ღვთისმშობლის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში

29/08/2014
By

gvtismshobeliავტორი: თემურ ბუაძე
ღვთისმეტყველების დოქტორი

არაერთი წმინდა მამა და ცნობილი საეკლესიო ავტორი ასწავლის, რომ იესოს ლოცვა – „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, ლაკონურად, ერთი წინადადებით გადმოსცემს სახარებისეული გამოცხადების უმთავრეს ჭეშმარიტებას. ამ ლოცვის მიმართვითი ნაწილი – „უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო“, აცხადებს, რომ ადამიანური სახელის და ბუნების მქონე კაცი – იესო – არის „ქრისტე“, ანუ ღვთივცხებული მესია, რომელიც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა პირით აღუთქვა ღმერთმა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას; იგი არის ასევე „ღვთის ძე“, ანუ ღვთაებრივი ბუნების მატარებელი ღმერთკაცობრივი პიროვნება. უფალი იესო ქრისტე ცხებულია თავისი ადამიანური ბუნებით, ღვთაებრივი ბუნებით კი იგი მაცხოვარია, რომელსაც ცოდვილთა შეწყალება ხელეწიფება.

მართლმადიდებლური სულიერი პრაქტიკა მეორე „მოკლე ლოცვასაც“ იცნობს – „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ“, რომელიც საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ქალწულის მიძინების დროიდან მიეცა მოციქულებს. ამ ლოცვის გავრცელებულობაზე კარგად მეტყველებს ერთი ფაქტი, რომელიც წმინდა სერაფიმე საროველს უკავშირდება: წმინდა მამა სულიერ შვილებსა და მასთან მისულ მომლოცველებს ურჩევდა, დღის პირველ ნახევარში იესოს ლოცვას მისცემოდნენ, მეორეში კი – ღვთისმშობლისას. ეს უკანასკნელი, იესოს ლოცვის მსგავსად, ერთი წინადადებით გამოხატავს კაცობრიობის გამოხსნის ღვთაებრივ განგებულებას, ღვთისმშობლის თაყვანისცემის საეკლესიო გადმოცემას (პრაქტიკას) და ადამიანის განღმრთობასთან დაკავშირებულ მართლმადიდებლურ სწავლებას.

ამ ლოცვის მიმართვითი ნაწილის – „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო“ – სრულყოფილი გაგება მხოლოდ ქრისტოლოგიურ კონტექსტშია შესაძლებელი; მისი მეორე, მავედრებელი ნაწილი კი – „გვაცხოვნენ ჩვენ“ – ყოვლადწმინდა ქალწულის ადამიანური ბუნების სრულყოფილ მადლისმიერ განღმრთობას მიანიშნებს, რომელიც მას ყველა ქმნილებაზე, თვით ზეციურ ანგელოზებზეც მაღლა აყენებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განღმრთობა საწინდარია იმ მდგომარეობისა, რომელსაც ღვთაებრივი განგებულებით გამოხსნილი კაცობრიობა მიაღწევს პარუსიის  შემდეგ. ზემოთქმული კარგად მიანიშნებს, რამდენად პირველხარისხოვან როლს ასრულებს ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატიკისა და საკრამენტალური ცხოვრების  არსში ჩასაწვდომად.

