წმინდა ისტორიზმი

09/05/2017
By

18386631_1612584942103532_95036128_n ავტორი: არჩილ მეტრეველი

ერთ-ერთი, არც თუ დიდი ხნის წინანდელი კვლევის თანახმად საქართველო გამოირჩევა იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ახალგაზრდობის კრიტიკულად დიდი რაოდენობა რელიგიურია. ამ კვლევის ზუსტ ციტირებას, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს მდგომარეობა მარტივი დაკვირვებითაც საკმაოდ თვალსაჩინოა.

ფაქტი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ, როგორც წესი, ახალგაზრდობა, რომელიც აქტიურ საგანმანათლებლო პროცესებშია ჩართული და შესაბამისად, მუდმივად რაციონალურ-შემეცნებით მდგომარეობაშია, შეუძლებელია ირაციონალური და შეუმეცნებელი ღმერთის მიმართ ამგვარ ლტოლვას განიცდიდეს. გარდა ამისა, ფართო პიროვნული შესაძლებლობებისა და მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ახალგაზრდა ადამიანის ღრმა რელიგიურობა და აქტიური რიტუალური ცხოვრება, თავისთავად წინააღმდეგობრივი ფენომენია. თუ ამ მდგომარეობის ახსნას შევეცდებით, აუცილებლად გაჩნდება კითხვა, ამის მიზეზი მახინჯი განათლებაა თუ ზედაპირული რელიგიურობა? ცხადია, მათგან უკანასკნელს საკუთარი ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ამ ამბავში. აქაც და ჩვენს რეალურ ცხოვრებაშიც, კრიტიკის საფუძველს რელიგიურობის ის ზედაპირული და ოდენ უსიცოცხლო ტრადიციებამდე დამცირებული ფორმები იმსახურებს, რაც არა მარტო კონკრეტულ რელიგიურ მრწამსს აკნინებს, რამედ, ზოგადად რელიგიისა და რწმენის ფენომენს შეურაცხყოფს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დიდ წილად ის თავადვეა პირველის შედეგი.

თუ ამ მდგომარეობის ახსნას შევეცდებით, აუცილებლად გაჩნდება კითხვა, ამის მიზეზი მახინჯი განათლებაა თუ ზედაპირული რელიგიურობა? ცხადია, მათგან უკანასკნელს საკუთარი ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ამ ამბავში, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დიდ წილად ის თავადვეა პირველის შედეგი.

განათლების ის სისტემა, რომელიც წლებია დამოუკიდებელი საქართველოს ახალ თაობებს ზრდის, პარადოქსულად ხასიათდება კრიტიკული აზროვნების მუხრუჭად და არა პირიქით. მაშინ, როდესაც განათლება, თავისი განმანათლებლობითი შინაარსით, ადამიანში სამყაროს, მათ შორის, ღმერთის არსისადმი წვდომას, პიროვნულ ცნობიერ და კრიტიკულ დამოკიდებულებებს უნდა აყალიბებდეს, რაც თანაბრად ან თუნდაც ერთდროულად წარმოშობდა მეცნიერულ თუ რელიგიურ მისწრაფებებს, ჩვენში გაბატონებული „ტრადიციული განათლება“ რეალურად ძირშივე სპობს ამგვარ შესაძლებლობებს და მიზანმიმართულადაც კი მტრობს მათ. განსაკუთრებით ეს საქართველოს ისტორიის სწავლებაზე ითქმის.ყველაზე ზუსტი იქნება შეფასება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ისტორია დიდი ხანია ჩვენს ყველაზე მძლავრ რელიგიად იქცა, საკუთარი მოძღვრებით (წარსულის მითოლოგიური თხრობით), წმინდანებითა და დემონებით (ისტორიული გმირებით თუ ანტიგმირებით), რიტუალებით (ტრადიციით), ქურუმებითა (ისტორიკოსებით) და ღვთისმსახურებით (ისტორიის მასწავლებლებით).

ჩვენში მტკიცეა რწმენა ჩვენი ისტორიისა, რწმენა და არა შემეცნება. ისტორიული წარსული მიუკარებელი სიწმინდეა, ისეთი შინაარსით, როგორითაც ის ჩვენამდე მოაქვთ და რომლის კრიტიკის უფლება არ გვაქვს. რომელსაც რელიგიური კრძალვით მივეახლებით, მაგრამ ვერ ვეხებით, ვხედავთ, მაგრამ ვერ აღვიქვამთ.

ყველაზე ტრაგიკული კი ამაში ის ფუნდამენტური ფილოსოფიური პარადიგმაა, რომელსაც „ღმერთის მკვლელობა“ წარმოადგენს. ცოცხალი ღმერთი თავისთავად გამორიცხავს ტრადიციებში გაქვავებულ რელიგიას და უსიცოცხლო რიტუალს, ამიტომ ღმერთი უნდა მოკვდეს, რომ ეს უკანასკნელი გადარჩეს. ხოდა, ჩვენ მოვკალით ცოცხალი ღმერთი – ჩვენი ნამდვილი წარსული, მის შესახებ და მის ნაცვლად კი შევქმენით „უსიცოცხლო რელიგია – საქართველოს ისტორია“.

