრყვილო მკითხველს მოეჩვენოს, წმინდანი კეთილმსახურების დასაცავად ძალადობას ამართლებს. წმინდანის ეს სიტყვები გარკვეულ ისტორიულ კონტექსტსა და Consensus patrum კონტექსტში უნდა გავიგოთ, ანუ თუ რამდენად შეესაბამებოდა წმ. იოანე ოქროპირის ეს სიტყვები მსოფლიო ეკლესიის მამათა აზრს.

სამწუხაროდ, ბოლო დროს, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილი, ამა თუ იმ ჯგუფთან ან პიროვნებასთან (სხვადასხვა რელიგიური, კულტურული ფენის წარმომადგენლებთან ან თუნდაც მართლმადიდებელ ქრისტიანებთან პოლემიკისას,  როდესაც მათი აზრი განსხვავდება) აპოლოგიისას, საკითხის ძალადობრივი გადაწყვეტის არგუმენტად მოჰყავთ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები, რომელიც წმინდანმა ღვთისმგმობელების წინააღმდეგ წარმოსთქვა. სამწუხაროდ, შუღლის დროს  მართლმადიდებელი მოძალადეები არ იხსენებენ სახარებისეულ იდეალებს, რომლებიც ქრისტემ განახორციელა: “ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის” (მათე. 5, 44). უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ როდესაც ქრისტე ამ სიტყვებს ამბობდა, მას არანაირად არ დაუკონკრეტებია სიძულვილის, წყველისა და მტრობის მიზეზი. ქრისტეს მცნება უნივერსალურია ყველა სახის სიძულვილის, მტრობისა და დევნის მიმართ. ეს არის სიყვარულისა და ჭეშმარიტების სისავსე, რადგან ქრისტეშია ღვთაების სისავსე (კოლ. 2, 9), ანუ სიყვარულისა, რაც ქრისტიანული სიკეთის გვირგვინია.  ქრისტე თავად გახდა დევნის, სიძულვილისა და წყევლის მსხვერპლი და კაცობრიობის ცოდვებისთვის ჯვარს ეცვა. ქრისტე არის იდეალი, რომლისკენაც ყოველი ქრისტიანი უნდა მიისწრაფვოდეს, და მოთუმეტეს სასულიერო პირი. მაგრამ ჩვენ ბანალურად და გულუბრყვილოდ გვიმეორებენ წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებს: „რადგანაც საუბარი შეეხო გმობას, მინდა გთხოვოთ ყველას… დააშოშმინოთ ქალაქში ყველა, ვინც ღვთისმგმობელია. თუ გაიგებ, რომ ვინმე მოედანსა თუ გზის გასაყარზე ღმერთს გმობს, მიდი და შთააგონე და თუ საჭირო იქნება, რომ დაარტყა, არ თქვა უარი, დაარტყი სახეში, დაუმტვრიე პირი, განანათლე ხელი შენი დარტყმით. და თუ ბრალს წაგიყენებენ და სასამართლოში მიგიყვანენ, მიდი. და თუ მოსამართლე სამსჯავროს წინაშე პასუხს მოგთხოვს, თამამად უთხარი, რომ მან ანგელოზთა მეფე დაგმო…“ (PG. 49, Col. 33).

როგორ შეიძლება შევეკამათოთ წმ. იოანეს სიტყვების ასეთ უადგილო გამოყენებას? 1) წმ. იოანეს სიტყვები პირდაპირ ესმით იმის გააზრების გარეშე, რომ ასეთი მოწოდება არ ეთანხმება სახარებისეულ ტექსტებს, ეკლესიის სამოციქულო მემკვიდრეობას და ეკლესიის გადმოცემას; 2) ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც წმ. იოანემ ესოდენ ხისტი მოწოდება გამოთქვა; 3) ის გამოითქვა კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ანტიოქიაში მოხდა, სადაც წმ. იოანე მღვდელი იყო. ამგვარად, მნიშვნელოვანია მისი სიტყვების კონტექსტი და ისტორიული ფონი. ზემოხსენებული არგუმენტების გაუთვალისწინებლობა ძალადობის მომხრეებს მეტად არაობიექტურ მდგომარეობაში აყენებს, რომელიც ეკლესიის გადმოცემასა და წერილს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

