სარწმუნოების სიმბოლო (ნაწილი 2)

21/08/2014
By

normal_1963_jubileemagazine_jpgავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი 

მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი

ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
იხილეთ I ნაწილი

გაგრძელება

8. და ჯუარს-ეცუა ჩუენთვის პონტოელისა პილატეს ზე…


რა მნიშვნელობა აქვს იმ მოკლე ჩამონათვალში, რაც სწამს ეკლესიას, პილატეს *21 ხსენებას? რატომ იხსენება მხოლოდ ეს ერთი სახელი ქრისტეს ჯვარცმასთან, სიკვდილთან და აღდგომასთან დაკავშირებით, ერთი სახელი იმ უთვალავი ადამიანის სახელთაგან, რომლებიც მონაწილეობდნენ უდანაშაულო მოძღვრის გასამართლებას და წამებაში? ამ კითხვას უნდა გავცეთ ორი პასუხი, ჩვენი რწმენისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანი, არსებითი, ცენტრალური.

პირველი პასუხი ასეთია: პილატეს სახელი იხსენიება იმიტომ, რომ მისი დასახელებით ეკლესია ამტკიცებს იმ მოვლენების ისტორიულობას, რომელშიც ეკლესია აღიარებს სამყაროსა და ადამიანის ხსნას.
არსებობს მეორე პასუხიც სარწმუნოების სიმბოლოში რომაელიმმართველის სახელის მოხსენიების მიზეზზე და ეს პასუხი ნათლადაა მითითებული თვით პილატეს იმ სიტყვებში, რომლითაც მან, იოვანეს სახარების თანახმად, მიმართა მის წინაშე მდგარ ქრისტეს. ქრისტე დუმს, და პილატე ეკითხება: `მე არას მეტყვია? ანუ არა უწყია, რამეთუ ხელმწიფება მაქუს ჯუარ-ცუმად შენდა და ხელმწიფება მაქუს განტევებად შენდა?*22. ეს ნიშნავს, რომ მიწიერი ბედი ადამიანისა, რომელიც დგას პილატეს წინაშე, სიკვდილი და სიცოცხლე ადამიანისა, დამოკიდებული იყო პილატეზე. და პილატემ, როგორც ცნობილია, იცოდა, რომ ეს ადამიანი უბრალო იყო. ამის გამო, – წერს იოანე მახარებელი, – `პილატეს უნდა განტევება¡ მისი *23. ესე იგი,
პილატე ეძებდა შემთხვევას, რათა გაეშვა ქრისტე, და არ გაუშვა. არ გაუშვა, რადგან ეშინოდა ბრბოსი, რადგან პილატესათვის უფრო ადვილი იყო, ესიამოვნებინა ბრბოსათვის უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის დასჯით, ვიდრე მისი გაშვებით, რაც ნიშნავდა მღელვარების, აჯანყების, რომში დასმენებისა და სხვა მსგავსი ქმედებების რისკს. პილატე თავისუფალი იყო. მისი ძალაუფლება,ამბობს ქრისტე, მას მიცემული აქვს ზეგარდამო, და ეს ნიშნავს, რომ ხელმწიფება მოცემული აქვს სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის, მოწყალებისათვის, სუსტების დასაცავად. პილატემ თავისუფლად აირჩია ბოროტება. იყო ერთი მომენტი, ერთი, მხოლოდ ერთი, – როცა ყველაფერი დამოკიდებული იყო მასზე, და მან ეს
იცოდა, და შეგნებულად მოიქცა სინდისის წინააღმდეგ, სიმართლის წინააღმდეგ … არა, აქ არ იყო ბედისწერა, პილატე არ იყო სხვისი ნების გაუაზრებლად აღმსრულებელი, სათამაშო ვიღაცის ხელში. პილატე იყო თავისუფალი. და სწორედ ეს თავისუფლება აქცევს პილატეს ქმედებას ასე გამოუვალს, ასე საშინელს და აბსოლუტურად ტრაგიკულს. ამიტომ სარწმუნოების სიმბოლოში პილატეს სახელის მოხსენიება არის შეხსენება (ყოველთვის, ყოველ დღეს, ათასწლეულების მანძილზე) ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისათვის იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ თავისუფალნი. ეს წუთი, როცა პილატეს შეეძლო გაეშვა ქრისტე, ან გაეთავისუფლებინა იგი, – ეს წუთი გრძელდება მარადიულად, გრძელდება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. არ არის დღე, როცა არ ვდგავართ არჩევნის წინაშე და ყოველ ჩვენგანს არ გვაქვს ზეგარდამო მოცემული ძალაუფლება, ვიცოდეთ სიმართლე (იმ სინდისის ხმის წყალობით, რომელიც არასოდეს გვატყუებს) – და ავირჩიოთ ეს სიმართლე, ან უარვყოთ იგი. და ეს თავისუფლება, არჩევნის ეს შესაძლებლობა ჩვენს რწმენას ქმნის ჩვენსავე მსაჯულად. ყოველ ადამიანში შეგვიძლია დავინახოთ ქრისტეს სახე, და ან გავაკეთოთ სიკეთე, ან კიდევ გავცეთ ქრისტე – შიშის, სისუსტისა და სულმოკლეობის გამო, როგორც მაშინ, იმ პარასკევს, პასექის წინ, მეექვსე ჟამს გააკეთა პილატემ. მხოლოდ ამ დამოკიდებულებით თავისუფლებისადმი, რომლის წართმევაც არავის ძალუძს, წყდება ჩვენი ხსნა, ან კიდევ ჩვენი საკუთარი სულიერი წარწყმედა. ქრისტემ ჩვენ გვიხსნა, მაგრამ მისგან მოძღვნილი ხსნის ჩვენს ხსნად გადაქცევა ძალგვიძს მხოლოდ ჩვენ თვითონ, ოღონდ თუ ვხედავთ პილატეს წინაშე მდგომ ყველასაგან მიტოვებულ, ყველასაგან გაცემულ, ყველასაგან მიტოვებულ ძე კაცისას. `და გამოვიდა იესუ გარე, და ედგა ეკლისა გვირგვინი და ძოწეული სამოსელი. და ჰრქუა მათ პილატე: აჰა კაცი იგი!*24 არ იცოდა პილატემ, რომ ეს სიტყვები ჩვენი ერთადერთი მსჯავრია, რადგან ყოველი ჩვენგანი თავისუფალია, მიიღოს ქრისტე, ან უარყოს და გასცეს იგი. ამგვარად, ერთი კაცის სახელის ხსენებით სარწმუნოების სიმბოლო უკუნითი უკუნისამდე გვიცხადებს ადამიანური თავისუფლების მთელ უსაზღვრო სიღრმეს. ჩვენს წინაშე დგას თვით ღმერთი – არა ძლევამოსილებასა და დიდებაში, რადგან მაშინ ჩვენ დავმორჩილდებოდით მას და გავხდებოდით მისი მშიშარა მონები; არა – დგას ღმერთი ეკლის გვირგვინითა და ძოწეულით შემოსილი. და მხოლოდ მის მიმართ ვართ თავისუფალნი, ისევე როგორც თავისუფალი იყო პილატე; და ამ თავისუფლებაში ვწყვეტთ თითოეული ჩვენგანი ჩვენს მარადიულ ბედს.

