ნეტარი თეოდორიტე კვირელის შესახებ

18/06/2021
By

200367853_495643204879623_7302417547299783975_nერთი არაავთენტური წერილის შესახებრომელიც ნეტ. თეოდორიტე კვირელის სახელითV მსოფლიო კრებაზე წაიკითხეს

ავტორი: იოანე კაზარიანი

 

წინამდებარე სტატია ერთი ყალბი თხზულების საკითხს განიხილავს, რომელიც ნეტ. თეოდორიტე კვირელის (+457) წერილის სახით, V მსოფლიო კრებაზე (553 .) წაიკითხეს იმის ვითომდა დასტურად, რომ ნეტ. თეოდორიტე წმ. კირილე ალექსანდრიელის სახელს ჩირქს სცხებდა მასთან შერიგების შემდეგ. ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე შექმნილმა რთულმა საეკლესიოპოლიტიკურმა ვითარებამ (V სოფლიო კრების წინა პერიოდში) აიძულა იმპერატორი იუსტინიანე I მონოფიზიტებთან საკმაოდ დიდ დათმობებზე წასულიყო, რაც V საუკუნის პირველი ნახევრის ანტიოქიის ეკლესიის სამი ცნობილი ღვთისმეტყველის  თეოდორე მოფსუესტელის, ნეტ. თეოდორიტე კვირელის და ივა ედესელისხსოვნას ჩრდილს აყენებდა, რადგან ისინი მონოფიზიტებმა (წმ. კირილეს ზღვარგადასული თაყვანისმცემლები) ანათემას გადასცეს. ეს ანათემა განსაკუთრებულად ეხებოდა ნეტ. თეოდორიტეს, მონოფიზიტების მთავარ მტერს. მონოფიზიტების გულისმოგების მიზნით იმპერატორმა იუსტინიანემ .. „სამი თავისბრძანება გამოსცა, რომელმაც ჩვენამდე სრული სახით ვერ მოაღწია. ედიქტს «სამი თავი» იმიტომ კი არ ეწოდა, რომ დასახელებული სამი ღვთისმეტყველი ნესტორიანელთა სამი «თავი» იყო, არამედ იმიტომ, რომ თითოეულ მათგანს იმპერატორის განკარგულებაში სამი ცალკე თავი ეძღვნებოდა. შემდგომში თითოეულ თავს იმ ღვთისმეტყველის სახელი ეწოდა. დასახელებული “სამი თავიდან” ჩვენ თეოდორიტე კვირელზე ვისაუბრებთ.

 მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო კრებების ეპისტოლური ისტორიიდან არაერთი მაგალითი ვიცით, როდესაც არგუმენტის სახით ყალბი წერილები/თხზულებები გამოიყენებოდა, რომლებსაც ეკლესიის წმინდა მამებს მიაწერდნენ. მაგალითად, ყველაზე ცნობილი ყალბი წერილები წმ. კირილე ალექსანდრიელმა (+444) გამოიყენა ანტიოქიელ ნესტორისთან (+451), კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსთან, პოლემიკისას; სინამდვილეში კი ეს იყო აპოლინარის ერეტიკული თხზულებები; წმ. კირილე ამ თხზულებების სიყალბეს ვერც კი ხვდებოდა – ისინი ნამდვილი ეგონა. როდესაც აპოლინარი ლაოდიკიელი ეკლესიამ დაგმო, მის თხზულებებს მისი მოწაფეები სხვა ავტორებს მიაწერდნენ და ასე ავრცელებდნენ [1]. ამ თხზულებების საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის ბუნდოვანებამ (რაც აპოლინარის სტილს ახასიათებდა) ანტიოქიის საეკლესიო წრეებში პროტესტი გამოიწვია, პროტესტისათვის ტონის მიმცემი კვირელი ეპისკოპოსი ნეტ. თეოდორიტე გახლდათ. ის ანტიოქიური პროტესტის სულისჩამდგმელი იყო და წმ. კირილეს მთავარი მეტოქე, სანამ ანტიოქიისა და ალექსანდრიის ეკლესიები, ხანგრძლივი საღვთისმეტყველო დავისა და განხეთქილების შემდეგ არ შერიდგნენ. ამ ორი ადგილობრივი ეკლესიის გაერთიანება ნეტ. თეოდორიტესა და წმ. კირილეს საღვთისმეტყველო პოლემიკის შემდეგ მოხდა (433 წ.). ამ პოლემიკის შემდეგ  ალექსანდრიაში ანტიოქიელი ემისარი პავლე ემესელი ჩავიდა, რომელსაც ანტიოქიელებმა თავისი მრწამსი გადასცეს ალექსანდრიელთათვის გასაცნობად. პავლესა და წმ. კირილეს შეხვედრამ ყველაფერი დაალაგა და წმ. კირილეს სპეციალურმა წერილმა მშვიდობა აღადგინა. ამგვარად, ორივე საღვთისმეტყველო სკოლამ ქრისტოლოგიურ საკითხში ერთმანეთის აღმსარებლობა აღიარა, მხოლოდ ტერმინოლოგიური თავისებურებების შენარჩუნების პირობით. საეკლესიო მშვიდობის დამყარების შემდეგ ანტიოქიელებმა, ნეტ. თეოდორიტე კვირელისა და იოანე ანტიოქიელის სახით, III მსოფლიო კრება (431 წ.) აღიარეს, რომელზეც ნესტორი დაიგმო. ჩვენთვის უცნობია, თუ რა გარემოებებში და რა რაოდენობით გახდა წმ. კირილესთვის ყალბი დოკუმენტები ცნობილი [2], მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ თვით წმ. კირილე  მართლმადიდებლურად ხსნიდა და განმარტავდა ყველა იმ ყალბ დოკუმენტს, რომელიც მის ხელში აღმოჩნდა წმინდა მამების ნაშრომების სახით. ერესთან ბრძოლაში ასეთი მნიშვნელოვანი პატრისტიკული მოწმობებისადმი ნდობა, წმ. კირილეს მსგავსად, ამ ბრძოლის სხვა მონაწილეებსაც გააჩნდა. მსგავს მოწმობებს შორის, რომლებიც III მსოფლიო კრების პირველ სხდომაზე, 22 ივნისს, პროტონოტარიუსმა პრესვიტერმა პეტრემ წაიკითხა, სხვა ავტორიტეულ სახელებთან ერთად, წმ. პაპების, იულიუსისა და ფელიქსის სახელებიც ფიგურირებს, მათ შორის იყო აპოლინარიული დოკუმენტებიდან ამონარიდები, რომლებიც წმ. კრილეს აპოლოგეტიკაში მოგვეპოვება (Mansi. Consiliorum collection, IV. Col. 1188 BC).