როგორია ჩვენი საყოველთაო რელიგია – ჩვენი ისტორია? ის გამოკვეთილად კლერიკალურია, რადგან მის მოძღვრებაში ვერ ვხვდებით ადამიანს, ვერც ინდივიდუალურად და ვერც კრებსითად, მხოლოდ წმინდანებს და ქურუმებს. ის ფუნამენტალისტურია – იმპერატიულად განმსჭვალავს და განსაზღვრავს ყველაფერს ჩვენს ცხოვრებაში. ის გნოსტიკურია – აქ ჭეშმარიტების ცოდნა მხოლოდ რჩეულთათვისაა მისაწვდომი, ჩვენ კი მას ვერ ვეზიარებით. დიდი ძალისხმევა არც სჭირდებათ ამის აკრძალვისთვის, ეს ჩვენი ინტერესის საგანი ისედაც არ არის. ეს არის უკიდურესად ტოტალიტარული სექტა – კრიტიკა აკრძალული, კითხვის დასმა კი მკრეხელობაა. მხოლოდ რწმენა!

ჩვენს რელიგიას, წმინდა მოძღვრების გარდა, უამრავი რწმენისთვის სასარგებლო და საზეპიროდ აუცილებელი ისტორიებიც აქვს. ყვებიან, როგორ გააგდო ღვთისმსახურმა (ისტორიის მასწავლებელმა) მკრეხელი მრევლი (სკოლის მოსწავლე) ღვთისმსახურებიდან (ისტორიის გაკვეთილიდან), როდესაც მან გაბედა ეკითხა თუ რატომ არაფერია ნათქვამი ჩვენს წმინდა მოძღვრებაში (საქართველოს ისტორიაში) უბრალო ადმიანების შესახებ, რადგან ამის გარეშე ყველაფერი ძალზედ საინტერესოა, მაგრამ იმდენად მიუწვდომელი, რომ შეუძლებელია მე მეხებოდეს ან სასარგებლო იყოს ჩემთვისო. ინკვიზიციამ (სკოლის პედსაბჭომ) მკრეხელის დაკითხვაზე ისიც გამოარკვია, რომ ამგვარი მწვალებლური აზრები მისთვის ერეტიკოს მშობელს ჩაუნერგავს. მას ისიც კი უთქვამს, რომ რაკი ჩვენსწმინდა მოძღვრებაში (ისტორიაში) ადამიანი არ ჩანს, მთელი ძალისხმევა მის პოვნაზე უნდა მივმართოთო და თუ ვერ ვიპოვით, მაშინ წმინდანები და დემონები (გმირები და ანტიგმირები) უნდა ვაქციოთ ჩვეულებრივ ადამიანებად, რათა გაჩნდეს საზიარო სიმყარე რასთან შეხებასაც შევძლებთო. ეს არის ღვთივსათნო ცხოვრების ისტორია, რომელიც ებრძვის და ამარცხებს მწვალებლობას (კრიტიკულ აზროვნებას).

როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ამბავი, ის თავისი არსით მაინც ტრაგედიაა. ტრაგედია, რომელიც ჩვენმა კომფორმიზმმა შვა. წარსულის მიმართ უძლურება, ისევე, როგორც ნებისმიერი უძლურება, თავისთავად ბადებს შიშს, რაც ბუნებრივია. თუმცა, გონივრული იქნებოდა ეს შიში შემეცნებით დაგვეძლია. წარსულს ვერ შეცვლი, მაგრამ აწმყოში მისი ადგილის განსაზღვრა კი შენი არჩევანია. სწორედ აქ ჩნდება კონფორმიზმის დაუძინებელი მტრის – პირადი ძალისხმევის საჭიროება. არჩევანის გაკეთება, სურვილის გარდა, მოითხოვს ცოდნას, რისიც მოპოვებაც სწორედ პირადი ძალისხმევის შედეგია.

წარსულისადმი უძლურება მასზე ზემოქმედების შეუძლებლობიდან მომდინარეობს, მაგრამ საჭიროა კი ამგვარი ზემოქმედება? როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი წარსული ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ არჩევანს გავიზიაროთ თუ უარყოთ ის და სწორედ ეს არჩევანია ის ერთადერთი გზა, რითაც წარსული აღწევს აწმყოში, გნებავთ განსაზღვრავს მას.

და კვლავ ტრაგედია. დღემდე ჩვენი პასუხი ამ შიშზე არა შემეცნებისა და არჩევნის ძალისხმევა, არამედ დაზავების კომფორტია.ამგვარად მოიპოვა წარსულის შემეცნების შიშმა საყოველთაო აღიარება. ჩვენ ის მივიღეთ, როგორც ღირსება, გავაუვნებელყავით და ყველაფერი, რაც არ ვიცით გამოვაცხადეთ შესამეცნებლად აკრძალულ სიწმინდედ. აკი, სწორედ ამით „დავამარცხეთ“ და „დავიმორჩილეთ“კიდეც წარსულიცა და მისადმი შიშიც. ეს თავისებური გამარჯვებაა, კმაყოფილების ილუზიით, რომელშიც ერთადერთი დამარცხებული მხოლოდ ჩვენვე ვართ.

დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ჩვენთან ახალგაზრდობის დაუოკებელი ლტოლვა რელიგიისადმი სკოლაში რელიგიის ისტორიის სწავლებით იყო გამოწვეული, ახლა ვხვდები, რომ ამის მიზეზი ჩვენი ისტორიის რელიგიურად სწავლებაა.

 

ფოტოზე ციტატა: „საკუთარი ისტორიის უცოდინარობა გვაიძულებს გავაყალბოთ ჩვენი აწმყო.“ გუსტავ ფლობერი.

Print Friendly

Comments are closed.