ღვთისმშობლის მოკლე ლოცვის საღვთისმეტყველო ანალიზი თავად ტერმინ „ღვთისმშობლით“ (Theotokos) დავიწყოთ; მას მოწინააღმდეგეები ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში გამოუჩნდნენ; მათი ლიდერი, ნესტორი, თავისი აზრით, რიტორიკულ კითხვას სვამდა: „როგორ შეეძლო თოთხმეტი წლის ქალწულს ეშვა მარადიული, ბუნებით დროსა და სივრცეში შემოუსაზღვრელი ღმერთი?“. წმინდა კირილე ალექსანდრიელმა მას უპასუხა, რომ ქალწულმა მარიამმა შეუქმნელი ღვთაებრივი ბუნება კი არ შვა, არამედ ყოვლადწმინდა სამების განკაცებული მეორე ჰიპოსტასი (პირი); ღვთის სიტყვა იშვა დროში არა ღვთაებრივი, არამედ ადამიანური ბუნებით, რომელიც ქალწული მარიამისაგან შეიძინა; და რაკი ადამიანური ბუნება სამების მეორე ჰიპოსტასის საკუთარი ბუნება გახდა, ჩვენ დაუბრკოლებლად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ თავად ღმერთი, ანუ მისი პიროვნება, იშვა ქალწულისაგან. ამიტომაცაა, რომ მას ეკლესია „ღვთისმშობლის“ პატივით განადიდებს. ამის საილუსტრაციოდ, ნეტარ ავგუსტინეს ასეთი მაგალითი მოჰყავს: ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ვიღაც ფილოსოფოსი მოკლეს და მიწაში დაფლეს“, თუმცა ადამიანებს არ ძალუძთ სულის (რომლის გონიერი ნაწილით ეს ფილოსოფოსი ფილოსოფოსობდა) არც მოკვლა და არც მისი მიწაში დამარხვა. მიუხედავად ამისა, მაინც გამართლებულია ამ წინადადების გამოყენება, რადგან სასიკვდილოდ დაჭრილი და მიწაში დაფლული სხეული ფილოსოფოსის პიროვნებას ეკუთვნოდა. ჩვენ იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანის შობასთან დაკავშირებითაც; ფეხმძიმე ქალის წიაღში ვითარდება და შემდეგ პირდაპირი გაგებით იშვება ახალშობილის სხეული და არა პიროვნება. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვამბობთ, რომ დედამ შვა სულიერი არსება, ადამიანი, რადგან, ახალშობილის სხეული მისი პიროვნული საკუთრებაა.

ამავე ლოგიკას ვხედავთ ხატთაყვანისცემის პრაქტიკაშიც: უფლის ხატს არ შეუძლია, გამოხატოს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება, რადგან იგი მიუწვდომელი და გამოუხატავია; მას არ შეუძლია მისი ადამიანური ბუნების გამოხატვაც, რადგან ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება განუცალკევებელია (ქალკედონის საეკლესიო დოგმატის მიხედვით); და ბოლოს, ხატს არც იესო ქრისტეს ღმერთკაცობრივი ბუნების გამოსახვა შეუძლია, რადგან ამის მტკიცება მონოფიზიტური ერესის  აღიარება გამოვიდოდა. უფლის ხატი გამოხატავს არა რომელიმე ბუნებას, არამედ ადამიანური ბუნების საშუალებით მიანიშნებს იესო ქრისტეს ღვთაებრივ პიროვნებას. აქ კარგად იკვეთება ღვთისმშობლის და ხატთა თაყვანისცემის ღრმა ლოგიკური კავშირი ქრისტოლოგიასთან: ღვთისმშობელი სამების მეორე ჰიპოსტასს შობს ადამიანური ბუნებით, ხატი კი – მას გამოხატავს.

წმინდა კირილე ალექსანდრიელისავე ლოგიკას ეფუძნება ასევე ე.წ. „პერიხორესის“ პრაქტიკაც, რომლის არსი შემდეგში მდგომარეობს: რაკი იესო ქრისტეს პიროვნება და სამების მეორე ჰიპოსტასი ერთი და იგივეა, ანუ უფლის ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება ერთ ჰიპოსტასშია გაერთიანებული, ჩვენ შეგვიძლია, ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებას მივაწეროთ ადამიანური თვისებები და პირიქით; ამას ემყარება წმინდა წერილის, ერთი შეხედვით, თითქოსდა „გაუმართლებელი“ ფრაზა (ყოველ შემთხვევაში ნესტორიანული თვალსაზრისით): „უფალი დიდებისა ჯვარს ეცვა“ ან „ღმერთმა თავის სისხლზე დააფუძნა ეკლესია“. ყოველივე ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რომ ტერმინი `ღვთისმშობელი“ ქალკედონის ქრისტოლოგიური დოგმატის არსის და მასზე დაფუძნებული საკრამენტალური ცხოვრების უაღრესად ლაკონური გამოხატულებაა.