ასეთივე ბედი ჰქონდა კიდევ ერთ წერილს, რომელიც ნეტ. თეოდორიტე კვირელს მიეწერებოდა და V მსოფლიო კრების (553 წ.) მამებს მიაწოდეს. წერილში ავტორი იმჟამად უკვე განსვენებულ წმ. კირილეს ლანძღავს. წერილმა კრებაზე დიდი გავლენა მოახდინა ნეტ. თეოდორიტეს ნათელი ხსოვნისთვის ჩირქის მოცხების საქმეში. ეს წერილი რომ არა, ნეტ. თეოდორიტეს კრიტიკას სულ სხვა შედეგები ექნებოდა. ნეტ. თეოდორიტეს ზოგიერთი თხზულების საკითხი მსოფლიო კრებამდე გახდა აქტუალური იმპერატორის ინიციატივით. ამგვარად მოტივები აქ პოლიტიკური იყო და არა საეკლესიო. იუსტინიანე დიდის ერთ-ერთი დიდი საზრუნავი იყო იმპერიაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი მონოფიზიტების გაერთიანება მართლმადიდებელ ეკლესიასთან – იმპერატორს სურდა საეკლესიო ერთობით სამოქალაქო ერთობაც დაემყარებინა [3]. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო, მონოფიზიტები IV მსოფლიო კრებას (451 წ.) დათანხმებოდნენ, მაგრამ მათ არ სურდათ ამ კრების მიღება, რადგან კრებამ ნეტ. თეოდორიტე მართლმადიდებლად აღიარა, მონოფიზიტები კი მას ნესტორიანელად მიიჩნევდნენ, როგორც ეს 533 წლის მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის შემდგარმა კრებამ აჩვენა[4]. ამგვარად, ნეტ. თეოდორიტეს სახელის დისკრედიტაციის კამპანია 553 წლის მსოფლიო კრებამდე დაიწყო და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ნეტ. თეოდორიტემ ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსის იოანეს თხზულებებში ნესტორის ცდომილებების დაგმობას ხელი მოაწერა: „ὅτι καὶ τοῖς περὶ Νεστορίου ὑπαγορευθεῖσι τόμοις ὑπὸ τοῦ τῆς μακαρίας μνήμης Ἰωάννου δὶς ὑπεγράψαμεν, μαρτυροῦσιν ἡμὶν αἱ χεῖρες“ (PG. 83, 1273 B) – „ნესტორის შესახებ ნეტარი იოანეს ტომოსებს ორ ჯერ ხელი რომ მოვაწერეთ, ჩვენი ხელებია ამის მოწმე“ – წერდა კვირელი ეპისკოპოსი დიოსკორე ალექსანდრიელს. პროფ. ნ. გლუბოკოვსკი, რომელმაც ნეტ. თეოდორიტეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საუკეთესო ნაშრომი დაწერა, ნათლად ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი ხელმოწერა 433 წ. ეკუთვნის [5]. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ქალკიდონის კრებამ არა მხოლოდ აღადგინა ნეტ. თეოდორიტე ეპისკოპოსად, არამედ განადიდა იგი მას მერე, რაც მან ნესტორის (უკვე) პიროვნებას ანათემა გამოუცხადა. ნეტ. თეოდორიტე ასეთი სიტყვებით მამებმა განადიდეს: „Τον Ορθόδοξον διδάσκαλον η Εκκλησία απολάβη“ (ACO. II, I 3, P. 9-10) – „მართლმადიდებელი მოძღვარი შეიწყნარა ეკლესიამ“. ნეტ. თეოდორიტეს კრებაზე არ მოსთხოვეს სინანული, რადგან მისი მართლმადიდებლობა ყველასთვის ცნობილი იყო, მაგრამ კრების მონაწილეთა მონოფიზიტურმა ფრთამ სიტუაციის პროვოცირება მოახდინა, ამიტომ ნეტ. თეოდორიტემ ნესტორზე საჯაროდ წარმოთქვა ანათემა, მეორე მხრივ ნეტ. თეოდორიტესგან სინანული არავის მოუთხოვია, საჭირო იყო მხოლოდ მის მიერ ანათემის საჯაროდ წარმოთქმა, რადგან მან ნესტორის მოძღვრება კრებამდე (451 წ.) ბევრად ადრე დაგმო.