9. და ჯუარს ეცუა…

ძე კაცით – იესოთი ღმერთი გარდამოხდა ზეცით ჩვენთან, თავის თავთან შეგვაერთა, მოგვივლინა თავისი უსაზღვრო სიყვარული, გაგვიხსნა გზა სიყვარულისა და ნათლის მარადიულ სასუფეველში.
მაგრამ სოფელმა არ მიიღო და უარყო იგი, როგორც ამბობს იოვანე ღვთისმეტყველი: `თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა
შეიწყნარეს*25.  გარდამოხდა ზეცით და, აი, ჯვარს ეცვა. განხორციელდა და, აი, განწირულია სავნებლად. განკაცდა და, აი, მოკლეს და დაიფლა. ამ დაპირისპირებულობაში, სიძულვილთან სიყვარულის ამ შეხლაში, შეხვედრისა და უარყოფის, ძღვნისა და მისი მიუღებლობის შეჯახებაში გვიხსნის სარწმუნოების სიმბოლო ბოროტების ქრისტიანულ გაგებას, უკეთესი იქნება ვთქვათ,ბოროტების ქრისტიანულ ცოდნას, ქრისტიანულ გამოცდილებას, აგრეთვე ბოროტებაზე ქრისტეს გამარჯვების, ქრისტეს მიერ
ბოროტების დარღვევის ცოდნასა და გამოცდილებას.
პირველი კითხვა: რატომ უარყვეს ქრისტე? საიდან ეს თანდათანობით მზარდი ის სიძულვილი მის მიმართ, რომლის უკანასკნელი გამოვლინება მარადიულად ისმის ბრბოს საშინელ ღაღადში: `ჯუარსაცუ, ჯუარს-აცუ ეგე!~? ხალხში ქადაგების დაწყების შემდეგ ხომ ქრისტეს მთელი მსახურება, მთელი ქადაგება სიყვარულის, სიკეთის, თანალმობისა და მოწყალების ერთი მთელი ხორცშესხმაა.