ახლა სიტყვა „ყოვლადწმინდას“ შევეხოთ. რაკი ჩვენ ქალწულ მარიამს ყოვლადწმინდას ვუწოდებთ, ამით ვაღიარებთ, რომ იგი თავისუფალია ყოველგვარი პიროვნული ცოდვისაგან, თუმცა ჩვენსავით ცოდვილი ბუნების მატარებელია.[1]  ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რითაც მართლმადიდებლური და კათოლიკური სწავლებები ერთმანეთისაგან განსხვავდება. კათოლიკური ეკლესიის მიხედვით, ყველა ადამიანი ადამში იმეორებს მის პირველყოფილ ცოდვას. აქ ეს ცოდვა იურიდიული ასპექტით განიხილება. კათოლიკები ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივად შობილ ადამიანთაგან ვერავინ შეძლებდა ადამისეული პირველყოფილი ცოდვის თავიდან აცილებას. ქალწულ მარიამის პირველყოფილი ცოდვისაგან თავისუფლების დასასაბუთებლად ისინი იძულებული გახდნენ, ღვთისმშობლის ე.წ. „უმანკო ჩასახვის“ დოგმატი შემოეღოთ მეცხრამეტე საუკუნეში. ამ დოგმატის თანახმად, ქალწული მარიამიც უმანკოდ ჩაისახა თავისი დედის წიაღში; მას ეს „პრივილეგია“ წინასწარ ებოძა თავისი ძის მომავალ დამსახურებათა საფუძველზე.