მეტიც, ნეტ. თეოდორიტე, როგორც კრების სრულუფლებიანი წევრი და აღდგენილი ეპისკოპოსი ქალკედონის კრების აქტებს ხელს აწერს (ეპისკოპოსობა მას უსამართლოდ ჩამოართვეს ე.წ. „ავაზაკთა კრებაზე“ 449 წელს, რომელიც მონოფიზიტებმა მოიწვიეს): მაგალითად, მეორე სხდომის აქტებში ნეტ. თეოდორიტეს ხელმოწერა 109 ადგილზეა (Mansi, VI, 944 E), მე-6 სხდომაზე კი 123 (122) ადგილზე (Mansi, VII, 122 A). კრებაზე კვირელი ეპისკოპოსი მონოფიზიტ ეპისკოპოსებს ეუბნებოდა, რომ მათ წმ. კირილეს სწავლებასთან არაფერი საერთო არ ჰქონდათ და წმ. კირილეს ღვთისმეტყველებას იცავდა. მე-4 სხდომაზე (17 ოქტომბერს) თავადები თითოეულ ეპისკოპოსს სთხოვდნენ, რომ თავიანთი აღმსარებლობა წერილობით გადმოეცათ. ნეტ. თეოდორიტეს წერილობითი აღმსარებლობა ასეთი იყო: ლეონის, უწმინდესი არქიეპისკოპოსის, წერილი შეესაბამება ნიკეაში წმ. მამათა მიერ გადმოცემულ სარწმუნოებას და კონსტანტინოპოლში ასორმოცდაათი მამის მიერ გამოქვეყნებულ მრწამსს, და ნეტარი კირილეს წერილებს: მე მივიღე ხსენებული წერილი და ხელი მოვაწერე მას (Mansi, VII, 20 E). კვირელ ეპისკოპოსს ამ სხდომაზე 112 ადგილი ეკავა, მისი ხელმოწერა კი 38-ე იყო. კრების მე-6 სხდომაზე (25 ოქტომბერს), რომელსაც იმპერატორიც ესწრებოდა და მრწამსი დადგინდა და ნესტორი, ევტიქი და მათი თანამოაზრენი დაგმეს, ნეტ. თეოდორიტეს მიერ ὅρος-ის ხელმოწერა 133 ნომრითაა [6].

ჩვენ სპეციალურად მოვიყვანეთ ნეტ. თეოდორიტეს თანასწორუფლებიანი მონაწილისა და ეპისკოპოსის სახით კრებაზე მოღვაწეობის რამოდენიმე მტკიცებულება, რომ იმპერატორი იუსტინიანე „სამი თავის“ გმობის დოკუმენტში ამტკიცებდა, რომ 451 წელს ნეტ. თეოდორიტე ქალკიდონის კრების დოგმატურ განხილვებში არ მონაწილეობდა, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. იუსტინიანეს სურდა, როგორმე გაემიჯნა ნეტ. თეოდორიტე და ქალკიდონის კრება ერთმანეთისგან, რათა ნეტ. თეოდორიტეს საღვთისმეტყველო შეხედულებების დაგმობას ჩრდილი არ მოეფინა კრებისთვის, რომელზეც ნეტ. თეოდორიტე განადიდეს, თუმცა ეს იმპერატორის მხრიდან საკმაოდ ხელაღებული ნაბიჯი იყო, რადგან კრებაზე ნეტ. თეოდორიტეს ქმედებები საპირისპიროს ადასტურებდა. აღწერილი მოვლენების თანამედროვე (ანუ 553 წ. კრების), აფრიკელი ეპისკოპოსი ფაკუნდუს ჰერმიანელი შენიშნავს: „თეოდორიტეს მიერ ნეტ. კირილეს წინააღმდეგ დაწერილი თხზულებები (რომელთა დაწერის თარიღიც უცნობია) თუ დაიგმო, ეს ჩრდილს მიაყენებს ქალკიდონის კრებასაც, რადგან თეოდორიტე მის მსჯელობებსა და დადგენილებებში მონაწილეობდა და პაპ ლეონის წერილი დაიცვა, რომელიც ევტიქის უგუნურებას გმობდა და გაუგებრებს მისი სისწორე დაუსაბუთა“ (ფაკუნდუსის ეს ციტატა (PL. 67. Col. 360, 572) ნ. გლუბოკოვსკის თავის იმავე ნაშრომში მოყავს (ტ. I, გვ. 327). ამგვარად, ქალკიდონის კრების აქტები, ასევე 553 წ. კრების თანამედროვე ლათინური წყაროები ქალკიდონის კრებაზე ნეტ. თეოდორიტეს მონაწილეობას ადასტურებენ. მეტიც, ანტიქალკედონიტი ღვთისმეტყველებიც ადასტურებენ არა მარტო ნეტ. თეოდორიტეს კრებაზე მონაწილეობას, არამედ წამყვან როლსაც ანიჭებენ მას. XI-XII საუკუნეების ცნობილი სომეხი ღვთისმეტყველი, პოღოს თარონეცი დარწმუნებით აცხადებს: „Թէոդորիտէ՝ որ էր գլուխ ժողովոյն“ – თეოდორიტე, რომელიც კრების მეთაური იყო (იხ.:Պողոս Տարոնեցի. Թուղթ ընդդէմ Թէոփիստեայ հոռոմ փիլիսոփայի. Կ. Պոլիս, 1752. Էջ 128).

არ არსებობს საჭიროება, რომ ნეტ. თეოდორიტეს ქალკიდონის კრებაზე მონაწილეობის და მის მიერ კრებაზე წმ. კირილეს მართლმადიდებლობის აღიარების ყველა მტკიცებულება მოვიყვანოთ. ნეტ. თეოდორიტე კრების მონაწილეთა ღვთისმეტყველებას და წმ. კირილეს წერილებს ეთანხმებოდა. მეტიც, ის წმ. კირილეს მისი ზღვარგადასული მიმდევრებისგან იცავდა და მათ არამართლმადიდებლობას ამტკიცებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, 553 წლის კრების ინიციატორებს ნეტ. თეოდორიტეს დისკრედიტაციის გეგმები ჰქონდათ – ისინი ცდილობდნენ მისთვის ჩირქი მოეცხოთ და ამით ეკლესიაში მონოფიზიტები მოეზიდათ, რომლებიც მუდამ ანათემას გადასცემდნენ ნეტ. თეოდორიტეს.