ქრისტე თავის თავზე საუბრობს ძველი წინასწარმეტყველის სიტყვებით: `სული უფლისა¡ ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსვრილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა. *26 ქრისტე მიმოდის ქალაქებსა და სოფლებში, და ბრბო ხალხისა მისდევს მას, მიჰყავთ მასთან სნეულნი და ტანჯულნი, უსმენენ მას და თითქოსდა სიყვარულითა და თაყვანისცემით გარემოზღუდავენ მას. სად გაქრა ეს ბრბო, როცა ქრისტე დგას მღვდელმთავართა, ხოლო შემდეგ პილატეს წინაშე, როცა რომაელი ჯარისკაცები სცემენ მას და დასცინიან, როცა სამსჭვალით განმსჭვალავენ მის ხელებსა და ტერფებს, როცა გააკრავენ ჯვარზე? თუ ამის მოქმედი იგივე ბრბოა, იგივე ხალხია?
მაგრამ მაშინ რამ გადააქცია სიყვარული სიძულვილად, თაყვანისცემა უარყოფად? აი, პილატე ამბობს: `მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ ამის თანა *27.
აი, ავაზაკი, ქრისტეს გვერდით ჯვარზე გაკრული, ამბობს: `…ამან არარა უჯერო ქმნა *28  მაგრამ ყველა უძლურია, წინ აღუდგეს სიძულვილის საშინელ ნიაღვარს, სურვილს, რომ აღარ იყოს ეს ადამიანი, რომ იგი მოკვდინებულ იქნას…
სახარების თხრობის არსი, ოღონდ თუ გულისყურით მოვუსმენთ მას, დავფიქრდებით მასზე, გავითავისებთ მას – მარტივია: ქრისტეს უარყოფენ, ქრისტე სძულთ, ქრისტეს ჯვარს აცვამენ არა რაღაც ერთი რაიმესათვის, არა გამოგონილი დანაშაულისათვის, რომელსაც სიცრუითა და ცილისწამებით აბრალებენ პილატეს წინაშე და რომელსაც უარყოფს პილატეც, რადგან იცის, რომ ეს სიცრუე და ცილისწამებაა, და მიუხედავად ამისა, მაინც გადასცემს ქრისტეს სამარცხვინო და საშინელი სიკვდილისათვის. არა, აქ არ არის გაუგებრობა, აქ არ არის რაიმე შემთხვევითობა. ქრისტეს ჯვარს აცვამენ მხოლოდ იმისათვის, რომ მასში მოვლენილი სიკეთე და სიყვარული, მისგან გადმოღვრილი დამაბრმავებელი ნათელი ადამიანებისათვის აუტანელი აღმოჩნდა.
აუტანელი იმიტომ, რომ მისი ნათელი ამხელს ბოროტებას, რომლითაც ცხოვრობენ ადამიანები და რომელსაც თავიანთ თავსაც კი უმალავენ. რადგან დაცემული სამყაროს საშინელება ისაა, რომ მასში ბოროტება არა მხოლოდ ბატონობს, არამედ საკუთარ თავს წარმოაჩენს სიკეთედ, ყოველთვის იმალება სიკეთის სახით. სამყაროში მეფობს ურთიერთთანადგომა ყოველი სახის ბოროტებისა, რომელიც საკუთარ თავს სიკეთედ ასაღებს. სიკეთის, თავისუფლების, ადამიანზე ზრუნვის სახელით, – და არა მხოლოდ მაშინ, არამედ ყოველთვის, დღესაც, ჩვენს დღეებში, – იმონებენ და კლავენ ადამიანებს, ატყუებენ, ცრუობენ,
სწამებენ ცილს, ანგრევენ; და ყოველი სახე ბოროტებისა გაჰყვირის: ‘`მე სიკეთე ვარ!~ და არა მხოლოდ გაჰყვირის, არამედ მოითხოვს კიდეც, რომ ადამიანები პასუხად დაუღალავად შეჰღაღადებდნენ: `შენ ხარ სიკეთე,შენ ხარ თავისუფლება, შენ ხარ ბედნიერება!.
ბოროტებას არ ექნებოდა არავითარი გამარჯვება, არავითარი ძალაუფლება სამყაროში, გაცხადებულად რომ გამოევლინა საკუთარი თავი როგორც ბოროტება. ბოროტი იმარჯვებს მოტყუებით – საკუთარი თავის სიკეთედ წარმოსახვით. და ეს მოტყუება ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, გაამართლოს სიძულვილი, მკვლელობა, მონობა, სიცრუე, სიმახინჯე. აი, ამ მოტყუებას ამხელს და წარმოაჩენს ქრისტე. წარმოაჩენს და ამხელს არა მხოლოდ საკუთარი სიტყვებით, არამედ, უპირველესად, თავისი თავით, თავისი მოვლინებით, თავისი მყოფობით.