მაშ, რა ხდებოდა წმ. იოანე ოქროპირის ხანის ანტიოქიაში? ანტიოქიაში 387 წელს მოსახლეობა აუჯანყდა იმპერატორ თეოდოსის გადასახადების მომატების გამო. დაბალი და საშუალო ფენის მოქალაქეები ითრგუნებოდნენ საიმპერატორო ხარკით. ეს ხარკი დრო და დრო იმატებდა, რამაც ანტიოქიის მოსახლეობის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. გაშმაგებულმა ბრბომ დაიწყო იმპერატორისა და მისი ოჯახის ქანდაკებების განადგურება. იმ დროინდელი კანონებით, შეურაცხყოფა, რომელსაც იმპერატორის გამოსახულებას აყენებდნენ, თავად იმპერატორის შეურაცხყოფას უტოლდებოდა. ამის გამო, ანტიოქიის მიმართ საიმპერატორო ჯარმა  რეპრესიები დაიწყო – მრავალი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს, გადაასახლეს, დააპატიმრეს. ხალხმა დაკარგა უფლებები, საკუთრება, ღირსება და პატივისცემა. ამ პირობებში წარმოითქვა ქადაგებისას სიტყვა, რომელიც „ქანდაკებებათა შესახებ“ სახელწოდებით არის ცნობილი. ძალადობის შესახებ ზემოთ მოყვანილი სიტყვები სახალხო აჯანყების წინ ითქვა. ამ სიტყვებით წმინდანი მოუწოდებს, რომ ნებისმიერი ხერხით, თუნდაც ცემით, დაეშოშმინებინათ პროვოკატორები, რომლებიც ხალხში თავიანთი გამოსვლებით არეულობას თესავდნენ. ანუ, წმ. იოანეს მხრიდან ეს იყო ანტიოქიის ეკლესიის რადიკალური ელემენტების შეკავების რადიკალური ფორმა. ზუსტად ამ პროვოკატორებს უწოდებს ის ღვთისმგმობლებს. ამას ვხედავთ, როდესაც „ქანდაკებებათა შესახებ“ 21-ე სიტყვას ვკითხულობთ. ზუსტად ამაშია წმ. იოანეს სიტყვების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი.

სიღარიბე, ქონებისა და მდგომარეობის დაკარგვა, ერთი სიტყვით, სიღატაკე სახალხო აჯანყების მთავარი მიზეზი იყო. ანტიოქიელებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც ასწავლიდა, რომ სიღარიბე ღვთის სიყვარულთან შეუთავსებელია და ეკლესიის სწავლება ღმერთზე მცდარია. თანაც, ამგვარი პროვოკატორი ანტიოქიაში ბლომად იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხალხი აყვა ამ პროვოკატორულ აგიტაციებს და მრავალი ღმერთს აბრალებდა თავის სიღარიბესა და სიღატაკეს, რაც, რათქმაუნდა, ღვთის გმობა იყო. ამ ღვთისმგომბლების შესახებ წერს წმ. იოანე თავის საუბრებში და ანტიოქიაში სამოქალაქო და საეკლესიო წესრიგისკენ მოუწოდებს. წმ. იოანეს მიზანი იყო წესრიგი და არა არეულობა. წმინდანი ცდილობდა ანტიოქიის ეკლესიის მრევლში მშვიდობა დასადგურებულიყო. ის ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებდა, რადგან იცოდა, რით შეიძლებოდა დასრულებულიყო სახალხო აჯანყება. მან ეს არა მხოლოდ ეკლესიური სწავლებიდან იცოდა, არამედ იმიტომაც, რომ იცოდა სამოქალაქო კანონი, როგორც იურისტმა, რადგან განათლებით ადვოკატი იყო.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გვსურს მკითხველის ყურადღება მივაპყროთ მისი წერილის კონტექსტს. ეს „საუბრები“ გარკვეულ ისტორიულ-სამოქალაქო პირობებში დაიწერა და წმინდანის ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში ერთადერთ შემთხვევას წარმოადგენს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ „საუბრების“ ტექსტი არ შეესაბამება Consensus patrum-ს და ვერანაირად ვერ შეესაბამება ეკლესიის წერილსა და გადმოცემას. მითუმეტეს, რომ მოციქულთა კანონების №27-ე წესის თანახმად მღვდელს ნებისმიერი სახით ძალადობა ეკრძალება; ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში სასჯელის ზომად მღვდლობიდან განკვეთას აწესებს (აქ იგულისხმება არა მხოლოდ ძალადობა, არამედ ძალადობისკენ მოწოდებაც). ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ძალადობა მორწმუნეთა თუ ურწმუნოთა წინააღმდეგ არის მიმართული. ამგვარად, წესი N 27 მსოფლიო ეკლესიის Consensus patrum-ის ნაწილია.

გამოყენებული და გათვალისწინებული ლიტერატურა და წყაროები:

PG – J.P. Migne, ed. Patrologiae graecae cursus completus. Paris, 1844-66

Курбатов Г. Л. К вопросу о «хулящих бога» (βλασφημουντες) и восстании 387 г. в Антиохии // Древний мир: сборник статей в честь академика В. В. Струве. 1962. С. 572—578.

წმინდა მოციქულთა კანონები https://azbyka.ru/otechnik/pravila/Pravila-i-Sobory-pravoslavnoj-cerkvi-apostolskie-pravila/#0_27

ხსენებულ თემაზე ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულია სხვა სტატიაც:

ალექსანდრე ტკაჩენკო. განანათლე ხელი შენი დარტყმით“- ძალადობის წინააღმდეგ https://www.orthodoxtheology.ge/zaladobiswinaagmdeg/?fbclid=IwAR2-9KfEEnJ0VbnNZiC3vbaO5muQGQYbNlf674K5XUOcZGSaLhvDLEQTI48

 

 

 

Print Friendly

Comments are closed.