V მსოფლიო კრებაზე ნეტ. თეოდორიტეს საკითხი შემთხვევით განიხილებოდა და ისიც  თეოდორე მოფსუესტელთან კავშირში. ნეტ. თეოდორიტეს საკითხი უფრო კონკრეტულად მე-5 სხდომის ბოლოს დადგა: „ახლა კი, – თქვა კრებამ, – წავიკითხოთ თეოდორიტეს თხზულებები, რომლებიც მან მართალი რწმენისა და კირილეს წმინდა ხსოვნის და მისი თორმეტი თავის წინააღმდეგ, ასევე, თეოდორესი და ნესტორისა და მისი ღვთის გმობის დასაცავად დაწერა“ (Mansi, IX, 289 D). კრებაზე ნეტ. თეოდორიტეს რამოდენიმე თხზულება და იოანე ანტიოქელისადმი მიწერილი წერილი წაიკითხეს (ამასთან, რატომღაც (?!) არ გაითვალისწინეს, რომ ნეტ. თეოდორიტე წმ. კირილეს 433 წლის შემრიგებლურ მრწამსამდე აკრიტიკებდა, მაგრამ პავლე ემესელის მეშვეობით შეხედულებების გარკვევის შემდეგ, მან შეიცვალა აზრი, ქალკიდონის კრებაზე კი წმ. კირილეს მართლმადიდებლობა საჯაროდ აღიარა). ნეტ. თეოდორიტეს თხზულებების მხოლოდ რამდენიმე ამონარიდის განხილვის შემდეგ [7] კრებამ ისინი არ გააანალიზა და არანაირი მითითება არ დაუტოვებია, რომ გაგვეგო, რაში მდგომარეობს მისი ცდომილება [8]. კრებას ამონარიდების უტყუარობის საკითხი არ განუხილავს, სამწუხაროდ, არადა ზოგი მათგანი საეჭვო იყო, კერძოდ იოანე ანტიოქიელისადმი წერილი (Mansi, IX, 295 D – 296 A-D), რომლითაც კრებაზე არავინ დაინტერესებულა და ყველამ ის უტყუარად მიიღო. კრების მამები ესოდენ დაწვრილებით არ განიხილავდნენ საკითხს და მაინც გადაწყვიტეს კრებაზე ნეტ. თეოდორიტეს თხზულებების წაკითხვა, როგორც „მართალი რწმენისა და კირილეს წმინდა ხსოვნის“ წინააღდმეგ დაწერილებისა, არადა წმ. კირილე ნეტ. თეოდორიტეს  შეურიგდა. ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხისადმი ასეთი სახის დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რომ ნეტ. თეოდორიტეს თხზულებებისადმი კრებაზე ამგვარი უარყოფითი დამოკიდებულების ინიციატივა, სავარაუდოდ, ხელისუფლებისგან მომდინარეობდა.

პროფესორი ნ. გლუბოკოვსკი აღნიშნავს, რომ იოანე ანტიოქიელისადმი მიმართული ეს ყალბი წერილი (რომელსაც ნეტ. თეოდორიტეს ავტორობა მიაწერეს) – Theodoreti ad Ioannem Archiepiscopum Antiochiae epistola scripta, cum mortuus esset Cyrillus archiepiscopus Alexandriae, – ჩვენთვის მხოლოდ V მსოფლიო კრების ლათინურენოვანი აქტებიდან არის ცნობილი (Mansi, IX, 295 D – 296 ABCD) და ნეტ. თეოდორიტე კვირელის თხზულებებიდან ყველაზე იდუმალია. არსებობენ როგორც მისი უტყუარობის როგორც მომხრენი, ისე მოწინააღმდეგენიც. არსებობს ყოველგვარი საფუძველი იმისა, რომ მისი სიყალბის მომხრე მკვლევრებს დავუჭიროთ მხარი (ნ. გლუბოკოვსკის მსგავსად), რადგან ლათინური ვერსიის არსებობის გარდა, უტყუარების მომხრეებს თავის სასარგებლოდ სხვა ღირსეული არგუმენტები არ მოჰყავთ, თუ არ მივიღებთ მხედველობაში კვირელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ მათ მიკერძოებულ დამოკიდებულებას. უტყუარობის მომხრეთა ეს ერთადერთი საფუძველიც კი რაღაც გაუგებარს შეიცავს, რაც მათი მტკიცებულების ძალას ასუსტებს. საქმე იმაშია, რომ წმ. კირილეს სიკვდილის შესახებ წერილი იოანე ანტიოქიელისადმია დაწერილი, ხოლო ეს უკანასკნელი წმ. კირილეზე (+ 444) ადრე გარდაიცვალა 441 ან 442 წელს, ამიტომაც კრების აქტების გამომცემლებმა ეს ფრაგმენტი ყალბად აღიარეს, როგორც – spuria [9]. ნ. გლუბოკოვსკი აღნიშნავს, რომ პეტრე დე მარკა, პარიზის არქიეპისკოპოსი „ამტკიცებდა, რომ ამ გაუგებრობის მიზეზია არსებული ხელნაწერების ხარვეზი და რომ დედანში დომნეს სახელი ეწერა“, ანუ ანტიოქიელი ეპისკოპოსისა, რომელიც იყო იოანეს მემკვიდრე, მაგრამ  ნ. გლუბოკოვსკი აღნიშნავს, რომ „ ეს მაინც მხოლოდ ვარაუდია, რომელიც ჯერ არც ერთი ფაქტობრივი მონაცემით არ არის გამყარებული, არამედ ყველა ფაქტი მის წინააღმდეგაა“. უცნაურია გარემოება, რომ აღნიშნულ ყალბ წერილს, რომელიც ნეტ. თეოდორიტეს ეპისტოლურ მემკვიდრეობაში №180-ით დგას, გარკვეულ დრომდე არავინ და არსად ახსენებდა, არადა ამის საბაბი მრავლად არსებობდა.