ქრისტე ხდება მოწმე, ხოლო ყოველმა დამნაშავემ იცის, რომ უწინარესად საჭიროა დანაშაულის მოწმის მოსპობა, ბოროტების
ყოველი სახის ურთიერთთანადგომის დაცვა. `და იქმნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი *.29 მახარებლის ამ მოკლე შენიშვნაში თავმოყრილია მთელი საშინელი სიმართლე ბოროტებაზე.
დიახ, ქრისტეს მისდევდა ბრბო, როცა იგი ეხმარებოდა, განკურნავდა, ახდენდა სასწაულს. და ამავე ბრბომ მიატოვა ქრისტე და
იგივე ბრბო გაჰკიოდა: `ჯუარს-აცუ ეგე!~ ბოროტების საშინელი ინსტიქტით ადამიანებმა იგრძნეს, რომ ამ სრულყოფილ ადამიანში, ამ სრულყოფილ სიყვარულში არის მათი მხილება, რომ თვით თავისივე სიყვარულით, თავისი სრულყოფილებით ქრისტე მათგან მოითხოვს ცხოვრებას, რაც მათ არ სურთ, სიყვარულს, სიმართლეს, სრულყოფილებას, რომლებიც მათთვის აუტანელია. ეს მოწმე აღარ უნდა იყოს, იგი უნდა განადგურდეს. მხოლოდ – და ამაშია მთელი არსი, მთელი სიღრმე ჯვრისა და
ჯვარცმისა, – ბოროტების ამ ხილულ ზეობაში რეალურად ზეობს სიკეთე. რადგან სიკეთის ძლევამოსილება იწყება სწორედ ბოროტების, როგორც ბოროტების წარმოჩინებით. მღვდელმსახურებმა იციან, რომ ისინი სწამებენ ცილს, პილატემ უწყის, რომ იგი სიკვდილით სჯის ადამიანს, რომელსაც რაიმე ბრალი არ მიუძღვის. და ყოველ წამს, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ საშინელ ზეობაში აღმოცისკრებას იწყებს გამარჯვების ნათელი. გამარჯვების ძლევამოსილება ისმის ჯვარცმული ავაზაკის სინანულში, იმ ასისთავის სიტყვებში, რომელიც ხელმძღვანელობდა ქრისტეს დასჯას: `ჭეშმარიტად ძე ღმრთისა¡ იყო ესე *30. ჯვარზე მომაკვდავი ადამიანი ამთავრებს თავის მოწმობას. და ამ ადამიანში, – არა, ჯერ კიდევ არა გარეთ, – დარღვეულია
ბოროტება, რადგან წარმოჩენილია და მარად წარმოჩენილი იქნება იგი როგორც ბოროტება. ვიმეორებ, ჯვარი – ეს არის დასაწყისი გამარჯვებისა, რომლის დასასრული ჯვარცმულის სიკვდილსა და აღდგომაშია.

________

21 პილატე პონტოელი – რომაელი მმართველი, იუდეის პროკურატორი ჩვენი
წელთაღრიცხვის 29 წლიდან. ცხოვრობდა კესარიაში, მაგრამ დადგენილ დროს
მიდიოდა იერუსალიმში რომაელთა სასარგებლოდ ხარკის აკრეფისათვის
თვალყურის სადევნებლად და სასამართლო საქმეების განსახილველად. ქრისტეს
დასჯის შემდეგ მისი ბრძანებით მოკლეს ერთი გალილეველი, რის გამოც 58
წელს დაიბარეს რომში და გაასამართლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი
გადაასახლეს გალიაში. აქ, სინდისის ქენჯნით დატანჯულმა, თავი მოიკლა.
22 იოანე, 19:10.
23 იოანე, 19:12
24 იოანე 19:5
25 იოანე, 1:11
26 ლუკა, 4:18 (ლუკას სახარების დამოწმებული ადგილის წყაროა ესაია, 61:1).
27 იოანე, 18:39
28 ლუკა, 23:41
29 ლუკა, 23:12

Print Friendly

Comments are closed.