მართლმადიდებლური ტრადიცია, პირველყოფილ ცოდვაში[2]  ორ ასპექტს გამოჰყოფს: პირველია მისი „იურიდიული“ ასპექტი – ადამმა პიროვნულად, საკუთარი ნებით გადაწყვიტა ცოდვის ჩადენა და მეორე „ბუნებითი“ – ამ ცოდვას, თუ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ტერმინს გამოვიყენებთ, ადამის ბუნების გახრწნა, ანუ მისი ვნებებისა და სიკვდილისადმი დაქვემდებარება მოჰყვა. ადამის შთამომავლები მემკვიდრეობით ბუნების ცოდვილიანობას, ხრწნილებას იღებენ და არა იურიდიულ ცოდვას. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად შესაძლებელია, ადამიანი დაცემულ ბუნებას ატარებდეს, მაგრამ პიროვნული ცოდვა არ ჰქონდეს. ასეთები არიან, მაგალითად, ახალდაბადებული ჩვილები; ისინი დაცემულ ბუნებას ფლობენ (ამიტომაა აუცილებელი მათი ნათლობა), თუმცა, უძლურების გამო, პიროვნული ცოდვის ჩადენა არ შეუძლიათ. მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ერთადერთი ზრდასრული ადამიანი იყო (მამაკაცისა და დედაკაცისაგან შობილი), რომელსაც პიროვნული ცოდვა არ გააჩნდა. ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებულმა, განგებულებითმა მფარველობამ ისე განამტკიცა და განწმინდა ქალწული მარიამი, რომ მასში არსებულ დაცემულ ბუნებას პიროვნული გამოხატულების საშუალება არ მიეცა. ეს გარემოება ვლადიმირ ლოსკის საშუალებას აძლევს, ზემოხსენებულ ნაშრომში, დიდი სიფრთხილით მიუთითოს საეკლესიო გადმოცემაზე, რომელიც „მიძინებისას“ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცაში ხორციელ ამაღლებას უკავშირდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცაში ხორციელი ამაღლება ერთ-ერთი საფუძველია მისი სერაფიმებსა და ქერუბიმებზე აღმატებულობისა. წმინდა მამათა სწავლებით, ადამიანური ჰიპოსტასი, ანგელოზებისაგან განსხვავებით, შედგენილია, რადგან იგი ორი – სულიერი და ხორციელი – ბუნებისაგან შედგება. რაკი ადამიანური ჰიპოსტასი შედგენილია, მას, ანგელოზებისაგან განსხვავებით, შემოქმედებითი ცხოვრების უნარი აქვს. სულიერი თვალსაზრისით, ეს უკანასკნელი ჩვენში ბუნებრივად არსებული განსხვავებული იმპულსების თავისუფალ მართვას, მათ იერარქიული თვალსაზრისით დაქვემდებარებას მოითხოვს. თუ წმინდა გრიგოლ პალამას ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ადამიანის პიროვნება მოწოდებულია, მართოს თავისი სულიერი და ხორციელი ბუნების ენერგიები. აქ ბერძნული სიტყვა „ენერგია“ მოქმედების მნიშვნელობით არის გამოყენებული. არისტოტელეს მიხედვით, რომელსაც ქრისტიანული ღვთისმეტყველებაც იზიარებს, ყოველ ბუნებას თავისი სპეციფიური მოქმედება, ანუ ენერგია, გააჩნია. ამით განსხვავდება ერთი ბუნება მეორისაგან. ცხადია, რომ თავისი მოქმედება, ანუ ენერგია, გააჩნია ღვთაებრივ ბუნებასაც. რაკი ღვთაებრივი ბუნება შეუქმნელია, შეუქმნელი ანუ მარადიულია მისი ენერგიებიც. ამის გამო წმინდა გრიგოლ პალამა ღვთაებრივ ენერგიებს თავად ღმერთსაც უწოდებს. წმინდა მამის მიხედვით, ადამიანის განღმრთობა, მის მიერ ღვთაებრივი ენერგიების, ძალის, ფლობასაც გულისხმობს. რაკი ამ დროს ადამიანი ღვთაებრივ ენერგიებს, ანუ თავად ღმერთს, ეზიარება მადლისმიერად, იგი მადლისმიერი ღმერთი ხდება. სწორედ ამ მდგომარეობას მიაღწია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. იგი მადლისმიერი, ღვთაებრივი ძალმოსილებითა და ავტორიტეტით ზრუნავს და მფარველობს კაცობრიობის მოდგმას და მთელ სამყაროს. ამიტომაც ვევედრებით მას ჩვენს ცხონებას. უფლის განგებულებით, ყველა ადამიანი ასეთი მდგომარეობის მიღწევისთვისაა მოწოდებული. განა ამას არ ნიშნავს უფლის მამის მარჯვენით ჯდომა? მამის მარჯვენით დაჯდომით იესო ქრისტემ ადამიანურ ბუნებას ღვთაებრივი ძალაუფლების, ღვთაებრივი ენერგიების ფლობის შესაძლებლობა მისცა. ასეთ მდგომარეობას გამოხსნილები დაიმკვიდრებენ პარუსიის შემდეგ, როდესაც გადარჩენილთა სულები ახალი, სულიერი, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესმიერი სხეულით შეიმოსებიან.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო მთავარი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თაყვანისცემის საეკლესიო ტრადიცია მართლმადიდებლური დოგმატიკის, საკრამენტალური ცხოვრებისა და ჩვენი ესქატოლოგიური მოლოდინის საუკეთესო გამოხატულებაა.


[1] ამასთან დაკავშირებით, იხილეთ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის – ვლადიმირ ლოსკის სტატია – „Всесвятая“.

[2] ეს ტერმინი პირველად ნეტარ ავგუსტინესთან გვხვდება. მან კარგად არ იცოდა ბერძნული ენა და პირველყოფილი ცოდვილიანობა შეცდომით პირველყოფილ ცოდვად თარგმნა.

Print Friendly

Comments are closed.