წმ. კირილეს გარდაცვალების შემდეგ ძლიერი მონოფიზიტური ტალღა წარმოიშვა. მონოფიზიტები წინ აღუდგნენ კვირელ ეპისკოპოსს და მისი დისკრედიტაციისთვის ყველა ხერხს მიმართავდნენ, ამ დაპირისპირებათა კულმინაციას 449 წლის „ავაზაკთა კრება“ წარმოადგენდა, რომელიც იმპერატორმა თეოდოსი მცირემ მოიწვია დიოსკორე ალექსანდრიელის ინიციატივით. თუმცა, ზემოთ აღნიშნული ყალბი წერილი მონოფიზიტებთანაც კი არ ფიქსირდება. ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მონოფიზიტები ნეტ. ტეოდორიტეს დანაშაულს წმ. კირილესადმი უპატივცემლობაში ხედავდნენ. ისინი თავიანთ ბრალდებებს ვერაფრით ამტკიცებდნენ და ისღა დარჩენოდათ ამ ყალბი დოკუმენტისთვის მიემართათ. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, როგორც ნეტ. თეოდორიტე წმ. კირილეს ზღვარგადასული თაყვანისმცემლებისგან იცავდა, ისე წმ. კირილემ ნეტ. თეოდორიტეს მართლმადიდებლობა აღიარა. ნ. გლუბოკოვსკი აღნიშნავს, რომ მარიუს მერკატორი ნეტ. თეოდორიტეს აპოკრიფული ლიტერატურის ავტორიტეტული მცოდნე იყო, მაგრამ ხსენებულ წერილთან დაკავშირებით ისიც დუმს. ქალკიდონელი მამები მონოფიზიტთა თვალწინ ნეტ. თეოდორიტეს ამართლებენ, მაგრამ არც ქალკიდონელ მამებს, არც მონოფიზიტებს, თეოდორიტეს მტრებს, ეს სამარცხვინო წერილი არ გახსენებიათ, რომელშიც ის თითქოსდა წმ. კირილეს მისი გარდაცვალების შემდეგ, 444 წელს, ლანძღავს. წერილის სინამდვილის საწინააღმდეგო არგუმენტები, ასევე, ცნობილმა მკვლევარმა რიშარმაც გამოაქვეყნა (Richard M. La lettre de Théodoret à Jean d’Égées // Les Sciences Philosophiques et Théologiques. 1941-1942. T. 2.  P. 415-423).

ნ. გლუბოკოვსკი აღნიშნავს: „აქედან გამომდინარე დასკვნას თავად წერილის შინაარსიც ამყარებს. წმ. კირილე წარმოჩენილია, როგორც ისრაელის ძეთა სენს, როგორც გამოუსწორებელ ცოდვილს, რომელსაც ერთხელაც არ შეუნანია, რადგან ქვესკნელში იმ ახალ დოგმატებთან ერთად ჩავიდა, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ქადაგებდა. ნეტ. თეოდორიტე წმ. კირილეს ქრისტოლოგიურ შეხედულებებს ხშირად უხეშად აკრიტიკებდა, მაგრამ ეს მხლოდთავებს(ანუ მის წერილებს  – ი.კ.) ეხებოდა და მხოლოდ 433 წლამდე. შერიგების შემდეგ ის მისდოგმატურ სიზუსტეშისაბოლოოდ დარწმუნდა, რის შესახებაც თავის მკაცრ ბრალმდებელ დიოსკორეს  83- ეპისტოლეში უცხადებს. მას შემდეგ მას თავისი აზრი აღარ შეუცვლია. ამის წინააღმდეგ ვერც ერთ ინსტანციას ვერ მოვიხმობთ, მაშინ როდესაც მის სასარგებლოდ მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტები მეტყველებენ. თუ ეს ასეა, მაშინ 444 წელს მითუმეტეს იგი სხვაგვარად არ იფიქრებდა, როდესაც ამისათვის არავითარი მოტივები არ არსებობდა... ნეტ. თეოდორიტე წმ. კირილეს ვერც იმაში დაადანაშაულებდა, რომ ისუკვდავ არსებას სიკვდილს მოსავდა“, როდესაც მის მიერ მოწონებულ ალექსნადრიელი მეუფის წერილში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ სიტყვაღმერთი ადამიანური ბუნებით ევნო, რაც თეოპასქიზმს სრულიად აუქმებდა“. [10]

განსახილველი დოკუმენტი ფაქტობრივი კუთხითაც მრავალ გაუგებრობას ქმნის. მისი ავტორი გვაუწყებს, რომ სიკვდილის წინ წმ. კირილე „არ დამშვიდდა ბოროტებათაგან, არამედ კიდევ უფრო დიდი და უარესი ბოროტებებისკენ მისწრაფებაში მოკვდა. მას სურდა სამეფო ქალაქში შფოთის შეტანა და კეთილ დოგმატებთან ბრძოლა და შენი სიწმინდის ბრალდება, რომელიც მათ თაყვანს სცემდა“. ეკლესიის ისტორიაში ჩვენ მცირედი ცნობებიც კი არ მოგვეპოვება ამ წერილში ნახსენები მომენტების შესახებ. ზნეობრივი კუთხით წერილი ნეტ. თეოდორიტეს მამაც და კეთილმსახურ სახეს არ შეესაბამება, რომელიც სულიერად უშიშარი და დიადი იყო. ნ. გლუბოკოვსკი აღნიშნავს: „მთელი წერილი გარდაცვლილი წმ. კირილეს წინააღმდეგ უხეში გამოხტომებით არის სავსე და ყველაზე არა მომთხოვნ ზნეობასაც კი აღაშფოთებდა. ავტორის სიუხეშე მით უფრო განაცვიფრებს მკითხველს, რომ ის მიმართულია ადამიანისკენ, რომელიც სამარისეული დუმილით არის შეკრული. მიცვალებული ასე აბუჩად აგდება ჩვეულებრივ რიგით პიროვნებასაც არ ეპატიება და მითუმეტეს ეს ნეტ. თეოდორიტესათვის ზნეობრივად შეუძლებელია. მაგრამ  ყველაზე ტენდენციური მწერლების ცნობიერებისთვის ის არ იყო კეთილშობილებას მოკლებული, ხოლო 180 წერილი მდაბიო ადამიანურობის ნიმუშია. კვირელი მწყემსი თავის შეხედულებებს არ მალავდა, არ ვაჭრობდა თავისი სიმპათიებითა და ანტიპათიებით, ის სიმართლეს ყოველთვის ხმამაღლა და უშიშრად ამბობდა... მან თავად ბევრი რამ განიცადა ინტრიგანებისგან და ამიტომ იატაკქვეშა გზები არ უყვარდა, მტრების წინაშე პირდაპირ გამოდიოდა, ის უსიცოცხლო მკვდარს ვერ დაარტყამდა. თუ ის ასეთ სამარცხვინო ქმედებებს წმ. კირილეს ცხოვრებაში არ კადრულობდა, მითუმეტეს ამას მისი სიკვდილის შემდეგ არ დაუშვებდა: ამით თავის თავს უღალატებდა, ჩვენ კი თავხედისატირიკოსისამ სახეს ნეტ. თეოდორიტეს ზნეობრივ პიროვნებასთან ვერ შევათავსებდით“. ბოლოს, უნდა ითქვას, რომ წერილი დაულაგებელია და ადამიანთა ფაბრიკაციას და სიყალბეს ამჟღავნებს, ადამიანებისა, რომლებმაც სხვისი ტონის მორგება სცადეს და ეს ფაბრიკაცია,  სავარაუდოდ, საიმპერატორო კართან დაახლოებული პირების მწერლის ხელს მოგვაგონებს. შემთხვევითი როდია, რომ ეს წერილი V მსოფლიო კრების წინა ხანებში გამოჩნდა და იმ ადამიანების ინტერესებს ატარებდა, რომლებიც ნეტ. თეოდორიტეს (უფრო ზუსტად, მისი ნეტარი ხსოვნის წინააღმდეგ) ღვთისმეტყველების გაკიცხვის პოლიტიკას ატარებდნენ და მისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობდნენ, ეს ჩრდილი კი ნაწილობრივ ქალკიდონის კრებასაც ადგებოდა, რომელმაც კვირელი ეპისკოპოსი „მართლმადიდებლობის მოძღვრად“ აღიარა, რაც მონოფიზიტებს არ მოსწონდათ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ფალსიფიკატორებმა წმ. კირილესა და იოანე ანტიოქიელის სიკვდილის პერიოდებიც კი არ გადაამოწმეს, რაც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ყალბი წერილი ნაჩქარევად დაიწერა, როგორც ჩანს იმისათვის, რომ ის ეკლესიის რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენისათვის მიეძღვნათ.

ფალსიფიკატორმა იხელმძღვანელა ლოგიკით – კეთილი ხალხი საიქიოში ადრე მიდის, ბოროტები კი დიდხანს ცოცხლობენ – მაგრამ დასძინა, რომ ჩვენს სულთა გამრიგე ღმერთმა წმ. კირილეს ბოროტება, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა და ეკლსიის სხეულს აზიანებდა, მისთვის გამონაკლისი დაუშვა და აღარ აცადა მას სიავე. ნეტ. თეოდორიტე ასეთ ისტორიულ უზუსტობას არ დაუშვებდა, რადგან მან კარგად იცოდა, რომ წმ. კირილეს ალექსანდრიის კათედრა დაახლოებით 32 წელი ეკავა და ის მოხუცებული გარდაიცვალა, თანაც იოანე ანტიოქიელის შემდეგ.

კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, წერილი ლათინურ ენაზე შემორჩა, ანუ ტექსტი არ არის ორიგინალი, არამედ თარგმანია (საერთოდ თუ არსებობდა ბერძნული ორიგინალი V მსოფლიო კრების ლათინურენოვანი აქტების შემადგენლობაში (ცნობილია, რომ აქტების ბერძნული ორიგინალი დაკარგულია). ზუსტად აქედან არის აღებული ტექსტი, რომელიც PG-ში გამოქვეყნდა (PG. 83. 1489 B -1492 A), კრიტიკულად კი ACO-ში გამოიცა (ACO. T. 4. Vol. 1. P. 135-136). ცნობები წერილის ბერძნული ორიგინალის გავრცელების ან მისი V მსოფლიო კრებამდე თარგმნის შესახებ არ მოგვეპოვება.

იმის გათვალისწინებით, რომ წერილს ერთი მხრივ არც მარიუს მერკატორი, და მეორე მხრივ არც ქალკედონელი მამები და არც მონოფიზიტები არ ახსენებენ, მისი გამოჩენის დრო IV და V მსოფლიო საეკლესიო კრებებს შორის პერიოდში უნდა ვივარაუდოთ, უფრო ახლოს კი ანტიოქიელი მოძღვრების ტრიადის მიერ გამოწვეული შფოთის ხანაში, ანუ VI საუკუნის პირველ ნახევარში, მსოფლიო კრების მოწვევის პერიოდთან ახლოს (553 წ.). ზემოხსენებული არგუმენტები გვარწმუნებენ, რომ ეს წერილი ნეტ. თეოდორიტეს მოწინააღმდეგეთა ფალსიფიკაციაა, რომლებმაც მსოფლიო კრების წინ „სამ თავთა“ წინააღმდეგ წამოიწყეს კამპანია და როგორც ჩანს ეს მოწინააღმდეგები იმპერატორ იუსტინიანესა და მისი დაახლოებული პირის – კაპადოკიის კესარიის მთავარეპისკოპოსის, ორიგენისტ თეოდორე ასკიდას – გარემოცვიდან არიან, რომლებმა სამი ანტიოქიელი ღვთისმეტყველის წინააღმდეგ საქმე წამოიწყეს. თეოდორე ასკიდას იუსტინიანეზე დიდი გავლენა ჰქონდა და მან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმპერატორს მონოფიზიტების შემორიგების, როგორც მას ეგონა, ეფექტური გზები უკარნახა. ასკიდა იუსტინიანეს უმტკიცებდა, რომ თუ „სამ თავთა“ წინააღმდეგ ანათემა გაიჟღერებდა (რომლებიც ეკლესიის მიერ არ იყვნენ გადაცემული ანათემას)  მონოფიზიტები ეკლესიაში დაბრუნდებოდნენ, აღიარებდნენ ქალკედონის კრებას და საეკლესიო მშვიდობა აღდგებოდა, იმპერატორი კი მარადიულ დიდებას დაიმკვიდრებდა [11]. მაგრამ ამან იმპერატორს მხოლოდ ახალი საღვთისმეტყველო შფოთი და იმპერიაში არეულობა მოუტანა. მარადიული დიდება კი ნეტ. თეოდორიტემ, კვირელმა მოძღვარმა, დაიმკვიდრა. მსოფლიო კრებამ მას მართლმადიდებლობის მოძღვარი“ უწოდა და მისი სახელი დიპტიხში განათავსა (Mansi, VIII, 829 C), ხოლო პაპ პელაგიოს II–ის სიტყვების თანახმად ეკლესია: „მას (ქალკიდონის)  კრებასთან ერთად პატივს მიაგებს, როგორც ერთ-ერთ ავტორიტეტულ მოძღვარს [12].

 

შემოკლებების სია

 

ACO – Ε. Schwartz, ed. Ada conciliorum oecumenicorum. Berlin, 1927.

Mansi – G.D. Mansi. Sacrorum Conciliorum Nova et Amplissima Collectio. Florence, 1759-63.

PG – J.P. Migne, ed. Patrologiaegraecae cursus completus. Paris, 1844-66

PL – J. P. Migne, ed. Patrologiae latinae cursus completus. Paris, 1844-66.

 

ლიტერატურა და წყაროები

 

Mansi G.D. Sacrorum Conciliorum Nova et Amplissima Collectio. Florence, 1759-63. IV, VI, VII, IX

Migne J.P., ed. Patrologiae graecae cursus completus. Paris, 1844-66. 77, 83.

Migne J.P., ed. Patrologiae latinae cursus completus. Paris, 1844-66. 67, 68

Richard M. La lettre de Théodoret à Jean d’Égées // Les Sciences Philosophiques et Théologiques. 1941-1942. T. 2.

Schwartz E., ed. Ada conciliorum oecumenicorum. Berlin, 1927. II, IV.

Պողոս Տարոնեցի. Թուղթ ընդդէմ Թէոփիստեայ հոռոմ փիլիսոփայի. Կ. Պոլիս, 1752.

Глубоковский Н. Блаженный Феодорит, епископ Киррский. Том 2. М., 1890.

Евагрий Схоластик. Церковная история. Кн. IV. Гл. 38.

Лебедев А.П. Вселенские соборы VI, VII и VIII вв. СПб., 2013.

 

შენიშვნები

 

[1] იხ.: Бриллиантов А.И. К вопросу о философии Эригены. К истории арианского спора. Происхождение монофизитства. СПб., 2006. С. 69.

[2] ა. ბრილიანტოვს მოყავს არაერთი ასეთი მეცნიერული კლევის მაგალითი და ემხრობა მეცნიერთა იმ ნაწილს, რომელიც ადასტურებს ამ წერილების ყალბ ხასიათს: 429 წელს, კონსტანტინოპოლის კარისთვის დაწესებულ თხზულებაში, წმ. კირილე ნესტორის გმობისას, იობიანე იმპერატორისადმი აპოლინარის აღმსარებლობის ტექსტს ახსენებს, როგორც წმ. ათანასე დიდის თხზულების ნაწყვეტს (De recta fide ad reginas. Migne. PG. T. 76. Col. 1212 A). აქვე, არგუმენტაციის სახით აპოლინარიანელი ეპისკოპოსის ვიტალის აღმსარებლობა მოჰყავს, რომელსაც წმ. კირილე მართლმადიდებლად აღიარებდა (Col. 1216 C). ანტიოქიელთა წინააღმდეგ 12 ანათემის დაცვაში, Ad Iovianum (Apologeticus pro XII capitubus contra orientales. Col. 349 BC) ნაწყვეტის გარდა წმ. კირილე კიდევ სხვა აპოლინარიანულ დოკუმენტებს ციტირებს: პროსკოდესადმი მიმართული წერილი წმ. პაპ იულიუსის სახელით და მაქსიმესადმი მიმართული წერილი წმ. პაპ ფელიქსის სახელით (Col. 341 D). არსებობს ცნობები, რომ წმ. კირილესათვის ცნობილი იყო წმ. პაპ იულიუსის ავტორობით გასაღებული სხვა თხზულებებიც; ასევე, წმ. გრიგოლ სასწაულმოქმედის სახელით დასათაურებული მრწამსი; წმ. კირილეს მათ უტყუარობაში ეჭვი არ ეპარებოდა (იხ.: Бриллиантов А.И. იქვე. გვ. 69-71). აპოლინარიანულ გაყალბებებზე უკვე მე-VI ს–ში წერს ლეონტი ბიზანტიელი, რომელიც სკვითოპოლელ ეპისკოპოს იოანეს აპოლინარიანელთა გაყალბებების მამხილებლად იხსენიებს (მონოფიზიტებთან პოლემიკის კონტექსტში) (PG. 86. Col. 1865 B-D), რომლებმაც თავიანთი მასწავლებლის თხზულებები რომის ეპისკოპოს, წმ. იულიუსის სახელით გაავრცელეს. ლეონტი მოწმობს, რომ იოანე სკვითოპოლელმა გულდასმით შეადარა ყალბი თხზულებები აპოლინარე ლაოდიკელის ნამდვილ თხზულებებს და გაყალბება გამოავლინა.

[3] იხ.: Лебедев А.П. Вселенские соборы VI, VII и VIII вв. СПб., 2013. С. 17–18.

[4] იხ.:Лебедев А.П. იქვე. გვ. 18. აქ ჩვენ მხოლოდ ნეტ. თეოდორიტეზე ვამახვილებთ ყურადღებას, თუმცა მის გარდა მონოფიზიტთა კრიტიკა თეოდორე მოფსუესტელისა და ივა ედესელის წინააღმდეგაც ისმოდა, რომლებიც ანტიოქიის ოლქში ცნობილი ღვთისმეტყველები იყვნენ – ქალკიდონის კრებამ ისინი არ დაგმო, ნეტარი თეოდორიტე კი განადიდა. ეს კრიტიკა იმპერატორის „სამი თავის“ დაწერის მიზეზი გახდა, დოკუმენტისა რომელიც იუსტინიანემ შეადგინა. დოკუმენტში ამ სამი პირის ღვთისმეტყველება განიხილებოდა, რასაც ამ მოვლენების თანამედროვე აფრიკელი ეპისკოპოსი ფაკუნდუს ჰერმიანელი მოწმობს (აფრიკელი ეპისკოპოსის ფაკუნდუს ჰერმიანელის ცნობებზე დაყრდნობით (Facundus. Pro defensione trium capitulorum. PL. T. 67. Col. 527, 582, 667) ასე აღწერს ამ სიტუაციას პროფ. ა. ლებედევი (იქვე. გვ. 18–19). აღნიშული განკარგულების ოპოზიცია აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც ძლიერი იყო, სადაც ამ განკარგულების აღიარებას ქალკიდონის კრების ავტორიტეტის დაკნინებად მიიჩნევდნენ, მაგრამ იუსტინიანეს პოლიტიკური რეჟიმის ზეწოლით მრავალი ადგილობრივი ეკლესიის მეთაური იძულებული გახდა ამ განკარგულებას დათანხმებოდა (იხ.: Лебедев А.П. იქვე. გვ. 38-56).

[5] იხ.: Н.Глубоковский. Епископ Θеодоритъ Кирский его жизнь и литературная деятельность. Москва, 1891. Т.1 С.148.

[6] იხ.: Н.Глубоковский. იქვე. ტ. 1. გვ. 326.

[7] იხ.: Н.Глубоковский. იქვე. ტ. 1. გვ. 336.

[8] იქვე.

[9] იხ.: Mansi, IX, 295 D; Sever. Binii Concilia generalia et provincialia. t. II, pars 2. Coloniae Agrippinae. 1618. P. 86.

[10] იხ. Н.Глубоковский. იქვე. ტ. 2. გვ. 485.

[11] რადგან იუსტინიანე ორიგენიზმს ებრძოდა, თეოდორე ასკიდა, რათა თავის პარტიას დახმარებოდა, იუსტინიანეს „სამი თავის“ დაგმობის აუცილებლობაზე მიუთითებდა. ამით მას სურდა იმპერატორის ყურადღება ორიგენიზმიდან სხვა მხარეს მიეპყრო (იხ.: ა. ლებედევი (იქვე. გვ. 17–18) ფაკუნდუსზე და ლიბერატუსზე დაყრდნობით (Liberatus. Breviarium causae Nestorianorum et Eutychianorum. PL. T. 68. Col. 1049; Facundus. Pro defensione trium capitulorum. PL. T. 67. Col. 532, 627) ასე აღწერს ამ ვითარებას; Евагрий Схоластик. Церковная история. IV. 38).

[12] იხ. Н.Глубоковский. იქვე. ტ. 1. გვ. 347. აქვე ავტორს ნეტ. თეოდორიტეს მართლმადიდებლობის აღიარების ეკლესიის სხვა წმ. ღვთისმეტყველების ისეთი მოწმეები მოჰყავს, როგორიც არიან წმ. ფოტი კონსტანტინოპოლელი, იოანე ევქაიტელი და სხვ.

 

Print Friendly

Comments are closed.